მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს

02.06.2022 • 6317
ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს

საქართველოს მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც გუშინწინ, 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით  დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. გალიფ ოზთურქი საქართველოში არაერთ კომპანიას ფლობს „მეტრო ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ.

ოზთურქის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას“.

პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივნისს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში  ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159  გრ.  ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. „სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით [განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გუშინ, ღამის თორმეტზე, დაახლოებით პირველზე წარუდგინეს ბრალი. ბრალის დეტალებზე ჯერ ვერ დაგელაპარაკებით, რადგან მასთან შეთანხმებული არ ვარ პოზიციებზე, მაგრამ სხვა მუხლებით ბრალი წარდგენილი ნამდვილად არ არის,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 31 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „…მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.“

საგამოძიებო სამსახური ნარკოდანაშაულთან დაკავშირებითაც აღნიშნავდა შემდეგს:

„გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე, აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ნიშნავს, როცა საგამოძიებო ორგანო დაკავების დროს ინფორმაციას ავრცელებს „დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე“, ხოლო ბრალი ბიზნესმენს მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს? – ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ გალიფ ოზთურქს ბრალი სხვა მუხლებითაც წარუდგინონ, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ადვოკატმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ჩხრეკის და დაკავების პროცედურების სამართლებრივი შეფასებისგან.

გალიფ ოზთურქის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 ივნისს გაიმართება.

რას საქმიანობს და ვინ არიან „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიები? – ვრცლად ნახეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: