მთავარი,სიახლეები

კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს ისევ დაიპყრობს

05.10.2022
კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს ისევ დაიპყრობს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი აუცილებლად „დაიბრუნებს“ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც „რეფერენდუმები“ ჩაატარა და რომლებიც პუტინმა „რუსეთს შეუერთა.“

პესკოვის კომენტარებს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ხომ არ არის შეუსაბამობა პუტინის განცხადებებსა და რეალობას შორის – რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ტერიტორიების შეერთება“ რუსეთთან – ეს სამუდამოა, მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიებს რუსეთის ჯარები ტოვებენ.

„არანაირი წინააღმდეგობა არ არის, ისინი სამუდამოდ რუსეთთან იქნებიან, ჩვენ მათ დავიბრუნებთ,“ – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები „რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ“ იმ საზღვრებით, რომლებშიც ამ ოლქებს, შეერთების მომენტში, მათი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა.  

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ გარკვეული ტერიტორიები დაბრუნდება. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს მოსახლეობასთან, რომელიც გამოთქვამს რუსეთთან ცხოვრების სურვილს“.

5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ კანონს, უკრაინის ოთხი ოლქის – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენობაში მიერთებაზე.

დღესვე უკრაინამ თქვა, რომ უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

წინა დღეს, 4 ოქტომბერს კი, უკრაინელებმა ხერსონში 8 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, 17 დასახლების დაკარგვა ხერსონის რეგიონში ძალიან შემაშფოთებელია“, – თქვა რუსმა პროპაგანდისტმა და რუსეთის „პერვი კანალის“ წამყვანმა ოლგა სკაბეევამ მას შემდეგ, რაც კოლეგისაგან ხერსონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მდგომარეობაზე, მათ შორის, ანექსირებულ ხერსონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას ოლგა სკაბაევამ დასძინა:

„ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია. მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ გაგებით, რომ მომდევნო 3 კვირა კიდევ უფრო რთული იქნება და უნდა მოვიცადოთ. დღეს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვა, რომ 200 000 [რეზერვისტი] უკვე მობილიზებულია და ისინი უახლოეს მომავალში აღმოჩნდებიან ფრონტზე.

სავარაუდოდ, შეტევაზე გადავალთ. მაგრამ ახლა ზელენსკია შეტევაზე“.

რუსი პროპაგანდისტების „სიმართლე“ ხერსონში ვითარებაზე „პერვი კანალის“ ეთერში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: