ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია

20.10.2022 • 1750
ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა.

ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული.

სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს.

კომპანიამ ამ უბნებში 412 960 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში უნდა შეიტანოს, რომელსაც მდინარე ჭოროხის დელტაში გამოყოფილ 4 ადგილზე ამოიღებს.

პირველ უბანზე აუცილებელია 120 000 კუბური მეტრი, ხოლო მეორე და მესამე უბნებზე – ჯამში 292 960 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა / წყარო: საპროექტო დოკუმენტაცია

„როცა სახელმწიფო ობიექტი კეთდება სახელმწიფოს დაკვეთით და თავად იძლევა მასალებს [აღნიშნულ შემთხვევაში ხრეშს], ასეთ დროს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხდება ლიცენზიისგან გათავისუფლება. კომპანია ელოდება საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებას, რომლის შემდეგ დაიწყება ჯერ მოსამზადებელი, შემდეგ კი ძირითადი სამუშაოები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ბონდი-2009“-ში.

კომპანიის ინფორმაციით, მთავრობაში შესაბამისი მიმართვა გაგზავნილია და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„შევეცდებით ახალ ბულვარში სავალი ნაწილის მინიმუმი შევზღუდოთ, რათა სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. სავალი ნაწილის მთლიანი მონაკვეთის გადაკეტვას არ ვაპირებთ“, – აცხადებენ კომპანიაში.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია „სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან 150 დღეში. კომპანიას არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემამდე.“

ამავე ხელშეკრულებით, „იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოების წარმოება შეუძლებელია სათანადო ბუნებრივი ან/და მეტეოროლოგიური პირობების გამო, რაშიც იგულისხმება შტორმი ან/და მდინარეზე წყლის დონის მატება, მიმწოდებლის, ზედამხედველისა და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შედგება ერთობლივი აქტი – სამუშაოს წარმოების შეუძლებლობის შესახებ“.

გარემოს დაცვის სამმართველო კომპანიას თანხას ეტაპობრივად გადაუხდის: „უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აჭარის ბიუჯეტიდან, შემდეგი სავარაუდო განაწილებით: 2022 წელი – 674 000 ლარი, 2023 წელი – 4 936 608 ლარი.“

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ამ ეტაპზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო.

ტენდერში, „ბონდი-2009“-ის გარდა, კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა. ისინი სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 7,12 და 7,19 მილიონ ლარად სთავაზობდნენ.

ტენდერი 7 192 585 ლარით იყო გამოცხადებული.

დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: