ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“  [14:00 საათზე] უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვაწვდიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, 5 წლის ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა მას ყბა-სახის  ოპერაცია დასჭირდეს.

„ბათუმელებისთვის“ არ არის ცნობილი, იყო თუ არა ძაღლი მიუსაფარი.

ირანი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია.

სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ კანაანის კომენტარს სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით Европейская правда ავრცელებს.  

„გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, პოლიტიკურადაა მოტივირებული და მას დასავლეთის წყაროები ავრცელებენ. ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარაღება ომში ჩართული არც ერთი მხარისთვის“, – ამბობს ნასერ კანაანი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ირანის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე იმსჯელებენ.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბრის დილით „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.

პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა კიევის დაბომბვის შედეგად. ერთერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ნანგრევებიდან 19 ადამიანი ამოიყვანეს, სამი მათგანი კლინიკაშია მოთავსებული.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ირანული წარმოების 11 კამიკაძე-დრონი „შაჰედ-136“ ჩამოაგდო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ დრონებს რუსეთი „გერან 2-ის“ დასახელებით იყენებს. 

მთავარ ფოტოზე: დრონის ნარჩენები კიევის დღევანდელი დაბომბვის შემდეგ/ფოტო: უკრაინის პროკურატურა

რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები

თინეიჯერების ბრაზი ზოგჯერ მშობლების ან თანატოლების მიმართ ძალადობრივ ქცევად გარდაიქმნება. რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდების ბრაზის მიზეზი და რის გაკეთება შეუძლია მშობელს ამ დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ირმა, რატომ არის ბრაზი და აგრესია ხშირი მოზარდობისას?

დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდობის ხანა ყველაზე რთული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის თავისი ცხოვრების მანძილზე. ეს არის ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის ეტაპი, როდესაც იწყება პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფების ხანა და ძალიან რთული პერიოდი საიმისოდ, რომ სხეული და ფსიქიკა ჰარმონიაში მოვიდეს ერთმანეთთან.

საქმე ის არის, რომ ფსიქიკური პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და სხეულშიც უამრავი რთული პროცესია, ამიტომ მოზარდები განწყობილნი არიან დაძაბულობისა და ემოციური არასტაბილურობისთვის, შესაბამისად, ისინი ხშირად ბრაზდებიან, ხშირად სწყინთ და ხშირად გამოხატავენ ამას (ჩვენი, უფროსების შეფასებით) არასწორი ფორმით, თუმცა ჩვენგან დასწავლილი ფორმით.

  • რა აბრაზებთ მოზარდებს?

ბრაზდებიან იმაზე, რომ ჩვენ ზედმეტად ვერევით მათ პირად სივრცეში. უფროსები ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ისინი უკვე ემზადებიან ზრდასრული ცხოვრებისთვის და დამოუკიდებლად სურთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათი შემდგომი ცხოვრებისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი ჰიპერმზრუნველობით დავიცვათ ისინი ყველა განსაცდელისგან, ყველა შეცდომისგან და ავაცილოთ თავიდან მათ ეს ცხოვრებისეული გამოცდა, რითაც ისინი გამოცდილებას იღებენ.

ბრაზისა და აგრესიის დაგროვების მიზეზი დიდწილად იმის ბრალია, რომ მათ შეზღუდული აქვთ ფიზიკური აქტივობა. თანამედროვე ცხოვრებამ მოგვიტანა ის, რომ ჩვენი მოზარდები ძირითადად სხედან, სკოლაში სხედან, სახლში მოდიან – ისვენებენ, ინტერნეტსივრცეში – სხედან და შესაბამისად ის ჭარბი ენერგია, რომელიც მათ ზღვა დოზით აქვთ ორგანიზმში, რომელიც უნდა სუბლიმირდეს, რომელიც უნდა დაიხარჯოს მოძრაობაში, აქტივობაში, ვერ იხარჯება, არ იხარჯება, ილექება და შემდგომში შფოთვად გადაიქცევა.

ეს იწვევს იმას, რომ ისინი ვერ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში, რადგან შფოთვას არასოდეს აქვს მიზეზი, ეს არის უმიზეზო შიში. მოზარდები იძაბებიან და დაძაბული მოზარდი მერე ძალიან მალე ბრაზდება, ძალიან მალე სწყინს და ამას გამოხატავს შესაბამისი, ძალიან აქტიური ფორმით, ყვირილით, ჩხუბით და შეიძლება რაღაცების მსხვრევითაც კი.

  • რატომ ხდებიან მოზარდები აგრესიულები თანატოლების მიმართ?

ჩვენ ვთავაზობთ მათ ცხოვრებისეულ მოდელს.

ბავშვები ჯერ კიდევ სულ მცირე ასაკიდან მშობლების მიბაძვით სწავლობენ ყველაფერს. როდესაც ბავშვი სახლში ხედავს, რომ თუ კი რაიმეს არასწორად აკეთებს, აშავებს, მას მშობელი უხსნის, ელაპარაკება, უსმენს, პატივს სცემს მის პიროვნებას – ის ქმნის ცხოვრებისეულ მოდელს, მისი ცხოვრებისეული სცენარი ასე იწერება, რომ ყოველთვის რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შესაძლოა საუბრით, ერთმანეთის მოსმენით, აზრთა გაცვლით და ერთმანეთის პატივისცემით.

მაგრამ თუ კი საქმე გვაქვს ავტორიტარულ ოჯახთან, სადაც ბავშვებს ძალიან მკაცრად სთხოვენ პასუხს და მათ აზრს არც კი ეკითხებიან, სადაც შეცდომების დროსაც კი არ უხსნიან ბავშვებს, მოთმინებით კი არ უდგებიან სიტუაციას, არამედ აგრესიით და ჩხუბით, ცემით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, სჯიან ყვირილით, ცემით, ფიზიკური ძალადობით, შესაბამისად, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პოტენციურ მოძალადედ იქცევა.

რა თქმა უნდა, გვაქვს შემთხვევები და ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მშობლებს აქვთ ლომის წვლილი ბავშვის მოძალადე ქცევაში, შეიძლება მშობელი ძალიან სწორად მიჰყვებოდეს ბავშვის აღზრდის სწორ მიმართულებას, პოზიტიურად ზრდიდეს, მაგრამ ბავშვში მაინც დიდი აგრესია დაგროვდეს უკვე ეკრანიდან, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არის ძალადობის პროპაგანდის საუკეთესო საშუალება იმ ანიმაციებიდან, ფილმებიდან, რასაც უყურებენ, იმ კომპიუტერული თამაშებიდან, რასაც ჩვენი მოზარდები და თუნდაც უფრო პატარები თამაშობენ. 

ასეთ თამაშებს პლუსი ის აქვთ, რომ თუ რაღაც აგრესია აქვს და გაღიზიანებულია ბავშვი, დაახლოებით ნახევარ საათს ითამაშებს და შეიძლება იქ დახარჯოს, გათავისუფლდეს ბრაზისგან. მაგრამ, როცა ეს უფრო ხანგრძლივად ხდება, შემდეგ უკვე ირთვება უკურეაქციის მექანიზმი და პირიქით აისახება მასზე – უფრო აგრესიულს ხდის მოზარდს.

  • როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როცა იგებს, რომ მისი შვილი სხვებზე ძალადობს?

საერთოდ, უნდა ვეცადოთ, ბავშვებს პატარაობიდანვე გავუღვივოთ ემპათიის გრძნობა. თუ ბავშვს შეუძლია სხვისი ემოციები გაითავისოს და სხვისი ტკივილი ეტკინოს, ის არასოდეს იქნება მოძალადე.

თუ კი მოზარდი მუდმივად ძალადობრივად ცდილობს თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში, საუკეთესო ვარიანტია, რომ მშობელმა მიმართოს ფსიქოლოგს, თუმცა, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ არის ყოველთვის.

მშობელს შეუძლია მოზარდს მშვიდად, წყნარად გაესაუბროს, არ უნდა იძახოს ჩემმა შვილმა ეს რატომ უნდა გააკეთოს… მე რატომ გამიკეთე ეს.. რა დაგაკელი… არ ვიმსახურებ…” – ყოველთვის ჩვენ ნუ ვიქნებით ეპიცენტრში. უნდა განვიხილოთ სიტუაცია, ჯერ უნდა მივიღოთ, რომ ფაქტია, ჩვენი შვილი ამას აკეთებს, შემდეგ უნდა გავიგოთ, რა მიზანი აქვს მის ამ ქცევას და რით შეიძლება ეს ქცევა ჩავანაცვლოთ.

ხშირად ვურჩევ მშობლებს, დააკავონ მოზარდი სპორტით. დავუშვათ, ბავშვს უნდოდა კარატე, დედა მეუბნება, რომ ვერ შევიყვან კარატეზე, რადგან ისედაც ყველას სცემს; მე ვეუბნები – პირიქით, შეიყვანეთ, ასე უკვე მიზანმიმართულად დახარჯავს ენერგიას მოზარდი. თანაც, როდესაც კარატეზე დადიან ბავშვები, იქ აქვთ თავიანთი კოდექსი, წესები. როცა ბავშვს უყვარს სპორტი და უნდა იქ სიარული, იმ კოდექსს დაიცავს და სხვას არ დააზიანებს ამ ძალით და შინაგანი დიდი ენერგეტიკით, რომელიც შეიძლება ბრაზიც იყოს, წყენაც და მრისხანებაც.

დავეხმაროთ მოზარდს სწორად, მიზანმიმართულად მივმართოთ ეს ენერგია.

სამწუხაროდ, ბოლო დროს გოგონებს შორისაც ხშირია ფიზიკური დაპირისპირება. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა მოზარდს დაბალი თვითშეფასება აქვს და თვითრეალიზების საშუალებას ვერ პოულობს. ყოველთვის საჭიროა ბავშვს, მოზარდს მოვუსმინოთ, მივცეთ მას თვითრეალიზების საშუალება.

მაგალითად, არასწორია, როცა მოზარდს სპორტზე უნდა სიარული და ჩვენ ვაძალებთ ცეკვას. შეიძლება მას უნდა, რომ თანამედროვე ცეკვებზე (ჰიპჰოპზე) იაროს, ჩვენ კი ქართულ ცეკვაზე სიარულს ვაძალებთ. აი, ეს გვაძლევს უთანხმოებას მშობელსა და შვილს შორის, ამ დროს ერთ ენაზე ვეღარ ვსაუბრობთ, სხვადასხვა ენაზე საუბრით კი მათთან ურთიერთობას ვკარგავთ, ვწყვეტთ. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვართ მისთვის ქცევის მოდელი.

7-8 წლის მერე ბავშვებში ისედაც ის მექანიზმი ირთვება, რომ „მშობელმა არაფერი არ იცის“. ამის ფონზე კიდევ რომ ვყვირით, ვეჩხუბებით და არ ვუსმენთ მათ, ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ საკუთარ შვილებს.

ძალით და ძალადობრივად საქმეს ვერასოდეს მოვაგვარებთ ჩვენს შვილებთან. ხშირად ვცდილობთ, რომ ვუყვიროთ, დავაძალოთ და ისე ვაკეთებინოთ რაღაც. არ არის ეს სწორი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ გარკვეული წესები, რომელთაც ჩვენ უნდა მივყვებოდეთ.

მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები, დავუწესოთ წესები და მერე მოვითხოვოთ ამ წესების შესრულება. წესების შესრულებისთვის კი წავახალისოთ, შევიმჩნიოთ, როცა ისინი კარგად იქცევიან უნდა აღვნიშნოთ, რომ „აი, შენ კარგად იქცევი და ეს როგორ მომეწონა“ და მხოლოდ შენიშვნებით არ შემოვიფარგლოთ – ეს ხშირად ახალისებს აგრესიას მოზარდებში.

  • როგორ უნდა მოვუსმინოთ მოზარდებს სწორად?

მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ უსმენენ შვილებს – „სულ ვეუბნები, მომიყევი, მომიყევი…”, მაგრამ ბავშვების მოსმენა იცით, რას ნიშნავს? ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ კომენტარის გარეშე, რომ ვაჩვენოთ, ვეთანხმებით მას, მის აზრს ვიზიარებთ.

ჯერ ვეთანხმებით და მერე ვუხსნით, რა შეცდომა აქვს მას დაშვებული და საუბრის დაწყებისთანავე არ ვაფასებთ – „ვაიმე, ეს რა გიქნია, ეს რა სისულელე გაგიკეთებია”.

ხშირად, როცა მშობელს მოჰყავს ბავშვი, მეუბნება, მეც იმავეს ვეუბნები, მეც ვუსმენ, მაგრამ იქნებ თქვენ სხვანაირად მოუსმინოთ. ფსიქოლოგები მართლაც სხვაგვარად ვუსმენთ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ობიექტურები, ჩვენ სუბიექტურად არ ვაფასებთ მათ არც ქცევას და არც მათ ფიქრებს, აზრებს, რაც მათ აწუხებთ.

ჩვენ ვუსმენთ მათ ობიექტურად, ეს სჭირდებათ მოზარდებს ყველაზე მეტად.

  • როგორ გავაღვივოთ ბავშვებში ემპათია?

ბავშვს უნდა შეეძლოს სხვისი გრძნობების გათავისება. თავიდანვე სიბრალული უნდა ჰქონდეს სხვისი, ცხოველების მოვლა და მათზე ზრუნვა უნდა შეეძლოს, ეს ავითარებს ადამიანების სიყვარულსა და ზრუნვასაც.

თუ არ გვაქვს საშუალება, რომ ბავშვს სახლში ცხოველი მოვუყვანოთ, ამაზე შეგვიძლია საუბრით ვიმუშაოთ, მაგალითად, ქუჩაში თუ დავინახავთ მოხუცს, ვუთხრათ, რომ მას ქუჩაზე გადასვლა უჭირს, ბავშვს უნდა შეეძლოს, რომ იზრუნოს მასზე, მოუნდეს მისი დახმარება. კიდევ, ყველაზე მარტივი გზა, ოთახის მცენარე ვიქონიოთ სახლში და ბავშვს მივაბაროთ, ავუხსნათ, რომ თუ წყალს არ დაუსხამს, მცენარე მოკვდება, ვასწავლოთ მასზე ზრუნვა. ასე ემპათიის გრძნობა საკმაოდ კარგად ვითარდება.

თუმცა არის შემთხვევები, როცა ძალიან მშვიდი და ემპათიური ბავშვიც მიდის კულმინაციამდე, როდესაც თავდაცვის მექანიზმი ირთვება. როცა ბავშვის დაბულინგებას და დაჩაგვრას ცდილობენ, ეს თავდაცვის მომენტია, ეს არ არის აგრესიული ადამიანი, ამის შემდეგ შეიძლება ძალიანაც ინერვიულოს, მაგრამ იმ დროს მისი ქცევა იმპულსურია.

კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია

პირველადი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა დღეს დილით კიევის დაბომბვის შედეგად. ერთ-ერთი რაკეტა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, შევჩენკოეს რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა – ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ერთი 59 წლის ქალი და ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ცოლქ-მარი [ქალი ორსული იყო]. კიდევ სამი ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ნანგრევებიდან 19 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშოები გრძელდება და ზუსტდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დღეს დილით კიევის თავზე 28 კამიკაძე-დრონი გამოჩნდა, „მფრინავი ტერორისტების“ დიდი ნაწილი ჩამოაგდეს, თუმცა 4 დარტყმა ქალაქის ობიექტებზე მაინც განხორციელდა.

ერთ-ერთი რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა, საოფისე შენობაში ხანძარი გაჩნდა, მეორე რაკეტა კი – საცხოვრებელ სახლს, შედეგად შენობის ნაწილი და 4 სართული ჩამოინგრა.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბრის დილით „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევზე და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.

მთავარ ფოტოზე: სახლი კიევში, რომელსაც 17 ოქტომბრის დილას რაკეტა დაეცა/ფოტო: უკრაინის პროკურატურა

პოდოლიაკი ითხოვს, კიევის დრონებით დაბომბვის გამო რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ გარიცხონ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის მიერ 17 თებერვალს კიევზე ირანული კამიკაძე დრონებით განხორციელებულ დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის ადგილი „დიდ ოცეულში“[G20] არ არის. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთის ფედერაცია უნდა განიდევნოს ყველა პლატფორმიდან.

„ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყინად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისა და ბრძოლის ხაზის ცხედრებით დასაფარად ტოტალური მობილიზაციის ბრძანებებს გასცემს, რა საკვირველია არ შეიძლება ისხდნენ ერთ მაგიდასთან G20-ის ლიდერების გვერდით. დროა ბოლო მოეღოს რუსულ ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა გაირიცხოს“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთის G20-დან გარიცხვაზე განცხადება გააკეთა გაერთიანებული სამეფოს პრემიერობის კანდიდატმა რიში სუნაკიმაც.

„G 20-ის ლიდერებმა არ უნდა დაუშვან პუტინი საკუთარ შეხვედრებზე. ვიდრე უკრაინაში ომია, მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტის ადგილი არ არის“ – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი რიში სუნაკი და მოკავშირეებს მოუწოდებს, არ აწარმოონ მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ქალია დაღუპული, მისი ცხედარი მაშვლებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

ირანი კვლავ უარყოფს რუსეთისთვის დრონების მიწოდებას.

G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება. გასულ კვირაში აქტიურად განიხილებოდა სამიტზე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა პუტინს მომავალ თვეში G20-ის სამიტზე ინდონეზიაში, ბაიდენმა განაცხადა, რომ მასთან ლაპარაკის მიზეზს ვერ ხედავს.

თიბისიმ, DFC-იმ და USAID-მა 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს 

თიბისიმ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს.

USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებთან ერთად, ახალი საგარანტიო პროგრამა თიბისის საშუალებას მისცემს გასცეს 30 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. პროგრამა ორიენტირებულიაქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და  საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნება  ათასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი და დაეხმარება    ბიზნესებს შემოსავლების გაზრდაში.

აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია თიბისის, USAID-ისა და DFC-ის საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. USAID-ის მიერ დაფინანსებული და DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული სესხის პორტფელის გარანტია ასევე დაეხმარება იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ბიზნესის დაწყებას, ან ახალ სფეროებში გაფართოებას.

„თიბისი ბანკთან გაფორმებული საგარანტიო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო რესურსების მიწოდების გზით, ასევე, შექმნის მეტი თანამშრომლის დაქირავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობას. USAID ამაყობს, რომ საქართველოს კერძო სექტორთან პარტნიორობით მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, რაც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე“ – აცხადებს USAID-ის მისიის  დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი.

„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს პარტნიორობას DFC-სა და USAID-თან. საგარანტიო პროგრამა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესებზე, სტარტაპებსა და ქალ -მეწარმეებზე. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DFC-სთან და USAID-თან თანამშრომლობას და იმედი მაქვს,  რომ მომავალში არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას განვახორციელებთ ერთად“ – აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული გარანტია, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით შედგა, გაზრდის ქართული მცირე ბიზნესისთვის მეტად საჭირო დაფინანსებას. ამ რესურსის მობილიზება მოხდება სოფლად მცხოვრებ მეწარმეებზე, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და ქალ მეწარმეებზე, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.”- აცხადებს DFC-ის აღმასრულებელი დირექტორი – სკოტ ნათანი

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელზე მეტი პარტნიორობის შედეგად, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgiaAbout https://www.usaid.gov/georgia.

DFC-ის საქმიანობის შესახებ:

აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი („DFC”) პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ დააფინანსოს განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე კრიტიკული გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებები. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალების დაფინანსებას განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC-ის ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მშრომელთა უფლებებს.

ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება NATO-ს ინტერესებში უნდა იყოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, პუტინის მიზნები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი არ შეიცვლება – კრემლი ეცდება, ეს დრო ახალი აგრესიისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს.

ISW-ი მიიჩნევს, რომ მომავალში საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინისთვის მშვიდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნიშნავდეს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას იმგვარად, რომ რუსეთმა ოდესმე ომის განახლება მოახერხოს.

ISW-ი თავის უახლეს ანგარიშში უკრაინის სტრატეგიულად გადამწყვეტ ტერიტორიებს გამოყოფს და ასაბუთებს, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ რაიონებს უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება.

უკრაინისთვის, ასევე NATO-სთვის უმნიშვნელოვანეს რეგიონად ინსტიტუტი ყირიმს ასახელებს.

„ნახევარკუნძულის ოკუპაცია საშუალებას აძლევს რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები 325 კილომეტრით ახლოს განალაგოს დასავლეთისკენ, რასაც ის საკუთარი ტერიტორიიდან ვერ შეძლებდა. ეს ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს, სევასტაპოლში განათავსოს  თვითმფრინავები – დაახლოებით 300 კილომეტრით დასავლეთისკენ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მქონე საავიაციო ბაზებით ის ვერც ამას მოახერხებდა,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ექსპერტები.

როგორც ISW-ი წერს, ეს 300 კილომეტრი მნიშვნელოვანი სხვაობაა და ცვლის იმ საფრთხის მასშტაბს, რომელიც რუსეთმა NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს შეიძლება შეუქმნას. ეს სხვაობა, ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს, შედარებით იოლად დაგეგმოს და განახორციელოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„ყველა იმ უკრაინულ ტერიტორიას შორის, რომელთა დაბრუნებითაც NATO-ა დაინტერესებული, ყირიმი პირველ ადგილზე უნდა იყოს,“ – ასკვნის ISW-ი.  

კიდევ ერთი სტრატეგიული რაიონი ხერსონის ოლქია. ანგარიშის თანახმად, ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილი, სადაც ახლა რუსეთია გამაგრებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

თუ რაიმე შეთანხმება ამ რაიონში საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს და რუსები ამ მონაკვეთს შეინარჩუნებენ, მათ უკრაინის სამხრეთში შეტევის უპირატესობა დარჩებათ.

მეორე მხრივ, თუ უკრაინა აღიდგენს კონტროლს მდინარის დასავლეთ ნაწილზე, რუსებს, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სახმელეთო შეტევების გაგრძელება ძალიან გაუჭირდებათ.

ანალიტიკოსების დასკვნით, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქების და მთლიანად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს უსაფრთხოება, დიდწილად, სწორედ დასავლეთ ხერსონის გათავისუფლებაზეა დამოკიდებული.

არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ISW ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილს, რადგან ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის სამხედრო პოზიციები ამ რაიონშიც საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას შეუტიოს უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს უდიდეს ნაწილს სხვადასხვა ახლოს მოქმედი შეიარაღებით ისე, რომ შორსმოქმედი ძვირადღირებული სისტემების გამოყენება არ დასჭირდეს.

ISW-ის აზრით, უპასუხისმგებლობა, რომელსაც რუსეთი ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით იჩენს, აუცილებელს ხდის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბრუნებასაც.

„თუ რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოებისთვის ეს იქნება მუდმივი საფრთხე, რომ რუსეთმა ბირთვული ცეცხლით ითამაშოს. აუცილებელია, რუსები იყვნენ ისეთ დისტანციაზე ენერგოდარიდან, რომლიდანაც მას არტილერიით ვერ მისწვდებიან,“ – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვანძი ინსტიტუტის აზრით, ქალაქი მელიტოპოლია. მელიტოპოლსა და მის გზებზე კონტროლის შენარჩუნება ნიშნავს, რომ რუსები მას აქცევენ ბელგოროდის მსგავს გასამხედროებულ ბაზად, საიდანაც მუდმივად დაემუქრებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, უკრაინელთა პოზიციებს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ასევე, ზაპოროჟიესა და დნეპრს.

რამდენიმე სტრატეგიულ რაიონს გამოყოფენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთშიც. ესენია ქალაქები: სვატოვო, სტარობელსკი და ბელოვოდსკი, რომლებიც მსხვილ საგზაო გზაჯვარედინებზეა განლაგებული.

ანალიტიკოსების აზრით, ამ სარკინიგზო და საავტომობილო ქსელის კონტროლი ნაწილობრივ განსაზღვრავს, რუსეთის რომელი ბაზების გამოყენებას შეძლებენ რუსები უკრაინაზე თავდასხმისთვის. თუ რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს ამ გადამწყვეტ საავტომობილო და სარკინიგზო კვანძებზე, ეს მოსკოვს მისცემს საშუალებას, სამხედრო აგრესია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან განაახლოს.

___

მთავარი ფოტო: Arab News, არაბი კარიკატურისტი ამჯად რასმი

ყირიმის ხიდის დაზიანების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის სამხრეთში აწყდებოდა, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

უწყება აღნიშნავს, რომ შეკეთების სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ყირიმის ხიდი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია და იქ სატვირთო მანქანების უზარმაზარი რიგები დგება.

„უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსეთის ძალები მატერიალურ ტექნიკური მარაგების შევსებას მარიუპოლის გავლით ცდილობენ და ცდილობენ, ასე ამოავსონ ყირიმის ხიდის დაზიანებით გამოწვეული დანაკლისი,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 17 ოქტომბრის რელიზში.  

უწყების შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ხერსონში მყოფი რუსული ძალები კონტრშეტევის მოლოდინში არიან, ხოლო ყირიმიდან მომარაგების გზები შეზღუდულია, რუსეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახმელეთო კავშირი ზაპოროჟიეს ოლქის გავლით და ქალაქი მელიტოპოლი, რომელიც ლოგისტიკურ კვანძად და რუსული ავიაციის ბაზად იქცა.

კრემლისტური მედიის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც ხანძარი გაუჩნდა მიმავალ მატარებელში საწვავით სავსე შვიდ ცისტერნას. ნაწილობრივ ჩამოიშალა ორი საავტომობილო მონაკვეთი და დაიღუპა ოთხი ადამიანი.

12 ოქტომბერს რუსეთის ФСБ-მ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანის პროცესში საქართველოს ორი მოქალაქეც იყო ჩართული. მათივე მტკიცებით, ტვირთმა ყირიმში შესვლამდე ფოთის პორტიც გაიარა.

ჩაერთე საქველმოქმედო სილქფესტში ვეტერანების მხარდასაჭერად

ვეტერანთა დღის პატივსაცემად, 17 ოქტომბერს, სილფესტის აქცია საქველმოქმედოა. თითოეული პაკეტის გააქტიურებიდან შემოსული თანხა, სრულად ირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაირთოს ერთი ან რამდენიმე პირობა, ასევე გაუაქტიუროს სხვას, შეთავაზებიდან სასურველი:

  • 200 ადგილობრივი წუთი  – 5₾  
  • 3,000 მბ მობილური ინტერნეტი – 5₾  
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾ 
  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23₾ 

სილქფესტის პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია 30 დღით, კოდით *202#, აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ საიტიდან.

სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტები, რომლებიც გაიაქტიურებენ 17 ოქტომბრის საქველმოქმედო „სილქფესტს“,  მონაწილეობას იღებენ ქველმოქმედებაში. ამ აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობას.

ვეტერანებსა და დაჭრილ სამხედროებზე  ზრუნვა სილქნეტმა 2018 წლიდან დაიწყო, როცა სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია  დაისახა მიზნად. დაარსა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელმაც დაარსებიდან დღემდე 1.5 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება შეძლო. 

კომპანია სილქნეტი  წლიურად 300 000 ლარით აფინანსებს ფონდს. გარდა ამისა, ყოველ წელს მატულობს შემომწირველი კომპანიებისა და კერძო პირების რაოდენობა. 

ფონდში გასულ წელს ამერიკულმა კომპანიამაც გაიღო მნიშველოვანი შემოწირულობა, ხოლო მის მმართველობაში მრჩეველთა საბჭოს სახით გაწევრიანდნენ ვეტერანების მხარდაჭერის საკითხებში ამერიკელი ექსპერტები. შედეგად, ფონდის წლევანდელი დაფინანსება უფრო მასშტაბურია. მიმდინარე წელს 300 000 ლარით 25 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს გაეწია დახმარება. ასევე, ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარის შეძენა. წლის ბოლომდე ფონდი გეგმავს კიდევ უფრო მეტი სახსრების გამოყოფას კრიტერიუმებით განსაზღვრული დახმარებების დასაფინანსებლად. 

შემოწირულობის მსურველებისთვის ფუნქციონირებს ფონდის სპეციალური საქველმოქმედო ნომერი – 0 901 777 771. თითო განხორციელებული ზარიდან შემოსული ერთი ლარი  ფონდის ანგარიშზე ირიცხება. 

ფონდის ვებ გვერდიდან დონაციაში ჩართვა 

ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშზე: GE10BT0360001052300001.

გავერთიანდეთ ვეტერანთა მხარდასაჭერად!

რუსეთმა კიევი და უკრაინის რამდენიმე ქალაქი „შაჰედებით“ დაბომბა – მედია

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ოთხი აფეთქება მოხდა შევჩენკოვეს რაიონში.

უკრაინის ხელისუფლების თქმით, შეტევა ირანული დრონებით, „შაჰედებით“ განხორციელდა. სულ მცირე ერთი რაკეტა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაეცა. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ არასაცხოვრებელ შენობაში, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსიც.

„აფეთქებებია კიევში. დედაქალაქს კამიკაძე-დრონებით შეუტიეს. რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ უშველის, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეტი სისტემა და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ არ გვაქვს დრო, ნელა ვიმოქმედოთ. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“, – დაწერა 17 ოქტომბერს დილით ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ 17 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთის არმიის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

რუსეთმა მასირებული სარაკეტო და საავიაციო თავდასხმა კიევსა და უკრაინის 20-მდე ქალაქზე 10 ოქტომბერს დაიწყო. ამის შემდეგ რუსეთის არმიამ რამდენჯერმე დაბომბა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

მთავარ ფოტოზე: შენობა კიევში 17 ოქტომბრის დილით/ფოტო: nv.ua

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 65 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320]
  • ტანკი – 2 537 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 5 205 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 1 599 ერთეული [+10]
  • MLRS – 366 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 187 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 242 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 241 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 316 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 969 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 144 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 323 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 256 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 855 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 871 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 484 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 610 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რა შეუძლია გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა – IRIS-T უკრაინაში უკვე ჩავიდა და ქვეყნის სამხრეთ მიმართულებაზე მუშაობს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ კომპლექსს აქვს ის მოდიფიკაცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს. გერმანიამ ისინი პირველად უკრაინას მიაწოდა. ეს სისტემა უკვე მუშაობს შეიარაღებულ ძალებში, სადღაც სამხრეთის მიმართულებაზე.

ჩვენ ველოდებით დანარჩენ სისტემებს, რომლებიც გერმანიამ უნდა მოგვაწოდოს. მოდით, ასე ვიტყვი, გერმანია თავად უნდა იყოს დაინტერესებული გაზარდოს რაკეტების წარმოება“, – განაცხადა იგნატმა.

სპეციალისტების განმარტებით, საშუალო სიშორის სისტემა IRIS T-ს შეუძლია რუსეთის ავიაციისგან უკრაინის ტერიტორიის საიმედო დაცვა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის ავიაცია, რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგუროს.

გერმანული მედიის ინფორმაციით კი, ამ დღეებში ქვეყანამ უკრაინას ასევე მიაწოდა ხიდის გამდებ Biber-ის ტიპის 16 ტანკი და პონტონური ხიდის მოსაწყობი 10 მანქანა.

ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის ფედერალური მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ხიდის გამდები ტანკი – ეს არის ჯავშანტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ხიდის მონტაჟი და დემონტაჟი, ასევე მისი ტრანსპორტირება, საბრძოლო ვითარებაში, ტანკებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ხელშეწყობისთვის.

ხიდის გამდებ Biber-ის ტიპის ტანკი

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა… ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა, რუსები იყვნენ ყველა… რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია იქნება ერთი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება,“ – მორიგ პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რასაც საპატრიარქო ისევ არ იმჩნევს.

ეპისკოპოსი სპირიდონი გამორჩეულია კრემლისტური გზავნილების ტირაჟირებით და სიძულვილის ენით. 3 დღის წინ ფეისბუქგვერდზე „სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი“ სპირიდონის მორიგი ქადაგება გამოქვეყნდა, სადაც სპირიდონი ამბობს, რომ იგი ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებას აღწერს.

ქადაგების დასაწყისში ეპისკოპოსი სპირიდონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხყოფს და რუსეთის ომსაც უკრაინაში მას აბრალებს.

„…უკრაინას მასხარა დაღუპავსო [სპირიდონის თქმით, ეს მამა გაბრიელს უთქვამს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში] და მართლაც ასე ხდება: ეს საწყალი ზელენსკი მასხარა იყო მთელი თავისი ცხოვრება, ანტიქრისტიანულად ცხოვრობდა და საშინელი სოდომისტია, საშინელი მტერია ქრისტიანული მოძღვრების,“ – აღნიშნავს სხალთელი ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსის თქმით, ბერ გაბრიელს გასული საუკუნის ბოლოს დაუბარებია ისიც, რომ რუსებს საქართველოში შემოსვლაზე უარი არ უნდა ვუთხრათ.

„1992 წელს უბრძანებია კიდევ [ბერ გაბრიელს], ძალიან ბევრი რუსები შემოვლენო, მშვიდობიანი მოსახლეობა და არაფრის დიდებით საზღვარი არ ჩაუკეტოთ, კარი არ ჩაუკეტოთ, მიიღეთო, ეს მომიყვა კიდევ, მამა გაბრიელის აქვს ნათქვამი და ვიმეორებ,“ – ამბობს ეპისკოპოსი სპირიდონი.

ზელენსკის გარდა, ეპისკოპოსი უკრაინელ ხალხსაც  შეურაცხყოფს: „რუსები და უკრაინელები ერთია ფაქტიურად. ეს ერთი ნაციაა“, – ეპისკოპოსი მიზანმიმართულად აჟღერებს კრემლისტურ გზავნილს, რაც რუსეთის გარდა ყველასთვის ცხადია: სუვერენულ ქვეყანას რუსეთი თავს ესხმის.

ამ ქადაგებიდან ცხადად ჩანს, რომ სხალთელი ეპისკოპოსი იმ პერიოდის აღდგენას ნატრობს, როცა საქართველო სრულად იყო ანექსირებული რუსეთის მიერ. ქადაგების დროს ის ხაზგასმით ამბობს ფრაზას: „წმინდა რუსეთი“.

„…ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს კიევი, რომელიც არის რუსული ქალაქების დედა, კიევსკაია რუს, ასე იყო… წმინდა მამების ლოცვით იყოს მშვიდობა, შერიგდნენ ისინი და აი, მესამე ძალა, რომელიც აქეზებს იმას, რომ რუსებმა ერთმანეთი დახოცოს, მართლმადიდებლებმა ერთმანეთი ჟლიტოს, ეს ძალიან დიდი ცოდვაა, ეს სატანის გეგმაა…

ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება რუსებს… მამა გაბრიელი ამბობს, რომ რომანოვების ტახტი რომ აღდგება რუსეთშიო, იქვე, საქართველოში აღდგება ბაგრატიონების ტახტიო და ძალიან დაეხმარებიან ერთმანეთს რუსეთიდან მეფე  რომანოვები და ბაგრატიონებიო,“ – დაასრულა ქადაგება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა.

როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ

ლარი ბოლო რამდენიმე თვეა სტაბილურად მყარდება, თუმცა ამის მიუხედავად არ შემცირებულა რეფინანსირების განაკვეთი. ამ განაკვეთზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ბანკში სესხის დაფარვის დროს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-დან 11 %-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა. მას შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი არც გაზრდილა  და არც შემცირებულა.

როგორ და როდის აისახება ლარის კურსის გამყარება რეფინანსირების განაკვეთზე – „ბათუმელებმა“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევართან, დავით კეშელავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო დავით, ლარის კურსი მყარდება და ამერიკულ დოლართან მიმართებით ივნისიდან დღემდე 3-დან 2.76 მაჩვენებელზე ჩამოვიდა. მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული. უნდა ველოდოთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას? 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ან შერბილება მეტწილად ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, თუმცა გაცვლითი კურსი შეგვიძლია განვიხილოთ ფაქტორად, რომელიც ინფლაციაზე მოქმედებს.

ვალუტის გამყარება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იმპორტი იაფდება, ჩვენი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, იმპორტირებული პროდუქტია, ამ ფაქტორმა უნდა შეამციროს ინფლაცია.

ამის მიუხედავად, ინფლაციის ბოლო მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვანი და ძირეული შემცირება სამწუხაროდ არ გაქვს – ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზე რჩება. ეს მიუთითებს იმას, რომ ფაქტორები, რაც ინფლაციას იწვევს, არ არის ამოწურული.

შესაბამისად, რთული სათქმელია, რას გადაწყვეტენ შემდეგ სხდომაზე, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მხარს დაუჭერენ იმას, რომ იგივე განაკვეთი დატოვონ.

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დაიწყება. რთული სავარაუდოა, შემდეგი სხდომიდან შეიძლება არა, მაგრამ მომდევნო სხდომებზე უფრო მოსალოდნელი გახდება ეს, თანდათან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებენ.

  • როცა ლარი უფასურდება, მაშინვე იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, რატომ არ ხდება საპირისპიროდ ლარის გამყარების შემთხვევაში? 

ამის მთავარი მიზეზი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ინფლაცია, 11.5 % და მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა იყოს 3 %, ოთხჯერ უფრო მაღალი ინფლაცია გვაქვს.

ჩვეულებრივ პირობებში  უნდა გვქონდეს 3%-ის ირგვლივ ინფლაციის მაჩვენებელი, მაგრამ ახლა ისეთი პირობებია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ ყველგან მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქაც ორ-სამჯერ მაღალია მიზნობრივთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი. ცნობილია, რომ ომის შედეგად გაცილებით ძვირი ჯდება პროდუქტების ტრანსპორტირება.

დავით კეშელავა
  • თუმცა, მაგალითად, გერმანიაში პირველადი მოხმარების 5 პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. გუშინ ვწერდით ამის შესახებ.

კონკრეტული პროდუქტები შესაძლოა იაფი იყოს, თუმცა საშუალო ფასები განვითარებულ ქვეყნებში ბევრად მაღალია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში… შესაძლოა, კონკრეტულ პროდუქტს თავად ეს ქვეყანა აწარმოებდეს, ან ნედლეული აქვს და არ სჭირდებოდეს ტრანსპორტირება. ჩვენ ყველაფერი იმპორტით შემოგვაქვს, ან იმპორტით შემოგვაქვს ნედლეული და შემდეგ მზადდება.

  • რადგანაც დიდწილად ვართ იმპორტზე დამოკიდებული, ხოლო დოლართან მიმართებით ლარი გამყარდა, რატომ ვერ აისახა ეს ინფლაციაზე? 

აისახება აუცილებლად, წესით, ასახულიც უნდა იყოს, რადგან უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ პროდუქტებს და იაფი გვიჯდება ნედლეულის შემოტანა.

  • რა არის ბარიერი – ხელოვნური ჩარევა ხდება, ან კონკურენციაა შეზღუდული? 

შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ამას დამატებით კვლევები სჭირდება, ზეპირად ვერ გეტყვით. ფაქტია ისიც, რომ ფაქტორები, რაც იწვევდნენ  ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს, ჯერ კიდევ მოქმედებენ და გაცვლითი კურსის ეფექტი იმდენად ძლიერი არ არის, რომ ეს ფაქტორები გადაფაროს. ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა ასეთი რომ არ ყოფილიყო, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

საომარი მდგომარეობა არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც სხვა ფაქტორებს იწვევს, მიწოდების არხების და დისტრიბუციის გართულებას. ვხედავთ, რომ უკრაინის პორტები ბლოკირებულია და იქიდან პროდუქცია ვერ გააქვთ, საწვავის ფასი ისევ მაღალია, განსაკუთრებით კი, დიზელის ფასი. ეს აძვირებს გადატანას, მიწოდების არხები შეზღუდულია… უკრაინა და რუსეთი ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორები იყვნენ და მათი პროდუქტების მიწოდებაში შეფერხებებია, რაც აძვირებს ღირებულებას.

  • დღეს არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რამდენით შეიძლება შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი? 

ამ სხდომაზე არ ველოდები, თუმცა არ გამიკვირდება მცირედი შემცირება. ვფიქრობ, რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება, რადგან არაბუნებრივად მაღალია დღეს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი, რაც აფერხებს დაკრედიტებას, ეს კი იწვევს შემდეგ ბევრ სხვა პრობლემას.

ბევრი ვისწავლე, მაგრამ მაინც მიწევს საქართველოდან წასვლა ემიგრაციაში – 28 წლის მარი

„თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, რომ პირადად ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებულები ქართულენოვან გარემოში და ჩვენი ადგილი აქ ვიპოვეთ, მაშინ გამოდის, რომ გასაკეთებელი აღარაფერი ყოფილა; ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აღარაფერი ჰქონია გასაკეთებელი ჩვენს თემში“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მცხოვრები, 28 წლის მარი გინოსიანი.

მარი მასწავლებლის სახლის პროექტებშია ჩართული 2018 წლიდან. მისი პროექტის მიზანი სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლების პრაქტიკის დანერგვაა, რის შედეგადაც სკოლაში მისულმა ბავშვმა ენა ელემენტარულ დონეზე უკვე უნდა იცოდეს.

„ამ პროექტის გამო ჩამოვედი ახალქალაქში – მიმაჩნია, რომ მომავალმა თაობამ არ უნდა გაიაროს ინტეგრაციის ისეთივე რთული გზა, როგორც მე გავიარე. თუ ბავშვები დაიწყებენ საბავშვო ბაღებშივე ქართული ენის სწავლას, მათ მერე სკოლაში სწავლა გაუადვილდებათ ქართულად. თუმცა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში უამრავი სოფელია, სადაც ბაღი არ არის და არც არასდროს ყოფილა. მაგალითად, ჩემს სოფელში არც ბაღია, არც ახალგაზრდული ცენტრი და არც ბიბლიოთეკა“, – ამბობს მარი.

ახალქალაქში მეორე სამსახურიც აქვს. კერძო საერთაშორისო კომპანიის პარტნიორებს იურიდიულ, ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებში ეხმარება.

მარი გინოსიანი

მიუხედავად იმისა, რომ მარი გინოსიანმა სახელმწიფო ენაც ისწავლა, რამდენიმე უცხო ენაც და რამდენიმე სხვადასხვა პროფესიაც, მიაჩნია, რომ ინტეგრაციის გზა ეთნიკური უმცირესობებისთვის ძალიან რთულია და სამცხე-ჯავახეთშიც ბევრი წინააღმდეგობა უშლის ხელს სომხურ თემს.

მარი გინოსიანი „ბათუმელებთან“ ამ სირთულეების შესახებ საუბრობს.

მარი გინოსიანი:

ადგილობრივი თვითმმართველობა მხარს არ უჭერს და არ ქმნის ისეთ პროგრამებს, გარემოს, რისთვისაც აქ ჩამოსვლა და დარჩენა, განვითარება მოუნდება ახალგაზრდას.

არ არის ახალგაზრდული ცენტრები, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები, აქ დარჩენა და საკუთარი უნარების რეალიზაციის შესაძლებლობა არ ეძლევათ ახალგაზრდებს.

ჯერ კიდევ 2017 წელს, რამდენჯერმე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და მანამდეც, კანდიდატებთან ვმართავდით შეხვედრებს ახალგაზრდები.

აღვწერეთ, ჩვენი თემის ყველა პრობლემა რაც იყო ადგილობრივ დონეზე.

დავაყენეთ სოფლებში სკოლამდელი დაწესებულებების, ბიბლიოთეკების აუცილებლობის საკითხი. ახალქალაქის ერთადერთ საქალაქო ბიბლიოთეკაშიც კი არაადამიანური პირობებია.

ყველა ჩვენს მოთხოვნაზე ადგილობრივ თვითმმართველთა პასუხი იყო, რომ ბიუჯეტი არ არის საკმარისი. მაგრამ თუ ბიუჯეტში ბიბლიოთეკებისა და ბაღების გახსნისთვის არაა თანხა გათვალისწინებული, რისთვისაა ეს ბიუჯეტი მაშინ საერთოდ?

ქალაქის ერთადერთ ბიბლიოთეკაში შეუძლებელია ადგილზე წიგნი წაიკითხო. ხშირად მიწევს ამ ბიბლიოთეკაში მისვლა. სკამები და მაგიდაც კი არ აქვთ მკითხველისთვის, რომ დაჯდომა და მუშაობა შეიძლებოდეს.

ზამთარში წიგნს რომ გამოიტან ამ ბიბლიოთეკიდან, უნდა მოკიდო ხელი წიგნს და სწრაფად უნდა გამოიქცე, ისე ცივა. არ არის გათბობა. ცალკე ოთახში ერთ პატარა შეშის ღუმელთან ბიბლიოთეკარები ძლივს თბებიან.

  • არის სოფლები, რომლებიც ზამთრობით თვეობით იკეტება და საავადმყოფომდე ვერ მიდიან ადამიანები

წლებია ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ გზებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ გზებიც არ არის ისე კარგად გაკეთებული, რომ თვალები დავხუჭოთ სხვა პრობლემებზე.

თბილისამდე, ბათუმამდე, ახალციხემდე გზა კარგია, მაგრამ შიდა გზებზე თითქმის არსადაა ასფალტის საფარი. ჯავახეთის ნებისმიერი სოფლიდან არ არსებობს ისეთი გზა, რითაც უპრობლემოდ ჩახვალ ახალქალაქამდე.

არის სოფლები, რომლებიც ზამთრობით თვეობით იკეტება და საავადმყოფომდე ვერ მიდიან ადამიანები. იყო ასეთი შემთხვევა ორი-სამი წლის წინ, როცა სამშობიარომდე ვერ მიიყვანეს ქალი, უახლოესი სოფლის მედპუნქტამდე მიიყვანეს ტრაქტორით. სოფელში ამშობიარეს.

ახალქალაქიდან უკიდურესად დაშორებულ ბევრ სოფლამდე ზამთრობით სასწრაფოც ვერ აღწევს.

ახალქალაქის დეპუტატებს არაერთხელ შევხვდით, ადგილობრივ კანდიდატებთან, შარშან ცენტრალური ხელისუფლების კანდიდატებს შევხვდი, გავაცანი მათ ჩვენი მუნიციპალიტეტის პრობლემები.

იყო დაპირებები, მაგრამ რეალურად ამ 4 წლის განმავლობაში შედეგს ვერ ვხედავ. პროგრესი არ არის.

  •  არ მგონია, სამომავლოდ საქართველოში დავრჩე

დედა აჭარიდანაა, ჩაქველია, მამა – ახალქალაქელი. ჩაქვში ხშირად ჩავდიოდი ზაფხულობით და ქართული მესმოდა, ვიგებდი, ავლაპარაკდი ცოტა გვიან. პირველად აჭარულ დიალექტზე ავლაპარაკდი ქართულად.

კი, ვიცოდი ცოტა, უფრო სწორად ქართული ენის აჭარულ კილოზე დავიწყე ჯერ ლაპარაკი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მქონია დიდი ენობრივი ბარიერი, მაგრამ მაინც იზოლირებულად ვგრძნობდი თავს ენის ცოდნის მიუხედავად. ახლა მე ვეხმარები ჩემს მოსწავლეებს ინტეგრაციის საკითხებში, არ მინდა მათაც ჩემსავით რთული გზა გაიარონ. მაგრამ სულ ამ საქმეს ვერ გავაკეთებ. გრძელვადიანი მიზნები დავისახე მას შემდეგ, რაც ERASMUS 3-ის პროგრამა გავიარე საზღვარგარეთ.

ემიგრაცია გადამაწყვეტინა 2012 წლის შემდგომმა უმოქმედობამ. ვერანაირ პროგრესს ვერ ვგრძნობ. ქვეყანაში არაფერი იცვლება.

საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ პრაქტიკულ ნაბიჯებს არ ვდგამთ. შესაბამისად, ვერ ვხედავ სამომავლოდ აქ დარჩენის და რამის მცდელობის აზრს.

მართლა ძალიან გულსატკენია, რომ ახალგაზრდებისთვის, არამხოლოდ ახალქალაქში, არამედ მთლიანად საქართველოში, არ არის შესაბამისი პირობები განვითარებისთვის.

რუსული და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დავამთავრე ბაკალავრიატი თსუ-ში. თავიდან ბათუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მაგისტრატურა საჯარო მმართველობა ავირჩიე ჯიპაში.

სახელმწიფო უწყებების საქმიანობა კარგად შევისწავლე, რომ ჩავუღრმავდი საკითხს, აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გეგმები და პრაქტიკული საქმიანობა სრულიად აცდენილია ერთმანეთს, სრული შეუსაბამობაა. ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა საკუთარი საარჩევნო უფლებების დაცვის გამოც კი ახალქალაქში.

  • ჩემზე ზეწოლა იყო ანონიმურად, მწერდნენ, რომ ზედმეტს ვლაპარაკობდი

ახალქალაქის სკოლებში მასწავლებლებთან საარჩევნო უფლებების შესახებ ვატარებდი სემინარებს. ეს იყო სკოლების დეპოლიტიზაციის პროექტი. მე სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ვიყავი.

ჩვენი მიზანი იყო, გაგვეცნო მასწავლებლებისთვის მათი საარჩევნო უფლებები: რისი უფლება აქვთ, რაზე უნდა თქვან უარი, რომ დამსაქმებლებისგან ზეწოლა და მუქარა დაუშვებელია არჩევნებისას – რაც სამცხე ჯავახეთში ჩვეულებრივი ამბავია.

ჩემზე ზეწოლა იყო ანონიმურად, მწერდნენ, რომ ზედმეტს ვლაპარაკობდი. მეც მიმუშავია განათლების სფეროში უმცირესობების თემში და ჩემს საარჩევნო უფლებებშიც დაიწყეს ჩარევა.

თუმცა, როცა გავაპროტესტე და ვაჩვენე, რომ ვიცი საკუთარი უფლებები, საშიში, საეჭვო ადამიანის იარლიყი მომაკრეს.

ეთნიკური უმცირესობები მშობლიურ ენაზე სრულ ინფორმაციას ვერ იღებენ არჩევნების შესახებ. დაკვირვებები აჩვენებს, რომ არჩევნების პერიოდში ყველაზე კონფლიქტური უბნები სწორედ ეს რეგიონებია.

ევროპაში პირველად იტალიაში მოვხვდი. აქ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავს უფლებების დაცვა. იტალიაში დავინახე პირველად, რომ ვეღარ ვხედავ ჩემს თავს საქართველოში.

იტალიაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ვიყავი.

მანამდე გავიარე ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეთა პროგრამა ბუქარესტში, რუმინეთში, არაფორმალური განათლების სემინარებზე ვიყავი უნგრეთში, სომხეთსა და იტალიაში – მრავალფეროვნების სკოლაში ვსწავლობდი იქ.

დავაკვირდი, როგორ აღიქვამენ ეთნიკურ უმცირესობებს სხვა ქვეყნებში. ჩვენ აქ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი მენტალური ცვლილებებისთვის, მხოლოდ ამის მერე შეიძლება ვიფიქროთ ეკონომიკურ, მატერიალურ განვითარებაზე.

მარი

ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის

ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით].

კომპანია მერიას თურქული წარმოების, „ისუზუს“ ბრენდის 9,5 მეტრი სიგრძის ავტობუსებს სთავაზობს [ერთი ასეთი ავტობუსის ფასი კომპანიამ – 2021 წლის ივლისში – 569 370 ლარი დააფიქსირა. ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა და  შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც 569 370 ლარი იყო. ბათუმმა ამ ფასად შარშან 20 ასეთი ავტობუსი შეიძინა].

ამჯერად, ტენდერში მეორე კომპანიაც „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ მონაწილეობდა, რომელიც შემსყიდველს ერთ ავტობუსს 539 454 ლარად სთავაზობდა [ტენდერიდან არ ირკვევა რა ბრენდის ავტობუსებს სთავაზობდა ეს კომპანია შესყიდვების სააგენტოს].

დოკუმენტების მიხედვით, თურქული კომპანია Anadolu lsuzu Otomotiv Sanayi ve Ticaret A.S.-ი ადასტურებს, რომ „ჯი-თი გრუპი“ 2015 წლიდან არის მათ მიერ წარმოებული Isuzu-ს ბრენდის სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დილერი საქართველოში.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ტენდერის პირობის მიხედვით კი, გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 65 ერთეული ავტობუსი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 240 დღეში [8 თვეში].

65 ავტობუსის მთლიანი ღირებულება [34 მილიონ 879 ათასი ლარი] კი, ქალაქის მერიამ 2024 წლის 31 ივლისამდე უნდა დაფაროს.

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული.

კონსოლიდირებული ტენდერის პირობით, ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] მაქსიმუმ 561 140 ლარი იყო, დღგ-ს ჩათვლით:

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

მთავარი ფოტო: ისუზუს ბრენდის ავტობუსები ბათუმში / 2021 წელი / ფოტო არქივიდან

ხაჭაპური გასულ წელთან შედარებით 38%-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, სექტემბრის მონაცემებით, ხაჭაპური 38%-ით გაძვირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით.

ამ ინსტიტუტის შეფასებით, ხაჭაპურის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა და ერთი ხაჭაპურის თვითღირებულებამ 6.30 ლარს მიაღწია.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 

„ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

ISET-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა – 41 %-ით, თუმცა გაიზარდა ხაჭაპურის სხვა ინგრედიენტების ფასიც: საფუარი (16.9%), რძე (17.1%), კვერცხი (19.7%), კარაქი (20.6%), ფქვილი (25.2%).

„სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, რომელიც საქონლის უფრო ყოვლისმომცველ კალათას ეყრდნობა, წლიურმა ინფლაციამ საკვების ფასებზე 17.6% შეადგინა. სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რძის, ყველისა და კვერცხის კატეგორიაში ფასები 23,6%-ითხოლო პურის და მარცვლეულის კატეგორიაში 32,8%-ით გაიზარდა.

სურსათის გლობალურ და, შესაბამისად, ადგილობრივ ფასებზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი. ზოგიერთი მარცვლეულის გლობალური ფასები ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ორივე ქვეყანა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მარცვლეულის ფასები 11,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რძის ფასებს, FAO-ს ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, წლიურ ჭრილში, რძის ინდექსი 20,7%-ით გაიზარდა.

გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა შესაბამისად აისახება ადგილობრივ ბაზრებზეც,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში „ხაჭაპურის ინდექსის“ შესახებ. 

ბათუმის მერია საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამებს ყიდულობს

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამების შესყიდვაზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 36 სკამის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 9 400 ლარია გამოყოფილი.

პირობის მიხედვით, მერია 2 სახის სკამს შეისყიდის:

ტენდერის პირობის მიხედვით, ბათუმის მერია საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამებს ამ ნიმუშების მიხედვით შეიძენს.
16 ცალი სკამი უნდა იყოს ნიმუში N1-ის მსგავსი,
20 ცალი სკამი – ნიმუში N2-ის მსგავსი / ფოტო ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კი მერიას სკამები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეების დაშვება პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრთა რაოდენობა 25-დან 35-მდე გაიზარდა. საკრებულოს სხდომები კი ისევ იმ დარბაზში ტარდება, სადაც წინა მოწვევის საკრებულო იკრიბებოდა.

საკრებულოს წინა სხდომაზე დარბაზში 4 მოქალაქე არ შეუშვეს.

„რა საშუალებასაც მოგვცემს აღნიშნული დარბაზი, იმდენ სკამს განვათავსებთ… მაქსიმალურად გამოვიყენებთ,“ – გვიპასუხა მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა, რატომ არ დაამატეს სკამები მოქალაქეებისთვის, თუკი დარბაზში ამის შესაძლებლობა არსებობს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკრებულოს სკამებიც არ ჰქონდა. აღნიშნული ტენდერით შესყიდულ სკამებს კი, სხდომათა დარბაზში, ალბათ, მოქალაქეებისთვის დადგამენ.

ამ თემაზე:

„ვინმე ფეხზე იდგეს, არ არის მისაღები“ – როგორ ახსნა ჯინჭარაძემ სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვება

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს სხდომა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია

ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის.

ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი.

გასაყიდი ნაკვეთი ქობულეთში / ფოტოები აუქციონიდან

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება.

საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს.

ეს ნაკვეთი პლაჟიდან დაახლოებით 60 მეტრში, მდინარე დეხვადან კი, 300 მეტრში მდებარეობს და მისი მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

რეესტრის მიხედვით, აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთსა და ზღვას შორის არსებული ტერიტორია [პლაჟის ჩათვლით], ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთი ქობულეთში [მონიშნულია წითელი ხაზით]
ამავე თემაზე:

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 17 ოქტომბრიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17– 22 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 18-19 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 65 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 2 529 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 5 193 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 1 589 ერთეული [+7]
  • MLRS – 365 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 186 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 242 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 224 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 316 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 959 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 143 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 323 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 247 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 830 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 870 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 480 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 595 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პილოტი, რომელმაც 5 დრონი ჩამოაგდო და ცეცხლმოდებულ თვითმფრინავს თავი დააღწია

ბოლო 1 წელში მთავრობამ 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ისესხა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ამ დროისთვის 21,4 მილიარდი ლარია. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი, 2022 წლის 12 სექტემბერს – მთავრობის სხდომის წინ განაცხადა, რომ წელს „710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს ვიღებთ“.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან სახელმწიფოს მიერ აღებულ სესხებზე ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

სამინისტროს ვთხოვეთ, ასევე, მოეწერათ „ვისგან და რა ფორმით [საგარეო ვალი, ობლიგაციების გამოშვება და სხვა] აპირებდა მთავრობა ამ 710 მილიონი ლარის სესხის აღებას 2022 წელს? ან/და ხომ არ იგეგმებოდა უკვე გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე უარის თქმა“.

ფინანსთა სამინისტრომ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

გასული წლის ივლისში ირაკლი ღარიბაშვილმა ვალთან დაკავშირებით ისიც განაცხადა, რომ „არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“.

„ბათუმელების“ გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ პრემიერმა მოიტყუა, ვინაიდან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა და IBRD-ისგან დამატებით, ჯამში, 113 700 000 ევრო ისესხა.

პრემიერის შარშანდელი განცხადებიდან დღემდე პერიოდში კი, საქართველომ დამატებით 1 მილიარდ 94 მილიონი ევრო ვალი აიღო.

ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფომ ჯამში 1 094 85 000 ევრო ისესხა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, საიდანაც უკვე ათვისებულია 294 მილიონ 310 ათასი ევრო.

ამავე პერიოდში ქვეყანამ ჯამში 7 მილიონ 100 ათასი ევროს ოდენობით გრანტიც მიიღო, საიდანაც, სექტემბრის თვის მდგომარეობით, ათვისებული იყო 3 მილიონი ევრო.

[toggle title=”აღნიშნული სესხების და გრანტების დეტალურად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

 

[/toggle]

 

გარდა საგარეო ვალისა, 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, მთავრობამ სხვადასხვავადიანი, ჯამში 2,46 მილიარდი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ეს თანხა სახელმწიფომ 2022-2030 წლებში უნდა დაფაროს.

ჯამში, მთავრობის საშინაო ვალმა კი, 2022 წლის სექტემბრისთვის 6,2 მილიარდი ლარი შეადგინა:

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა [რომელიც სახელმწიფო საგარეო ვალსაც მოიცავს], 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 22.3 მილიარდი აშშ დოლარი [65.2 მილიარდი ლარი] შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ეს მონაცემები 2022 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

გლეხები მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან – „საზღვარგარეთ პირუტყვის გაყიდვა აგვიკრძალეს“

ხობელი ინვერ ჩიკორია, ჯემალ მარკოზია და ვახტანგ მიმინოშვილი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მთავრობის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან საქონლის ექსპორტის გატანაზე ახალი რეგულაციები დაწესდა.

გლეხები მოსამართლეებს უკვე მოუყვნენ, რომ აქამდე საქონლის ხორცს ძირითადად აზერბაიჯანსა და ირანში ჰყიდდნენ, ახლა კი, ამის საშუალება აღარ ეძლევათ და ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაყიდვა იაფად უწევთ.

დავის საგანია საქართველოს მთავრობის დადგენილება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის მე-6 მუხლის 26-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

გლეხების ინტერესების დამცველმა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც არსებითი განხილვა უკვე შედგა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 140 კგ ის რაოდენობაა, რაც წვრილ ფერმერს უზღუდავს საქონლის ხორცის ექსპორტს, ხოლო მსხვილი ექსპორტიორისთვის ეს პრობლემას არ ქმნის.

„…საქონელს ვეღარ ვგზავნი საზღვარგარეთ, ადგილზე კი, დაბალ ფასს მიხდიან… ფურს ვიტოვებ და შვილებს ვყიდი… არ მაქვს დიდი მიწის ფართობი, ამიტომ არათუ ახალი საქონლის დამატება, არამედ 6 საქონლის ყოლა და გაზრდაც სიძნელესთან არის დაკავშირებული. ზაფხულში არის ბალახი, მაგრამ დეკემბერი – მარტის პერიოდში ჩალის ყიდვაა საჭირო. ერთ სულ საქონელს დაახლოებით 400 კონა ჩალა სჭირდება 4 თვე, რაც 300 ლარია. 300 ლარი სიმინდის შეძენას სჭირდება… გაყიდვის შემთხვევაში კი, ადგილობრივ ბაზარზე ავიღებ 400 ლარს, რაც არ მიღირს, ხოლო საზღვარგარეთ, აზეირბაიჯანსა და ირანში გაყიდვის შემთხვევაში ავიღებდი 900 ლარს თითო საქონელში,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი მოსარჩელე ვახტანგ მიმინოშვილი კონსტიტუციურ სარჩელში, რომელიც 2020 წელს არის შედგენილი და ახლა განიხილავს სასამართლო.

ამავე სარჩელში მესაქონლეები აზუსტებენ, რომ 140 კგ არის დაახლოებით 2 წლის საქონელი.

სასამართლო სხდომაზე მთავრობის ინტერესების დამცველებმა თქვეს, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნას ბაზარზე, მოსარჩელეების აზრით კი: „დიდმა ფერმერებმა შეიტანეს საჩივარი, ჩვენ ვერ ვყიდულობთ საქონლის ხორცს, ძვირს აფასებენო. რეალურად ბაზარზე ხორცის არ ყოფნაზე კი არ არის პრობლემა, არამედ დაბალ ფასად უნდათ, რომ იყიდონ ჩვენგან“.

„დეფიციტი რომ არ შეიქმნას და ამ მიზნით ჩაერიოს სახელმწიფო, შეიძლება ეს სასამართლომ დაინახოს შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად?“ – იკითხა არსებითი განხილვის სხდომაზე მოსამართლე მანანა კობახიძემ.

„არა… პირუტყვის რაოდენობის კონტროლი ვერ იქნება მთავრობის ლეგიტიმური მიზანი. მისი ლეგიტიმური მიზანი უნდა იყოს თავისუფალი ეკონომიკური ბრუნვის უზრუნველყოფა, ამის შედეგი თავისთავად იქნება პირუტყვის შესაბამისი რაოდენობა საქართველოში,“ – უთხრა მოსამართლეებს მესაქონლეების ინტერესების დამცველმა.

არსებითი განხილვა დასრულდა, კოლეგია თუ გლეხების სარჩელს დააკმაყოფილებს, მთავრობას სადავო დადგენილების შეცვლა მოუწევს.

პილოტი, რომელმაც 5 დრონი ჩამოაგდო და ცეცხლმოდებულ თვითმფრინავს თავი დააღწია

უკრაინელმა პილოტმა 12 ოქტომბერს 5 კამიკაძე დრონი გაანადგურა ვინიცას რეგიონში. პილოტს, მეტსახელით KARAYA, თავადაც მოუწია კატაპულტირება – მისიის შესრულების დროს მისი თვითმფრინავი დაზიანდა.

12 ოქტომბერს დრონების განადგურება ნამდვილ შოუ იყო. ირანული დრონების – „შაჰიდ 136“-ის განადგურებას ვინიცას ოლქის მოსახლეობა ფაქტობრივად „ლაივ რეჟიმში“ ადევნებდა თვალს. მათ შორის იმ მომენტსაც, როცა პილოტმა განადგურებულ თვითმფრინავს თავი დააღწია.

მფრინავის ვინაობა და ფოტო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

იმის მიუხედავად, რომ KARAYA 12 ოქტომბერს ბეწვზე გადარჩა – ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გამოაღწია, აცხადებს, რომ მზადაა დაუყოვნებლივ შეუდგეს ახალი დავალებების შესრულებას.

ბრძოლაში დაუყოვნებლივ ჩართვის შესახებ მან ტელემარათონის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. KARAYA გამოტყდა, რომ მტერს სიამოვნებით გაანადგურებდა ამერიკული F 16-ით. თუმცა, დასძინა, რომ მას და მის მეგობრებს საბჭოთა ტექნოლოგიაც აძლევს შესაძლებლობას არანაკლები ზიანი მიაყენონ მის მშობლიურ მიწაზე შემოჭრილ მტერს.

KARAYA -მ კატაპულტირება მოახერხა განადგურებული თვითმფრინავიდან. ფოტო: უკრაინის თავდაცვა

„მტერი, რომელიც წარმატებას ვერ აღწევს ბრძოლის ველზე, მშვიდობიანი მოქალაქეების ტერორზე გადავიდა. ანადგურებს არა სამხედრო ობიექტებს, არამედ საბავშვო გასართობ მოედნებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს და სხვა „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს“, – დასძენს KARAIA.

პილოტის თქმით, დამპყრობლები ახალი თავდასხმებისთვის ახლა უკვე ირანულ დრონებს იყენებენ. KARAYA-მ ახსნა, რომ ეს დრონები საკმაოდ რთული სამიზნეა, მაგრამ უკრაინის დამცველები ძალიან სწრაფად ადაპტირდნენ მათთან ბრძოლაში.

„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე

„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“.

რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? რა შეიძლება ამ დროს შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა? – „ბათუმელებმა“ დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო დავით, რას ცვლის პოლიტიკურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერი რეზოლუციაში სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ და იმაზე, რომ „საქმე უნდა გადაიხედოს“? 

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ამას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, ეს რეზოლუციაა და ალბათ უფრო გააძლიერებს ხალხის განწყობას. ჩემი აზრით, ძალიან ცუდია ის, რაც ჩაიწერა რეზოლუციაში სააკაშვილზე რამდენიმე მიზეზის გამო: მთავარი არის ის, რომ ამ ჩანაწერის გამო საქართველოს დელეგაციამ არ დაუჭირა მხარი ზოგადად რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

მეორე მხრივ, ეს გააძლიერებს ისევ დაპირისპირების, პოლარიზების ხარისხს საქართველოში, გამოვლენ ისევ სუბარი და ხუნდაძე და დეგნანს დაუსვამენ კითხვას: ეთანხმება თუ არა იგი ამ რეზოლუციას და წავა ისევ ეს უაზრო პროცესი.

სააკაშვილს კი, ეს ჩანაწერი აქ ვერაფერს შემატებს, რადგან მას ივანიშვილი არსად გაუშვებს, ვიდრე ბიძინა იქნება საქართველოს მმართველი, ეს გამორიცხულია.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ მსგავსი ჩანაწერით რეზოლუცია? 

საქართველოს ხელისუფლების სრულიად უგვანო საქციელის გამო მიიღეს ეს. მე რომ ვყოფილიყავი, ვიმუშავებდი იმაზე, რომ არ მომხდარიყო ასე, რადგან მე მაინტერესებს შედეგი, პროცესის ნორმალიზება… ფაქტია, რომ ასამბლეას ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ აკრეფილი აქვს. კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურას, საქართველოთი იქ რეალურად რამდენიმე დეპუტატია დაინტერესებული და მუშაობს ამ თემაზე, სხვები უყურებენ ეს 6 – 7 ადამიანი რას იტყვის, ესენი კი, სათითაოდ „ოცნებას“ გალანძღული ჰყავს უკანასკნელი სიტყვებით, ერთი დედა არ უგინებიათ, თორემ ყველაფერი თქვეს.

მე მომხრე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ის უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის საჭირო, მაგრამ ასე ეს შედეგი ვერ დადგება.

გეუბნებით, რომ ევროსტრუქტურებში ისე არიან „ოცნებაზე“ განაწყენებულები, მეგის ქარდავას გათავისუფლებაც რომ მოითხოვონ, არ გამიკვირდება.

დათო ზურაბიშვილი
  • პოლიტიკურად მომგებიანი იქნება „ოცნებისთვის“ ახლა ის, რომ რეაგირება არ მოახდინოს რეზოლუციაზე, როცა კანდიდატის სტატუსს ვითხოვთ? 

ამ სტატუსს მივიღებთ, თუ ვერა, ვიდრე ბიძინა აქ არის, ის არ გაუშვებს სააკაშვილს. ვერაფერი ვერ აიძულებს ივანიშვილს, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნება მისთვის კატასტროფული მარცხი.

გასათვალისწინებელია, რომ მთლად ტყუილი ბრალდებებით არ ზის სააკაშვილის ციხეში, იგივე „7 ნოემბრის საქმე“ იქნება, თუ „ვალერი გელაშვილის საქმე“… თანაც, როცა რეზოლუცია ამბობს, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი და იმავდროულად საქმე უნდა გადაიხედოს, არ მესმის ეს კარგად: თუ პოლიტპატიმარია, რატომ უნდა გადაიხედოს?

ასე რომ, სააკაშვილის ციხიდან გაშვება-არგაშვების საკითხზე აქ არანაირი აქციები არ აგორდება, ამას ასამბლეაც ვერ უშველის, რადგან სააკაშვილს ჰყავს, როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. სააკაშვილი კონტრავერსიული ფიგურაა და ის ოპოზიციისთვის განხეთქილების ფიგურა უფროა, ვიდრე გამაერთიანებელი.

  • რამ შეუწყო ხელი ამ ეტაპზე სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის გააქტიურებას? 

კონიუნქტურა იცვლება, აქამდე არავინ არ ითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას. ახლა „ოცნების“ ხელისუფლების რეპუტაცია დაცემული, უკრაინის ხელისუფლების რეპუტაცია კი, პირიქით, გაიზარდა და სწორედ უკრაინის ხელისუფლებამ წამოწია წინ ეს საკითხი, სადაც სააკაშვილს, ცხადია, ჰყავს მხარდამჭერები, გულშემატკივრები.

  • რას აჩვენებს ამ სახით ასამბლეის რეზოლუციის მიღება, სადაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად არის შეფასებული? 

ცხადია, ეს აჩვენებს დაპირისპირებას რუსეთთან, მთელი ცივილიზებული კაცობრიობა დგება რუსეთის წინააღმდეგ და უცხადებენ უკრაინას მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების ორჭოფულმა პოზიციამ კი, ჩვენი ქვეყანა დააზარალა. ამ სიტუაციაში, მე არც იმის მომხრე ვარ, რომ რადიკალური განცხადებები ვაკეთოთ, ბალტიისპირეთივით ვერ ვიქნებით, სპეციფიკური ვითარება გვაქვს, მაგრამ მკაფიოდ უნდა დავდგეთ უკრაინის მხარეს და რუსეთის წინააღმდეგ. ეს შეგვეძლო და ამ კუთხით შეეშალა სერიოზულად საქართველოს ხელისუფლებას…

ეს გააკეთა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ჩათვალა, რუსეთი მოიგებდა ამ ომს. ასე აღმოვჩნდით ამ გაურკვეველ მდგომარეობაში.

საქართველოს ხელისუფლების ამ მიდგომის შედეგია ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. „ოცნებას“ რომ ჰქონოდა მკაფიო პოზიციები რუსეთის აგრესიის მიმართ და არ ელანძღა ასე ევროპარლამენტარები, არაფერს მსგავს არ მივიღებდით.

  • თუმცა ბერლინში „ოცნების“ პარტნიორმა ევროპულმა პარტიამ „ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტია (PES)“ საერთაშორისო კონგრესზე რეზოლუცია მიიღო და ჩაწერა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას. 

ასე ცალ-ცალკე ყველა იმავეს ამბობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ზოგადად, უარს არ გვეუბნებიან ამ სტატუსზე, თუმცა არაა გამორიცხული, ისევ გადაგვიწიონ ვადა. ეს დამოკიდებულია მთლიანად კონიუნქტურაზე. შესაძლოა, ევროკავშირმა და შტატებმა გადაწყვიტონ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს სტატუსი უნდა მოგვცენ, რადგან ცხადია, რომ ეს იქნება გზავნილი რუსეთისთვის: კანდიდატის სტატუსის არ მოცემა ნიშნავს, რომ რუსეთს გაბარებს და გაგვწირეს, რაც გამორიცხულია.

ჩემი აზრით, თუ ხელისუფლება ისევ განაგრძობს სვლას იგივე მიდგომებით, რასაც აქამდე ვუყრუებთ, ეს პროცესი გაიწელება 2024 წლამდე. არაა გამორიცხული, ხელისუფლება თუ ვერ შეიცვალა, მაინც მოგვცენ ეს სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ეცდებიან, რაღაცნაირად დალაგდნენ „ოცნებასთან“. ეს ყველას გვესმის, რომ ქვეყნისთვის არ იქნება კარგი.

რატომ ღირს გერმანიაში პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი – 5 ქვეყნის მაგალითი

საქართველოში საკვები პროდუქტები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში: ზეთი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი და ხილიც კი, გერმანიაში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

გერმანიასა და საფრანგეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში – ყველგან გეტყვიან, რომ საკვები პროდუქტები ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა. „ბათუმელებმა“ ხუთი ქვეყნის მონაცემი შეაგროვა და ერთმანეთს შეადარა ხუთი საკვები პროდუქტის ფასი: პური, შაქარი, ზეთი, ბრინჯი და მაკარონი.

ბათუმში ე.წ. პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასს  გავეცანით ორ ქსელურ მაღაზიაში -„ნიკორასა“ და „2 ნაბიჯში“. გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთი მარკეტიდან გამოგვიგზავნეს ფოტოები, საფრანგეთში – ორლეანიდან, აშშ-ში – ნიუ-იორკიდან, თურქეთში – სტამბოლიდან. ჩვენ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვეთ, გადაეღოთ იმ წარმოების პროდუქტები, რასაც ისინი ყველაზე ხშირად ყიდულობენ.

თუ ამ ხუთი პროდუქტის მაგალითზე ხუთი ქვეყნის მონაცემებს გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ღარიბ საქართველოში ბევრად უფრო მეტს ვხარჯავთ საკვებ პროდუქტებში, ვიდრე ევროპის ისეთ ძლიერ და მდიდარ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია. საკვები პროდუქტები საქართველოზე ბევრად იაფი რომ თურქეთში ღირს, ეს უკვე კარგად ცნობილი ამბავია, რადგან საქართველოდან თურქეთის ქალაქებში უკვე ბევრი ადამიანი გადადის საკვები პროდუქტების საყიდლად.

სხვა საკითხია საკვები პროდუქტის ხარისხი: მაგალითად, როგორია იმ საკვები პროდუქტების ხარისხი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში რომ იყიდება და საქართველოზე ბევრად იაფი ღირს.

ზეთი – ერთი ლიტრი ზეთის საშუალოს ფასი საქართველოში 7 ლარიდან 9 ლარამდე მერყეობს. ზეთი გერმანიაში საშუალოდ 5.40-დან 6.75 ლარი [1.99 – 2.49 ევრო] ღირს. საფრანგეთში ზეთის საშუალოდ ფასი 9.68 ლარია [3.59 ევრო], თურქეთშიც ერთი ლიტრი ზეთის ფასი საშუალოდ 5.30 ლარი გამოდის [35.50 ლირა].

ზეთის საშუალო ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16.81 ლარია [6.06 აშშ დოლარი].

ზეთის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

შაქარი – შაქარს საქართველოზე იაფად იყიდით გერმანიასა და საფრანგეთში. 1 კგ შაქარი ბათუმში, „ნიკორაში“, 4 ლარი ღირს, „2 ნაბიჯში“ – 3.75, გერმანიაში – 3.49 ლარი [1.29 ევრო], საფრანგეთში – 3.10 ლარი [1.15 ევრო].

შაქარი გაძვირდა თურქეთშიც – აქ ერთი კილოგრამი შაქარი 3.87 ლარია [25.95 ლირა], აშშ-ში კილოგრამი შაქარი 9.24 ლარი [3.33 აშშ დოლარი] ღირს.

შაქრის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

მაკარონი – მაკარონიც საქართველოში ევროპულ ფასზე ძვირია: საფრანგეთში ერთ კილოგრამ მაკარონს საშუალოდ 3.13 ლარად იყიდი [1.16 ევრო], გერმანიაში – 2.41 ლარად [0.89 ევრო], საქართველოში მაკარონის ყველაზე დაბალი ფასი 2,50 ლარია და 4.60 ლარიც ღირს.

მაკარონის საშუალო ფასი აშშ-ში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკში, 5.52-დან 6.35 ლარამდე მერყეობს, თურქეთში მაკარონის ფასი 1.57 ლარიდან [10.50 ლირა] იწყება.

მაკარონის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

ბრინჯი – ბრინჯის ფასი ბათუმში 2.85 ლარიდან 3.5 ლარამდე მერყეობს. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კი, ბრინჯს 2.68 ლარად [0.99 ევრო] იყიდით. ბრინჯი გაძვირებულა საფრანგეთში და ის ამჯერად საშუალოდ 10.98 ლარი [4.07 ევრო] ღირს.

ბრინჯი თურქეთში საშუალოდ 4.02 ლარი გამოდის [26.95 ლირა], აშშ-ში – 10.24 ლარი [3.69 აშშ დოლარი].

ბრინჯის ფასი საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში

პური – პური ბათუმის მარკეტებში 1.20-დან 1.35 ლარამდეა, ამ პურის წონა 300 გრამია. გერმანიაში პური 4.30 ლარი გამოდის [1.59 ევრო], თუმცა მისი წონა 1 კილოგრამია. საფრანგეთში 500-გრამიანი პურის ფასი 3.91 ლარია [1.45 ევრო].

აშშ-ში პური 13.84 ლარი [4.99 აშშ დოლარი] ღირს, რომელიც 680 გრამია. პური თურქეთში 5 ლირა ღირს, რაც 75 თეთრი გამოდის,თუმცა ამ პურის წონა 200 გრამია.

როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში

„კუბაში არ არის საჭმელი, არ არის უფლებები. იქ კომუნიზმია,“ – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა. დაიბადა და გაიზარდა კუბაში, ჰავანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ახლა საკუთარი სამშობლოდან აზრის გამოხატვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დევნილად იქცა.

„წარმოშობით კუბიდან ვარ. ჰავანას უნივერსიტეტში ვსწავლობდი კულტურულ მემკვიდრეობას, სანამ იძულებული გავხდებოდი ქვეყანა დამეტოვებინა.

ცხოვრება კუბაზე არ ჰგავს იმას, რასაც ტურისტული სააგენტოები სთავაზობენ ტურისტებს კუბაში ჩამოსვლის შემთხვევაში. ადგილობრივებისთვის, ჩვეულებრივი ხალხისთვის ყველაფერი რთულია.

მაგალითად, არ არის საჭმელი. ფული გაქვს, მაგრამ საჭმელს ვერ ყიდულობ, იმიტომ, რომ არ არის. სპეციალურ ტალონებს არიგებს მთავრობა საჭმელზე იმის მიხედვით, რამდენი სულია ოჯახში. ხშირად ყოფილა მე და დედაჩემი დილის სამ საათზე ჩავმდგარვართ რიგში და ჩვენი რიგი როცა მოსულა, მაღაზიაში საჭმელი აღარ ყოფილა. მერე სხვა მაღაზიაში მიდიხარ, იქაც არაფერია და ასე. ხშირად არ არის ელექტროენერგია. თუ მოხდა ისე, რომ საჭმელი იყიდე, მაცივარში ვერ შეინახავ, რადგან შუქი არ არის,“ – გვიყვება ალბერტო და საკუთარი მონათხრობის დასადასტურებლად რამდენიმე კვირის წინ ჰავანაში გამართულ საპროტესტო აქციის კადრებს გვაჩვენებს ტელეფონში. მოქალაქეები ელექტროენერგიის არქონას აპროტესტებდნენ.

კუბიდან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის ძიებაში

ალბერტო ორტეგას კუბიდან გაქცევის მიზეზიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობა იყო. ის საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა.

„2021 წლის 11 ივლის კუბაში, ჰავანაში დიდი მანიფესტაცია გაიმართა, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას. როგორც აქციის მონაწილე მოვხვდი იმ დღეს გადაღებულ ვიდეო კადრებში. 25 აგვისტოს დამიბარეს უნივერსიტეტში დედაჩემთან ერთად, სადაც მაჩვენეს კადრები, რომელშიც საპროტესტო აქციაში ვმონაწილეობდი. ასევე  დამხვდა დედაჩემის და ბებიაჩემის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული კუბის მთავრობის კრიტიკის შემცველი სტატუსების სქრინშოტები. ჩვენი ოჯახი ანტიკომუნისტად ითვლებოდა.

უნივერსიტეტიდან გამრიცხეს და მითხრეს, რომ სტუდენტების ადგილი, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ არიან, არ არის სასწავლო დაწესებულებაში,“ – გვიყვება ალბერტო ორტეგა.

ალბერტოს მონათხრობის თანახმად ის პოლიციაში დაიბარეს. ასევე მისცეს რეკომენდაცია, რომ პოლიციაში მისვლამდე სახლი არ დაეტოვებინა.

ალბერტო ამბობს, რომ მისთვის ცხადი გახდა, კუბის მთავრობა მის დაპატიმრებას აპირებდა, როგორც ანტიკომუნისტის.

„ჩემი ნივთები ჩავალაგე, იმის გამო, რომ სახლს დარაჯობდნენ, სახურავიდან გამოვიპარე, ვარადეროს აეროპორტში მივედი და ერთადერთ ქვეყანაში, სადაც უვიზოდ შემეძლო წასვლა, რუსეთში წავედი,“ – ამბობს ალბერტო ორტეგა.

იხსენებს, რომ მას მგზავრობის ფული კანადაში მცხოვრებმა დეიდამ, ხოლო ბინის ფული, მაიამიში მცხოვრებმა ბებიამ გადაუხადა. მაგრამ რუსეთში ცხოვრება მისთვის ახალ განსაცდელად იქცა, ამიტომ ისეთი ქვეყნის ძებნა დაიწყო, სადაც წასვლას შეძლებდა.

„რუსეთში ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი. იყო რასიზმის შემთხვევები. ისევ დეიდაჩემმა იპოვა გუგლში საქართველო. ვნახეთ, რომ იყო კარგი ქვეყანა და გადავწყვიტე ჩამოსვლა. სამი დღე მოვდიოდი მატარებლით საზღვრამდე. შარშან ოქტომბერში ჩამოვედი. ერთი წელი ხდება, რაც საქართველოში ვცხოვრობ,“ – გვიყვება ალბერტო.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ალბერტომ თავშესაფარი მოითხოვა. მას მისცეს დროებითი მოწმობა და სტატუსი. ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება კი 2023 წლის თებერვლამდე აქვს, რადგან ერთი კვირის წინ საქართველოს საემიგრაციო სამსახურმა მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

„მათ არ დაიჯერეს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო პატიმრობა მემუქრება ჩემს ქვეყანაში. ჩემი მეგობრები, სამწუხაროდ ციხეში ზიან იმ აქციებში მონაწილეობის გამო. თუ კუბაში დავბრუნდები, არ ვიცი რა დამემართება. ალბათ დამაკავებენ და მეც ციხეში ჩამსვამენ,“ – ამბობს ალბერტო ორტეგა.

  • რა მოხდა კუბაში 2021 წლის ივლისში

2021 წლის 11 ივლისის აქცია ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია იყო კუბაზე 1959 წლის შემდეგ. 11 ივლისის აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებების შეზღუდვას, საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას.

კუბის მთავრობამ ანტისამთავრობო გამოსვლები აღკვეთა, დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და პლასტმასის ხელკეტები გამოიყენა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჰუმან რაითს ვოჩმა“ კუბის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც კუბის მთავრობამ კუბელების უფლებას გამოეხატათ პროტესტი უპასუხა სასტიკი, სისტემური რეპრესიებითა და ცენზურით.

„ჰუმან რაით ვოჩის“ მონაცემებით საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს 1400-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 700-ზე მეტი, 2022 წლის ივლისში, როცა ანგარიში გამოქვეყნდა, ისევ ციხეში რჩებოდა.

„ჰუმან რაით ვოჩმა“ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელიც კუბის მთავრობამ დააკავა, ციხეებში გაუსაძლის ვითარებაში იმყოფებოდნენ.  დაკავებულები იმყოფებოდნენ ხალხმრავალ, ანტისანიტარიულ ციხის საკნებში. სადაც არ იყო სუფთა წყალი, საკვები და მედიკამენტები. ზოგიერთ დაკავებულს არასათანადოდ ექცეოდნენ, აიძულებდნენ შიშვლად ჩაჯდომების გაკეთებას, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას და აყენებდნენ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, რასაც უფლებადამცველი ორგანიზაცია წამებას უტოლებს.

ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
  • ალბერტოს ცხოვრება საქართველოში          

„როცა საქართველოში ჩამოვედი, პირველი ერთი თვე მარტო ვიყავი, არავის ვიცნობდი და არც სამსახური მქონდა.

შემდეგ ერთი ადამიანი გავიცანი, შაკო, რომელმაც სპორტდარბაზში სამსახური შემომთავაზა. სპორტდარბაზიდან ვიპოვე მეორე სამსახურიც. ერთ დღეს სპორტდარბაზს ვალაგებდი, როდესაც ორი ტიპი მოვიდა და მკითხეს: „გამარჯობა ძმაო, გინდა რესტორანში იმუშაო?“ მე ვუთხარი: – ოქეი, რატომაც არა.

სავარჯიშო დარბაზში იატაკს ვწმენდ, დამლაგებელი ვარ. თევზის რესტორანშიც ვალაგებ – თეფშები მიმაქვს სამზარეულოში.

შაკო ძალიან დამეხმარა. მისი დახმარებით აღმოვაჩინე ბარი ფაზენდაც, სადაც ასევე კარგი ადამიანები გავიცანი. ბედნიერი ვარ აქ ცხოვრებით. ქართველი ხალხი ძალიან მეხმარება. ბევრი რამ არ მესმის, მაგრამ მეხმარებიან, რომ გავიგო,“ – ჰყვება ალბერტო საქართველოში მისი ცხოვრების შესახებ.

ალბერტო ამბობს, რომ ქართულის სწავლა სპორტდარბაზში მისი თანამშრომლის, მარინას დახმარებით დაიწყო.

„პირველი სიტყვა რომელიც ვისწავლე, იყო გამარჯობა.

მერე მასწავლა თვლა – ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და მითხრა, ხვალ, როდესაც მოხვალ, გკითხავო. სახლში მთელი საღამო ვიმეორებდი და მეორე დღეს უკვე ნასწავლი მქონდა. ასევე სამსახურში ვისწავლე ბევრი სიტყვა, რომელიც მუშაობისას მჭირდებოდა.

რესტორანში ძირითადად ქართულად მიწევს საუბარი, რადგან ჩემზე ბევრად უფროსი ადამიანები არიან ხშირი სტუმრები და ინგლისურად ვერ ველაპარაკები“.

მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე პირველ ეტაპზე უარი უთხრა, ალბერტომ აპელაცია შეიტანა და იმედია აქვს, რომ საქართველოს საიმიგრაციო სამსახური კარგად შეისწავლის მის საქმეს.

„საქართველოში ვეძებ თავშესაფარს, რადგან ჩემი ქვეყნის მთავრობა მდევნის. არ ვიცი, სად უნდა წავიდე, თუკი ისევ უარს მეტყვიან. კუბაში დაბრუნება არ მინდა. არ შემიძლია, ვერ დავბრუნდები“, – ამბობს ალბერტო.

ის გეგმავს, რომ ქართული კარგად ისწავლოს და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელოს.

როდის დასრულდება კობალაძის ქუჩაზე ასფალტის დაგება

ბათუმში, კობალაძის ქუჩა, ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად ნაწილობრივ იკეტება. მოძრაობის შეზღუდვა ქუჩის რეაბილიტაციას უკავშირდება. სამუშაოებს აქ ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა“ ასრულებს.

ბათუმი, კობალაძის ქუჩა / 15.10.2022

„კობალაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზა გაიხსნება სავალი ნაწილის ორივე მხარის მოასფალტების დასრულების შემდეგ. აღნიშნულ ქუჩაზე გზა ნაწილობრივ გახსნილია.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან გუშინ, 14 ოქტომბერს.

სამმართველოში „ბათუმელებს“ ვერ დაუკონკრეტეს, თუ როდის დასრულდება გზის მოასფალტება.

ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლია მოასფალტებული, მეორე ზოლში კი ასფალტის დაგება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან გზა ტრანსპორტისთვის გახსნილია.

ბათუმი, კობალაძის ქუჩა / 15.10.2022

კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციის და აღმაშენებლის ქუჩაზე [ასევე აბუსერიძის და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე] უსაფრთხოების კუნძულების მოწყობაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 1 615 620 ლარით ქონდა გამოცხადებული.

აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გზასთან“ კი, ხელშეკრულება 2022 წლის 18 თებერვალს, 1 356 598 ლარზეა გაფორმებული.

ტენდერის პირობის მიხედვით სამუშაოები მთლიანად უნდა დასრულდეს 2022 წლის 2 დეკემბრამდე.

„ტურისტული სეზონის გამო, სამუშაოების გაგრძელების უფლება მხოლოდ 26 სექტემბრიდან მოგვეცა. ამ ეტაპისთვის დარჩენილია 3-4 დღის სამუშაო და ასფალტის საფარის დაგება დასრულდება. კონკრეტული ვადა ამინდზეა დამოკიდებული, ვინაიდან ასფალტი მშრალ ამინდში უნდა დაიგოს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შპს „გზა“-ში.

ბათუმი, კობალაძის ქუჩა / 15.10.2022

 

რუსეთში მღვდელმა დაასმინა კაცი, რომელმაც უკრაინის გამარჯვებისთვის სანთლები დაანთო

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში საქალაქო დუმის ყოფილი წევრისა და მეწარმის, სერგეი უგლიანიცას წინააღმდეგ მისი ანტისაომარი პოზიციის გამო საქმე აღძრეს.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი სოფელ ტელმის ეკლესიის მღვდელთან საუბარი გახდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ჯერ კიდევ აპრილში, მეწარმემ მასთან რუსული სამხედრო აგრესიის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და უკრაინას გამარჯვება უსურვა.

„ველოდები დღეს, როდესაც ტელევიზორში აჩვენებენ, როგორ ჩაივლის უკრაინის არმია წითელ მოედანზე“, – მღვდლის მტკიცებით, სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა უგლიანიცამ. სასულიერო პირი დასძენს, რომ საქალაქო დუმის ყოფილმა დეპუტატმა უკრაინის გამარჯვებისთვის სანთლებიც დაანთო.

როგორც Настоящее Время ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მღვდელმა სერგეი კანდიბინმა უგლიანიცასთან საუბრის შინაარსი მაშინვე პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მოკვლევა დაიწყეს და საქმეს უგლიანიცას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები და პოსტებიც დაურთეს.

ეს პოსტები, პროკურატურის მტკიცებით, ახალისებს სიძულვილს პოლიციელების, სამხედროების, რუსეთის ხელისუფლების და კონკრეტულად რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. 

სერგეი უგლიანიცას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა. პოლიციამ მისი მღვდელთან საუბარი, პოსტები და კომენტარები „შუღლისა და სიძულვილის გაღვივებისკენ მიმართულ ქმედებად“ შეაფასა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ დეპუტატს 10 დან 20 ათას რუბლადე ($160-320) ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 64 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 2 524 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 5 179 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 1 582 ერთეული [+16]
  • MLRS – 365 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 186 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 242 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 210 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 316 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 951 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 142 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 323 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 380 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 792 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 869 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 475 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 580 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რატომ შეაჩერა პუტინმა მობილიზაცია – ISW-ის განმარტება

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ვარაუდით, რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შეჩერების მიზანი საშემოდგომო გაწვევისთვის მომზადების უკეთესი პირობების შექმნაა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაცია დაახლოებით ორ კვირაში შეწყდება“, ზუსტად იმ დროს, როდესაც საშემოდგომო გაწვევა უნდა დაიწყოს.

როგორც პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, „არაფერი დამატებითი არ იგეგმება“ და „ნაწილობრივი მობილიზაცია თითქმის დასრულებულია“. მან დასძინა, რომ იმ 220 000 სამხედროდან, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიწვიეს, 35 000 უკვე რუსეთის სამხედრო ბაზებზე იმყოფება, 16 000 კი – უკრაინის ფრონტზე.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მობილიზებულები 5-10 დღიან პირველად მომზადებას გადიან და მათ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისთვის წვრთნიან.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთი მობილიზებულების სამხედრო მომზადებას ვერ უზრუნველყოფს.

„ბევრი ინსტრუქტორი და ოფიცერი, სავარაუდოდ, დაიჭრა ან დაიღუპა უკრაინაში ჯერ კიდევ მობილიზაციის დაწყებამდე. რუსეთის სასწავლო პოლიგონები, სავარაუდოდ, ასევე დაუკომპლექტებელია,“ – წერს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • პუტინი შესაძლოა გეგმავს, რომ მობილიზებულები დროებით ამოავსებენ დანაკარგით შექმნილ სიცარიელეს ფრონტზე, ამ დროში კი რუსეთი საშემოდგომო ახალწვეულებს გარკვეულ მომზადებას გაატარებს, რათა 2023 წლისთვის უკრაინაში თავისი ძალების გაძლიერება შეძლოს;
  • უკრაინისა და დასავლეთი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმის მიუხედავად, ბელაურის უკრაინაში შეჭრის საფრთხეს ვერ ხედავენ;
  • 14 ოქტომბერს პუტინმა გამოაცხადა, რომ არ არსებობს დამატებითი აუცილებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული დაბომბვების გასაგრძელებლად;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობს კონტშეტევებს ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუპანსკთან;
  • რუსეთი ძალებმა შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს კრემენაიას დასავლეთით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად;
  • რუსეთის არმიამ ასევე შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახოციელა ხერსონოს ოლქის ჩრდილო-დასავლეთით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტის რაიონში;
  • რუსი ჩინოვნიკები ხერსონის ოლქში მოსახლეობის გადაადგილებას არა ევაკუაციას, არამედ „ჰუმანიტარული მიზნით მგზავრობას“ უწოდებენ.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა, რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნიდან გაქცევა. მედიის ცნობით, რუსეთი 21 სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა დატოვა.

მობილიზებულები უარესად არიან აღჭურვილი, ვიდრე დანარჩენი არმია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსი რეზერვისტების ეკიპირებაა. უწყების ცნობით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთმა უკრაინაში მობილიზებული რუსი სამხედროების გარკვეული კონტინგენტი გადაისროლა, თუმცა მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე ბევრად ჩამოუვარდება მანამდე უკრაინაში გაგზავნილი და ისედაც ცუდად აღჭურვილი რუსული ჯარების უზრუნველყოფის ხარისხს.

„ბევრი რეზერვისტი იძულებულია ჯავშანჟილეტი თავად შეიძინოს, განსაკუთრებით თანამედროვე ჯავშანჟილეტი 6B45, რომელიც წესით, ინდივიდუალური ეკიპირების პროგრამის „რატნიკის“ ფარგლებში ისედაც უნდა გაიცემოდეს სამხედრო პერსონალზე,“ – წერს დაზვერვა 15 ოქტომბრის რელიზში.

უწყება მიუთითებს, რომ ჯავშანჟილეტი 6B45 რუსულ ინტერნეტმაღაზიებში ახლა 40 000 რუბლად, დაახლოებით 640 ამერიკულ დოლარად იყიდება. იგივე ჟილეტი ჯერ კიდევ აპრილში, 12 000 რუბლი  – 190 დოლარი ღირდა.

„2020 წელს რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუს სამხედროებს ჰქონდათ „რატნიკის“ დაცვის აღჭურვილობის 300 000 კომპლექტი, რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო უკრაინაში დისლოცირებული ძალებისთვის,“ – დაზვერვა ასკვნის, რომ ქვეყანაში ფესვგადგმული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი მოქმედებების ერთ-ერთი მიზეზია.

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებზე არაერთხელ წერდნენ რუსული მედიაც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მათ შორის ბრიტანეთის დაზვერვაც, რომელიც თავის რელიზებშიც მიუთითებდა, რომ მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული სამხედროების მომზადების დონე და უზრუნველყოფა ძალიან დაბალია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება დონბასში რუსეთის შეტევით ოპერაციებს მიმოიხილავდა. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ამ რაიონში რუსეთის ოპერაციებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს.

 

„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე… მათ ახლა ყველაზე მეტად ამოსუნთქვა სჭირდებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსები სარაკეტო დარტყმებს გაძლიერებით ეცდებიან დაზამთრებამდე მისვლას.

გადამდგარ გენერალს გაზაფხულამდე გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. გაზაფხულზე კი, ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, თუ უკრაინა შესაბამისად არ აღჭურვეს და ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა ვარ წამოიწყო, რუსეთმა ახალი მიმართულებებით განაგრძოს შეტევა.

მანამდე კი, გადამდგარი გენერალი რამდენიმე მომენტს შენიშნავს, რაც აჩვენებს, რომ „რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბრძანება გასცეს ხერსონიდან მოქალაქეთა ევაკუაციის მზადების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ქალაქ ხერსონში ბრძოლებისთვის ემზადებიან?

კი, ეს ამას ნიშნავს. ამით რუსებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ ბრძოლა – მოსახლეობა არ იქნება მოსამარაგებელი და იოლად მოხერხდება სამხედრო გარნიზონის მომარაგება, არ დასჭირდებათ კონტროლი, საკომენდანტო სამსახურის აწყობა და ასე შემდეგ.

ერთმნიშვნელოვნად ამ ეტაპზე უკრაინელების კონტრშეტევა შენელებულია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, ერთ-ერთია ნაადრევად დაწყებული ძლიერი წვიმები. გარდა ამისა, უკრაინელებმა უნდა მოახერხონ გათავისუფლებული ტერიტორიების დაცვა. სვატოვოს მიმართულებით უკრაინელებს აქვთ წარმატება, მათ შეძლეს მდინარე ჟერებეცის გადალახვა, რომლის ზღუდეზეც რუსები არიან გამაგრებულები, მაგრამ იქ რუსებს ძალიან უჭირთ. ფაქტობრივად, ძალების დეფიციტის გამო რუსები გარნიზონებად არიან დაყოფილი და უწყვეტ თავდაცვას ვერ ახერხებენ, თუმცა უკრაინელების შენელებული შეტევის ტემპის გამო, შესაძლოა მათ „ღრიჭოების“ ამოვსება დაიწყონ.

მეორეს მხრივ, უკრაინელები უახლოვდებიან დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებს და, შესაბამისად, თავდაცვის იმ ზღუდეებს, რასაც 2014 წლის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში აწყობდნენ.

  • რა ტაქტიკით მოქმედებენ ამჯერად რუსები? ისინი ცდილობენ თავდაცვის ორგანიზებას, თუ ისევ აპირებენ დონეცკის საზღვრებამდე გასვლას? 

არა, რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე, ხვდებიან ამას, თუმცა გარკვეული შეტევებით ბახმუტის მიმართულებაზე ცდილობენ, არ მისცენ უკრაინელებს კონცენტრაციის საშუალება. რუსები ცდილობენ, დაზამთრებამდე ეს ვითარება გაწელონ, შემდეგ კი, უკვე ახალმობილიზებულებს შეიყვანენ ბრძოლის ხაზზე. ასე გაუიოლდებათ დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება. ეს პროცესი თუ ხანგრძლივ სახეს მიიღებს, შესაძლებელია, პოლიტიკური ვაჭრობის წარმატების იმედი გაუჩნდეთ.

რუსეთს ახლა ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის ამოსუნთქვა, ძალების მოკრება, გადაჯგუფება, მომძლავრება, იმ აღჭურვილობის მოგროვება, რაც საბრძოლო დანაყოფებს სჭირდება.

ვხედავთ უკვე რამდენი ხანია ბახმუტთან არიან ერთ წერტილში გაჩერებულები და მხოლოდ რამდენიმე მეტრით მიდიან წინ. გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დროს 6 დღეში აიღეს კენიგსბერგი, თავისი ყველა საფორტიფიკაციო სისტემით.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის დაბომბვით რუსეთი თავის მომხრეებსა და რუს ნაციონალისტებს „ამშვიდებს“, რუსული არმიის დაბალი მორალური განწყობა და ბრძოლისუნარიანობა კი, სარდლობას არჩევანის წინაშე აყენებს – გააგრძელოს თუ არა შეტევები დონეცკის ოლქში. თქვენი აზრით, რატომ არჩია რუსეთმა სარაკეტო დარტყმების გააქტიურება? 

აშკარად ჩანს, რომ სარაკეტო დარტყმების მიზანია ძირითადად რუსეთის შიდა აუდიტორიაზე მუშაობა. აქამდე გაუთავებლად ისმოდა რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანებში, უპირატესობა მოიპოვეს უკრაინელებმა და ჩვენ რას ვაკეთებთ? რატომ არ ვცემთ პასუხს? რატომ არ ვუთიშავთ უკრაინას შუქს? სარაკეტო დარტყმებით რუსეთი ცდილობს იმის ჩვენებას, რომ რუსებს კიდევ გააჩნია საპასუხოს დარტყმების ძალა.

მე ველოდი სარაკეტო დარტყმების გააქტიურებას მოგვიანებით, თუმცა გარკვეული დაჩქარება გამოიწვია ყირიმის ხიდის აფეთქებამ და სუროვიკინის მეთაურად დანიშვნამ. ეს დარტყმები ალბათ გაგრძელდება, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის საცეცხლე საშუალებები დააგროვონ და შემდეგ ერთდროულად დაარტყან ზამთრის მოახლოებასთან ერთად. დაზამთრებამდე უკრაინელები ახერხებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, როცა ყინვები იქნება, გაუჭირდებათ უკრაინელებს და ეს მოსახლეობაზეც აისახება. ლვოვის მხარემ განაცხადა უკვე, რომ 25 %-ით ამცირებს ელექტრომომარაგებას.

იყო ასევე ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში გასულია სახომალდე ჯგუფი 2 სარაკეტო ხომალდის და ერთი წყალქვეშა ნავის ჩათვლით, რომლებმაც უკვე შეივსეს სარაკეტო შეიარაღება, 20 ერთეული კალიბრის ტიპის რაოდენობას მოუყარეს თავი… აქამდე დარტყმების სამიზნე იყო დასავლეთ უკრაინა, ახლა შესაძლებელი იქნება დარტყმა ცენტრალურ უკრაინაზე. ახლა მთავარია, უკრაინა რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოახერხებს დასავლეთიდან მიღებული რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების ადაპტაციას. ვნახოთ, ასევე, რა რაოდენობიოთ გადასცემენ უკრაინას აღჭურვილობას. ამ ეტაპზე რაც აქვს უკრაინას, ეს არ არის საკმარისი უკრაინის საჰაერო სივრციდან დასაფარავად. იგივე „აირისი“ მოკლე და საშუალო დისტანციის საშუალებაა, მოკლე დისტანცია
კი, ნიშნავს იმას, რომ ახლოს უნდა იყო ერთმანეთთან, რათა გადაფარონ თავისი მოქმედების რადიუსები, „მკვდარი ზონა“ არ უნდა დარჩეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფართო ტერიტორიას ვერ გადაფარავენ.

  • უკრაინაში დაბრუნდა 10 ათასი ჯარისკაცი, რომლებმაც წვრთნები გაიარეს ბრიტანეთში, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მალე ჩაერთვებიან საომარ მოქმედებებში. რას შეცვლის ეს?

ცნობილია, რომ 30 ათას ადამიანს ამზადებენ დიდ ბრიტანეთში. ადრეც ვამბობდი, რომ უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევისთვის დასჭირდება ახალი ძალა, რომელიც იქნება სრულად დაკომპლექტებული დასავლური სისტემით, შესაბამისი აღჭურვილობით და დასვენებული შემადგენლობით. თუ უკრაინა ამ მომზადებულ ადამიანებს ნაწილ-ნაწილ არ გაუშვებს პირდაპირ ბრძოლაში და შეინახავს გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი, ოპერატიული დარტყმისთვის, ჩემი აზრით, ეს უფრო ეფექტური იქნება.

უკრაინამ დასვენებული, მომზადებული დანაყოფები არ უნდა შეიყვანოს პოზიციურ ბრძოლაში, მან ცალკე დარტყმითი მუშტი უნდა გააკეთოს და სიღრმიდან, მეორე ეშელონიდან განახორციელოს კინეტიკური, ფართომასშტაბიანი დარტყმა. ამას სჭირდება შესაბამისი ძალების მობილიზება, სანგრებში მყოფი დანაყოფებით ვერ გადახვალ ასეთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე.

  • თქვენი მოსაზრება საინტერესოა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. რას აჩვენებს თქვენთვის რუსეთის ვერსია, რომც დავუშვათ, რომ საქართველოში დაუშვეს ტროტილის გატანა, როგორ შეიტანეს ის რუსეთში? 

ამ სცენარით გამოდის, რომ „ფეესბეში“ დოყლაპიები არიან, უფროსი რატომ არის მაშინ თავის ადგილზე? ვფიქრობ, საქართველომ საერთოდ არ უნდა გააკეთოს განცხადება ამ თემაზე, არ უნდა იმართლოს თავი. რაც უნდა ის ქნან რუსებმა, მაგათ ისევ ჩირქის მოცხება თუ უნდათ ჩვენთვის, ისედაც შეძლებენ ნებისმიერი მიზეზით.

ამ ვერსიით რუსებმა თითქოს რაღაცით იმართლეს თავი, რამე ხომ უნდა ეთქვათ? უკრაინელებმა მათ აჩვენეს, რომ ჩვენ აი, ამის გაკეთება შეგვიძლია, თანაც, პუტინის დაბადების დღეზე. ეს არის რუსეთის მორიგი ჩავარდნა, მაგრამ როცა არავის პასუხს არ სთხოვენ, ეს სხვა რამეს მაფიქრებინებს.

  • რას გაფიქრებინებთ? 

იმას, რომ „ფეესბეს“ ისევ აქვს ძალა, ვერ უბედავენ ვერაფერს. ეს აჩვენებს პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების სისტემის პრობლემას, მაგრამ პასუხს ვერ სთხოვენ.

  • თქვენი დაკვირვებით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კრიტიკის ახალ ტალღას რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ, რაც გამოიწვია ინფორმაციამ ახალმობილიზებულ და ცუდად მომზადებულ სამხედროებში პირველი მსხვერპლის შესახებ.

რუსეთი არასდროს არის სენსიტიური მსხვერპლის მიმართ. საბოლოოდ იტყვიან, რომ ეს დეზინფორმაციაა და განაგრძობენ დანაყოფების მომზადებას. ამ ეტაპზე ძირითადად დანაყოფებს ამზადებენ რუსები. ძალიან მოკლე დროში მოახერხეს 200 ათასი კაცის მობილიზება. ბუნებრივია, სწრაფად ვერ მოხერხდებოდა მათი მომზადება და აღჭურვა. თანაც, აღჭურვილობის მარაგები რუსეთში ურალს იქეთ აქვთ, ამის ჩამოტანას დრო სჭირდება, არ დაგავიწყდეთ კორუფციის მასშტაბი და რუსული ლოჯისტიკაც, რომელიც გაუმართავია.

ამას გარდა, რუსებს უჭირთ ახალი აღჭურვილობის შეძენა და შეტანა ქვეყანაში, შენახული აღჭურვილობის ნაწილის თავისი ვადა აქვს, მაგალითად, კევლარის მუზარადი და ჯავშანჟილეტის ფილა რაღაც დროის შემდეგ უვარგისია გამოსაყენებლად.

რუსებს დააკლდათ მუშახელიც – წარმოიდგინეთ, 200 ათასი ჯანღონიანი კაცი დააკლდა სამსახურს მრეწველობასა თუ სოფლის მეურნეობაში. ეს აკლდება ყველაფერს. თვითონ რუსეთმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სამხედრო ხარჯების 3-დან 5 ტრილიონ რუბლამდე გაზრდა, მაგრამ მხოლოდ 2 ტრილიონის მობილიზება შეძლეს. რუსეთს სამხედრო ბიუჯეტის უზრუნველყოფა უჭირს, მას ომის წარმოება უჭირს, რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს საჭირო ოდენობით.

  • მ მოცემულობაში აწყობს რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება? ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელიმ თქვა: „ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე გამოიწვევს პასუხს, რომელიც არ იქნება ბირთვული, მაგრამ იქნება იმდენად ძლიერი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“. გარდიანის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მძიმე შედეგების“ წინაშე დადგება, თუ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ თავდასხმას დაიწყებს.

კარგია, რომ კეთდება ეს განცხადებები. ის, რომ თვალს ადევნებენ და განაცხადი, უპასუხოდ არ დარჩებაო, არის მნიშვნელოვანი.

ვფიქრობ, რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია სხვა ფაქტორები, სხვა ხერხები, როგორიცაა, მაგალითად, ბელარუსიის ომში ჩართვა, ასევე 200 ათასი მობილიზებულის შეყვანა ბრძოლაში. ბრძოლის ველზე მარცხი ზრდის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა გამოიყენოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუმცა პუტინის გარშემო არიან სხვებიც, რომლებმაც შესაძლოა არ გაწირონ ასე საკუთარი თავი.

  • აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას გააგრძელებენ ზამთრის განმავლობაშიც. ამის შესახებ ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. რამდენად გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ამ კუთხით, თქვენი ინფორმაციით, რომ უკრაინამ ზამთარშიც შეძლოს ეფექტური კონტრშეტევა? 

მნიშვნელოვან აღჭურვილობას იღებს უკრაინა: იგივე ჭურვები „ვულკანო“, რაც გათვლილია 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისთვის, მაღალი სიზუსტის ჭურვია, 90 კილომეტრამდე მიფრინავს, ის არის „ერთი გასროლა – ერთი
სამიზნის „პრინციპის: მონაცემები შეჰყავთ და შემდეგ GPRS-ით თვითონ ახდენს ჰაერში კორექტირებას. გათვალისწინებულია 250 ასეთი ჭურვის უკრაინისთვის გადაცემა.

უკრაინა ასევე იღებს გერმანიიდან „აირისს“, მაგრამ გათვალისწინებულია სულ 4 ერთეული. არ მაქვს ინფორმაცია, რა მოდიფიკაციის „აირისს“ აძლევენ: საშუალო მანძილის მოდელის „აირისი“ გათვალისწინებულია, მაგალითად, 40 კილომეტრ სიშორემდე და 24 კმ აქვს სიმაღლე. რა მოდიფიკაციაც არ უნდა ჰქონდეს, 4 ერთეული მაინც ძალიან მცირეა.

უკრაინას უკვე აქვს 30-მდე „ჰაიმარსი“, რაც, როგორც ვხედავთ, ძალიან ეფექტურია. ამით გაანადგურეს უკრაინელებმა 400-ზე მეტი რუსული ობიექტი, მართვის პუნქტი, საწყობები.

მთლიანობაში, ეს ტექნიკა, რაც მიაწოდეს უკრაინას, საჭიროა დანაკარგების შესავსებად ძირითადად და ეს ხდება. ეს აღჭურვილობა არანაირად არაა საკმარისი ფართომასშტაბიანი დარტყმისთვის, ისევე როგორც მიწოდებული
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით შესაძლებელია რამდენიმე ქალაქი დაიცვა, მთლიანად ქვეყანა არ გამოვა, რადგან ტერიტორია დიდია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი ერთდროულად იყენებს დარტყმის სხვადასხვა შესაძლებლობას, ფრთოსანი რაკეტა იქნება ეს თუ, ბალისტიკური რაკეტა, რასაც კიდევ უფრო ართულებს უპილოტოების გამოყენებით. ამ დროს რეაგირება უჭირთ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს და რადარებიც იტვირთება, რეაგირებას ვეღარ ახერხებენ.

  • ეს რუსების ახალი მეთაურის, სუროვიკინის ტაქტიკაა? ელოდებით მისგან „სირიიზაციას“, თუ ეს ვერ გამოვა იმიტომ, რომ უკრაინის საბრძოლო სივრცე პრინციპულად განსხვავდება სირიის საბრძოლო სივრცისგან? 

ეს არის რუსეთის სტილი, მიწასთან გაასწოროს ყველაფერი და განსაკუთრებით ეს არის სუროვიკინის სტილი. რა მნიშვნელობა აქვს გვარებს, ვხედავთ, რასაც აკეთებენ რუსები და რის გამკეთებლებიც არიან. თავის დროზე, როცა საუბრობდნენ გერასიმოვის გენიოსობაზე, გამოჩნდა ესეც, რაც შეუძლია.

  • NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში NATO-ს დამარცხებასაც ნიშნავს. ეს მკაფიოდ აჩვენებს თუ არა, რას მიიჩნევს დასავლეთი გამარჯვებად? წინა ინტერვიუებში ამბობდით, რომ არ არის ცხადი, რა ეტაპამდე მისვლას მიიჩნევდა დასავლეთი უკრაინის გამარჯვებად. 

ფაქტია, რომ უკრაინა არ დამარცხდება. ნატო სულ რომ წავიდეს, უკრაინა მაინც არ მოაგებინებს რუსეთს ამ ომს. შეიძლება, ვერ დაამარცხონ უკრაინელებმა რუსეთი მარტო, მაგრამ არც გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ.

რა თქმა უნდა, უკრაინის წარუმატებლობა დიდი დარტყმა იქნება ნატოს პრესტიჟზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება.

ფაქტია, რომ ზამთარში არ იქნება დიდი ცვლილებები ბრძოლის ხაზზე. გაზაფხულისთვის გამოჩნდება, რა აღჭურვილობას მიაწვდიან უკრაინას და შეძლებს თუ ვერა ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას. თუ ამას ვერ მოახერხებს უკრაინა, რუსეთი ისევ მოინდომებს არათუ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, რაზედაც ეხლაა კონცენტრირებული, არამედ კვლავ შეტევის წამოწყებას.

როგორ გაინაწილეს ქობულეთის პლაჟები ბიზნესმენებმა

კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ – გრძელვადიანი იჯარის წესით.

პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით იმ კომპანიებმაც გაიფორმეს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მშენებლობას ახლა გეგმავენ, ან უკვე წამოწყებული აქვთ მშენებლობა. ვინც პლაჟი ჯერ ვერ გაიფორმა, გეგმავს მის მისაღებად მერიას მიმართოს, ზოგიერთმა მათგანმა კი უკვე მიმართა და პასუხს ელოდება.

ბოლოს, 2022 წლის სექტემბერში 45 306 კვ.მეტრი პლაჟზე 45 წლიანი იჯარით შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ დაირეგისტრირა.

არამხოლოდ ბათუმში, ქობულეთშიც მოსახლეობამ პლაჟების გრძელვადიანი იჯარის წესით გასხვისება საპროტესტო აქციებით არაერთხელ გააპროტესტა.

უშედეგოდ.

არადა, ყოველწლიური მოკლევადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, პლაჟზე კომერციული საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ქობულეთის სანაპიროზე მათთვის ადგილი თანდათან მცირდება.

 

მოსახლეობის აქცია პლაჟის გასხვისების წინააღმდეგ

2022 წლის სექტემბერში ბობოყვათის სანაპიროზე, პირდაპირ პლაჟზე 45 306 კვ.მეტრი შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ 45 წლიანი ვადით, საიჯარო წესით დაირეგისტრირა. კომპანიას აქ მიწის ნაკვეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირობით მიჰყიდეს.

მონიშნულია გაყიდული ნაკვეთი და იჯარის წესით გასხვისებული პლაჟი – გაყიდული ნაკვეთი 19 ჰექტარი, პლაჟი კი 45 306 კვ.მეტრია.

მთავრობამ ბობოყვათის სანაპიროზე 19 ჰექტარი გაყიდა, პლაჟი კი 45 წლით გაასხვისა

ამ ნაკვეთის მომიჯნავედ 12 ჰექტარს შპს „ბობოყვათი“ ფლობს, კომპანია აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. პროექტი 15 ჰექტარს მოიცავს, აქედან კომპანიას 12 ჰექტარი ეკუთვნის, 3 ჰექტარი კი სახელმწიფოს საკუთრებაშია. სკოუპინგის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა, პროექტი ზღვაზე გასასვლელსაც მოიცავს.

15 ჰექტარი, რომლის დაგეგმარებასთან დაკავშირებითაც კომპანიამ სკოუპინგის დოკუმენტი წარადგინა
ამ რენდერზე ასახულია თუ როგორ გეგმავს კომპანია ტერიტორიის ათვისებას

500 კვ.მეტრი პლაჟზე, ქობულეთის სანაპიროზე შპს „კოკა კოლა ბეთლეს ჯორჯიას“ 10 წლიანი იჯარის წესით აქვს გადაცემული. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ხელშეკრულება 2015 წელს გაუფორმეს – 2 წლის შემდეგ სავარაუდოდ მერიას  ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს და, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნებართვასაც მიიღებს. პლაჟის მომიჯნავედ „კოკა კოლა ბეთლერს ჯორჯია“ ორ ნაკვეთს , ჯამში 41 706 კვ. მეტრ ნაკვეთს ფლობს.

ამ ნაკვეთის გაყოლებაზე კი, ქობულეთის პარკის გასწვრივ მიწის ნაკვეთი 17 149 კვ.მეტრი ირა ფიჩხიძეს ეკუთვნის, თავისი ნაკვეთის გასწვრივ 600 კვ.მეტრი შპს „დაბის“ 7 წლიანი იჯარით აქვს დარეგისტრირებული.

ციხისძირში, პეტრას ციხიდან თუ გადახედავთ, ამ ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო პროცესს დაინახავთ, შპს „რედ-კო“  აქ კომპლექსს პირდაპირ პლაჟთან აშენებს. რეესტრის მონაცემებით, პლაჟი ჯერ დარეგისტრირებული არ არის, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რენდერებს თუ გადახედავთ, სამომავლოდ მის ათვისებას გეგმავენ. სავარაუდოდ კომპანია ამ ნაკვეთს საიჯარო წესით მოითხოვს. უფრო მეტიც, კომპანია თავის ვებგვერდზე წერს, რომ შენობას კერძო სანაპირო ექნება:

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთს „რედ-კო ციხისძირის“ გარდა კიდევ რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს

აღმაშენებლის გამზირზე, ზღვის პირველ ზოლში, შპს „ალიანსი“ აუქციონით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. შეთანხმებული განაშენიანების გეგმის მიხედვით, კომპანიას აქ 26 კოტეჯი უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტში ცვლილება მოითხოვა და სამი 31 სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიის ნაკვეთის წინ პლაჟი ჯერ თავისუფალია.

პირდაპირ სანაპიროზე 24 911 კვ.მეტრზეა განლაგებული ჩერნოვეცსკის ფონდი, მისი ნაკვეთის გასწვრივ არსებული პლაჟი კი, [6487 კვ.მ] რომელსაც რეალურად ეს ფონდი განკარგავს, კვიპროსში დარეგისტრირებულ კომპანიაზე, შპს „LUGAMINO HOLDINGS LIMITED“ – ზეა იჯარის წესით გადაცემული.

ჩერნოვეცკის ფონდის მომიჯნავედ არსებულ ნაკვეთი სანაპიროზე, 70 073 კვ.მეტრი „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაა. 2019 წელს საპარტნიორო ფონდი ამ ნაკვეთზე სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებდა, თუმცა აქ მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შეკვეთილის მხრიდან ესაზღვრება პლაჟსა და მდინარე ჩოლოქს შორის მდებარე 104 294 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „აკვაცენტრის“ საკუთრებაშია [აკვაცენტრი მიწას მდინარის მეორე ნაპირზეც ფლობს].

 

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ ჩაქვის პლაჟი, 12 320 კვ.მეტრი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ათწლიანი იჯარით გადასცა. საკითხის განხილვას სხდომაზე მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს წევრებს გაეთვალისწინებინათ მიმდებარედ მცხოვრებთა მოთხოვნა და პლაჟი ინვესტორისთვის არ გადაეცათ.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემის აუცილებლობა მისი მოვლა-პატრონობის აუცილებლობით ახსნა.

მონიშნულია პლაჟი რომელიც „დრიმლენდ ოაზისს“ 10 წლიანი იჯარით გადასცეს.

 

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

როგორ გახდა უკრაინის გმირი ევროპის ყოფილი ჩემპიონი – 34 წლის ვადიმის ისტორია

დაჭრილმა მაიორმა ზელენიუკმა ბრძოლის ველი არ დატოვა და მტრის განადგურება განაგრძო.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი გამბედაობისა და სიმამაცისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 6 ოქტომბერს მაიორ ვადიმ ზელენიუკს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

34 ზელენიუკი სამხედრო სპორტსმენი იყო. იგი სპორტული საქმიანობის პარალელურად, 2010 წლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების ელიტურ, ანტიტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა.

ვადიმ ზელენიუკის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური სამხედრო გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს.

ზელენიუკს სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა სამბოში, ოსტატობის კანდიდატი იყო ძიუდოში.

2013 წელს იგი ევროპის ჩემპიონი გახდა სპორტის ახალ სახეობაში – უნივერსალური ბრძოლები. ამავე წელს მესამე ადგილი დაიკავა 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე საბრძოლო სამბოს სპორტის სახეობაში.

საბრძოლო მისიებში 2014 წლის ყირიმის ომიდანვე ჩაერთო.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთი ისევ დაესხა თავს უკრაინას, პირველი კატეგორიის სპორტის ინსტრუქტორი ზელენიუკი ეროვნულ გვარდიაში ჩაეწერა.

ასევე მოიქცნენ მისი კოლეგა და მეგობარი სპორტსმენებიც უკრაინული სპორტული კლუბიდან – НГУ.

ვადიმი გვარდიის იმავე დანაყოფში დაბრუნდა, სადაც 2014 წელს იბრძოდა.  „ომეგა“ – ასე ერქვა მის დანაყოფს, რომელიც კიევის მისადგომებთან  მტერს აჩერებდა, შემდეგ კი იზიუმსა და სევეროდონეცკს იცავდა.

კიევის ოლქში ვადიმი სადაზვერვო სამუშაოებს ასრულებდა. თანამებრძოლები იხსენებენ, რომ  ობიექტზე პირველი ყოველთვის ის გადიოდა, კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმის და მზვერავების თანმიმდევრულობის წყალობით, ვადიმმა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

მაიორი ვადიმ ზელენიუკი თანამებრძოლთან ერთად ფრონტზე/ფოტო: გამოცემა „Armyinform”

მან მტრის საპატრულო დანაყოფების ადგილსამყოფელი, სადამკვირვებლო და სამეთაურო პუნქტები აღმოაჩინა და ზუსტად დაადგინა ოკუპანტების 24 ჯავშანტრანსპორტიორის ადგილსამყოფელი. ყველა ეს ინფორმაცია მზვერავმა არტილერისტებს გადასცა.

ვადიმის დანაყოფმა უსაფრთხო გზა გახსნა, გათავისუფლდა 12-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი მტრისგან და ვადიმის და მისი თანამებრძოლების წყალობით ფრონტის ხაზმა დედაქალაქიდან მოშორებით – სოფელ ბუზოვკამდე გადაინაცვლა.

გამოცემა Armyinform-ის კორესპონდენტთან საუბრისას ზელენიუკის კოლეგები იხსენებენ, რომ იზიუმთან მან წარმოუდგენელი გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინა, როცა საჰაერო თავდამსხმელთა 95-ე ბრიგადის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა. ეს მებრძოლი სამი დღე და ღამე მტრებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე მარტო იყო – დაჭრილი. ვადიმმა მის გადასარჩენად ოთხი ქვეითი ოკუპანტი და, ასევე, ჯავშანტექნიკა გაანადგურა.

ვადიმ ზელენიუკი ურთულესი შეტაკებებისას იბრძოდა სევეროდონეცკშიც. მონაწილეობდა ივნისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩასაგდებად. ამ ოპერაციისას ვადიმის მონაწილეობით დანაყოფმა ექვსი რუსი ჯარისკაცი დაატყვევა, რამაც უკრაინულ მხარეს შემდეგ მეტი ტყვეს გაცვლის შესაძლებლობა მისცა.

გარდა ამისა უკრაინელებმა მტრის ძალების განლაგებისა და საბრძოლო საშუალებების რაოდენობის შესახებ ამ ტყვეებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

მოპოვებულმა ინფორმაციამ უკრაინელების წარმატებულ კონტრშეტევას შეუწყო ხელი.

22 აგვისტოს, ავდეევკას მისადგომებთან, სოფელ კრასნოგოროვკას მახლობლად, ვადიმის „ომეგას“ სპეცრაზმმა გადაუდებელი დავალება მიიღო.

უკრაინის გმირი ვადიმ ზელენიუკი

სპეცრაზმს მტრის თავდასხმა უნდა მოეგერიებინა და მეტიც, იმ პოზიციებზე უნდა მოეკიდებინა ფეხი, სადაც ოკუპანტები საკმაოდ მყარად იყვნენ გამაგრებული.

ვადიმის დანაყოფმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ორი გასროლით მტრის ქვეითთა ორი საბრძოლო მანქანა გაანადგურა ეკიპაჟებიანად, თუმცა ოკუპანტები შეტევას განაგრძობდნენ.

მაიორი ზელენიუკი პირველი იყო, ვინც შემტევ პოზიციაში მყოფი მტრის დანაყოფისკენ მიიწევდა, მის კვალს მიჰყვებოდნენ თანამებრძოლები.

ისინი იხსენებენ, როგორ ეფარებოდა ვადიმი სასტიკი ბრძოლებისას სხვა ჯარისკაცებს. ზელენიუკი ამ ბრძოლაში მტრის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ წინსვლა და ცეცხლი არ შეუწყვეტია.

ზელენიუკის დანაყოფმა თავდამსხმელი ოკუპანტების რაზმი სრულად გაანადგურა, თუმცა ვადიმი ამ შეტაკებას შეეწირა.

2022 წლის 1-2 ოქტომბერს ზელენიუკის მშობლიურ ქალაქ ხმელნიცკიში, უკვე  უკრაინის გმირის, ვადიმ ზელენიუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა ძიუდოში.  ჩემპიონატში 100-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ტურნირი ყოველწლიურად ჩატარდება.

ვადიმ ზელენიუკის დაკრძალვა: ზელენიუკის სპორტული ჯილდოები/ფოტო: გამოცემა „Armyinform”

 


მთავარ ფოტოზე: უკრაინის გმირი ვადიმ ზელენიუკი/წყარო – გამოცემა „Armyinform”

ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები გერმანიასა და ნიდერლანდებში თავშესაფარს მიიღებენ

სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში დაიწყო სახელმწიფო პროექტი სახელწოდებით – „სიცოცხლე მინდა“. ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებითაც, ცხელ ხაზზე ან ტელეგრამის ჩატ-ბოტში რუსი სამხედროები იღებენ რჩევებს, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ.

კოორდინატორები ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველი რუსი სამხედრო ტყვედ ოქტომბრის დასაწყისში ჩაბარდა. ის ორსკის 26 წლის მცხოვრები იყო. პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში ცხელ ხაზსა და ჩატ-ბოტს დაახლოებით 3 ათასმა სამხედრომ მიმართა. უკრაინელი სამხედროები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა იცავს ტყვეთა მიმართ მოპყრობის ჟენევის კონვენციით დადგენილ წესებს და სამხედრო ტყვეებს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით, სრულფასოვან კვებითა და იურიდიული დახმარებით.

როგორ მუშაობს პროგრმა „სიცოცხლე მინდა“ – Настоящее Время-სთან ინტერვიუში პროექტის სპიკერი ვიტალი მატვიენკო ჰყვება.

  • რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თუ გაიზარდა მომართვების რაოდენობა?

დიახ, ეგრეა. იძულებითი ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ნამდვილად გაიზარდა მომართვიანობა.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ საიდან რეკავენ ადამიანები – უკრაინის ტერიტორიიდან, რუსეთის პოლიგონებიდან, სამხედრო კომისარიატებიდან, გზიდან?

სრულიად განსხვავებული წერტილებიდან შემოდის ზარები: როგორც რუსეთის ტერიტორიიდან, ისე პოლიგონებიდან, სადაც მობილიზებულებს ვითომ წვრთნიან. რეკავენ ის სამხედროებიც, რომლებიც უკვე უკრაინაში არიან.

  • რით ხსნიან ტყვედ ჩაბარების სურვილს?

მათ სიცოცხლე უნდათ. არ სურთ ბრძოლა, არ სურთ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერა, არ უნდათ ხელში იარაღის აღება. ისინი სიტუაციის მძევლები არიან. გადარჩენის ერთადერთი შანსი – ეს ნებაყოფლობითი ტყვეობაა.

  • როგორ უნდა ჩაბარდნენ ტყვედ ისე, რომ ბრძოლაში არ მოკლან?

ჩვენი პროექტის თანახმად, იმისთვის, რომ ნებაყოფლობით ჩაბარდეს სამხედრო, ჩვენთან უნდა დარეგისტრირდეს. ის ან ჩატ-ბოტში, ან ცხელ ხაზზე ტოვებს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. როდესაც ის უკრაინის ტერიტორიაზე ხვდება, უკავშირდება ცხელ ხაზს და აწვდის დამატებით ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ ჩვენი ოპერატორები ჩვენს სპეციალურ დანაყოფებს გადასცემენ, ხოლო ისინი უზრუნველყოფენ სამხედროს ტყვედ ჩაბარებას უსაფრთხოდ.

  • როგორ ხერხდება კომუნიკაცია უკრაინელ სამხედროებთან უშუალოდ საბრძოლო შეტაკების ხაზზე?

ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანა უსაფრთხოებაა. რუსეთის ფედერაციის იმ სამხედროების უსაფრთხოება, რომლებმაც ნებაყოფლობით ჩაბარება გადაწყვიტეს და ასევე იმ სპეცდანაყოფების, რომლებიც მათ ბრძოლის ველიდან გამოყვანას უზრუნველყოფენ. სრული პროცედურის მოყოლა ნამდვილად არ შემიძლია.

  • თქვენ თქვით, რომ სამი ათასი მიმართვა მიიღეთ. გაქვთ ინფორმაცია ამ ხალხის ბედზე?

უკვე არიან სამხედროები, რომლებიც ჩაბარდნენ ჩვენი პროექტის დახმარებით. რაც შეეხება ტყვეთა რაოდენობას, უსაფრთხოების მიზნით, ამას ვერ დავასახელებ.

  • ვინ არიან ეს ადამიანები?

თავიდან ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ახლა უკვე 30-ს გადაცილებულებიც მოგვმართავენ. აცრემლებულები რეკავენ – „როგორ მოვიქცეთ, რომ ტყვედ ჩავბარდეთ? არ გვინდა ბრძოლა.“ რაც შეეხება ცრემლებს – არ ვხუმრობ. არიან IT სპეციალისტები, გრაფიკოსები… საზოგადოების სხვადასხვა ფენა.

  • გასაგებია, რომ ადამიანებს ომში სიკვდილის ეშინიათ, თუმცა ალბათ ტყვეობისაც ეშინიათ.

უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენ ჟენევის კონვენციის ყველა ნორმას ვიცავთ. ტელეფონზე საუბრისასაც ვეუბნებით, რომ მათ სრულიად ადამიანურად მოექცევიან. არავინ მათ არ აწამებს (სხვათა შორის, ამას თავადაც კითხულობენ). ვარწმუნებთ, რომ უკრაინა სამხედრო ტყვეებს ღირსეულად ეპყრობა.

  • თუ სწორად მესმის, ამ ადამიანებს რუსეთში არ დააბრუნებენ, მათ გაცვლით ფონდად არ გამოიყენებენ.

რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, რომლებიც ნებაყოფლობით ბარდებიან ტყვედ, უფლება აქვთ თავად აირჩიონ, რა უნდათ. თუ სამშობლოში დაბრუნება სურთ, ეს შესაძლებელია გაცვლის გზით ახლაც და ომის დასრულების შემდეგაც. ასევე, მათ შეუძლიათ თავშესაფარი ითხოვონ უკრაინის ტერიტორიაზე ან ევროპის ქვეყნებში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ სამხედრო ტყვეების მისაღებად მზად არიან.

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას, ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. თუ ადამიანი არ აღმოჩნდება დაკავშირებული ომის დანაშაულებთან, უკრაინა თავის ტერიტორიაზე მისი დარჩენის შესაძლებლობასაც განიხილავს.

Exit mobile version