მთავარი,სიახლეები

„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა

05.10.2022 •
„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა

შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21-ე სართულზეც დააშენა, პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოეწყოს. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ იმ ფართობზე, რა პარამეტრებიც ბოლო სართულს პროექტის მიხედვით დაშენებამდე ჰქონდა, დასაფრენი ბილიკის მოწყობა არ მოხერხდება.

გასული წლის ნოემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტში ცვლილება დაამტკიცა და ახალი ნებართვა გასცა. პროექტში ცვლილება სანებართვო პირობების დარღვევით, უკანონოდ აშენებული ორი სართულის შეთანხმებას და შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკის მოწყობას გულისხმობდა. გარდა ამისა, შეიცვალა ორი სართულის  პარამეტრები.

 

სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, პროექტის ტექნიკური სართულის სიმაღლე გაიზარდა 2,70 მ.- დან 3,00 მ.-დე. რესტორნის სართულის სიმაღლე შემცირდა და 5,30 მ.-ის ნაცვლად გახდა 3,40 მ. დაემატა რესტორნის ერთი სართული; დაემატა ბოლო ერთი სართული, სადაც განთავსდა 8 ერთეული VIP ნომერი; სახურავზე მოეწყო ვერტოდრომი; მოეწყო აივნები.

მიმდინარე მშენებლობა ამ პარამეტრებს არ ემთხვევა. კომპანიამ დააშენა იმ სართულსაც, რომელიც გასული წლის ნოემბერში შეთანხმებული პროექტის მიხედვით ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა ყოფილიყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვკითხეთ, შევიდა თუ არა პროექტში კიდევ ერთი ცვლილება გასული წლის ნოემბრის შემდეგ, თუ კომპანია ისევ შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევით, ანუ უკანონოდ აშენებს? – „მოგვწერეთ და გიპასუხებთ“ გვითხრეს სააგენტოში.

მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა, რადგან სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის ტერიტორიაზეა. სააგენტოს მივწერეთ და პასუხს მისი მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

კომპანიის წარმომადგენლის, გოჩა კამკიას ინფორმაციით კი, კომპანიამ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი საგანგებო სიტუაციების სამმართველოს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოიყვანა „ექსპლუატაციის მიზნებისთვის“. არის თუ არა ეს მართლა ასე, ვერც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში გადავამოწმეთ. აქაც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მივწეროთ.

გოჩა კამკიას თქმით, ცვლილება სააგენტოსთან შეთანხმებულია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, პროექტი ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც სცადა. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი სამშენებლო ნაკვეთზე ძეგლის სტატუსის მოხსნა იქნებოდა, თუმცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან უარი მიიღო.

2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას, შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ მაშინ პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა. თუმცა 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა.

2020 წელს „ამბასადორი ბათუმი“ უკანონო, მეხუთე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა. ამის შემდეგ ნაგებობის პროექტი, ბათუმის მერიის ჩართულობის გარეშე, 16 სართულამდე გაიზარდა.

2021 წლის სექტემბერში „ამბასადორი ბათუმმა“ შენობას მე-17 უკანონო სართული დააშენა. 

2022 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: