ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელოვნური პლაჟი ბათუმში [ფოტო]

25.12.2022 • 2644
ხელოვნური პლაჟი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გრძელდება ნატანის შეტანა სანაპირო ზოლში. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.

ხელოვნურად შეტანილი ხრეშით კი, ზღვამ პლაჟის შექმნა უკვე დაიწყო:

ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

სანაპიროზე შეტანილი ხრეში და ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ.

ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს, აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ხელოვნური პლაჟი და შეტანილი ხრეში აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

ხელოვნურად შეტანილ ხრეშს ზღვა შემდეგ სანაპიროს გასწვრივ გადაანაწილებს – რა პერიოდში და რა ფართობზე შეიქმნება პლაჟი, ზღვის შტორმებზეა დამოკიდებული.

ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / აქ ლოდებით მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობამდე ზღვა იყო / ბათუმი, 24.12.2022

ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / აქ ლოდებით მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობამდე ზღვა იყო / ბათუმი, 24.12.2022

ხელოვნურად შეტანილ ხრეშს ზღვა ახალი ბულვარის მიმართულებით გადაიტანს და პლაჟებს შექმნის. პლაჟების შესანარჩუნებლად კი, სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება [ხრეშის შეტანა], ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.

ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

ხელოვნური პლაჟი აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / ბათუმი, 24.12.2022

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

ბათუმის კონცხთან 1999 წლის იანვარში ნაპირს მოსწყდა და ზღვაში ჩაზვავდა 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

იმ ხრეშს, რომელიც ახლა შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.

ვინაიდან სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაგვიანდა, მდინარე ჭოროხს კი, საკმარისი ნატანი ზღვაში ვეღარ შეაქვს, ზღვამ ახალი ბულვარის გასწვრივ ნაპირის წარეცხვა დაიწყო.

ზღვისგან დაზიანებული ახალი ბულვარი / ბათუმი / 24.12.2022

დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა და რომლის საფუძველზეც ამჯერად სანაპიროზე ხრეში შეაქვთ, აღნიშნულია ასევე, რომ

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის დაკვეთით მომზადდა, სავარაუდოდ ამ რისკების შესახებ ცნობილია, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, უცნობია, რას გეგმავენ ბათუმის სანაპიროს დასაცავად.

ამ თემაზე ვრცლად:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: