ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის

30.12.2022 • 7833
ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის

ბათუმის სანაპირო ზოლში შესატანი 413 ათასი კუბური მეტრი ხრეშიდან ამ დროისთვის 132 ათასი კუბური მეტრი უკვე შეტანილია. კომპანია „ბონდი 2009“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით სრულდება და დარჩენილი ხრეშის შეტანა ამინდსა და მდინარე ჭოროხის კარიერებიდან ინერტული მასალის ამოღებაზეა დამოკიდებული.

ხრეშის შეტანა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ეს ბათუმის პლაჟის ხელოვნურად აღდგენისთვისაა საჭირო. პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ხრეშის შეტანა ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.

ხელოვნურად შეტანილი ხრეში ბათუმის სანაპიროზე / 29.12.2022 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ნაპირგამაგრებისთვის აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში 5 057 735 ლარია გაწერილი, თუმცა ეს თანხა იმ მიმდინარე სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც წელს დაიწყო და გრაფიკით, მომავალი წლის ივლისამდე შეიძლება გაგრძელდეს.

აღნიშნული 5 მილიონიდან 4 936 609 ლარი პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვისაა [დროებითი გზებისა და რეცხვადი ბერმის მოწყობა] გათვალისწინებული, ხოლო 121 126 ლარი – ამ სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის.

კომპანია „ბონდი 2009“-სთან, რომელსაც ხრეში შეაქვს სანაპიროზე, ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული.

ხელოვნურად შეტანილი ხრეში ბათუმის სანაპიროზე / 29.12.2022

ხრეში უნდა შეიტანონ იმ ადგილზე, სადაც ზღვამ ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი დაანგრია. საკმარისი იქნება თუ არა ეს იმისთვის, რომ ზღვის მიერ ნაპირის ნგრევა დროებით შეჩერდეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება.

დამატებითი თანხა, სამომავლოდ, ნაპირის ხელოვნური კვებისთვის, ფაქტობრივად, არც აჭარის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 2023 წელს ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის ფული არც საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად [პლაჟების ხელოვნური კვებისთვის] თანხა არ არის არც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში.

არც ერთი დონის ბიუჯეტში არ არის სამომავლოდ გაწერილი თანხა დანგრეული სანაპირო ზოლის აღსადგენად. ამასთან, არც ისაა ცნობილი, თუ როგორ აპირებს მთავრობა ზღვისგან დანგრეული სანაპიროს აღდგენას.

ხელოვნურად შეტანილი ხრეში ბათუმის სანაპიროზე / 29.12.2022

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

იმ ხრეშსაც, რომელიც ახლა შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა, თუმცა რას აპირებს მთავრობა, უცნობია.

ამ თემაზე უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: