მთავარი,სიახლეები

მოქალაქე შიმშილობს და ითხოვს ბავშვები სკოლებში უფასოდ კვებონ, მას პოლიციამ კარავი წაართვა

29.12.2022 • 1339
მოქალაქე შიმშილობს და ითხოვს ბავშვები სკოლებში უფასოდ კვებონ, მას პოლიციამ კარავი წაართვა

„პოლიციაში მითხრეს, რომ კარავი ჩემი ნებით დამეშალა, არ არის ლამაზი, ახალი წელიაო… მე კი ვამბობ, რომ მხოლოდ ახალ წელს გვახსენდება ბავშვები, სულ სხვა კუთხით: უფასოდ მიგვყავს ატრაქციონებზე, თეატრში, თითქოს კომპენსაციას ვახდენთ. ჩვენ ახალი წლის გარდა მთელი წელი საერთოდ არ გვახსოვს ათასობით მშიერი ბავშვი სკოლებში,“ – ამბობს მოქალაქე ზურაბ ქარჩავა, რომელიც პოლიციელებმა გუშინ, 28 დეკემბერს, კარვის გაშლისთვის დააკავეს.

ზურაბ ქარჩავას გუშინ კარავი წაართვა პოლიციამ. შესაბამისად, ის ახლა ეძებს კარავს, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ სკვერში გაშალოს და გააგრძელოს თავისი პროტესტი – მოითხოვოს საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების სისტემის ამოქმედება. მოქალაქის თქმით, ის ამ მოთხოვნით შიმშილობას კარვის გარეშე აგრძელებს მემედ აბაშიძის ძეგლთან.

„უპრეცედენტო შემთხვევაა – ხელწერილის გარეშე გათავისუფლება. მას ხელწერილით უშვებდნენ იმ პირობით, რომ კარავს აღარ გაშლიდა, მაგრამ ამაზე ხელი არ მოაწერა, ხელწერილის გარეშე გამოუშვეს საბოლოოდ, მაგრამ კარავი არ დაუბრუნეს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არღვევს და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას დემონსტრაციულად თავზე გვახევს.

აპირებს თუ არა უჩივლოს შსს-ს მოქალაქემ, რომელსაც პროტესტის გამოხატვა შეუზღუდეს და კარავი ჩამოართვეს? – ზურაბ ქარჩავამ გვითხრა, რომ, პირველ რიგში, ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვების სისტემის გააქტიურება სურს. ის კლინიკური ფსიქოლოგია და ამბობს, რომ ყოველდღიურად აქვს შეხება მოზარდების პრობლემებთან, რომლის საფუძველიც შესაძლოა მხოლოდ ეს იყოს: მოსწავლეს შია.

„ფსიქოლოგთან მომართვიანობის 40 % უკავშირდება იმას, რომ ბავშვი მშიერია. მე ყოველდღიური შეხება მაქვს ბავშვებთან და ეს კარგად ვიცი.

ეს არის საბაზისო მოთხოვნა, ბავშვს არ შიოდეს… როცა ვსაუბრობთ გაღიზიანებაზე, ბავშვებში ემოციების მართვის პრობლემაზე, შეუძლებელია, ვისაუბროთ მაღალ მატერიებზე, როცა ბავშვს შია. მე არ ვითხოვ რამე განსაკუთრებულს, დღეში დაახლოებით 2 ლარია საკმარისი.

ისედაც იმდენი გამოწვევაა სკოლაში: კომპეტენციის პრობლემა, ბულინგი, ძალადობა… მშიერი ბავშვის შემთხვევაში ბავშვის განვითარება პირდაპირ ფერხდება და იგი ხდება არაჯანსაღი, თუ პირველადი მოთხოვნილება, როგორიცაა: ძილი, კვება, დაკმაყოფილებული არ არის,“ – გვითხრა ზურაბ ქარჩავამ.

ზურაბ ქარჩავა

მოქალაქე ზურაბ ქარჩავა ამბობს, რომ უკანონობის გარდა, პოლიციელები განყოფილებაში მას დასცინოდნენ კიდეც. ზურაბ ქარჩავა ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებამ დააკავა. „ბათუმელებმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომია მოქალაქეს საახალწლო ღონისძიებების მოტივით უკრძალავს კარვის გაშლას. პოლიციელი ვერ ასახელებს სამართლებრივ საფუძველს, რატომ უზღუდავს მოქალაქეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვას.

„კარავი გახდა საშიში ობიექტი, სამარცხვინოა ამაზე საუბარი… კიდევ კარგი, რომ კარავი არ განიხილეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი. მეუბნებოდნენ, დაუმორჩილებლობის გამო დაგაკავეთო და რას უნდა დავმორჩილებოდი, როცა არაფერი დამირღვევია?

თავდაპირველად პოლიციელებმა მითხრეს, რომ ჩვენ დავუკავშირდებით ამ უწყებებს, რასაც თქვენ ითხოვთ, ოღონდაც კარავი აიღეო. არ ვიცი, რატომ იღებენ ამდენს პოლიციელები საკუთარ თავზე. ვუთხარი, თქვენ დაუკავშირდებით პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, ამის გარანტიას მაძლევთ-მეთქი?

დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადავსულიყავით ისევ. არ განუმარტავთ, რატომ იყო საჭირო ეს. ვიფიქრე, ალბათ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს-მეთქი.

პოლიციის განყოფილებაში ჯერ მალოდინეს, მერე მითხრეს, ხელწერილით გაგიშვებთო… ვუთხარი, რომ აღარ ვენდობი და ადვოკატის გარეშე ხელს არაფერზე მოვუწერდი, არაჯანსაღად იქცევით და უსამართლოდ, რატომ უნდა გენდოთ-მეთქი. მერე მოვიდა ადვოკატი. გაირკვა, რომ მართლაც არ უნდა მომეწერა ხელი.

ხელს თუ არ მოგვიწერ, კარავს არ მოგცემთ მაშინო, მითხრეს და გამომიშვეს,“ – გვითხრა ზურაბ ქარჩავამ.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, მოქალაქეს კარავი არ დაუბრუნოს.

„ეს არ იყო კანონსაწინააღმდეგო ნივთი, შესაბამისად, პოლიციელებს ამის უფლება არ ჰქონდათ. პოლიცია არც საქმის მასალებს გვაწვდის, გენინსპექციასაც გუშინ ოთხჯერ დავურეკე, რომ რეაგირება მოეხდინა, ამ დრომდე არავინ დამკავშირებია. ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე „ბათუმელებთან“ და ყურადღებას ამახვილებს პოლიციის დამოკიდებულებაზე, როცა დაკავებული პირი ხელწერილის გარეშე გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის გამართვამდე.

ვინაიდან ალბათობა მაღალია, რომ სასამართლო ზურაბ ქარჩავას გაამართლებდა და ის ისევ გაშლიდა კარავს მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ არჩია სასამართლო სხდომის გამართვის გაჭიანურება – თუ ზურაბ ქარჩავას ახლა არ გაათავისუფლებდნენ, დაკავებიდან მაქსიმუმ 48 საათის შემდეგ სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო.

„ეს არის მანიპულაცია, რომ გახანგრძლივდეს, როგორც სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, ისე მიმართვის შემდეგ სხდომის ჩატარება, ვინაიდან, როცა ვინმე დაკავებული არ არის, სასამართლო არ ჩქარობს სხდომის ჩატარებას… ამიტომაც, მოიფიქრეს ხელწერილით გათავისუფლება.

ეს აბსურდის თეატრია,“ – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

———————

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს უკვე საქართველოში კარვის გაშლისთვის აკავებენ. ისევ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლისთვის 24 ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები.

ბოლო ტენდენცია ასეთია: პროტესტის გამოხატვის დროს პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებულთაგან ზოგიერთს სასამართლო ამართლებს, თუმცა სასამართლო პროცესამდე დაკავებულს თითქმის 48 საათით ტოვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოქალაქეს უკანონო დაკავებისთვის უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია. ამის პრაქტიკაც გვაქვს, თუმცა, მაგალითად, მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა სასამართლო დავა შსს-ს მოუგო და მას ხუთწლიანი სასამართლო დავის შემდეგ კომპენსაციის სახით 100 ლარი გადაუხადეს.

ამ თემაზე:

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: