მთავარი,სიახლეები

„ტელეფონს იღებ და ხვდები, რომ ვეღარავის დაურეკავ“ – კაცს რუსულმა ბომბმა ოჯახი ამოუწყვიტა

05.10.2022 • 1957
„ტელეფონს იღებ და ხვდები, რომ ვეღარავის დაურეკავ“ – კაცს რუსულმა ბომბმა ოჯახი ამოუწყვიტა

წყარო: Настоящее время

ჟიტომირის ოლქის სოფელ იურევკის მცხოვრებმა ვლადიმირ ობოძინსკიმ მარტის დასაწყისში მთელი ოჯახი დაკარგა. ორი რუსული ბომბი კერძო სახლს დაეცა – დაიღუპა ვლადიმირის 40 წლის ცოლი ნატალია, 14 წლის ვაჟი ვლადიმირი, 19 წლის გოგონა ივანკა და ერთი წლის შვილიშვილები – ნიკოლი და დენისი. სახლისგან მხოლოდ საძირკველი და აგურების გროვაღა დარჩა.

„ჩემი გოგო, როგორც ჩანს, აბაზანაში იყო. იქ იპოვეს. ამ რადიუსში იპოვეს ჩემი ბიჭი. ჩემს ცოლთან ერთად სამზარეულოში იყო,“ – ჰყვება ვლადიმირი და ჟურნალისტებს სახლის ნანგრევებზე მიუთითებს. – „შვილიშვილები სახლიდან 60-70 მეტრში იპოვეს, მეზობლის ბაღში“.

ბოლოს ვლადიმირი ოჯახს ტელეფონით 8 მარტის საღამოს ელაპარაკა. ზარიდან უკვე ერთ საათში კი მეზობლისგან შეიტყო, რომ ქუჩაზე, რომელზეც მისი სახლი იდგა, ორი აფეთქების ხმა გაისმა. იმის გამო, რომ თვითონ ამ დროს კიევში იყო, მისი სახლისკენ ამბის გასაგებად მისი ხანდაზმული მშობლები წავიდნენ.

„მესმის: დედა კივის და მამა ამბობს: „ვოვ, არც სახლია, არავინაა ცოცხალი,“ – ტირის ვლადიმირი. – „ორმა ბომბმა ისინი გაანადგურა მე კი მორალურად მომკლა“.

ვლადიმირის ოჯახის სასაფლაო. კადრი ვიდეომასალიდან

სოფელი იურევკა იმ დროს ძალიან შორს იყო ფრონტის ხაზიდან. ვლადიმირის სახლთან და ქუჩაზეც არანაირი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა და მაინც, რუსულმა თვითმფრინავმა იმ კვარტალში ორი ხუთასკილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი ბელარუსიდან, გომელის აეროდრომიდან აფრინდა.

ვლადიმირის ცოლი ნატალია უკრაინის ისტორიისა და უკრაინული ენის მასწავლებელი იყო. 14 წლის ვოვა მეცხრე კლასს ამთავრებდა, 19 წლის ივანკა კი ორ შვილს, ნიკოლსა და დენისს ზრდიდა.

„ეს ჩემი შვილიშვილები არიან, ზუსტად 10 დღით ადრეა გადაღებული,“ – აჩვენებს ვლადიმირი ფოტოს ჟურნალისტებს. – „სახლში ერთი დიდი ოთახი გვქონდა, ბუხრით. ეს ჩვენი უკანასკნელი საოჯახო ფოტოა. შვილიშვილები რომ ერთი წლისები გახდნენ, მაშინ გადავიღეთ“. ვლადიმირს ტელეფონში მათი ვიდეოც დარჩა.

ვლადიმირის შვილიშვილები. კადრი ვიდეომასალიდან

ნანობს, რომ ომის პირველი დღეებშივე არ წაიყვანა ოჯახი სოფლიდან, სადმე უფრო უსაფრთხო ადგილას. ამბობს, რომ დრო არაფერს შველის, პირიქით, უფრო მეტად უჭირს.

„იოლი აღარასოდეს იქნება. იცით, უფრო რთულიცაა,“ – ტირის ვლადიმირი. – „ტელეფონს იღებ და მერე ხვდები, რომ ვეღარავის დაურეკავ, ხვდები, რომ აღარავინ დაგიძახებს „მამას“ და „ბაბუას“.

მომხდარის შემდეგ ვლადიმირმა იურევკა დატოვა და კიევში გადავიდა. იქვე ცხოვრობს, სადაც მუშაობს. ამბობს, რომ სამსახური ეხმარება, ჭკუიდან არ შეიშალოს და ყოველ კვირას მიდის სასაფლაოზე, სადაც მისი ოჯახია დაკრძალული.

„მოვდივარ და ვეკითხები: როგორ ვიცხოვრო ახლა? პასუხი კი არ არის“.

უკრაინელებმა, რომლებმაც რუსეთის გაჩაღებულ ომში ახლობლები და ოჯახის წევრები დაკარგეს, რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელების შეტანა დაიწყეს იმ იმედით, რომ რუსი სამხედროები მათი დანაშაულებისთვის დაისჯებიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქმეები შეიძლება წლობითაც კი გაიწელოს, დაღუპულთა ნათესავები მზად არიან, დაელოდონ.

ვლადიმირი ერთ-ერთი მათგანია.

ვლადიმირის სახლის ნანგრევები. კადრი ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: