მთავარი,სიახლეები

დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები – 26 წლის „აზოველის“ ბოლო შეტყობინება  

05.10.2022 • 1367
დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები – 26 წლის „აზოველის“ ბოლო შეტყობინება  

„დედა, არ ინერვიულო, რამდენიმე დღე არ ვიქნები. წვრთნებზე ვარ,“ – 30 მარტს მისწერა ვოლოდიმირმა, 26 წლის „აზოველმა“ დედამისს, კატერინა ბიკოვას.

ეს მისი უკანასკნელი შეტყობინება იყო. დედა შვილს ყველგან ეძებდა. ამშვიდებდნენ: „სწავლებაზეა, სადღაც დარბის, ალბათ“. აპრილის ბოლოს კატერინამ შეიტყო, რომ ვოვა დაიღუპა. მაშინ, მარტში, ის არა სამხედრო წვრთნებზე, არამედ მარიუპოლში, „აზოვსტალში“, გაფრინდა მეგობრებთან.

ვოვას ისტორიას გამოცემა Hromadske-სთან დედამისი იხსენებს.

ვოლოდიმირ (ვოვა) კრავჩენკო 2013 წლამდე ლუგანსკში ცხოვრობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი კიევში გადავიდა სასწავლებლად. 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც აღდგომას შინ დაბრუნდა, ლუგანსკში პრორუსი აქტივისტები „ანტიმაიდანს“ იწყებდნენ.

„ეს რა ხდება, წავალ დავშლი მაგათ“, – უთქვამს და მეგობრებთან ერთად შეკრებისკენ გაქცეულა. კატერინა იხსენებს, რომ ვოვა დაიჭირეს, ელექტროშოკით აწამეს, დაკითხეს და ოჯახმა ძლივს გამოიხსნა. ამის შემდეგ, ის ომში წასვლაზე ხშირად ლაპარაკობდა.

2015-ში ვოვამ ინსტიტუტი მიატოვა და დონბასში წასვლა გადაწყვიტა. დედაც და მისი მეგობრებიც წინააღმდეგი იყვნენ. „მხოლოდ 18 წლის იყო, ახალგაზრდული მაქსიმალიზმით შეპყრობილი, ემოციური,“ – ჰყვება დედა.

მაშინ ოჯახმა გადააფიქრებინა, თუმცა 25 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მივიდა. როგორც გამოუცდელი, უკან გაუშვეს. უთხრეს, მოეცადა.

„მხოლოდ ვტიროდი და ვლოცულობდი,“ – კატერინა იხსენებს, რომ 26 წლის შვილს ვეღარ გააჩერებდა, როგორც თავის დროზე 18 წლისა გააჩერა.

ვოლოდიმირ კრავჩენკო/ფოტო: კატერინა ბიკოვას ფეისბუქიდან

რამდენიმე დღის შემდეგ მარიუპოლში მყოფი „აზოველი“ მეგობრების დახმარებით ვოვა კიევში „აზოვში“ ჩაეწერა და სამხედრო მომზადება დაიწყო.

ბოლო შეტყობინება მისგან დედამ 30 მარტს მიიღო. კატერინა სწერდა ვოვას, თუმცა ის ქსელში არ ჩნდებოდა, სწერდა ნაცნობებს, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას არავინ აწვდიდა. 22 აპრილს დაურეკეს და უთხრეს, რომ ვოვა ჯერ კიდევ თვის დასაწყისში მარიუპოლში გაფრინდა.

„შიგნით ყველაფერი ჩამწყდა. ისტერიკა დამეწყო, შვილს, გოგოს ვთხოვდი, როგორმე მოგვეძებნა. ბოლოს აღიარეს, რომ „აზოველებისგან“ უკვე იცოდნენ, რომ ვოვა 2 აპრილს დაღუპულა. გოგომ მითხრა: „დედა, ეს ტკივილი ახლა სულ შენთან იქნება, მინდოდა, კიდევ ცოტა ხანი გქონოდა მის გარეშე“.

ცხედრების გაცვლა ზაფხულში მოხერხდა. კატერინას ფოტო გამოუგზავნეს, დაღუპული სამხედროს სახეზე ცნობა შეუძლებელი იყო.

„ტატუთი ვიცანი. ურობოროსი ეხატა – გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს და ასე ქმნის წრეს. ის ხელახლა დაბადებას ნიშნავს,“ – ამბობს კატერინა.

საიდუმლო ოპერაციის შესახებ დედამ მხოლოდ ცხედრის ამოცნობისა და 28 აგვისტოს, ვოვას დაკრძალვის შემდეგ შეიტყო: ის ერთ-ერთი იყო იმ სამხედროებიდან, რომლებიც ვერტმფრენებით მარიუპოლში მიფრინავდნენ, რათა მებრძოლებისთვის მედიკამენტები, საბრძოლო მასალები ჩაეტანათ და იქიდან დაჭრილები წამოეყვანათ.

„რუსულმა ვერტმფრენმა ცეცხლი გაუხსნა. ვოვა მძიმედ დაჭრილა, ამ ჭრილობებისგან დაიღუპა,“ – ამბობს კატერინა და საუბრის დასასრულს დასძენს – „ვიცი, რომ ეს მისი გააზრებული არჩევანი იყო – წასულიყო ომში. მეუბნებოდა: „დედა, მე ხომ უნდა დაგიცვათ. ვინ, თუ არა მე?“

ვოლოდიმირ კრავჩენკო/ფოტო: კატერინა ბიკოვას ფეისბუქიდან

მთავარ ფოტოზე: ვოლოდიმირ კრავჩენკო/ფოტო: კატერინა ბიკოვას ფეისბუქიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: