სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეიტანა. აპირებს თუ არა მთავრობა დაპირების შესრულებას? – ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროს ისევ სტანდარტული პასუხი აქვს – „მიმდინარეობს მუშაობა“.
საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამის საკითხი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ამ თემაზე მმართველმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა ენმ-იდან, ნიკა მელიამ თავის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დაპირებად ეს საკითხი დაასახელა.
საჯარო სკოლებში რომ ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, ამის შესახებ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, CTC-ის ანგარიშშიც იყო საუბარი, სადაც ეწერა, რომ „საქართველოში მოსწავლეთა 77% სკოლაში შიმშილს განიცდის, ნაწილი – მუდამ, ნაწილი – ხანდახან მაინც“.
2021 წლის 17 ნოემბერს, როცა განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილე ეკა დგებუაძე „იუნისეფის“ ხელმძღვანელს შეხვდა, ითქვა, რომ ამ შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე, მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე ისაუბრეს.
ამ პერიოდში სამინისტრო ამბობდა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებდა.
ამ განცხადებიდან 10 თვის შემდეგ, დღეს, 12 სექტემბერს, „ბათუმელები“ ისევ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და ჰკითხა, თუ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი; იმსჯელა თუ არა სამინისტრომ „იუნისეფთან“ და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად კვების პროგრამის მოდელზე; კონკრეტულად რომელი მოდელების განხილვა მიმდინარეობს, რომელი უწყებები არიან ჩართული განხილვის პროცესში და როდის დადგება შედეგი?
სამინისტროში ამბობენ, რომ კვების პროგრამაზე განათლების სამინისტროსთან ერთად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და გაეროს ბავშვთა ფონდი იმუშავებენ.
„საერთაშორისო პრაქტიკებს გააანალიზებს, ჩაატარებს სიტუაციურ კვლევას და შეაფასებს“ – ასე წერია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელიც განათლების სამინისტროდან „ბათუმელებს“ კომენტარის ნაცვლად მოაწოდეს. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.
რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში პროგრამის დანერგვის მიმართულებით? – ეს შეკითხვა UNICEF-საც დავუსვით.
„ეს ძალიან რთული, კომპლექსური პროგრამაა, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ ვამბობთ, რადგან აქ წამყვანი განათლების სამინისტროა, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით.
ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს სხვადასხვას მოდელების მოკვლევა და შემდეგ შეჯერდებიან რომელიღაც მოდელზე. უფრო კონკრეტულის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე. ვადებზე საუბარი სამინისტროს პრეროგატივაა“ – გვითხრეს „იუნისეფში“.
ხათუნა რაზმაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, მიიჩნევს, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მას ამის თქმის საფუძველს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებაც აძლევს:
„მე კერძო სკოლის გარდა საჯარო სკოლაშიც ვასწავლი და უნდა ნახოთ, როგორ იცვლება ბავშვების აზროვნება, მოტივაცია და განწყობა საკვების მიღების შემდეგ კერძო სკოლაში.
თითქოს ახალი ენერგიით ივსებიან, რადგან 2-3 გაკვეთილის შემდეგ ბავშვები უკვე გადაღლილები არიან.
სამი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს პირდაპირ უთქვამთ – „მშია მასწავლებელო“. ამიტომ ეს შედარების კარგი საშუალებაა, რომ დავინახოთ, როგორ იცვლებიან ბავშვები, როცა შიათ და მას შემდეგ – როცა საკვებს იღებენ“- გვეუბნება ხათუნა რაზმაძე.
მასწავლებლის თქმით, კვება სკოლაში, განსაკუთრებით დაბალ საფეხურზე, მნიშვნელოვანია.
„ჩვენ სპეციალურად გვაქვს ჩასმული მათემატიკა კვების შემდეგ [კერძო სკოლაში], რომ ბავშვს არ გაუჭირდეს სასწავლო პროცესში ჩართვა და მისი ტვინი არ იყოს მიმართული იქითკენ, რომ შია.
კერძო სკოლაში ამ მხრივ ყველაფერი გამართულია, საჯარო სკოლებისგან განსხვავებით. საჯარო სკოლის შემთხვევაში ის პრობლემაცაა, რომ ზოგჯერ ბავშვი, როცა აგვიანებს, საერთოდ ვერ ასწრებს საუზმეს ან მცირე რაოდენობას იღებს და შემდეგ ძალიან მალე შივდება. ასეთ დროს ბავშვი ალგორითმზე და ალბათობის თეორიაზე ვერ იფიქრებს.
ყველა მშობელს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს ლანჩი გამოატანოს სკოლაში. მით უმეტეს, თუ ბევრი ბავშვია ოჯახში და არ არის ამის შესაძლებლობა.
ვინც ახერხებს, რომ სკოლაში ან სკოლის გარეთ იყიდოს რაიმე, ძირითადად არაჯანსაღ საკვებს იღებენ, კერძო სკოლაში კი მშობელმა იცის, რით იკვებება მთელი დღე მისი შვილი, რადგან მენიუ ყველა მშობელს მიეწოდება. ამიტომ კვების ნაწილის ჩაშენება სკოლაში ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება ბავშვების“ – ამბობს ხათუნა რაზმაძე.
მასწავლებლის აზრით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დააფინანსოს ბავშვის კვება სკოლაში და ეს ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი სოციალურად დაუცველია თუ არა, რადგან როცა ბავშვები ერთ სივრცეში არიან, იქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სოციალურად დაუცველი და ვინ – არა.
თუ ბავშვს არ უნდა საკვები, არავინ დააძალებს, თუმცა შემოტანილი და გათვლილი უნდა იყოს ყველა ბავშვებზე. თუ ვიღაც არ აიღებს თავის წილს, იმას მაინც ისწავლის, როგორ დაუთმოს მეგობარს. გარდა ამისა, ერთ სივრცეში ყოფნა და ერთად სადილი ბავშვების სოციალიზაციასაც უწყობს ხელს და ამ მხრივაც კარგია ეს კომპონენტი სკოლაში“ – ამბობს ხათუნა რაზმაძე.
მისივე თქმით, თუ ვამბობთ, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია, მაშინ სახელმწიფომ მათ ჯანსაღ გარემოში აღზრდაზეც უნდა იზრუნოს. „და ჯანსაღი გარემოს ერთ-ერთი კომპონენტი არის ისიც, რომ მიაწოდო ბავშვს საკვები, მაშინ როცა ეს ძალიან სჭირდება“ – ამბობს მასწავლებელი.
სკოლებში უფასო კვების დანერგვას ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხმა“. მათ არაერთი აქტივობა განახორციელეს გასულ წელს ამ თემაზე და წელსაც აპირებენ, რომ უფასო კვების საკითხი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახადონ.
„ბათუმელები“ მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ვაკო ნაცვლიშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, უფასო კვების დანერგვის პროცესი წინ არ მიდის და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ განათლების სამინისტრომ კვების საკითხი განათლების 10-წლიან სტრატეგიაში არ შეიტანა.
„შიდა ინფორმაცია რაც ვიცით, არის ის, რომ ხელისუფლების, სამინისტროს ადმინისტრაცია და პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხით არ არიან დაინტერესებული. დიდი მხარდაჭერა ამ პროგრამას არ აქვს.
ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ კამპანიურად ვიმუშაოთ, გვაქვს გეგმა და სამოქალაქო კამპანიაში რაც მოიაზრება, ამ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. პროცესი დაწყებული გვაქვს, თუმცა სექტემბერში ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება.
ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ მშობლების მობილიზება, რომ ამ საკითხმა შეიძინოს პოლიტიკური ფასი“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 177 897 ადამიანი სხვადასხვა სოციალურ შემწეობას იღებს.
ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოს არნახული ეკონომიკური წინსვლა აქვს და პანდემიის შემდეგაც კი საქართველოში „სიღარიბის დონე ბოლო წლებში ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული და 17.5%-მდე არის შემცირებული“.
„წელს ბიუჯეტი დავგეგმეთ 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ნომინალური შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72.2 მილიარდი ლარით. რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 6 500 დოლარს აჭარბებს“ – განაცხადა დღეს, 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა.
დღეს განათლების სამინისტრომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული სიახლეების შესახებაც გააკეთა განცხადება, თუმცა არც ამ განცხადებაში უსაუბრია სკოლაში უფასო კვების პროგრამის შესახებ.