მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის გზაზე საცობის გამო სასწრაფო სამსახურის მანქანა 1 საათით შეფერხდა

05.11.2022 • 2166
ხელვაჩაურის გზაზე საცობის გამო სასწრაფო სამსახურის მანქანა 1 საათით შეფერხდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ საათზე მეტია, რაც საცობის გამო მოქალაქეების ავტომანქანით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. საცობშიგაჭედილების თქმით, საცობის გამო შეფერხდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. ბოლო ორი თვის განმავლობაში მოქალაქეები ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთ მონაკვეთში, განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში, საცობების გამო ხშირად ჩივიან.

როგორც საცობშიმოყოლილები თავად გვიყვებიან, მოძრაობის დასარეგულირებლად რამდენჯერმე საპატრულო პოლიციასაც კი მიმართეს.

გზაზე გადაადგილების პრობლემა გამწვავდა მას შემდეგ, როცა აქ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ანგისიდან დაბა ხელვაჩაურამდე – 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, შპს „ერტედე“ ახორციელებს.

შესყიდვის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარია.

პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეცვლისა და ორი ხიდის გაფართოების სამუშაოები. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, სამუშაოები ავტომანქანების მოძრაობის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

სამუშაოების გარდა მოძრაობას ორმოებიც აფერხებს გზაზე.

„ისეთ ორმოში გვიწევს ჩასვლა და ამოსვლა, რომ ყველა ფრთხილობს არ დააზიანოს მანქანა, ეს დამატებით ართულებს მოძრაობას. ყველა ცდილობს გაძვრეს, ერთმანეთს გაუსწროს და იჭედება სიტუაცია. კარგი იქნება თუ პოლიცია დაარეგულირებს ამას“, – გვიყვება მოქალაქე, რომელსაც ამ გზაზე ინტენსიურად გადაადგილდება.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებული არ არის მაჭავარიანის ქუჩაზეც, რომელიც უკავშირდება აეროპორტის გზატკეცილს, საიდანაც ერთი მხრივ ტბელ აბუსელიძის ქუჩაზე შესაძლებელია გასვლა ან კობალაძის ქუჩის გავლით ინასარიძეზე-ხიმშიაშვილზე მოხვედრა.

ჯერ ვერც ეგრეთ წოდებული ჭოროხს გზა გახსნეს, რომლის რეაბილიტაციაც 2017 წელს დაიწყო. ეს გზა მახოს ხიდის გვერდით არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: