მთავარი,სიახლეები

„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს

30.12.2022 •
„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს

„ტარდება თქვენი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – ფეხზე მდგომი გამომძიებელი მიმართავს მილიონერ გალიფ ოზთურქს, ის ფართო მაგიდასთან ზის, ნახევრად ზურგშექცევით გამომძიებელთან და არაფერს ამბობს. მერე თარჯიმნის ხმა ისმის და ოზთურქი ხელებს შლის, უფრო იმის მანიშნებლად, პრეტენზია რომ არ აქვს.

ეს პირველი კადრია 8-საათიანი ვიდეოჩანაწერიდან, რაც დღეს, 30 დეკემბერს, პროკურორმა აჩვენა მოსამართლე ლევან ყოლბაიას – მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გამოიკვლიეს.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„ყურადღება მიაქციეთ, ბატონო მოსამართლევ, სპეცდანიშნულების რაზმი აქ არსად ჩანს“, – ვიდეოს ყურების პარალელურად მიმართა პროკურორმა მოსამართლეს. რამდენიმე წამით შეაჩერა მოსამართლემაც ვიდეოჩანაწერი და კადრს დააკვირდა.

პროკურორმა ირიბად ადვოკატებს გადაჰკრა, რომ ოზთურქის ბინის ჩხრეკა სპეცოპერაცია არ იყო. გამოძიების ვერსიით, სპეცრაზმელები ჩხრეკის ადგილზე ნამდვილად იყვნენ იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა და არა ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად.

„ნახეთ, არც ერთ გამომძიებელს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა“, – მოსამართლეს ამჯერად ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა მიმართა და მანაც შეჩერებული კადრისკენ გაიშვირა ხელი. ადვოკატების მტკიცებით, შესაძლოა ასე დაზიანებულიყო ნიმუში გენეტიკური ექსპერტიზისთვის, როცა პროკურორი ამტკიცებს, რომ, მაგალითად, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდი ამოვიდა.

გამომძიებლებს, რომლებმაც ოზთურქის ბინიდან ნარკოტიკული, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, ხელთათმანები არ ეკეთათ, არც პირბადე.

მოულოდნელობა ამ კადრებში უფრო ის იყო, რომ 8-საათიანი ვიდეოჩანაწერის დასაწყისშივე ჩანს, როგორ ამოალაგეს ოზთურქის აპარტამენტიდან სხვადასხვა პრეპარატი გამომძიებლებმა და გამოთქმით იძახიან მედიკამენტების დასახელებებს.

შეგახსენებთ, რომ ოზთურქის ბინაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა სავარაუდო ფინანსური დანაშაულისთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად. გამოძიება ფინანსურ დანაშაულს ამ დრომდე ვერ ადასტურებს, სამაგიეროდ, გამოძიების ვერსიით, მათ ოზთურქის ბინაში იპოვეს „კოკაინი“ და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება.

„მინდა, ვუყურო, ბევრი ხართ და ვერ ვაკონტროლებ“, – ისმის ჩანაწერში ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის ხმა. მან ჩხრეკის ოქმში დააფიქსირა შენიშვნაც, რომ ჩხრეკის დროს ოზთურქის ბინაში მის მისვლამდე სხვადასხვა პირი გადაადგილდებოდა.

დავით ჩავლეიშვილი ამ საქმეში ახლა დაცვის მხარის მოწმეა. მისი ჩვენება სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია.

„არ არის თარგმნილი ყველაფერი“, – ეს ოზთურქის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ენვერ ბარდაქმა თქვა. ის თურქულენოვანია.

„თქვენ დაინტერესებული მხარე ხართ“, – გაღიზიანება არ დაფარა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„კარგით, ჩამოწერეთ ეს შენიშვნები, ახლა ჩანაწერს ვათვალიერებთ“, – ისევ მოუწია ვიდეოს შეჩერება მოსამართლეს, თუმცა მალევე მეორე ადვოკატმა ითხოვა კადრის შეჩერება.

„აი, ეს არის აივნის კარი, რომელიც ღიაა“, – წამოიძახა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან ირიბად მიანიშნა მოსამართლეს, ამ აივნიდანაც რომ შეიძლება შესულიყო ვინმე ოზთურქის აპარტამენტში.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გამომძიებლების ვიდეოკამერის თვალწინ ოზთურქი სვამს ერთ-ერთ ფსიქოტროპულ ნივთიერებას.

„რეცეპტი მომაწოდეთ, ჯიბეში მიდევს“, – ოზთურქის პარალელურად თარჯიმნის ხმა ისმის ჩანაწერიდან. ოზთურქი სკამზე გადაკიდებულ ქურთუკზე მიუთითებს. გამომძიებლებს…

„ის სვამს იმ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი. შეხედეთ, მას ამის საშუალებას მოსამართლე აძლევს“, – თქვა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

კადრში ოზთურქი ჩანს, ფეხზე დგას და წამალს ჭიქით წყალს აყოლებს, მერე ისევ ფართო მაგიდასთან ჯდება, იქიდან აკვირდება, როგორ ჩხრეკენ გამომძიებლები მის აპარტამენტს.

კადრში ისევ მთავარი გამომძიებელი ჩნდება, ის მაგიდასთან მჯდომი ოზთურქის გვერდით დგას და აცხადებს, ბიზნესმენი თანახმაა, რომ მისი მონაწილეობის გარეშე გაჩხრიკონ მეორე სართული (ოზთურქი „მეტრო სითის“ კორპუსის მე-18 და მე-19 სართულებზე ცხოვრობდა, ჩხრეკაც აქ ჩატარდა).

მეორე სართულის (მე-19 სართული) საძინებელში იპოვეს გამომძიებლებმა, პროკურატურის ვერსიით, კოკაინი. მანამდე კი, კადრების მიხედვით, გამომძიებლებმა ფინანსური დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად გაჩხრიკეს, მაგალითად, ოზთურქის სამზარეულოს ნივთები, პატარ-პატარა ქილების და ჭიქების ჩათვლით, საძინებელში ფეხსაცმელები…

ადვოკატებმა მოსამართლეს ისიც მიანიშნეს, რომ ვიდეოკამერა ყველა გამომძიებლის მოქმედებას არ ასახავს. ვიდეოს ერთი ოპერატორი იღებდა, ადგილზე კი, რამდენიმე გამომძიებელი ერთდროულად მუშაობდა.

„აქ საინტერესო ალბათ ადვოკატია ხო, რომ კადრში მხოლოდ ის ჩანს?“ – ირონიულად გადახედა პროკურორს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა, როცა კადრში მხოლოდ დავით ჩავლეიშვილი ჩანდა, ადვოკატი, ვინც ჩხრეკის დროს ოზთურქის ინტერესებს იცავდა.

„აქ კიდევ ბევრი რამ ჩანს“, – აღარ დააბოლოვა სათქმელი პროკურორმა ლევან მურვანიძემ, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: „თქვენ იმასაც ამბობდით, სპეცრაზმი ჩანსო, სად არის?“ – კადრების ყურების პარალელურად გადაულაპარაკა პროკურორმა ადვოკატს.

„გეტყვით, სადაც ჩანს“, – ჩაიცინა ადვოკატმა.

სასამართლოში ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოს ყურებას განაგრძობენ. გამომძიებლებს გალიფ ოზთურქის პირადი ჩხრეკა არ გადაუღიათ.

კადრი გალიფ ოზთურქის აპარტამენტების ჩხრეკიდან – ბათუმის სასამართლო

—————

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: