მთავარი,სიახლეები

რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში

29.12.2022 • 1478
რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში

„ვარდების პატარა ბუკეტის დაწერა შეიძლება? მხოლოდ ვარდების ბუკეტი მეტი არაფერი… კიდევ შეიძლება? და ერთი ბამბანერკა, ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“ – ამბობს 75 წლის ანატოლი ბუგნოვი. ის სათნოების სავანეში 5 წელია ცხოვრობს.

– თქვენთვის არაფერი გინდათ?

– მე არაფერი, მე ყველაფერი მაქვს. თქვენ რა გაჩუქოთ საახალწლოდ? – გვიბრუნებს კითხვას ანატოლი.

ბათუმის სათნოების სავანეში გვითხრეს, რომ საახალწლოდ ძირითადად თბილი რეიტუზები, ხალათები და შარვლები გაუხარდებოდათ, ზოგს პატარა რადიო, ზოგსაც „აბადოკი“ უნდა, ზოგიერთს საჩუქრები – სხვისთვის საჩუქებლად.

ანატოლი

„პატარა რადიო შეიძლება? მე უსინათლო ვარ, მეტი არაფერი მინდა“ – გვეუბნება 65 წლის ირინა რისენკო, რომელიც ბათუმის სათნოების სავანეში ცხოვრობს. „კიდევ შეიძლება? კიდევ პუდრი, ღია ფერის“, – ამატებს გაღიმებული.

65 წლის ირინა ბათუმის სათნოების სავანეში უკვე მეოთხე წელია ცხოვრობს.

„ტელევიზორს ვუსმენ ხოლმე, საინფორმაციოს, ევრონიუსი ძალიან მიყვარს. რატომ?! მინდა ყველაფერი ვიცოდე, ვერ ვხედავ, მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ, მინდა ვიცოდე რა ხდება იქ, რა ხდება ჩვენთან…“

ირინა ჰყვება, რომ მხედველობა 25 წლის წინ, ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა. მას შემდეგ სამსახური ვეღარ დაიწყო. ირინას შვილი ემიგრაციაშია და იქიდან ეხმარება თავის ორ შვილს.

„საქართველოში დავიბადე, ძალიან მიყვარს საქართველო. დედამ და მამამ ნოვოროსიისკში დაამთავრეს საზღვაო აკადემია და აქ გამოგზავნეს სამუშაოდ საზღვაო სანაოსნოში. მერე გავჩნდი მე. ადრე ვმუშაობდი, შეფ-მზარეული ვიყავი, ჩემი ქმარი დირექტორი იყო. კარგი ცხოვრება მქონდა, მაგრამ… სტამბულში წავედით მანქანით, იქეთ გზაზე მე ვიჯექი საჭესთან, აქეთ ჩემი ქმარი დაჯდა, ავარიაში მოვყევით, ჩემი ქმარი დაიღუპა, მე მხედველობა დავკარგე. 

ამის მერე ერთი წელი ლოგინად ვიყავი, დედა ცოცხალი იყო, ჩემმა დამ გაყიდა ბინა თბილისში და ბათუმში იყიდა, რომ ჩემთან ყოფილიყო. ყველა გვერდში მყავდა. ვერაფერს ვხედავდი, ერთი წელი ვიწექი. კი, დედა სულ ფეხებთან მეჯდა, მთხოვდა ავმდგარიყავი, მერე ავდექი. დიდი ტრაგედია იყო.

მე საერთოდ ვერ ვხედავ, ვერც მზეს“.

ირინა ამბობს, რომ როცა საქმე აქვს, ქალაქში მიჰყვებიან.

„მე თვითონ არ დავდივარ, უფრო პანდემიის გამო. მაგრამ, თუ გასეირნება გინდა, ეუბნები და წაგიყვანენ, ზღვაზეც, მათ შორის. ზაფხულში სულ გადიან. მე ვერ დავდივარ, რადგან ვერ ვხედავ. ძალიან კარგი გოგოები არიან აქ, ძალიან თბილები, ეს ჩემი მეორე სახლია“. 

ირინა რისენკო

ამჟამად, ბათუმის სათნოების სავანეში სულ 122 ადამიანი ცხოვრობს – მზრუნველობამოკლებული ხანდაზმულები ან/და შშმ ადამიანები. „ისინი, ვინც ზრუნვას საჭიროებენ, მაგრამ მომვლელი არ ჰყავთ ან უჭირთ მოვლა ოჯახში“, – განმარტავს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის დირექტორის მოადგილე, დეკანოზი გიორგი შაინიძე.

სათნოების სავანეს ბათუმის მერია და საპატრიარქო აფინანსებს. პერიოდულად სავანის ბენეფიციარებს ცალკეული შემომწირველებიც ეხმარებიან.

შემოწირულობები რომ არა, გაგვიჭირდებოდა. ზოგიერთი გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდება, ვისაც მაგალითად აქვს სალონი და სურს, რომ ერთი დღე გაულამაზოს ჩვენს ბენეფიციარებს. არიან რესტორნები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ ერთი დღე მოუწყოს მათ სადილი და ა.შ.“ – ამბობს დეკანოზი გიორგი შაინიძე.

სავანეში ამბობენ, რომ ბენეფიციარების მიმართ ყურადღება, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში მატულობს.

ახლა ბევრი კონცერტი გვქონდა. სარვამარტოდ, საშობაოდ, საახალწლოდ, ასეთ დღეებში უფრო მეტი აქტიურობა იგრძნობა მოსახლეობისგან. ძირითადად სემინარიის სტუდენტები და სასულიერო გიმნაზიელები მოდიან ხოლმე. დგამენ მათთვის კონცერტებს და საჩუქრებსაც ჩუქნიან“, – ამბობს დეკანოზი გიორგი შაინიძე.

ლიდია ავაკოვა 73 წლისაა, სავანეში 16 წლის წინ მოვიდა.

„ხელი არ მიმუშავებს, ფეხითაც ვკოჭლობ, ჟოფრეი დე პეირაკი ვარ“, – ამბობს მკაცრი ღიმილით. – „მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხელი მიმუშავებს, მაინც ყველაფერს ვაკეთებ, სისუფთავე, მოწესრიგება, ჩაცმა“, და იქვე მდგომ მედდას იმოწმებს – „აი ანა, ხომ ასეა?“ ანაც ადასტურებს, რომ ლიდიას ლოგინი ყოველთვის უზადოდ გასწორებულია.

ლიდიას საახალწლოდ თვალის ტუში, წითელი პომადა, ღია ფერის ტონალური, თმის საღებავი და საღამური უნდა – „ზომა? მაღალი ქალი ვარ, მაგრამ ვკოჭლობ“, – ამბობს ღიმილით.

ლიდია გვიყვება, რომ ხელის და ფეხის გაჩერება ინსულტის ბრალია.

„17 წლის წინ დამემართა, როცა მომიკვდა ორი ბიჭი – 28 და 33 წლის, იმის მერე ინსულტმა დამარტყა. საკუთარი სახლი მქონდა, მერე გავყიდე, გოგო დამრჩა ერთი უფროსი ბიჭის ტყუპისცალი, ორი შვილიშვილი მყავს. გოგო ყოველ შაბათ-კვირას მოდის, როცა მინდა, სახლშიც მივყავარ“, – ამბობს ლიდია.

მისი ყოველი დილა 06:30 სთ-ზე იწყება, ორი ჭიქა ყავითა და მაკიაჟის კეთებით.

„აქ დავიბადე და გავიზარდე, ნახევად აჭარელი ვარ. ახალგაზრდობაში ვმუშაობდი უფროს ეკონომისტად, პუშკინზე იყო თევზის მაცივარი, ერთ ადგილზე ვიმუშავე 25 წელი, შემდეგ დახურეს ეს საწყობი და დავრჩი უმუშევარი. მერე ასე განვითარდა მოვლენები“, – ჰყვება ის.

ლიდია

სავანეში არის ბიბლიოთეკა და თიხაზე მუშაობის ოთახი, წელიწადში ერთ-ორჯერ ჯგუფურადაც გადიან გარეთ, ოღონდ მხოლოდ ისინი, ვისაც გადაადგილება შეუძლია.

სავანის ბენეფიციარებს სტუმრების, ძირითადად ოჯახის წევრების მიღება თავიანთ ოთახებშიც შეუძლიათ, რაც პანდემიის პერიოდში აკრძალული ჰქონდათ. აქ ამბობენ, რომ გარეთ გასვლის საშუალება ყველას აქვს, ვისაც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა უწყობს ხელს.

ოღონდ დაცვის თანამშრომელი გაფრთხილებულია, ინიშნავენ, ვინ რა დროს მოვა, ან იტოვებენ ნომერს, სადაც უნდა მოვიკითხოთ“, – ამბობს მამა გიორგი. მისივე თქმით, სავანიდან ყველაზე ხშირად ზღვაზე გადიან.

სავანეში თითო ოთახში რამდენიმე ბენეფიციარი ცხოვრობს, ტელევიზორი თითქმის ყველგან არის, სამ ოთახში გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მათთან ტელევიზორი გაფუჭდა ან ხარვეზები აქვს. „იქნებ ვინმეს ჰქონდეს, თუნდაც მეორადი, იაფიანი, რატომაც არა, ახალი კი არ გვინდა, ძალიან გამოგვადგებოდა“, – ამბობს 36 წლის მაია ფეოდოროვა.

ერთი წელიც არ არის, რაც მაია აქ ცხოვრობს. ის თბილისში, ბავშვთა სახლში გაიზარდა, ბავშვთა სახლის შემდეგ ერთ ხანს მუშაობდა, ბინაც კი იქირავა, მაგრამ ბოლოს ქუჩაში აღმოჩნდა, ქუჩიდან კი – საავადმყოფოში.

„წარმოშობით უკრაინელი ვარ, ჩერნობილიდან, ჩემი მშობლები იქაურები იყვნენ. დედა რომ გადმოიყვანეს საქართველოში, ორსულად იყო, აქ იმშობიარა და გარდაიცვალა ეგრევე. მე გამზარდა საქართველომ. ბავშვთა სახლის მერე მთავრობა არ უზრუნველყოფს დახმარებას, ცოტა ხანი ბინაც კი ვიქირავე, მერე გამიჭირდა, პრობლემები ყოველთვის მქონდა. აქ გამაცოცხლეს ფაქტობრივად, ფსიქოლოგიც არის აქ და ვესაუბრები. წინა ცხოვრება უკან მოვიტოვე. დამღალა ქუჩამ“, – ჰყვება მაია.

მაია ამბობს, რომ საახალწლოდ მწვანე ფერის საცურაო კოსტიუმი, მწვანე ფერის ჩუსტი და ყავის მადუღარა გაუხარდებოდა.

„ცურვა ვიცი, რომელია… ცურვა ვისწავლე ურეკში, ადრე იქ დავყავდი მთავრობას ბავშვთა სახლიდან, ხერხემლის გამრუდება მქონდა. მინდოდა ზაფხულშიც, მაგრამ ვერ მოვახერხე, იცით, პანდემია დაემთხვა რომ მოვედი, აქ ხომ ხანდაზმულები არიან, ჩაკეტილი იყო ყველაფერი, ზღვა კი სავსეა ხალხით, იქ დისტანციას ვერ დაიცავ. ბატი რომ დასვა დაგუბებულ წყალში, ისე ვარ ახლა, ზღვა ძალიან მიყვარს, ზაფხულში დღეში ორჯერ შევდივარ – დღე და ღამე“, – ჰყვება მაია. 

მაია ფეოდოროვა

ეს მარინა ქამაშიძეა, 54 წლის. პირველი საჩუქარი თავისი თუთიყუშისთვის გოგო მეწყვილე ახსენდება. „აი, ამას უნდა გოგო, ეს არის კუში ქამაშიძე“, – ამბობს მარინა და გვეუბნება, კიდევ რა უნდა: „ბამბის მაისური გრძელმკლავიანი, ქვედაბოლო და სუნამო“.

მარინა და კუში

მაგული სურმანიძე 76 წლისაა, უყვარს სამკაულები, საახალწლოდ გაუხარდებოდა აბადოკი-სამკაული, საღამური და ნაჭრის ლიფი. მისი მეზობლის თხოვნით, სურვილებში ვამატებთ კიდევ ერთ თოჯინას.

მაგული სურმანიძე

სავანეში

ირინა 40 წლისაა. ის მწოლიარე პაციენტია. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისეთი ტელეფონი გაუხარდებოდა, რომელშიც ვიდეოზარით დარეკვა არის შესაძლებელი.

„ძმისშვილიშვილები მენატრება, სახეზე რომ დავინახო დარეკვის დროს“, – ამბობ ის, – „კიდევ შოკოლადები“.

ბათუმის სათნოების სავანეში მაცხოვრებელთა უმრავლესობა გამოვკითხეთ მათთვის სასურველი საჩუქრების შესახებ,

რა საჩუქრებზე ოცნებობენ სავანეს ბინადრები – სია 

  • იზოლდა, 80 წლის: ქვედაბოლო (წითელი არა); სათვალე +5 ზომა; უფეხო რეიტუზი შავი (40 ზომა)
  • მზიური, 64 წლის: საღამური, ნატურალური ცრემლი; ტელევიზორი თუ მოხერხდება ჩვენს ოთახში
  • ლარისა, 70 წლის: საღამური; 2 რეიტუზი
  • სვეტლანა, 42 წლის: საქსოვი ძაფები (ღია ფერები); ალოეს გელი (სახის); 2 რეიტუზი (L ზომა); საგარეო ჩანთა;
  • ლიდია, 73 წლის: შავი ტუში თვალის; კრემი ბალეტი (ღია ფერის); წითელი პომადა; საღამური; მუქი წაბლისფერი ფერის თმის საღებავი (პრესტიჟი 232)
  • ინგა, 37 წლის: თმის საღებავი 205 ნომერი (პრესტიჟი); ხელის საათი; ჩუსტები (36 ზომა)
  • მარინა, 54 წლის: თუთიყუში კუში ქამაშიძისთვის გოგო თუთიყუში; ოთახში ტელევიზორი; ბამბის გრძელმკლავიანი მაისური (M); ქვედაბოლო; სუნამო
  • სვეტლანა, 61 წლის: სპორტული შარვალი თბილი, მუქი ფერის (48); თხელი წინდები მუქი ფერის (2 წყვილი); „ბეზრუკავკა“ შავი; ბოტასი (37 ზომა)
  • რუსუდან, 71 წლის: რეიტუზი თბილი; გეტრი თბილი; ხელთათმანები (S); სუნამო
  • თამრიკო, 58 წლის: ქალის პატარა საათი; ხელის რადიო; ქვედაბოლო გოფრე (s ზომა); თმის საღებავი (შავი)
  • მაია, 36 წლის: ტელევიზორი ოთახისთვის; საცურაო კოსტიუმი (მწვანე); ოთახის ჩუსტი მწვანე, 39 ზომა; ყავის მადუღარა
  • ცისანა (81 წლის): თბილი ჩუსტები (39 ზომა); რეიტუზი თბილი (50 ზომა); კოფთა ყელიანი, საშუალოდ თბილი (მუქი ფერის); სუნამო
  • გული, 75 წლის: ტელეფონი ინტერნეტი რომ ჰქონდეს, ვიდეოზარისთვის
  • იზოლდა, 64 წლის: კარგი სუნამო; სარეცხი საპონი (5 ცალი)
  • გუგული, 88 წლის: სახის მოვლის კრემი; ხალათი
  • ირინა, 65 წლის: პატარა რადიო; პუდრი (ღია ფერის)
  • მედიკო (70 წლის): რეიტუზი (XL); „ბეზრუკავკა“; კოფთა თბილი; ქვედა ბოლო (XL)
  • ზინა, 77 წლის: ჩუსტი 36-37 ზომა; ხალათი (46 ზომა)
  • ციური, 76 წლის: კოფთა; ხალათი; კარგი სუნამო
  • ინეზა, 77 წლის: კოფთა შავი, თბილი; ფეხსაცმელი (37-38 ზომა); ქვედაბოლო, შავი (M)
  • თალიკო, 65 წლის: სუნამო; პომადა იასამნისფერი; ფრჩხილის ლაქი იასამნისფერი; ხალათი (XXXL)
  • ირინა, 40 წლის: სმარტფონი უბრალო – ახლობლებთან ვიდეოზარებისთვის; შოკოლადები
  • ენძელა, 80 წლის: ხალათი M ზომა
  • მაგული, 76 წლის: საღამური (M); აბადოკი-სამკაული; თოჯინა
  • თინა, 83 წლის: მაისური წვრილ ბრეტელებზე; ჟაკეტი
  • თინიკო, 66 წლის: კურდღლის ფიგურა; პომადა ტუჩისფერი, მბზინვარე; ტუში
  • ელენა, 64 წლის: აბადოკი
  • ზინა, +70 წლის: სუნამო; ფეხსაცმელი 36 ზომა
  • კატია, 76 წლის: გეტრი 2 წყვილი; ქვედაბოლო (L); კოფთა (L)
  • მადონა, 63 წლის: ვერცხლის სამაჯური
  • თამარ, 66 წლის: სახის კრემი, დილის და ღამის
  • ლუბა, +70 წლის: სულერთია რა იქნება (L ზომა)
  • ნათელა, 76 წლის: სმარტფონი, იაფიანი, ვიდეოზარისთვის; გრძელმკლავიანი კოფთა ბამბის (მუქი ფერის); რეიტუზი უფეხო (მაიჩნი)
  • ეთერ, 72 წლის: +2.5 სათვალე; მშვიდობა და ჯანმრთელობა
  • ლილი, 71 წლის: რეიტუზი (L)
  • მარიამ, 37 წლის: ჯინსის შარვალი (27 ზომა); სუნამო; თმის სამაგრები; ბოტასები ოდნავ მაღალი (36 ზომა)
  • ქეთო, 82 წლის: ტელეფონი სენსორით; სათვალე +4
  • ნანი 60: სათვალე -7 ნომერი
  • გიორგი, 34 წლის: ჩუსტი, 41 ზომა
  • ოთარი, 70 წლის: ყველაფერი გვაქვს, თუ მოხერხდება ფეხსაცმელი 43-44-მდე ზომა; თქვენი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა
  • თამაზი, 63 წლის: თბილი სპორტული შარვალი გრძელი (M)
  • ირაკლი, 36 წლის: ტკბილეული
  • ასლან, 52 წლის: შარვალი სპორტული (L); პერანგი თბილი; ტელეფონში 10 ლარის სალაპარაკო
  • გელა, 57 წლის: „კატუშკა“ და ჯოხი – ანკესის
  • გარიკ, 67 წლის: თეთრი ან/და შავი მაიკა (M)
  • არამ, 84 წლის: ჩუსტი (41 ზომა)
  • ანატოლი, 75: ვარდების პატარა ბუკეტი და ერთი ბამბანერკა, „ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“
  • ვლადიმერი, 61 წლის: კონიაკი
  • ირაკლი, 48 წლის: ხაში და ხინკალი მენატრება; სპორტული შარვალი ელვაზე შესაკრავი ჯიბით (M)
  • ვახტანგი, 68 წლის: იაფიანი სმარტფონი; გიტარის სიმები – 1, 2, 3 (რკინის)
  • საშა, 71 წლის: სერვილადი
  • ავთო, 67 წლის: ტკბილეული
  • ტარიელ, 70 წლის: ბიჭი შვილისთვის რაიმე საჩუქარი
  • რამაზი, 60 წლის: შარვალი სპორტული M-L
  • მუხამედი, 56 წლის: შარვალ – კოსტიუმი გაზაფხულისთვის, 46 ზომა
  • ალექსანდრე, 86 წლის: ჟაკეტი თბილი (XL) ან ყველაფერი გამიხარდება
  • ალექსანდრე, 87 წლის: მეტი კონცერტები ბავშვებისგან
  • ნოდარი, 44 წლის: შარვალი სპორტული (L); წინდები; ბოტასი 43 ზომა
  • ზურა, 44 წლის: სპორტული ზედა და ქვედა (S) ზომა
  • ზურაბ, 64 წლის: კაპიუშონიანი ზედა ქვედა (48 ზომა)
  • ფილიპე, 42 წლის: ეტლი [შშმ პირისთვის]
  • გენადი, 59 წლის: ეტლი, სტანდარტული, შავი ფერის
  • ილო, 42 წლის: ეტლი [შშმ პირისთვის]
  • ჯონი, +80 წლის: სპორტული ტანსაცმელი S-M
  • ონისე, 63 წლის: ეტლი [შშმ პირისთვის]
  • ბესო, 55 წლის: ტელეფონი უბრალო

გარდა ამისა:

სპორტული ლიფი S და L ზომები; ლიფი 3 ზომა; ტრუსები L ზომა; დეოდორანტი. 

ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე მდებარეობს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 39 ნომერში.
———————————————————————————————————–

გადაბეჭდვის წესი


ასევე: