მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ გააქვთ ავტომანქანები მესაკუთრეებს ბათუმის პორტიდან – პორტის განმარტება

29.12.2022 • 8560
რატომ ვერ გააქვთ ავტომანქანები მესაკუთრეებს ბათუმის პორტიდან – პორტის განმარტება

„ავტომანქანა ოქტომბრის დასაწყისში ვიყიდე გერმანიაში, ბათუმშია, მაგრამ დღემდე ვერ მაძლევენ,“ – გვიყვება მეგი რიჟამაძე. მან ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას შეუკვეთა ავტომანქანის გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანა.

მეგი რიჟამაძის მსგავსი პრობლემა ბევრ სხვა მოქალაქეს აქვს, ვინც ავტომანქანა საზღვარგარეთ შეიძინა.

„გადამზიდი მეუბნება, რომ ბათუმის პორტშია პრობლემა,  კონტეინერიდან მანქანები ვერ გამოჰყავთ… პორტსაც დავუკავშირდი, მაგრამ ვერ მივიღე ინფორმაცია, როდის შეიძლება გაიხსნას კონტეინერი, სადაც ჩემი ავტომანქანაც არის.

ამავდროულად, კონტეინერის დგომის საფასურის გადახდა მოგვიწევს დამატებით. ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც ჩვენ მოგვიწევს.

არ ვიცი, რატომ ვერ ხსნიან კონტეინერს, მაგრამ, ჩემი აზრით, პორტი თუ იღებს ტვირთს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამტარუნარიანობაც. თუ ამის უნარი არ აქვს, არ უნდა მიიღოს მაშინ.

ზღვა გვაქვს ქვეყანას და ვიფიქრე, უფრო მარტივად შემოიტანდნენ ტვირთს ზღვით. თავდახრილი უნდა ვმუშაობდეთ და ეს რა არის?“ – კითხულობს მოქალაქე.

„დაამატეს ახალი ხაზები, ლოჯისტიკა კი არ დაალაგეს, ქაოსური ვითარებაა,“ – ამბობს ავტომანქანების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანიის „IM ლოჯისტიკის“ ხელმძღვანელი, მიშა ქურციკიშვილი.

გადამზიდავის თქმით, ის დაახლოებით 12 წელია თანამშრომლობს ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალთან და მსგავსი პრობლემა ამ დრომდე არასდროს შეჰქმნია.

„მახსოვს, 2019 წელსაც იყო შეყოვნება, მაგრამ ამ დროით არა…“ – გვიყვება მიშა ქურციკიშვილი. – „6 დეკემბერს შემოსული კონტეინერებიც კი არ გახსნილა ჯერ… თითო კონტეინერზე დგომის საფასური დღეში 15 ამერიკული დოლარია. ერთ კონტეინერში 4 მსუბუქი ავტომანქანა თავსდება.

ბათუმის პორტში ახალი ხაზები გააკეთეს, სხვა გემებიც დაიმატეს, მაგრამ გასახსნელი ადგილი აღარ აქვთ.

ვერ მეუბნებიან, როდის გახსნიან ჩემს კონტეინერებს. პორტი ამბობს, თუ ვერ დაგველოდებით, მაშინ ფოთის პორტში გადაიტანეთო, რაც დამატებით მომსახურებაა და ეს კიდევ აძვირებს ავტომანქანის ფასს,“ – აღნიშნა მიშა ქურციკიშვილმა „ბათუმელებთან“.

ბათუმის პორტის საკონტეინერო გადაზიდვების სამსახურში გვითხრეს, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ მოკლედ, რასაც სხვა მომხმარებლებს ეუბნებიან: „ბევრი კონტეინერია, ტვირთებმა მკვეთრად იმატა… კონტეინერის გახსნა ჩვენი ვალდებულება არ არის, ეს დამატებითი სერვისია, შეუძლიათ ფოთის პორტში გადაიტანონ კონტეინერი“.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციიდან გამოგვიგზავნეს წერილიც, სადაც აღნიშნულია:

„გაზრდილი დატვირთულობის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომსახურების ჩვეული მაღალი ხარისხის მიწოდება.

ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს დამატებითი სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას, დამატებითი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის შეძენასა და მოწყობას. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ემსახურება სატერმინალო პროცედურების გამარტივებას, დაჩქარებასა და მომსახურების მაღალეფექტური დონის შენარჩუნებას,“ – ვკითხულობთ ბათუმის პორტიდან წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, როდის მიიღებენ მოქალაქეები დეკემბრის დასაწყისში, ბათუმის პორტში შემოტანილ ავტომანქანებს, ან როდის მოახერხებს საკონტეინერო ტერმინალი კონტეინერების გახსნას. ამ ტერმინალის დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა, 2022 წლის დეკემბერში განაცხადა:

„ვაფასებთ კლიენტების გვერდით დგომას, რომლებიც მხარს გვიჭერენ უეცრად გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში… გამტარუნარიანობის გაზრდის ახალი პროგრამა, გადადგმული ნაბიჯები და ავტოიმპორტიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კოორდინირებულად  მომსახურების საუკეთესო შესაძლო შედეგის მისაღწევად, დარწმუნებული ვართ, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ეს მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაცია ყველა მხარის სასარგებლოდ მოგვარდება“.

საკონტეინერო ტერმინალის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, რა რაოდენობით გაიზარდა ტვირთბრუნვა ბათუმის პორტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: