მთავარი,სიახლეები

თურქეთში სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 93 პროცენტი შეადგინა

04.10.2022
თურქეთში სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 93 პროცენტი შეადგინა

თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 24 წლის განმავლობაში. ექსპერტები ამის ერთ-ერთ მიზეზად საპროცენტო განაკვეთების შემცირების პოლიტიკას მიიჩნევენ – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემა ეყრდნობა თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მაჩვენებლებს.

სტატისტიკის თანახმად, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში ახალ პიკს, 83,45 პროცენტს მიაღწია, ხოლო ზრდამ 3,08 პროცენტი შეადგინა. ეს არის წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთში 1998 წლის სექტემბრის შემდეგ.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების წლიურმა ზრდამ 93 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტრანსპორტის სფეროში ფასები 117,66 პროცენტით გაიზარდა.

თურქეთში ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ერთ-ერთია სუსტი ეროვნული ვალუტა, ლირა.

ფასებზე ნეგატიურად აისახება საერთაშორისო მიწოდების ქსელებთან დაკავშირებული პრობლემებიც, ასევე, ფასების ზრდა გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ელექტროენერგიის გაძვირებითაც.

თურქეთში ფასების მატების მნიშვნელოვან ფაქტორად ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პოლიტიკას ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ, რომელიც 2018 წელს დაიწყო.

„მაშინ ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის რჩევის საწინააღმდეგოდ მიიღო, რამაც გამოიწვია ლირის დაცემა რეკორდულ დაბალ ნიშნულზე. მას შემდეგ პრეზიდენტმა ცენტრალური ბანკის 3 ხელმძღვანელი გაათავისუფლა“ – წერს „დოიჩე ველე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: