რეკლამა,სიახლეები

პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აჭარაში ევროკავშირის მხარდაჭერით

05.10.2022 • 951
პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აჭარაში ევროკავშირის მხარდაჭერით

4 ოქტომბერს, ბათუმში, ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლებმა.

  • რა პრობლემები გამოიკვეთა შეხვედრაზე

როგორც ირკვევა, აჭარაში ბიზნეს სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა სუსტი და ფრაგმენტულია. ამას ადასტურებს 2022 წელს აჭარის რეგიონში „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევაც.

150 გამოკითხული ორგანიზაციიდან 115-მა განაცხადა, რომ არ თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან. 

„ჩვენ გავეცანით გამოკითხვის შედეგებს, ძალიან შემაშფოთებელია, რომ გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილი არ თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან და წარმოდგენაც არ აქვს მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, ბიზნესი და სასწავლებლები ერთმანეთს დავაკავშიროთ ,”- ამბობს გიორგი რომანაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე.

გიორგი რომანაძე

შეხვედრაზე გამართული დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან ძირითადად მცირე ბიზნესი არ თანამშრომლობს:

„კვლევები აჩვენებს, რომ კერძო სექტორს და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა სუსტია, მაგრამ სხვა პრობლემები და სხვა მიზეზებიც გამოჩნდა. 

დადასტურდა, რომ მცირე ბიზნესი ნაკლებად თანამშრომლობს, გამომდინარე მათი შეზღუდული რესურსებიდან, მაგრამ მსხვილი ბიზნესი ჩვენთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს, იქნება ეს ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, ინჟინერიის თუ სხვა სფერო,” – ამბობს მადონა მიქელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი.

საქართველოს გაეროს ასოციაციის ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის კოორდინატორი ზურაბ სამარღანიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ შეხვედრის მიზანი კვლევის შედეგების გადამოწმება და დამატებითი პრობლემების იდენთიფიცირებაა:

„რეალურად არსებობს კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ის არის არა ზოგადად ბიზნესსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის, არამედ მცირე ბიზნესსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის და ამ შეხვედრის ფარგლებში, რომელიც იყო სექტორთაშორისი, დაიგეგმა შემდეგი მონიტორინგის გზები. 

ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შემდეგი მონიტორინგი უფრო რეალურ სურათს ასახავდეს და საბოლოო ანგარიში ორი მონიტორინგის შედეგები იყოს უფრო სრულყოფილი“ – ამბობს ის.

ზურაბ სამარღანიშვილი

მხარეებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო სექტორს ხელი შეუწყოს იმ პროგრამების განვითარებას, რაც ბიზნესს აინტერესებს პროფესიული განათლების მიმართულებით, როგორ შეუძლია ბიზნეს სექტორს უმასპინძლოს იმ ადამიანებს, ვინც კვალიფიკაციის ამაღლებითაა დაინტერესებული და რა შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურებს ამ მიმართულებით. 

„აქვე უკვე გაჩნდა ახალი იდეები და წინადადებები. გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა გარკვეულ შედეგებზე გაგვიყვანს და შემდეგ ბევრი კითხვა, რომელიც კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ჩნდება, მოიხსნება,” – ამბობს მადონა მიქელაძე.

სამრეწველო პალატის თავმჯდომარის აზრით, კავშირების გაღრმავების შედეგად, მივიღებთ უფრო მეტ პროფესიონალ კადრს:

„ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყნიდან კადრების გადინება არ მოხდეს. 

ძალიან ბევრი ბიზნესისგან გვესმის, რომ დღეს პროფესიონალების მოძიება საკმაოდ რთულია. ჩვენ ბიზნეს გაერთიანება გვაქვს და ჩვენი როლს ვხედავთ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ და პროფესიონალი კადრების მომზადებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,”- აცხადებს გიორგი რომანაძე.

შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ. 

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია არის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) . 

 „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. 


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH) 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: