მთავარი,სიახლეები

ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა აღიარა – ამას არც ვმალავთ

04.10.2022
ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა აღიარა – ამას არც ვმალავთ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღიარა, რომ მისი ქვეყანა „რუსეთის სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობს“, თუმცა იქვე დასძინა, რომ მან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე უარი თქვა.

სააგენტო Белта-ს ცნობით, ლუკაშენკომ ამის შესახებ სამხედრო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თათბირზე ილაპარაკა.

„რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უკრაინაში, ჩვენ მასში ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არც ვმალავთ, მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ არსად ვგზავნით ჩვენს სამხედროებს. ჩვენ ვალდებულებებს არ ვარღვევთ,“ – განაცხადა ლუკაშენკომ და განმარტა, რას გულისხმობს მონაწილეობაში. – „პირველ რიგში, რომ არ დავუშვათ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე. მეორე – არ დავუშვათ დარტყმა ბელარუსზე პოლონეთის, ლიტვისა და ლიეტუვის მხრიდან. როგორც უკვე ვთქვი, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსებს ზურგში ვერავინ უნდა ესროლოს. ესაა ჩვენი მონაწილეობა.“

ლუკაშენკომ დასძინა, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მობილიზაცია ბელარუსში არ გამოცხადდება, რადგან „ბელარუსის ტერიტორიაზე ომები არ არის.“

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, ლუკაშენკოს რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ბელარუსის ჩართვის ეშინია და მაქსიმალურად ცდილობს, ომში პირდაპირი მონაწილეობა თავიდან აირიდოს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელარუსში 20 ათასამდე მობილიზებული რუსი რეზერვისტის გადაყვანა იგეგმება. მათ ბელარუსში მყოფი რუსეთის არმიის დანაყოფები უნდა შეავსონ.

ბელარუსი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა თებერვლის ბოლოს სწორედ ბელარუსიდან დაიწყო რუსეთის ჯარმა შეტევა უკრაინაზე. ბელარუსის ტერიტორიას რუსეთი დღემდე იყენებს უკრაინის დასაბომბად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: