მთავარი,სიახლეები

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის საკუთრებაში გადატანის ბრძანება გასცა

05.10.2022 • 963
პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის საკუთრებაში გადატანის ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 5 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მთავრობას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დამყარება და მისი „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაყვანა დაევალა.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის წინა ხაზთან სიახლოვე, ზრდის საერთაშორისო შეშფოთებასა და შიშს ბირთვული კატასტროფის შესახებ. უკრაინულმა მხარემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა სადგურზე აფეთქება მოაწყოს.

დღესვე, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება ძალიან მყიფეა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. იგი უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზე. მას აქვს ექვსი რეაქტორი, რომელთაგან თითოეული გამოიმუშავებს 950 მეგავატ ელექტროენერგიას და საერთო სიმძლავრე 5700 მეგავატია, რაც საკმარისი ენერგიაა დაახლოებით 4 მილიონი სახლისთვის.

ჩვეულებრივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აწარმოებს უკრაინის ელექტროენერგიის მეხუთედს, რაც ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარია.

ელექტროსადგური მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ენერგოდარში, კახოვკას წყალსაცავის ნაპირებზე, მდინარე დნეპრზე. ის დაახლოებით 200 კილომეტრშია სადავო დონბასის რეგიონიდან და 550 კმ-ში კიევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: