მთავარი,სიახლეები

„ეს ბლეფი არაა“ – პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით ემუქრება

21.09.2022
„ეს ბლეფი არაა“ – პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით ემუქრება

დღევანდელ გამოსვლაში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინმა რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ილაპარაკა, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილება გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.

„თავის აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკაში, დასავლეთი უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჩვენ მუდმივად გვესმის მუქარები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მისამართით. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი დასავლეთში, არამხოლოდ ლაპარაკობს იმაზე, რომ უკრაინას უნდა მიაწოდონ შორსმოქმედი შეიარაღება, სისტემები, რომლებიც საშუალებას მისცემენ დაარტყან ყირიმს, რუსეთის სხვა რეგიონებს – ასეთი ტერორისტული დარტყმები უკვე ხორციელდება ბელგოროდისა და კურსკის ოლქების სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებზე,“ – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, NATO რუსეთის სამხრეთში დაზვერვას აწარმოებს, „ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში კი პირდაპირ აქეზებენ კიევს, საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს“, რადგან „რუსეთი ყველა საშუალებით უნდა განადგურდეს“  და „ყოველგვარი სუვერენიტეტი უნდა დაკარგოს“.

„ბირთვული შანტაჟიც დაიწყეს. ლაპარაკია არამხოლოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნაზე, რაც დასავლეთის მიერაა წაქეზებული და რაც ატომური კატასტროფის საფრთხეს ქმნის, არამედ NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნების განცხადებებზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელი და დასაშვებია.

მათ, ვინც რუსეთთან მიმართებაში ასეთი განცხადებების უფლებას აძლევს თავს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანაც ფლობს განადგურების სხვადასხვა საშუალებას, ცალკეულ კომპონენტებში კი – უფრო თანამედროვესაც კი, ვიდრე NATO-ს ქვეყნები.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რასაკვირველია, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა. –  „ხოლო მათ, ვინც ბირთვული საფრთხით ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ქარის ვარდი შეიძლება მათკენაც შებრუნდეს.“

პუტინის თქმით, „ისტორიული ტრადიციის თანახმად“ რუსეთი ყოველთვის „შეაჩერებს მათ, ვინც მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფოს ებრძვის“, ვინც მას „დანაწევრებით“ ემუქრება და „ახლა რუსეთი სწორედ ამას აკეთებს.“

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდან დაიწყება. გაწვევა ეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება, ვისაც უმსახურია შეიარაღებულ ძალებში და აქვს კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: