ბათუმი,მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო ახალი შენობის რემონტისთვის 133 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

07.10.2019 • 2386
უმაღლესი საბჭო ახალი შენობის რემონტისთვის 133 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის უმაღლესი საბჭო ბათუმში, ლუკა ასათიანის 37-ში მდებარე ახალი ადმინისტრაციული შენობის შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ტენდერის გარეშე გეგმავს. სარემონტო სამუშაოებისთვის, რომელიც „თანამშრომელთა სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფისთვის“ არის საჭირო, საბჭო მინიმუმ 133 068 ლარს დახარჯავს.

„შესყიდვის განუხორციელებლობა ზიანს აყენებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძოდ, საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფილ და შეუფერხებელ განხორციელებას, აგრეთვე მოქალაქეთა მიღების პროცესს და მათი ინტერესების გათვალისწინებას“, – მიიჩნევენ უმაღლეს საბჭოში.

„გადაუდებელი ვითარების დადგომა განპირობებულია უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში, რეგლამენტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისა და საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების სრულყოფის აუცილებლობიდან და ამისათვის შესაბამისი სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, რადგანაც შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში, წვიმის შედეგად ჩამოედინება წყალი, რამაც გამოიწვია შიგა ინტერიერისა და კედლების დაზიანება, ამდენად, აუცილებელია მცირე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და მისი უმაღლესი საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად მოწყობა“, – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს განაცხადში.

უმაღლესი საბჭოს განმარტებით, „აღნიშნული შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ვინაიდან უმაღლესი საბჭოს დაბა ჩაქვიდან ბათუმში გადასვლა გადაწყდა და შენობა უმაღლეს საბჭოს გადაეცა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში [19.08.19 წ], რის შემდეგაც გარკვეული დრო დასჭირდა აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრას და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადებას“.

უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით, მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უმაღლეს საბჭოს სამი კომპანია სხვადასხვა ფასად სთავაზობს: 147 617 ლარად, 143 990 ლარად და 133 068 ლარად. უმაღლესი საბჭო, შესყიდვების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულებას უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან გააფორმებს. საბჭოს გათვლებით, სამუშაოები 55 დღეში დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან.

აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადადის. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი შენობაში თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის კარები.

რემონტისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენის პარალელურად, უმაღლესი საბჭო საკუთარი ძალებით გარკვეულ სამუშაოებს შენობაში ატარებდა – ინტერნეტის ქსელის, ელექტროობის და სხვა სამუშაოებს.

ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უმაღლეს საბჭოში უთხრეს, რომ უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარეც, თავიანთ კაბინეტებში სამღებრო სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ჩაატარებენ.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: