მთავარი,სიახლეები

„ზღვის მიღმა ბათუმია“ – ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ხვალ ბათუმში გაიხსნება

04.10.2022 • 982
„ზღვის მიღმა ბათუმია“ – ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ხვალ ბათუმში გაიხსნება

ხვალ, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.

დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში ლიტერატურული ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფესტივალის პროგრამა და ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილეების ვინაობა გააცნეს მედიას.

ოდესის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონრად ადენაუერის ფონდია. ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, შტეფან მალერიუსმა ისაუბრა, თუ როგორ და რატომ გადაწყდა ფესტივალის ჩატარება ბათუმში.

შტეფან მალერიუსის თქმით, წელს, ზაფხულში, გერმანიაში, „ქართულ ლიტერატურულ ინიციატივასთან“ და მედიასთან ერთად შეხვდნენ ოდესის ლიტერატურული ფესტივალის დირექტორს. ცხადი იყო, რომ ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა ოდესაში რუსული აგრესიის გამო, თუმცა ფესტივალის გამართვის ტრადიციის დარღვევა არავის სურდა და გაჩნდა ლიტერატურული ფესტივალის ბათუმში ჩატარების იდეა.

„ჩვენ ორივე ქვეყანაში [უკრაინა, საქართველო] აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მიზეზი იყო, ამ ფესტივალისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა.

ეს არის სოლიდარობის სიგნალი როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის მხრიდან უკრაინის მიმართ, რაც აუცილებელი იყო დაფიქსირებულიყო“, – თქვა შტეფან მალერიუსმა.

პრესკონფერენცია ბათუმში. შუაში შტეფან მალერიუსი

ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მენეჯერმა, მაქსიმ მელნიკმა განმარტა, რატომ შეირჩა ბათუმი.

„როდესაც ოდესაში ხარ და ფიქრობ, რა არის ზღვის მიღმა, ეს არის ბათუმი და ეს არის კითხვაზე პასუხი ჩვენთვისაც – რატომ ბათუმი. იმიტომ, რომ ზღვის მიღმაა ბათუმი და ეს მხარდაჭერა, რაც ბათუმიდან წამოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ლოგიკური კითხვა ჩნდება, რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურა ახლა, ომის დროს? ჩემი პასუხია ყოველთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

სიტყვა ხშირად არის იარაღი, რომლითაც  მწერალი იბრძვის და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა.

იმედი მაქვს, რომ გვექნება ძალიან მშვიდობიანი და საინტერესო დისკუსიები“, – თქვა მაქსიმ მელნიკმა.

ფოტო პრესკონფერენციიდან

მარჯვნიდან პირველი მაქსიმ მელნიკი

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Peter Weiss Foundation for Art and Politics-ი (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან.

ფოტო პრესკონფერენციიდან

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს.

ოდესის ლიტერატურული ფესტივალი

ფესტივალის მედიამხარდამჭერია „ბათუმელები“.

ამავე თემაზე: 

ოდესის ლიტერატურული ფესტივალის პროგრამა – ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: