მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება

22.12.2022 • 52939
ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება

„რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა“ – წერენ მოქალაქეები ფეისბუქში ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით. ნაძვის ხე იმ ვიზუალით, როგორც ის ახლა გამოიყურება, მოქალაქეების ნაწილს არ მოსწონს და წერენ, რომ ეს არ არის ნაძვის ხე, რომელიც მათ ფეისბუქზე, ბათუმის მერიის გვერდზე შეარჩიეს.

უკვე დასრულდა ნაძვის ხის აწყობა, თუ მას კიდევ უნდა დაემატოს დეტალები? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ამ დრომდე არ უპასუხა.  აქ დაგვპირდნენ, რომ გვიპასუხებდნენ, შემდეგ კი ტელეფონს არ უპასუხეს.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქობულეთის ნაძვის ხე უფრო მოსწონთ, რომელიც გაცილებით დაბალ ფასად – 145 750  ლარად იყიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა.

საახალწლო ნაძვის ხეები ბათუმსა და ქობულეთში

დასრულდა თუ არა ნაძვის ხის მონტაჟი და არის თუ არა ეს მისი საბოლოო ფორმა, ამაზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კომენტარი გაავრცელა.

მერი 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე ეპატიჟება მოქალაქეებს და ამბობს, რომ ამ დღეს ნაძვის ხე ევროპის მოედანზე ლამაზი იქნება.

„ბათუმის მუნიციპალიტეტში საახალწლო განწყობას, ისევე როგორც ნაძვის ხის იმ სილამაზეს, ასევე საახალწლო დღეების დადებითი განწყობით წარმართვას, ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს.

რაც იქნა არჩეული საზოგადოების მიერ, სწორედ იმ მომწოდებლის მიერ იქნა დამზადებული ნაძვის ხე.

მერწმუნეთ, 25 რიცხვში მობრძანდით ყველანი, ერთად დავდგეთ და ავანთოთ ნაძვის ხე, რომელიც იქნება ძალიან ლამაზი, განახლებული და საახალწლო განწყობაც იქნება ძალიან ამაღლებული, დარწმუნებული იყავით“.

ნაძვის ხე, რომელიც მერიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგად შეარჩია – მერის თქმით, სწორედ ეს ნაძვის ხე შეისყიდეს.

ახალი ნაძვის ხე ბათუმის მერიამ 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: