მთავარი,სიახლეები

დიდი მსხვერპლი გვაქვს, მაგრამ ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ – ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზიდან

30.12.2022 • 2594
დიდი მსხვერპლი გვაქვს, მაგრამ ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ – ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზიდან

ბოლო დღეებში კიევი რამდენჯერმე გახდა რუსული ბომბების სამიზნე, თუმცა ომის ყველაზე ცხელი ხაზი ისევ ბახმუტის მიმართულებაზე გადის. რა მოლოდინები აქვთ მებრძოლებს და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს უკრაინაში ვანო ნადირაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, რა მიმართულებაზე იმყოფებით თქვენ ამჟამად და რა შეგიძლიათ გვითხრათ მიმდინარე ბრძოლებზე?

კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე ვარ ახლა, ამ წუთისთვის და ეს ყველაზე სტრატეგიული ადგილია ამ დროისთვის, რომელიც გვჭირდება. 

ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ, ეს თამამად შემიძლია ვთქვა. ის დანაყოფები, რომლებიც აქამდე იყვნენ მობილიზებული, ფაქტობრივად, გამოიფიტნენ, მე ასე ვიტყოდი. ეგონათ, რომ სწრაფად აიღებდნენ ბახმუტს, მაგრამ საბედნიეროდ ვერ წაიღეს. კი, დიდი მსხვერპლი გავიღეთ, დაიღუპნენ ქართველი მებრძოლებიც, რადგან ხაფანგში მოექცნენ.

ახლა, რაც უკრაინულ მხარეს გვინდა, არის ორი ქალაქის გათავისუფლება, რომ პლაცდარმი შევიქმნათ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკზე. რა თქმა უნდა, მელიტოპოლიც მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთის მხარეს ფრონტი გადავჭრათ.

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბი-ბი-სი-სთან თქვა, რომ თითქოს ჩიხში შევიდა მდგომარეობა, „ვინაიდან არც ერთ მხარეს არ ძალუძს მნიშვნელოვანი წინსვლა“. რამდენად გრძნობთ თქვენ, მებრძოლები ამ სიტუაციას?

ჩიხში არ არის მოქცეული, უბრალოდ ჩვენ ამინდმა შეგვიქმნა პრობლემა. ყინვა გვაწყობდა, რომ მიწა გაყინულიყო და ჯავშანტექნიკას სწრაფად ემოძრავა.

რადგან სტეპია აქ, მინდვრები, მებრძოლებსაც კი უჭირთ გადაადგილება, იძირებიან, იმხელა ტალახია. თორემ დამიჯერეთ, სვატოვოს აქამდე გავათავისუფლებდით.

იგივეა ზაპოროჟიეს მიმართულებაზეც. უფრო მალე დაიწყებოდა შეტევა, რომ არა ამინდი. ჯერ დაიწყო ყინვა და შემდეგ ისევ სითბო, ახლაც ორი კვირა სითბო იქნება, ფაქტობრივად.

მთელი ფრონტის ხაზი 1400 კილომეტრია, წარმოიდგინეთ.

რუსებს ეგონათ, ბახმუტის მონაკვეთზე წარმატება ჰქონდათ, რადგან ყველაზე ძლიერი ძალა მანდ გადაისროლეს. თუმცა ახლა თავდაცვის რეჟიმში არიან გადასული, რომ ნახოთ, ბრძოლის ველი მკვდრებით არის მოფენილი.

  • ესე იგი, გამოფიტვა არ ემჩნევათ მებრძოლებს?

უკრაინულ არმიას ერთი წამით არ ეტყობა გამოფიტვა, რუსულ ჯარს  – კი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მობილიზაციის შედეგი, იქედან მხოლოდ 50 ათასი ჰყავთ შემოყვანილი ჯერ. სახორცე მასალა და დაიხოცნენ კიდეც ნახევარზე მეტი, ნაწილის რეკრუტირება დაიწყეს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, თუ დასავლეთმა დროულად მოგვაწოდა გრაფიკით გათვალისწინებული ტექნიკა, რუსები ვეღარ ისარგებლებენ პაუზით და გადაჯგუფებას ვეღარ მოახერხებენ.

  • რომელი იარაღის საჭიროება დგას ახლა ყველაზე მეტად?

300 ტანკი რომ გვქონდეს დამატებით, ძალიან სწრაფი შედეგი დაიდებოდა.

როგორც ვიცით, ხელი უკვე მოწერილია და „პატრიოტები“ მალე შემოვა, ჰაერი 70-80%-ით დაცულია. ვფიქრობ, ახლა ჯავშანტექნიკა გვჭირდება ძალიან, რომ სწრაფ შეტევაზე გადავიდეთ, ისე, როგორიც იყო ხარკოვის მიმართულებაზე.

კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე რუსებს ლოჯისტიკა ძალიან გართულებული აქვთ, ვერ აწვდიან, მაგალითად, არტილერიას ჭურვებს და ეს არის „ჰაიმარსების“ დამსახურება.

ენგელსის სამხედრო აეროდრომზე ხომ ვაგემეთ კარგი დარტყმები, წინ კიდევ ბევრი ახალი სიურპრიზი ელოდებათ.

  • სიურპრიზი რუსეთის ტერიტორიაზე?

უკვე რუსეთში გადაინაცვლებს ეს დარტყმები. დღეს ბელგოროდი დაიბომბა, კურსკის ოლქი დაიბომბა, ენგელსს უკვე რამდენჯერმე დავარტყით და მოსკოვი შორს კი არ არის აქედან, 500 კილომეტრშია. თუ კიდევ მიიტანენ იერიშს კიევზე, მიიღებენ ძალიან სერიოზულ პასუხს.

  • როგორც ვიცით, უკრაინელების გადამზადება მიმდინარეობს ეტაპობრივად. ამ ხალხისგან რაიმე ახალი ბატალიონები ხომ არ ყალიბდება?

ამერიკული 101-ე სადესანტო დივიზია რომ არის, აი, ამდაგვარი შეიქმნა უკვე და კიდევ ორი იქნება ეგეთი. დივიზიის დონეზე.

რუსეთი ალბათ არც ახალი წლის დღეებში გაჩერდება, ამიტომ ბევრი სასიხარულო ამბავი გველოდება ახალი წლის შემდეგ.

  • დაჯგუფება „ვაგნერზე“ რა შეგიძლიათ თქვათ, დღეს რა მდგომარეობაშია?

უარეს მდგომარეობაში არიან. მისი ხელმძღვანელი,ე.წ „პუტინის პოვარიც“ კი აღარ მალავს აღშფოთებას და რუსული გენშტაბის უფროსის გერასიმოვის წინააღმდეგ ილაშქრებს. რამდენი ხანია, რაც კადიროვის ხმა აღარ გაგიგიათ?…

  • მაგაზე მინდოდა მეკითხა, ქართველი მებრძოლები როცა დაიღუპნენ, ითქვა, რომ თითქოს კადიროველებმა მოუწყვეს ჩასაფრება, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

არავითარი კადიროველების ჩასაფრება არ ყოფილა ეს, ჩემზე კარგად არავინ იცის, მანდ რაც მოხდა. ჩვეულებრივი რუსული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფი მიეპარა სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, არიან კადიროველებიც, გუშინ 120 კაცი დაეღუპათ.

  • მოხერხდა დაღუპული ქართველი მებრძოლების გამოყვანა, თუ ჯერ ვერა?

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. იმ დროისთვის რუსები უტევდნენ ბახმუტს… მიცვალებულების გადაცვლაზეა საუბარი, თუმცა ჯერ არაფერი არ ჩანს, სამწუხაროდ.

  • მოხალისეების ნაკადები შემცირდა, თუ კიდევ არიან მსურველები?

24 თებერვლის შემდეგ რომ იყო, ის ბუმი, რა თქმა უნდა, აღარ არის, შემცირდნენ მოხალისეებიც. ასე იყო 2014 წელსაც, რომ იცოდეთ.

საქართველოდანაც შემცირდა დაინტერესება. 3000 მებრძოლიაო რომ ამბობენ, ასე არ არის, გაზვიადებულია ეს ციფრი. წინა ხაზი რასაც ჰქვია, იქ სადღაც 200 კაცამდე იქნება. სხვადასხვა ბატალიონში, სხვადასხვა ბრიგადაში არიან.

  • როგორც ვიცით, რუსები ენერგოობიექტებს ბომბავენ, როგორ უმკლავდებით ენერგოკრიზისს? 

ქართულმა საზოგადოებამ რაც გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, 500-600 ცალი გენერატორის ფული შეაგროვეს და გამოგვიგზავნეს, სადღაც 450 ათასი ლარიც გამოგვიგზავნეს.

ბათუმელებიც ასევე ძალიან ბევრს აკეთებენ და ძალიან გვეხმარებიან.

საკვირველი ერია და რაც ყველაზე დადებითი აქვს ამ ერს, არის ის, რომ არ სჭირდებათ ვიღაც ხელმძღვანელის მითითება, თვითორგანიზება შეუძლიათ.

ახლა ნებისმიერი უკრაინელი რომ გააჩერო, გეტყვის: არც წყალი მინდა, არც შუქი, რუსეთი უნდა დავამარცხოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: