მთავარი,სიახლეები

თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

04.10.2022
თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

უკრაინის საზღვრებთან ბირთვული გამოცდის ჩატარებით ვლადიმერ პუტინი აპირებს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ მზადაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად – წერს ბრიტანული The Times-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული გამოცდის საფრთხის შესახებ NATO-მ თავისი წევრები უკვე გააფრთხილა.

„კრემლი გზავნის სიგნალებს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე პოზიციებს კარგავს. შიში, რომ პუტინმა მართლაც შეიძლება მიმართოს ამგვარ ტაქტიკას განსაკუთრებით გაძლიერდა გუშინ, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინისკენ დაიძრა მატარებელი საიდუმლო ბირთვული განყოფილებით,“ – წერს გამოცემა.

როგორც პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი კონრად მუზიკა ამტკიცებს, სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოსთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს სამმართველოა „პასუხისმგებელი ბირთვულ მასალებზე, მათ შენახვაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და ტრანსპორტირებაზე.“

გამოცემას ერთ-ერთი თავდაცვის მაღალჩინოსანი ეუბნება, რომ თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, ის ამას შავ ზღვაში გააკეთებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი დემონსტრაცია უკრაინის საზღვართან რუსეთისთვისაც უდიდეს რისკს წარმოადგენს, რადგან შესაძლოა, „შემთხვევით საზღვართან მდებარე რომელიმე რუსულ ქალაქს მოარტყან, მაგალითად, ბელგოროდს.“

ბირთვული მატარებელი, რომელიც უკრაინის საზღვრისკენ მიემართება/ფოტო გაავრცელა ტელეგრამარხმა Rybar-მა

ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21 სექტემბერს ილაპარაკა. მან რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკას გაუსვა ხაზი, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილებაც გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რასაკვირველია, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა. – „მათ, ვინც ბირთვული საფრთხით ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ქარების ვარდი შეიძლება მათკენაც შებრუნდეს.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: