განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან

05.10.2022
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო როლანდ შავაძემ მიიღო, პედაგოგმა ხულოდან

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა.

წლის მასწავლებლის ტიტული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ მიიღო.

ფინალში ასევე იყვნენ:

  • ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი
  • სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი
  • ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ჯილდოს სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა, სხვა ფინალისტებს კი – 5-5 ათასი ლარი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლიდან გაიცემა.

ეროვნული ჯილდოს ცერემონიაზე გავრცელდა უკრაინაში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამფუძნებლის, ზოია ლიტვინის ვიდეომიმართვა.

ზოია ლიტვინი

ზოია ლიტვინის თქმით, რუსული ბომბების სამიზნე, პირველ რიგში, სწორედ უკრაინული სკოლები, ბავშვები და წიგნები გახდნენ.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დევიზია, რომ მასწავლებლები მნიშვნელოვანნი არიან. ირონიულია, რომ ომმა სხვა დანიშნულება მისცა ამ დევიზს.

უკრაინული სკოლები რუსული ბომბების პირველი სამიზნე გახდა, უკრაინული წიგნები დაწვეს, უკრაინელი მასწავლებლები კი იდევნებოდნენ.

უკრაინელი მასწავლებლების ჩაგვრის დონე დამპყრობლების მხრიდან უზარმაზარია. ისინი რჩებიან ძლიერებად და იმარჯვებენ ყოველდღე ბრძოლაში, ასწავლიან თავშესაფრებიდან, მხარს უჭერენ ბავშვებს და მოაქვთ იმედი.

განათლება მნიშვნელოვანი ფრონტია, მასწავლებელი კი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცოდნის მიმწოდებელი. ის არის ეთიკისა და ღირებულებების საფუძველი, ეს არის ის, ვინც ხართ თქვენ. 

დღეს ყველანი კარგად ვხედავთ ცუდი მასწავლებლებისა და განათლების შედეგებს. მოდით, არასდროს დავივიწყოთ, არასდროს შევიტანოთ ეჭვი, რომ მასწავლებლები მნიშვნელოვანნი არიან. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა მომავლისთვის, თავისუფლებისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის.

არავის აქვს იმაზე მეტი გავლენა ახალგაზრდებზე, ვიდრე მასწავლებლებს, თქვენი მხარდაჭერით, უკრაინისა და კაცობრიობის გამარჯვება გარდაუვალია,“ – თქვა ზოია ლიტვინმა.

________________________

მსგავს თემაზე:

აშშ-ის ელჩთან გადაღებული ფოტოს გამო მოღალატე მიწოდეს – მასწავლებელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: