მთავარი,სიახლეები

„შსს გამოხატვის უფლებას თავზე დემონსტრაციულად გვახევს“ – დაკავება ბათუმში კარვის გაშლისთვის

28.12.2022 • 1211
„შსს გამოხატვის უფლებას თავზე დემონსტრაციულად გვახევს“ – დაკავება ბათუმში კარვის გაშლისთვის

პოლიციელებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ კაცი დააკავეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვისთვის. მან კარავი გაშალა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა. მოქალაქე ზურაბ ქარჩავა სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვას ითხოვს.

„საახალწლო ღონისძიებებია მიმდებარე ტერიტორიაზე… აკრძალულია, აქ არ შეიძლება კარვის გახსნა,“ – მიმართა ზურაბ ქარჩავას ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჟომიამ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კანონის საფუძველზეა აკრძალული კარვის გაშლა საჯარო სივრცეში, ან რატომ შეიძლება აფერხებდეს მემედ აბაშიძის ძეგლთან გაშლილი კარავი საახალწლო ღონისძიებებს ევროპის მოედანზე.

„კანონის სრული დაცვით ვხსნი და შეიძლება,“ – უპასუხა პოლიციის ხელმძღვანელ პირს მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ.

„დაგვემორჩილე“, – ისმის შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრში ისევ პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის, ბაჩო ხაჟომიას უკანონო მოთხოვნა.

„არ გემორჩილები, არ გაქვს უფლება, რომ შემიზღუდო,“ – მიმართავს პოლიციელს მოქალაქე.

„საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს, კარავს ნუ გახსნი, მიმდებარე ტერიტორიაა… დაშალეთ კარავი და გადაიტანეთ სხვაგან,“ – ამბობს პოლიციელი, რის შემდეგაც ზურაბ ქარჩავას პოლიციელები ადმინისტრაციული წესით აკავებენ. პოლიციელებმა მოქალაქის გაშლილი კარავიც დაშალეს.

კარვის გაშლამდე მოქალაქე დღეს, 28 დეკემბერს, „გასაუბრებისთვის“ გადაიყვანეს ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში. საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს.

„ეს არათუ კანონის დარღვევაა, არამედ შსს გამოხატვის თავისუფლების უფლებას პირდაპირ თავზე გვახევს,“ – კატეგორიულია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება. მას დაკავებულ ზურაბ ქარჩავასთან შესვლის საშუალებასაც არ აძლევენ. პაატა დიასამიძე დასძენს, რომ ამ დრომდე მომხდარზე რეაგირებას არც შსს-ს გენინსპექცია ახდენს.

„პირველ შემთხვევაში ის გადაიყვანეს იდენტიფიცირების მიზნით პოლიციის განყოფილებაში, რაც დაუშვებელია, რადგან პირადობა ზურაბ ქარჩავამ აქვე მიაწოდა პოლიციელს. შესაბამისად, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობდა.

ამ ადგილზე მოქალაქეს ჰქონდა აბსოლუტური უფლება, რომ გაეშალა კარავი… აქვე ახლოს საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ კარვის გაშლით მართლმსაჯულების განხორციელებას არანაირად ხელი არ ეშლება. ეს დაკავება არის დაუსაბუთებელი და გამოხატვის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევა. პოლიცია ჩვენ თვალწინ, დემონსტრაციულად ფეხქვეშ თელავს გამოხატვის თავისუფლებას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

შსს-ში ამ დრომდე არ განმარტავენ, რატომ დააკავეს მოქალაქე, რომელმაც საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვა სცადა.

—————-

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს უკვე საქართველოში კარვის გაშლისთვის აკავებენ. ისევ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლისთვის 24 ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები.

ბოლო ტენდენცია ასეთია: პროტესტის გამოხატვის დროს პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებულთაგან ზოგიერთს სასამართლო ამართლებს, თუმცა სასამართლო პროცესამდე დაკავებულს თითქმის 48 საათით ტოვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოქალაქეს უკანონო დაკავებისთვის უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია. ამის პრაქტიკაც გვაქვს, თუმცა, მაგალითად, მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა სასამართლო დავა შსს-ს მოუგო და მას ხუთწლიანი სასამართლო დავის შემდეგ კომპენსაციის სახით 100 ლარი გადაუხადეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: