მთავარი,სიახლეები

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

18.09.2021
„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტის მეჩვიდმეტე სართულს აშენებს. ეს „ბათუმელებმა“ დღეს ადგილზე გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა. სართული სრულად დახურული ჯერ არ არის, თუმცა იქ, სადაც პროექტის მიხედვით მხოლოდ ღია სივრცე უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქი, ლითონის მოაჯირით უნდა შემოესაზღვრათ, კოლონებია ჩამოსხმული. ეს სივრცე უკვე ნაწილობრივ გადახურულია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

პროექტის თანახმად, აქ 16-სართულიან შენობაზეა ნებართვა გაცემული. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაგვიმარტეს, კომპანიას პროექტში ცვლილება და სართულის დამატება არ მოუთხოვია. შესაბამისად, ცვლილება არ შეუთანხმებიათ.

სააგენტოში გვითხრეს ისიც, რომ ბოლოს მიმდინარე მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა თვენახევრის წინ შეამოწმეს და დარღვევა არ გამოვლენილა.

პროექტის მიხედვით, მეთოთხმეტე სართული შედარებით მაღალია და აქ სარესტორნო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, ხოლო მეთხუთმეტე ტექნიკური სართულია და შედარებით დაბალია. მეთექვსმეტე სართულზე კი სპაცენტრი და აუზი უნდა მოაწყონ [ეს სართულიც მაღალია]. დღევანდელი, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანია „ამბასადორს“ დაწყებული აქვს მეჩვიდმეტე სართულის მშენებლობა და აპირებს თუ არა აქ გაჩერებას, ეს ჯერ ვიცით.

კომპანიაში „ბათუმელებმა“ იკითხა, შენდება თუ არა დამატებით მეჩვიდმეტე სართული. გვიპასუხეს, რომ ეს „ტექნიკური სართულის ნაწილია.“

სხვა განმარტება კომპანიიდან არ მიგვიღია.

პროექტი, რომელიც სააგენტოდან გამოვითხოვეთ, პროფესიონალ არქიტექტორს ვაჩვენეთ და მშენებარე კარკასთან შედარება ვთხოვეთ. მისი განმარტებით, მეჩვიდმეტე სართული პროექტს არ შეესაბამება.

გამოავლენს თუ არა ამ დარღვევას სააგენტო ან როდის, ეს, ჯერჯერობით, არ ვიცით.

პროექტის კონსტრუქციული ნაწილის რენდერი – დააკვირდით მინაწერებს ქვემოდან ზემოთ. ვესტიბიულის ქვემოთ სამი მიწისქვედა სართულია, მეთოთხმეტე შედარებით მაღალი სართული სარესტორნო სივრცედაა მოაზრებული, შემდეგ ტექნიკური სართული, შემდეგ კი მეთექვსმეტე სართულია, სადაც როგორც რენდერზეა მითითებული, სპა სალონისა და აუზის მოწყობას გეგმავენ.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო სანებართვო პირობების დარღვევას დაადასტურებს, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა კომპანია „ამბასადორი“ პროექტს არღვევს.

ბათუმის მცხოვრებლები რეგულარულად აპროტესტებდნენ ამბასადორისთვის ძველ ბულვარში 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას.

___

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: