„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ორ კვირაში რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 200 000 ყაზახეთში გადავიდა – ქვეყნიდან გაქცეულთა რაოდენობა Forbes-მა გაარკვია, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, რამდენი მათგანი გეგმავს უკან დაბრუნებას.
როგორც Forbes-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, მობილიზაციის დაწყებიდან რუსეთი თითქმის მილიონამდე ადამიანმა დატოვა, კიდევ ერთი წყაროს ცნობით კი, ეს რიცხვი 600-700 ათასია. იმის გამოთვლა, რამდენია წასული ტურისტული მიზნით, გამოცემის რესპონდენტების მტკიცებით, შეუძლებელია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან ძალიან მალე რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე რიგები დადგა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო აღმოჩნდა ლარსის გამშვებ პუნქტზე, საქართველოს საზღვარზე, სადაც ადამიანები რიგში 4-5 დღის განმავლობაში იდგნენ. ანალოგიური ვითარება იყო ყაზახეთის საზღვართანაც.
Forbes-ი წერს, რომ მედიაში ამ დრომდე მხოლოდ ის ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელიც არა რუსეთმა, არამედ რუსეთის მოქალაქეების მიმღებმა ქვეყნებმა გაასაჯაროვეს.
4 ოქტომბერს, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 200 000 მოქალაქე შევიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მობილიზაციის გამოცხადებიდან შემდგომი კვირის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 53 000-მა მოქალაქემ გადაკვეთა.
იმავე კვირაში, ევროკავშირის ქვეყნებში შევიდა რუსეთის 66 000 მოქალაქე.
30 სექტემბერს, რუსეთის ელჩმა ჰელსინკში, პაველ კუზნეცოვმა აღნიშნა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ ფინეთში დაახლოებით რუსეთის 60 000 მოქალაქე შევიდა, მათი 80 % ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, დაახლოებით 100-მა ადამიანმა კი ფინეთს თავშესაფარი სთხოვა. კუზნეცოვმა დასძინა, რომ უცნობია, რუსეთიდან წამოსული მოქალაქეებიდან რამდენი ასახელებს ქვეყნის დატოვების მიზეზად მობილიზაციას.
2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე, „როსსტატის“ ინფორმაციით, რუსეთი უკვე დატოვებული ჰქონდა 419 000 ადამიანს, რაც ორჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Forbes-მა შეკითხვები გაუგზავნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურს.
„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. პუტინის ბრძანებით, ის მხოლოდ რეზერვში მყოფ და სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს ეხებათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 300 000 კაცის გაწვევა.
მთავარ ფოტოზე: მანქანების კოლონა ყაზახეთის საზღვარზე/ფოტო: TACC