სიახლეები

რატომ ებრძვის ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

29.12.2022 • 1004
რატომ ებრძვის ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

მიმდინარე წელს ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია განსაკუთრებით გაააქტიურეს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რა ფორმებით და რატომ ებრძვის მმართველი პარტია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ.

რა ხდება?

თუ წინა წლებში ხელისუფლება უმეტესწილად არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ წარმომადგენლებს ესხმოდა თავს, მიმდინარე წელს მთლიანად საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაუპირისპირდა. სამიზნე წერტილად კი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება აირჩია, ისევე როგორც ეს ხდება რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში.

„მდიდარი ენჯეოების კლანი“ — ასე ჰქვია მიმდინარე წლის 11 სექტემბერს „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც „იმედის კვირამ“ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI), „სამართლიანი არჩევნებისა“(ISFED) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ მოამზადა (საია). აღნიშნულ სიუჟეტის მიხედვით, სამივე ორგანიზაციას „აერთიანებს ის, რომ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ საკმაოდ მწირია“.

დაფინანსების წყაროებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ საუბარი აღნიშნული სიუჟეტის შემდეგ გაააქტიურა ხელისუფლებამ. ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პარტიების უდიდეს ნაწილს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობდა, რომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების „მორალური ვალდებულება“ აქვთ, რადგან ეს ორგანიზაციები „პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიან და პოლიტიკურ ამბიციებს აჩვენებენ“.

17 ნოემბერს სენატორმა ჯინ შაჰინმა აქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის მიმართულებით უზარმაზარ უკუსვლას აქვს ადგილი. მისი თქმით, აშშ-მს საქართველოს ფინანსური დახმარების წესს უნდა გადახედოს.

კობახიძემ არც ამჯერად გაუშვა შანსი ხელიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს დასხმოდა თავს და აღნიშნა, რომ ამერიკული დახმარების უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მოდის, რაც დეზინფორმაციაა. 

უკვე 18 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ფორმალურად გამოეყვნენ და „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, გამოვიდნენ ინიციატივით,არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად“.

საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საკითხი სოზარ სუბარმა გაახმოვანა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს, – და ამას, მათ შორის, სწორედ დასავლური დაფინანსებით აკეთებდა და ისეთივე თავდასხმების ობიექტი იყო, როგორსაც ახლა თავად ახორციელებს „ხალხის ძალა“, – ამჟამად თავად არის თავდამსხმელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ისაა, რომ ამ ორგანიზაციებში თითქოს გამჭვირვალობა არ არსებობს.

ის საიას მაგალითზე გვიყვება, რომ ყოველთვიურად აქვეყნებენ ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს, სადაც ყველას შეუძლია ნახოს დაფინანსების წყაროები და ის, თუ რაში იხარჯება ეს თანხა.

“გამჭვირვალობის სტანდარტები საიას დაცული აქვს.  წელს 22 ათასზე მეტ ადამიანს გავუწიეთ სამართლებრივი დახმარება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რაში იხარჯება ფული, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს. ამ მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნებს ემსახურებიან სამოქალაქო ორგანიზაციები.

სხვადასხვა აქტივობები, შეფასებები, განცხადებები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების გაჯანსაღებას მიემართება, საზოგადოებისთვის სასარგებლოა და ამიტომ, ამ საქმიანობის შეზღუდვა ცხადია, არ შეიძლება შედიოდეს დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში.”

გორბის კვლევა

წლის ბოლოს დისკრედიტაციის კამპანია ახალ სიმაღლეზე ავიდა. ტელე „იმედის“ დაკვეთით მოსახლეობის განწყობები ნოემბრის თვეში  კომპანია გორბიმ “გაზომა”. ამ კვლევაში ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტების გვერდით, როგორიცაა ჯარი, პოლიცია და პარლამენტი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნების” ორგანიზაციებიც არის დასახელებული.

“ნდობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო ამ კვლევაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიმართ. თუ გამოკითხულთა მესამედი ენდობა იმ ორგანიზაციას, რომელსაც საკმაოდ არარელევანტურად სვამ გამოკითხვაში სახელისუფლებო ინსტიტუტების გვერდით, ეს ნიშნავს რომ ამ  ორგანიზაციის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო მაღალია. იმიტომ, რომ იმედი და გორბი დაინტერესებული იყვნენ, რომ ეს მაჩვენებელი ყოფილიყო საკმაოდ დაბალი. გულწრფელად ვთქვათ, რომ არა ეს დაინტერესება, გამჭვირვალობა და ისფედი ამ ნუსხაში არ მოხვდებოდნენ,” – ამბობს ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი და  “საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი.

რატომ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება სამოქალაქო ორგანიზაციებს?

სამოქალაქო ორგანიზაციებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. იცავენ ადამიანის უფლებებს, შეუძლიათ ხელისუფლების ქმედებები გააკონტროლონ, რომელიც შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევისკენ იყოს მიმართული, გააკრიტიკონ მათი გადაწყვეტილებები და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა. დემოკრატიულ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორი როგორც წესი, ხელისუფლების პატრნიორია და მასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. საპირისპირო პრაქტიკაა დამკვიდრებული ავტორიტარულ ქვეყნებში.

“შეიძლება ხელისუფლებას არ მოსწონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები და შეიძლება ამით იყოს განპირობებული სურვილი, რომ ხმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდის, აღარ ისმოდეს,” – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, “ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციის ხელმძღვანელი.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი ხატია ჯინჯიხაძე მიიჩნევს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჯდება ხელისუფლების ქცევის ლოგიკაში.

“თუ შევხედავთ, როგორ რეაგირებს და როგორ უპირისპირდება ნებისმიერი სახის კრიტიკას ხელისუფლება, რომელიც მოდის მედიიდან, პოლიტიკური ოპონენტებიდან, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ყველაფერი გასაგები ხდება,” – აღნიშნავს ის.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია არ არის ის სამიზნე, რომელზეც უნდა დახარჯოს ვაზნები ხელისუფლებამ.  მისივე თქმით, ხელისუფლებამ იმაზე უნდა იმუშაოს, როგორ გააკეთოს კარგი საქმე ქვეყნისთვის და არა იმაზე, ამტკიცოს რომ ვიღაცა ხელს უშლის.

“ არავინ ხელს არ უშლის. ვერცერთი ორგანიზაცია, ვერც მედია და ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას ხელს ვერ შეუშლის, თუ მთავრობა იქნება  გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სასიკეთო საქმეებს გააკეთებს და ხელისუფლების უზურპაციას არ მოახდენს,” – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.

ქორიძის სიტყვებით, ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოება უფრო ნაკლებ ხარვეზს გამოავლენს.

“მაგრამ დღეს ჩვენ ხარვეზებს კი არ ვადგენთ, პრაქტიკულად დანაშაულებრივ სქემებს ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ასეთი ფორმით ხდება ქვეყნის მიტაცება.

რა თქმა უნდა, ეს იცის მთავრობამ, ეს იცის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომაცაა მონდომებული. მისი პოლიტიკური ამბიციაა არასამთავრობო სექტორის განადგურება, მედიის განადგურება, პარტიების განადგურება, კრიტიკული აზრის მოსპობა, ანუ რეალურად მისი სურვილია დიქტატურის დამყარება, “ – ამბობს ქორიძე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებაა.

“ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს მთავრობა. ივანიშვილი არ იყვირებს, ის ჩრდილშია და პოლიტიკიდან ფორმალურად წასულია. შესაბამისად, აყვირებს მთავრობას და თავისი მთავრობის  წიაღში გაჩენილ მეორე ფსევდო ოპოზიციურ ჯგუფს, ხალხის ძალას. ისინი ლაპარაკობენ სახელწიფოსთვის დამაზიანებელ რაღაცებს. ესაა მთელი კონსტრუქცია. “

NGO-ების შეზღუდვის გამოცდილება სხვა ქვეყნებში

რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან არსებობს კანონი “უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ავალდებულებს, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ.

მოგვიანებით, „უცხოეთის აგენტების“ ცნება კიდევ გაფართოვდა და უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტებიც, რის შედეგადაც არაერთი მათგანის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნა. მიმდინარე წელს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოური აგენტების“  შესახებ რუსული კანონმდებლობა  ადამიანის უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი დონორების კონტროლი 2017 წლიდან გამკაცრდა უნგრეთშიც. უნგრეთის კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ (24 000 ევროზე მეტს), ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ ფინანსირებას იღებს“ და ყოველწიურად დეტალური ანგარიში წარმოადგინონ.

თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, შეგვიძლია სახელმძღვანელოებშიც კი ამოვიკითხოთ როგორ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოქმედების არეალის დავიწროება და შეზღუდვა. ეს შეიძლება იყოს დისკრედიტაციის კამპანიები, შეიძლება იყოს ცალკეული კანონმდებლობის მიღება, შეიძლება ამას ქონდეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვის ფორმა.

ის არ ფიქრობს, რომ საქმე საკანონმდებლო ცვლილებებამდე მივა, თუმცა აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებით მიმდინარე კამპანიები ნამდვილად უარყოფითად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციაზე საზოგადოების თვალში.

“მსგავსი მექანიზმები გამოყენებულა სხვა ქვეყნებში. თუ იგივე საქართველოშიც განმეორდება, ისეთივე სავალალო შედეგებს გამოიღებს, როგორც რუსეთში, სადაც სამოქალაქო სექტორი ვეღარ საქმიანობს.

უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის დასახელება იმთავითვე უარყოფით ასოციაციას იწვევს. ეს იყო მიზანმიმართული ნაბიჯი იმისკენ, რომ ორგანიზაციების ავტორიტეტი დაცემულიყო და არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ განცხადებებს, შეფასებებს და აქტივობებს საზოგადოებაში ნდობა აღარ ჰქონოდა. “

იმავე აზრზეა ხატია ჯინჯიხაძეც. მისი სიტყვებით, ეს კამპანია გავს ზოგადად, ავტორიტარული ქვეყნების პრაქტიკას.

“ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების გამოგონება, ამან იმუშავა რუსეთში, იმუშავა ბელარუსში, უნგრეთში და სხვა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ქვეყნებში. აპრობირებული მოდელია და ამ გატკეპნილ გზას მიყვება ჩვენი ხელისუფლება.”

ამ კონტექსტზე საუბრისას ზვიად ქორიძეს ახსენდება ირანი, უნგრეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა.

“ იქ, სადაც არის სურვილი რომ იყოს ავტორიტარიზმი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ამას გააკეთებ. ფორმებში რამე არსებითი განსხვავება არ არის. “

ხატია ჯინჯიხაძის განცხადებით, ხელისუფლება მიისწრაფვის არასამთავრობო სექტორის მოქმედების არეალის შეზღუდვისკენ, თუმცა ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას:

“როცა უარესს სცენარებზე ფიქრობ, ისიც უნდა დაუშვა რომ ასეთი კანონი შესაძლებელია მიიღონ. საერთოდ, იმის მტკიცება რომ ბელარუსიზაცია საქართველოში ვერ მოხდება, არასწორია. ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს თავიდან ავიცილოთ. თუ საზოგადოება დაუშვებს, ბელარუსიზაცია აუცილებლად მოხდება.”


შენიშვნა – ამ სტატიისთვის ინტერვიუები 27 დეკემბერს ჩაიწერა. დღეს, 29 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ხალხის ძალიდან“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოვიდნენ. 

როგორც ბრიფინგზე მათ განაცხადეს, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: