მთავარი,სიახლეები

წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

30.12.2022 • 985
წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

29 დეკემბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევსა და რეგიონში რუსების მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

წუხელ, ღამით, კიევის ოლქზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა. თუმცა კიევში საბრძოლო მასალა ჩამოვარდა გოლოსეევსკის რაიონის ადმინისტრაციულ შენობაში. შენობის ნაწილი დანგრეულია.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლექსი კულებას თქმით, თავდასხმა შაჰიდი დრონებით განხორციელდა.

„რუსეთმა კვლავ შეუტია ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. შემთხვევის ადგილებზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ“, – წერს კულება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, გოლოსეევსკის ნახევრად დანგრეული ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე კორპუსის მინები ჩამსხვრეულია, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, ღამით რუსული მხარე მასობრივ საჰაერო თავდასხმას განაგრძობდა უკრაინის დედაქალაქზე, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევმა უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას გაუძლო. კიევის  საჰაერო სივრცეში რუსული მხარის 5 დრონი დაფიქსირდა.

განგაში გვიან ღამით, 02:13 საათზე გამოცხადდა.

გარდა კიევზე მიმართული დრონების მოგერიებისა, უკრაინელმა სამხედროებმა ღამით დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებშიც ჩამოაგდეს შაჰიდის და მარლინის ტიპის 10 დრონი.

რუსული მხარე აქტიურად იყენებს შაჰიდის ტიპის ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ქალაქებზე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, იყენებს ასევე ასევე Mohajer 6-ის ტიპის სადაზვერვო-თავდამსხმელ საფრენ აპარატს.

მედიის ცნობით, რუსეთი და ირანი რუსეთში დრონების წარმოებაზე შეთანხმდნენ. ირანმა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია რუსეთს 2022 წლის ზაფხულში მიჰყიდა.

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთი პარტია, კერძოდ, 250 ერთეული შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო  ირანისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: