განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებელი ხულოდან ამბობს, რომ დირექტორი არ ელაპარაკება, დირექტორი – არ ადასტურებს

29.12.2022 • 11144
მასწავლებელი ხულოდან ამბობს, რომ დირექტორი არ ელაპარაკება, დირექტორი – არ ადასტურებს

ვარლამ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას და სპორტს ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებსა და ადმინისტრაციასთან დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს.

ვარლამ ხოზრევანიძის თქმით, დირექტორსა და მას შორის ურთიერთობა თითქმის ათი წელია დაძაბულია და დღემდე გრძელდება.

„2012 წელს ჩემს შვილს და მის მეგობარს სპორტის მასწავლებელმა სცემა. დირექტორს ვუთხარი, რომ შესაბამისი ზომები მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მივმართავ ზომებს-მეთქი.

დირექტორმა აგდებით მიპასუხა, ვერაფერსაც ვერ მიზამო და მასწავლებელი არც სკოლიდან გაუშვა და არც სხვა რაიმე ზომა მიიღო.

ამის შემდეგ მე მივმართე პოლიციას და პროკურატურასაც. ის მასწავლებელი წლების შემდეგ გაუშვეს სკოლიდან, როცა გამოცდები ვერ ჩააბარა“, – ამბობს ვარლამ ხოზრევანიძე.

მისი თქმით, ამ დროიდან მოყოლებული სკოლის დირექტორი მას მუშაობაში დისკომფორტს უქმნის.

„მე, როგორც მასწავლებელს, ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, რამდენია სკოლის ბიუჯეტი და რაში იხარჯება. შარშან რესურსცენტრის ჩარევა დამჭირდა, რომ ბიუჯეტის პროექტი მოეცათ. გაბრაზებით და მთელი ამბით მომაწოდეს. წელსაც ვთხოვ და არ მაძლევენ. აი, აქ, საჯაროდ ვითხოვ ახლა, რომ მომაწოდოს დირექტორმა მომავალი წლის ბიუჯეტი.

დახურულია პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოს სხდომები: ან არ ტარდება, ან მე მიმალავენ, რადგან ვერც ერთხელ ვერ დავესწარი ამ სხდომებს. თუ ეს სკოლა საჯაროა, მაშინ ბიუჯეტი საჯარო უნდა იყოს და ყველა სხვა პროცესიც.

გასულ წელს სკოლების შეფასების ახალი სისტემა დაინერგა – „დავიწყოთ ნულიდან“. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა შეფასდეს სკოლაში არსებული გარემო, რესურსები, საჭიროებები და საწყისი წერტილიდან დაიწყოს სკოლის განვითარებაზე ზრუნვა.

მინდოდა, გამეგო რა შეფასება მიიღო ჩვენმა სკოლამ, მაგრამ არ მომაწოდეს ინფორმაცია. ალბათ, არც სხვა პედაგოგებმა იციან, როგორი შედეგი გვაქვს.

სამეურვეო საბჭოს წევრებს მივმართე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარესაც, მაგრამ ყველა მხარე გახდა, ვერ ბედავენ ხმამაღლა საუბარს“, – ამბობს ხოზრევანიძე.

მისი თქმით, დირექტორს სკოლაში ერთპიროვნული მმართველობა აქვს შექმნილი და წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ უბედავს.

„ამ კაცს სკოლა მისი საკუთრება ჰგონია, რაღაც ფეოდალური გარემო შექმნა, თვითონაც ვიღაცის ვასალია და სხვებიც ვასალებად აქცია.

ჩემი კოლეგები პირად საუბრებში მეუბნებიან, მართალი ხარო, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ამბობენ. ეშინიათ. მე კი მარგინალად მაქციეს. ვერ ვეგუები ასეთ გარემოს.

დირექტორმა სკოლაში თავისი ძალაუფლება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს“, – ამბობს ის.

პედაგოგის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აუცილებელია სკოლის დირექტორის ჩართვა პროცესებში, იქნება ეს პროექტებზე თანხმობა თუ სხვა, პედაგოგს დირექტორის მხარდაჭერა სჭირდება, რასაც, ამ შემთხვევაში, თვითონ მოკლებულია.

„გარდა იმისა, რომ სამოქალაქო განათლებას ვასწავლი, მაქვს სკოლის ძალოსანთა კლუბიც და ბავშვები სხვადასხვა შეჯიბრზე დამყავს. საქართველოს რეკორდსმენიც მყავს გაზრდილი, პრიზიორები და ჩემპიონიც.

სამოქალაქო განათლების კლუბიც მაქვს – ორჯერ მაქვს მოგებული განათლების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი, 2000-2000 ლარი მოვიგეთ და სხვადასხვა პროექტი განვახორციელეთ.

ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, თუმცა დირექცია არ აღიარებს ჩემს მიღწევებს და არც ხელს მიწყობს“, – ამბობს ხოზრევანიძე.

მისი თქმით, საერთოდ არ მუშაობს სკოლის სამეურვეო საბჭოც, რაც ასევე პრობლემურია.

„თუ რაიმე არასწორად გაკეთდა სკოლაში, მაშინვე სამეურვეო საბჭოს აბრალებენ, შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებას. საბჭოს წევრმა მშობლებმა არც კი იციან, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან“.

სკოლის ერთ-ერთი ვალდებულებაა ბავშვებს კონფლიქტების მართვა და კრიზისების დაძლევა ასწავლოს. რამდენად მოახერხებს სკოლა ამას იმ სიტუაციაში, როგორსაც პედაგოგი აღწერს?

„მე ვცადე ამ პრობლემის ცივილურად მოგვარება, ვთხოვე რესურსცენტრს მასთან შეხვედრა, ურთიერთობა რომ დაგველაგებინა. დირექტორი არ წამოვიდა ამაზე“.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ღიად საუბარი მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ დარჩა.

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს, არსენ შავაძეს დაუკავშირდა და სცადა მისგან მოესმინა იმ პრობლემებზე დირექტორის შეფასება, რაზეც სკოლის მასწავლებელი საუბრობს.

არსენ შავაძე პედაგოგთან დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის, უბრალოდ, „თავისებური კაცია“.

„არანაირი კონფლიქტი, რაზეა ლაპარაკი. თავისებურია რა, პირადი ინტერესებია“, – გვითხრა მან და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარესთან გადაგვამისამართა.

„ბათუმელები“ ხულოს რესურსცენტრსაც დაუკავშირდა ამ საკითხზე. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე ამბობს, რომ ხოზრევანიძემ რამდენიმე წლის წინ ნამდვილად მიმართა მათ განცხადებით და სკოლაშიც გავიდნენ ამ განცხადების საფუძველზე.

„ითხოვდა ოქმებს და სხვა მარტივ რაღაცებს. ჩვენ რეკომენდაცია მივეცით სკოლას, რომ მიეღო ამ ადამიანს ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. რვა წლის წინ კი იყო მათ შორის დაძაბულობა. სასამართლოშიც იყო საქმე, მაგრამ დამატებითი კონფლიქტების შესახებ ბოლო პერიოდში არაფერი მსმენია“, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი სიტუაცია ნებისმიერ გარემოში არასასურველია: „მე რამდენადაც ვიცი, მათ არ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა, უკმაყოფილო კი, ნებისმიერი შეიძლება იყოს რაღაც საკითხებით. კარგი სკოლაა და წარმატებებიც აქვთ, განსაკუთრებით სპორტის მიმართულებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: