მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video

15.11.2021 • 2161
რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video

„ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. ნუ ეგონება „ოცნებას“, რომ შევეგუებით რუსულ მმართველობას და არ ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კურატიშვილმა  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს, 15 ნოემბერს, თამარ კურატიშვილის საქმის განხილვა პარასკევამდე გადაიდო. იგი ზუსტად 43 საათი იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და დაკავებიდან 5 საათის შემდეგ შეახვედრეს ადვოკატს. მანამდე მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ  მისცეს.

თამარ კურატიშვილი ბათუმში, სუსის ადმინისტრაციული შენობის წინ, 13 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როცა მან და აქციის სხვა მონაწილეებმა გაშალეს ტრანსპარანტი: „ჩვენც დაგვაკავებთ?“

წინა დღით ანუ 12 ნოემბერს, ისევ სუსთან აქცია-პერფორმანსი „გირჩის“ ლიდერებმა გამართეს და სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „გირჩის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი.

„მე დამაკავეს იმ დროს, როდესაც ამ პროცესს მობილურით ვიღებდი,“ – გვიყვება 13 ნოემბრის ამბავს თამარ კურატიშვილი. – „მანამდე პოლიციელებს ვესაუბრე. ისინი ითხოვდნენ კანონით განსაზღვრული რადიუსის დაცვას, რაც არის 20 მეტრი. ჩვენ გადავედით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს და ამ პროცესს ვიღებდი, როცა ახალმა ეკიპაჟმა მითხრა ნუ იღებო. ვუთხარი, რომ საჯარო სივრცეში ყველგან გადაღების უფლება მაქვს. ტელეფონი ჩამომართვეს და დამაკავეს“.

„რატომ ჩამოართვით ტელეფონი?“ – იკითხა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ დაკავებულს ყველა პირადი ნივთი ჩამოართვეს, დალუქეს და დღესვე დაუბრუნებენ.

ტელეფონშია ის ვიდეოც, რომელიც თამარ კურატიშვილმა 13 ნოემბერს გადაიღო. ეს ვიდეო რომ უნდა წარმოადგინოს დაცვის მხარემ, როგორც მტკიცებულება, ამ მიზეზით გადადეს დღევანდელი პროცესი.

„დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოში მითხრეს, რომ ოზურგეთში გადამიყვანდნენ, რადგან ბათუმში ადგილი არ არისო, ადვოკატს კი არ მახვედრებდნენ, რაც კანონის დარღვევაა,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი. როცა ვკითხეთ, მისი აზრით, რატომ არ შეახვედრეს დაუყოვნებლივ ადვოკატს, გვიპასუხა:

„ეს შურისძიებაა პოლიტიკური დაუმორჩილებელი ადამიანებისთვის“.

თამარ კურატიშვილი თბილისიდანაა და ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში შვილთან ერთად ცხოვრობს. დაკავების შემდეგ თამარი ვერც მის 12 წლის შვილს უკავშირდებოდა.

„ეს მოთხოვნა დამიკმაყოფილეს, დაველაპარაკე ყოფილ მეუღლეს, ბავშვს აღარ დავლაპარაკებივარ, რადგან ის მოშორებით იყო,“ – ამბობს თამარი.

თამარ კურატიშვილს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. ის ყურადღებას დაკავების ვადების გაზრდაზეც ამახვილებს, ანუ 12 საათის ნაცვლად ამჯერად პოლიციას შეუძლია ნებისმიერი დაკავებული იზოლატორში 48 საათი გააჩეროს.

„როგორც კი გაიზარდა საპროტესტო ტალღა, გაზარდეს ვადებიც, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი თაობა ვართ, ასე ვერ გაგვაჩერებენ… ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება,“ – გვითხრა თამარ კურატიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: