ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი, ისე მრავლობითი პოლიპი. მათი დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად პოლიპები 40-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგის, ქეთი ფარტენაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიპები კეთილთვისებიანად მიიჩნევა, ავთვისებიანად ტრანსფორმაციის მცირე რისკი მაინც არსებობს, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება.
ქალბატონო ქეთი, რა არის საშვილოსნოს პოლიპი?
ქალის სასქესო ორგანოების პოლიპი არის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს და ლორწოვან გარსს წვრილი ფეხით ეკვრის. საშვილოსნოს პოლიპების ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე აღწევს. დღეს ის კიბოსწინარე დაავადებად განიხილება, ამიტომაც არის აუცილებელი პოლიპის დროული მკურნალობა.
რატომ ჩნდება პოლიპები?
პოლიპების წარმოქმნის შესაძლო მიზეზებია: საკვერცხეების ჰორმონალური დისფუნქცია, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები (როგორიცაა სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი), ასევე შესაძლო მიზეზად განიხილება ენდომეტრიუმის დაზიანება კიურეტაჟის, აბორტის დროს.
რა სიმპტომები მიანიშნებს პოლიპის შესაძლო არსებობაზე?
პოლიპის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მის ხასიათზე, ზომასა და ქალის ასაკზე. შესაძლოა პოლიპს ჰქონდეს საერთოდ უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთი ნიშნებით, როგორიცაა ციკლის დარღვევა, ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას, შესაძლოა მუცლის ქვემო არეში ახასიათებდეს სპაზმური ხასიათის ტკივილი. კლინიკურ ნიშნად განიხილება უნაყოფობა, რომლის უშუალო მიზეზია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების შეუძლებლობა.
რა სახეობის პოლიპები არსებობს?
არსებობს ჯირკვლოვან-კისტოზური პოლიპი, ჯირკვლოვან-ფიბროზული პოლიპი და პლაცენტალური პოლიპი – იგი ორსულობის შეწყვეტის ან მშობიარობის შემდეგ პლაცენტის ქსოვილის მცირე ნაწილის საშვილოსნოს ღრუში დარჩენის შემთხვევაში დროთა განმავლობაში ყალიბდება და უნაყოფობის მიზეზია.
ლოკალიზაციის ანუ მათი ადგილმდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ოთხი სახის პოლიპს: საშვილოსნოს ყელისა და სხეულის (საშვილოსნოს ღრუს) პოლიპებს, ენდომეტრიუმის პოლიპებს, ცერვიკალური არხის და პლაცენტალურ პოლიპებს.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
დიაგნოსტირება მოიცავს გინეკოლოგიურ დათვალიერებას, საშვილოსნოს და მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერით კვლევას, ჰისტეროსკოპიას [სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. საჭიროების შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა] და ჰისტოლოგიურ კვლევას.
როგორ მკურნალობენ?
პოლიპების მკურნალობა მოიცავს ჰორმონალურ თერაპიასა და ქირურგიულ ჩარევას.
MayoClinic: მცირე ზომის პოლიპები სიმპტომების გარეშე შეიძლება თავისთავად მოგვარდეს. მცირე ზომის პოლიპების მკურნალობა არ არის საჭირო, თუ არ ხართ საშვილოსნოს კიბოს რისკის ქვეშ. ასეთ დროს, ლოდინის პერიოდში, საჭიროა დაკვირვების წარმოება.
პოლიპების მოცილება ხდება ჰისტეროსკოპიის გამოყენებით. მკურნალობის შედეგების მონიტორინგისთვის რეკომენდებულია რეგულარული ულტრაბგერითი დიაგნოსტირება. მნიშვნელოვანია პოლიპის სრულფასოვნად ანუ „ფეხიანად“ მოკვეთა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების რეციდივი, ანუ მისი განმეორებით განვითარება.
გამოჯანმრთელებას 1-2 კვირა სჭირდება.
ორსულობის დაგეგმვა შესაძლებელია მომდევნო მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა კვეთს მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას, ლერმონტოვის – ალექსანდრე პუშკინს, პუშკინის კი ალექსანდრე გრიბოედოვის – ბათუმის დიდი, ხალხმრავალი და გამტარი ქუჩები დღემდე რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობისაა. ბათუმში ასევე არის გოგოლის, ლომონოსოვის, ჩკალოვისა და გაგარინის ქუჩები.
„ბათუმელებმა“ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურათმცოდნეებს ჰკითხა, უნდა იყოს თუ არა ბათუმში რუსი მწერლების სახელობის ქუჩები.
„ვიღაც იკითხავს, რას ვერჩით ლერმონტოვს, პუშკინს, ისინი ხომ არ გვეომებიანო. ასე საკითხის დასმა ადამიანების ბედისადმი გულშემატკივრობა ხომ არ არის და არც მაინც და მაინც ლიტერატურის, მისი თავისთავადი პოლიტიკურობის ცოდნას ნიშნავს.
ლიტერატურის ფესვები კულტურაშია. პოლიტიკა კი კულტურის, ასე ვთქვათ, ის სფეროა, რომელიც ქმნის იდეოლოგიას, საზოგადოებრივ მენტალიტეტს და გასაგებია, რამდენად კარგი იარაღია ხოლმე მის ხელში სწორედ ლიტერატურა და ხელოვნება.
დღეს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები გამოხატავს იმას, რომ ჩვენი კულტურული ორბიტა რუსულია.
ვფიქრობ, რომ ეს ორბიტა უნდა გაირღვეს როგორც რეალურ, ისე სიმბოლურ დონეზე, რადგან სიმბოლოები არა მხოლოდ აღწერს ცნობიერებას, არამედ ქმნის და მუშაობს მასზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა ტრაპაიძემ, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ლიტერატურათმცოდნემ, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული ლიტერატურული პრემია „საბა“.
ნანა ტრაპაიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პოეტი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ რთულია მიიღო იმ იმპერიის კულტურა, რომელიც ახლა უკრაინას ეომება.
„რთულია მიიღო კულტურა იმპერიისა, რომელიც ბავშვებს ხოცავს უკრაინაში. ცალ-ცალკე არ ხდება ეს.
ეს კულტურა ფულია, ეკონომიკაა. ეს კულტურა დადგმული სპექტაკლია, რუსული თეატრია, რუსული სიმღერაა და რუსეთში შესული ფულია. კონკრეტულ სახელებს არ ვერჩი, არც ლერმონტოვს და არც მაიაკოვსკის. ეს ფული მერე ტყვიას და ტანკს ქმნის. აი, ამაზეა ლაპარაკი.
რაც შეეხება ქუჩების სახელებს – ესეც ემოციური ამბავია. ესენი არიან დიდი პოეტები, მაგრამ არიან იმპერიალისტები. ასეთი უცნაურია… წარსული იცვლება აწმყოს მიხედვით. წარსული არ არის სტატიკური, მუდამ იცვლება.
საბოლოო ჯამში პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების დანიშნულება რა არის? – ადამიანი იყოს კარგი. ჩვენ ახლა ტოტალურად ვხედავთ რუსული კულტურის (დაახლოებით ასეთი განცდა ექნებოდათ ალბათ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს) უძლურებას, იმ იმპერიალიზმის, იმ საზარელი, ტოტალიტარული ძალის მიმართ, რომელსაც პუტინის რუსეთი ჰქვია.
რუსეთის იარაღია. მიუხედავად იმისა, რომ თავის გამორჩეულ ხალხს, კარგ ხალხს, დიდ პოეტებს, კლავდა ყველას, ხოცავდა, ასახლებდა, აწვალებდა, მათი ბედი უმძიმესი იყო, დღეს ამ წარსულში ნაწვალები ხალხის სახელები არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ამ ქუჩაზე დადის მისი პოლიტიკა, ეს მისი ე.წ. „რუსკი მირის“ ნაწილია. ეს რუსული იდენტობის ნაწილია, რომელიც ბოლომდე შეისისხლხორცა პუტინმა.
თუ ოდესმე რუსი ხალხი მოერევა ამ ამბავს, იქნებ გამოისყიდოს კიდეც და დაუბრუნოს მსოფლიოს თავისი საყვარელი პოეტებისა და შემოქმედი ხალხის სიყვარული.
ასე, რომ, დიახაც, დიდი რუსი პოეტების სახელობის ქუჩები და სახელები არის თანამედროვე ძირმომპალი რუსეთის იმპერიის პოლიტიკის ნაწილი,“ – ასეთია რატი ამაღლობელის პოზიცია.
ის მიიჩნევს, რომ თუკი ქუჩებს სახელებს გადაარქმევენ, ეს ოფიციალურად უნდა მოხდეს. მას აქვს იდეა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ამ ქუჩებს გამოჩენილი უკრაინელი ადამიანების, მწერლების ან გმირების სახელები ეწოდოს.
რატი ამაღლობელს ეთანხმება ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. მისი აზრით, ბათუმში პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის და სხვა რუსი საზოგადო მოღვაწეების სახელობის ქუჩების არსებობა საქართველოს კოლონიური წარსულის შედეგია.
„არანაირი კავშირი ლერმონტოვს ან პუშკინს, მიუხედავად იმისა, რომ მართლა დიდი მწერლები არიან, არ აქვთ ბათუმთან. თბილისში რომ პუშკინის ქუჩა იყოს, კიდევ გასაგებია, იმიტომ, რომ პუშკინი იქ სადღაც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა. რაღაც კავშირი მაინც არსებობს. მაგრამ მოსკოვის ქუჩა თბილისში ჩემთვის ასევე მიუღებელია. მით უმეტეს, დღევანდელი პერსპექტივიდან, რაც მსოფლიოში ხდება, რაც ხდება ჩვენ სიახლოვეს და რასაკვირველია, ჩვენთან.
ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალური იქნება, ეს სახელები გადაერქვას. [ახალი სახელები] კარგად უნდა მოვიფიქროთ, რადგან ბათუმში ზოგჯერ ასეთი კომიკური სიტუაციაა – ერთ ქუჩას სამი სახელით იცნობენ და უნდა ჩაეკითხო, წინათ რა ერქვა.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენი კოლონიური წარსულისგან. ამ ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა სასურველია. უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, რადგანაც რუსეთი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ დასავლეთსაც თავს ახვევს ფაქტობრივად დისკუსიას – როგორ, თქვენ გინდათ, რომ რუსული კულტურა გააუქმოთ? თქვენ არ გაინტერესებთ ჩვენი დიდი მწერლები და ა.შ.
ეს დისკურსი პირდაპირ რუსეთშია მოგონილი და არასწორ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ასე ვთქვათ, რუსულ მოედანზე და ეს არ არის თავისთავად კარგი. საინტერესო იქნება, კარგი დისკუსია ამასთან დაკავშირებით და იმის მოფიქრება, რა სახელები შეიძლება დაერქვას ამ ქუჩებს.
[ეს სახელები] რუსულმა იმპერიალიზმმა მოგვახვია თავს. განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში. აქ უნდა გავავლოთ რაღაც ხაზი და ვთქვათ, რომ ეს არ არის ის წარსული, რომელიც ჩვენ გვინდა, გვსიამოვნებს. ამიტომაც დაარქვან ევროპელი, ამერიკელი, თუნდაც იაპონელი მწერლების სახელები, თუ მაინცადამაინც ლიტერატურიდან გვინდა, რატომაც არა.
იგივე ჯონ სტეინბეკი ბათუმშიც არის ნამყოფი. საქართველოზე ძალიან კარგი ტექსტი აქვს დაწერილი. იფიქრებ, რომ კარგი სამოგზაურო წიგნისათვის დაწერა ეს ტექსტი. რატომ არ უნდა დაერქვას, მაგალითად, სტეინბეკის სახელი?“ – კითხულობს ლაშა ბაქრაძე.
ლაშა ბაქრაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ეს რთული საკითხია და მისი ცალმხრივად შეფასება შეუძლებელია.
„მიმაჩნია, რომ არაფერი ცუდი არ არის იმაში, თუკი [გვაქვს] მწერლის სახელობის ქუჩა, მიუხედავად იმისა, რომელი ეროვნების არის ეს მწერალი, იმიტომ, რომ როცა პუშკინსა და ლერმონტოვზეა ლაპარაკი, რუს კლასიკოსებზე, ის რუსი კლასიკოსებიც ისევე ეკუთვნის ყველა ერს, როგორც რუსეთს.
მაგრამ მეორე მხარე არის კულტურის პოლიტიკა, რადგან კულტურა შეიძლება იყოს ძალიან დიდი პოლიტიკის ნაწილი. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ლეგიტიმურად გაჩნდეს კითხვა – რაღა მაინცადამაინც რუსი კლასიკოსები და რუსი მწერლები და რატომ არა ფრანგი მწერლები? პროცენტულად რა შეფარდებაა იმავე ფრანგი ან გერმანელი მწერლების სახელობის ქუჩებსა და რუსი კლასიკოსების სახელობის ქუჩებს შორის ბათუმში?
თუ რაღაცით ბათუმთან არის დაკავშირებული მათი ცხოვრება, ოდესმე ვინმე ყოფილა ამ რუს კლასიკოსთაგან, რასაკვირველია, შეიძლება შევინარჩუნოთ ქუჩების ეს სახელწოდებები.
ანდა საერთოდაც ყველაფერს თავი დავანებოთ და იყოს, როგორც ჩვენი კეთილშობილების გამოხატულება. პრინციპში, დეკლარაცია იმისა, რომ ჩვენ კულტურას არაფერს ვერჩით და კულტურა აერთიანებს. ის, რაც გამთიშველია, შესაძლოა იმაზე გვქონდეს [რეაქცია]. მაგალითად, რომელიმე რუსი პოლიტიკოსის ქუჩა რომ იყოს, ან თუნდაც სტალინის ქუჩა, ამაზე შეიძლება რაღაც. რეალურად არც მათი არსებობა მიმაჩნია დიდ პრობლემად და არც მათი არარსებობა იქნება რაღაც ისეთი,“ – გვითხრა გიორგი ლობჟანიძემ.
გიორგი ლობჟანიძე
მას ვკითხეთ, თუ რატომ არ მიაჩნია რუსი მწერლების სახელობის ქუჩების არსებობა პრობლემად.
„მიუხედავად იმისა, რომ იმპერიული პოლიტიკის ჩემზე მოძულე ძალიან ნაკლებად მეგულება, რეალურად მწერალი არაფერს არ აშავებს.
ამ ქუჩების სახელების გადარქმევაზე მაინც გული მეთანაღრება, დიდ სახელებზეა ლაპარაკი. მაგრამ თუკი სახელების გადარქმევის საკითხი დადგება, რასაკვირველია ამ პრობლემიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, რომ განვთავისუფლდეთ როგორც საბჭოური მენტალობისაგან, თორემ კულტურის წინააღმდეგი არავინ არ არის, არავინ არ ებრძვის არც ერთ კულტურას.
თურქებს ჰყავთ არაერთი დიდი მწერალი. თუ ვინმეს გასჩენია აზრი იმაზე, რომ მაგალითად ყოფილიყო… თურქულენოვან ლიტერატურასაც რომ თავი დავანებოთ, ვთქვათ, ჯალალ ედ-დინ რუმის ქუჩა შეიძლებოდა თუ არა ბათუმში ყოფილიყო, მე ესეც არ ვიცი. იმიტომ, რომ ჩემთვის, მაგალითად, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის ქუჩები, რასაც მწერლები აგებენ თავიანთ [ნაწარმოებებში] ჩვენს გულებში გადის და ყველა ნამდვილი მწერლის ქუჩა არის ჩემს გულში.
პირადად ჩემს გულში ცენტრალური ქუჩა არის რუსთაველის და ჯალალ ედ-დინ რუმის,“ – ამბობს გიორგი ლობჟანიძე.
მედეა მეტრეველი
„ქართული ლიტერატურული ინიციატივის“ დირექტორი მედეა მეტრეველი ამბობს, რომ ესმის იმ ადამიანების, ვის პროტესტსაც იწვევს რუსი, თუნდაც დიდი მწერლების სახელობის ქუჩების არსებობა საქართველოში:
„მით უფრო, რომ არის ჭრილობები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ჯერ არ არის მოშუშებული. ჩვენი საზოგადოებაც არანაკლებ განიცდის უკრაინელ ხალხთან ერთად ამ დღეებს. ვთქვათ ისიც, რომ ჩვენც ოკუპირებული ვართ, ჩვენი ქვეყანაც ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას, ომის საფრთხის წინაშე.
აი, ამ კონტექსტში, მე გულწრფელად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც ეს არის მიუღებელი. ახლა გამძაფრდა, გააქტიურდა ეს კითხვები – უნდა გვქონდეს თუ არა ოკუპირებულ ქვეყანაში ამ ტიპის ქუჩები.
ჩემთვის უფრო დიდ საფრთხეს ქმნის ის, რომ ქართულ რესტორნებში ისმის რუსული თანამედროვე ესტრადა, მომსახურე პერსონალი თავისუფლად ესაუბრება რუს ტურისტებს, ვიზიტორებს, თუნდაც მშვიდობიანად ჩამოსულ ადამიანებს რუსულად და ამით ერთგვარად ქმნის იმ განწყობას ქვეყანაში, რომ ჩვენც რაღაცნაირად ვართ რუსული იდენტობის ნაწილი.
მე ამ ეტაპზე ამ საშიშროებას უფრო ვხედავ და ეს ძალიან მეუხერხულება, ვიდრე, მაგალითად, რომელიმე ლამაზ ქუჩას თბილისში ან ბათუმში ერქვას ჩეხოვის ან თუნდაც ლერმონტოვის სახელი,“ – ამბობს მედეა მეტრეველი.
გენრი დოლიძე
პოეტი გენრი დოლიძე კი ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებში რუსი მწერლების ავკარგიანობის გარჩევა და ლიტერატურულ ღირებულებებზე საუბარი არარელევანტურია.
„როგორც მოარული ხმები ამბობენ, არსებობს ორი რუსეთი – ერთი რუსეთია, რომელსაც საქართველო სძულს, მეორე რუსეთი არის რუსეთისგან დევნილი რუსეთი, ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ეთანხმებოდნენ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას და მათ რიცხვში ბევრი რუსი მწერალი შედის. თუმცა მე ვფიქრობ ოკუპაციის პირობებში აქ ავკარგიანობის გარჩევა და ლიტერატურულ ღირებულებებზე საუბარი ზედმეტია. ბევრი ქუჩის სახელი გადასახედია ნამდვილად. მით უფრო, რომ ამ ადამიანებს მაინცადამაინც კარგი დამოკიდებულება საქართველოსთან არ ჰქონდათ.
არც ჩვენს სიძე გრიბოედოვს, არც სიძე ლერმონტოვს და მათ ნაწარმოებებში ძალიან ბევრი გამკილავი წინადადება მოიძებნება ჩვენ შესახებ. ამიტომ მივესალმები, რომ გადაიხედოს, გადარქმევას ქუჩებზე სახელების. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელთა სახელებსაც ბათუმში ქუჩა არ ატარებს და შესაძლებელია, რომ დაერქვას. თუნდაც უკრაინელი პოეტების სახელები. ორივე ქვეყანა ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს გვაერთიანებს ნამდვილად თანამედროვე უახლეს ისტორიაში,“ – ამბობს გენრი დოლიძე.
პაატა შამუგია
„მე ვფიქრობ, რომ ეს საბოლოო ჯამში არც არაფერს შეცვლის, არც არაფერს გამოიღებს. მაგრამ მოსკოვის ქუჩა რომ არ უნდა იყოს თბილისში, ეს ვიცი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მე მომხრე ვარ, რომ უკრაინის ქუჩა დაერქვას ან რომელიმე უკრაინელი პოეტის, მწერლის.
მწერლების [სახელობის ქუჩები] ახლაც გვაქვს საქართველოს ყველა რეგიონში, ზოგი რუსის, ზოგი სხვა ეროვნების და მე მგონია, რომ ამაზე გამოდევნებას აზრი არ აქვს. მითუმეტეს, რომ ეს არსებითად არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ დაერქმევა სხვა სახელი. მე მესმის, რომ არსებობს რაღაც ტიპის კონიუნქტურა, მაგრამ ეს არ მგონია, რაიმე ხეირის მომტანი თავად ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის,“ – ამბობს პოეტი პაატა შამუგია.
მას ვკითხეთ, რატომ არ უნდა მოსკოვის ქუჩა თბილისში, მაგრამ პრობლემას ვერ ხედავს, თუკი ლერმონტოვის ქუჩა იქნება ბათუმში.
„პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსკოვი ამ წუთას არის დედაქალაქი იმ ბოროტებისა, რაც ტრიალებს ჩვენს რეგიონში და ამ ბოროტებასთან ასეთი პირდაპირი კავშირი ლერმონტოვსა და გრიბოედოვს შესაძლოა არ ჰქონდეთ.
ამიტომაც პირდაპირი კავშირი რასაც აქვს, იმ კავშირის გაწყვეტას მე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ღიად ვუჭერ მხარს იმას, რომ მოსკოვის ქუჩა არ იყოს თბილისში. არ გვჭირდება ჩვენ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა. ნამდვილად არ გვჭირდება.
მწერლები – რა ვიცი. ზოგი უჭერს მხარს, ზოგი არ უჭერს, ზოგი გარდაცვლილია, ზოგი ნახევრად გარდაცვლილია. ძალიან ისეთია, გაორებული ვარ, სიმართლე გითხრათ,“ – გვითხრა პაატა შამუგიამ.
ჰალინა კრუკი
ოდესის ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში გაიმართა, „ბათუმელები“ ცნობილ უკრაინელ პოეტს, ჰალინა კრუკს შეხვდა. უკრაინაშიც, რომელიც საქართველოს მსგავსად პოსტაბჭოთა ქვეყანაა, მრავლადაა რუსი პოეტების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის ქუჩები. ჩვენ მას ვკითხეთ უკრაინის გამოცდილებაზე და პროცესზე, რომელიც ომის დროს დაიწყო ქვეყანაში.
„როგორც ვხვდები, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს პოსტკოლონიური სტატუსის ნიშნები.
უკრაინაში ჩვენ გვაქვს უამრავი მსგავსი მაგალითი. გვაქვს ქუჩები ან სხვა ადგილები, რომლებსაც ჰქვიათ რუსულ კულტურასთან დაკავშირებული იმ ადამიანების სახელები, რომლებიც არასდროს ყოფილან უკრაინაში.
ომის აქტიური ფაზის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ შევცვალეთ პოლიტიკა. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს ქუჩები რუსი კულტურის აქტივისტების, მწერლების, მხატვრების სახელობის.
სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში სახელების შეცვლის პროცესი დაიწყო. დიდი დისკუსია არ არის, მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებისთვისაც ეს საბჭოთა მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ახალმა მდგომარეობამ მოგვცა ამის შეცვლის შესაძლებლობა.
ჩემთვის ეს არის რუსული იმპერიალისტური და ტოტალიტარული კულტურის ნიშნები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს შევცვალოთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდება რამდენად დიდ, უზარმაზარ როლს თამაშობს ეს დეტალები. ამ შემთხვევაში ბოროტება სწორედ დეტალებშია.
უკრაინულ კულტურაში და ვფიქრობ, რომ ქართულ კულტურაშიც, ჩვენ გვყავს უამრავი მწერალი ქუჩისა და მონუმენტის გარეშე. უამრავი ადამიანია, ვინც იყო რეპრესირებული და მოკლული საბჭოთა რეპრესიების დროს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამართლიანობისათვის მათი სახელობის ქუჩები“, – გვითხრა ჰალინა კრუკმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, რამდენიმე საათში, რუსეთმა უკრაინაში 75 რაკეტა ისროლა.
„ტერორისტი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია მასირებულ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს განაგრძობს უკრაინის ტერიტორიაზე. იყენებს დამრტყმელ დრონებს.
დილით აგრესორმა უკვე 75 რაკეტა გაუშვა. მათგან 41 ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააუვნებლა.
შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, – წერს ვალერი ზალუჟნი ტელეგრამზე და დასძენს, რომ თავდასხმა ამ დრომდე გრძელდება.
სარაკეტო თავდასხმა მთელი უკრაინის მასშტაბით დღეს დილიდან დაიწყო. რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქში, კიევში, სადაც მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
სარაკეტო თავდასხმებისა და აფეთქებების შესახებ იუწყებიან ნიკოლაევში, ლვოვში, ჟიტომირში, დნეპრში, ტერნოპოლსა და ხმელნიცკში.
როგორც „უნიანი“ წერს, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსი პროპაგანდისტების ნაწილი უკრაინის მისამართით მუქარებით გამოვიდა – ისინი უმაღლეს რადაზე თავდასხმით და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებოდნენ.
ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა და მომხდარს „ტერაქტი“ უწოდა, დიმიტრი მედვედევმა კი დასძინა, რომ პასუხი ტერაქტზე ერთადერთი შეიძლება იყოს – „ტერორისტების სრული განადგურება“.
ყირიმის ხიდის აფეთქება, რუსეთის მარცხი ფრონტზე და „ნაწილობრივი მობილიზაცია“ – სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას აჩენს კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ; რუსეთში იზრდება ეჭვი, შეუძლია თუ არა პუტინს მიაღწიოს უკრაინის დაპირებულ „დენაციფიკაციას“; ისმის ბრალდებები სპეცსამსახურებისა და თავდაცვის უწყებისადმი – ამან კი შესაძლოა პუტინის რეჟიმი სერიოზულად შეარყიოს – მიიჩნევს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW).
ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო წარუმატებლობასთან და „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პრობლემებთან ერთად, ომის მომხრე ნაციონალისტური საზოგადოების მხრიდან, უკვე კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირდაპირ კრიტიკას იწვევს.
„ზოგიერთმა სამხედრო ბლოგერმა ტელეგრამში გააკრიტიკა პუტინი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო პირდაპირი რეაგირება მნიშვნელოვან მოვლენებზე და დასძინა, რომ რთულია პუტინის გარშემო გაერთიანება, როდესაც მისი ძალაუფლება საიდუმლოებებს ეყრდნობა.
სხვებმა აღნიშნეს, რომ პუტინი მუდმივად უყურადღებოდ ტოვებდა ისეთ ინციდენტებს, როგორიც იყო „მოსკვას“ ჩაძირვა ან „აზოვსტალის“ მებრძოლების გაცვლა. ზოგიერთმა სამხედრო ბლოგერმა ისიც კი განაცხადა, რომ პუტინმა შური უნდა იძიოს ქერჩის ხიდის აფეთქების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიჩუმე „სისუსტედ“ აღიქმება.
ამ საზოგადოების მხრიდან პუტინის პირდაპირი კრიტიკა უპრეცედენტოა. სამხედრო ბლოგერები და ნაციონალისტური ჯგუფები პუტინის მიზნებს ღიად უჭერენ მხარს და ამ დრომდე წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სამხედრო მეთაურობას ან თავდაცვის უწყებას აკისრებდნენ,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
როგორც ISW-ი აღნიშნავს, ომის მომხრეთა ბანაკისგან ასეთი კრიტიკა შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ ამ საზოგადოებას უკვე ეჭვი ეპარება – შეუძლია კი პუტინს უკრაინის „დენაციფიკაციის“ დაპირების შესრულება.
ინსტიტუტის ცნობით, რუსი ნაციონალისტების, პროპაგანდისტებისა და ჩინოვნიკების სხვა ნაწილი უკრაინაში მარცხში სპეცსამსახურებსა და თავდაცვის უწყებას ადანაშაულებენ, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე შესაძლოა შეარყიოს პუტინის რეჟიმი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიტიკის ფონზე, პუტინი სამხედრო მეთაურების გადაადგილებას განაგრძობს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანოს.
„კრემლმა განაცხადა, რომ არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა საკუთარ თავზე აიღო მთელი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეთაურობა. ომის მომხრეთა ნაციონალისტური საზოგადოება სუროვიკინის დანიშვნას ენთუზიაზმით შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ თავისი სისასტიკით ცნობილი სუროვიკინი საკმარისი იქნება ომის ტრაექტორიის შესაცვლელად.
პუტინს არ შეუძლია იმ ერთადერთი რამის გაკეთება, რასაც მისგან ელექტორატი მოითხოვს – ომის მოგება. უმაღლესი მეთაურების გადაადგილება ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან უშლის ხელს რუსეთის ოპერაციას, ლოგისტიკას, თავდაცვის წარმოებას და მობილიზაციას. „განტევების ვაცები“ კრიტიკას პუტინს მხოლოდ დროებით ააცილებენ,“ – მიიჩნევს ISW-ი.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პუტინის პრობლემებს ვერც ვითარების ესკალაცია გადაჭრის, იქნება ეს ჩვეულებრივი თუ ბირთვული:
„თუ პუტინი მართლაც მზად იქნება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ, ის ამით მხოლოდ დროებით შეაჩერებს უკრაინელთა კონტრშეტევას. ასეთი შეტევები არ მისცემს საშუალებას რუსეთის არმიას, დაიპყროს უკრაინა და მიაღწიოს თავის მიზნებს, რომლებსაც მისგან რუსი ნაციონალისტები მოითხოვენ.“
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
უკრაინის ძალები შევიდნენ სტელმახოვკაში და განაგრძობდნენ წინსვლას აღმოსავლეთში ლუგანსკის ოლქის მიმართულებით;
რუსეთის არმია წარუმატებლად უტევდა ბურდაკოვს, ხერსონის ოლქისა და რუსეთის საზღვრებთან და ტერნოვს, ლიმანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით;
უკრაინული წყაროების ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევკის რაიონებში, უკრაინის არმიამ მტრის 30-მდე შეტევა მოიგერია;
წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის ძალების შეტევა დონეცკის სამხრეთ-დასავლეთში;
რუსეთის არმიამ ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კვარტალებს;
უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს საკუთარი ოჯახები ხერსონის ოლქიდან – ყირიმში, სტარობელკიდან კი ლუგანსკში გადაჰყავთ.
უკრაინული მედია იუწყება, რომ დედაქალაქში დღეს დილით ოთხი აფეთქების ხმა გაისმა, მათ შორის ქალაქის ცენტრში, ვაგზლის მიმდებარედ.
ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვეს რაიონში. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
უკრაინული მედიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა სვეტლანა ვოდოლაგმა ჟურნალისტებს უთხრა, რამდენიმე ადგილას არიან დაშავებულები და დაღუპულები. ინფორმაცია ზუსტდება.
მედიის ცნობით, ამ დილით აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის რამდენიმე ქალაქში – დნეპრში, ლვოვში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში.
კიევზე ერთ-ერთი დარტყმა ტელეკომპანია BBC-ის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა.
როგორც „უნიანი“ წერს, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსი პროპაგანდისტების ნაწილი უკრაინის მისამართით მუქარებით გამოვიდა – ისინი უმაღლეს რადაზე თავდასხმით და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებოდნენ.
ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა და მომხდარს „ტერაქტი“ უწოდა, დიმიტრი მედვედევმა კი დასძინა, რომ პასუხი ტერაქტზე ერთადერთი შეიძლება იყოს – „ტერორისტების სრული განადგურება“.
მთავარ ფოტოზე: აფეთქების ადგილი კიევში/ფოტო: unian
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +370]
ტანკი – 2 495 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 5 149 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 1 486 ერთეული [+9]
MLRS – 353 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 181 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 267 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 235 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 097 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 249 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 908 ერთეული [+18]
სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
318 თვითმფრინავი
159 ვერტმფრენი
2 188 უპილოტო საფრენი აპარატი
379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 604 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
866 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 462 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 463 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საქართველოს სამ ქალაქში ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკრაინის მოქალაქე ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძებენ.
Soniashnyk – ასე ჰქვია ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
პირველ ეტაპზე, ნოემბერსა და დეკემბერში, მოსწავლეები ინგლისური ენისა და STEM მეცნიერებების სასწავლო მოდულს გაივლიან. კურსის ფარგლებში ინსტრუქტორებად და მოსწავლეთა ჯგუფების ფასილიტატორებად კი უკრაინელი პედაგოგების მოწვევაა გათვალისწინებული.
უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ინგლისური ენის მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის გაგზავნა 20 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
პროექტის „Soniashnyk-Соняшник“ განხორციელება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ნოემბრიდან დაიწყება. მასში ჩართვას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დროებით იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მოსწავლეები შეძლებენ.
პროექტი ნოემბრიდან რვა თვის განმავლობაში უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად მათ თანატოლ ქართველ მოსწავლეებსაც უმასპინძლებს. მოსწავლეებს არაფორმალური ახალგაზრდული კლუბების შეხვედრების ფარგლებში განსხვავებული თემატიკის სასწავლო აქტივობებს შესთავაზებენ.
პროექტით გათვალისწინებული სასწავლო თემატიკა მოიცავს: ინგლისურ ენას, STEM მეცნიერებებს, მედიაწიგნიერებასა და ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, გოგონათა გაძლიერების მოდულს, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებს და გასვლით ექსკურსიებს.
პროექტის განმავლობაში მონაწილეებთან საინფორმაციო არაფორმალურ შეხვედრებს ამერიკის საელჩოს დიპლომატებიც გამართავენ.
საქართველოს სამ ქალაქში ამჟამად მცხოვრები უკრაინელი მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფებში ჩაირიცხებიან. შეხვედრებს ამ ქალაქებში არსებული „ამერიკული კუთხეები“ უმასპინძლებს. „ამერიკული კუთხე“ ა.შ.შ-ის საელჩოს ამერიკული ტიპის თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცეებია.
პროექტში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეების ონლაინ რეგისტრაცია 15 ოქტომბრიდან პროექტის ფეისბუქ გვერდზე დაიწყება.
უკრაინელთა შეტევები კვლავაც სერიოზულ ზეწოლას ახდენს რუსეთის ძალებზე როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთში, ისე ხერსონის ოლქში, სამხრეთში. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს თავის შეტევით ოპერაციას დონბასის ცენტრალურ სექტორში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტთან – ასეთია ვითარება ფრონტზე დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით.
„გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაახლოებით 2 კილომეტრით წაიწიეს წინ ქალაქისკენ ორი მიმართულებით და მიუახლოვდნენ ბახმუტს, რომელიც საარტილერიო თავდასხმებმა უკვე ისედაც ძალიან დააზარალა,“ – წერს უწყება 10 ოქტომბრის რელიზში და იმის ახსნას ცდილობს, რატომ განაგრძობს რუსეთის არმია ჯიუტად ბახმუტთან ოპერაციას, იმ ფონზე, როდესაც ორ ძირითად მიმართულებაზე მის ძალებს სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.
დაზვერვის ინფორმაციით, ბახმუტთან ბრძოლებში, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ნაწილები და ის სამხედროები მონაწილეობენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ რუსეთის ციხეებიდან გამოიყვანეს.
„რუსეთის მცდელობა, ჯიუტად განაგრძოს შეტევა ბახმუტში იმ ფონზე, როდესაც მის ოპერაციულ ფლანგებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, მიუთითებს იმპერატივზე, მიაღწიონ გარკვეულ ოპერაციულ წარმატებას და ასევე ხაზს უსვამს მოუქნელ ოპერაციულ გეგმას, რომელიც ძირს უთხრის რუსეთის მთავარ სტრატეგიას,“ – ასკვნის უწყება.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიუთითებდა, რომ რუსეთის სამხედრო კამპანიის მონაწილეებში ერთიანობა დარღვეულია და სამხედრო მეთაურობის კრიტიკა იმატებს. ერთ, ომის მომხრეთა ჯგუფს ქმნიან „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რომლებიც საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად ცდილობენ, დონბასში გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიონ.
72 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი, ორი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ერთი კვირის წინ გამოვიდა ციხიდან და მაშინვე დატოვა რუსეთი. Настоящее Время-სთან ინტერვიუში ის პუტინის რეჟიმს სწრაფ კრახს უწინასწარმეტყველებს და ჰყვება იმის შესახებ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთში.
არა იმიტომ, რომ იქ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა. როდესაც პირველად დამაკავეს, შეიძლებოდა მეფიქრა, რომ უბრალოდ გაფრთხილება სურდათ, თქმა: „მისმინე, სულ გამოშტერდი? უკვე ამდენი ნიშანი მოგეცით და მაინც არ გესმის, აგერ კიდევ ერთი ნიშანი“, მაგრამ როდესაც გამოსვლისას, კარამდეც კი ვერ მივაღწიე, ისე დამიჭირეს მეორედ, უკვე გასაგები გახდა, რომ ჩემთვისაც იმავეს ამზადებდნენ, რაც ილია იაშინსა და ვლადიმირ კარა-მურზას გაუკეთეს, სისხლის სამართლის ბრალდებას რომელიმე სერიოზული მუხლით. ციხე – 20 წელი იქნება თუ 5 წელი – არაა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის.
მე საკმაოდ ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ჩემი ასაკის ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ გადარჩება რუსეთის ციხეში. ეს გარდაუვალი სიკვდილია. ამიტომაც, როდესაც რაღაც სასწაულით გამომიშვეს (ვფიქრობ, იქ რაღაც დიდი არეულობა აქვთ), არჩევანი, ფაქტობრივად, არ მქონია.
არ მიმაჩნია, რომ ემიგრანტი ვარ, მიმაჩნია, რომ გაძევებული ვარ. ეს გადასახლებაა და არა ემიგრაცია.
სხვაობა ისაა, რომ გადასახლებულს არ ეკითხებიან – მას აძევებენ. ჩემთვის არ უკითხავთ, მე სინამდვილეში არჩევანი არ მქონია. მე რომ უფრო ახალგაზრდა ვყოფილიყავი, შეიძლებოდა მეფიქრა, რომ გადავიტანდი რამდენიმე წელიწადს ციხეში, გამოვიდოდი იქიდან და ვიქნებოდი ნელსონ მანდელა ან ჩვენი ქვეყნის ნელსონ მანდელებიდან რომელიმე. რადგანაც მე ასეთი შანსი არ მაქვს, არჩევანი ასეთია – ან სიკვდილი ან წასვლა. არ მიმაჩნია, რომ ეს თავისუფალი არჩევანია, რადგან ჩემთვის უბრალოდ არ უკითხავთ. ესაა სხვაობა. ემიგრაციაა, როდესაც ადამიანები იფიქრებენ, აწონ-დაწონიან და გადაწყვეტენ, რომ მათთვის ასე უკეთესია.
ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ. პირველ რიგში, დაბრუნების იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ეგრევე დავბრუნდები, როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოინგრევა. ის კი ძალიან მალე ჩამოინგრევა. არ ვფიქრობ, რომ აქტიურად შევძლებ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას, რადგან უცხოეთიდან ამის გაკეთება სერიოზულად არ გამოვა. რაც აზრიანად მომეჩვენება, იმაში მივიღებ მონაწილეობას. ისე, ბევრი რამის დაწერა მინდა, რაც რუსეთში ვერ მოვასწარი – იქნებ აქ მოვახერხო.
დიახ, რა თქმა უნდა, სრულიად გასაოცარია. მე ზაფხულში ჩამსვეს და შემოდგომაზე გამოვედი. ჩავჯექი რუსეთის ერთ საზღვრებში და გამოვედი რუსეთის ფედერაციის სხვა საზღვრებში. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. რასაკვირველია, ბევრი რამ შეიცვალა. დეტალებში ყველაფერს ვერ ვკითხულობდი, თუმცა ადვოკატი მოდიოდა და მიყვებოდა. როგორც კი გამოვედი, ეგრევე ინტერნეტში შევძვერი და იქიდან რამდენიმე დღე არ გამომიყვია თავი.
პირველ რიგში, ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში საბოლოოა. სიტუაციის შებრუნების ვერანაირ ვარიანტს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, უკვე დამთავრებულია. შეიძლება გადაისროლო იქ გაუწვრთნელი ჯარისკაცები და მათ იქ ან დახოცავენ, ან დაასახიჩრებენ; ცხადია, შეიძლება, ისროლო ატომური ბომბი, მაგრამ საერთოში, უკვე ვეღარაფერი შეიცვლება.
გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს უკვე ამ რეჟიმის აგონიის ბოლო სტადიაა: ჩემი აზრით, ეს ის დინოზავრია, რომელიც კუდს იქნევს, რადგან სულს ღაფავს. რატომ? იმიტომ, რომ პირველ რიგში, უკრაინაში გამარჯვების სტრატეგია უკვე აღარ არსებობს. მეორე – იმიტომ, რომ უკვე ნათელია – ინგრევა და ჯოჯოხეთისკენ მიექანება ეკონომიკა. მესამე – იმიტომ, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს პირველად მოუხდა კამათი თავის მხარდამჭერ გუნდთან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ეუბნებოდნენ: „დასცხე ხოხლებს, დასცხე პინდოსებს“. მაგრამ ის მათთან სახლებში შევიდა და მათი შვილები გამოიყვანა, მათ კი ეს არ უნდათ, არავითარ შემთხვევაში.
ისინი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ ამ ომს, მაგრამ სავარძლებიდან. სავარძლებიდან უჭერენ ომს მხარს, მაგრამ ასე – არა. ბრძოლა არ უნდათ. უკვე ნათელია ელიტების უკმაყოფილება. თუ მიაქციეთ ყურადღება, კრემლის დარბაზში, სადაც რუსული მიწების შემოერთება გამოცხადდა, როდესაც უკრაინის მიწები რუსეთს შეუერთეს, იმ დარბაზში არცერთი ბედნიერი სახე არ ჩანდა.
კმაყოფილისახეებიარჩანდა, დიახ.
ერთიც კი. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამას უნდა დავაკვირდეთ და არა იმას, რას ამბობს ის. პრინციპში, რასაც ის ამბობდა, მეც კი შემეძლო წინასწარ დამეწერა მისთვის – არაფერი მოულოდნელი. აი, დაკვირვება დამკვირვებლებზე, როდესაც უყურებ, როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, ძალიან საინტერესოა. და ეს, რასაკვირველია, ასევე დასასრულია.
ორ სცენარს ვხედავ. და აჯობებს, უკეთესი სცენარით წავიდეს საქმე უკვე მანამდე, ვიდრე უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებს ბრძოლაში – თუნდაც იმიტომ, რომ ასე ნაკლები ადამიანი დაიღუპება. სცენარი ორია, ჩემი აზრით, რეალისტური და არა ისეთი, რომ მარსელები ჩამოფრინდებიან ან დემოკრატიული რევოლუცია მოხდება.
თუ ავიღებთ რეალურ სცენარებს, პირველი ასეთია: როდესაც და თუ უკრაინელთა დარტყმების ქვეშ დაეცემა ფრონტი, დაიწყება მასობრივი გაქცევები და ამას სახელმწიფოს საბოლოო ნგრევა მოჰყვება.
ვამბობ საბოლოოს, რადგან ის უკვე ისედაც ინგრევა. აი, გუშინ თუ გუშინწინ მომიყვნენ ამბავს, რომელმაც ძალიან გამახარა: ბევრ რუსულ სკოლაში ორშაბათობით დროშის აღმართვა შეწყვიტეს. გახსოვთ ხომ, იყო ასეთი ბრძანება, რომ დროშა უნდა აღემართათ, ჰიმნი ემღერათ და კიდევ რაღაც სისულელეები?
დიახ, პატრიოტულიაღზრდა.
ზუსტად. მითხრეს, რომ ბევრ პროვინციულ ქალაქში ამის გაკეთება შეწყვიტეს – უბრალოდ შეწყვიტეს და მორჩა. ეს მიხეილ გორბაჩოვის სიტუაციას მაგონებს, როდესაც ის, თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში, გამოსცემდა უამრავ ბრძანებას, რომლებსაც ყურადღებას აღარავინ აქცევდა. საერთოდ აღარავინ. სახელმწიფო იშლებოდა. ახლაც ზუსტად იგივე ხდება. თუმცა მიხაილ სერგეევიჩის დროს (მე დიდი პატივისცემითა და მადლიერებითა ვარ მის მიმართ გამსჭვალული, თუმცა ეს ფაქტია) იყო სტრუქტურები, რომლებსაც შეეძლოთ ძალაუფლება გადაებარებინათ. ვგულისხმობ სახელმწიფო ძალაუფლებას, პარტიულ ხელისუფლებებს ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებში და იმ გუნდს, რომელიც იქმნებოდა და შეიქმნა ბორის ელცინის გარშემო.
სხვათა შორის, იგივე მოხდა 1917 წელსაც, მონარქიის დაცემის შემდეგ: სახელმწიფო დუმა, რომლისგანაც ამას ცოტა თუ ელოდა, უცებ იქცა უმაღლეს სახელმწიფო ძალაუფლებად ქვეყანაში და რაღაც დროის განმავლობაში ამ ფუნქციას ასრულებდა კიდეც.
ჩვენ ახლა ფედერალურ დონეზე ასეთი სტრუქტურები არ გვაქვს, საერთოდ არა. ამიტომაც სახელმწიფოს ჩამოშლა ნიშნავს, რომ გაჩნდება უამრავი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეიარაღებული ფორმირება, რომლებიც ერთმანეთს დაუწყებენ ბრძოლას. ისინი ტერიტორიული ნიშნით შეიქმნება – ერთი ოლქი მეორე ოლქის წინააღმდეგ, ერთი გუბერნატორი მეორე გუბერნატორის წინააღმდეგ. ნაწილობრივ ეს იქნება გაურკვეველი სამხედრო ფორმირებები: შოიგუს ერთგული სამხედროები, ზოლოტოვის ერთგული სამხედროები, კადიროვის ბანდფორმირებები, პრიგოჟინის ბანდფორმირებები და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად საშინელი სურათი, ველურად ბევრი სისხლი. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.
ვფიქრობ, მათ ეს არ უნდათ, მაგრამ ამისთვის მზად არიან. მათ სხვა რამ სურთ: მათ სურთ თავის მხარეს გადაქაჩონ უმაღლესი მთავარსარდალი და ტახტთან უფრო ახლო ადგილი დაიკავონ. უმაღლესი მთავარსარდალი კი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი, ისე იქცევა, როგორც ივან გროზნი, რომელიც ოპრიჩნინას ქმნიდა. კადიროვის ფორმირებები, პრიგოჟინის ფორმირებები – ეს ის ბრძოლისუნარიანი ოპრიჩნიკები არიან, რომლებსაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ქმნის.
მაგრამ არსებობს მეორე სცენარიც, უფრო სასიკეთო. მე და თქვენ ახლა ყველაზე საშინელი ვარიანტი განვიხილეთ. უფრო უკეთეს სცენარს მე ვუწოდებდი „სასახლის გადატრიალებას“. როცა ვამბობთ „სასახლის გადატრიალებას“, წარმოგვიდგენია, სათუთუნე, შარფი, მონარქის მკვლელობა და სხვ. სულაც არაა აუცილებელი. ის შეიძლება უსისხლოც იყოს. გადატრიალება – ეს უბრალოდ მმართველის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა და ის მშვიდობიანად შეიძლება მოხდეს. მე სწორედ ამ მშვიდობიან გზას მივესალმებოდი.
თუ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან დაახლოებული ადამიანები მისი უმაღლესი გარემოცვიდან, ისინი, ვისაც ის რაღაცნაირად, ადამიანურად ენდობა (მაქვს წარმოდგენა კონკრეტულ გვარებზეც, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს) მივლენ მასთან და ეტყვიან: „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ან ვალოდია, ჩვენ – ტრ**ში ვართ, ერთ კვირაში ჩამოგვკიდებენ, შენც და ჩვენც. მოდი, ასეთი ვარიანტი: შენ ავად გახდი, შენ დაიღალე, გასაგებია. ჩვენ შენ „ელბასის“ ტიტულს განიჭებთ, ერის მამად გაცხადებთ, კიდევ რამე ასეთი, სამხედროებით ვარტყამთ ალყას შენს სასახლეს გელენჯიკში, რომ იქ არავინ შეგაწუხოს და შენ ადგილას, დაჯდება ვასია. ვასიას ყველა ვიცნობთ, ვასია დამჯერი არარაობაა, რაც ნიშნავს, რომ თვითონ არც არაფერს გააკეთებს. ვასიას ჩვენ დავავალებთ, რომ ნელ-ნელა უკან დაიხიოს, გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეცადოს მოელაპარაკოს დასავლეთს და ასე შემდეგ. მოდი, მოვიქცეთ ასე“.
ის, რა თქმა უნდა, შეიძლება არ დათანხმდეს, რადგან მას საბოლოოდ არავისი სჯერა და ალბათ, იმედი მაქვს, შემდეგ სცენარი უფრო გამკაცრდება.
მმართველი პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორება – ესაა შედარებით სასიკეთო სცენარი, რადგან ის ვასია, რომელიც მის ადგილას დაჯდება, რა თქმა უნდა, შეიძლება სრული ნაძირალა და კიდევ უფრო უცნაური ადამიანიც კი იყოს, ვიდრე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩია.
დანამდვილისახელიგაქვთ?
არა. ნებისმიერი ვინმე შეიძლება იყოს. ეგაა სწორედ საქმე, ხომ გესმით.
სულერთია?
აბსოლუტურად. თუ მედვედევი შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ნებისმიერი. ვინც უნდა იყოს ეს ვასია, როგორი ნაძირალა და იდიოტიც გინდა იყოს, ის რუსული ელიტისთვის მთავარ საკითხს გადაწყვეტს: ესაა იზოლაციიდან გამოსვლა, სანქციების მოხნა, შესაძლებლობა – ისარგებლონ მთელი თავისი მოხვეჭილი ქონებით.
ვფიქრობ, ქვეყნის ბედი ნაკლებად აღელვებთ, ვიდრე საკუთარი ციხესიმაგრე ესპანეთში. დაე, კიდევ ერთი ორასი ათასი კაცი გაწყდეს, რა პრობლემაა, მაგრამ აი, ციხესიმაგრე ესპანეთში დაენანებათ. იმის შანსი, რომ ჩააკითხონ ცოლს, საყვარელს, ძაღლს ესპანეთში ან იტალიაში, ეს უდავოდ მნიშვნელოვანია. და ეს ვასია ამას გააკეთებს. ეს კი ნიშნავს საერთო ლიბერალიზაციას ქვეყანაში. სხვათა შორის, სასახლის გადატრიალება არაა აუცილებელი ამით დასრულდეს, ის შეიძლება დასრულდეს გარდამავალი სამხედრო დიქტატურის ფორმირებით, რაღაც იმის მსგავსით, როგორიც 1917 წლის შემდეგ გენერალ ლავრ კორნილოვის შეუმდგარი მმართველობა, შეუმდგარი დიქტატურა იყო.
ესეც შეიძლება, მაგრამ ეს იქნება გარდამავალი დიქტატურა და დროთა განმავლობაში, ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ესაა შედარებით მშვიდი სცენარი.
არა, მე მასთან პირადი ნაცნობობის პატივი არ მქონია – მე მაქვს მხოლოდ პატივი, ვიყო მისი ერთ-ერთი პერსონალური მტერი, ოპონენტი და ა.შ. ჩემთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მისგან თავის დაქნევას მოითხოვდა, ის ჩემს საქმეებს იცნობდა, მე ეს ვიცი. რა თქმა უნდა, მე მას ისე არ ვიცნობ რომ ვთქვა, როგორ გაატარებს ის საკუთარ დაბადების დღეს. ეს არცაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, სხვა რამ: დავინახოთ არა ის, თუ როგორი ადამიანია, არამედ ის, რაც გააკეთა – დიდი გზის ეტაპები.
ნახეთ: 1992 წელს ის 40 წლისაა, კაგებეში წარუმატებელი კარიერით, აშკარად წარუმატებელით ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ, ყველა გზა ღიაა, ფანტასტიკური დროა, რათა მის წინაშე ყველა კარი გაიხსნას. 2002 წელი – 50 წლისაა. დიდი ქვეყნის პრეზიდენტია, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ, მის კისერზე უკვე ჩეჩნეთის ომი და საშინელი ამბებია: აფეთქებები, სახლების აფეთქებები. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მან ჩაიდინა, მაგრამ ეს მოხდა. მის კისერზე უკვე ბევრი რამაა, მაგრამ ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ რჩება იმედი.
2012 -ში 60-ისაა. მას შეეძლო გამხდარიყო პატივსაცემი ავტორიტეტული ვეტერანი, მაგრამ არჩია კონსტიტუციის სული დაერღვია და დაბრუნებულიყო. და ახლა მის კისერზე უკვე სისხლია, ბევრი სისხლი, დემონსტრაციების დარბევა, მოღალატეები, მეხუთე კოლონა. და უკვე აღარავის აქვს იმედი და უკვე გასაგებია, რომ ეს ჩიხია.
და ახლაც: ომი, მასობრივი მკვლელობები, სრული იზოლაცია, ქვეყნის მორალური კრახი, ქვეყნის ეკონომიკური კრახი. და წინ ჯოჯოხეთია, მეტი არაფერი.
ამსიტყვებისშემდეგ, ცოტახანიპაუზაასაჭირო. მევიკითხე, როგორშეიძლება პუტინმაგაატაროსესდღე, რადგანკრემლშიგანაცხადეს, რომარანაირიზეიმიმის 70 წლისიუბილესთანდაკავშირებითარიქნებოდა. თქვეს, რომახლაზეიმისდროარაა. ჯერკიდევერთიკვირისწინუკანონოანექსიასაღნიშნავდნენ,სხვათა შორის, ძალიან ფართოდაც. როგორფიქრობთ, რაშეიცვალამათლოგიკაშიამერთკვირაში: ეს საომარიმოქმედებებია (თუმცაკონტრშეტევაჯერკიდევმანამდედაიწყო), თუარ უნდათ, ზედმეტადშეახსენონპუტინს, რომუკვეპენსიონერია? რაშეიძლებაიყოს არგუმენტი?
ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო ისტორიაა. ის ასაკს არ მალავს, ცნობილია, რომ 70 წლისაა, მაგრამ მაინც ცდილობს ახალგაზრდობა ითამაშოს. ეს არასწორია. ასეთ სიტუაციაში, მაგალითად, რონალდ რეიგანი აჩვენებდა, რომ ის ჯანმრთელი ადამიანი იყო, მაგრამ 40 წლის კაცად არ მოჰქონდა თავი. ფრანკლინ რუზველტი ეტლით დადიოდა და დიდი პრეზიდენტი იყო. მან კი ვერ შეძლო (ეს, ვფიქრობ, ადამიანური პრობლემაცაა და არამხოლოდ პოლიტიკური) გადასულიყო ახალ ეტაპზე, მას ეს როგორღაც არ გამოუვიდა.
რაც შეეხება იმას, რატომ არ აღნიშნავენ. პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ ხმაურიანად არც არასდროს აღუნიშნავთ მისი დაბადების დღე, ეს არც მომხდარა. შესაძლოა, მას ეს უბრალოდ არ მოსწონს. ბოლოს და ბოლოს, ის მეფეა, არ სურს – არ აკეთებს. დაბადების დღეებზე, ზოგჯერ თავის საუკეთესო მეგობართან, სერგეი შოიგუსთან ერთად სადღაც ტაიგაში მიდიოდა ხოლმე. საერთო ჯამში, მას ეს ნამდვილად არ უყვარს.
კი, მეც გავიგე, რომ ისინი დსთ-ს ლიდერების მოწვევას აპირებდნენ 70 წლის იუბილეზე. თუ ნამდვილად აპირებდნენ ამას (არ ვარ დარწმუნებული, რადგან ეს შეტყობინებები მაშინ მოდიოდა, როდესაც ჯერ კიდევ ვიჯექი), მაშინ ეს დამარცხების აღიარებას ნიშნავს. არ მგონია, რომ ის კარგ განწყობაზე იყო.
მთავარ ფოტოზე: ლეონიდ გოზმანი, მოძრაობა „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ პრეზიდენტი.
უკრაინული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემა – Тор М2, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 24 მილიონი დოლარია.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ჩაიგდეს ხელში უკრაინელმა სამხედროებმა V-სიმბოლოიანი რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემა – Тор М2.
„იშვიათი ნადავლი. რუსული Тор М2 წარმატებით გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლენდ-ლიზის პროგრამის ფარგლებში“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში.
უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთის არმიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Тор“ წარმოდგენილია, როგორც საჰაერო-თავდაცვის უნივერსალური საშუალება. ზოგადად, ამ კომპლექსის მახასიათებლები საკმაოდ მაღალია. თეორიულად, მას შეუძლია გაანადგუროს ყველა ტიპის საჰაერო სამიზნე, გარდა ბალისტიკური რაკეტებისა.
მისი ღირებულება დაახლოებით 24 მილიონი დოლარია.
უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, მათ „ბონუსად მიიღეს“ ასევე БМ-21 „გრადის“ ტიპის ჭურვები.
„მსოფლიოს მეორე არმია“ აქტიურად აგრძელებს „გადაჯგუფებას“ და იმდენად სწრაფად, რომ [უკრაინის] შეიარაღებულ ძალებს უზარმაზარი საჩუქარი დაგვიტოვეს. ახლა გრადის ყველა ჭურვი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ვერც ერთმა მტერმა ვეღარ იოცნებოს უკრაინის მიწაზე მოსვლა“, – აღნიშნავენ სამხედროები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის არმია უკანდახევისას თუ გაქცევის დროს ტოვებს სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალებს.
გასულ თვეში Forbes-ი წერდა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ, მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, ნადავლის სახით, რუსეთისგან „მიიღო“ თითქმის 400 ტანკი, 700 ერთეული ჯავშანტექნიკა და 170 საარტილერიო სისტემა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პარტნიორი ქვეყნების მიერ მიწოდებული დახმარება.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ყირგიზეთის „რადიო თავისუფლების“ ბიურო – Радио Азаттык ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
როგორც ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყებოდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ყირგიზეთის ტერიტორიაზე, ОДКБ-ს სამშვიდობო ძალებთან ერთად, სამეთაურო-საშტაბო წვრთნები – „ურღვევი ძმობა-2022“ უნდა ჩატარებულიყო.
წვრთნებზე უარის გადაწყვეტილების მიზეზებს უწყება არ ასახელებს.
თუმცა, Радио Азаттык-ი მიუთითებს 14-17 სექტემბერს ქვეყანაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე, როდესაც ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო ძალებს შორის მასშტაბური შეიარაღებული შეტაკება მოხდა. შედეგად ყირგიზეთის 63 მოქალაქე დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა, ტაჯიკეთთან სასაზღვრო ზოლში მცხოვრები დაახლოებით 140 ათასი ადამიანი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი.
18 სექტემბერს ყირგიზეთმა ოფიციალურად დაადანაშაულა ტაჯიკეთი სამხედრო აგრესიაში. თავის მხრივ ტაჯიკეთმაც იდენტურად შეაფასა ყირგიზეთთან სამხედრო შეტაკება და განაცხადა, რომ მისი 41 მოქალაქე დაიღუპა ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად.
ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ ОДКБ-ს მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიეღო ტაჯიკეთთან ქვეყნის საზღვარზე დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა ОДКБ-ს შეცვალოს დოკუმენტები, რათა არ დაუშვას შეიარაღებული თავდასხმა წევრ სახელმწიფოებს შორის და არსებული უთანხმოება გადაჭრას მშვიდობიანი გზით.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს საიუბილეო სამიტზე „თანამოაზრეები“ შეკრიბა, სადაც ისაუბრა უკრაინასთან ომში მხარდაჭერაზე, მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ ბელარუსისგან მიიღო.
ამის მიუხედავად, აგვისტოში რუსეთმა მოახერხა უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეების „დამუშავება“ რუსეთის არმიის სასარგებლოდ. 13 სექტემბერს უკრაინის არმიამ პირველად დაატყვევა დაქირავებული ჯარისკაცი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქე იყო.
რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა [ეს უკანასკნელი 2012 წლიდან აღარ არის ОДКБ-ს წევრი], თავის მოქალაქეებს მოუწოდეს უკრაინის ომში რუსეთის მხარეს არ იბრძოლონ, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა კი საჯაროდ აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები [ОДКБ] არ მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ: „ორგანიზაციის პასუხისმგებლობაში ეს არ შედის“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინამ ჩაშალა რუსი სატელეფონო ხულიგნების მცდელობა, გაეთამაშებინათ თურქული კომპანია Baykar-ის დირექტორი, ჰალუკ ბაირაქტარი.
რუსმა სატელეფონო ხულიგნებმა [პრანკერები] გამოიყენეს „ფეიქ“ ტექნოლოგია, ისინი დაუკავშირდნენ ჰალუკ ბაირაქტარს ვიდეოს საშუალებით უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სახელით.
„ბატონ ჰალუკთან საუბრის ნაცვლად, რუსებს „გაუმართლათ“ და ესაუბრნენ კომპანია „ბაირაქტარის“ ყალბ მდივანს“, – ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
„აღსანიშნავია რუსი ოპერატორების მომზადების დაბალი დონე, რომლებიც საუბრისას რამდენჯერმე ამხილეს თავი“ – წერს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ტელეგრამზე. უწყების ცნობით, რუსი პრანკერების მიზანი იყო უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა.
საუბრის ბოლოს რუს ოპერატორებს აცნობეს, რომ ისინი ამხილეს და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება.
ზაპოროჟიეზე 9 ოქტომბრის ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება შეასრულა.
„ისევ ზაპოროჟიე. კვლავ დაუნდობელი დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობაზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, შუაღამისას.
ჩვენ უკვე ვიცით 12 დაღუპულის შესახებ. საავადმყოფოში 49 დაშავებულია, მათ შორის 6 ბავშვია.
აბსოლუტური სისასტიკე. აბსოლუტური ბოროტება.
არაადამიანები და ტერორისტები. ყველა, ვინც გასცა ეს ბრძანება და ვინც ეს ბრძანება შეასრულა, პასუხს აგებს კანონის და ხალხის წინაშე“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს, აღმოსავლეთ ფრონტზე, ცოტა ხნის წინ მობილიზებული რუსი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 12 დღე „იბრძოდა“ – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს.
უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს ვიდეოსაც, რომელშიც ერთ-ერთი ტყვედ ჩავარდნილი პირი აცხადებს, რომ 13 სექტემბერს ჩამოვიდა საომრად და 25 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა. იგი ჰყვება, რომ მისი ოცეული ერთ წუთში დაამარცხეს უკრაინელმა სამხედროებმა.
„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. პუტინის ბრძანებით, ის მხოლოდ რეზერვში მყოფ და სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს ეხებათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 300 000 კაცის გაწვევა.
„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორ კვირაში რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 200 000 ყაზახეთში გადავიდა.
რუსეთში მობილიზებული პირების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ არიან სათანადოდ აღჭურვილი და მობილიზაციის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ დაახლოებით 500-მა რუსმა სამხედრომ, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაიწვიეს, ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ჰყვებიან, რომ მათ არარეგისტრირებული ავტომატები მისცეს და ბელგოროდის ოლქში მიატოვეს.
___________
ფოტოზე: რუსეთ-უკრაინის ომი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY KOZLOV
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან შესაძლოა გაძლიერდეს 17-22 წამამდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 11 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, 12-13 ოქტომბერს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440]
ტანკი – 2 486 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 5 133 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 1 477 ერთეული [+18]
MLRS – 348 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 180 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 266 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 235 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 086 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 247 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 890 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
317 თვითმფრინავი
159 ვერტმფრენი
2 182 უპილოტო საფრენი აპარატი
379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 570 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
866 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 460 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 431 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმში, გორგასლის 104/106-ში, შპს „კომფორტ ბილდინგი“ 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ამ ადგილზე არსებული ერთსართულიანი სახლისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. როგორც მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია.
ბათუმი, გორგასლის #104/106
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა. მშენებლობა 580 კვ.მეტრზე იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტს არ ექნება პროპორციული რაოდენობის პარკინგის ადგილი და ის ვერ დააკმაყოფილებს მოქმედი კოდექსის მოთხოვნებს, ასევე 41-ე დადგენილებას.
საქმე ისაა, რომ პროექტი მერიასთან ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედებამდე, ძველი რეგულაციებით არის შეთანხმებული. როგორც მერიაში ხსნიან, მერს არ შეუძლია წლების წინ უკვე შეთანხმებულ პროექტზე განმცხადებელს უარი უთხრას. ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაშიც, ნებართვის შესახებ ბრძანებაში წერია, რომ პროექტი 2016 წლის 7 მარტს არის შეთანხმებული.
სამშენებლო კოდექსის ამოქმედებისა და რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, ბათუმში, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ბევრი პროექტი, რომელიც ძველი რეგულაციებითაა გაცემული. მერიაში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევაში მხოლოდ არქიტექტურული ნაწილი რომც იყოს შეთანხმებული, მფლობელს უარს ვეღარ ეტყვიან და ვერც ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებას მოსთხოვენ: „წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს კიდეცო“.
მერიაში ამბობენ, რომ ასეთი პრაქტიკა აქვთ.
პროექტის რენდერი
ნებართვის მიხედვით, გორგასლის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის საცხოვრებელი ფართობი 2817 კვ.მეტრია. პარკინგისთვის კი მხოლოდ 181.8კვ/მეტრია გათვალისწინებული.
ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ბრძანებაში მოცემული ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ კომპანია აჭარის მთავრობის არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამაში“ იღებს მონაწილეობას. მერი კომპანიას სთხოვს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი და საბანკო გარანტია წარუდგინოს.
კომპანია „კომფორტ ბილდინგი“ 2020 წელს კახა დევაძემ დააფუძნა.
მოზარდებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნების დასჯის კუთხით ლიბერალური მიდგომები ამოქმედდა – განრიდება პატიმრობის ნაცვლად. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 2016 წლიდან მოქმედებს.
პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს არასრულწლოვნების დანაშაულის ჩადენის ჯამური მაჩვენებელი იყო 665 [აქედან 203 შემთხვევაზე დევნა დაიწყო, ხოლო 462 განრიდება გაფორმდა]. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, 2019 წელს – 813… კოდექსის ამოქმედებამდე კი, მაგალითად, 2013 წელს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის 907 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წელს – 696, 2015 წელს – 669.
რას აჩვენებს ეს ციფრები და რეალურად რა გამოწვევის წინაშე დგანან მოზარდები, როცა კანონი ძირითადად მათი განრიდებით დასჯით შემოიფარგლება? – ამ თემაზე საუბარი ვთხოვეთ დანაშაულის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს, სადაც მოზარდებთან მუშაობენ, თუმცა კომენტარი ვერ მივიღეთ. საუბარზე უარი გვითხრეს შსს-ში, სადაც ამ კუთხით სპეციალიზებული სამართალდამცველები მუშაობენ.
„ბათუმელები“ ეკა ბესელიას ესაუბრა, რომელიც „არასრწულოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო პარლამენტში. ამჟამად იგი არასამთავრობო ორგანიზაციის „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
ქალბატონო ეკა, თქვენთვის რას აჩვენებს არასრულწლოვანთა დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა – ლიბერალური მიდგომების ამოქმედების შემდეგ კლება არ არის, თუმცა არც გაზრდილა მაჩვენებელი.
„არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიღება იყო უდავოდ პროგრესული გადაწყვეტილება, ეს არის დემოკრატიის სტანდარტი და აუცილებელი ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მსგავსი პოზიტიური შეფასებები ჰქონდათ მაშინ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ: ეს უნდა იყოს ჰუმანური, ლიბერალური მიდგომა, განსხვავებული მართლმსაჯულება.
გამოჩნდა ამ სტატისტიკით ის, რომ ეს მიდგომა არის სწორი და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა არ იღებს კარგ შედეგს არცერთი მიმართულებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც ჩანს, ეს მაინც უნდა გვაშფოთებდეს, რადგან ტენდენცია უნდა იყოს შემცირებისკენ. კლება ნიშნავს, რომ რეფორმა მუშაობს, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება.
იყო კიდეც მოლოდინი, რომ შესაძლოა გარკვეულ მომენტში მომატებულიყო ეს მაჩვენებელი და შემდეგ იქნებოდა კლება, მაგრამ რეფორმა არ არის და ვერ იქნება მხოლოდ ერთი შეცვლილი კანონი – მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლა ვერ გამოიღებდა შედეგს.
რა არის სხვა ფაქტორები, რის გამოც რეფორმას არ აქვს უფრო პოზიტიური შედეგი?
პირველ რიგში, ეს არის განათლების სისტემა, ეს მოზარდები ხომ სკოლის მოსწავლეები არიან, სკოლაში ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. აი, რა შეიცვალა კონკრეტულად კანონში კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის?
მნიშვნელოვანია ასევე თვითმმართველობის როლი, სხვადასხვა აქტივობაში მოზარდების ჩართვა, მათი ცხოვრების წესი, სოციალური გარემო. ყველაფერი გასათვალისწინებელია, რაც ხელს უწყობს მოზარდს გარდატეხის ასაკში სოციუმთან ადაპტირებას.
მიგაჩნიათ, რომ დასავლური პრაქტიკის მსგავსად, თუკი მოზარდებს ექნებათ რეალიზების სხვა შესაძლებლობა, მაგალითად, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტადიონი, საცურაო აუზი, გასართობი სივრცე, დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი შემცირდება?
რა თქმა უნდა, ეს იმუშავებს ყველაზე კარგად. ჩვენი რეფორმის ნაკლი არის ის, რომ რეფორმა არ არის კომპლექსური პროცესი. როცა კანონმდებლობას არბილებ, მეორე მხრივ, მას უნდა ახვედრებდე შეცვლილ, გაუმჯობესებულ გარემოს. მხოლოდ კანონის შეცვლა გამოსავალი არ არის. ამ საკანონმდებლო ცვლილებას კი არ მიჰყვა ის ფაქტორები, რაც განაპირობებს არასრულწლოვნის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე ხელის აღებას. ამიტომაც, არ გვაქვს ჩვენ დღეს სახარბიელო სურათი.
როცა ვიღებდით ამ კანონს, იყო დისკუსია, რომ ამას სჭირდებოდა შესაბამისი პირობების შეცვლა. ყველა დანაშაულის ჩადენას აქვს თავისი მიზეზები და აქაც ეს იყო სოციალური, ფსიქოლოგიური ფაქტორები. მაგალითად, მიტოვებული ბავშვები ბებია-ბაბუას ამარა, მშობლები უცხოეთში, მათ აკლდათ და ახლაც აკლიათ ზრუნვა, ძალიან რთული სოციალური გარემოა მათ ირგვლივ, ვიცით, რომ ბავშვებზე გავლენა შედარებით იოლია…. ცხადია, ამ რისკებს სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
სტატისტიკის მიხედვით, არასრულწოვანთა კოდექსის ამოქმედების შემდეგაც, ყველაზე გავრცელებული დანაშაული მოზარდებში ისევ ქურდობაა. როცა ჟღერდება ქუჩაში მანქანის დამტვრევის, ან სხვა შემთხვევების შესახებ, ხშირად აქტიურდება პოზიცია, რომ საჭიროა კანონის გამკაცრება.
რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება არაა გამოსავალი. როცა არასრულწლოვანს უშვებ ციხეში, მიიღებ ჩამოყალიბებულ, სრულწლოვან კრიმინალს. ასე რომ, ამის დაშვება არანაირად არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამას სხვა მეთოდებით: განათლებით, სოციალური, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით.
მანქანებს რაც შეეხება და ქურდობას – ამოქმედდა სქემა, როცა სრულწლოვნები იყენებენ არასრულწლოვნებს ბრმა იარაღად, რადგან იციან, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებენ. აქაც შესაბამისი ინფორმაციის მიტანა საჭირო არასრულწლოვნამდე შესაბამისი ფორმით, რომ მას იყენებენ და რამდენად ცუდია ეს მისთვის.
აქ გამოძიებაც სხვაგვარად უნდა მუშაობდეს, უნდა გადიოდნენ კვალზე და გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ არასრულწლოვნებს.
რა იყო მოტივაცია 2015 წელს, როცა ამ კანონის მიღებას დათანხმდა მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობა?
მაშინ არ იყო ასე ღია და აგრესიული ზურგშექცევა ევროსაბჭოს და ევროკავშირის მიმართ. იმ პერიოდში ჩვენ ვდგამდით რეფორმისტულ ნაბიჯებს და არაერთი დასავლური გამოცდილება გავიზიარეთ… ამ დროს გვქონდა პროგრესული ხედვა და ტემპიც, რომ წინ გვევლო.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედების წელს, ანუ 2016 წელს დაფიქსირდა არასრულწლოვნების მხრიდან ჯამურად დანაშაულის ჩადენის 665 შემთხვევა. 2017 წელს – 746, 2018 წელს – 848, თუმცა ამ კანონის მიღებამდეც იყო ზოგიერთ წელს მაღალი მაჩვენებელი, მაგალითად, 2013 წელს, დაფიქსირდა 907 შემთხვევა. შესაძლოა, არ არის მკვეთრი კლება, მაგრამ არც მატებაა. ხომ არ აჩვენებს ეს ციფრები იმას, რომ ლიბერალური მიდგომები უნდა ამოქმედდეს სხვა კატეგორიებზეც, მაგალითად, ნარკომომხმარებლებზე?
რა თქმა უნდა, მე ვემხრობი ლიბერალურ მიდგომების ამოქმედებას, მათ შორის, ნარკომოხმარების ნაწილში. ჩვენ უნდა მიგვეღო ცალკე რეფორმა ამ კუთხით, ვმუშაობდით კიდეც ამაზე, დიდი ჭიდილი იყო, გახსოვთ და საბოლოოდ, გაჩერდეს პროცესი. ეს იყო მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების დანაპირების და ვალდებულების შეუსრულებლობა.
ამ შემთხვევაში დისკუსია იყო რისკებზე, მაგრამ რეფორმა არ არის ერთი კონკრეტული კანონის მიღება, ეს არ შეიძლება იყოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეტაპები აქვს რეფორმებს, ფუნდამენტი, მერე უნდა ამოიყვანო კედლები, მერე სახურავი… ჩვენთან ფრაგმენტულად და უსისტემოდ ხდება ყველაფერი.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეროვნული გვარდიის ელიტური ნაწილები შევიდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი დღეს მშვიდად ვერ არის – ქალაქიდან არაერთი სამხედროს დაკავებაზე ვრცელდება ცნობები.
„რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური „ზომების“ მიღება დაიწყო. ცენტრში გადაადგილება შეზღუდულია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების დივიზია – რუსული გვარდიის „ელიტური დანაყოფი“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოხსენებაში.
დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნაშია ასევე საჯარისო ფორმირებები, რომლებიც მოსკოვის გარშემოა განლაგებული.
„ცნობილია მრავალრიცხოვანი სამხედროების დაპატიმრებაზე, დაკავებასა და ბლოკირებაზე. მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაშია“, – მითითებულია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ამ დაკავებების მიზეზებზე.
____
უკრაინის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები იმედს აძლევს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა უკვე წლის ბოლომდე დასრულდეს – ამის შესახებ ბრიტანული The Times-იკონფიდენციალურ წყაროებზე და სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით დღეს წერს.
სამხედრო საქმის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ვაგნერელთა“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაყენებას ცდილობენ.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] პროგნოზით, საბოლოოდ პუტინი შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობა სამხედრო სარდლობას დააბრალოს. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განტევების ვაცი გახდება.
დღეს ყირიმში ააფეთქეს ქერჩის [ყირიმის] ხიდი, რომელიც რუსეთმა 2014 წლის, ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ააგო. ამ ხიდს, როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის აქვს როგორც სიმბოლური, ისე სტრატეგიული დანიშნულება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდი აფეთქების უკან, უკრაინის უშიშროება დგას.
ალბათ, პუტინის გარდა ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ვინმე, ვის სიკვდილსაც ახლა ამდენი ადამიანი ნატრობს.
სასწაული, რომელიც კაცობრიობას აპოკალიფსისგან გადაარჩენს, ბევრის ოცნებაში სხვადასხვაგვარად გამოიყურება: პუტინი უკურნებელი სენისგან კვდება ან ნაინსულტარ ნაინფაქტარი ძალაუფლებას კარგავს.
ან იქნებ ავტოავარიაში იღუპება? იქნებ, წარმოუდგენლად უაზრო რამ ემართება ბუნკერში? რატომაც არ შეიძლება, აბაზანაში ფეხი აუსრიალდეს და თავი ჩამოარტყას? არ გაათავისუფლებს მსოფლიოს „რუსული სამყაროს“ სიგიჟისგან?
მაგრამ ასეთი დასასრული ზედმეტად კარგი იქნებოდა კრემლის შეშლილი ბატონისთვის, არა?
კილირ გუნდიანევმა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა, სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდა, ორი დღე ილოცონ დიქტატორისთვის, რომელიც 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
რუსეთს არ აქვს არცერთი სოციოლოგიური სამსახური, რომელიც დანამდვილებით იტყოდა, რამდენი ადამიანი დალევს პუტინის ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, თუმცა რამდენიც გინდა იყვნენ, მაინც შეიძლება, იუბილარის დღეგრძელობის სურვილებს შევუერთდეთ.
მეტხანს იცოცხლე, ვლადიმერ პუტინ! რათა მეტის ნახვა მოასწრო.
როგორ გიღალატებენ ერთმანეთის მიყოლებით და მშიშარასა და „ლუზერს“ გიწოდებენ.
როგორ აღარ შეეშინდებათ შენი.
როგორ დაგცინებენ სახეში და გადააფურთხებენ შენ ზურგს უკან.
როგორ შეგიძულებს მილიონობით რუსი, რადგან უკრაინის განადგურებას შეჰპირდი, მაგრამ ვერ შეასრულე. დიდებაზე ელაპარაკებოდი, მაგრამ სირცხვილისა და დამცირებისთვის გაწირე.
როგორ იშლება შენი ფსევდოიმპერია, როგორ იკუმშება და პატარავდება.
იცოცხლე დიდხანს, რათა იგრძნო ტკივილი და შიში სასოწარკვეთილებისგან.
იმისგან, რომ ყველაფერი ამაო იყო.
იმისგან, რომ შენი ილუზორული სამყარო მირაჟივით აორთქლდა უკრაინის ბრძოლის ველებზე.
იმისგან, რომ შესძულდი საკუთარ შვილებსაც, რადგან სამუდამოდ გაუფუჭე უზრუნველი ცხოვრება.
იმისგან, რომ შენმა შეპყრობილმა მრევლმა შენვე გადაგცა ანათემას.
იცოცხლე მეტხანს, რათა გააცნობიერო, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა, რასაც შენ უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდე, მხოლოდ დასაწყისი იყო.
რომ ბოლოს როგორმე გაიგო, კიევი – „რუსთა“ ქალაქების დედაა და არა „რუსეთის“ ქალაქების.
რომ „ში“ და არა „ზე“.
რომ უკრაინა იყო და იქნება. და აუცილებლად იქნება, როდესაც აღარც შენ იქნები და აღარც შენი მოჩვენებითი იმპერია.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, ბირთვული საფრთხეები გაჩნდა. ბირთვული იარაღის გამოყენების მზარდ საფრთხეზე საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები და სპეციალისტები – რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა, მაგალითად, დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მათ შორის შავ ზღვაში.
როგორია უნდა დაიცვა თავი ბირთვული რადიაციისგან? არსებობს თავშესაფარი? როგორ უნდა მიიღონ ან სად შეიძინონ ვთქვათ იოდის აბები? – ეს არის კითხვები, რომელსაც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად სვამენ მოქალაქეები.
ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხები სახელმწიფოსგან არ ჩანს.
სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე „ბათუმელები“ თადარიგის გენერალ-მაიორს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს თენგიზ შუბლაძეს ესაუბრა.
ბატონო თენგიზ, ბოლო პერიოდში რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ უკრაინას ბირთვული საფრთხის შემთხვევაში კალიუმის იოდიდის მარაგებს მიაწვდიან. ბუნებრივია, ეს ადამიანებს უჩენს საფრთხის განცდას და კითხვებს სვამენ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება. რას უნდა აკეთებდეს, როგორ ფიქრობთ?
სახელმწიფო საფრთხის დროს კი არ უნდა იწყებდეს ამაზე ფიქრს, არამედ მანამდე, სანამ ეს საფრთხე მოვა.
ჩვენ შემთხვევაში რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, საერთოდ განულებულია ყველაფერი. რაღა დროს ამაზე ფიქრია, უკვე დაგვიანებულია.
ვინ უნდა უპასუხოს მოქალაქეების კითხვებს – რა გავაკეთოთ? თავი როგორ დავიცვათ, სად შევაფაროთ თავი? რამდენი იოდი მივიღოთ? ამ ყველაფერზე რომელმა უწყებამ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ხალხს?
ამ დროს დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა სპეციალური აირწინაღები, რომელიც ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს. ფანჯრები ისე უნდა დაიგმანოს, რომ ჰაერი არ მოძრაობდეს ოთახში და ბევრი ასეთი წვრილმანია.
პრინციპში ესეც არაფერს შველის, რადგან სპეციალური თავშესაფარია საჭირო, ჰერმეტული კარებით, ავტონომიური წყალმომარაგებით, ელექტრომომარაგებით და ასე შემდეგ, სადაც ადამიანებს დამოუკიდებელი არსებობის საშუალება ექნებათ.
თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, რომელიც რადიაციის და ბირთვული იარაღის წინააღმდეგ შეიძლება გამოდგეს, როგორც თავდაცვის საშუალება.
ეს საკითხი ახლა გახდა აქტუალური, შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო ერიდება ხოლმე ასეთ ხარჯებზე წასვლას.
გამოდის, რომ ბირთვული საფრთხის წინაშე თუ დავდგებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სრულიად დაუცველი იქნება?
კი, ამ წუთში დაუცველია.
არის რაღაც პრეპარატები, თანამედროვე საშუალებები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ესეც თავის მოტყუებაა, რადგან თუ ბირთვული იარაღი გამოიყენეს, ის ძალიან დიდხანს რჩება ატმოსფეროში. ისე არ არის, რომ აფეთქდა, გაიფანტა და დამთავრდა.
სახელმწიფო გაჩუმებულია. ადამიანებს კი აქვთ გარკვეული შიშები. ერთი პერიოდი აფთიაქებში იოდის შეძენაც დაიწყეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რა მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ და რა დოზით თუკი ამის საჭიროება დადგება.
რასაკვირველია სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს ამაზე ინფორმაცია ადამიანებს, მაგრამ ახლა რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყოს, თქვენ წარმოიდგინეთ ეს რას გამოიწვევს ქვეყანაში. რამხელა ქაოსი დაიწყება, რამხელა ზეწოლა იქნება გინდ აფთიაქებზე და გინდა სამედიცინო დაწესებულებებზე.
მე არ ვამბობთ, რომ პანიკა უნდა დათესოს, სახელმწიფოს შეუძლია ნათლად აუხსნას მოსახლეობას, რომ ეს არის პრევენციული ზომები და რატომ გამოიწვევს ეს ქაოსს?
კი, რასაკვირველია. ეს უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით და თუ მოხერხდება ასეთი პრეპარატების შემოტანა, უნდა გადანაწილდეს მოსახლეობაში. სააფთიაქო ქსელისთვის არ იქნება ეს განკუთვნილი, მოსახლეობას უნდა დაურიგდეს.
არცერთი კითხვა არ დასმულა ამაზე პარლამენტში, არც ჯანდაცვის სამინისტროში მსჯელობენ. არის ეს პრობლემა?
ვფიქრობ, ამაზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება მეტ პანიკას გამოიწვევს.
შესაძლოა, მაგრამ ადამიანები ამ კითხვებს მაინც სვამენ სოციალურ ქსელებში, ერთმანეთში.
ეს კითხვები მარტო ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში არსებობს. კი ბატონო, ფინეთი, შვედეთი აქცევს თავდაცვის საკითხებს ყურადღებას და აქვთ კიდეც მაღალი დონის თავშესაფრები, მაგრამ ეს არის ათეული წლებით ნაშენები და ნაკეთები.
ზოგადად, ამ ობიექტებს ორმაგი დანიშნულება აქვთ, საგანგებო შემთხვევების დროს გამოიყენება მოსახლეობის თავშესაფრად, სხვა დროს კი იქ შეიძლება განთავსდეს სასაწყობო მეურნეობა, შეიძლება იყოს სპორტული დარბაზები, ტრენაჟორები და ბევრი რამ.
მთავარია, ხელშეკრულებაში ეწეროს, რომ არავინ უნდა შეეხოს კონსტრუქციებს და საჭიროების შემთხვევაში შენობა გათავისუფლდეს თავშესაფრისთვის.
ახლა ამ წუთში ამის გახმოვანება და აჟიოტაჟის ატეხა, ვფიქრობ სწორი არ იქნება.
რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს [სახელმწიფომ], როდესაც არაფერია მისაწოდებელი. ამიტომ ეს გამოიწვევს პანიკას და მეტს არაფერს.
გამოდის, რომ მოსახლეობა ბედის ანაბარადაა ამ ქვეყანაში მიტოვებული?
კი, დაახლოებით ასეა. მაგრამ მარტო ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში, ძირითადი ქვეყნები ამ მდგომარეობაშია. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომლებმაც იფიქრეს ამაზე და ჩადეს სახსრები თავშესაფრების მშენებლობაში.
ვფიქრობ არც უკრაინას აქვს ასეთი თავშესაფრები, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავის დასაცავად გამოდგება.
საავიაციო იერიშის შემთხვევაში რასაც იყენებენ, არა მგონია ეს ამისთვის გამოდგეს. სისტემები ალბათ იქაც მოძველებული იქნება, რა თქმა უნდა, თუ ახლა არ გამოცვალეს და განაახლეს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია.
ყველაზე დიდი რისკის ქვეშ რომელი ქვეყნებია, ბირთვული საფრთხის შემთხვევაში?
ეს ბევრად არის დამოკიდებული ქარის მიმართულებაზე, ამიტომ ძნელია ითქვას რომელი ქვეყნებია.
იგივე საშიშროება არსებობს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში, რომელიც ჩვენს საზღვართან არის და მისი ტექნიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ამიტომ არ არის აუცილებელი ომი იყოს, მისი ავარიის შემთხვევაში, თუ ქარის მიმართულება დაემთხვა ჩვენსკენ, ჩათვალეთ, რომ რიკოთამდე მთელი ტერიტორია დასნებოვნდება.
ამიტომ ძნელია ასე უცებ განსაზღვრო რა ტერიტორიას მოიცავს. ეს დამოკიდებულია მოცულობაზე, რამდენს გამოიყენებენ და ქარის მიმართულებაზეც.
ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებშიც ისწავლებოდეს მსგავსი საკითხები, საზოგადოებრივ მაუწყებელს და სხვა ტელევიზიებსაც რამდენიმე წერილი მივწერე, რომ იქნება 20 წუთი, ნახევარი საათი დაეთმოთ ასეთი საკითხებისთვის და ეს არ ეხება მხოლოდ ბირთვულ დაბინძურებას.
წყალდიდობაა, მიწისძვრაა, სხვა კატასტროფებია და მოსახლეობა მიიღებდა ინფორმაციას რა დროს, როგორ უნდა მოიქცეს, რა გააკეთოს, როგორ იმოქმედოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უყურადღებოდ დატოვეს. იაფფასიანი შოუები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ჩვენ გვაქვს სახელმწიფო უწყება – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, სადაც თვეობით არ ახლდება ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, ვალდებულია ეს უწყება ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს?
სააგენტო გარკვეულ დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს გარკვეულ წერტილებზე და აწვდის ინფორმაციას როგორი ფონია ამ კონკრეტულ წერტილებში.
ყველაზე კლასიკური ვარიანტი იყო, რომ საზოგადოებრივ არხს გამოეყო ამისთვის დრო და კვირაში ერთხელ, კონკრეტულ დროს, ადამიანებს ეცოდინებოდათ, რომ ამ არხიდან მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორც რადიაციულ საფრთხეებზე, ასევე სხვა საფრთხეებისგან თავის დაცვაზეც, რომ არ იყოს ვთქვათ ინფორმაციული ვაკუუმი.
თუმცა მე მაინც მგონია, რომ არავინ წავა ასეთ ნაბიჯზე, ამიტომ არსებობს კოსმოსური დაკვირვების საშუალებებიც, რომ სიტუაცია გააკონტროლონ. მით უმეტეს რომ დღეს გაათმაგებულია ყურადღება ამ ობიექტებზე.
ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია.
ნგრევის ადგილზე დღეს დაღუპულების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და მთავრობის წევრები მივიდნენ.
მაშველები 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ ნგრევის ადგილზეტრაგედიის ადგილზე მივიდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი. ასვე, ბათუმის საკრებულოს წევრები, სამთავრობო და მერიის სტრუქტურების თანამშრომლები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 62 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +380]
ტანკი – 2 472 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 111 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 1 459 ერთეული [+4]
MLRS – 345 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 180 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 266 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 234 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 079 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 246 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 875 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
316 თვითმფრინავი
158 ვერტმფრენი
2 176 უპილოტო საფრენი აპარატი
379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 494 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
866 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 457 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 395 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე ხანძარს ფეისბუქპოსტითეხმაურება.
„დილა მშვიდობისა უკრაინა“ წერს დანილოვი და ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს – კოლაჟის ერთ ნაწილში ჩანს ხანძარი ყირიმის ხიდზე, მეორეში კი 1962 წლის ცნობილი ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი მერილინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს – Happy Birthday, Mr. President (დაბადები დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო).
უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დღეს, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო გავრცელდა.
კრემლისტური მედიის ცნობით, ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებლის საწვავის ავზს, თუმცა სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ვიდეოკადრიდან ჩანს, რომ ხიდზე რკინიგზის ხაზის გარდა დაზიანებულია საავტომობილო გზის ნაწილიც.
7 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა.
უკრაინის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები იმედს აძლევს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა უკვე წლის ბოლომდე დასრულდეს – ამის შესახებ ბრიტანული The Times-იკონფიდენციალურ წყაროებზე და სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი უკრაინის არმიის ბოლოდროინდელი წარმატებებითაა გამოწვეული და არა კონკრეტული სადაზვერვო ინფორმაციით.
ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანი The Times-ს ეუბნება, რომ თუ უკრაინის არმია კვლავაც ასე განაგრძობს წინსვლას, წლის ბოლომდე რუსეთის ძალებს დონბასიდანაც განდევნის.
გამოცემის წყარო იქვე დასძენს, რომ ყირიმის დაბრუნება უფრო რთული საკითხი იქნება და ის სერიოზულ სამხედრო დანაკარგებს გამოიწვევს. როგორც The Time-ის წყაროები ფიქრობენ, საომარ მოქმედებებს ვერც ზამთარი შეაჩერებს.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების არაოფიციალურ მოსაზრებებს იზიარებს ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესიც.
„გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კოლაფსია (რუსეთის ძალების), ყოველ შემთხვევაში დონბასში მაინც და მე მჯერა, რომ რუსებს 23 თებერვლის ხაზთან უკვე წლის ბოლომდე დააბრუნებენ,“ – ამბობს ჰოჯესი.
რაც შეეხება ყირიმს, ის მიიჩნევს, რომ ყირიმის დასაბრუნებლად სამხედრო მოქმედებები შესაძლოა 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს, რადგან ნახევარკუნძულთან რუსეთს სერიოზული ძალები ჰყავს მობილიზებული.
ჰოჯესის აზრით, ხერსონის დაბრუნება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, დასავლეთიდან მიღებული იარაღის გამოყენებით, უკეთ მისწვდეს სამიზნეებს ოკუპირებულ ყირიმში. – „ამის შემდეგ ყირიმი ხაფანგში მოქცეული აღმოჩნდება“.
თუმცა The Times-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ იმასაც, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებები არც ისე ერთმნიშვნელოვანია და ბრძოლაში ინიციატივის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთი მაინც ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი დონბასში.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და კერძო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ, ეცდებიან, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ დონეცკის ბრძოლებში და ამით რუსულ საინფორმაციო სივრცეში საკუთარი პოპულარობა და რეპუტაცია შეინარჩუნონ.
ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.
ინსტიტუტის უახლოეს ანგარიშშინათქვამია, რომ 6-7 ოქტომბერს რუსეთის ძალები თანდათანობით მიიწევდნენ წინ ბახმუტისა და ავდეევკის რაიონში, სავარაუდოდ, სწორედ „ვაგნერისა“ და კადიროველების დახმარებით.
ISW-ის ცნობით, ლიმანში მარცხის შემდეგ პრიგოჟინმა 1 000 თავისი სამხედრო გაგზავნა ლისიჩანსკის პოზიციების გასამაგრებლად, კადიროვს კი ცოტა ხნის წინ დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები კრემლში სავარაუდო განხეთქილების შესახებაც წერენ და მაგალითად მოჰყავთ გამოცემა The Washington Post-ის ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა.
ISW აღნიშნავს, რომ მას ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა არ შეუძლია, თუმცა დასძენს, რომ ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერის ინფორმაციით, კრემლში ორი დაჯგუფება ჩამოყალიბდა – ერთი კადიროვისა და პრიგოჟინის, რომელიც დანაკარგების მიუხედავად ომის გაგრძელებას ემხრობა და მეორე, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის, რომელსაც საკუთარი თავისა და ქონების გადასარჩენად დასავლეთთან მოლაპარაკება სურს, თუმცა ამის პუტინისთვის პირდაპირ თქმას ვერ ბედავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მზარდ კრიტიკაზე წერს დღეს დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. უწყების ცნობით, უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობის ფონზე, სულ უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება სერგეი შოიგუს უწყების კრიტიკას.
ბრიტანეთის დაზვერვა მთავარ კრიტიკოსებს შორის რამზან კადიროვს, ევგენი პრიგოჟინს, კრემლის პროპაგანდისტ ტელეწამყვანებს, პოპ-ვარკვლავებს და ულტრანაციონალისტურად განწყობილ სამხედრო ბლოგერებს ასახელებს.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას კრემანაია-სვატოვოს გზის გასწვრივ ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში;
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით;
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში;
რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავაც აიძულებენ მობილიზაციას ახლად ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის ომი კვლავაც წარუმატებლად გრძელდება, ქვეყანაში კი უფრო უფრო მეტი საჯარო ფიგურა უერთდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკას.
„კრიტიკოსებს შორის იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სახელმწიფოს პროპაგანდისტი ტელეწამყვანები, პოპ-ვარკსვლავები და და ულტრანაციონალისტურად განწყობილი სამხედრო ბლოგერების აქტიური ნაწილი,“ – წერს უწყება 8 ოქტომბრის რელიზში.
დაზვერვის შეფასებით, კადიროვი და პრიგოჟინი „ომის მომხრეთა“ ბლოკის არაფორმარულ მეთაურებად განიხილებიან; მათი კრიტიკა დაფუძნებულია ესკალაციისადმი მიმართულ არგუმენტებზე; მათდამი გარკვეული ნდობა კი, სავარაუდოდ, არსებობს იმის გამო, რომ უკრაინაში აქტიურად არიან წარმოდგენილნი ჩეჩნური დანაყოფები და „ვაგნერის“ ნაწილები.
„კრიტიკა კვლავაც კონცენტრირებულია უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე და არა უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, თუმცა ის ნამდვილად წარმოადგენს რუსეთის ისტებლიშმენტთან უთანხოების საჯაროდ გამოხატვის ტენდენციას, რომლის უკან შებრუნებაც რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება,“ – აღნიშნავს უწყება.
7 ოქტომბერს ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გაავცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა.
გამოცემის ცნობით, პუტინის გარემოცვა ომში რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებითაც შეშფოთებულია.
კიდევ ერთი მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა გამოცემა „მედუზამ“, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ გადის კონსულტაციებს მინისტრებთან უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე და მათ არც საკუთარ გეგმებს ანდობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი პუტინის დაკარგული ნდობის შესახებ წერდააშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW), რომლის შეფასებითაც, კრემლს უკვე საკუთარი პროპაგანდისტებიც აკრიტიკებენ, ვლადიმერ პუტინი კი მზარდი კრიტიკის ფონზე, „განტევების ვაცს“ ეძებს და ეს ადამიანი სავარაუდოდ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება.
უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დღეს, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია.
სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება.
რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებლის საწვავის ავზს, თუმცა სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ვიდეოკადრიდან ჩანს, რომ ხიდზე რკინიგზის ხაზის გარდა დაზიანებული გზის ნაწილიც.
ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია.
უკრაინულ მხარეს ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.
ლერმონტოვის ქუჩა 94 ა ამ მისამართზე ბათუმში საბჭოთა დროის კორპუსი დგას.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპუსია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ 1980 წელს, როცა ამ სახლის მშენებლობა დასრულდა ეზოში დიდი ჟრიამული იდგა. ყველა ახალმოსახლე ერთად გადმოვიდა: ერთად მოაყენეს დიდი სატვირთო მანქანები ახალი სახლისთვის საჭირო ახალი ნივთებით, ახალი ავეჯით, ყველას სახლი კრიალებდა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, რადგან ახალმოსახლეები ერთად მუშაობდნენ, ერთ დიდ სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც სახლიდან არც ისე შორს, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე იდგა.
ამ კორპუსს „ჭაობში“ ასეც ეძახდნენ: ფაბრიკის სახლები.
მარტივად ამოსაცნობი ამბავია: სამკერვალო ფაბრიკის მკერავებს, მუშებს, სპეციალისტებსა და ტექნოლოგებს ლერმონტოვის ქუჩის #94-ში 1980 წელს საცხოვრებელი ბინები გადასცეს სიმბოლურ ფასად.
ბათუმის სამკერვალო ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს. ნგრევა ამ ქალაქისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა, სამკერვალო ფაბრიკა კი არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა და არც არქიტექტურით გამოირჩეოდა, თუმცა მისმა ნგრევამ ბევრი დარდი აუშალა „ფაბრიკის სახლებში“ მცხოვრებლებს, რომლებმაც ცხოვრების თითქმის ნახევარი გაატარეს მის კედლებში.
სამკერვალო ფაბრიკის შენობის ნანგრევები ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე
ფაბრიკის სახლის ყველა მცხოვრები ერთმანეთს იცნობდა. შაბათ-კვირას დილის ყავას ერთად სვამდა მთელი სადარბაზო, აი ასე:
„დააკაკუნებდა პირველი სართულის ლამარა ცენტრალური გათბობის რადიატორზე და ამოდიოდა ხმა პირველიდან მეხუთემდე. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მზად იყო ყავა და უნდა ჩავსულიყავით“ – იხსენებს 82 წლის გულნარა სინაურიძე.
იგი ამბობს, რომ სამკერვალო ფაბრიკის შენობის ნგრევა მისთვის ახალგაზრდობასთან გამოთხოვების ტოლფასია.
ლერმონტოვის 94 ა – „ფაბრიკის სახლები”
„მართლა დაანგრიეს? სულ დაანგრიეს?“ – გვეკითხება გულნარა და აგრძელებს:
„ჩემი ქმარი, ანზორი, იქ გავიცანი. 19 წლის ვიყავი მანდ რომ დავიწყე მუშაობა. 33 წელი ვიმუშავე. კონტროლიორი ვიყავი. მე და ჩემი შეყვარებული ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, პრაქტიკას გავდიოდით თავიდან ერთად სამკერვალო ფაბრიკაში. ლექციებსაც იქ ვისმენდით ხანდახან.
გულნარა სინაურიძე
ლეილა, მადონა, ნანული, ინეზა… ბევრი მეგობარი მყავდა ფაბრიკაში. ჩემი შეყვარებული ქსოვილებს ჭრიდა, მე საყელოებს, სახელოს, ქსოვილის სიგრძე-სიგანეს ვამოწმებდი. მთელმა ფაბრიკამ იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. მეგობრები ყველაფერში გვეხმარებოდნენ.
ფაბრიკაში ლექციებს რომ ვისმენდი, მოდიოდა ჩემი მეგობარი ელიჩკა და ჩუმად მეუბნებოდა: ანზორი გელოდება აივანზეო. ლექტორი არ იმჩნევდა და მიშვებდა.
ეზოში გამოვდიოდით, მანდარინების ხეები იდგა ეზოში, აუზი და შადრევანიც ჰქონდა ფაბრიკას.
მართლა დაანგრიეს? ვერ ვიჯერებ. ჩემი ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა ამ ფაბრიკას უკავშირდება.
ახალი წელი სამკერვალო ფაბრიკაში
ეს ვაჟბატონი კინოში მეპატიჟებოდა, თეატრშიც. დავყავდი აჭარულ ხაჭაპურსა და ნაყინზე, ბულვარში ვსეირნობდით ხშირად, დამყავდა ჩემი ,,კუდები“ ფაბრიკიდან. მერე დავქორწინდით. ანზორთან ერთად ძალიან ბევრჯერ მაქვს კინო „თბილისში“ ნანახი „ჯარისკაცის მამა“, ხშირად აჩვენებდნენ“ – იხსენებს 82 წლის გულნარა.
გულნარა სინაურიძე მეუღლესთან ერთად
„ხშირად ვაკითხავდი მშობლებს ფაბრიკაში, ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა ეს შენობა. რომ გავიგე უნდა დაენგრიათ, გული მომეწურა. არ მინდა დანგრეულ შენობასთან გავლა“ – ამბობს ქეთი ჭახნაკია.
„სამკერვალო ფაბრიკას ჰქონდა ბაღიც თანამშრომლების შვილებისთვის. სანამ ბაღში მიმიყვანდა მამა ფაბრიკის სასადილოში უკვეთდა ჩემთვის აჭარულ ხაჭაპურს და კაკაოს. უფრო გემრიელი ხაჭაპური არსად შემხვედრია.
ხანდახან ჩამსვამდნენ დედაჩემის თანამშრომლები ქსოვილებით დატვირთულ ურიკაში და დამაგორებდნენ აქეთ-იქით, ისე მიხაროდა! ყველა იქ იყო: დედას მეგობრები, ჩემი ნათლია, მშობლები – სახლში ვგრძნობდი თავს“ – იხსენებს ქეთი.
ქეთი ჭახნაკია
ელია კარტულიდი 35 წელი მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში ჯერ კონტროლიორად, მერე ბუღალტრად. 20 წლისამ დაიწყო მუშაობა. აქვე გაიცნო კაცი, ვისზეც დაქორწინდა:
„რობი დახურულ საამქროში მუშაობდა, ეს იყო ჩვენთვის პაემნების ადგილი.
ცოტა ხნის წინ მოვიდა ჩემი შვილიშვილი და მითხრა: ბებო, ნახე, შენს სამკერვალო ფაბრიკას ანგრევენ, ფოტოები გადავიღეო. ფოტოს რომ დავხედე მეგონა რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და მშობლიური დავკარგე. ამ კედლებში გავიცანი ადამიანი, ვისთან ერთადაც 51 წელი ვიცხოვრე, ამ შენობაში მივეცით ერთმანეთს პირობა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით.
ელია კარტულიდი სამკერვალო ფაბრიკაში
ამ კედლებში ჩვენმა შრომამ გამოიღო შედეგი და მოგვცეს პირველი სახლი.
სულ მემახსოვრება მისი მწვანე ეზო, მანდარინის ბუჩქები და დიდი აუზი. 9 წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე.
ფაბრიკის სახლებში ბინა რომ გამოგვიყვეს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდით პირველ დღეებში, პულსი გვიჩქარდებოდა ბედნიერებისგან.
ელია კარტულიდი
2000 მხოლოდ მკერავი მუშაობდა ამ ფაბრიკაში. კერძო საკუთრებაში რომ გადავიდა ეს შენობა და ძველი თანამშრომლები წამოვიდნენ, ზოგი სახლში დარჩა, ზოგმაც პატარ-პატარა სამკერვალოები, ატელიეები გახსნა ქალაქში“- გვიყვება ელია.
ელია კარტულიდი მეგობართან ერთად სამკერვალო ფაბრიკის ეზოში
80 წლის ლუიზა დვალიც სამკერვალო ფაბრიკის ყოფილი თანამშრომელია. 48 წელი იმუშავა სამკერვალო ნაწარმის ტექნოლოგად და კონსტრუირების სპეციალისტად. იხსენებს, რომ დიდი პასუხისმგებლობის გამო ძალიან ბევრს მუშაობდა:
„დილით მივდიოდი და საღამოს გვიან ვბრუნდებოდი. ბაღში ყველაზე გვიანობამდე ჩემი შვილები რჩებოდნენ, ვერ ვაკითხავდი დროზე. ვკერავდით სამხედრო ფორმებს, სამხედრო თეთრეულს, 23 წლის ვიყავი მუშაობა რომ დავიწყე.
ხშირად მესიზმრება ადგილი, სადაც ვმუშაობდი. არ ვიცი რატომ. ალბათ რახან იქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი.
ნეტა რატომ დაანგრიეს შენობა? მახსოვს, რომ სპეციალისტების მიერ ძალიან მყარ ნაგებობად იყო შეფასებული. იმდენად მყარი ტექნოლოგიებით ააგეს 30-იან წლებში, თავის დროზე, რომ დამჭერი კოლონები არ სჭირდებოდა სართულებს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რაც იქ ვმუშაობდი, არ მახსოვს შენობაში ან წყალს გაეჟონოს, ან რაიმე პრობლემა შექმნილიყო.
ლუიზა დვალი
გათვლილი იყო შენობა იმაზე, რომ დერეფნებში უმძიმესი ურიკებით ქსოვილების დიდი მასა ეტარებინათ.
ნეტავ რატომ დაანგრიეს. ალბათ ცვლილებებია საჭირო და უნდა ავყვეთ? არ ვიცი“ – ამბობს ლუიზა დვალი.
ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მესამე დღის სტუმარი სერჰი ჟადანი იყო. ცნობილი უკრაინელი მწერალი, პოეტი და მუსიკოსი.
სერჰი ჟადანი ხარკოვში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო.
რა შეუძლიათ პოეტებს და რა შეუძლია ლიტერატურას ომის დროს? – ამ კითხვას სერჰი ჟადანმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობით გასცეს პასუხი.
ოდესის ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება, სერჰი ჟადანი გერმანიიდან ჩაერთო. ის იქ თავის მუსიკალურ ჯგუფ „სობაკი ვ კოსმოსი“-სთან ერთად საქველმოქმედო კონცერტებს მართავს და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თანხას აგროვებს.
სერჰი ჟადანთან გამართული დისკუსიის მოდერატორი ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი იყო. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს დისკუსიიდან.
სერჰი ჟადანი:
„რამდენიმე დღეა გერმანიაში ვარ. სადაც გვაქვს საქველმოქმედო კონცერტი და ვაგროვებთ თანხას ჩვენი მეომრებისთვის. მანამდე მე ვიყავი ხარკოვში, გვქონდა ლიტერატურული ფესტივალი. ეს ძალიან უცნაური გამოცდილებაა. ქალაქში, რომელიც იბომბება, ტარდება ფესტივალი. რეგულარულად ბომბავენ ხარკოვს და მუდმივად არის ნგრევა. მუდმივად არიან დაჭრილები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩავატარეთ ფესტივალი, რომელსაც ჰქვია „მეხუთე ხარკოვი“. ეს ფესტივალი ისეთია, როგორადაც ჩვენ ვხედავთ ჩვენ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას გამარჯვების შემდეგ. ჩამოვიდნენ მთელი ქვეყნიდან მუსიკოსები, მწერლები, დიდი აუდიტორია იყო.
განსხვავებული ემოციაა, როდესაც ფესტივალზე მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად არიან მეომრები და ისინი შემდეგ ბრუნდებიან თავის პოზიციებზე. მხოლოდ 30-40 კილომეტრი გვაშორებს რუსეთთან საზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ უკან დაიხიეს ჩვენი ქალაქიდან რუსებმა, მაინც რჩება საფრთხე.
ჩვენ მოხალისეებად ვმუშაობთ, ვეხმარებით ხალხს, უკრაინელ ჯარს და შიგადაშიგ ორგანიზებას ვუკეთებთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს, იმიტომ, რომ კულტურის ხმა ისმოდეს.
ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური გამოფენა ბავშვების ნახატების. ერთ-ერთ სარდაფში გავაკეთეთ სტუდია, სადაც ბავშვებმა დახატეს. უცნაური ამბავია, რომელიც მხოლოდ ახლა შეიძლება მოხდეს. ძალიან ნათელ ფერებში იყო შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია დაბომბვის დროს.
სინამდვილეში ეს გამოცდილება ძალიან ზღვარზეა. ეს ყველაფერი ხდება ძალიან სისხლიანი ამბების ფონზე. ბევრი დაჭრილია, ბევრი ახლობელი დაიღუპა, სამწუხაროდ. ეს ნამდვილი ომია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის დროს ჩვენს თავს არ ვკარგავთ. ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ფასეულობებზე. მაქსიმალურად ვინარჩუნებთ იმ ფასეულობებს, რომელიც იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ყველანაირად ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი.
ასევე უცნაური გამოცდილებაა, როდესაც ბევრ ადამიანს ცნობ ქალაქში. ბევრი ადამიანი გავიდა ხარკოვიდან, ვიღაც დაბრუნდა, ნაწილი. მაგრამ ცოტა ხალხია მაინც. მიუხედავად ამისა, არის ეს შეგრძნება, რომ შენ ხარ იმ ქალაქში, შენს ქალაქში, სადაც ყოველთვის დაგიჭერენ მხარს. შენ ხარ თითქოს დაცულ ქალაქში. ეს არის ქალაქი ციხესიმაგრე. ეს არის უკრაინის პირველი ფორპოსტი, რომელიც გარშემორტყმული იყო რუსების მიერ. მიუხედავად ამისა არის ეს შეგრძნება, რომ ეს არის ქალაქი, რომელიც მზად არის შეხვდეს და შეებრძოლოს მტერს“.
რა ფუნქციური ძალა აქვს ხელოვნებას, რომელსაც შეუძლია მივიდეს ადამიანიდან ადამიანამდე, გულიდან გულამდე, ჰკითხა დისკუსიის მოდერატორმა რატი ამაღლობელმა სერჰი ჟადანს.
სერჰი ჟადანი:
„ეს ძალიან საინტერესო და რთული შეკითხვაა. უკრაინაში სხვადასხვა აზრია ამის შესახებ. ღირებულებების შესახებ. იმის შესახებაც, რომ კულტურა უნდა შეწყდეს, რაღაც დროით. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება დაპაუზდეს კულტურა. კულტურა ეს არ არის გართობა. ეს არის ფასეულობებთან დაკავშირებული, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული რამ. ის, როგორ პოზიციონირებას ვაკეთებთ საკუთარი თავის, როგორ ვგრძნობთ თავს. რა თქმა უნდა, პოეტები არ იგებენ ომს. მათ არ შეუძლიათ გააჩერონ ომი. მათ არ შეუძლიათ დაბომბვა გააჩერონ. ვერცერთი საუკეთესო სონეტა ისე ვერ დაიცავს, როგორც ჯავშანჟილეტი, მაგრამ ქვეყანა, სადაც არ არიან პოეტები, მას არ შეუძლია გაიმარჯვოს – პოეზია არის გარკვეული თავისუფლების, ძალის გამოვლინება.
გარკვეული სიყვარულის გამოვლინება.
ასე თუ ისე ეს არის ყველაზე დიდი, მაღალი დონის კონცენტრაცია ენისა, რასაც აქვს ძალა, აქვს თავდაჯერებულობა. ეს არის კულტურული კოდები და ძალიან ეფექტურად არის ეს ჩადებული პოეზიაში.
მთელი ომის, ამ რვა თვის განმავლობაში ისევ გრძელდება სიმღერების დაწერა. ისევ კითხულობენ, ისევ უსმენენ პოეზიას და ისევ ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა.
რადგან ჩვენ გვესმის რის გამო ვიბრძვით. ჩვენ არ ვიბრძვით პოლიტიკური ამბიციებისთვის. და არა იმიტომ, რომ ვიღაც გვეზიზღება პუტინი ან სხვა ვინმე. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუ არ დავიცავთ თავს, ჩვენ უბრალოდ გაგვანადგურებენ და ვეღარ ვიარსებებთ, ვეღარც ქვეყანა, ვეღარც ხალხი, ვეღარც ერი.
და პოეზიაში იკითხება ჩვენი ერთობლივი კოდები. ჩვენ ვკითხულობთ პოეზიას, ჩვენ ვგრძნობთ, გვიყვარს თუ არა პოეზია. ეს არის ის რაღაცები, რაც გვაერთიანებს. აერთიანებს სივრცეს, დროს, ყველას გვაერთიანებს.
თითქოს ერთი შეხედვით ფუნქციონალურად კულტურა ვერ შეაჩერებს ომს, მაგრამ კულტურის გარეშე საზოგადოება, ხალხი ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ვაკუუმი ჩნდება, რომელიც ივსება შიშით, სასოწარკვეთილებით და ძალიან არაპროდუქტიული სხვა რამეებით.
ამიტომ კულტურული ცხოვრება გრძელდება და ხარკოვში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ის არის როგორც მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის, ასევე მეომრებისთვის.
მეომრებისთვის აუცილებელია იგრძნონ, რომ მათ ზურგს უკან არიან არა შეშინებული ადამიანები, არამედ ძლიერი ადამიანები. რომელთა იმედიც შეიძლება ჰქონდეს ყველას.
კიდევ ერთი რამ, რომელიც ეხება ენას.
ძალიან კარგად მახსოვს თებერვლის დასარული და მარტის დასაწყისი, როდესაც ქაოსი იყო და ძალიან შეიცვალა გარემოებები. აი, ის ლოკალური ომი, რომელიც დონბასში იყო გახდა ტოტალური.
გახდა ყოველი უკრაინელის ცხოვრების ნაწილი და რეფლექსიად იქცა. თითქოს რაღაცამ შეწყვიტა სუნთქვა. თითქოს რაღაცამ შეგიწყვიტა. თითქოს ვეღარ საუბრობ ხმამაღლა.
ეს ძალიან ნათელი იყო.
იმიტომ, რომ ომი არის მაქსიმალური გამოვლინება ბოროტების და ეს ძალიან აწვება ფსიქიკას. ყველაფერს, შენს სულს. ძალიან რთულია, რომ ის სიტყვები იპოვო, ის ემოციები გამოხატო, რაც შენ გაქვს. ემოციები კი უამრავია. გადავსებულია თითქოს სივრცე, ჰაერი ამ ემოციებით.
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მე არ შემეძლო წერა. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი – ვერც ვკითხულობდი, ვერც ვწერდი. ტექსტების ლოგიკას ვერ ვაგებდი.
რეალობა აღმოჩნდა ჩემს რეფლექსიებზე უარესი და უფრო საშიში. აზრზე რომ მოსულიყავი, როგორმე შენი სუნთქვა რომ აგეწყო რეალობისთვის, ამას დრო დასჭირდა. მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს ხდება. რა თქმა უნდა, ცოტა დაწყნარებისკენ მიდის, მაგრამ ძალიან რთულია სიტუაცია, იმიტომ, რომ ისევ იხოცება ხალხი. ჩვენ არ ვკარგავთ კონცენტრაციას. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო თავდაჯერებულობა. და ისეთი სიმშვიდე, სიწყნარე, რომელიც ამავდროულად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდეთ.
ახლა ჩვენ ვიწყებთ სიტყვების მოძებნას, რომ გამოვხატოთ ჩვენი ემოციები. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.
მე გამოსვლა დავიწყე იმით, რომ ჩვენ არ ვართ ხარკოვში. ვართ გერმანიაში.
პირველი თვეების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ მოხალისეობრივი კონცერტებით დავდიოდით საავადმყოფოებში, ჰოსპიტლებში ხალხისთვის ვუკრავდით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კონცერტები ჩატარდეს. რომ წონასწორობა ვიგრძნოთ, ჩვენც და სხვებმაც. ამიტომ მუდმივად გვაქვს გამოსვლები უკრაინაშიც და საზღვარგარეთაც.
ვიცი, რომ ბევრი უკრაინელია ახლა საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ იგრძნონ თავი მიტოვებულებად. მნიშვნელოვანია ყველამ იგრძნოს, რომ ჩვენ ყველანი ვრჩებით უკრაინელებად და ყველა შეძლებს დაბრუნებას თავის მშობლიურ ქალაქებში.
შეიძლება აღარ არის ვიღაცის სახლები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, ავაშენებთ ისევ. ეს ემოციური მიჯაჭვულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
კულტურა ალბათ არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რომ შენებს დაუძახო. ეს არის ის უნივერსალური სფერო, რომელიც ყველაზე კარგად გვაერთიანებს“.
ხულოს სოფელ ღორჯომში მცხოვრები მზევინარ ირემაძე კვირას, 9 ოქტომბერს, სამკერვალოს გახსნის დაბა ხულოში, რომელსაც „მზევინარის ატელიე“ ერქმევა. სწორედ ასე ჰქვია მზევინარის პირველ სამკერვალოსაც, რომელიც სამი წლის წინ სოფელში გახნა.
ხულოს სამკერვალოში მზევინარმა აჭარული ორნამენტებით ნაქსოვი და ნაქარგი ნივთების მცირე გამოსაფენი კუთხეც მოაწყო, რომლის ნახვაც, მისი თქმით, ყველა მსურველს შეეძლება. მზევინარი ამ ფორმით შეეცდება მეტ ადამიანს გააცნოს აჭარული ხელნაკეთი ნივთები. მისი თქმით, დაბა ხულოში ასული ბევრი ტურისტი არ მიდის სოფლებში, შესაბამისად ვერსად ხედავენ ნაქსოვ და ნაქარგ ნივთებს, რის შექმნასაც ადგილობრივი ქალები დიდ დროსა და ენერგიას ანდომებენ.
მზევინარი აჭარული რეწვის ოსტატია. ძალიან პატარა იყო, როცა ქარგვა და კერვა ბებიისგან ისწავლა. გვიყვება, რომ სამკერვალოს გახსნა მუნიციპალიტეტის ცენტრში მომხმარებლის რჩევით გადაწყვიტა და აქამდე საკერავი მანქანების, ქსოვილისა და სამკერვალოსთვის საჭირო სხვა ინვენტარის შესაძენად ფულს აგროვებდა.
„ბევრი ადამიანი იყო, ვინც ჩემთან, ღორჯომში, ამა თუ იმ ტანისამოსის შესაკერად ხულოდან ამოდიოდა. საბოლოოდ, ამიტომ გადავწყვიტე ატელიეს გახსნა ხულოში, რათა მომხმარებელს ადგილზე მოვემსახუროთ“.
მზევინარის თქმით, ხულოს ატელიეში ის დიდი დროის გატარებას ვერ შეძლებს, რადგან 10 წელია ეტლით მოსარგებლეა, რის გამოც ხულოში ყოველდღე ჩასვლას ვერ შეძლებს – გადაადგილებაში ერთი ადამიანის დახმარება მაინც სჭირდება. ზამთარში კი, დიდი თოვლი ხულოს ეტლით მოსარგებლეებს დამატებით სირთულეებს უჩენს.
ამ ეტაპზე მზევინარი ხულოს სამკერვალოში 3 ადამიანს დაასაქმებს. ამდენივე მუშაობს მზევინარის სოფლის სამკერვალოშიც.
„პირველ რიგში, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ხალხი ხულოში ჩემი სამკერვალოთი კმაყოფილი იქნება. მოთხოვნის შესაბამისად გავზრდით თანამშრომლების რაოდენობას. რაც მეტი ადამიანის დასაქმებას შევძლებ, მით უფრო გახარებული ვიქნები“, – გვითხრა მზევინარმა.
მზევინარი გვიყვება, რომ სოფელში ატელიეს გახსნაზე დიდხანს ოცნებობდა და არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლო: კიდევ ბევრი ოცნება მაქვს და მჯერა, ავიხდენ. ხელსაქმე ყველა სირთულის გადალახვასა და ოცნებების ასრულებაში მეხმარებაო.
როგორც მზევინარი ამბობს, ხულოს სამკერვალოში ძირითადად თანამედროვე ტანსაცმლის შეკერვაზე აიღებენ შეკვეთებს.
მზევინარის სამომავლო გეგმაა საკუთარი მაღაზია გახსნას ბათუმში, სადაც აჭარული ნაქსოვ-ნაქარგ ნივთებს გაყიდის.
„დიდი აჯაფსანდალია რუსეთის გენერალურ შტაბში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სამხედრო მობილიზაციის პროცესს აკვირდება რუსეთში. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს დაზამთრების იმედი აქვთ: „ორ თვესაც მაგიტომ იძახიან, მობილიზებულები რომ შეიყვანონ ფრონტის ხაზზე“, ამასობაში კი, უკრაინელებს კონტრშეტევის კარგი ტემპის პარალელურად, ახალი აღჭურვილობაც მიუღიათ დასავლეთიდან.
„ეს ახალი ჭურვი ფეთქდება გარკვეულ სიმაღლეზე – თუ სანგარი გადახურული არ არის, ქვეითი ვერ იქნება დაცული ნამსხვრევებისგან,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და ხსნის, როგორ იხევენ რუსები სწრაფად ხერსონის მიმართულებაზე: „მუდმივად არიდებენ თავს ალყაში ბრძოლას და ცდილობენ დატოვონ საფრთხის შემცველი ტერიტორია“ – შენიშნავს იგი და აღწერს, როგორ გამაგრდნენ რუსები ამჯერად წინასწარ გამზადებულ თავდაცვით რაიონებში.
რა იქნება ახლა? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, გვითხარით, რა არის ბარიერი, რის გამოც უკრაინელებს უწევთ წარმატებული კონტრშეტევის შეჩერება? – ოქტომბრის დასაწყისიდან ხერსონის ოლქში დაახლოებით 400 კმ 2 ტერიტორია გაათავისუფლეს უკრაინელებმა.
ეს არაა შეჩერება, შენელებაა მხოლოდ. გრძელდება შეტევები სხვადასხვა ინტენსივობით. შენელების უმთავრესი მიზეზია გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლი, ამ დროს საჭიროა მეორე ეშელონების და რეზერვების შემოყვანა, საკომენდანტო საათის შემოღება და ასე შემდეგ. გარკვეული წარმატების შემდეგ საჭიროა ამ წარმატების გამყარება.
მეორე ფაქტორია ის, რომ ფრონტის სიგანე მცირდება და რუსებს შედარებით უადვილდებათ წინააღმდეგობის გაწევა, ანუ ისინი ზრდიან კონცენტრაციას. მოგეხსენებათ, ადრე თუ 1000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული 100-ათასიანი დაჯგუფება, ახლა ეს სიგრძე მცირდება, რაც საშუალებას აძლევს რუსებს შეამჭიდროვონ დაცვითი წყობა.
არის ბუნებრივი ფაქტორიც: თავსხმა წვიმები ნაადრევად დაიწყო და ამან საკმაოდ გაართულა შეტევაში მყოფი დანაყოფების სიჩქარე… გააჩნია, როგორი იქნება შემდგომი დინამიკა, შესაძლებელია, შეტევები განაგრძო, რომ ტემპი არ დაკარგო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე იღებ ტაქტიკურ, ან ოპერატიულ პაუზას, რათა შეძლო გადაჯგუფება, დამატებით ძალების შემოყვანა, გეგმების შეცვლა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
„უკრაინელთა კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია და ახლა ის ლუგანსკის ოლქში გრძელდება“ – ასე აფასებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვითარებას უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე. თქვენ რა შემთხვევაში ელოდებით ამ კონტრშეტევის კულმინაციას?
თუ სამხედრო ხელოვნებას სწორად მივყვებით და სწორად იქნება გადანაწილებული საბრძოლო საშუალებები, ეს კულმინაცია წესით არ უნდა დადგეს და მას თავი უნდა აარიდოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რაც, მაგალითად, ვერ შეძლეს რუსებმა. თქვენთან ინტერვიუებში გამოვთქვამდი მოსაზრებას, რომ რუსები ლისიჩანსკის აღების შემდეგ აიღებდნენ ოპერატიულ პაუზას, ეს იყო ლოგიკური იმისთვის, თავი დაეღწიათ კულმინაციის წერტილისთვის. ეს არის წერტილი, როდესაც თავდაცვაში მყოფი დანაყოფი ვეღარ აგრძელებს თავდაცვის განხორციელებას და შეტევაში მყოფი დანაყოფი ვერ აგრძელებს შეტევას. ოპერატიული და ტაქტიკური პაუზა არსებობს იმისთვის, არ მიხვიდე კულმინაციამდე, არ გამოიფიტო და ბოლო ამოსუნთქვამდე მისვლა.
არ აიღეს რუსებმა ეს ოპერატიული პაუზა და ამიტომაც მივიდნენ ამ მდგომარეობამდე: ვეღარ განაგრძობენ სრულფასოვან შეტევას მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ მინიმალურად გადაადგილდებიან ბახმუტის მიმართულებით.
უკრაინელების კონტრშეტევას როგორ დაახასიათებდით, რა სახის წარმატება მოიპოვეს ამ ეტაპზე?
ჯერჯერობით ეს არის ტაქტიკური წარმატება ხერსონის მიმართულებით, ხარკოვის მიმართულებით კი, უკრაინამ მოიპოვა ოპერატიული დონის წარმატება, ვინაიდან ხარკოვის ოლქი გათავისუფლდა და ინიციატივა გადავიდა მთლიანად უკრაინელების მხარეს, უკვე ლუგანსკის მიმართულებაზე არიან მისულები.
ტაქტიკური წარმატება რას გულისხმობს?
ტაქტიკური წარმატება ოპერატიული წარმატებისგან განსხვავდება მასშტაბით, დროით და მიღებული შედეგით. ოპერატიული წარმატება ფართომასშტაბიანია და ამ დროს რადიკალურად იცვლება ვითარება, დაპირისპირების ხასიათი.
რუსი პროპაგანდისტები პირდაპირ ეთერში საუბრობენ გარკვეულ მარცხზე და ასევე აცხადებენ, რომ 2 თვე სჭირდებათ ვითარების შესაცვლელად, ანუ ახალი გამარჯვებისთვის. ამ ორ თვეში რას გადაათამაშებენ რუსები არმიაში, რაც უკრაინისთვის სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს, მათივე გადასახედიდან?
რუსები 2 თვეს იძახიან იმიტომ, რომ გათვლა აქვთ ზამთარზე, უნდათ, რომ ტემპი შენელდეს და მობილიზებული ძალები შეიყვანონ. საუბარია 200 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, რომელსაც, მიუხედავად დაბალი ხარისხისა, შეუძლია, გააძლიეროს თავდაცვა. ეს ძალები შეტევისთვის ნაკლებად ვარგისია, მაგრამ ამით რუსებს შეუძლიათ გაზარდონ თავდაცვის სიმჭიდროვე და სიღრმე.
პუტინს ახლა მხოლოდ 3 გზა დარჩა: ეს არის რეზერვისტების სრულად შეყვანა უკრაინაში, ბელარუსის ჩართვა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, რასაც იმედია, ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთში და ვერ გამოიყენებს. თუკი ომის დასაწყისში მიმაჩნდა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის 100-დან 3 პროცენტზე ნაკლები, ახლა ეს არის დაახლოებით 20 – 25 პროცენტი.
თქვენი დაკვირვებით, გაგრძელდება რუსების უკან დახევა? „აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ „რუსეთის არმია იძულებული გახდა ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვრიდან ბერისლავის რაიონისკენ დაეხია უკან“, ასევე: „უკრაინელთა კონტრშეტევა ხელს უშლის რუსებს, მოწინავე პოზიციებზე გადაისროლონ დამატებითი საბრძოლო მასალები, რეზერვები და მობილიზებული სამხედროები“.
რუსები იხევენ უკან, ამცირებენ თავდაცვის გადაჭიმულობას და უჭირთ თავდაცვის ორგანიზება. რეალურად, ამ შემადგენლობით რუსებს შეუძლია მხოლოდ 300 – 400 კილომეტრამდე სრულად თავდაცვითი ზოლის ორგანიზება.
ახლა მიდის ბრძოლები დუჩასთან, სადაც უკრაინელები ცდილობენ მორიგი რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევას. რუსები მუდმივად არიდებენ თავს ალყაში ბრძოლას და ცდილობენ მაქსიმალურად დატოვონ საფრთხის შემცველი ტერიტორია. შიში აქვთ, რომ ალყაში მოხვედრილ დანაყოფებს ვერ მიეხმარებიან, ალყაში მოქცეულებიც ვერ გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით და ტოვებენ ტერიტორიას. იმის გამო, რომ შეამცირეს თავდაცვის გადაჭიმულობა და დაიხიეს უკან, უკვე გამაგრდნენ წინასწარ გამზადებულ თავდაცვით რაიონებში. ვნახოთ შემდეგი დინამიკა, როგორი იქნება.
რაზე მოუწევს რუსებს პრიორიტეტის მინიჭება, როცა ორი მიმართულებაა: დონბასი და ხერსონი-ზაპოროჟიე?
დიახ, რუსეთი დილემის წინაშეა: მას შეუძლია დაიცვას დონეცკი-ლუგანსკი, ან ხერსონი-ზაპოროჟიე, ორივეს თანაბრად დაცვა პრობლემაა და ორივე მიმართულებით შეტევების განხორციელება ასევე უჭირს უკრაინასაც.
ასევე უკრაინისთვის და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულება, ვიდრე ზოგადად დონბასი.
აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო მიუახლოვდებიან უკრაინელები დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებს, უფრო და უფრო დიდი წინააღმდეგობა დახვდებათ: ადგილობრივ მოსახლეობას უკან დასახევი გზა აღარ ექნება და ასევე: უკრაინელებს მოუწევთ ბრძოლა იქ წინასწარ მომზადებულ თავდაცვით პოზიციებთან, რასაც ომის დაწყებამდე, რვა წლის განმავლობაში აშენებდნენ ლუგანსკელები.
რუსებისთვის კი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მოიგონ დრო და მოასწრონ მობილიზებულების შეყვანა ფრონტის ხაზზე.
ზამთრის პირობებში რა პირობებში შეიძლება გაგრძელდეს ომი?
ამ ეტაპზე სტრატეგიული უპირატესობა არის უკრაინელების ხელში და დღეს უკრაინელები ირჩევენ დარტყმის მიმართულებას, დარტყმის მეთოდს და დროს. ეს სურათი არა მგონია, შეიცვალოს, თუმცა ტემპი შენელდება. გასათვალისწინებელია ცუდი ამინდი, როდესაც სუ 25-ები ვერ დაფრინავენ, გადაადგილება რთულია. სავარაუდოა, რომ უკრაინას შეექმნება გადაადგილების სირთულეები შეტევის დროს, რუსულ დანაყოფებს კი, მომარაგების სირთულეები შეექმნებათ, გააჩნია გზების მდგომარეობას. შესაბამისად, ეს დაპირისპირება ზამთარში მიიღებს უფრო სტატიკურ ხასიათს.
რუსეთს ასევე აქვს გათვლა, რომ ზამთარს და ენერგორესურსების თემას გამოიყენებს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად.
ამ ტემპით, რაც აქვთ უკრაინელ მებრძოლებს, რა პერსპექტივას ხედავთ?
ლიმანის გათავისუფლებას დასჭირდა დაახლოებით 3 კვირა. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ქალაქი იქნება ამ გზაზე? გახსოვთ ალბათ ზოგიერთი ქართველი მებრძოლის გზავნილი, ოქტომბრამდე ხერსონს დავიბრუნებთო, მესმის მათი საბრძოლო სულისკვეთების, მაგრამ ასე ადვილად არ გამოდის. უკრაინელებმა შეძლეს 20 კილომეტრით წინ წაწევა, თითოეული სანტიმეტრით წინ წაწევა უკრაინისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ გასათავისუფლებელი ძალიან ბევრია.
ინიციატივა უკრაინელების ხელშია, მაგრამ უკრაინა ჯერ კიდევ არ არის იმ კონდიციაში, რომ ფართომასშტაბიანი, ოპერატიული კონტრდარტყმა განახორციელოს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებზე ერთდროულად. დარტყმები იქნება, ჯერ-ჯერობით ეს პროცესი გრძელდება კიდეც და უკრაინა წარმატების შესაბამისად შეცვლის დარტყმის მიმართულებასაც. თუ დაინახავს, რომ აქვს ხელშესახები წარმატება ხერსონის მიმართულებით, მთავარი მიმართულება გახდება ხერსონი-ზაპოროჟიე.
პუტინზე საუბრის დროს ერთ-ერთ გამოსავლად ახსენეთ ბელარუსია. გამოვა ბელარუსის ამ ომში იმ ფორმით ჩართვა, როგორც ეს რუსეთს წარმოუდგენია?
ეს იქნება საშუალება, რომ მინიმუმ მიაჯაჭვოს უკრაინული ძალები რუსეთმა ბელარუსის საზღვარს…. შესაძლოა, ბელარუსის ძალები არ იყოს გადამწყვეტი, არც მოტივაციით, არც ბრძოლისუნარიანობით, თანაც, უკრაინელები აძლიერებენ თავდაცვის რაიონებს ბელარუსის მიმართულებაზე და ეს იოლი არ იქნება. არაა გამორიცხული, სამხედრო ძალების ამ მიმართულებაზე დაკავების გარდა, იყოს ტაქტიკური დარტყმები ჩრდილოეთის მიმართულებიდან, უკრაინას რომ გადაუჭრან რუსებმა დასავლეთიდან მომარაგება.
იმედი მაქვს, რომ ლენდ-ლიზის მიღება სხვა შესაძლებლობას მისცემს უკრაინას. როგორც იცით, დამატებით ახალი ჰაიმარსები გადასცეს: ჰაიმარსებით უკრაინელებმა რუსებს 400-ზე მეტი რუსული სამიზნე გაუნადგურეს, მართვის პუნქტები, საწყობები, თუმცა ეს ჯარების თავმოყრის რაიონების და საცეცხლე ბატარეების წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია, დიდ ფართობზე არ იშლება და უფრო წერტილოვანი დარტყმებისთვისაა გამოსადეგი.
იგეგმება M30A1 -ის, ანუ ალტერნატიული ქობიანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, მიაწოდეს კიდეც. აქამდე ამერიკელებს ჰაიმარსებისთვის ჰქონდათ კასეტური რაკეტები – M 26, ერთ რაკეტაში იყო დიდი რაოდენობით მცირე ზომის ბომბი და ზალპი 2.5 კვადრატულ კილომეტრს ფარავდა ფაქტობრივად. მათ ერაყში გამოსცადეს ეს იარაღი და გამოჩნდა, რომ ყველა ჭურვი არ ფეთქდებოდა. ეს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, ასევე საკუთარ ჯარებს შეტევის დროს, ხოლო M30A1 -ებს კი, აქვთ სპეციალური გარსი, რომელიც 180 ათას ნამსხვრევავდ იშლება და ფარავს თითქმის იგივე ტერიტორიას, რასაც ერთი კასეტური ჭურვი. ეს 4 ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიაა.
იგეგმება M30A1 -ის, ანუ ალტერნატიული ქობიანი რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, მიაწოდეს კიდეც. აქამდე ჰაიმარსებისთვის ჰქონდათ კასეტური რაკეტები – M 26, ერთ რაკეტაში იყო 7700 ცალი ჭურვი და 2.5 კილომეტრს ფარავდა ფაქტობრივად, მაგრამ ერაყში გამოცადეს ეს იარაღი და გამოჩნდა, რომ ყველა ჭურვი არ ფეთქდებოდა. ეს საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას, ასევე ჯარებს შეტევის დროს, ხოლო M30A1 -ებს კი, აქვთ სპეციალური გარსი, რომელიც 180 ათას ნამსხვრევად იშლება და ფარავს იგივე ტერიტორიას, რასაც ერთი კასეტური ჭურვი. ეს 4 ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიაა.
გარდა ამისა, ეს ჭურვი ფეთქდება გარკვეულ სიმაღლეზე – თუ სანგარი გადახურული არ არის, ქვეითი ვერ იქნება დაცული ნამსხვრევებისგან. შესაბამისად, ეს დამატებით ახალი ძალაა უკრაინული შეიარაღებული ძალებისთვის.
ამ სიახლის გარდა, უკრაინის სატანკო პარკის ნახევარი უკვე ბრძოლაში მოპოვებული რუსული ტანკებია. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელებმა, სავარაუდოდ 440 რუსული საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანმანქანა მოიპოვეს.
ბუნებრივია, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დანაკარგები. რუსებს თანამედროვე ტანკების რაოდენობა ნამდვილად შეუმცირდათ. გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსებმა დაიწყეს T 90-ების წარმოება, მაგრამ ამ წარმოებას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა, რაც არ აქვთ: ნავიგაციის სისტემა, დამიზნების საშუალებები. ეს თუ არ ექნება თანამედროვე ტანკს, მაშინ ეს იგივე T 34 გამოდის.
ამ თემას გავაგრძელებ: დაახლოებით 500-მა მობილიზებულმა თქვა, რომ მათ მისცეს იარაღი, მაგრამ მიატოვეს ისე, რომ საკვების ყიდვაც კი პირადი დანაზოგებით უწევთ. რით აიხსნება ასეთი ქაოსი მობილიზაციის პროცესში? ასევე, უკრაინული მხრის თქმით, თბილი ტანსაცმელი და ჯავშანჟილეტები სურდა რუსეთს თურქეთისგან ეყიდა, მაგრამ მას უარი უთხრეს. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს შემოსოს მობილიზებულები?
რუსეთს მობილიზებულებისთვის საწყობი და მომარაგების ბაზები აქვს ურალს იქეთ, ციმბირისკენ, იქიდან მომარაგების ჩამოტანას დრო დასჭირდება. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანი იქნება ეს მომარაგება, თანამედროვე შეიარაღება და ზამთრის აღჭურვილობა ერთ კაცზე ჯდება 10 ათასი დოლარი, ვგულისხმობ ჯავშანჟილეტის, ჩაფხუტის, ავტომატის ჩათვლით. რუსულ მედიაში იყო ინფორმაციაც, რომ მილიონ-ნახევარი სამხედრო კომპლექტი დაიკარგა.
რუსეთმა დაახლოებით 2 კვირაში მოაგროვა ეს 200 ათასი კაცი, ძალიან სწრაფად მოუყარეს ხალხს თავი და ამიტომაც გამოჩნდა ეს ხარვეზები. ეჭვი მაქვს, რომ ამას მაინც დაალაგებენ, რადგან ასე თუ ისე რუსეთში მობილიზაცია მუშაობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დანიშნა – გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდ ჟურავლიოვი შეცვალა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის და რა იცით ამ გენერლის შესახებ?
იმდენჯერ შეცვალეს უკვე ეს მეთაურები და იმდენად არაფრისმთქმელი გვარებია, აღარც ვითვლი, გაუთავებელი ცვლა მიდის გენერლების. ზოგადად დიდი აჯაფსანდალია რუსეთის გენერალურ შტაბში. იქ უკვე მხოლოდ პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს და თვითონ აყენებს აქეთ-იქით ხალხს. აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული ამბები ხდება.
თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ, უშველის პუტინს „ზამთრის ეფექტი“?
მე მგონია, რომ შეაფერხებს უკრაინელების კონტრშეტევას და ერთგვარად ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა.
ჩემი აზრით, მომავალი გაზაფხულისთვის გამოჩნდება გარდატეხა, რის ნიშნებიც ახლა უკვე ჩანს და ვამბობდი კიდეც, რომ სექტემბრისთვის გამოჩნდებოდა ეს. ვადებში დაემთხვა ის, რასაც აქამდე ვამბობდი. ღმერთმა ქნას, ამჯერად მე შევცდე და ერთ თვეში დასრულდეს ყველაფერი უკრაინის სასიკეთოდ.
„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე.
მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო და ბოლოს მასზე და შვილებზეც ძალადობდა.
„ძალიან გაფუჭდა ეს კაცი, ძალიან გადაიჭრა… არაერთი საჩივარი დავწერე, მაგრამ პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა,“ – ასე იხსენებს თავის ტრაგედიას გულნარა.
გულნარა ლორთქიფანიძე, მარტოხელა პენსიონერი
ამბობს, რომ ნანობს, რაც ჩაიდინა, რადგან ამის გამო შვილები დაკარგა. მან 6 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში.
„მე მათ ვიცავდი, მაგრამ ახლა ვნანობ, რადგან როცა ციხიდან გამოვედი, შვილებმა ჩემთან დაბრუნებაზე უარი თქვეს. ძალიან მეტკინა გული.
ის ხალხი უნდა დაეჭირათ, ვინც ზომები არ მიიღო, რადგან ვეუბნებოდი პოლიციას, როგორ ცუდად იქცეოდა ჩემი ქმარი. სასამართლოზეც თქვეს, სად იყავით ამდენი ხანი, სექტემბერში იყო საჩივრები, მკვლელობა კი ოქტომბერში მოხდაო.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბიძაჩემმა სახლი მათხოვა და 6-7 წელი იქ ვიცხოვრე. შემდეგ, როცა სახლი გაყიდა, უსახლკაროდ დავრჩი. 21 წელი ხან გირაოთი ვიცხოვრე, ხან ქირით, ხან სად ვიყავი და ხან სად.
ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, დავურეკე პოლიციას და წამიყვანეს თავშესაფარში“, – ამბობს გულნარა ლორთქიფანიძე.
იგი თავდაპირველად მუნიციპალურ ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მხოლოდ ღამის გათევა იყო შესაძლებელი, დღისით კი ბენეფიციარები თავშესაფარს ტოვებენ. რემონტის დაწყების შემდეგ კი ბენეფიციარები „კარიტასის“ ღამის თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა ახლა ამ თავშესაფრის დატოვებაც უწევს.
„არც კი ვიცი, სად მივყავართ, იმედია, ივარგებს საცხოვრებლად“, – გვეუბნება გულნარა და ტომრებში პირად ნივთებს ალაგებს.
გულნარა ლორთქიფანიძეს მესამედ უწევს თავშესაფრის გამოცვლა
მისთვის მარტოხელა ცხოვრებას ისიც ამძიმებს, რომ ეპილეფსიითაა ავად.
„როცა შეტევა მემართება, თუ არავინ მყავს გვერდით, შეიძლება თავი დავიზიანო. ადრე ცეცხლში ჩავვარდი და ნახევარი სხეული დამწვარი მაქვს, მიკვირს, როგორ გადავრჩი. მანქანაც დამჯახებია, გზიდანაც გადავვარდნილვარ და ბევრი ყეზა (ხიფათი) მაქვს გადატანილი.
ამიტომ, როცა გარეთ ვარ, მაშინაც მჭირდება მეთვალყურე.
ღამის თავშესაფარი იმიტომ არის პრობლემა ჩემთვის, რომ აქ დღისით ვერ გაჩერდები. ცხრა საათზე უნდა ისაუზმო და შემდეგ გახვიდე. ნახეთ, დღეს როგორ წვიმს, ძაღლსაც კი არ გააგდებენ გარეთ და ჩვენ უნდა გავიდეთ.
მე რომ გარეთ გული წამივიდეს, რა ვქნა, ვინ მომხედავს? ამიტომ, მირჩევნია, სადმე ჩემი ერთი ოთახი მქონდეს, ვინმე რომ მოვიყვანო და მომხედოს. აქ, [ღამის] თავშესაფარში, ამის უფლება არ მაქვს.
ისეთი თავშესაფარი მინდა, სადაც დღისითაც შევძლებ ყოფნას და გარეთ გასვლა აღარ მომიწევს, სადაც ექთანი ან მომვლელი იქნება“, – ამბობს გულნარა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა მის მზრუნველობაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს.
„ბავშვობაში თანაკლასელმა ფეხი დამიდო და წავიქეცი. თავი მაშინ დავარტყი. ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ ვერ გავიკეთე.
ახლაც მეუბნებიან ოპერაციას, ისე არაფერი გეშველებაო, მაგრამ როგორ გავბედო ოპერაცია? პატრონი არავინ მყავს, დედ-მამის ჯიშ-ჯილაგი თავისთვისაა, შვილებიც თავისთვის არიან. ვინ მომხედავს? სად წავიდე, რა გზას დავადგე, სულ წვალებაში ვარ“, – ამბობს გულნარა.
„21 წელია უსახლკაროდ ვარ, მარტოობაში“ – ამბობს გულნარა ლორთქიფანიძე.
მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.
„ზოგს ბალახის ჭრაში ვეხმარები, ზოგს – რაღაც სამუშაოებში და ტანსაცმელს მჩუქნიან ხოლმე. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ თავი ასე გამაქვს“, – გვეუბნება ის.
გულნარა ბოლო იმედს ებღაუჭება. ეს იმედი მისი ნაბოლარა შვილია, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ მოუკითხავს დედა.
„სახლი, რომელიც დავუტოვე, დაკეტილია, დიდი ბოქლომი ადევს. არ ვიცი, გაყიდა თუ თვითონ გადავიდა სადმე. უფროსი შვილები არ მეუბნებიან, სად არის. სახელმწიფოს მინდა ვთხოვო, რომ დამეხმაროს მოძებნაში.
ძალიან მინდა, ვნახო და ვკითხო, უნდა დედა თუ არა. თუ არ ენდომება დედა, მეცოდინება მაინც.
…ეჰ, ცხოვრებავ“, – ამბობს დანანებით გულნარა და ფუთების შეგროვებას განაგრძობს.
რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა – ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ასეთი ინფორმაცია აქვთ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურებს და ის გამოცემას კონფიდენციალურმა წყარომ დაუდასტურა.
WP წერს, რომ წყარო პუტინის გარემოცვის წევრის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა დაზვერვამ ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ ის პრეზიდენტ ბაიდენისთვის მიწოდებულ ანგარიშში შეიტანეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც გადასცეს.
„ეს კრიტიკა ადასტურებს არეულობას რუსეთის ხელისუფლებაში ომის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის კატასტროფულად წარუმატებლად მიმდინარეობს და რომელმაც აიძულა პუტინი, ბრძოლის ველზე დანაკარგების შესავსებად, გასულ თვეში სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადაედგა და ასობით ათასი სამხედროს მობილიზაციაზე ბრძანება გაეცა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკმაყოფილება, რომელიც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრმა გამოხტა უკავშირდებოდა იმას, რასაც ის სამხედრო მოქმედებების არაეფექტიან მართვად და სამხედრო კამპანიაში დაშვებულ შეცდომებად მიიჩნევდა,“ – წერს The Washington Post-ი და დასძენს, რომ დაზვერვის ინფორმაციით, პუტინის გარემოცვა ომში რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებითაც შეშფოთებულია.
დღეს რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ გამოაქვეყნა მასალა კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ გადის კონსულტაციებს მინისტრებთან უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე და მათ არც საკუთარ გეგმებს ანდობს. პუტინის გარემოცვაში კი მისდამი დამოკიდებულება უარესდება.
ვლადიმერ პუტინი დღეს 7 ოქტომბერს 70 წლის გახდა, საკუთარი ცხოვრების მესამედი მან ხელისუფლებაში გაატარა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს, თუ კი რუსეთის ფედერაცია მიმდინარე ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ზელენსკიმ ეს ავსტრალიურ Lowy Institute-სთან ინტერვიუშიგანაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ლიდერს ძალიან უყვარს საკუთარი ცხოვრება. და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ის ვეღარ შეძლებს სიცოცხლის გადარჩენას. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო არასოდეს აპატიებს ბირთვული იარაღის გამოყენებას არც პუტინს და არც რუსეთს.
6 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბირთვული „არმაგედონის“ რისკები 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ბაიდენის თქმით, პუტინი „არ ხუმრობდა“, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ცდილობენ გამოიცნონ“, როგორი იქნება ომის დასრულების პუტინისეული გზა.