მთავარი,სიახლეები

ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია

15.12.2022 • 3781
ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია

„კორუფციას აქვს ადგილი“, „10 წელი რომ ერთი და იგივე ქუჩას აკეთებ, აქ უკვე სხვა მხარეა სალაპარაკო, რატომ აკეთებ ასე,“ – გვითხრეს ადამიანებმა, რომლებიც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ცხოვრობენ, ქუჩაზე, რომელიც ახლაც გადათხრილია.

„უსასრულოა, დამთავრება აღარ იქნა,“ – ამბობს ქალი, რომელსაც ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთასთან ვესაუბრეთ. – „დღეს თუ გააკეთეს ეს მონაკვეთი, ოთხი თვე არ გავა, ისევ გადათხრიან“, – დასძენს ის.

ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებს უჭირთ გახსენება, ბოლო 10 წელში უკვე მერამდენედ გადათხარეს ქუჩა. „არ დაგვითვლია“, – ამბობენ ისინი.

რასაც მოქალაქეები ამბობენ, ბათუმის მერიის საჯარო განცხადებებითა და „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება – ბაგრატიონის ქუჩა დაუსრულებლად რეაბილიტირდება. 2014 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 23 მილიონ ლარი და 16 მილიონ ევრო დაიხარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის სამი მერი შეიცვალა.

ამ ქუჩის ძირითადი ნაწილის მოწყობა 2009 წელს, მთლიანობაში კი 2014 წელს დასრულდა. ძველი და ახალი მერების საჯარო განცხადებების არქივი კი გაგახსენებთ, წლების განმავლობაში რამდენჯერ მოვისმინეთ: „ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია დაიწყო“.

ბაგრატიონის ქუჩა, 14 დეკემბერი, 2022 წელი

ბაგრატიონის ქუჩა, 14 დეკემბერი, 2022 წელი

[red_box]ბაგრატიონი – ქუჩა, რომელსაც სულ „აკეთებენ“: 2015-2022 წლების ქრონოლოგია[/red_box]

ბაგრატიონის ქუჩა, 14 დეკემბერი, 2022 წელი

„ბათუმელებმა“ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ ბათუმის მერიის მიერ დღემდე გაკეთებული საჯარო განცხადებები და შესაბამისი დოკუმენტები შეისწავლა. ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლაც – ამჯერად ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთიდან ჟიული შარტავას წრიულამდე. კომპანია „ნიუპოვერთან“ კონტრაქტი 6 მილიონ 688 ათას ლარზეა გაფორმებული.

[red_box]2022 წელი – მერი არჩილ ჩიქოვანი[/red_box]

2022 წელს, წინა წლების მსგავსად, ბათუმში მოსახლეობამ მერიისგან რამდენჯერმე მოისმინა ეს ფრაზა: „ბაგრატიონის ქუჩა გადაიკეტა“, „ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო“…

9 იანვარი – „ბაგრატიონის ქუჩაზე, სელიმ ხიმშიაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუჩის გზაგამყოფ ზოლზე მოაჯირების მოწყობასა და გარეგანათების სისტემის მონტაჟს. ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ 640 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი,“ – ეს ბათუმის მერიის მიერ 2022 წლის 9 იანვარს გავრცელებული ინფორმაციაა.

ბაგრატიონის ქუჩა - 2022 წლის 9 იანვარი

2022 წლის 9 იანვარი – ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია

3 თებერვალი – „აქტიურად მიმდინარეობს ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია,“ – წერდა ბათუმის მერია.

23 მარტი – „ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება,“ – იტყობინებოდა ბათუმის მერია.

აქ უკვე ირკვევა, რომ სამუშაოები მანამდე პრაქტიკულად გაჩერდა – ბათუმის მერიამ საჯაროდ თქვა, რომ შპს „ზიმო-7“-მა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის განმავლობაში შეასრულა სამუშაოების საერთო ღირებულების მხოლოდ ¼, რაც სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მიუთითებდა, ხოლო „ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში, ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო“.

ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება ბათუმის მერიამ შეიმჩნია და სცადა პასუხისმგებლობა ბიზნესისკენ მიემართა.

„მიუხედავად კომპანიის მრავალგზის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ზიმო-7“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე,“ – იტყობინებოდა 2022 წლის მარტში ბათუმის მერია.

ბათუმის მერიამ მაშინ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ექსპერტიზა შეამოწმებდა „შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას“.

ექსპერტიზის პასუხების შესახებ მეტი ინფორმაცია ბათუმის მერიას არ გაუსაჯაროებია.

ბათუმის მერია მოქალაქეებმა მონიშნეს მოქალაქე რამაზ ქობულაძის ფოტოზე და მიაწერეს: „ჩიქოვანის სახე !!!“ „ამაზე მეტი ღორობა რა გინდა?“ ფოტოზე ასახულია ბაგრატიონის ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი.

ბაგრატიონის ქუჩა. ფოტო ფეისბუქიდან

21 მაისი – ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი პარლამენტარ რესან კონცელიძესთან ერთად ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელსვე დასრულდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულების მიზნით, უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი,“ – დასძინა 2022 წლის ბათუმის მერმა 21 მაისს, თუმცა საბავშვო ბაღი ვერ აშენდა, თანაც, არამხოლოდ ბაგრატიონის ქუჩაზე.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და პარლამენტარი რესან კონცელიძეს ბაგრატიონის ქუჩაზე – 2022 წლის 21 მაისი

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და პარლამენტარი რესან კონცელიძეს ბაგრატიონის ქუჩაზე – 2022 წლის 21 მაისი

11 აგვისტო – ბაგრატიონის ქუჩაზე სკვერი მოაწყვეს. „უკვე დაიგო კაუჩუკის საფარი და დეკორატიული ფილები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საპარკე ინვენტარი, დამონტაჟდა ლამპიონები…“ – გვაუწყეს ამ დღეს ბათუმის მერიიდან.

25 აგვისტო – „ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ხორციელდება,“ – მოქალაქეებს ეს ინფორმაციაც ბათუმის მერიამ მიაწოდა. ზაფხულის პერიოდში სარეაბილიტაციო მონაკვეთში ასფალტზე ამომტვრეული მონაკვეთები დააკერეს. თუმცა, ეს მონაკვეთი დაახლოებით ორ თვეში სრულებით აყარეს და გადათხარეს.

12 სექტემბერი – ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულდა გზის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა და მიმდინარეობს მეორე ფენის დაგება. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ 688 ათას 888 ლარს შეადგენს.

ბაგრატიონის ქუჩა, 2022 წლის 12 სექტემბერი

2 დეკემბერი – „ბათუმელები“ წერდა, ბათუმში, ბაგრატიონის ჩიხში თითქმის ერთი თვეა საკანალიზაციო ჭა ღიაა. პირველ დეკემბერს, ჭაში ბავშვს ფეხი ჩაუვარდა, მას დახმარება გამვლელმა გაუწია.

ბაგრატიონის ქუჩა, 2022 წლის პირველი დეკემბერი

[red_box]2021 წელი – მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი[/red_box]

2021 წლის აპრილში ბათუმის მერიამ მოსახლეობას ბაგრატიონის ქუჩასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აცნობა, რომ იწყება რეკონსტრუქცია.

„იწყება ბაგრატიონის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომელსაც დაახლოებით 15 თვე დასჭირდება,“ – აცხადებდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი. მისივე თქმით, ძველი, დაზიანებული ფილების ნაცვლად, „აქ მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურას.“

„ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ქუჩაზე არსებული ფილები, რომლის დემონტაჟიც უკვე დავიწყეთ, ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც საფეხმავლო, ასევე სატრანსპორტო გადაადგილებისას. ფილების ნაცვლად დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სისტემის გამართულ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით, სამუშაოები შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს. პარალელურად, ბაგრატიონის ქუჩაზე, ბათუმის წყლის მიერ წყალარინების ახალ სისტემაზე სამასამდე აბონენტის დაერთება მიმდინარეობს“, – ამბობდა არჩილ ჩიქოვანი.

ბაგრატიონის ქუჩაზე ფილები ნამდვილად აყარეს და ახლა ქუჩის დიდ მონაკვეთზე მხოლოდ ტალახია.

2021 წლის 29 აპრილი – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა

19 აგვისტო – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა, ვაჟა-ფშაველადან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. „აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები,“ – აცხადებდნენ იმ დღეს ბათუმის მერიაში.

27 სექტემბერი – „ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია ინტენსიურად მიმდინარეობს… ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წელს დასრულდება“ – ბათუმის მერია.

ბათუმი ბაგრატიონის ქუჩა, 2021 წელი

14 სექტემბერი – „ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წლის აგვისტომდე დასრულდება,“ – ბათუმის მერია.

2021 წლის 14 სექტემბერი – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა

2018 და 2020 წლებში ბაგრატიონის რეაბილიტაციის შესახებ ბათუმის მერიის გვერდზე ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. ამ პერიოდში მერი ლაშა კომახიძე იყო.

[red_box]2019 წელი – მერი ლაშა კომახიძე[/red_box]

14 მარტი – „ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქუჩების, შესახვევებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია, მათ შორის, ბაგრატიონის ჩიხი,“ – ბათუმის მერია.

17 აგვისტო – „ბათუმში ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარიანი ქუჩების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის რკინა-ბეტონის ფილების შეკეთება-შეცვლის სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე ხორციელდება. ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარიანი ქუჩების სარემონტო სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. პროგრამის ბიუჯეტი 1 20 000 ლარს შეადგენს.

ბაგრატიონის ქუჩა, 2019 წელი

5 ნოემბერი – ამ ეტაპზე ბაგრატიონის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე მონაკვეთში ახალ წყალარინების ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების ახალ ქსელზე 2000-მდე ოჯახი დაერთდება.
[red_box]2017 წელი – მერი ლაშა კომახიძე[/red_box]

20 ნოემბერი – ბაგრატიონის ქუჩაზე, აეროპორტის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ხორციელდება წყალარინების ახალი ქსელის მშენებლობა, ასევე ქსელის დიამეტრის გაზრდის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური ჯგუფები ასრულებენ – ბათუმის მერია.

10 ივლისი – ბაგრატიონის ქუჩაზე დილიდანვე დაიწყო ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება.
[red_box]2016 წელი – მერი გიორგი ერმაკოვი[/red_box]

18 იანვარი – ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე ტარდება…. სამუშაოების ღირებულება 13 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

6 თებერვალი – ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ბათუმის მერია.

2016 წლის 6 თებერვალი – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა

25 დეკემბერი – „დემეტრე თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩაზე, ორბელიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა. მოეწყო სანიაღვრე სისტემა და მიმდინარეობს მოასფალტება,“ – ბათუმის მერია
[red_box]2015 წელი – მერი გიორგი ერმაკოვი[/red_box]

10 დეკემბერი – „ამჟამად ბაგრატიონის ქუჩაზე ხორციელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია შავშეთიდან ერისთავის ქუჩებს შორის მონაკვეთში, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ბიუჯეტი – 16 მილიონ 300 ათასი ევრო,“ – ბათუმის მერია.

ამავე წელს ბათუმის მერია იტყობინებოდა, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე რვა სკვერის გაშენებას იწყებდა.

[red_box]რა ხდება დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე და რას ამბობენ მერიაში?[/red_box]

ამჟამად ბაგრატიონის ქუჩა ხიმშიაშვილიდან ლერმონტოვამდეა გადათხრილი და ერთი მიმართულება გადაკეტილი.

ადგილზე მისულებს მძიმე ტექნიკა დაგვხვდა, თუმცა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის „ნიუპოვერის“ დირექტორმა, მალხაზ სარჯველაძემ გვითხრა, რომ კომენტარს არ აკეთებს.

გასაუბრების დროს მან აღნიშნა, რომ ამ დრომდე ბაგრატიონის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებთან მის კომპანიას შეხება არ ჰქონდა, მიმდინარე საქმეს კი, მომავალი წლის ზაფხულამდე დაასრულებს.

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია – 15 დეკემბერი, 2022

კომპანია „ნიუპოვერთან“ ხელშეკრულება ბათუმის მერიამ 2022 წლის 29 ივნისს გააფორმა ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე. კონტრაქტის ღირებულება ზუსტად 6 მილიონ 688 876 ლარია.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „ნიუპოვერი“ 2015 წელს ფოთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მალხაზ სარჯველაძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, „ნიუპოვერს“ 60-ზე მეტი სხვადასხვა ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის, აჭარაში.

„ჯამში რამდენი დაიხარჯა, ვერ გეტყვით, თუ მოგვმართავთ საჯარო ინფორმაციით, დავითვლით,“ – გვითხრა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ხელმძღვანელმა, აკაკი ბერიძემ, რომელსაც ვთხოვეთ დაესახელებინა კონკრეტული ციფრი: რა თანხა დაიხარჯა ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე.

აკაკი ბერიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველი ნაწილი იყო ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთიდან ბონამდე, რაც დასრულდა 2017 წელს, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას ძეგლამდე, ტენდერი 2021 წელს გამოცხადდა.

„მეორე ეტაპის სამუშაოები ვერ შესრულდა სრულად იმიტომ, რომ კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ რა ვალდებულებაც გვქონდა, ის შევასრულეთ, კომპანიამ პირგასამტეხლო გადაიხადა, 452 ათასი ლარი.

ექსპერტიზა ჩატარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე და მომზადდა ახალი საპროექტო დოკუმენტაცია. ამის საფუძველზე გამოცხადდა ახალი ტენდერი,“ – ამბობს აკაკი ბერიძე.

აკაკი ბერიძე გვიყვება, რომ გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ზიმო 7“-მა, ვისთანაც ხელშეკრულება შეწყდა, ძირითადად ბაგრატიონის ქუჩის ერთ მხარეს გააკეთა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამჯერად კი, კომპანია „ნიუპოვერმა“ დაიწყო იგივე ქუჩის რეაბილიტაცია ბაგრატიონის ქუჩის მარცხენა მხარეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი, აკაკი ბერიძე ამბობს, რომ 2021 წლამდე, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთიდან ჟიული შარტავას წრიულამდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

მას ვახსენებთ ბათუმის მერიის საჯარო განცხადებებს და ტენდერებს წინა წლებიდან.

„2021 წლამდე რაც იყო, ეს არ იყო კაპიტალური სამუშაოები… პერიოდულ შეკეთებას თუ გულისხმობთ, სხვა ამბავია…. რა იყო წლების წინ დაანონსებული, არ ვიცი. ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან რეფერალურამდე, მანამდე რეაბილიტაციის კუთხით არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა,“ – გვითხრა აკაკი ბერიძემ.

2015 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 23 მილიონ 093 729 ლარი დაიხარჯა, ამას ემატება 16 მილიონ 300 ათასი ევრო, რაც 2015 წელს გამოიყო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკიდან ბაგრატიონის და მისი მიმდებარე ქუჩების კანალიზაციის სისტემისთვის. 

უშუალოდ ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას წრიულამდე 9 მილიონ 593 729 ლარი იხარჯება. თავდაპირველად ამ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ ასრულებდა 8 მილიონ 640 ათას ლარად, თუმცა მან 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კი, 6 688 000 ლარს დახარჯავს.

ბაგრატიონის ქუჩა – 15 დეკემბერი, 2022

ბაგრატიონის ქუჩა – 15 დეკემბერი, 2022

გადაბეჭდვის წესი


ასევე: