მთავარი,სიახლეები

გამოვრიცხავთ აქციაზე მყოფებთან კონტაქტსა და მუქარას – ირანის საკონსულო ბათუმში

04.10.2022 • 1090
გამოვრიცხავთ აქციაზე მყოფებთან კონტაქტსა და მუქარას – ირანის საკონსულო ბათუმში

ირანის საკონსულო ბათუმში ეხმიანება ირანის მოქალაქეების განცხადებას, რომლის თანახმადაც საკონსულო მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო.

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში განმარტავს, რომ საკონსულო არ დაკონტაქტებია მოქალაქეებს და არ დამუქრებია მათ.

საკონსულოს განმარტებას, რომელიც წერილობით მივიღეთ, გთავაზობთ უცვლელად:

„აღვნიშნავთ, რომ თქვენ მიერ დასმულმა საკითხმა ჩვენში დიდი გაოცება გამოიწვია და აქვე უარვყოფთ და გამოვრიცხავთ საპროტესტო აქციაზე მყოფებთან ყოველგვარ კონტაქტსა და მუქარას.

ყურადღებას გავამახვილებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის ზოგიერთ მონაკვეთზე, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და შორს არის სიმართლისგან.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობა აღიარებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იმ პირობით, თუკი არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ისლამურ პრინციპებს და არ ლახავს პიროვნების ღირსებას. ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ სხვისი აზრის განსჯა (რევიზია) აკრძალულია და ასევე, შეხედულების გამო არავის შეურაცხყოფა და დაძრახვა არ შეიძლება. ასევე, 27-ე მუხლი თავისუფლად მიიჩნევს შეკრებებისა თუ მსვლელობის მოწყობას იარაღის ტარების გარეშე, იმ პირობით, თუ ეს არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.

აქვე დავძენთ, აქ ნებისმიერი შეკრებისა და პროტესტის გამართვა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობასა და წესებს,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის საკონსულოდან მოაწოდეს „ბათუმელებს“.

გუშინ, 3 ოქტომბერს, „ბათუმელებს“ ირანის მოქალაქემ მომართა და დახმარება სთხოვა. მოქალაქე ამბობდა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო საკონსულომ აქციის მონაწილეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. მოქალაქე ვარაუდობდა, რომ ბათუმში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს ირანის საკონსულო მომავალში პრობლემებს შეუქმნიდა მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო.

ამავე თემაზე:

ბათუმში აქციის გამართვის გამო ირანის საკონსულო გვემუქრება – მოქალაქე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: