მთავარი,სიახლეები

სარიჩაირი, დათოვლილი მთები ხულოში და ახალი წელი

30.12.2022
სარიჩაირი, დათოვლილი მთები ხულოში და ახალი წელი

ხულოში 60 სმ-მდე თოვლია. დათოვლილი მთები და ხის სახლები იმდენად ლამაზი სანახავია, რომ ადგილობრივების აღფრთოვანებასაც კი იწვევს. მოქალაქეები ხულოს სოფლებიდან თავად გვიგზავნიან ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი არარეალურიც კი შეიძლება გეგონოთ.

ხულოს მუნიციპალიტეტი, მთა სარიჩაირი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოში მცხოვრებმა მერაბ დუმბაძემ ფოტოები გამოგვიგზავნა მთა სარიჩაირიდან. ის ახლაც მთაშია სრულიად მარტო. მისი სოფელი მთიდან 4 კილომეტრის დაშორებითაა. მერაბ დუმბაძე ხუთი წელია, რაც მთაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ცდილობს, მოაწყო კოტეჯები, ბუნებრივი ქვის ღობეები. ის დარწმუნებულია, რომ მთას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

„ზაფხულის და ზამთრის კურორტად შეიძლება იქცეს ეს ადგილი, მთას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ტბა გავაკეთე, თევზი მყავს. საცურაო აუზი მოვაწყვე. ზაფხულისთვის საბავშვო ატრაქციონის მოწყობას ვგეგმავ. ამ ყველაფერს ჩემი ხარჯებით ვაკეთებ“.

მიუხედავად იმისა, რომ მთაზე ახლა მის გარდა არავინაა, მერაბ დუმბაძემ ნაძვის ხეც მორთო. იმედოვნებს, რომ წელს საახალწლოდ მეზობლები მთაზე ავლენ:

„არ ამოდიოდნენ, მაგრამ ახლა იციან, რომ მე აქ ვარ და ამოვლენ. აქ ძალიან დიდი სილამაზეა, ბუხარი მაქვს, 50 ადამიანზე ღამის გასათევი მაქვს, ზაფხულში გაქირავდა კიდეც, მაგრამ ზამთარში ჯერ არავინ ამოსულა. ელექტროენერგიაც არის. მე ზამთარშიც ვრჩები ხოლმე აქ, საშიში არაფერია“.

დაბა ხულოში დღეს საახალწლო კონცერტი იმართება – ამ კონცერტის გამართვის მომსახურება მერიამ პრემიერის განკარგულების შესაბამისად პირდაპირი წესით შეისყიდა. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ხულოს მუნიციპალიტეტმა ყველაზე დაბალ ფასად – 23 000 ლარად შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ამ თანხით საახალწლო აქსესუარები იყიდეს. მერიაში გვითხრეს, რომ საახალწლო კონცერტზე ადგილობრივი შემსრულებლები გამოვლენ.

დათოვლილ მთაში განსაკუთრებით ლამაზია ღამით გადაღებული კადრები

მთა სარიჩაირი

ფოტოები სოფელ ძირკვაძეებიდანაც გამოგვიგზავნეს. ფოტო: მინდია აბულაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: