მთავარი,სიახლეები

485 ათასი ლარის სახელმწიფო ტენდერი ბათუმის საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 

04.10.2022 • 1002
485 ათასი ლარის სახელმწიფო ტენდერი ბათუმის საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის კომპანია ხელვაჩაურში სახელმწიფო ტენდერებს ნეპოტიზმის წყალობით იგებს.

დღეს, 4 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე მამუკა ჯევაიშმა თქვა, რომ ბოლო წლებში საკრებულოს წევრის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 17 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

„ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან დოლიძე იგებს ტენდერებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის დეპუტატობამდე მაღალ თანამდებობას იკავებდა აჭარის მთავრობაში. პირადად თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო, მისი ახლო მეგობარია.

ამ ყველაფრის წყალობით, ლევან დოლიძეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯამში, 1 მილიონ 135 ათასი ლარის ტენდერი აქვს აღებული.

ამასთან „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველია. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს იმაზე, რომ საქმე გვაქვს კორუფციასა და ნეპოტიზმთან,“ – განაცხადა მამუკა ჯევაიშმა.

მამუკა ჯევაიში დღეს გამართულ ბრიფინგზე

ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი წევრია პარტია „ქართული ოცნებიდან“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ლევან დოლიძეს დაუკავშირდა. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ „ლდ.გროუპ“-ის ტენდერებში გამარჯვება მის ამჟამინდელ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

„მერამდენედ ხდება ჩემთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეგეთი კომენტარების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოა. კი, ეგ კომპანია 2015 წელს მე დავაარსე, მაგრამ 2017 წლამდე ვმუშაობდი. მაგ კომპანიაში მე არანაირი სამუშაოები აღარ გამიკეთებია. ძირითად საქმიანობებს ასრულებდა ის [ზურაბ სოლომონიძე], რადგან დირექტორი იყო. რას აკეთებდა, არც ვიცოდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ გადამეფორმებია. არ მჭირდებოდა და არ ვიყენებდი. გავასხვისე უბრალოდ.

არანაირი სხვა მიზნით ეგ კომპანია არ გამომიყენებია. დღეს მართლა პირველად გავიგე, რომ ეგ კომპანია რაღაცას აკეთებს. ან რამეს თუ აკეთებენ, მაგაში მე ჩართული არ ვარ. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რა ხდება მაგ კომპანიაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან დოლიძემ.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა კომპანია „ლდ.გროუპ“-ის დირექტორს ზურაბ სოლომონიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ კომპანია ახლა მას ეკუთვნის.

„ორი პატარა ტენდერი მოვიგეთ ძლივს მთელი წელია. მაგათ [ენმ-ს] გადაეცით დათვალონ წაგებული ტენდერი, რამდენი მაქვს და მერე მიხვდებიან. ხომ შეიძლება მოგებული ტენდერიც… წელიწადში ორ ტენდერს რომ მოიგებ და 15 ტენდერს წააგებ, მანდ სადღა არის ვინმეს მხარდაჭერა“, – გვითხრა ზურაბ სოლომონიძემ.

კომპანია „ლდ.გროუპ“-ი

კომპანია „ლდ.გროუპ“-ი, რომელმაც გასულ თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დოლიძემ, 2015 წელს დააარსა. დაარსების მომენტში კომპანიის 100%-იან წილს დოლიძე ფლობდა, კომპანიის დირექტორად კი ზურაბ სოლომონიძე დანიშნა.

2019 წელს ლევან დოლიძე ინფრასტრუქტურის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს.

საჯარო რეესტრის თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა საკუთარი კომპანიის – შპს „ლდ.გროუპ“-ის 100 %-იანი წილი 2019 წელს დირექტორს, ზურაბ სოლომონიძეს უსასყიდლოდ გადასცა.

2020 წლის დეკემბერში ლევან დოლიძე მაშინდელმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორად დანიშნა.

ღია მონაცემების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ლევან დოლიძეს 5 000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული სატენდერო მონაცემების თანახმად, შპს „ლდ.გროუპ“-მა 2022 წელს, ჯამში, 485 ათასი ლარის 4 სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შპს „ლდ.გროუპ“-ს ხელშეკრულება გაუფორმა 173 988 ლარზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი – 101 024 ლარზე, ქობულეთში სახალვაშოს გზის დასაგებად. კიდევ ერთი ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ლდ.გროუპ“-თან 112 815 ლარზე დადო, ქობულეთში, ზედა კვირიკეს გზის დასაგებად.

2022 წლის მარტში ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 97 390 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „ლდ.გროუპ“-თან, კომპანიას სოფელ წყავროკას ცენტრი და სკვერი უნდა მოეწყო.

რაც შეეხება 2021 წელს, „ლდ.გროუპ“-მა მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ორი ტენდერი მოიგო – ერთი ხელშეკრულება 69 246 ლარზე დაიდო, მეორე კი 119 636 ლარზე ბათუმში, არაასფალტირებული ქუჩების ფუნდამენტის მოსამზადებლად.

„ლდ.გროუპ“-მა გაიმარჯვა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც და 196 628 ლარის ხელშეკრულება მიიღო.

2021 წლის თებერვალში კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 72 672 ლარის სამუშაოების შესრულებაზე გაუფორმა ხელშეკრულება.

გადაბეჭდვის წესი