მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში საქმე მოუგო შს სამინისტროს და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციულ დაკავება ქუჩაში უკანონო იყო. სასამართლომ შსს-ს კომპენსაციის სახით მხოლოდ 100 ლარის გადახდა დააკისრა, ანუ მინიმალური ოდენობა. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მოქალაქემ ამჯერად საკონსტიტუციოს მიმართა.
ირაკლი კიკილაშვილი აქტივისტია. ის 2016 წლის 5 ნოემბერს ღამის საათებში პოლიციამ ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩერა, მაგრამ მოქალაქემ პოლიციელებს ამის საშუალება არ მისცა და შემოწმების საფუძვლის განმარტება ითხოვა. პოლიციელებმა მოქალაქე იქვე დააკავეს განმარტების ნაცვლად, ოქმში კი ჩაწერეს, რომ დაუმორჩილებლობა დაფიქსირდა. პოლიციელებმა დაკავებული კაცი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და იქ 13 საათი გააჩერეს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დასტურდება, რომ პოლიცია მოქალაქეებს ადმინისტრაციული წესით უკანონოდ აკავებს. მაგალითად, მოქალაქე თამარ კურატიშვილმა 2021 წლის 19 ნოემბერს მოუგო შსს-ს სასამართლო დავა და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავებაც უკანონო იყო – აქტივისტი თამარ კურატიშვილი აქციის დროს სუს-თან ვიდეოს იღებდა. ის 43 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მაშინ, როცა მისი მცირეწლოვანი შვილი გარეთ მარტო დარჩა. უკანონოდ დაკავებულს ასევე 5 საათი არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.
შსს-ს წინააღმდეგ მორალური კომპენსაციის მიღებას ცდილობს თამარ კურატიშვილიც. მან შესაბამისი სარჩელით უკვე მიმართ სასამართლოს, თუმცა სასამართლოს ჯერ ამ სარჩელის განხილვა არ დაუწყია.
უკანონო დაკავების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, როცა ადმინისტრაციული დაკავების ვადა პარლამენტმა გაახანგრძლივა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაკავებული პოლიციამ შესაძლოა 48 საათი გააჩეროს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
„დემონსტრანტების წინააღმდეგ“ ცვლილებები კანონმდებლობაში ნახეთ აქ.
„ირაკლი კიკილაშვილის საქმე“ კი აჩვენებს კიდევ ერთ პრობლემას, რასაც კანონმდებლები არ იმჩნევენ – შესაძლოა, 48 საათი გაგაჩერონ იზოლატორში მაქსიმალური დროით და შემდეგ მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტოს. თუმცა იგივე საქმეზე მოსამართლე ვერ იმსჯელებს, იყო თუ არა დაკავება უკანონო.
„…მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კიკილაშვილი გამართლდა, იმავე სასამართლომ არ იმსჯელა, იყო თუ არა კანონიერი მისი დაკავება და იზოლატორში მოთავსება. სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, სამართალდარღვევის განმხილველმა მოსამართლემ შეამოწმოს პირის დაკავების კანონიერების საკითხიც. ამიტომ, ირაკლის მოუწია ახალი დავის დაწყება საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ეს დავა სასამართლოში 5 წელი განიხილებოდა და საბოლოოდ, 2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა,“ – აღნიშნავს საია, რომელიც ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს იცავდა სასამართლოში.
ხუთწლიანი დავის შემდეგ მოსამართლემ მოქალაქეს დაუდასტურა უკანონო დაკავებაც, თუმცა მოთხოვნილი 3 ათასი ლარის ნაცვლად, მორალური ზიანის ოდენობად 100 ლარი განსაზღვრა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ პოლიციისთვის დაკისრებული 100 ლარის ანაზღაურება არ შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის, კონსტიტუციის მე-13 მუხლის ჩანაწერს: „უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება“.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი: „არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუდასტურებია, რომ მოსარჩელე რამდენიმე საათი იყო უკანონოდ დაკავებული, „რა დროსაც შეიზღუდა მისი თავისუფალი მიმოსვლის უფლება, „შეილახა პირის ღირსება“, – დასძენს მოსამართლე, რომელმაც განსაზღვრა, რომ მორალური ზიანი ამ შემთხვევაში მხოლოდ 100 ლარი უნდა იყოს.
„…ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ,“ – ჩაუწერია გადაწყვეტილებაში მოსამართლეს.
მოსარჩელე მიუთითეს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც. სტრასბურგის სასამართლო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სასამართლოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კონკრეტული ქვეყნის „ცხოვრების დონეს“.
„ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რთულია პატიმრობის დროს განცდილი ფიზიკური და სულიერი ზიანის ოდენობის შეფასება. არ არსებობს არავითარი სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ტკივილის, ტანჯვის, ფიზიკური დისკომფორტის, ფსიქოლოგიური შფოთის და ტანჯვის ფულში გამოსახვა…
ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ საქმეში ქვეყნის შიდა სასამართლოები შეეცადნენ, კეთილსინდისიერად, მათი შესაძლებლობის ფარგლებში, შეეფასებინათ მომჩივანების მიერ, უკანონო პატიმრობის გამო, განცდილი ტანჯვის, შფოთის, დარდის ან სხვა უარყოფითი შედეგების მასშტაბები. ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ამგვარი შეფასება უნდა ჩატარდეს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. შიდა სასამართლოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონე და ამის გამო, შესაძლებელია გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა ევროპული სასამართლოს მიერ მსგავს შემთხვევაში გადასახდელი თანხის ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდეს,“ – ევროსასამართლოს ეს მიდგომაა განხილული მოქალაქის სარჩელში, რომლის განხილვაც ჯერ საკონსტიტუციოს მოსამართლეებს არ დაუწყიათ.
მთავარი ფოტო: ირაკლი კიკილაშვილი, აქტივისტი