მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

05.10.2022 • 2655
რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად.

ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა და სცემდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ხანაც უმიზეზოდ: ხელჩართულ ბრძოლაშიც გადავდიოდით, გაუსაძლისი გახდა მასთან თანაცხოვრებაო – იხსენებს მარინე.

მარინეს თქმით, ქმარს უფრო ადრე იმიტომ არ დაშორდა, რომ საზოგადოების შეფასების ეშინოდა. ამბობს, რომ მთაში ცხოვრება თუნდაც იმიტომაა რთული, რომ აქ ახლაც აქვთ მოთხოვნა, განუსაზღვრონ ქალებს, როგორ მოიქცნენ.

„ცოტა მძიმე მენტალიტეტია მთაში. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ბრალია, კონფლიქტი რის გამო ხდება, მთავარი ისაა, რომ ქალი ქმარსაა გაშორებული. მორჩა, ყველაფერს წერტილი აქვს დასმული.

ვითმენდი ამის გულისთვის. ვიტყოდი, რომ არარსებულ ხავს ვეჭიდებოდი. იქნებ რაღაც შეიცვალოს, იქნებ გამოსწორდეს-მეთქი, მაგრამ არაფერი შეცვლილა ან გამოსწორებულა და წერტილი დავუსვი.

ჩვენ დავშორდით მორიგი შელაპარაკების დროს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ ყელში ამომივიდა, უნდა წავიდეს და თავისი გზა მოძებნოს.  წავიდა იმ იმედით, რომ მე შევეხვეწებოდი, ვინანებდი, არ ვიცი, რისი იმედით… ცოტა ხნის შემდეგ შემეხმიანა და მითხრა, შევრიგდეთ, საერთო შვილები გვყვავსო, მაგრამ – არა. შესაძლოა ვიღაცამ თქვას, რომ არ ვიქცევი სწორად, მაგრამ არ მაინტერესებს.

საზოგადოებისგან რა რეაქცია იყო? – რატომღაც ელოდნენ, რახან ქმარს ვიყავი გაშორებული, საშინლად ვიცხოვრებდი. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ. ძალიან ხშირად ვხედავდი, როგორ მარიდებდნენ თვალს. ადრე თუ თბილად მიღიმოდნენ, ასე აღარ იყო, რადგან ქმარს გაშორებული ქალი მერქვა“, – გვიყვება მარინე.

მარინე ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალია და დღეს მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა და საბოლოოდ, მიიღო კიდეც: „შიში, რომელშიც 12 წელი ვცხოვრობდი, გამოჩნდა, რომ სრულიად ფუჭი იყო და საკუთარ თავს არანორმალურად ვწირავდი“.

მარინე ქალებს მიმართავს და ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმინონ ძალადობა, რომელსაც თავად 12 წელი ითმენდა: „არ არსებობს ადამიანის გამოსწორება ზრდასრულ ასაკში. არ უნდა ელოდოთ, იქნებ რაღაც შეიცვლება. შეიცვლება ის, რომ გაინადგურებთ თქვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ისე, როგორც მე“, – ამბობს მარინე.

მარინეს თქმით, კონფლიქტი დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობდა სახლში შექმნილ აყალმაყალსა და „ხელჩართულ ბრძოლას“ შვილები გაერიდებინა, მაგრამ ბავშვები მაინც გრძნობენ და ხედავენ ყველაფერს.

იხსენებს, რომ თავდაცვის მიზნით ერთხელ პოლიციაც გამოიძახა, მაგრამ როცა პოლიციელები მივიდნენ, გამოძახების მიზეზი შეცვალა, რასაც ნანობს.

მარინე მშობლების ერთადერთი შვილია და 6 წლის წინაც მშობლების სახლში ცხოვრობდა. ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, განქორწინება იმანაც გააბედვინა, რომ „წასასვლელი“ ჰქონდა. მისი გამოცდილებით, როცა ქალებს მოძალადე ქმრებთან გაშორებას ურჩევს, ისინი პასუხობენ: „შენ გქონდა წასასვლელი, მე არ მაქვს“.

„მე ვიცნობ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ახლაც ქმრებთან რჩებიან, მთავარი მიზეზი კი საცხოვრებლის არქონაა. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ არაფრის გულისთვის არ უნდა დაიხიონ უკან, არ უნდა გაუძლონ ძალადობას და იქცნენ [ქმრის] სათამაშოდ“, – ამბობს მარინე.

მარინეს თქმით, ყოფილი ქმარი ბავშვების ალიმენტსაც კი არ უხდის. მას კი ძალიან ცოტა შემოსავალი აქვს, მით უფრო, როცა 14, 12 და 9 წლის შვილებს ზრდის.

შვილებისთვის ნორმალური პირობები რომ შეექმნა, სწორედ ამიტომ მარინემ გადაწყვიტა ბათუმში სამუშაოდ გადმოსვლა და ერთ-ერთ მარკეტში, ღამის ცვლაში დაიწყო მუშაობა.

„ფიზიკურად ვმუშაობდი მარკეტში ღამის ცვლაში. 5-6 თვის განმავლობაში არც ერთი ღამე არ მეძინა, ყოველღამე ვმორიგეობდი, რაც ვერ აიტანა ჩემმა ორგანიზმმა – ინფარქტი მივიღე და უმუშევარი დავრჩი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე“, – ამბობს მარინე.

ახლა მარინე ბავშვებთან და დედასთან ერთად მიზერული შემოსავლით არსებობს – სოციალური დახმარება, მარტოხელა დედის ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება და დედის პენსია, რაც წამლებშიც არ ჰყოფნის.

„ამ შემოსავლით ძალიან რთულია შვილები თუნდაც სასკოლოდ რომ მოამზადო – ტანსაცმელია, ჩანთაა… ამას ემატება კომუნალური გადასახადები, კვება ხომ უნდათ ბავშვებს?

წელს სასკოლოდ ბავშვებს მხოლოდ 10-10 ცალი რვეული და თითო კალამი ვუყიდე, მეტი არაფერი. არ არის ადვილი, როცა შვილებს ახალ სასწავლო წელს სკოლაში შარშანდელი ტანსაცმლით უშვებ. დამიჯერეთ, ეს დედას კლავს“, – ამბობს მარინე. – „ძალიან ბევრ რამესთან უწევს ბრძოლა მარტოხელა დედას, პირველ რიგში, გაჭირვებასთან. იმასთან, რომ მისმა შვილებმა საღამოს ვახშმის გარეშე არ დაიძინონ, ზამთარში არ შესცივდეთ და ბევრ სხვა რამესთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: