„ირანი ტერორიზმის სპონსორია“ – უკრაინელების აქცია ბათუმში ირანის საკონსულოსთან

„ირანი ტერორიზმის სპონსორია! ირანი ტერორიზმის სპონსორია!“ – ისმოდა შეძახილები დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, ირანის საკონსულოს წინ, სადაც ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს რუსეთისთვის დრონების მიყიდვის წინააღმდეგ.

უკრაინელების აქცია ირანის საკონსულოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

„ვაპროტესტებთ იმას, რომ ირანის ხელისუფლება ყიდის რუსეთზე კამიკაძე-დრონებს, „შაჰიდებს“, ეს დრონები კი ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს, კლავენ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს თანამემამულეებს. გვინდა, რომ ირანი არ იყოს ტერორიზმის სპონსორი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოლგა პალეტიჩმა ხერსონიდან.

უკრაინელების აქცია ირანის საკონსულოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

„რუსები ამ დრონების საშუალებით ჩვენს ქალაქებს ანადგურებენ, ჩვენს მოსახლეობას კლავენ. ეს დრონები ძირითადად მიმართულია არა სამხედრო ობიექტებზე, არამედ სამოქალაქო ობიექტებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. იღუპებიან ადამიანები. ბოლო დღეებში რუსებმა გააძლიერეს დარტყმა ენერგოობიექტებზე, ქალაქებს უწყვეტენ ელექტროენერგიას და წყალმომარაგებას,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ლილიან ციბანოვმა დონბასიდან, რომელიც უკვე 4 თვეა ბათუმში ცხოვრობს.

უკრაინელების აქცია ირანის საკონსულოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოსთან უკრაინის ჰიმნი შეასრულეს და საკონსულოს შენობას ქაღალდის თვითმფრინავები ესროლეს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბერს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებით, ე.წ. „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.

ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია.

რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა თეირანს დამატებით კიდევ 2 ათასი დრონი შეუკვეთა.

ამავე თემაზე: 

ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

უყურე და უქომაგე ქართველ სპორტსმენებს აპლიკაციით Silk Go

უნიკალური შესაძლებლობაა ჩატვირთო ტელევიზია მობილურ მოწყობილობაში და 40-ზე მეტ ქართულ და უცხოულ არხს უყურო #სადაცარუნდა იყო. 

სილქნეტის ციფრული პროდუქტი SilkGo  სხვადასხვა ჟანრის კონტენტს აერთიანებს: შემეცნებით, გასართობ,  საინფორმაციო, საბავშვო და კინო არხებს. სპორტის ქომაგებს განსაკუთრებით დააინტერესებთ აპლიკაციაში პაკეტი Premium Georgia, რადგან მასში Silk Sport-ის სამივე არხი და სილქ უნივერსალია.

 სხვადასხვა სახეობის ჩემპიონატებს, ტურნირებს და სხვა ექსკლუზივებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ  Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3 და ასევე სილქ უნივერსალზე:

  • ფეხბურთი –ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, საუკეთესო მატჩები კონფერენც ლიგადან, ესპანეთის ლა ლიგას, MLS ფინალი (აშშ) და  სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასი.
  • კალათბურთი – NBA, Euroleague  და ესპანეთის ჩემპიონატი Liga Endesa
  • ჩოგბურთი – ATP, WTA ტურნირები;
  • ხელბურთი – ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის  და მსოფლიოს ჩემპიონატი მამაკაცთა შორის.
  • ძიუდო –Abu Dhabi Grand Slam, Baku Grand Slam, Tokyo Grand Slam, Jerusalem Masters.
  • დოღი – Champions Day; Melbourne Cup –Breeder’s Cup; Bahrain International Trophy; Pegasus World Cup, Saudi Cup.

 მოძებნე Silk Go შენს სმარტ ტელევიზორში ან ჩამოტვირთე აპლიკაცია სხვადასხვა მოწყობილობაში: სმარტფონში, პლანშეტსა თუ პერსონალურ კომპიუტერში – ნახე სასურველი კონტენტი, #სადაცარუნდაიყო!

მედდის ყალბი სერტიფიკატი 3000 ლარის სანაცვლოდ – დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის 3-წლიანი ტრენინგ-კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“

„არ მოგაწოდეს საჭმელი წინასწარი დაკავების იზოლატორში?“- ჰკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 წლის ჰაიდარ აქშაქანს, მას ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება გამოძიება.

„მოგვაწოდეს, მაგრამ ვერ ვჭამეთ აქაური საჭმელი“, – უპასუხა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა, დაჯდომა დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და ისევ მოსამართლეს მიმართა:

„ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – დასძინა ბრალდებულმა.

მოსამართლეს არ უთხრა, თუმცა მისი ადვოკატი, პაატა ბერიძე ამბობს, რომ ბრალდებულის ვერსიით, 19 წლის ედიქ იალჩინს მისი ვალი ჰქონდა 2 მილიონი ევრო.

„არ ვიცი, აქვთ თუ არა ბიზნესი მას ან მათი ოჯახის წევრებს. ეს ვერსია მითხრა შეხვედრის დროს… ჯერ არ გვაქვს მტკიცებულება, რაც ამ ფინანსურ დავას დაადასტურებს“, – გვითხრა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა ბერიძემ.

დანარჩენ ბრალდებულებს: ადემ ჰამქარანჯის, ილქერ საქოღლუს და ოზან მურათ ილმასს დღევანდელ პროცესზე მოსამართლისთვის არაფერი უთქვამთ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რესტორან „გრილის“ წინ 18 ოქტომბერს, ღამის 11 საათზე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 19 წლის ბიჭი, თურქეთის მოქალაქე, თავისა და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, იგი კლინიკაში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 19-109-ე [განზრახ მკვლელობის მცდელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება] მუხლების მიხედვით დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას მხოლოდ ჰაიდარ აქშაქანს ედავება, მას ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გათვალისწინებულია 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა“, – მიმართა მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში.

დანარჩენ სამ ბრალდებულს კი, გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას, ასევე – დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ოთხივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა – ისინი ერთად დააკავეს პოლიციელებმა მკვლელობის ღამეს ფოთი-სენაკის გზაზე ავტომანქანით გადაადგილების დროს.

„ერთმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ის ამხელს ჰაიდარს“, – გისოსებიან ადგილზე გვერდიგვერდ მსხდომ ბრალდებულებს გახედა სტაჟიორ-პროკურორმა ლაშა ლოლუამ.

უხერხული პაუზის შემდეგ პროკურორმა არ თქვა, რომელი ბრალდებულია ეს, თუმცა დაამატა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია, მიიჩნევს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ჰაიდარი პატიმრობაში უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც საფრთხე ელის.

შემდეგ პროკურორი მოუყვა მოსამართლეს, რა მოხდა გამოძიების ვერსიით 18 ოქტომბრის ღამეს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ჰაიდარ აქშაქანი დანარჩენ სამ ბრალდებულთან ერთად მივიდა რესტორანთან ავტომანქანით, ავტომანქანიდან ჩამოვიდა და ისე დაიწყო სროლა რესტორნისკენ, რომლის მინის ფასადთან მიდგმულ მაგიდასთან 6 პირი ისხდა, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. ისიც დაშავდა მინის ნამსხვრევებისგან.

„გამოძიება ელოდება ექსპერტიზის შედეგებს, შესაძლოა ერთზე მეტი პირის დაშავება გამოიკვეთოს გასროლის შედეგად“, – ეს ამბავიც ადვოკატმა პაატა ბერიძემ გვითხრა, ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა სხდომათა დარბაზში.

„25 გასროლა იყო“, – ამას გაუსვა ხაზი პროკურორმა სხდომაზე და განმარტა, რომ გასროლის ეს რაოდენობაც აჩენს ეჭვს.

„ეს მიუთითებს, რომ მან დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა“, – თქვა პროკურორმა ლაშა ლოლუამ.

19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები

რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, რა განზრახვა ჰქონდათ ბრალდებულებს? – სხდომის შემდეგ პროკურორმა ლაშა ლოლუამ გვითხრა, რომ გამოძიება წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ჯერ ვერ იტყვის, რაში გამოიხატება „შურისძიების“ მოტივი, რაც ასევე სასამართლო სხდომაზე გააჟღერა პროკურორმა.

„მას სავარაუდოდ სურდა სუფრასთან მსხდომი ექვსივე პირის განადგურება“, – მხოლოდ ეს გვითხრა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ირკვევა, რომ იმ საღამოს რესტორანში, მაგიდასთან, 6 მეგობარი ისხდა.

„ის უკრაინელი ქალი, რომელიც ასევე დაშავდა ნამსხვრევებისგან, არ იყო ამათთან, სხვა სუფრასთან იყო“, – გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ მიქელაძემ, რომელიც გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მამას დაუქირავებია და დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან არც დაზარალებულების და არც ბრალდებულების ახლობლები. ადვოკატი ნუგზარ მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი ბიჭის მამა ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთს იცნობს – ოზან მურატ ილმასს, როგორც შორეულ ნაცნობს და არ აქვს ვერსია, რის გამო შეიძლება მოეკლათ მისი შვილი.

„არ არის ბიზნესმენი… ისიც სტამბოლში ცხოვრობს, როგორც სხვა ბრალდებულები, ცხედარი გუშინ გადაასვენა და ბათუმიდან წავიდა… ამბობს, რომ მისი შვილი რამდენიმე დღით იყო ჩამოსული ბათუმში ქალაქის დასათვალიერებლად და მეგობრებთან ერთად საღამოს რესტორანში წავიდა“, – თქვა დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ნუგზარ მიქელაძემ.

პროკურორმა ლაშა ლოლუამ კი, ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოში თურქეთიდან შემოსვლის დროს ბრალდებულებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ.

„გამოდის, აქ შეიძინეს მართლსაწინააღმდეგოდ, აქაც ჰყავთ სანაცნობო წრე და აღნიშნული კავშირები შეუძლიათ გამოიყენონ“, – ეს პროკურორმა აღნიშნა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, როცა ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლება ითხოვეს 30 ათასი ლარის სანაცვლოდ.

გამოძიების ვერსიით, გასროლა პისტოლეტიდან მოხდა. სამართალდამცველებმა იარაღი და ვაზნებიც ბრალდებულების ავტომანქანაში იპოვეს მკვლელობის ღამეს.

  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

„თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ“ – წერს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ღარიბი ჯარისკაცების მდიდარი გენერალი – სუროვიკინს $2 მილიონის ქონება აღმოუჩინეს

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მთავარსარდალი $2-მილიონიანი ელიტური ქონების მფლობელი აღმოჩნდა, დოკუმენტების თანახმად კი, 2017-2019 წლებში სერგეი სუროვიკინმა 30,9 მილიონის რუბლის (დაახლოებით $ 500 000) შემოსავალი მიიღო, ხოლო მისმა ცოლმა – 19,7 მილიონის ($ 320 000).

როგორც გამოცემა Верстка წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შემოსავლები და ქონება გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა გამოცემის ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს გაერკვიათ, რა ქონებას ფლობს რუსი გენერალი.

ირკვევა, რომ სუროვიკინს ქონების ნაწილი ცოლზე აქვს გაფორმებული. ჯერ კიდევ 2019 წელს ანა სუროვიკინა ფლობდა მიწის სამ  ნაკვეთს საერთო ფართობით 4,1 ათასი მ2, ბაღს – 1,5 ათასი მ2, სახლს – 685 მ2, წილს არასაცხოვრებელ შენობაში და სამ ბინას – 82 მ2,  107 მ2 და 288 მ2.

თავის დეკლარაციაში სუროვიკინს 288 მ2-ის ბინა აქვს მითითებული, თუმცა როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, ეს არა ბინა, არამედ „დუბროვკის“ პრემიუმ-კლასის დასახლებაში მდებარე სახლია.

Верстка-ს ინფორმაციით, სუროვიკინის ოჯახის დანარჩენი ორი ბინაც მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში, ძვირადღირებულ ბიზნესკლასის კომპლექსებში მდებარეობს.

დეკლარაციის თანახმად, 2017-2019 წლებში სერგეი სუროვიკინმა 30,9 მილიონის რუბლი (დაახლოებით $ 500 000) შემოსავალი მიიღო, მისმა ცოლმა კი – 19,7 მილიონის ($ 320 000).

55 წლის გენერალი სერგეი სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის არმიის მეთაურად და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელად 8 ოქტომბერს დაინიშნა. წარსულში ის ჩეჩნეთის მეორე ომში, ტაჯიკეთის შეიარაღებულ კონფლიქტსა და სირიის ომში მონაწილეობდა.

სირიის შემდეგ სუროვიკინს თავისი სისასტიკის გამო მეტსახელად „ალეპოს ყასაბი“ შეარქვეს. როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, ის რუსეთის არმიის „სტანდარტებისთვისაც“ კი გამორჩეულად კორუმპირებული და დაუნდობელი გენერალია.

მაღალ მთაში მოთოვს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 23-24 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ლუკაშენკო ცდილობს, აიძულოს უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსულ-ბელარუსული არმიაა.

14 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახალ რუსულ-ბელარუსულ დანაყოფში 70 ათასი ბელარუსი და 15 ათასი რუსი სამხედრო შევა.

15 ოქტომბერს ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, აჩვენებს, როგორ შედიან რუსული ძალები ბელარუსში, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ვიდეოზე ასახული ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

„ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა ბელარუსში ნამდვილად გადაისროლა დამატებითი ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 21 ოქტომბრის რელიზში. – „რუსეთი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს ბრძოლისუნარიანი გაერთიანებების შექმნას გამოცხადებული მოცულობით, რადგან მისი ძალები კონცენტრირებულია უკრაინაში, ბელარუსის არმიას კი რთული ოპერაციების ჩატარების მხოლოდ მინიმალური შესაძლებლობები აქვს“.

უწყების ვარაუდით, ერთობლივ დანაყოფებზე განცხადების მიზანი, სავარაუდოდ, არის რუსულ-ბელარუსული სოლიდარობის ჩვენება და მცდელობა, აიძულონ უკრაინა თავისი ძალები ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად მიმართოს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. როგორც გუშინდელ რელიზში აღნიშნავდა დაზვერვა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება მართლაც განიხილავს ხერსონიდან უკან დახევას. უწყება იქვე მიუთითებდა, რომ ამ პროცესში რუსეთის არმიის მთავარი გამოწვევა მდინარე დნეპრის გადალახვა იქნება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 66 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 2 573 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 258 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1 648 ერთეული [+2]
  • MLRS – 372 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 269 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 243 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 325 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 329 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 06 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 147 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 324 თვითმფრინავი
  • 162 ვერტმფრენი
  • 2 302 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 939 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 513 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 685 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ლუკაშენკო ცდილობს, აიძულოს უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვას – ბრიტანეთის დაზვერვა

საზაფხულო თეატრში ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ – ტენდერი 33,5 ათასი ლარით

ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს დაამონტაჟებენ. ლიფტის შეძენა-მონტაჟზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა გამოაცხადა.

მომსახურების შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 33 ათას 540 ლარია. გამარჯვებულმა ლიფტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაამონტაჟოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით: „შეთავაზებულ საქონელზე მონტაჟით უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2-წლიანი გარანტია, საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება შესყიდვის ობიექტის გადაცემის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან;

საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გაუმართაობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მეორე დღეს უზრუნველყოს გაუმართაობის მიზეზის იდენტიფიცირება და არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში (სირთულის მიხედვით), ხარვეზის მქონე კომპონენტის საკუთარი ხარჯებით შეკეთება ან შეცვლა.“

საზაფხულო თეატრი ბათუმის ბულვარში და ადაპტირებული ლიფტის ესკიზი ტენდერიდან

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შიდა გამოყენების ელექტრომექანიკური ლიფტის (ვერტიკალური პლატფორმა) მოაჯირები, ჩამკეტი კარი და ფასადის სხვა ელემენტები უნდა იყოს უჟანგავი/ქრომირებული მეტალის და მინის კომბინაცია.
  • ბაქნის იატაკი/ძირი უნდა იყოს დაფარული სპეციალური საფარით, რომელიც უზრუნველყოფს სავარძლის მტკიცე დგომას და შეამცირებს მოცურების რისკს.
  •  ლიფტის ბაქანს უნდა ჰქონდეს მართვის ღილაკი როგორც შიგნით ბაქანში, ასევე დგომის ზედა და ქვედა პოზიციაში, რათა შშმ პირმა დამოუკიდებლად გამოიძახოს და მართოს ლიფტი.
  • ლიფტის ბაქანს უნდა ჰქონდეს ავტონომიური კვების წყარო, რომელიც დენის გათიშვის შემთხვევაში იძლეოდეს შესაძლებლობას, დასრულდეს ბაქნის გადაადგილების პროცესი.
  • შშმ პირთა შიდა გამოყენების ელექტრომექანიკური ლიფტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. არსებული შენობა, ძველი თეატრის შენობის მიხედვით, 2013 წელს ააშენეს და ის 1100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე მაშინ 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

2022 წლის აგვისტოში გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, თეატრის შენობის რემონტისთვის ბიუჯეტიდან 363 ათას 813 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მშენებელთა ჯგუფმა“ შეასრულა.

ბათუმის კულტურის ცენტრს საზახფხულო თეატრის შენობის რემონტზე ტენდერი 395 ათას 946 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად

რუსეთისთვის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს თითქმის ათეული ადამიანისა და ორი კომპანიის წინააღმდეგ რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების გაგზავნის უკანონო სქემებთან დაკავშირებით ბრალდებები გაასაჯაროვა. როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-დან არალეგალური სქემით გატანილი ტექნოლოგიების ნაწილი, სავარაუდოდ, უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ბრალდებულმა ასევე სცადა რუსეთში „ბირთვული გავრცელების ტექნოლოგიის“ გაგზავნა, რაც რუსეთის ტერიტორიაზე შეტანამდე იქნა შეჩერებული.

„ეს ბრალდებები ავლენს აშშ-ის ექსპორტისა და სანქციების კანონების დარღვევის ორ ცალკეულ გლობალურ სქემას. მათ შორის ამერიკელი მწარმოებლების მიერ დამზადებული მგრძნობიარე სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებას – უკრაინაში ჩამორთმეული რუსული იარაღის პლატფორმებზე ნაპოვნი მოდელების ჩათვლით. ასევე იმ მექანიზებული სისტემის რეექსპორტის მცდელობა, რომელიც რუსეთში ბირთვულ გავრცელებასა და თავდაცვის სისტემებში შეიძლება გამოიყენებოდეს“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებაში.

ბრალდებები ჩამოყალიბებულია ორ ცალკეულ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ასახავს იარაღის ტექნოლოგიისა და სხვა საქონლის რუსეთში გადატანის ორ განსხვავებულ სქემას.

ერთი საბრალდებო დასკვნა, რომელიც ნიუ-იორკშია შემუშავებული, ვენესუელას ნავთობის 2 ბროკერსა და რუსი ეროვნების 5 პირს ადანაშაულებს ფიქციური კომპანიების შექმნაში, რომლებსაც იყენებდნენ ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების რუსეთში გასაგზავნად. ასევე აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მილიონობით ბარელი ვენესუელური ნავთობის რუსი და ჩინელი მყიდველისთვის მიწოდებისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსული ეროვნების ერთ-ერთმა პირმა აღიარა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ნაცვლად მოქმედებდა. სავარაუდოდ იგი წერდა, რომ ოლიგარქი „ასევე სანქციების ქვეშაა“.

პროკურორის თქმით, ტრანზაქციის შესასრულებლად, ბრალდებულებმა გააყალბეს გადაზიდვის დოკუმენტები და მათ მიერ შექმნილი ცრუ კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის ათობით მილიონი დოლარი გადარიცხეს. ერთ-ერთი ბრალდებული, სავარაუდოდ, ტრაბახობდა, თუ რამდენად მარტივია ბანკების გაცურება. ამბობდა, რომ „არაფერია სანერვიულო… ეს ყველაზე ჩასვრილი ბანკია ემირატებში“.

რუსი ეროვნების 2 პირი დააკავეს საზღვარგარეთ და ექსტრადაციის პროცედურას გადიან – განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა ოთხშაბათს. შვიდივე პირს წარდგენილი აქვს ბრალდება შეთქმულებაზე მრავლობითი მუხლით. მათგან 5-ს წარდგენილი აქვს  ნავთობის კონტრაბანდის სქემასთან დაკავშირებული საბანკო თაღლითობა, რაც 30-ზე მეტი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, მეორე საბრალდებო დასკვნაში, ლატვიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს კონექტიკუტში წარმოებული აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთში გასაგზავნად. მოწყობილობა გამოიყენება ბირთვული გავრცელებისა და თავდაცვის პროგრამებში“.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დაკავებულია ოთხი პირი – ესტონეთში მცხოვრები 3 ლატვიელი და 1 უკრაინელი.

„საბრალდებო დასკვნა ამტკიცებს, რომ ეს ბრალდებულები ცდილობდნენ კონტრაბანდულად გადაეტანათ ექსპორტზე კონტროლირებადი, მაღალი სიზუსტის ნივთი რუსეთში, სადაც ის შეიძლება გამოეყენებინათ ბირთვულ გავრცელებისა და რუსეთის თავდაცვის პროგრამებში“, – თქვა აშშ-ის პროკურორმა ვანესა რობერტს ევერიმ კონექტიკუტის ოლქიდან. – „ასეთი ქცევით შექმნილი საფრთხე ყოვლისმომცველია“.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 3 ლატვიელი 18 ოქტომბერს დააკავეს ლატვიაში, ხოლო უკრაინელი დააკავეს ივნისში. ისინი შეერთებული შტატების მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. აშშ ასევე ითხოვს მათ ექსტრადირებას.

ჯერჯერობით უცნობია, შეიტანეს თუ არა ბრალდებულებმა ოფიციალური საპროცესო განცხადება.

_________

მთავარ ფოტო: მერიკ გარლანდი

წყარო: CNN

დავა შვილისთვის – როცა ქალს თურქეთში განქორწინება და საქართველოში დაბრუნება სურს 

26 წლის ფატმა ცინცაძე 4 წელია მისი 5 წლის შვილის დასაბრუნებლად იბრძვის. ბავშვი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა და ახლა სტამბოლში, მამის სახლში ცხოვრობს.

ფატმა კი საქართველოშია და  მზად არის ნებისმიერი სამუშაო შეასრულოს, იმისათვის, რომ სტამბოლში წასასვლელი ფული მოაგროვოს. მას რეგულარული სამსახური არ აქვს.

„დღეს დილიდან სახლს ვალაგებდი, 80 ლარი ავიღე,“ – ამბობს და იმასაც გვეუბნება, რისთვის სჭირდება ფული. მალე სტამბოლში სასამართლო პროცესი იქნება, სადაც უნდა გადაწყდეს, ვის დარჩება ბავშვი – მამას თუ დედას. ფატმას ჯერ წასასვლელი ფული არ აქვს და ძალიან ეშინია, რომ შეიძლება ვერც შეაგროვოს საჭირო თანხა.

ფატმა თურქეთის მოქალაქეზე 2017 წელს საქართველოში დაქორწინდა. მოგვიანებით წყვილმა ქორწინება გააფორმა თურქეთშიც. წყვილი ბათუმში ცხოვრობდა და ქორწინების დროს დადებული სიტყვიერი შეთანხმებით, მომავალშიც საქართველოში უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება.

ფატმას მონათხრობის თანახმად, მისი ქმარი კაზინოს ხშირი სტუმარი იყო, ამის გამო კი ახალგაზრდა ოჯახში პირველი კონფლიქტი დაიწყო. როცა ბავშვი გაჩნდა, ფატმა ქირას და ოჯახის ხარჯს ვეღარ აუდიოდა. ამიტომ განქორწინება გადაწყვიტა. მათი საერთო შვილი ამ დროს 1 წლის იყო.

„ერთ დღეს მოვიდა ჩემი ქმარი და მითხრა, საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ვნახე, იქ წავალ, ვიმუშავებ, ოღონდ ოჯახი არ დაანგრიოო. მთხოვა, წასვლამდე ბავშვთან ერთად თურქეთში წავსულიყავით ორი კვირით, მის ოჯახთან. შემდეგ ის სამუშაოდ წავიდოდა, მე კი საქართველოში დავბრუნდებოდი,“ – იხსენებს ფატმა.

სტამბოლში ჩასვლისას აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი არც საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და არც საქართველოში დაბრუნებას. ფატმას ჩამოართვა მისი და ბავშვის პირადობა, ასევე, დაუხია მინდობილობა.

„მამამთილმა ასე მითხრა: ბავშვი თუ გინდა, იყავი ბავშვის გვერდით, თუ არა, კარი ღიაა და შეგიძლია წახვიდეო. წასვლისას ადვოკატთან მივალთ, ხელს მოაწერ საბუთს, რომ ბავშვს ვტოვებ მამასთან და ისე მიდიხარო. რა თქმა უნდა, ამაზე უარი ვთქვი და დავრჩი,“ – იხსენებს ფატმა ცინცაძე.

ამ ამბიდან მალევე ფატმას დედას ინფარქტი დაემართა და ის იძულებული გახდა დროებით საქართველოში დაბრუნებულიყო. საქართველოში ჩამოსულმა ადვოკატებს მიმართა, რომლებმაც ჰააგის კონვენციის მიხედვით, ბავშვის გატაცების საქმეზე სასამართლო საქმის წარმოება ურჩიეს.

ჰააგის კონვენცია და ფატმას გადაწყვეტილება

ჰააგის კონვენცია ძალაში 1983 წელს შევიდა და ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტებს მოიცავს.

ჰააგის კონვენციას მიერთებულია თურქეთიც და საქართველოც. ეს ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია იმისათვის, რომ თუკი რომელიმე მშობელი არამართლზომიერად წაიყვანს ბავშვს, მეორე მშობელმა მისი ქვეყანაში სწრაფად დაბრუნება შეძლოს.

მშობელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი მეორე მშობელმა მეურვეობის უფლების დარღვევით წაიყვანა სხვა ქვეყანაში, შეუძლია მიმართოს იუსტიციის სამინისტროს. საქმეში ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებები ერთვებიან. სასამართლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ბავშვის დაბრუნების ან არ დაბრუნების შესახებ.

„2018 წელს დავიწყე სასამართლო პროცესი ბავშვის დაბრუნებაზე. საქმე განხილვაზე იყო. სამუშაოზეც შემამოწმეს, სახლიც შემიმოწმეს. ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ წააგებდა სასამართლოს. 2 წლის იყო ბავშვი მაშინ. როცა ჩავედი სტამბოლში სასამართლოზე, მეხვეწა, მემუდარა – ფატმა, სასამართლო არც შენ მოგცემს შვილს, არც მე და თავად წაიყვანსო და მერე იქიდან ვეღარ გამოვიყვანთო.

ახლა თურქული ენაც ვიცი და კანონებშიც გავერკვიე, მაგრამ მაშინ კანონები არ ვიცოდი. ჩემი ქმარი მემუდარებოდა, მოდი, შევრიგდეთო, ჩვენ გამო ბავშვი არ მოიჭყლიტოს და ზაფხულში ერთად ჩავიდეთ სამივე ბათუმშიო. სასამართლოზე ვთქვი შევრიგდით მე და ჩემი ქმარი-მეთქი და უარი ვთქვი სასამართლო განხილვის გაგრძელებაზე.

ახალგაზრდა გოგო იყო მოსამართლე. არასდროს დამავიწყდება, გამომძიებელს უთხრა – ჰააგის კონვენციაზე საქმე პირველად მაქვს აღებული და არ მინდა შეცდომა დავუშვაო,“ – იხსენებს ფატმა.

შეწყვეტილი სასამართლოდან მალევე პანდემია დაიწყო. საზღვრები ჩაიკეტა. ფატმა ქმარს შეურიგდა და ორი წლით დარჩა თურქეთში. ამასობაში ფატმას დედამ კიდევ ერთი ინფარქტი მიიღო, ფატმას კი ისევ მარტო მოუწია საქართველოში დაბრუნება. მისმა ქმარმა პირობა დაარღვია და ბავშვი არ გამოატანა.

ამას მოჰყვა ახალი კონფლიქტი. ცემა, პოლიციაში ჩივილი და ამის გამო ქმრის ოჯახიდან მუქარა.

ფატმა ცინცაძემ ახალი სასამართლო დავა დაიწყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჰააგის კონვენციას ვეღარ გამოიყენებდა, რადგან ვადები გაშვებული იყო, ამასთან პირველ შემთხვევაში თავად შეწყვიტა სასამართლო.

კიდევ ერთი შეცდომა განქორწინების პროცესის დროს დაუშვა: ხელი საქართველოში გააწერა, შედეგად კი თურქეთშიც განქორწინებული აღმოჩნდა და იქ განქორწინებაზე ახალი პროცესი ვეღარ დაიწყო. ახლა ერთადერთი იმედი მეურვეობაზე დავაა.

„საქართველოშიც ვიყავი დაქორწინებული და თურქეთშიც. შეცდომა დავუშვი, არ ვიცოდი, აქ როცა ხელს გააწერ, თურქეთშიც განქორწინებული ხდები. ახლა სასამართლოს მეშვეობით ვაკეთებ განქორწინების დამოწმებას. აქაური საბუთი მიმაქვს თურქეთში, რომ ბავშვის მეურვეობაზე შევიტანო განაცხადი,“ – ამბობს ფატმა.

რა უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დაქორწინდებით

ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ ძირითადი პრობლემები უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინებისას იმიტომ უჩნდებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ იცნობენ იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეზეც ქორწინდებიან.

ქონებრივი დავის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო როდესაც განქორწინების პროცედურას იწყებს წყვილი, სასამართლო წლები გრძელდება.

„განქორწინება რთული პროცესია თურქეთში. არ ხდება ისე მალე, როგორც ჩვენთან. როდესაც მხარე მიმართავს სასამართლოს და ამბობს, რომ განქორწინება უნდა, შეიძლება 10-15 პროცესი ჩატარდეს, მაგრამ სასამართლომ არ გამოიტანოს გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტაზე.

მქონდა ერთი ქეისი, თურქეთის მოქალაქე კაცი ითხოვდა განქორწინებას, რადგან უნდოდა ხელახლა დაქორწინებულიყო საქართველოს მოქალაქეზე. მისი იმჟამინდელი მეუღლე იყო წინააღმდეგი. ზუსტად სამი წელი დასჭირდა განქორწინების პროცესს, რადგან მეუღლე, რომელთანაც საერთო შვილიც კი არ ჰყავდა, ამბობდა, რომ არ უნდოდა დაშორება. თურქეთში, თუ ქალი ან კაცი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგია, ძალიან რთულია განქორწინების პროცესი.

თან ამ პროცესის წარმოებას სჭირდება ფინანსები, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ქალებს არ აქვთ. მაგალითად, სამოქალაქო საქმეებზე ადვოკატები დაახლოებით 10 ათას ლირას იღებენ. ახლა შეიძლება გაზრდილიცაა ეს თანხა,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

მისივე თქმით, ხშირად საქართველოს მოქალაქეები დაუცველები არიან იმიტომაც, რომ არ აქვთ მოწესრიგებული საემიგრაციო საბუთები. ამიტომ, ქორწინებამდე აუცილებელია საემიგრაციო სტატუსის მოწესრიგება, კანონით რომ იყო დაცული.

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები

ოჯახები უმეტესად სიყვარულით იქმნება და ქორწინების პირველ თვეებში არავინ გეგმავს განქორწინებას, არც მოსალოდნელ პრობლემებზე ფიქრობს ვინმე. იმისათვის, რომ ქალი ან კაცი სამართლებრივად დაცული იყოს, საჭიროა გაფორმდეს საქორწინო კონტრაქტი.

საქართველოში, ისევე როგორც თურქეთში, საქორწინო ხელშეკრულების დადებას ერთგვარი ტაბუ ადევს და მისი გაფორმება გარკვეულწილად უხერხულიც კია. თუმცა როცა სიყვარული მთავრდება, საქორწინო კონტრაქტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხდება.

საქორწინო ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქონებასთან მიმართებით და კონტრაქტი არ არეგულირებს ბავშვებთან ურთიერთობას. საქორწინო კონტრაქტი წინასწარ განსაზღვრავს და აწესრიგებს საკუთრების უფლებას. საქორწინო ხელშეკრულების დადება ხდება ნოტარიუსის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილია.

ფატმას გეგმები

თუ თურქეთის სასამართლო ფატმას შვილზე მეურვეობას არ დაუბრუნებს, ფატმა აპირებს საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს და ბინა იმ ქუჩაზე იქირავოს, სადაც მისი ყოფილი ქმრის ოჯახი ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ეს იქნება ერთადერთი გზა, კავშირი ჰქონდეს საკუთარ შვილთან, სანამ ის სრულწლოვანი გახდება.

„როცა სამუშაოს ვშოულობ, ზოგჯერ 16 საათსაც კი ვმუშაობ დღეში იმისათვის, რომ ფული მოვაგროვო და ჩემს შვილთან ვიყო. შეიძლება მე სასამართლომ მეურვეობა არ მომცეს, მაგრამ ვაპირებ იქვე ახლო ქუჩაზე ვიქირაო ბინა, რომ ჩემი შვილის ნახვის შესაძლებლობა მქონდეს. შეიძლება ღამე ერთად ვერ დავიძინოთ, მაგრამ გვერდით უნდა ვიყო, გვერდით ქუჩაზე, გვერდით სახლში.

ჩემმა ამბავმა მასწავლა, რომ თუ ოჯახში რაღაც ისეთი რამე მოხდა, რასაც ხვდები, რომ მთელი ცხოვრება ვერ აიტან, უნდა წახვიდე. ასეთი ადამიანი ცხოვრებაში არ გამოსწორდება.

სანამ პირველ სასამართლოზე ვიტყოდი, რომ ქმარს ვურიგდებოდი, დედაჩემს ვეუბნებოდი – ახლა კი ვწყვეტ საქმეს სასამართლოში, მაგრამ მეორედ რომ მსგავსი გამიკეთოს ჩემმა მეუღლემ, ხომ ისევ სასამართლოში მექნება საქმე-მეთქი.

ვფიქრობ, შეცდომა მეორედ აღარ უნდა დაუშვა. თუ პრობლემა არ გვარდება, დასაწყისში უნდა გაირკვეს ყველაფერი და ყველა თავის გზაზე წავიდეს.

რასაც მივხვდი, ცხოვრებაში ქმარი რომ გაგიმეტებს, ისე ვერავინ გაგიმეტებს. ყველანაირად შეუძლიათ, რომ გაგიმეტონ“.

განქორწინება თურქეთში

როგორია თურქული კანონმდებლობა, როცა ქალი განქორწინებას გადაწყვეტს? „ბათუმელები“ ამ თემაზე ადვოკატ ისმაილ ჰაკკი ჰათიფოღლუს ესაუბრა. ის საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების სამოქალაქო საქმეებზე მუშაობს.

ადვოკატის თქმით, როდესაც საქართველოს მოქალაქე თურქეთის მოქალაქეზე საქართველოში ქორწინდება, სასურველია ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინონ თურქეთშიც, რადგან ასე შესაძლებელი ხდება ყველა იმ შეღავათით და ბენეფიტით სარგებლობა (სამედიცინო დაზღვევა თუ სხვა სოციალური სერვისები), რაც თურქეთის სახელმწიფოს აქვს საკუთარი მოქალაქეებისთვის.

თუკი დაქორწინებული წყვილი განქორწინებას გადაწყვეტს, საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად, თურქეთშიც ქორწინების შემდეგ დაგროვილი ქონება თანაბრად იყოფა.

არსებობს ორი სახის განქორწინება – შეთანხმებული და შეუთანხმებელი.

„ქორწინების თარიღიდან თუ ერთი წელია გასული, შეიძლება შეთანხმებით განქორწინება. მაგრამ თუ ერთი წელი არაა გასული, სერიოზული მიზეზი უნდა იყოს განქორწინებისთვის, შეთანხმებით ვერ განქორწინდები.

შეუთანხმებელი განქორწინების დროს საქმეს განიხილავს სასამართლო. განქორწინების შემდეგ ქალს ეკუთვნის ალიმენტი. ქალს შეუძლია ორი ალიმენტი მოითხოვოს – თავისთვის და შვილისთვის, თავისთვის ცალკე, საერთო შვილისთვის ცალკე.

თურქეთის კანონმდებლობით, კაცმა ქალს ალიმენტი იქამდე უნდა გადაუხადოს, სანამ მეორედ არ დაქორწინდება ქალი. მაგრამ თუ ქალი არასდროს დაქორწინდა, კაცი ვალდებულია მთელი ცხოვრება უხადოს ალიმენტი.

ახლა მიდის დისკუსია თურქეთის პარლამენტში ამ კანონის ცვლილებაზე, ვადა დაწესდესო – 10-20 წელი, მაგალითად, და არ იყოს სამუდამო, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

ალიმენტის რაოდენობა დამოკიდებულია ქმრის შემოსავალზე. მაგალითად, თუ ქმარს ხელფასი აქვს 10 ათასი ლირა, დაახლოებით ¼ დაინიშნება ალიმენტად ამ ხელფასიდან. რაც შეეხება შვილებს, გოგო შვილი თუ ჰყავს, იქამდე უნდა უხადოს მამამ ალიმენტი შვილს, სანამ ის არ დაქორწინდება. თუ ბიჭია, 18 წლამდე. თუ ბიჭი სწავლობს და სტუდენტია, მაშინ 25 წლამდე არის მამა ვალდებული უხადოს ალიმენტი.

თუ კაცი ალიმენტს არ იხდის, მაშინ მოუწევს ციხეში წასვლა. დაახლოებით 3-4 თვეა სასჯელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ალიმენტის გადახდის ვალდებულება მოეხსნა. ის გროვდება და მაინც გადასახდელია. ხშირად განქორწინების დროს ცოლ-ქმარი თანხმდება: ქალი საკუთარი სურვილით ამბობს უარს პირად ალიმენტზე და მხოლოდ შვილების ითხოვს,“ – გვიხსნის თურქეთში განქორწინების თავისებურებებს ისმაილ ჰაკკი ჰათიფოღლუ.

  • ვის რჩება შვილები, როცა ქმარი თურქეთის მოქალაქეა და ცოლი უცხოელი

თურქული კანონმდებლობა ფურცელზე ქალთა უფლებებს იცავს. სასამართლო დავებისას ქალს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, უპირატესობა აქვს. მაგრამ არსებობს კულტურული ფაქტორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ისმაილ ჰაკკი ჰათიფოღლუს თქმით, თუკი მოსამართლე ხედავს, რომ უცხოელმა დედამ შეიძლება ბავშვი სხვა ქვეყანაში წაიყვანოს, მაშინ შესაძლოა მან გადაწყვეტილება მამის სასარგებლოდ მიიღოს და ბავშვი მამას მიაკუთვნოს.

„თუ განქორწინება შეთანხმებით ხდება, იმ შეთანხმებაში ჩაიწერება შვილი ვისთან უნდა დარჩეს. შეთანხმების გარეშე თუ ხდება განქორწინება და ბავშვი არის 3 წლამდე, მაშინ სასამართლო აუცილებლად დედას მიაკუთვნებს.

თუ ბავშვი 3 წელზე უფრო დიდი ასაკისაა, შეიძლება მოსამართლემ მამას მიაკუთვნოს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს. ჩართულია ფსიქოლოგი. ბავშვს კითხავენ და მოგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, განქორწინების დროს, მოსამართლე ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას, მამასთან იყოს თუ დედასთან,“ – ამბობს ადვოკატი.

მოქალაქეობის საკითხი

ჯერ კიდევ 20 წლის წინ თურქეთის მოქალაქესთან ქორწინება უცხოელს ავტომატურად ხდიდა თურქეთის მოქალაქეს. ახლა ეს კანონი შეცვლილია. ქორწინებიდან მხოლოდ სამი წლის გასვლის შემდეგ შეუძლია ქორწინებაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს განაცხადის შეტანა თურქეთის მოქალაქეობაზე.

დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შეინარჩუნოს მოქალაქეობა, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

როცა ბავშვები სკოლის გარეთ ჩხუბობენ, ეხება ეს მასწავლებელს? – ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან

მთავრდება თუ არა მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სკოლის კართან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ამოიწურა და პირიქით – იზიარებს სკოლა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სკოლის გარეთ, მძიმე შედეგით სრულდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას ესაუბრა.

  • ბატონო ლადო, ბათუმში ახლახან იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს შორის კონფლიქტი დაიწყო კლასში, შემდეგ კი, სკოლის გარეთ მძიმე შედეგით დასრულდა. თუმცა სკოლა ამბობს, რომ მან კონფლიქტი ამოწურულად მიიჩნია და პრობლემას არ მიჰყვა ბოლომდე. როგორ უნდა გავიგოთ, რომ კონფლიქტი ამოიწურა?

იყო შემთხვევა, როცა ერთი ბავშვი აწერდა მერხებს უშვერ სიტყვებს და მეორე მოსწავლე ეუბნებოდა, რომ ნუ წერ, რადგან ამ მერხზე ჩემი დაც ჯდებაო. შეწყვეტის ნაცვლად, მეორემ გააძლიერა წარწერების კეთება და ორ ბავშვს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა.

მე ეს კონფლიქტი არ მივატოვე შუა გზაზე და მათ მივეცი ამ კონფლიქტზე საუბრის საშუალება. თუმცა ერთი კვირა დაგვჭირდა პრობლემის მოსაგვარებლად. ერთი კვირის შემდეგ ეს ორი ბავშვი ახალი ინიციატივით გამოვიდა და გააკეთეს პროექტი სახელწოდებით – „მერხს ტატუ არ სჭირდება“ და კონფლიქტიც გადაიჭრა.

მე, პირადად, ერთი კვირა დამიკარგია მარტო იმის ფიქრში, თუ რა გამეკეთებინა, რომ ორ ბავშვს შორის არსებული კონფლიქტი ამოწურულიყო. ყველაზე კარგი შედეგი მაინც იმან მოიტანა, როცა კონფლიქტში მყოფი ბავშვები შევიყვანე ცალკე ოთახში და ორივეს მივეცი ამაზე საუბრის შესაძლებლობა.

შევეცადე, არც ერთი მოსწავლის მხარე არ დამეჭირა და კონფლიქტის ორივე მხარეს თავისი ორთქლი გამოეშვა.

სკოლაში შეიძლება ძალიან პატარა ნაპერწკალი გახდეს კონფლიქტის მიზეზი და როცა უფროსები ვფიქრობთ, რომ ეს ნაპერწკალი არის პატარა, მაინც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ნაპერწკალს აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა მხარის ჩართულობა. ერთ მხარეს თავისი მომხრეები ეყოლება, მეორეს – თავისი და შემდეგ, კონფლიქტი დროთა განმავლობაში უფრო ღვივდება, დიდ მასშტაბებს აღწევს, რაც ცუდი შედეგებით მთავრდება.

როცა მასწავლებელი ხედავს კონფლიქტს, შეცდომაა იმის თქმა – „აბა, ჩამოართვი ხელი“ , „გადაეხვიეთ“, „რა გაქვთ კაცო საჩხუბარი“, კი, ეს შეიძლება კარგი სიტყვებია, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა მედიაციის კურსები ჩაუტარო ან რაღაც შეხვედრა მოუწყო ბავშვებს და ორივე მხარეს მისცე სალაპარაკო. მიიყვანო შეთანხმებამდე.

  • კონფლიქტს რომ უნდა გაჰყვეს ბოლომდე, ეს მასწავლებლის, დამრიგებლის კეთილი ნებაა, თუ ვალდებულება?

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლა არის ბავშვზე ორიენტირებული, მაშინ ჩვენი, მასწავლებლების ცხოვრებაც ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ მსგავს კონფლიქტურ შემთხვევებს წავაწყდებით, მეტი დრო უნდა დავუთმოთ მათ აღმოფხვრას.

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩართავ საქმეში, მით უფრო შეიძლება გამწვავდეს კონფლიქტი. ამიტომ, სჯობს, რომ ეს საკითხი ერთმა მასწავლებელმა გადაწყვიტოს კლასში ან მიჰყვეს ამბავს ბოლომდე.

  • თუ მასწავლებელს არ ჰყოფნის ან კომპეტენცია, ან უნარი? ჩვენ დავინახეთ, რომ ბათუმის შემთხვევაში, ვერ შეძლო მასწავლებელმა (და შესაძლოა სკოლამაც) კონფლიქტის სიმძიმის შეფასება.

ჩემი გამოცდილებით, ბავშვებს შორის კონფლიქტის მოგვარებას ყველაზე კარგად ხელს უწყობს ჯგუფური მუშაობა. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია როგორც სიტუაციის შესასწავლადაც, ასევე კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

ჯგუფური მუშაობა იმიტომ, რომ რამდენიმე ბავშვია ჩართული და რა თქმა უნდა, მათ ერთად რაღაც პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. ამ დროს პატარ-პატარა კონფლიქტები ყოველთვის არსებობს, ამიტომ ეს კონფლიქტები მასწავლებელმა უნდა აბალანსოს.

ჯგუფური მუშაობის დროს შეიძლება რომელიმე მოსწავლემ თქვას, რომ მე სხვანაირად მინდა პრეზენტაცია გავაკეთო, მეორეს კიდევ სხვანაირად უნდოდეს და ასე, არსებობდეს ხუთი სხვადასხვა აზრი.

თუ 5 ჯგუფი გყავს, ხუთივესთან ახლოს უნდა მიხვიდე, გაერკვე, რა გაუგებრობა წარმოიშვა და ხელი შეუწყო მის მოგვარებას. როცა ხუთივე ჯგუფი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული და შეთანხმდებიან, კონფლიქტიც ჩაცხრება.

თუ ასეთი პატარა სავარჯიშოებით არ ვამეცადინეთ ბავშვები და საგაკვეთილო პროცესებში არ მივეცით ამის სწავლის საშუალება, ისე ძალიან რთული იქნება.

ჯგუფური მუშაობა მოსწავლის უნარ-ჩვევებზე მუშაობაა, ამიტომ არის კონფლიქტების მართვის კარგი საშუალებაც.

  • როდის იწყებს ამაზე მუშაობას სკოლა?

სკოლამ ამ საკითხზე ჯერ კიდევ პირველი კლასიდან უნდა იმუშაოს. წარმოიდგინეთ, როცა ბავშვი ათი წელი ჯგუფურ მუშაობაშია და მუდმივად უვითარებ სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობის, აზრთა გაზიარების უნარებს, მაღალ კლასებში უკვე ნაკლებად იჩენს თავს კონფლიქტები.

რა თქმა უნდა, ჯგუფური მუშაობა რთულია, რადგან იწვევს ხმაურს, მაგრამ მასწავლებელს მარტო წიგნი თუ უჭირავს და ასე ხსნის გაკვეთილს, არ უთმობს დროს ჯგუფურ სამუშაოებს, ასეთ შემთხვევებში ღვივდება სხვადასხვა კონფლიქტი ბავშვებში.

თუმცა ჯგუფური მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ მისცე რაღაც დავალება ბავშვებს, უთხრა „20 წუთში ეს დამახვედრე“ და მიუშვა, ასე არ გამოვა.

თუ მასწავლებელი არ მივიდა ყველა ჯგუფთან და არ ჩააქრო პატარა კონფლიქტები, არ უჩვენა მოგვარების  სწორი გზა, მაშინ ვეღარ ასწავლი. შეიძლება პრეზენტაცია ვერცერთმა ჯგუფმა ვეღარ გააკეთოს და დაჭამონ ერთმანეთი.

ჩვენ მარტო საგნის ცოდნას ხომ არ ვაძლევთ ბავშვებს, ვასწავლით თანამშრომლობას, კონფლიქტების მოგვარებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე გაგვყავს ბავშვები.

სკოლა ისეა აწყობილი, რომ თუ მასწავლებელი ყველაფერს თანმიმდევრულად მიჰყვება – როცა საჭიროა ჯგუფურ მუშაობას აკეთებს, როცა საჭიროა პრეზენტაციებს აკეთებს და ასე შემდეგ, კონფლიქტი არ უნდა ხდებოდეს, წესით.

  • ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა საფუძველშივე არ იწყებს კონფლიქტების მოგვარებაზე ზრუნვას?

ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ ასეთი ექსპერიმენტი. მოსწავლეებსა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მივაწოდეთ ჭიკარტი და ვუთხარით, რომ ამ ჭიკარტისთვის რამდენიმე ფუნქცია უნდა მიენიჭებინათ.

ბავშვებმა ამ ჭიკარტს მიანიჭეს 37 ფუნქცია, გამოიყენეს სხვადასხვა სახით, მასწავლებლები კი 7 ფუნქციას ვერ გასცდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივხვდით, რომ მოსწავლეებს გაცილებით დიდი ფანტაზიები აქვთ დაწყებით კლასებში და შემდეგ. ამ მასწავლებლებს ბავშვების ინიციატივებზე, გამოთქმულ იდეებზე ნერვები ეშლებათ და ამიტომ ეუბნებიან ხოლმე –  „გაჩერდი, ტვინი ნუ მატკინე“. აი, ამ დროს ბავშვი თრგუნავს ფანტაზიებს და შემდეგ უფრო ცუდ რამეებში ავლენს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაწყებით კლასებში ბავშვები ვათამაშოთ, მხიარულება შევძინოთ გაკვეთილს, დავამეგობროთ ბავშვები ერთმანეთთან, რომ შემდეგ, უფროს კლასებში, მათ ჰქონდეთ ისეთი ღირებულებები, რომ შესაძლოა პატარა შენიშვნებით შემოვიფარგლოთ მათთან.

  • არის შემთხვევები, როდესაც სკოლა ცდილობს თავიდან მოიშოროს „კონფლიქტური“ ბავშვი. „სადაც გინდა, იქ წაიყვანე“, სხვა სკოლაში გადაიყვანეთ – ეუბნებიან მშობლებს. რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ეს?

არც ერთ მასწავლებელს, არც ერთ დირექტორს არ აქვს კონსტიტუციის დარღვევის უფლება, ანუ ყველა ბავშვს აქვს უფლება განათლების. მე, პირადად, არ მქონია ასეთი შემთხვევა, ისე შემძულებოდეს ბავშვი, რომ მისი სკოლიდან გასვლა მდომოდა, მაგრამ თუ ეს ოდესმე მომინდება, მაშინ მირჩევნია მე წამოვიდე სკოლიდან.

ზოგიერთ დირექტორს უნდა, რომ არ ჰყავდეს მოსწავლეები, რომლებიც რაღაც ტიპის პრობლემებს ქმნიან, რადგან არ სცალიათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, არ აქვთ უნარი, დამოკიდებულებები შეუცვალონ ბავშვს და ურჩევნიათ, რომ გარიცხონ.

მინახია მოსწავლე, რომელიც გარიცხეს სკოლიდან ცელქობის გამო, ჩვენთანაც გადმოვიდა ასეთი გარიცხული ბავშვი, მაგრამ შემდეგ ისეთი კარგი შედეგები აჩვენა და ისეთი კარგი ადამიანი დადგა, რომ არ ვიცი.

  • როცა ბავშვი არ მიდის სკოლაში, სკოლა ამბობს, რომ ატყობინებს ამის შესახებ მშობელს, თუმცა ეს ამბავი მთავრდება ცუდი ან ტრაგიკული შემთხვევითაც, სკოლა უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას მშობელთან ერთად თუ არა?

მე კლასის ხელმძღვანელი არ ვარ, მაგრამ მყავს ისეთი კოლეგები, რომლებიც სახლამდეც კი მიჰყვებიან საჭიროების დროს ბავშვებს. შესაძლოა, სოფელში ეს ადვილია, მაგრამ თუ კლასის ხელმძღვანელი ატყობს, რომ დაძაბულია ბავშვებს შორის ურთიერთობა, სჯობს, რომ სკოლიდან გასვლის შემდეგ გაჰყვეს, ან მშობელი ჩააყენოს საქმის კურსში.

თუ კლასის ხელმძღვანელი ვარ, მაშინ ჩემი ზრუნვა ბავშვზე არ მთავრდება მხოლოდ სკოლის კართან. უნდა გავარკვიო მიზეზი, რატომ აცდენს გაკვეთილს ეს ბავშვი და მშობელთან ვითანამშრომლო. თუ მშობელი ინფორმირებულია, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს შვილის უსაფრთხოებას, უნდა ჩაერიოს სოციალური სამსახური, თუმცა მშობლები ხშირად ამაზეც ბრაზდებიან.

მე მქონდა შემთხვევა, როცა მშობელს ავუხსენი, თუ რა პრობლემები ჰქონდა მის შვილს, რომ არ იყო კარგ წრეში და გვეთანამშრომლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ გამიბრაზდა და შემდეგ როცა დადგა ცუდი შედეგი, მერე მიხვდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.

…იცით, სკოლა არის პატარა სახელმწიფო და რაც სახელმწიფოში ხდება, იგივე ხდება სკოლაშიც. როცა ბავშვები გარეთ ხედავენ, როგორ დასცხებენ ხოლმე პოლიტიკოსები ერთმანეთს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ერთმანეთს, ბავშვებიც ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რომ თუ გავბრაზდები, უნდა დავარტყა ხელი, თუ მე ვარ მართალი, უნდა „გავეჭიმო“ და ასე შემდეგ.

მოკლედ, ნურაფერი ნუღარ გვიკვირს, რადგან სკოლა არის სახელმწიფოს პატარა მოდელი და რაც გარეთ ხდება, იგივე ხდება ყველა სკოლაში.

  • მაგრამ მართვის, აღზრდის ბერკეტები ხომ სკოლის ხელშია?

კი, ძალიან კარგია, რომ მასწავლებელი აღჭურვილია ბევრი უფლებით, მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი მასწავლებელიც კი ვეღარ შეაკავებს პროცესს. ამიტომ, თუ სახელმწიფოში დამშვიდდება ყველაფერი, მაშინ დამშვიდდება სკოლაც. ასე, რომ მთლად მასწავლებლებიც არ არიან დამნაშავე ამ პროცესებში.

შენობები, რომლებსაც ბათუმში დაანგრევენ – მრავალმხრივი ამბები ავარიული სახლებიდან

კარგად გამწვანებული ეზო, მაგიდა და სკამები ღია სივრცეში ჩამოსაჯდომად, სადაც მეზობლები კარგ ამინდში იკრიბებიან, ონკანი ეზოში, სარეცხის გასაფენი მავთული, დაძველებული შუშაბანდი და ვენახი, რომლის ტოტებიც მეორე სართულების აივნებამდე აღწევს – ბევრი ასეთი ეზო ბათუმში უკვე გაქრა, ბევრი კი შეიძლება „ავარიული სახლების პროგრამას“ შეეწიროს.

მოქალაქეები ე.წ. ინვესტორს ელოდებიან იმედით, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, ფართობი კი გაიზრდება. ამ ამბავში ყველას თავისი პირობა აქვს, მერიას, ინვესტორს და მესაკუთრეს – ბათუმის ავარიული სახლების პროგრამასთან დაკავშირებული ამბები მრავალმხრივია.

ბათუმის მერიაში არ დაგვიზუსტეს 139 სახლიდან რამდენის გამაგრებაა შესაძლებელი და რამდენია უპირობოდ დასანგრევი, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #35
ბათუმი გორგილაძის ქუჩა #43

„აქედან არ წავალ“ – გვეუბნება ქალი, რომლის საცხოვრებელიც ავარიული სახლების ნუსხაშია. მისი სახლი ქალაქის ცენტრალურ უბანში, გორგილაძის ქუჩაზე ე.წ. იტალიურ ეზოში მდებარეობს. ეზო 15 ოჯახს აერთიანებს. მათ საცხოვრებელს ორივე მხარეს მაღალსართულიანი კორპუსი ესაზღვრება.

ქალი, რომელსაც არ სურს, რომ მისი სახელი დავწეროთ, ამბობს, რომ ამ ადგილს ვერ დატოვებს. გვიხსნის, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ჩანაცვლებას არ დასთანხმდება და როცა აქ ახალ კორპუსს ააშენებენ, ისიც ამ  კორპუსში იცხოვრებს. ეს მისთვის მისაღებია.

ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ სახლი ავარიულია. როგორც აქ მცხოვრებლებმა გვიამბეს, საცხოვრებლის ერთი მხარე უფრო ცუდ მდგომარეობაშია, მეორე მხარეს კი ბზარები არ აქვს – იმ კომპანიამ,  რომელმაც მომიჯნავე ნაკვეთზე ააშენა, „ცუდად იმუშავა“, შედეგად კი მათი სახლის კედლები დაიბზარა. „მეორე მხარე გადარჩა“.

რა არის ფარდის უკან? – მეზობელი კორპუსის კედელი

ამ ეზოში ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მესაკუთრეებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ. დაზუსტებით არ იციან, რა პირობებს სთავაზობს მათ მერია პროგრამის ფარგლებში. სათქმელი ბევრი აქვთ, თუმცა არ უნდათ მათი სახელი დაფიქსირდეს. ზოგს მიაჩნია, რომ „ასე ლაპარაკი კარგ საქმედ არ ითვლება,“ ზოგს კი „უბრალოდ არ უნდა“.

  • „იგივე ფართობს არავინ დათანხმდება“

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ მათი ადგილები მშენებელი კომპანიებისთვის ორმაგად მომგებიანია, ამიტომაც ინვესტორის პირობას არ თანხმდებიან და თავიანთი მოთხოვნები აქვთ: „ჩვენთან ბევრი მოვიდა და წავიდა“.

ისინი უპირობოდ ითხოვენ გაორმაგებულ საცხოვრებელ ფართობს:

„გარდა ამისა, ჩვენ აქ ეზოც გვაქვს, საერთოდ არ ანგარიშობენ ეზოს ფართობს. ეზოც ხომ ამხანაგობის საკუთრებაა, რომელიც სამშენებლოდ უნდა გამოიყენონ? – ეზოს დაანგარიშება არ უნდათ.“

კომპანიას, რომელიც მსგავს სახლს აითვისებს, 15 მესაკუთრის დაკმაყოფილება მოუწევს გაორმაგებული ფართობით, თხუთმეტივეს მინიმუმ 100 კვადრატი რომ დასჭირდეს 1500 კვ.მეტრი ფართობის გაცემა მოუწევს ნაკვეთზე, სადაც მინიმუმ 15 სართულიან სახლს ააშენებს. ამას დაემატება მშენებლობის დასრულებამდე ამ 15 ოჯახისთვის ბინების დაქირავების ხარჯი.

სხვა შემთხვევებში ეს ხარჯი, ოჯახების რაოდენობის შესაბამისად, მეტი ან ნაკლებია.

გორგილაძის #55 ავარიული სახლების ნუსხაშია
ბათუმი, ვაშა-ფშაველას ქუჩა #41/43
  • კომპანიამ მშენებლობა, რომ ვერ დაასრულოს?“  

ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახლობლების მაგალითზე და, ზოგადად, ქალაქში არსებული პრაქტიკით დიდი გამოცდილება მიიღეს და იციან, რომ ე.წ. ინვესტორი სხვა ტონით და პირობით გელაპარაკება, ვიდრე ქონებას გადაუფორმებ, შემდეგ კი „იქით უნდა ეძებო“. ამიტომაც ბევრი ითხოვს, რომ კომპანიამ მშენებლობის დასრულების დასაზღვევად, ერთგვარი გარანტიის სახით, ამხანაგობის სახელზე თანხა დარიცხოს. ზოგიერთ ამხანაგობას ამ ამბების გასარკვევად ადვოკატიც კი დაუქირავებია.

  • ოღონდ აქედან წავიდე

არიან ისეთი მესაკუთრეებიც, რომლებიც პროგრამის ახალ ეტაპზე გადასვლას მაქსიმალურად მოკლე ვადაში ელოდებიან და იგივე ოდენობის ფართობებით ჩანაცვლება მათთვის ერთგვარი გამოსავალია, თავი საფრთხის ქვეშ რომ აღარ იგრძნონ.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #48
ავარიული სახლი 26 მაისის ქუჩაზე
  • რუსთაველის # 10 – სახლი, რომელსაც დააშენეს, შემდეგ კი ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა

რუსთაველის 10-ში, ბულვარის შესასვლელთან არსებული მრავალბინიანი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაშია. ეს შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კორპუსი ჯერ შეფუთეს, რაშიც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაიხარჯა, შემდეგ კი  მერიის ნებართვით მეექვსე სართული დააშენეს. ახლა კი გავიგეთ, რომ ის ავარიულია.

 

რუსთაველის #10

იმედაშვილის ქუჩა – #9 ავარიული სახლი

იმედაშვილის ქუჩაზე 9 ავარიული სახლია, მათ შორის ერთ სახლს აქვს წარწერა, რომ ის 1904 წელს არის აშენებული.

იმედაშვილის #19 ავარიული სახლების ნუსხაშია
იმედაშვილის #19

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართებით დეველოპერებს უკვე ბევრჯერ შესთავაზა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა, მან იხუმრა კიდეც, რომ ლოტოტრონით გაათამაშებდა მისამართებს და შემდეგ დაურიგებდა მათ. თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ, არც კი გასცინებიათ. მათ არც ჩვენთან ისურვეს საუბარი. გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი და დასაზუსტებელი.

ბათუმი, ვაჟა-ფშაველას #12

ავარიული სახლების ნუსხაში, რომელიც ბათუმის მერიამ უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა 139 სახლის მისამართია. აქედან ბევრი ქალაქის ცენტრშია. მათი მოთხოვნა და, შესაბამისად, მოლოდინები ავარიული სახლების პროგრამის მიმართ ზოგჯერ განსხვავებულია.

იმედაშვილის #4-ში ავარიულ სახლს სავარაუდოდ დააშენეს, ბათუმში შენობაზე ლურჯი ტენტი ძირითადად უკანონო მშენებლობებს აქვს აფარებული. ამ შემთხვევაში დაზუსტებით არ ვიცით რა ხდება.

„ქალები ვართ და გვატერორებენ“ – ბათუმური ბელეტაჟი კორპუსების ტყვეობაში

„ქალები ვართ და გვატერორებენ… დაგვანებონ თავი, მოგვცენ ჩვენი მამის აშენებულ სახლში მშვიდად ცხოვრების საშუალება. წლებია გვაიძულებენ, რომ სახლი გავყიდოთ, დაანგრიონ და აქაც კორპუსი ააშენონ, მაგრამ ჩვენ სახლს არ ვყიდით,“ – ამბობენ ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას 14 ა – ში მცხოვრები დები ეთერ და ნათელა მანელიშვილები. ისინი მორიგი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ ისტორიული, ბათუმური ბელეტაჟის გვერდით, უფრო ზუსტად კი, 30 სმ-ის დაშორებით.

ისტორიული სახლის გვერდით ახალი კორპუსის აშენების შემდეგ 1953 წელს აშენებულ სახლში მზე მხოლოდ ქუჩიდან თუ შევა.

ქუჩის მხრიდანაც, ისტორიული ბელეტაჟის ქუჩის გადაღმა, მრავალსართულიანი კორპუსი შენდება . ეს ვაჟა-ფშაველას 13-ია, სადაც ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიანი, აგურით ნაშენი სახლი 2015 წელს დაანგრიეს და ამისთვის ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.

„ნახეთ, რა ახლოს არის ამოყვანილი ეს ხიმინჯები,“ – გვიყვება ეთერ მანელიშვილი და სახლის შესასვლელთან ჩერდება, საიდანაც კარგად ჩანს მშენებლობის ხიმინჯები ღობით შემოსაზღვრული მშენებლობის შიგნით და ისტორიული ბელეტაჟის პირისპირ – სახლსა და ახალ კორპუსს შორის გავლაც შეუძლებელი იქნება.

ეთერ და ნათელა მანელიშვილები
ეთერ მანელიშვილი
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან, საიდანაც ნათლად ჩანს, ისტორიული სახლის გვერდით იყო მეზობელი სახლის შესასვლელი

ახალ კორპუსს ვაჟა-ფშაველას 14-ში კომპანია „GM BUILD“-ი აშენებს. ამ კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 12 ივლისს მიიღო, თუმცა ნებართვის საფუძველი 2016 წელს ამავე მისამართზე გაცემული ნებართვაა.

„ასეთი პროექტი არ არსებობს, სადაც დისტანცია არ არის დაცული ჩვენს სახლსა და ახალ კორპუსს შორის, დისტანცია უნდა ყოფილიყო მინიმუმ მეტრ-ნახევარი,“ – ირწმუნება ნათელა მანელიშვილი. მისი თქმით,  საკითხზე დაახლოებით ერთი თვის წინ ის ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.

„…არჩილ ჩიქოვანი დამპირდა, რომ მინიმუმ მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნებოდა დისტანცია, მაგრამ ეს დღეები აქტიურად აშენებენ ამ ხიმინჯებს სახლის გვერდით, ყოველგვარი დაშორების გარეშე.

გვერდით მშენებლობის გამო საძირკველს პრობლემები აქვს, ძველი სახლის ფუნდამენტია, გვანგრევენ…“ – ამბობს ნათელა მანელიშვილი.

ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსი ვაჟა-ფშაველას 14-ში ნებართვის შესაბამისად შენდება.

„ვაჟა-ფშაველას 14-ში მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  პროექტი ასევე მოიცავს კონსტრუქციულ ექსპერტიზას,“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც ასევე ვითხოვეთ, ეჩვენებინათ, რა სახით გაიცა ნებართვა 2016 წელს და ითვალისწინებდა თუ არა პროექტი ახალი კორპუსის აშენებას ისტორიულ ბელეტაჟთან დისტანციის გარეშე.

ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისგან უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაციის სახით.

2016 წლის გაცემული ნებართვა და არქიტექტურული პროექტი ვერც კომპანია GM BUILD-ში წარმოგვიდგინეს. აქ მხოლოდ ახალი ნებართვა გვაჩვენეს, რომლითაც ახლა აშენებენ და განმარტეს, რომ 2016 წელს გაცემული ნებართვა და წინა პროექტი არ აქვთ, რადგან მაშინ ვაჟა-ფშაველას 14-ის მესაკუთრე სხვა ფიზიკური პირი იყო, რომელსაც რეალურად კორპუსის მშენებლობა არ დაუწყია. ამ კომპანიაში დები მანელიშვილების პრეტენზიებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს გაეცნო, რომელიც ვაჟა-ფშაველას 14-ში მშენებლობას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უმსჯელია და დათანხმდა „არსებულ 2-სართულიან შენობაზე ერთი ტექნიკური და ექვსი სასტუმროს სართულის დაშენებას“.

საუბარია იმ ორსართულიან სახლზე, რომელიც ისტორიული ბელეტაჟის მეზობლად იდგა და ამ სახლებს შორის დისტანცია არსებობდა. ეს სახლი უკვე დანგრეულია და აქ ახლა ხიმინჯები დაგხვდებათ ახალი კორპუსისთვის.

სამშენებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ორსართულიანი სახლის სრულად დანგრევა და ახალი, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ნებართვა მესაკუთრემ 2021 წლის მარტში ითხოვა.

რატომ დათანხმდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო ამჯერად ბელეტაჟზე მიჯრით შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას, როცა 2016 წელს მიიჩნია, რომ ბელეტაჟის მეზობლად არსებული ორსართულიანი სახლისთვის დაეშენებინათ 6 სართული? – კითხვაზე პასუხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ.

დები მანელიშვილები კი ჰყვებიან, როგორ შეიცვალა მათი მყუდრო ცხოვრება მას შემდეგ, როცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე ბელეტაჟის გარშემო ბათუმის ჩაცემენტება და ქაოსური მშენებლობები დაიწყო.

„მშვენიერი, მზიანი სახლი იყო ჩვენი სახლიც… ჯერ ერთი კორპუსი აშენდა, მერე მეორე, გასულ წელს ქვებიც დაგვიშინეს ზემოდან სპეციალურად, სახურავი დაგვიზიანეს და წყალიც ჩამოგვდის, ნესტია ყველგან, ყველა მხრიდან უკვე ცემენტის კედლებია, არავინ გვისმენს, აშკარად გვავიწროებენ იმის გამო, რომ უკვე ხანდაზმულები ვართ და ვართ ქალები. ფიქრობენ, რომ ვერ დავიცავთ თავს და სახლს გავყიდით,“ – ამბობს ნათელა მანელიშვილი.

„600 ათასსაც გვთავაზობდნენ ამ სახლში, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით… ეს სახლი არ დაინგრევა. მაცხოვრონ ჩემს დედმამისეულ სახლში მშვიდად, არ მაქვს ამის უფლება?“ – კითხულობს ეთერ მანელიშვილი.

დები მანელიშვილები ასევე ამბობენ, რომ მათი მიწის ნაკვეთის ნაწილიც უკვე მიისაკუთრეს, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს ვერ მიმართეს. „კოლოსალური თანხა სჭირდება სასამართლო დავას, როგორ ვიდავოთ?“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ეთერ მანელიშვილმა.

„ფონი თუ მოისპო“ – ეს ფრაზა ახსენა რამდენჯერმე ჩვენთან საუბრის დროს გია რამიშვილმა. ის არქიტექტორია და ამ მოცემულობაში მთავარ პრობლემას ხედავს მასშტაბის დარღვევაში – მრავალსართულიან, ახალ კორპუსებს შორის მომწყვდეული ბელეტაჟი კვარტალში, სადაც განაშენიანება ისედაც ქაოსურია. გია რამიშვილი ამბობს, რომ წლების წინ, როცა ის ბათუმის მთავარი არქიტექტორი იყო, ჰქონდა ინიციატივა საკრებულოში:

„ეს ითვალისწინებდა სიმაღლის შეზღუდვას, მაგალითად, ახალი შენობა ძველთან შედარებით ყოფილიყო მხოლოდ ნახევარჯერ მაღალი. ვთქვათ, თუკი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ან ისტორიული სახლის სიმაღლე არის 4 მეტრი, მის გვერდით მდებარე შენობა არ აშენებულიყო მასზე 2 მეტრით უფრო მაღალი… განუხილველი დარჩა ეს ინიციატივა.

ამ სახლს არ აქვს ძეგლის სტატუსი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული სახლია, ძეგლის დაცვის არეალში ფონი თუ მოისპო… მის პირდაპირ ისტორიული სახლი დაინგრა, დიაგონალზე, კლდიაშვილის კვეთაში, მოშორებით არის აგურის სახლი, რომელსაც დიდი ხანია ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, ქუჩის სიგანიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, აქ 9 სართულიც შეიძლება აშენდეს, მაგრამ არსებული სახლისთვის უნდა გაეწიათ ანგარიში.

პრობლემა ისაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსაც [ეს საბჭო განიხილავს ისტორიული განაშენიანების ზონაში ახალი მშენებლობის საკითხს] ვერ მოსთხოვ პასუხს –  არ არის ეს საბჭო სპეციალისტებით დაკომპლექტებული. საჯარო მოხელეები არიან და მოთხოვნის მიუხედავად ამ საბჭომ ვერ მიიღო ის სახე, რაც უნდა ჰქონოდა… ვიცით, რომ ხშირად გამოყენებულია ეს საბჭო ინსტრუმენტად სხვადასხვა მანიპულაციისთვის,“ – აღნიშნა გია რამიშვილმა „ბათუმელებთან“.

არქიტექტორი გია რამიშვილი ორ პრობლემას ასახელებს: საბჭო, რომელსაც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა უნდა შეეძლოს და კონკრეტული რეგულაციები, რაც შესაბამის სამართლებრივ აქტებში უნდა გაიწეროს, მათ შორის, ისტორიული განაშენიანების ზონაში ახალ მშენებლობებზე.

არქიტექტორი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მიჯრით შენდება ახალი კორპუსი ისტორიული ბელეტაჟის გვერდით:

„ახალი რეგულაციებით აუცილებელია, განისაზღვროს სხვადასხვა მახასიათებელთან ერთად განაშენიანების სახეობა. ბათუმის ისტორიულ ნაწილში ქალაქი სხვა უბნებისგან განსხვავებით, ტრადიციულად არსებობდა შეჯგუფებული განაშენიანება, მიჯრით მიდგმული შენობები. ვიდრე არ გვაქვს გზშ, მსგავს სიტუაციაში კვლევით დგინდება განაშენიანების საშუალო მაჩვენებელი, რისთვისაც კონკრეტული პროცედურებია გასავლელი – უნდა გამოიკვეთოს საშუალო მაჩვენებელი: შესაძლოა კონკრეტულ შენობებს შორის ამ კვარტალშიც იყოს დისტანცია, მაგრამ მონაცემი ითვლება კონკრეტული კვარტლის მიხედვით, უნდა განისაზღვროს, რა არის დომინანტი და შენობების 75 პროცენტზე მეტი.

შესაბამისად, ამ კონკრეტული კვარტალის გათვალისწინებით, ისტორიული განაშენიანების გათვალისწინებით, მიჯრით აშენებაში ვერ ვხედავ პრობლემას, შესაძლებელია, ზიარი კედელიც არსებობდეს, მთავარია, ზიანი არ მიადგეს მესაკუთრეს და თუ ზიანი მიადგება, ეს უკვე სამოქალაქო დავის საგანი იქნება.

პრობლემას ვხედავ ფონის დაკარგვასა და მასშტაბში, ფონი თუ მოისპო…“ – ფონის დარღვევას დაუბრუნდა ისევ არქიტექტორი გია რამიშვილი.

ამ თემაზე:

იმიტომ, რომ ქალები ვართ, სახლის სახურავს ქვები დაუშინეს და დაგვიზიანეს 

როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა

ქობულეთში, ზედა სამების სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ორი კვირის წინ დაიმეწყრა. როგორც სკოლის დირექტორმა მზემზე კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მეწყერმა შემაკავებელი კედელი გაარღვია და საშიშროება შეუქმნა სკოლის საძირკველს. „მეწყერი პირდაპირ მოსულია სკოლის საძირკვლამდე,“ – ამბობს დირექტორი.

სკოლაში 67 მოსწავლე სწავლობს.

დირექტორის თქმით, მოსწავლეები მეოთხე დღეა სწავლას მეზობელი სოფლის სკოლაში აგრძელებენ. „მანამდე ხან ონლაინსწავლებაზე ვიყავით, შემდეგ მეწყერმა იმატა და როცა დარწმუნდნენ, რომ აქ ბავშვების გაჩერება არ შეიძლებოდა, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გადავსულიყავით სხვა სკოლაში,“ – გვითხრა მზემზე კახიძემ.

სკოლა, სადაც ბავშვებს ამჟამად სწავლობენ, სოფლიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული.

დირექტორის თქმით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ტრანსპორტი ემსახურება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისთვის ოთხი სამარშრუტო ტაქსია გამოყოფილი, „აქედან სამი ორ რეისს აკეთებს“.

როდის განახლდება სამების სკოლაში სასწავლო პროცესი და მიმდინარეობს თუ არა მეწყრული პროცესების შესწავლა? – ვკითხეთ სამინისტროს.

მათი თქმით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია გეოლოგიის სამსახურმა შეისწავლა. „ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები, მათ შორის დამატებითი ჯებირებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა,“ – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების თქმით, პროექტი უკვე მზადაა და სამუშაოები მალე დაიწყება.

„სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი, ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ გეოლოგები,“ – აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

მათ ასევე ვკითხეთ, იდგა თუ არა მეწყრის საშიშროება 2020 წელს, როცა სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარეს? – სამინისტროში გვიპასუხეს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მეწყრის საშიშროება არ იყო.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებაზე საუბარი ჯერ ადრეა. „ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, ახლა შემოდგომაა და წვიმს, წინ ზამთარია და  არავინ იცის, როდის იქნება შესაძლებელი სკოლაში სწავლის განახლება“.

ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა.

ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული.

სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს.

კომპანიამ ამ უბნებში 412 960 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში უნდა შეიტანოს, რომელსაც მდინარე ჭოროხის დელტაში გამოყოფილ 4 ადგილზე ამოიღებს.

პირველ უბანზე აუცილებელია 120 000 კუბური მეტრი, ხოლო მეორე და მესამე უბნებზე – ჯამში 292 960 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა / წყარო: საპროექტო დოკუმენტაცია

„როცა სახელმწიფო ობიექტი კეთდება სახელმწიფოს დაკვეთით და თავად იძლევა მასალებს [აღნიშნულ შემთხვევაში ხრეშს], ასეთ დროს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდება ლიცენზიისგან გათავისუფლება. კომპანია ელოდება საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებას, რომლის შემდეგ დაიწყება ჯერ მოსამზადებელი, შემდეგ კი ძირითადი სამუშაოები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ბონდი-2009“-ში.

კომპანიის ინფორმაციით, მთავრობაში შესაბამისი მიმართვა გაგზავნილია და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„შევეცდებით ახალ ბულვარში სავალი ნაწილის მინიმუმი შევზღუდოთ, რათა სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. სავალი ნაწილის მთლიანი მონაკვეთის გადაკეტვას არ ვაპირებთ“, – აცხადებენ კომპანიაში.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია „სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან 150 დღეში. კომპანიას არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემამდე.“

ამავე ხელშეკრულებით, „იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოების წარმოება შეუძლებელია სათანადო ბუნებრივი ან/და მეტეოროლოგიური პირობების გამო, რაშიც იგულისხმება შტორმი ან/და მდინარეზე წყლის დონის მატება, მიმწოდებლის, ზედამხედველისა და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შედგება ერთობლივი აქტი – სამუშაოს წარმოების შეუძლებლობის შესახებ“.

გარემოს დაცვის სამმართველო კომპანიას თანხას ეტაპობრივად გადაუხდის: „უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აჭარის ბიუჯეტიდან, შემდეგი სავარაუდო განაწილებით: 2022 წელი – 674 000 ლარი, 2023 წელი – 4 936 608 ლარი.“

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ამ ეტაპზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო.

ტენდერში, „ბონდი-2009“-ის გარდა, კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა. ისინი სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 7,12 და 7,19 მილიონ ლარად სთავაზობდნენ.

ტენდერი 7 192 585 ლარით იყო გამოცხადებული.

დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

 

თბილისში ZEG ფესტივალი გაიმართა

15 ოქტომბერს, თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსში უკრაინის ომი და მისი გავლენა იყო მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავდა უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და  ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას.  ფესტივალმა უმასპინძლა 20-ზე მეტ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა  „კოლონიალიზმის გადაფასება“, „რა ხდება დასავლური საინფორმაციო სივრცის მიღმა“, „ვის მხარეს არის ტექნოლოგიები ომში?“, „დავიწყებული ომები და ღია ჭრილობები“ და ა.შ.

ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, Center for Civil Liberties-ის დირექტორი ოლექსანდრა მატვიჩუკი, რომლის დამსახურებითაც, მივისე ორგანიზაციამ, ახლახან ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, თიბისი, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor’s.

რა მოხდება, თუ რუსეთი კახოვკის ჰესზე აფეთქებას მოაწყობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის საფრთხეზე იმსჯელა. საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე სცენარი განიხილეს.

თუ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბას ააფეთქებს, ეს უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა იქნება, რომელიც უდიდეს მსხვერპლს და დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, როგორც დანილოვმა უკრაინის 24-ე არხს უთხრა, შესაძლებელია რუსეთმა ჰესზე სხვა ტიპის ქმედებებიც ჩაიდინოს, მაგალითად, გაანადგუროს სადგურის აგრეგატები, რომლებიც უკრაინისთვის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანი დასძენს, რომ კახოვკის ჰესის დაზიანების შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაში მთლიანად უწყლოდ დარჩება ყირიმი, რომელიც ახლა სწორედ კახოვკიდან მარაგდება.

„ყირიმის წყალმომარაგება მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც ამას დღის წესრიგში აყენებენ, როგორც აუცილებელ რამეს. იმ მოლაპარაკებებზე, რომელთა გამართვაც მათ თავის დროზე უნდოდათ, ეს პუნქტიც არსებობდა. თუ ისინი კახოვკის სადგურის აფეთქებაზე წავლენ, უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი წყალი ყირიმს ვეღარ ექნება,“ – ამბობს დანილოვი. – „სხვა საკითხია, რომ მათ ასევე შეუძლიათ გაანადგურონ იქ არსებული აგრეგატები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს.“

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშიც ნათქვამი იყო, რომ ბოლო დღეებში რუსები აქტიურად ამზადებენ საინფორმაციო სივრცეს პროვოკაციისთვის, ე.წ. False Flag ოპერაციისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკან დახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ და უკრაინელთა წინსვლა შეაფერხონ.

„რუსი სამხედროები შესაძლოა ფიქრობენ, რომ დამბის გარღვევა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მათ უკან დახევას გადაფარავს და შეაჩერებს ან შეაფერხებს მაინც უკრაინელთა წინსვლას. სუროვიკინმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს კიევი კახოვკის სადგურზე დარტყმას აპირებს, რაც მისივე თქმით, ხერსონის ოლქში დამანგრეველ წყალდიდობას გამოიწვევს. ეს განცხადება სალდომაც გაიმეორა,“ – წერენ ISW-ის ანალიტიკოსები და ვარაუდობენ, რომ ასეთი თავდასხმა კრემლმა შესაძლოა გამოიყენოს თავისი პროპაგანდისთვისაც, რომლის თანახმადაც ის უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს.

კახოვკის ჰესი ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკადან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის დნეპრის ჰიდროელექტროსადგურების ჯაჭვში მეექვსე და ყველაზე ქვედა საფეხურია.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 1950 წელს დაიწყო, 1964 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა და ამუშავდა ჩრდილოეთ ყირიმის არხი, რომლის გავლითაც წყალი კახოვკის წყალსაცავიდან ყირიმში და ხერსონის ოლქის რაიონებში მიედინება.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსებმა ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიკავეს.

10 წელი მიუსაჯეს უკრაინელი ჯარისკაცის დედას, რომელიც რუსებს ფოტოებს აწვდიდა

ჩერკასის მცხოვრებს, 62 წლის ტატიანა დრობოტს, რომელიც რუსებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებისა და პოზიციების ფოტოებს უგზავნიდა, სამშობლოს ღალატისთვის სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა.

ჩერკასის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამომძიებლებმა მსჯავრდებულის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინის არმიის დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაცემას ადასტურებდა.

გამოძიების მტკიცებით, მსჯავრდებული ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ასევე ღიად უჭერდა მხარს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის ფედერაციას ჩერკასის კონკრეტულ მიკრორაიონზე  საარტილერიო და სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდა. იმ რაიონში უკრაინის არმიის სამხედრო ობიექტი მდებარეობს.

ტატიანა დრობოტი მარტში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან რუსულ ნომრებზე გაგზავნა ფოტოები, რომლებიც მისმა ქმარმა პლანშეტით გადაიღო. სამართალდამცველების თქმით, მარტში უკრაინის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ ითვალისწინებდა სასჯელს სამხედრო ობიექტების ფოტოგრაფირებისთვის, ამიტომაც ქალის ქმარი მაშინ დაკავებას გადაურჩა, თუმცა ის აპრილში მაინც დააკავეს და საბრძოლო მასალების უკანონოდ ფლობისა და შენახვისთვის გაასამართლეს.

მსჯავრდებულმა სასამართლოზე დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ ემოციებით ხელმძღვანელობდა და უკრაინის ან უკრაინის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება არ სურდა.

ტატიანა დრობოტის ადვოკატის თქმით, ქალის ერთ-ერთი შვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროა და რუსეთის წინააღმდეგ ომში იბრძვის.

მთავარი ფოტო: ტატიანა დრობოტის სასამართლო პროცესი/ფოტო: 1800.com.ua

___

მსგავსი თემა:

„თქვენ ნაძირლებო“, – უკრაინელი ჯარისკაცის მესიჯი მამას, რომელიც რუსების მხარეს იბრძვის

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველების სერტიფიცირება იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.

სერტიფიცირება მოიცავს ორ ეტაპს – ტესტირებასა და გასაუბრებას.

დირექტორობის სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 24 ოქტომბერს იწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ.

„2020 წელს გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულ პირებს ხელახალი რეგისტრაცია აღარ სჭირდებათ“, – ამბობს სამინისტრო.

26 ოქტომბრიდან კი დირექტორობის მსურველებს საშუალება ექნებათ ელექტრონული რესურსების პორტალზე ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

  • სკოლის დირექტორის სტანდარტი
  • განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები
  • სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება
  • სასკოლო კურიკულუმის შემუშავება
  • სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი
  • სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება
  • ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება
  • ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება
  • მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა
  • საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია
  • მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები
  • სასკოლო კულტურის ფორმირება

სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ კონკრეტული შეკითხვები გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: directors@emis.ge.

სამინისტროს განცხადებით, 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც მიმართულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე.

დირექტორობის სერტიფიცირება აუცილებელია იმისთვის, რომ მსურველმა მონაწილეობა მიიღოს დირექტორობის კონკურსში. იმ საჯარო სკოლებში, სადაც არ არის არჩეული დირექტორი, სამინისტრომ სამეურვეო საბჭოს ასარჩევად სერტიფიცირებული კანდიდატები უნდა წარუდგინოს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლების უმრავლესობას დღეს მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი ჰყავს და არა არჩეული.

რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის ამზადებს – ISW

რუსები ქმნიან საინფორმაციო საბაბს პროვოკაციისთვის, ე.წ. False Flag ოპერაციისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკან დახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ და უკრაინელთა წინსვლა შეაფერხონ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მოსალოდნელი მარცხისთვის ამზადებს.

„როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ გააკეთა დასკვნები ხარკოვის ოლქში წარუმატებლობის შემდეგ და ახლა ცდილობს, შეარბილოს ის მოცემულობა, რომ რუსეთის არმიამ შესაძლოა წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს უკრაინელთა მორიგ კონტრშეტევას,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში და მაგალითებად რუსეთის ძალების მეთაურის გენერალ სუროვიკინისა და ხერსონელი კოლაბორაციონისტის ვლადიმირ სალდოს განცხადებები მოჰყავთ.

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნულმა მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, კრემლისტურ მედიასთან საუბარში ხერსონში შექმნილ ვითარებას მძიმე უწოდა და აღნიშნა, რომ სარდლობას „რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს“. იმავე დღეს ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ ოლქის მთავრობა ქალაქს და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ტოვებს და მოსახლეობის ევაკუაციასაც იწყებს.

ISW-ი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი თავისი უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე ე.წ. False Flag ოპერაციას გეგმავდეს.

„რუსი სამხედროები შესაძლოა ფიქრობენ, რომ დამბის გარღვევა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მათ უკან დახევას გადაფარავს და შეაჩერებს ან შეაფერხებს მაინც უკრაინელთა წინსვლას. სუროვიკინმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს კიევი კახოვკის სადგურზე დარტყმას აპირებს, რაც მისივე თქმით, ხერსონის ოლქში დამანგრეველ წყალდიდობას გამოიწვევს. ეს განცხადება სალდომაც გაიმეორა,“ – მიუთითებენ ანალიტიკოსები და ვარაუდობენ, რომ ასეთი თავდასხმა კრემლმა შესაძლოა გამოიყენოს თავისი პროპაგანდისთვისაც, რომლის თანახმადაც ის უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთი განაგრძობს „ევაკუაციის“ საბაბით უკრაინის მოქალაქეების იძულებით გადასახლებასა და იძულებით მობილიზაციას
  • რუსეთის პრეზიდენტის 19 ოქტომბრის განცხადება და საომარ რეჟიმის შემოღება მიუთითებს კრემლის მზადყოფნაზე, ლეგიტიმაცია მიანიჭოს რუსეთის არმიის მოქმედებებს
  • „ვაგნერის“ დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი განაგრძობს მცდელობას, გამოყოს თავისი სამხედრო კომპანიის დაჯგუფებები რეგულარული რუსული არმიის ელემენტებისგან
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ხარკოვის ოლქში უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების დასაბრუნებლად
  • რუსული და უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეტევებს კრემენაია-სვატოვოს რაიონში
  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ჯარებმა შეტევა მიიტანეს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 66 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +370]
  • ტანკი – 2 567 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 5 255 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 1 646 ერთეული [+9]
  • MLRS – 372 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 269 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 243 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 311 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 329 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 40 05 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 147 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 324 თვითმფრინავი
  • 162 ვერტმფრენი
  • 2 296 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 926 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 511 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 665 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის დიდი პრობლემა დნეპრის გადალახვა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის დიდი პრობლემა დნეპრის გადალახვა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ მართლაც განიხილავს ხერსონიდან უკან დახევას და თავისი ძალების მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე გადაყვანას.

უწყება უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მეთაურის, გენერალ სუროვიკინის განცხადებებს ეყრდნობა.

„18 ოქტომბერს რუსეთის ძალების ახლახან დანიშნულმა მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის ოლქში „რთული ვითარება შეიქმნა“. მან მოიწონა საუკუპაციო ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მანამდე გაცხადებული გეგმაც.

სუროვიკინის, როგორც ოპერაციული მეთაურის მხრიდან, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ ასეთი უარყოფითი ახალი ამბის გაჟღერება ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ის, დიდი ალბათობით, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს საკუთარი ძალების დნეპრის მეორე სანაპიროზე გადაყვანის საკითხს,“ – წერს უწყებს 20 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, უკან დახევისას რუსეთის მთავარი გამოწვევა 1000 მეტრის სიგანის მდინარეზე პირადი შემადგენლობის გადაყვანა და ტექნიკის გადაზიდვა იქნება.

„იმ ფონზე, როდესაც ყველა მუდმივი ხიდი სერიოზულად დაზიანებულია, რუსეთი იძულებული ხდება მთლიანად დაეყრდნოს დროებით ბარჟის ხიდს, რომელიც ხერსონთან ამ დღეებში დაასრულა და სამხედრო პონტონის ბორნებს, რომლებსაც რამდენიმე ლოკაციაზე იყენებს,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება რუსეთის არმიის სხვადასხვა დონეზე შექმნილ პრობლემებს აანალიზებდა და მიუთითებდა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტები სულ უფრო ნაკლებად ქმედუნარიანნი ხდებიან, ტაქტიკურ დონეზე კი უმწვავეს პრობლემად რჩება უმცროსი ოფიცრების ნაკლებობა.

მთავარ ფოტოზე: სატელიტური ფოტოს ანალიზი – როგორ იყენებს რუსეთი პონტონის ბორანს ნოვა კახოვკასთან/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ექიმს ანევრიზმის მქონე პაციენტის პირდაპირმა ნათესავებმაც უნდა მიმართონ – ქირურგის რჩევები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოშიც, სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად მოიაზრება. ამ დაავადებების შიდა სტრუქტურაში სიკვდილიანობის შესაფასებლად 10 ძირითად მიზეზს ასახელებენ, ერთ-ერთი მათგანი კი აორტის ანევრიზმაა.

ექიმები მას „ჩუმ სიკვდილსაც“ ეძახიან, დაავადების ვერაგი ხასიათის გამო – იგი შეიძლება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს და გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გართულებული ფორმაა, ანუ როცა ანევრიზმა სკდება. ეს, ზოგ შემთხვევაში, ადამიანის მომენტალურ გარდაცვალებას იწვევს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგი, გიორგი ხელაძე ამბობს, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ კვლევებს იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკის ჯგუფშია.

  • ბატონო გიორგი, რა არის ანევრიზმა?

ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის გაფართოება, როდესაც მისი დიამეტრი ნორმასთან შედარებით ფართოა. ეს შეიძლება იყოს ამობერილობა, გაფართოვდეს მთლიანი სისხლძარღვი ან მისი გარკვეული (მაგალითად, წინა ან გვერდითა) კედელი. ანევრიზმა საშიშია, რადგან ის დროთა განმავლობაში იზრდება და როდესაც ის მიაღწევს გარკვეულ დიამეტრს (მაგალითად, აორტის  შემთხვევაში, როდესაც მიაღწევს 50 მმ-ს) სკდება. როგორც წესი, ის სკდება მაღალი არტერიული წნევის დროს, რა დროსაც დიდი რაოდენობით სისხლი იღვრება სხვადასხვა ადგილას.

ანევრიზმას მეორენაირად უწოდებენ ჩუმ სიკვდილს, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ახასიათებს სიმპტომების გამოვლენა, პაციენტები ჩივილებს ვერ წარმოადგენენ.

ლოკალიზების მიხედვით, ყველაზე ხშირია მუცლის აორტის ანევრიზმა.

  • რა მიიჩნევა ანევრიზმის რისკ-ფაქტორებად?

ანევრიზმის განვითარების რისკფაქტორებია ასაკი, ოჯახის ისტორია, ცხოვრების წესი, სამედიცინო მდგომარეობა ან სქესი.

მაგალითად, რისკფაქტორად მიიჩნევა არაჯანსაღი ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლის ჭარბად მიღება; ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა – იმუნიტეტის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი.

რისკფაქტორებში ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრული განწყობა ანევრიზმის მიმართ. თუ კი ოჯახში ან წინაპრებში ვინმეს ჰქონდა ანამნეზში ანევრიზმა, უნდა გაფრთხილდნენ მისი პირდაპირი ნათესავები (შვილები, და-ძა) და აუცილებლად მიმართონ ექიმს, რათა ის გამოირიცხოს.

მნიშვნელოვანი რისკფაქტორია მაღალი წნევა, ზოგიერთი ადამიანი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ საერთოდ ვერ გრძნობს, ამიტომ წნევის კონტროლი აუცილებელია.

ანევრიზმის რისკჯგუფში არიან კაცები, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის, ანუ 65-ზე მეტი წლის – მათ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი: მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია.

  • როგორია ანევრიზმის გასკდომის გარეგანი ნიშნები?

გასკდომით გართულებულ შემთხვევაში ადამიანს ასხამს ცივი ოფლი, ზოგჯერ ხდება გონების დაკარგვა, გააჩნია, სად სკდება ანევრიზმა. სანამ ანევრიზმა გასკდება, ზოგიერთ პაციენტს აქვს ასეთი სიმპტომი – ჭიპის არეში ხელის დადებისას აღინიშნება მოპულსირე წარმონაქმნი. გარდა ამისა, წელის არეში, თირკმლებთან იწყება ტკივილი, შეიძლება თირკმლის ჭვალიც გეგონოს და აღმოჩნდეს ანევრიზმა. მაგრამ საქმე ის არის, რომ უშუალოდ გასკდომა საკმაოდ გვიანი და შორსწასული შემთხვევაა. ჩარევა საჭიროა მანამდე.

  • როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტირება?

ევროპის ქვეყნებში ყველა პენსიონერ ადამიანს იბარებენ გამოკვლევაზე და უფასოდ იკვლევენ ექოსკოპიის საშუალებით. ეს რუტინული კვლევაა, რომელიც ძალიან სანდოა მუცლის აორტის ანევრიზმის გამოსავლენად. ანევრიზმა შეიძლება გამოვლინდეს კომპიუტერული ტომოგრაფიითაც.

  • რას ნიშნავს ანევრიზმის მკურნალობა?

თანამედროვე მსოფლიოში დანერგილია სხვადასხვა ლოკალიზების აორტის ანევრიზმის მკურნალობის უსისხლო მეთოდები. ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციებს როგორც ღია წესით (ანუ ტრადიციული მეთოდით), ისე ენდოვასკულური (სისხლძარღვს შიგნიდან), ანუ უსისხლო ჩარევის მეთოდით. აორტის ანევრიზმის მკურნალობა ამ მეთოდებით ხდება, როგორც გეგმური, ისე გასკდომით გართულებული შემთხვევების დროს, ანუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაც.

ამ დროს დაზიანებული სისხლძარღვის ადგილზე ვსვამთ სპეციალურ სტენტს, ანევრიზმა გამოეთიშება მოცირკულირე სისხლს და ის უკვე ახალ, სინთეტიკურ (ხელოვნურ) მასალაში იმოძრავებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე დაცულია ანევრიზმის გასკდომისგან.

უსისხლო ჩარევების როლი განსაკუთრებით დიდია, როდესაც ადამიანს  სისხლის დიდი დანაკარგი აქვს და ოპერაცია ღია წესით კიდევ უფრო მეტი ტრავმაა მისთვის. ასეთ დროს ბარძაყის არტერიიდან პატარა განაკვეთით ხდება ანევრიზმის გათიშვა – სისხლდენის შეჩერება, რაც სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაციაა გართულებული პაციენტებისთვის.

ღია, ტრადიციული მეთოდით ოპერაციის დროს, მუცლის აორტის შემთხვევაში ხდება მუცლის გაკვეთა და ჩანაცვლება ხელოვნური სისხლძარღვოვანი საპროთეზო სისხლძარღვის მასალით – ვაკერებთ ხელით ანუ ანევრიზმა შეიცვლება ხელოვნური სისხლძარღვით, რომელშიც მოძრაობს სისხლი.

  • როგორია ოპერაციის რისკები ანევრიზმის გასკდომის დროს და მისი გეგმურად ჩატარების შემთხვევაში?

ანევრიზმის გახეთქვის შემდეგ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, დიდია სისხლის დანაკარგი – სისხლი ჩაღვრილია კუნთებში, სხვადასხვა ორგანოში, სისხლით გაჟღენთილია ქსოვილები და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით. რაც უფრო ნაკლებია სისხლის დანაკარგი, მით მეტია ადამიანის გადარჩენის შანსი.

როცა გეგმურად კეთდება ანევრიზმის ოპერაცია, პაციენტი მომზადებულია, სისხლის დანაკარგი არ არსებობს, ოპერაციაც კეთდება მინიმალური სისხლის დანაკარგით. შესაბამისად, მაღალი შანსია, რომ გეგმურ შემთხვევებში ოპერაცია იქნება წარმატებული და პაციენტისთვის ადვილად გადასატანი (მაგალითად, ენდოვასკულურის დროს შანსი 95%-ზე მეტია), ხოლო გასკდომით გართულებულ შემთხვევებში მაღალია პაციენტის გარდაცვალების შანსი – რისკი 50%-მდე, თუ კი პაციენტს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.

  • ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია და რეკომენდაციები როგორია?

როდესაც კეთდება უსისხლო ოპერაცია, ანუ გაჭრის გარეშე – ენდოვასკულურად, ადამიანის დაყოვნება კლინიკაში არის 2 დღე და მას არ სჭირდება რაიმე ტიპის რეაბილიტაცია, მას შეუძლია მესამე დღეს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, იაროს სამსახურში და ა.შ. უსისხლო ოპერაცია არის ბევრად უფრო ნაკლებად ტრავმული, ვიდრე ღია, ტრადიციული მეთოდებით გაკეთებული ოპერაცია.

თუმცა, როდესაც ენდოვასკულური ჩარევა კეთდება, პაციენტმა წელიწადში ერთხელ უნდა გადაიმოწმოს, თუ როგორ იქცევა მისი ენდოპროთეზი, ანუ ჩაყენებული სტენტი.

ღიად გაკეთებული აორტის ანევრიზმის ოპერაციის შემთხვევაში, პაციენტი ერთი წლის შემდეგ გადაიღებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მერე უკვე აღარ სჭირდება ყოველწლიური მონიტორინგი. გადამოწმება საჭიროა იმიტომ, რომ ადგილი არ ჰქონდეს ანევრიზმის პარკში სისხლის გაჟონვას. თუ ამ უსისხლო ოპერაციას მოჰყვა რაიმე ტიპის გართულება, ასევე უსისხლოდ შესაძლებელია ამ გართულებების მკურნალობა, სჭირდება მეთვალყურეობა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა თამბაქოს მოხმარება სრულად უნდა შეზღუდოს, ალკოჰოლი უნდა მიიღოს მცირე დოზით ან საერთოდ უარი უნდა თქვას. ფიზიკურ აქტივობაზე შეზღუდვა არ არის.

G20-ის სამიტზე ბაიდენს პუტინთან დერეფანში შეხვედრაც კი არ სურს – Politico

ჯო ბაიდენს „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ახლა სწორედ იმით არიან დაკავებული, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილონ.

ამის შესახებ გამოცემა Politico-ს უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ტეილორმა უთხრა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რას ფიქრობს ბაიდენი პუტინზე.

„როგორც წესი, მკვლელებსა და სამხედრო დამნაშავეებს არ ხვდებიან,“ – ამბობს ტეილორი.

თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ერთხელ შეხვდა – 2021 წელს ჟენევის სამიტზე. კიდევ რამდენჯერმე მათ ტელეფონით ისაუბრეს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ სავარაუდო სამხედრო აგრესიაზე.

CNN-ის კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინს მომავალ თვეში G20-ის სამიტზე ინდონეზიაში, ერთი კვირის წინ ბაიდენმა უპასუხა, რომ მასთან ლაპარაკის მიზეზს ვერ ხედავს.

„ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რაზე საუბარი ენდომებოდა მას“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ თუ პუტინი ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის საქმეზე ლაპარაკს მოისურვებს, მაშინ მასთან სასაუბროდ მზად იქნება. – „მაგრამ ის მხეცურად მოიქცა, მხეცურად მოიქცა. ვფიქრობ, მან ომის დანაშაულები ჩაიდინა და, შესაბამისად, ვერ ვხედავ რაიმე რაციონალურ მიზეზს, მას ახლა შევხვდე.“

რუსეთის ფედერაციაში სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა შეერთებული შტატების მოქალაქეს, კალათბურთელ ბრიტნი გრინერს.

G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება. კრემლმა უკვე დაადასტურა, რომ პუტინმა მიწვევა მიიღო და რომ რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე დასწრებას გეგმავს.

მიწვევა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, თუმცა უცნობია, ის სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში გაემგზავრება, თუ „დიდი ოცეულის“ მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართავს. უკრაინელი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ზელენსკი სავარაუდოდ, მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის ამ უკანასკნელ ფორმას აირჩევს.

მთავარ ფოტოზე: ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ჟენევაში, 2021 წელი/ფოტო: ალექსანდრ ზემლიანიჩენკო

სექტემბერში 1 462 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებიდან, 30 სექტემბრამდე პერიოდში სტატუსი 1 462 სტუდენტს შეუჩერდა.

აღნიშნულ უწყებას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რა არის სტატუსის შეჩერების მიზეზები, თუმცა აღნიშნული უწყებიდან ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებში არ ჩანს, სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან რამდენია ისეთი, ვინც სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო და ამის გამო შეიჩერა სტატუსი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების გარდა, რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა. ოფიციალური მონაცემებით, მათი უმრავლესობა ქვეყანაში დარჩა. ამან უძრავ ქონების დაქირავებაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ის, რომ რეგიონში მცხოვრები სტუდენტები გაძვირებული ქირის გამო თბილისსა თუ ბათუმში ბინებს ვეღარ ქირაობდნენ, ამის შესახებ სტუდენტები ღიად აცხადებდნენ და საპროტესტო აქციებიც კი გამართეს.

სტუდენტები მთავრობას საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც სთხოვენ.

რადგან გაძვირებული ფასების გამო თბილისში ჩასვლას ვეღარ ახერხებდნენ, სტუდენტებმა უნივერსიტეტებისგან სწავლების ონლაინ ფორმატის შენარჩუნებაც მოითხოვეს, ამ ფორმით მაინც რომ შეძლებოდათ სწავლის გაგრძელება…

როგორც EMIS-ში გვეუბნებიან, კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე.

ფინანსური დავალიანების გარდა, სტუდენტს სტატუსის შეჩერება შეუძლია იმ შემთხვრვაშიც, თუ ის უცხო ქვეყანაში, რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა.

სტატუსის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი, ასევე შეიძლება იყოს ორსულობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

__________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი. სტუდენტების საპროტესტო აქცია თბილისში.

ცემით მოკლეს ირანელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც არ იმღერა ხამენეის მადიდებელი ჰიმნი

ირანის უსაფრთხოების სამსახურმა, კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე მოკლა ქალაქ არდებილში. გოგონას საკლასო ოთახში სცემეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე. მისი სკოლა გასულ კვირას შეამოწმეს, მას შემდეგ მთელი ირანის მასშტაბით, ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა.

ირანელ მასწავლებელთა სავაჭრო ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, 16 წლის ასრა პანაჰი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა 13 ოქტომბერს არდაბილში შაჰედის გოგონების საშუალო სკოლა დაარბიეს და გოგონების ჯგუფს მოსთხოვეს ემღერათ ჰიმნი, რომელიც ადიდებს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლას ალი ხამენეის.

როდესაც მათ უარი თქვეს სიმღერაზე, უსაფრთხოების ძალებმა სცემეს მოსწავლეები, რის შედეგადაც რამდენიმე გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები დააკავეს. პარასკევს, გავრცელებული ინფორმაციით, პანაჰი სკოლაში მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

გოგონები სკოლებიდან აქტიურად მონაწილეობენ ირანში მიმდინარე სახალხო პროტესტში, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა – ის აგვისტოში ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და სცემა, ახალგაზრდა ქალი, აქედან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანში მაქსიმალურად იზღუდება ინტერნეტზე წვდომა, სოციალურ ქსელებში ირანელები დღემდე ავრცელებენ პროტესტის და ირანის ხელისუფლების მიერ ხალხზე ძალადობის კადრებს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ვიდეო გავრცელდა საკლასო ოთახებიდან, სადაც მოსწავლე გოგონები ჰაერში ატრიალებენ ჰიჯაბებს, ხსნიან რანის უზენაესი ლიდერების სურათებს და ყვიროდნენ ანტირეჟიმულ ლოზუნგებს 22 წლის მაჰსა ამინის მხარდასაჭერად.


მინაწერი: „დაახლოებით 10-12 წლის სკოლის მოსწავლეები, თავსაბურავებით ხელში, თავდაჯერებულად მარშირებენ ირანის ქუჩაში და სკანდირებენ: „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება!“

პროტესტის ამ ფორმას, ირანის ხელისუფლებამ გასულ კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებზე რეიდების სერიით უპასუხა, სადაც გავრცელებული ცნობების მიხედვით, ოფიცრები ძალით შევიდნენ საკლასო ოთახებში, ძალადობრივად დააკავეს სკოლის მოსწავლეები, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი სკოლის შენობებში.

კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირანის მასწავლებელთა კავშირმა დაგმო „სასტიკი და არაადამიანური“ რეიდები და მოითხოვა განათლების მინისტრის, იუსეფ ნურის გადადგომა.

ფრაგმენტი განცხადებიდან: სამწუხაროდ, მათი სასტიკი და არაადამიანური ქცევის სპექტრი გავრცელდა უნივერსიტეტებში, სკოლებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში, რომლებიც ითვლება უსაფრთხო და მეორე სახლად იმ სტუდენტებისთვის. ისინი თავხედურად და უკანონოდ შემოიჭრნენ სკოლაში, სცემეს და დააკავეს სტუდენტები, ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენეს დაწყებით სკოლებში. და რაც ყველაზე ცუდია, სკოლების მარიონეტული ადმინისტრატორები, კანონიერი და ჰუმანიტარული მოვალეობის საწინააღმდეგოდ, თანამშრომლობდნენ რეპრესიულ ძალებთან და გაუღეს სკოლების კარი უსაფრთხოების ძალებს, რათა დაეშინებინათ და დაეკავებინათ სტუდენტები. მათ გადასცეს მოსწავლეების ფოტოები და ინფორმაცია. და ეს მახინჯი ქმედებები რეგიონების ხელმძღვანელების, გენერალური მენეჯერების ბრძანებით და განათლების არაკომპეტენტური მინისტრის მწვანე შუქით ხორციელდება.

ირანელი უფლებადამცველების თქმით, სულ მცირე 240 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის 32 არასრულწლოვანი. ირანელი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რომ ირანის 111 ქალაქში 8000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

საქართველოში იმპორტირებული 52 ტონა ქათმის ხორცი განადგურდა – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული 52 ტონა ქათმის გაყინული ხორცი გაანადგურეს. მიზეზი, ამავე სამსახურის განცხადებით, სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა იყო.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის [52 000 კილოგრამი] ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

თავდგირიძე სუს-ის დაწერილი ტექსტით ლაპარაკობდა – კირთაძე ყოფილ თანაპარტიელზე

ხელვაჩაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მალხაზ თავდგირიძემ თანამდებობა და პარტია დატოვა. მან ამის მიზეზად, პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი დაასახელა.

ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ბათუმში, გიორგი კირთაძე პარტიის შიგნით კრიზისს გამორიცხავს და ამბობს, რომ მალხაზ თავდგირიძის განცხადებები სუს-ის მიერაა დაწერილი.

„ეს ადამიანი განცხადებას რომ აკეთებდა, ყველა ხვდებოდა, რომ სუს-ის დაწერილი ტექსტით გველაპარაკებოდა.

ახსენებდა ბათუმის საკრებულოს წევრ ლაშა კილაბერიას, კეზერაშვილს, ან ლაშა რა შუაში იყო, ან კეზერაშვილი ან თბილისიდან დავალებას ვინ რაზე აძლევს, მართლა ვერაფერი ვერ გავიგე.

ჩვეულებრივად, სუს-ის დაწერილი მესიჯბოქსით გველაპარაკებოდა, რომლითაც ტიტე აროშიძე, ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე გველაპარაკებიან ხოლმე.

არანაირი კრიზისი და არანაირი პრობლემა არ არის, ამ ერთ ადამიანთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვის ნიშანი და ის, რაც ბოლოს გააკეთა, ყველამ კარგად ვნახეთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

პარტიიდან და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მალხაზ თავდგირიძემ მხოლოდ აჭარის ტელევიზიისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან გააკეთა. მან თქვა, რომ პარტიის ლიდერები მისი პირადი მიმოწერითა და საუბრებით აშანტაჟებდნენ და მანდატის დათმობას სთხოვდნენ.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გიორგი კირთაძე.

„სრული უაზრობა და სისულელეა, ხომ მოითხოვა გამოძიება და ვნახოთ აბა, რას იტყვის გამოძიება. მე მსგავსი არაფერი გამიგია.

დღეს რა მოცემულობაშიც ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველამ კარგად ვიცით, რა რეჟიმში გვებრძვის „ქართული ოცნება“ და ნაცვლად იმისა, რომ გუნდთან ერთად ყოფილიყო, „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყო თანამშრომლობა. თავდგირიძემ „ქართული ოცნების“ თამაში რომ ითამაშა, ეს გამოჩნდა მის განცხადებებში“, – ამბობს კირთაძე.

კითხვაზე, თუ როდიდან გაჩნდა კითხვის ნიშნები პარტიაში მალხაზ თავდგირიძესთან, კონკრეტულად რა საკითხებთან მიმართებაში, ასევე როგორ მოხვდა ის თვითმმართველობის საარჩევნო სიაში, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ არჩევნების დროს, მთლიანად თავის საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული და ამ საკითხზე არ უფიქრია.

თუმცა საუბარში დასძენს, რომ თავდგირიძის განცხადებები არ უკავშირდება პარტიულ კრიზისს და მხოლოდ „ერთი ადამიანის ამბავია“.

„ამას გიდასტურებთ, რომ ერთი ადამიანის ამბავია და მეტი არაფერი. არანაირი დაძაბულობა არ არის პარტიაში და ის სისულელეები რაც ილაპარაკა, რეალობას არ შეესაბამება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პატარა პოლიტიკური პარტია, ბევრი ადამიანია ამ პარტიაში და, შესაბამისად, ბევრი აზრი არსებობს, კამათიც ხშირად არის ხოლმე რაღაც თემებზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა“, – ამბობს კირთაძე.

ამ საკითხზე, დღეს, 19 ოქტომბერს მედიასთან კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და თქვა, რომ „ვნახოთ, კიდევ ვინ იქნებ შემდეგი“.

გიორგი კირთაძეს ვკითხეთ, მას თუ აქვს იმის მოლოდინი, რომ მალხაზ თავდგირიძის მსგავსად შესაძლოა სხვა რომელიმე წევრმაც დატოვოს პარტია და ამაზე ხომ არ მიანიშნებს რიჟვაძის კომენტარი.

„თუ ლაშას გულისხმობენ, ლაშა კილაბერია პარტიიდან არ წასულა, მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ბათუმის საკრებულოში. ფრაქციის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა ნოდარ დუმბაძემ“, – ამბობს ის.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ლაშა კილაბერია ქვეყნის დატოვებას, კირთაძე ამბობს: „თუ ივანიშვილის რეჟიმს ხელისუფლებიდან არ გავუშვებთ, ლაშას კი არა, მეც, თქვენც და სხვებსაც მოუწევთ ამ ქვეყნიდან წასვლა. რაღაცები ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ წარმატებულ ადამიანებს აღარ უწევდეთ წასვლა და ამ ქვეყანაში შეძლონ რეალიზება“.

„ბათუმელებმა“ სცადა მალხაზ თავდგირიძესთან დაკავშირება. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

ბოლო 36 დღეში უკრაინის თავდაცვამ 223 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო – ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის საჰაერო ძალების შტაბი წერს.

„19 ოქტომბრის მონაცემებით, იმ პირველი შემთხვევის შემდეგ, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონი „შაჰედ 136“ ჩამოვაგდეთ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალებისა და სხვა დანაყოფების მიერ განადგურებულია ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“ – ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის საჰაერო ძალები აღნიშნავენ, რომ ირანული დრონები რუსებს „გარან 2-ის“ სახელით აქვთ მარკირებული.

„ვმუშაობთ მათი გაუვნებლების უფრო ეფექტიან და ნაკლებხარჯიან მეთოდებზე, რადგან ახლა დრონის ჩამოგდებაზე გამანადგურებელი ავიაცია და საზენიტო კომპლექსებიც კი მუშაობს, თუმცა ვიდრე საფრთხე იარსებებს, გამოვიყენებთ ყველა საშუალებასა და ძალას, რაც ამ უპილოტო საფრენი აპარატების გასადაგურებლად გვაქვს,“ – უთხრა ჟურნალისტებს საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.

იგნატის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსეთის მიერ გაშვებული დრონების 85%-ს ანადგურებს.

ირანული წარმოების ლეტალურ აპარატებს რუსეთი უკრაინაში განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში იყენებს. 10 ოქტომბერს დაწყებულ მასობრივ სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებში მთავარი როლი სწორედ „შაჰედებს“ ჰქონდათ. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობდა, რომ 17 ოქტომბრის დილით დედაქალაქის თავზე 30-მდე დრონი დაფრინავდა.

რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა თეირანს დამატებით კიდევ 2 ათასი დრონი შეუკვეთა.

რამდენიმე დღის წინ, დაზვერვის სამსახურებზე დაყრდნობით, დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა მასალები, რომელთა მიხედვითაც ირანი რუსეთისთვის დრონების გარდა ბალისტიკური რაკეტების გადაცემასაც აპირებს.

ოფიციალურმა თეირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდება არაერთხელ უარყო, თუმცა როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, უკრაინა მზადაა წარუდგინოს ევროკავშირის ქვეეყნებს მტკიცებულებები, რომლებიც თეირანისგან მოსკოვისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას დაადასტურებს. კულებამ უკვე მიმართა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ უკრაინამ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

ხულოში, სოფელ ღურტაში, 42 წლის კაცი ხის დაცემისგან დაიღუპა

ხულოში, სოფელ ღურტაში, კაცს ხე დაეცა და დაიღუპა, ის 42 წლის იყო.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

დიოკნისის თემში ხულოს რწმუნებულის, გურამ კახაძის ინფორმაციით, კაცი ხეს სოფლის ტერიტორიაზე ჭრიდა ბენზოხერხით.

შსს-ს ამ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.

რუსები მათ მიერვე ოკუპირებულ ხერსონზე დარტყმას აპირებენ – ვიტალი კიმი

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ვარაუდით, რუსები პროვოკაციას აწყობენ და ხერსონზე დარტყმისთვის ემზადებიან.

საკუთარი ვარაუდის საფუძვლად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს – რუსები მასობრივად მოუწოდებენ მოსახლეობას ევაკუაციისკენ, რადგან თითქოს ხერსონზე თავდასხმას უკრაინის ძალები აპირებენ, პარალელურად კი ამზადებენ სიმააგრებს საქვემეხე არტილერიისთვის ჩაპლინკის რაიონში, საიდანაც ხერსონზე დარტყმა შეუძლიათ.

„კარგად ვიცი რუსული ტაქტიკა, ამიტომაც მაქვს შეგრძნება, რომ რუსები ხერსონზე დარტყმისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ,“ – ამბობს ვიტალი კიმი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში.  

დღესვე ხერსონში რუსების მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობამ უკრაინელთა კონტრშეტევის გამო ქალაქის დატოვება და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ევაკუცია უკვე დაიწყეს სამინისტროებმა და „საქალაქო ადმინისტრაციის“ უწყებებმა, მოქალაქეებისთვის კი ხერსონის ოლქში შესვლა ერთი კვირით აიკრძალება.

ჯერ კიდევ გუშინ  ვლადიმირ სალდო იუწყებოდა, რომ ხელისუფლებამ ხერსონის მოსახლეობის „ნებაყოფლობითი გასახლების“ გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ცნობით, საუკუპაციო ხელისუფლება დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მდინარის მარცხენა სანაპიროზე დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას აპირებს. სალდოს თქმით, ის მოქალაქეები, ვინც რუსეთში გადაწყვეტს ევაკუაციას, ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებენ.

ის, რომ რუსები ნამდვილად გეგმავენ მთელი ქალაქის იძულებით დეპორტაციას, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს „გენოციდის ახალი ფორმაა“

ხერსონში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა უკრაინაში რუსეთის ძალების ახალმა მთავარსარდალმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმაც. მის კომენტარებს კრემლისტური მედია ავრცელებს.

„ხერსონთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯები დამოკიდებულები იქნება შექმნილ სამხედრო-ტაქტიკურ სიტუაციაზე. ის მარტივი არაა, არ გამოვრიცხავ, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს,“ – განაცხადა სუროვიკინმა და დასძინა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინელთა მხრიდან ხერსონზე სარაკეტო შეტევის საფრთხის გამო დაიწყო. – „ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ მაქსიმალურად გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი სამხედროები.“

რუსეთის ძალების მთავარსარდალმა აღიარა ისიც, რომ ხერსონის ოლქში ვითარება დაძაბულია და უკრაინის არმია რუსულ თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობს.

4 პირი დავაკავეთ – შსს ბულვარში შეირაღებულ კონფლიქტზე, როცა 19 წლის კაცი დაიღუპა

„ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით,“ – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ბათუმის ბულვარში წუხელ მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს, ერთ-ერთი რესტორნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 19 წლის კაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა წუხელ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. კონფლიქტის შემდეგ ადგილზე რესტორნის შუშის ფასადის ჩამსხვრევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

გამოძიება გრძელდება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით.

თბილისში, Axis Towers- ის სავაჭრო ცენტრში სილქნეტის გაყიდვების კუთხე გაიხსნა

სილქნეტი გაყიდვების ქსელს აფართოებს  და თბილისის მასშტაბით, სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  თანამედროვე კონცეფციის ფილიალებს ხსნის.  

დღეიდან უკვე შესაძლებელია Axis Towers-ის სავაჭრო ცენტრში, მობილურ სატელეკომუნიკაციო პროდუქტებზე მომსახურების მიღება, მათ შორის: 

  • SIM ბარათის შეძენა
  • eSIM-ის გააქტიურება
  • საუკეთესო პირობებით პორტირება

ახალი ფილიალის ვიზუალი გამორჩეულია და საინტერესოდ აგრძელებს ბრენდის კონცეფციას –  სივრცე კომპაქტურია და სრულად მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული. 

სამუშაო საათები: ყოველდღე – 10:00 – 22:00 (შესვენებით)

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. #37მ -„აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორია.

ცნობილია, ვინ იასპარეზებს ბათუმში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე – წილისყრა დასრულდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 2023 წელს რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა გუშინ, 18 ოქტომბერს ბუქარესტში გაიმართა. საქართველო A ჯგუფში მოხვდა ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთად.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოში A და C ჯგუფის მატჩები გაიმართება, ხოლო რუმინეთში – B და D ჯგუფის.

საქართველოში მატჩები ჩატარდება ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის სტადიონებზე. ჩემპიონატი ბუქარესტში გაიხსნება, ხოლო ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარდება.

ცნობილია, რომ ბათუმი ჯამში 21-წლამდელთა ჩემპიონატის ხუთ მატჩს უმასპინძლებს. აქედან ორი ნახევარფინალი და ფინალი იქნება.

U21 ევროს ფინალურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს.

გარდაიცვალა 19 წლის კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

გარდაიცვალა კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთი-ერთ რესტორანთან, წუხელ შეიარაღებული კონფლიქტის დროს სულ 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი თავის და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი.

კლინიკა „მედცენტრის“ პრესცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. კლინიკაში კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს, ერთი კაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა შეიყვანა, ქალი კი, თვითდინებით მიიყვანეს. მათ სამედიცინო მომსახურება უკვე გაუწიეს და კლინიკიდან გაწერეს.

გარდაცვლილი კაცი და დაშავებულებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს, მას შუშის ნამსხვრევები ჰქონდა მოხვედრილი სხეულზე და კლინიკიდან უკვე გაწერილია. ეს დაშავებული საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე [განზრახ მკვლელობის მცდელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება] მუხლების შესაბამისად.

Exit mobile version