Global Finance: თიბისი საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკია

Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „SME Bank Awards 2023“ თიბისი საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში – საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში.

„თიბისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს აღიარება. Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ თიბისი გამორჩეული და საუკეთესოა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.  ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,“ – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

SME Bank Awards-ი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის რიგით მეორე ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან –  ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ.

„მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სასიცოცხლო ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს აქვს სპეციფიკური საჭიროებები, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს.  Global Finance-მა დააჯილდოვა ის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან ამ სეგმენტზე და კარგად ესმით, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს მათ ქვეყანაში,“  – ჯოზეფ ჯარაპუტო, Global-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც შეისწავლეს   ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები.

ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  35  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

„უკრაინის დესატანიზაცია“ – ISW განმარტავს, რატომ ცვლის რუსეთი ომის სლოგანს 

რუსეთში ომის ახალი სლოგანი გაჩნდა – „უკრაინის დესატანიზაცია“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) უახლესი ანგარიშის თანახმად, რუსეთის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, რუსეთის ომი უკრაინაში რიტორიკულად მიუსადაგონ რელიგიურ კონცეფციებს, რომლებიც ერთნაირად მისაღები იქნება როგორც ქრისტიანებისთვის, ისე მუსლიმებისთვის.

ISW-ს მაგალითად მოჰყავს რამზან კადიროვის გუშინდელი განცხადება, რომელშიც მან რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ „სატანისტებთან ქრისტიანებისა და მუსლიმების ომი“ უწოდა.

„უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ ალექსეი პავლოვმა კიდევ უფრო გააძლიერა კადიროვის ნათქვამი და განაცხადა, რომ ომის მიზანი უკრაინის „სრული დესატანიზაცია“ უნდა იყოს. პავლოვის თქმით, უკრაინული საზოგადოება შედგება „ფანატიკოსებისგან“, რომლებიც უარს ამბობენ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის, ისლამისა და იუდაიზმის ღირებულებებზე,“ – წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.

ISW-ის შეფასებით, ამგვარი განცხადებები შეიძლება იყოს მცდელობა, გაანელონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უკმაყოფილება, რომელიც  მობილიზაციის ფონზე განსაკუთრებით გამწვავდა.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ რუსეთში ომის მომხრეთა ფლანგი თავდაცვის უწყებისა და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების კრიტიკას განაგრძობს.

ISW-ი ამ ფლანგს „სილოვიკებად“ (ძალოვანები) მოიხსენიებს და ამ ფრთას მიაკუთვნებს ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვსა და „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს.

ინსტიტუტი ეყრდნობა The Washington Post-ის ახალ ცნობასაც, რომლის თანახმადაც, ადამიანი პუტინის უახლესი გარემოცვიდან, რომელმაც პირადად მასთან გამოთქვა უკმაყოფილება ომის მიმდინარეობაზე, სწორედ ევგენი პრიგოჟინი იყო.

ISW-ის ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • რუსი „სილოვიკები“ კვალავაც განაგრძობენ რუსეთის სამხედრო მოქმედებების კრიტიკას;
  • პირდაპირი კონფრონტაცია „სილოვიკებსა“ და პუტინს შორის ომთან დაკავშირებით აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ დაჯგუფებას რუსეთის სტრუქტურებში;
  • სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაცია მოქალაქეების გადასახლების უფრო ფართო პროგრამის ნაწილია;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს სვატოვოსა და კრემენაიას დასავლეთით;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სარეზერვო და თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე;
  • რუსეთის ძალებმა წარუმატებელი სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქში;
  • რუსი სამხედროები განაგრძობენ პირადი შემადგენლობის მობილიზაციას გაწვევის წესების დარღვევით;
  • უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლების მეთაურს.

ხვალ ბათუმში ისევ გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის 21 საათიდან 27 ოქტომბრის 21 საათამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.

აჭარის მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 28 ოქტომბერს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, 29-30 ოქტომბერს კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია. მოსალოდნელია ღელვა, 3-4 ბალი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 68 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 2 628 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 5 351 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 1 686 ერთეული [+12]
  • MLRS – 379 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 271 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 248 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 379 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 350 ერთეული [0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 076 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 149 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 326 თვითმფრინავი
  • 162 ვერტმფრენი
  • 2 349 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 084 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 527 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 791 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

საბოტაჟის 6 შემთხვევა რუსეთის რკინიგზაზე – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

საბოტაჟის 6 შემთხვევა რუსეთის რკინიგზაზე – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, 24 ოქტომბერს რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ რკინიგზა დააზიანა სოფელ ნოვოზიბკოვოსთან, 15 კილომეტრში რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან. ეს მთავარი სარკინიგზო ხაზია რუსეთსა და სამხრეთ ბელარუსს შორის.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო რუსულმა ანტისაომარმა მოძრაობამ „შეაჩერე ვაგონები“.

„ეს არის რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის სულ მცირე მეექვსე შემთხვევა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ივნისის შემდეგ ეს დაჯგუფება იღებს,“ – წერს დაზვერვა 26 ოქტომბრის რელიზში და მიუთითებს, რომ ეს რუსეთისა და ბელარუსის რკინიგზებზე დისიდენტური თავდასხმების ფართო ტრენდის ნაწილია.

დაზვერვის შეფასებით, თავისი ძალების უკრაინაში გადაყვანისას რუსეთის არმია სწორედ რკინიგზას ეყრდნობა, „თუმცა იმ პირობებში, როდესაც ქსელი დაახლოებით 33,000 კილომეტრზეა გადაჭიმული, ძირითადად იზოლირებულ რაიონებში, საფრთხეებისგან დაცვა ძალიან რთულდება“.

უწყების აზრით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა შეშფოთებული უნდა იყოს, რომ კონფლიქტის მოწინააღმდეგე მოქალაქეთა მცირე ჯგუფიც კი საკმარისია ამგვარი საბოტაჟის მოსაწყობად.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა სულ მცირე 23 გამანადგურებელ-მოიერიშე ვერტმფრენი Ка-52 (HOKUM) დაკარგა.

უწყების ცნობით, ეს არის 25% რუსეთის საავიაციო პარკისა, რომელშიც 90 Ка-52 შედიოდა და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების საერთო დანაკარგის თითქმის ნახევარი.

მთავარ ფოტოზე: დაზიანებული რკინიგზა ნოვოზიბკოვოსთან/ფოტო სოციალური ქსელიდან

რატომ არ ბრუნდებიან ქართველი სტუდენტები გერმანიიდან? – სამი მოსაზრება

ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ში გერმანული სექტორი ფუნქციონირებს, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში მიდის.

ბოლო მონაცემებით, ამ სკოლის 59 კურსდამთავრებული გერმანიაში წავიდა, მათგან უმრავლესობა იქ დარჩა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

„ბათუმელები“ სამ მათგანს ესაუბრა. აქედან ორი სტუდენტია, ერთმა კი საკუთარი კომპანია დააარსა და ამ ეტაპზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

სალომე ვაშაყმაძე ხუთი წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და ჰამბურგის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. ევროპაში წასვლის მიზანი განათლების მიღება იყო, ამავე დროს კი, როგორც სალომემ გვითხრა, მისთვის ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარ მომავალზე თავადვე ეზრუნა.

„აქ სულ სხვა კულტურა, სხვა ტრადიციები და გარემოა, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს თავიდან იბადები.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აქაურობამ შემცვალა და უფრო დამხვეწა ადამიანურად. სტუდენტობამდე რამდენჯერმე ვიყავი ამ ქალაქში ჩამოსული და თავიდანვე შემიყვარდა. ალბათ ისიც, რომ ფსიქოლოგია ამ უნივერსიტეტში კარგად ისწავლება, იყო მიზეზი, რომ აქ წამოსვლა გადავწყვიტე,“ – გვითხრა სალომემ.

მისი თქმით, გერმანიაში სტუდენტობის უპირატესობა ისიცაა, რომ გარემო მთლიანად სტუდენტზეა მორგებული. საერთო საცხოვრებელი იდეალურია და სტუდენტს არ უწევს სტრესულ გარემოში ცხოვრება. სწავლის პარალელურად სალომემ სამუშაოც იშოვა, რომელიც ასევე სტუდენტზეა მორგებული და შესაძლებლობასაც აძლევს, თავი ირჩინოს.

„მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში პირველადი მოხმარების საქონელი შედარებით იაფია, უკრაინაში ომის შემდეგ, როცა ფასების ზრდა დაიწყო, სტუდენტებს 300 ევრო გადაგვიხადეს დახმარების სახით. ასეთ წვრილმანებში კი გრძნობ, რომ რაღაცნაირად გამორჩეულად ეპყრობიან სტუდენტებს.

საქართველოში რასაც ვხედავ, რთულია სტუდენტობა, იმიტომ, რომ გიწევს ბინაზე, საკვებზე ზრუნვა, სწავლის გადასახადის დაფარვა და მძიმე შრომის მიუხედავად, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებ“.

სალომე ვაშაყმაძე

სალომე გეგმავს, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლაც გერმანიაში გააგრძელოს, შემდეგ კი პროფესიული მიმართულებით, ერთწლიანი სტაჟირება გაიაროს.

„ფსიქოთერაპევტობას ვაპირებ, ამიტომ ეს პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს სალომე.

მისი აზრით, როცა ადამიანს 18 წლის ასაკში უწევს სხვა ქვეყანაში წასვლა, ცხოვრება, ეჩვევა ახალ გარემოს და კულტურას და შემდეგ სამსახურსაც იწყებს, მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შანსები მცირდება.

„გულის სიღრმეში მაინც გინდა, რომ ეს ცოდნა შენს ქვეყანას მოახმარო, მაგრამ შემდეგ ისევ უფროსებისგან გესმის – აქ რა გინდა? მერე შენც ფიქრობ, რომ ამდენი წვალების შემდეგ აღარ გიღირს უკან დაბრუნება და დაბალ ხელფასზე მუშაობა.

„18-19-20 – ეს არის გადამწყვეტი წლები ახალგაზრდისთვის. თუ ამ წლებს სხვა გარემოში გაატარებ, ძნელია შემდეგ უკან მოიხედო. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა ნეპოტიზმი და თუ ეს არ შეიცვალა, რთული იქნება დაბრუნებაზე ფიქრი.

უსამართლო გარემოში ვერ იქნები დიდხანს ადამიანი, ამიტომ „ხათრით, ყველა უნდა გავატაროთ“ ძახილში, კომპეტენტურ ადამიანებს ვკარგავთ,“ – გვეუბნება სალომე.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავს კარგად გრძნობს ჰამბურგში, სამართლიანი გარემოს არსებობაა: „არასდროს მქონია იმის განცდა, რომ ბარიერი შემიქმნეს ჩემი უცხოელობის გამო და არც უცხოელად გაგრძნობინებენ თავს. არ მაქვს განცდა, რომ დავიკარგები უსამართლო მიზეზების გამო და ეს მომწონს.

შენგან, როგორც სტუდენტისგან, ითხოვენ კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზს, გაძლევენ საკუთარი თავის, უნარების აღმოჩენის შესაძლებლობას და ამისთვის ღირსეულ გარემოს გიქმნიან,“- ამბობს სალომე.

გიორგი ლაბაძე

26 წლის გიორგი ლაბაძე გერმანიაში 2016 წელს წავიდა სასწავლებლად. აახენის ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლა, ცოტა ხნის წინ კი, საკუთარი კომპანია „მარმენიო სოფთი“ დააარსა.

„სპეციფიკური პროფესია მაქვს და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვთქვათ, საიდან ვიმუშავებ, მაგრამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აქ გავიცანი ამ პროფესიაში მყოფი სხვა ადამიანები, მათ შორის ქართველებიც და გამიჩნდა შანსი, რომ დაგვეარსებინა კომპანია. ახლა გერმანულ ბაზარზე ვმუშაობთ და გვყავს ქართველი დეველოპერები, დამწყები პროგრამისტები საქართველოში,“ – გვითხრა მან.

იყო თუ არა შესაძლებლობა საქართველოში წამოგეწყოთ საქმე? – ვკითხეთ გიორგის. მისი თქმით, საქართველოშიც შეიქმნა პირობები ბოლო პერიოდში ამ პროფესიის განვითარებისთვის, „თუმცა გერმანიაში დიდი ბაზარია და მეტი შანსია, რომ რაღაცას მიაღწიო, სტაბილურობა გქონდეს, რადგან საქართველოდანაც გვაქვს კონტრაქტები და ვიცით, როგორ რთულია გადახდები და შეთანხმებები,“ – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ბიზნესი თავად ხვდება, რომ სჭირდება ტექნიკური განვითარება და ეძებს შემსრულებელს, საქართველოში კი აქეთ გიწევს ბიზნესის დარწმუნება იმაში, რომ ტექნოლოგიური განვითარება სჭირდება და ამაში თანხა უნდა გადაიხადოს.

„გერმანიაში შენი დროც უფრო მეტად ფასობს, ვიდრე საქართველოში. აქ მყოფი ქართველები ვფიქრობთ მაღალ მიგრაციაზეც საქართველოდან, რადგან ყოველი მეორე გწერს – როგორ წამოვიდე გერმანიაში, თუმცა ბევრი ასევე მეუბნება, რომ არ იცის რა შეიძლება გააკეთოს გერმანიაში, უბრალოდ წამოსვლა უნდა.

გერმანიაში ჩამოსვლა უმიზნოდ, თუ არ იცი რა უნდა გააკეთო, ძალიან რთულია. აზრი არ აქვს ჩამოსვლას, რაღაც მიზანი უნდა გქონდეს, რომ ამ საზოგადოებაშიც ინტეგრაცია მოახდინო, მაგრამ ისეთი მდგომარეობა აქვს ბევრს, ამას ვეღარ იაზრებენ და ცდილობენ ყველაფრის ფასად წამოვიდნენ,“ – გვითხრა გიორგი ლაბაძემ.

მისი თქმით, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფოც და საზოგადოებაც.

„ის თაობა, რომელიც გერმანიაში ჩემთან ერთად წამოვიდა, ისეთ სფეროებშია დასაქმებული, რომც დაბრუნდეს, მაინც არ ექნება რეალიზების საშუალება, ამიტომ არიან იძულებულნი, რომ ისევ უცხოეთში წამოვიდნენ.

ამიტომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს ისეთი პერსპექტივა უნდა მივცეთ, რომ დაედგომებოდეთ ქვეყანაში, იმით კი არ ვიამაყოთ, აი, ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა წავიდა უცხოეთში.

თუ არ ვიქნებით ეკონომიკურად სხვაზე ჩამოკიდებული, არ გვექნება იმის განცდა, რომ „ლუზერები“, უმეცრები ვართ და ჩვენც შეგვიძლია რაიმე შევქმნათ, ახალ თაობასაც მოუნდება დაბრუნება,“ – გვეუბნება გიორგი.

თამუნა შარაბიძე

გერმანიაში წელს გაემგზავრა სასწავლებლად თამუნა შარაბიძეც. ის ოდერის ფრანკფურტში, European University Viadrina-ში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლება.

თამუნა მიიჩნევს, რომ საქართველო იმ შემთხვევაში დაძლევს კრიზისს, თუ ახალგაზრდებს ეცოდინებათ, რა განათლებას იღებენ და რისთვის.

„წარმოიდგინეთ, საქართველოში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას წელიწადში 20 ათასამდე სტუდენტი ასრულებს, სად უნდა დასაქმდეს ამდენი ამ სპეციალობის ადამიანი? ამიტომ უწევთ სხვა სფეროებში მუშაობა და ისიც – დაბალ ანაზღაურებაზე.

საქართველოში აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები ვერ ბრუნდებიან იმის გამოც, რომ არ არის განვითარებული მეცნიერება, ტექნოლოგიები, ლაბორატორიები, რომ იმუშაონ შემდეგ, ამიტომ ისევ უცხოეთში რჩებიან,“ – გვეუბნება თამუნა.

მისი აზრით, ცვლილებები სკოლიდან და უნივერსიტეტიდან უნდა დაიწყოს და ლექტორებმა ახალი ცოდნის გადაცემა უნდა შეძლონ.

„მაგალითად, ერთი ლექტორი გვეუბნებოდა, თუ ეს საკითხი ვერ გაიგე, სჯობს, საერთოდ არ გამოხვიდე გამოცდაზე, რადგან, ესე იგი, ეს შენი სფერო არ არისო.

აქ სტუდენტს აძლევენ საშუალებას, აღმოაჩინოს საკუთარი თავი და არ დაკარგოს დრო იმაში, რაც არ არის მისი საქმე. ძიების პროცესში ხელს გიწყობს უნივერსიტეტი, რომ უკეთ გაიგო, რა გინდა ცხოვრებაში,“ – გვეუბნება თამუნა.

მისი თქმით, 30 და 35 წლის კურსელებიც ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უმაღლესში სწავლას მაშინ აგრძელებენ, როცა ზუსტად იციან, რისი კეთება სურთ რეალურად. „კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც დაინერგება ეს კულტურა და სანამ ადამიანები უმაღლესში ჩააბარებენ, მანამდე უკეთ შეისწავლიან საკუთარ ინტერესებს.“

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებას, სალომესა და გიორგის მსგავსად, გადაწყვეტილება ჯერ არც   თამუნას აქვს მიღებული:

„ჩემი მშობლებიც იმას მეუბნებიან, რომ უნდა მიიღო კარგი განათლება და დაბრუნდე, შენს ქვეყანას რომ გამოადგეო. ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, რადგან თუ არ დავეხმარეთ ჩვენს ქვეყანას, ძალიან უკან წავა საქმე. მაგრამ მეორე მხრივ, სულ ის მესმის – აქ რა უნდა ქნა, 300-ლარიან ხელფასზე უნდა იმუშაო ბანკში? და ეს სკეპტიციზმი მაჩერებს“.

ვესაუბრეთ სკოლა „ევრო-2000“-ის პედაგოგს ირმა დავითაძესაც, რომელიც ამბობს, რომ გერმანიაში სწავლა და ცხოვრება ამჯობინეს მისმა შვილებმაც.

„უფროსი შვილი არ აპირებდა დარჩენას, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ წარმოუდგენია დაბრუნება. მთავარი მიზეზი, როგორც მეუბნება, არის ის, რომ აქ თავს ადამიანად გრძნობო. ძალიან თავაზიანი დამოკიდებულება აქვთ ხალხს ერთმანეთთანო.

არის სხვა პრობლემებიც. მაგალითად, პრაქტიკის გავლა უნდოდა საქართველოში, უნდოდა, აქაურ გარემოსაც გასცნობოდა და ერთ-ერთ კლინიკას ჰამბურგის უნივერსიტეტმა შესთავაზა პარტნიორობა იმის გამო, რომ ამ სტუდენტს გაევლო აქ პრაქტიკა, მაგრამ არ ვიცი, შეშინდნენ თუ რა იყო, არ წამოვიდნენ ამ ურთიერთობაზე.

ამიტომ დაბრუნდა უკან და ისევ გერმანიაში გაიარა პრაქტიკაც“ – გვითხრა ირმა დავითაძემ.

მისი თქმით, თავიდან ყველა ბავშვი ცდილობს გააღწიოს ქვეყნიდან, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დაბრუნების საჭიროება დაინახა.

„ზოგიერთმა მაგისტრატურაზე აქ გააგრძელა სწავლა, ერთი დასაქმდა. არის ერთი სტუდენტი, რომელიც ბავარიიდან დაბრუნდა, ამბობდა, რომ ვერ შეეგუა იქაურ რუტინას და რიტმს.“- ამბობს ირმა დავითაძე.

ბათუმის საქალაქო ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი.

„ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ საჭიროა პირველ რიგში საკრებულოს შესაბამისი დადგენილება, შემდეგ კი, გადახდის აპარატების [ვალიდატორების] შეცვლა-განახლება.

ქალაქის მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა პროექტი, რომლითაც ცვლილება უნდა შევიდეს იმ დადგენილებაში, რომელიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობას არეგულირებს.

„არსებული დადგენილების საფუძველზე მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადახდე სისტემის ორგანიზება განხორციელებულია კონტრაქტორი კომპანიის „მეტრო სერვის+“-ის მიერ. დღემდე ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ და მისი შვილობილი კომპანიის „მეტრო სერვის +“-ის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

სისტემის გაუმჯობესების მიზნით ინერგება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით [VISA, MASTERCARD] მგზავრობისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდას. ასევე ხორციელდება ავტობუსებში ვალიდატორების განახლება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია საკრებულოში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში.

ბათუმის საკრებულო აღნიშნულ საკითხს 31 ოქტომბერს სხდომაზე განიხილავს.

რა დრო დასჭირდება გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლას, ამის გარკვევას მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ვცადეთ, თუმცა „ბათუმელების“ ზარებს კომპანიაში არ უპასუხეს.

საკრებულოში წარდგენილი პროექტის მიხედვით, გადახდის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ძალაში დარჩება საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი, თუ უფასოდ მგზავრობის ის წესი, რაც დღეს მოქმედებს [შესაბამისად, იმოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათებიც].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის მერია საბანკო ბარათით გადახდის სისტემის სამარშრუტო მიკროავტობუსებში დანერგვასაც გეგმავს.

მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად ხელახალი კონკურსი მერიამ უახლოეს მომავალში უნდა გამოაცხადოს, ვინაიდან არსებულ ნებართვებს ვადა 2022 წლის პირველ დეკემბრამდე აქვს.

ჩადებს თუ არა მერია კონკურსის მოთხოვნებში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას, ჯერ უცნობია.  ასეთი მოთხოვნა წინა კონკურსის პირობაშიც იდო, მაგრამ მაშინ ელექტრონული გადახდის სისტემის დანერგვა მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს აღარ დაავალა.

ამავე თემაზე:

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

 

რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც… საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციაშია რეგიონულად,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში გააქტიურებაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე.

რა გამოჩნდა ალიევის ოფიციალური განცხადებების მიღმა?

„პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მთავარ რისკს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას უკავშირებს, რომელიც ისევ ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული, პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და რეალური რეფორმების გატარების ნაცვლად.

კორნელი კაკაჩიას აზრით, უსაფრთხოების კუთხით საფრთხეს კავკასიის რეგიონში დასუსტებული რუსეთიც ქმნის.

„ბათუმელები“ კორნელი კაკაჩიას სწორედ ამ თემებზე ესაუბრა.

  • ბატონო კორნელი, თქვენ რა გზავნილი დაინახეთ ალიევის ვიზიტის დროს ოფიციალურ განცხადებებს მიღმა? 

ბუნებრივია, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საჭირო იყო ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო პერიოდში, ამ თანამშრომლობას გარკვეულწილად აკლდა შინაარსი და ვიზიტის მიზანი იყო საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობისთვის მიეცათ ახალი შინაარსი, მით უმეტეს, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონში შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ.

ცნობილია, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულად დაინტერესებულია აზერბაიჯანის გაზით. მოილაპარაკეს კიდეც, რომ აზერბაიჯანი უნდა გახდეს ალტერნატიული მიმწოდებელი, აზერბაიჯანმა უნდა გაზარდოს გაზის წარმოება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიას გაივლის. შესაბამისად, ორივე მხარე ამ პროცესში დაინტერესებულია, რომ მეტი შემოსავალი დარჩეთ. მეორე მხრივ, ეს ასევე აძლიერებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.

ენერგოდამოუკიდებლობის გარდა გამოიკვეთა სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია – როგორც ცნობილია, შუა აზიის გავლით განიხილება ალტერნატიული მიწოდების მარშრუტი, რაც ზრდის საქართველოს რკინიგზის დატვირთვას. აზერბაიჯანი, როგორც გამტარი სახელმწიფო, დაინტერესებულია, რომ გაიზარდოს ტვირთბრუნვა, რაც მოუტანს მოგებას როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს.

გარდა ამისა, საქართველო განიხილება, როგორც სამშვიდობო პლატფორმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ანუ საქართველო ასრულებს შუამავლის როლს და არის სურვილი, რომ გაგრძელდეს ეს ფორმატი. საუბარია ასევე იმაზე, რომ შესაძლოა სომხეთთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს, თუ ის დროულად მოაწერს ხელს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებას აზერბაიჯანის პირობებით.

კორნელი კაკაჩია
  • რამდენად არის იმის შანსი, რომ სომხეთი ამ პროცესში დაშორდეს რუსულ ორბიტას? 

ეს არ იქნება ადვილი, რადგან სომხეთში საზოგადოების დიდი ნაწილიც პრორუსულადაა განწყობილი, სჯერათ, რომ კონფლიქტის გასაღები რუსეთის ხელშია.

სომხეთს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და არ შეუძლია გაბედული ნაბიჯები გადადგას, მოწყვლადია და ალტერნატიულ საგარეო პოლიტიკას რამდენად შეძლებს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობს ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთთან შეამციროს. რამდენად გამოუვა ეს, სხვა საკითხია.

  • როგორ ცვლის ამ მოცემულობას თურქეთის გააქტიურება? ეთანხმებით ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის პოზიციას, რომ ალიევის ვიზიტი სინამდვილეში აჩვენებდა აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში, როგორც ლიდერის და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორის გააქტიურებას? 

თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი შემდგარია, სადაც საქართველო მოიაზრება, როგორც მესამე, პარტნიორი ქვეყანა, თუმცა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო სხვა სახის პარტნიორობა არსებობს. იქ მუშაობს ფორმულა: ერთი ერი, ორი სახელმწიფო.

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში თურქეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში გაძლიერდა, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის ფონზე, როცა გამოჩნდა, რომ მოსკოვმა სომხეთი ფაქტობრივად მიატოვა. გასათვალისწინებელია, რომ შეტევები იყო უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე და ამ დროს სომხეთს ვერც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ დაეხმარა, არც კი შეიმჩნიეს ეს კონფლიქტი.

სომხეთმა დაინახა ისიც, რომ თურქეთ-რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ბევრი თვალსაზრისით დაუახლოვდა კიდეც ერთმანეთს და ეს იწვნიეს საკუთარ თავზე. თურქეთი და აზერბაიჯანი ერთად ახლა დგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც სხვა დროს ვერ გადადგამდნენ, ხოლო მოსკოვი ამ ეტაპზე მათ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

  • ამასობაში, ჩვენი პოზიციები რამდენად ძლიერდება ან სუსტდება უსაფრთხოების კუთხით? 

საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც. მაგალითად, აზერბაიჯანს ჰყავს თურქეთი, სომხეთს რუსეთი ჰყავს ფორმალურად, საქართველო კი ნატო-ს წევრიც არ არის და განსაკუთრებით მოწყვლადია.

საჭიროა ჩვენი ურთიერთობების განვითარება ნატოსთან, ევროკავშირთან, დასავლელ პარტნიორებთან, ამ დროს კი ვხედავთ ანტიდასავლურ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მოწყვლადობას აძლიერებს ასეთი ტიპის რიტორიკა, რომელიც აუცხოებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან.

ეს არის სწორედ ის, რის მოსმენაც მოსკოვს სურს: რაც უფრო გაუცხოებული იქნება საქართველო პარტნიორებისგან, ეს მეტ შანს აძლევს რუსეთს, მეტი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე.

  • რა შეიძლება გაეკეთებინა ხელისუფლებას ამ დროს იგივე კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების კუთხით? 

უმთავრესი შანსი იყო ევროკავშირთან დაახლოება, კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვეღო. საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი მოკავშირეები შემოიყვანოს და გააძლიეროს ამ რეგიონში.

თურქეთთანაც კონკრეტული ხედვის შემუშავებაა საჭირო, პარტნიორობის გაძლიერება და ახალი ეტაპი. ჩვენი რეალობა ყოველდღიურად იცვლება. ომი რომ დაიწყოს, თურქეთმა თეორიულად უნდა შეძლოს იმ როლის შესრულება, რასაც, მაგალითად, პოლონეთი აკეთებს უკრაინისთვის. მოინდომებს თუ არა ამას თურქეთი, ეს გასარკვევია, რადგან არ არის ცხადი, რამდენად არის ჩვენი ურთიერთობები ამ დონეზე სტრატეგიული, რომ სამხედრო ძალითაც დაგვეხმაროს თურქეთი.

ვხედავთ, რომ ვითარდება საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ვაჭრობის თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამ კუთხით ახალი ნაბიჯი არ გადადგმულა.

  • რა იცვლება კავკასიის რეგიონში პოლიტიკურად, თუ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემმა გააქტიურება შეძლო? 

საქართველო ფაქტობრივად იზოლაციაშია რეგიონალურად, ამიტომაც არის განსაკუთრებულად საჭირო დასავლეთის შემოყვანა რეგიონში, რომ დაიძლიოს რუსეთის, თურქეთის და ირანის ამბიციები. იგივე ნატოს ეგიდით თურქეთთან შესაძლებელია ბევრი რამის ერთად გაკეთება, თუ იქნება ამის სურვილი.

რეგიონი იცვლება და ჩვენც უნდა შევცვალოთ მიდგომები.

რუსეთის დასუსტება ერთი შეხედვით კარგია, თუმცა სინამდვილეში სუსტი რუსეთიც შეიძლება იყოს მეზობლებისთვის საფრთხე. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბევრი მოვლენა, რამაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს უსაფრთხოების გარემო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

ამ მოცემულობაში აზერბაიჯანმა მოახერხა თურქეთთან ინტერესების თანხვედრა ისე, რომ მისი ინტერესებიც არ დაზარალებულიყო, ვხედავთ, რომ მას ეს გამოუვიდა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არ ვიცი.

  • რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანის გააქტიურებამ შეამციროს ინტერესი საქართველოს მიმართ იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული რეფორმების კუთხით აქამდე საქართველო ითვლებოდა ფლაგმანად? 

გარკვეულწილად ეს არის გამოწვევა. მართალია, აზერბაიჯანი არ ითვლება რეგიონში დემოკრატიის ფლაგმანად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთის პრაგმატული ხედვები ენერგორესურსების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ეს არის.

საქართველოს ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ათწლეულებში. თუ საქართველოში გაგრძელდება ისევ ეს პოლარიზება, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და ქვეყანა განაგრძობს უკუსვლას დემოკრატიზაციის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი დასავლეთის მხრიდან დაიკლებს, ხოლო თუ პოლიტიკური ელიტა მოახერხებს შექმნას ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც რეფორმებზე იქნება ორიენტირებული და ევროკავშირთან დაახლოებაზე, ის კვლავაც გახდება რეგიონული ლიდერი.

ბახმუტიდან გამოიყვანეს 8 წლის ბიჭი, რომლის დედ-მამა ჭურვს ემსხვერპლა

უკრაინის პოლიცია ინფორმაციას ავრცელებს 8 წლის ბავშვზე, რომელსაც დედ-მამა დაეღუპა, ბავშვის გამოყვანა კი სპეცოპერაციით შეძლეს.

8 წლის ბოჰდანი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მარტო დარჩა იმ უბანში, რომელთანაც მისასვლელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ბავშვის მამა და დედა ქუჩაში საარტილერიო დარტყმის დროს დაიღუპნენ, ქალი 7 თვის ორსული იყო.

აფეთქების დროს, რომლის დროსაც ბიჭის მშობლები დაიღუპნენ, 8 წლის ბიჭი მეზობელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, მშობლებმა შვილი მეზობელს დაუტოვეს და ნათესავის დაკრძალვაზე წავიდნენ. ამ დროს იქვე ჭურვი აფეთქდა და წყვილი ჭურვის ანასხლეტებმა იმსხვერპლა.

ბავშვის მშობლების ცხედრები რამდენიმე დღე იყო ქუჩაში, რადგან რუსი სამხედროების თავდასხმა არ წყდებოდა. მას შემდეგ რაც 8 წლის ბოჰდანმა გაიგო, რომ მისი ოჯახი აღარ დაბრუნდებოდა, იგი გაექცა მეზობელს, აიღო ველოსიპედი და თვითონ წავიდა შემთხვევის ადგილას.

ბავშვის შესახებ სამართალდამცავებმა შეიტყვეს და მის გადასარჩენად გაემართნენ.

„პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ბახმუტში ბავშვს სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროებოდა. ტერიტორია, სადაც ბიჭი ცხოვრობდა, რუსების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა და მისკენ მიმავალი გზები განადგურებულია, რის გამოც იქ მისვლა თითქმის შეუძლებელია” – წერს უკრაინის ეროვნული პოლიცია.

სპეცოპერაციის შედეგად ბავშვამდე მიღწევა შესაძლებელი გახდა. სამართალდამცავები დაობლებულ ბავშვს ნივთების ჩალაგებაში დაეხმარნენ და სახიფათო ზონიდან გამოიყვანეს. პოლიციის ცნობით, ბიჭს სტრესის დაძლევაში პოლიციის დამხმარე ძაღლი, სახელად „რემი“ დაეხმარა.

ფოტო: უკრაინის ეროვნული პოლიცია
ფოტო: უკრაინის ეროვნული პოლიცია

8 წლის ბავშვი ახლა უსაფრთხო ადგილასაა და დეიდას ელოდება, რომელიც მის წასაყვანად გამოემგზავრა.

ფოტო: უკრაინის ეროვნული პოლიცია

საცობი ბათუმის დატბორილ მთავარ გზაზე – რას ამბობს მერია

ბათუმის მერიაში დღეს, 25 ოქტომბერს, სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე – რატომ არ ან ვერ აგვარებს მერია პრობლემას, როცა მდინარე ყოროლისწყალი ქალაქის ნაწილს ყოველ ძლიერ გაწვიმებაზე ტბორავს?

ეს პრობლემა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გუშინ, 24 ოქტომბერს გახდა, როცა თამარის დასახლებისა და მახინჯაურის მონაკვეთში დაახლოებით 4-საათიანი საცობი შეიქმნა.

ეს არ არის ქალაქის შემოსასვლელი ცენტრალური გზის საათობით პარალიზების პირველი შემთხვევა, თუმცა ბათუმის მერია პრობლემას არ იმჩნევს. ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვებზე მერიის შპს „ბათუმის წყალში“ გვიპასუხებდნენ.

„მდინარე ყოროლისწყლის ადიდებამ გამოიწვია დიდი რაოდენობით ნატანი მასალის სანიაღვრე მილებში მოხვედრა და წყლის ნაკადის გადმოსვლა მახინჯაურის ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

აქვე გვითხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით, მათ შორის, აღნიშნულ ტერიტორიაზეც, „სანიაღვრე არხებისა და ჭების გაწმენდა რეგულარულად ხორციელდება“.

რა გაკეთდა ამ დრომდე იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო? – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მათი საქმე არ არის და კითხვას ვერ უპასუხებენ. აქ ვერ განმარტეს, რის გაკეთების საჭიროებას ხედავენ ის სპეციალისტები, რომლებიც სანიაღვრე სისტემას პერიოდულად ასუფთავებენ.

რა არის საჭირო ტექნიკურად, რომ იგივე პრობლემა არ განმეორდეს, ისევ არ დაიტბოროს ქალაქის ეს ნაწილი და მრავალსაათიანი საცობები არ მივიღოთ? ან გაკეთდა თუ არა ამ მიმართულებით რამე? – ბათუმის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოში „ბათუმელების“ კითხვა უპასუხოდ დატოვეს.

ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, უნდა ველოდოთ თუ არა ზოგადად რაიმე სახის სამუშაოებს ამ მიმართულებით, რაც მორიგი დატბორვის რისკს შეამცირებს.

„აჭარაში უხვი ნალექი ახალი ამბავი არაა. პრევენციული ზომებია მისაღები დროულად და ეგაა“, – ეს ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარია „ბათუმის წყლის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, როცა ამ უწყებამ სანიაღვრე სისტემის გაწმენდის სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

მოქალაქეები ბათუმის მერიის საყვედურობენ იმის გამო, რომ წლებია ეს პრობლემა არსებობს და არ გვარდება.

„უკვე მერამდენე წელია ასეა და ნუთუ მოგვარება ასე რთულია. 7 საათიდან 12 საათამდე ასე იყო. 5-საათიანი საცობი იყო. პარალიზებული იყო ცენტრალური გზა. საცობში მოვყევი პირადად. ბავშვები ცეკვიდან სახლში ვერ მივიყვანე შუაღამემდე და ასე იყო უამრავი ხალხი ჩემთან ერთად. სადმე თუ უნდა გატარდეს სამუშაო ქალაქში, პირველ რიგში, ამ ტერიტორიაზე,“ – წერს კიდევ ერთი მოქალაქე ისევ „ბათუმის წყლის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

___________

ფოტოზე: დატბორილი ცენტრალური გზა. ფოტო: ბათუმის წყალი

ბათუმის მერიამ უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი შეიმუშავა – კრიტერიუმები

ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი შეიმუშავა. ეს წესი საკრებულოს ბიურომ უკვე განიხილა, მომზადებულია შესაბამისი განკარგულების პროექტიც, რომლის დამტკიცებაც 31 ოქტომბერს იგეგმება სხდომაზე.

უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შემდეგ მერიას კიდევ ერთი დოკუმენტის მომზადება დაევალება:

„2023 წლის 1-ელ იანვრამდე შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს უსახლკაროდ რეგისტრირებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი.“

უსახლკაროთა რეგისტრაციის უკვე მომზადებული წესის მიხედვით ბათუმში უსახლკაროს სტატუსით შეიძლება დარეგისტრირდეს პირი ან ოჯახი, რომელიც უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მათ შორის შეიძლება იყოს ისეთი პირიც [ან ოჯახი], რომელსაც ამ ორი წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე, რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში სტატუსის მიღების მსურველი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტში – ეს ყველაფერი სახელმწიფო სერვისების სააგენტომ უნდა დაადასტუროს.

სპეციალური კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას სტატუსის მაძიებელი უნდა იყოს სრულწლოვანი და არ უნდა ფლობდეს უძრავ ქონებას, ასევე მას არ უნდა გააჩნდეს უსასყიდლო საცხოვრებელი.

განაცხადის განხილვის დროისთვის კომისია გადაამოწმებს ბოლო 6 თვის განმავლობაში ხომ არ ფიქსირდება ამ პირის მიერ ქირის ან იჯარის გადახდის შემთხვევები.

ასევე, კომისია გადაამოწმებს, ხომ არ ფლობს ეს პირი ავტომანქანას, ასეთ შემთხვევაში კომისია გადაწყვეტილებას ავტომანქანის გამოშვების წლისა და მოდელის გათვალისწინებით მიიღებს.

ოჯახს არ უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული შემოსავალი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში სტატუსის მსურველმა უნდა დაასაბუთოს, რომ შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლის შესაძენად და საარსებო მინიმუმისთვის.

კომისია ასევე შეისწავლის სტატუსის მთხოვნელის საზღვრის კვეთის ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კომისია მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, ასევე დაფინანსებული სასწავლო კურსისთვის საზღვრის კვეთას არ გაითვალისწინებს.

  • სტატუსის მიღების მსურველი უსახლკარო პირად ვერ დარეგისტრირდება:

ქონებრივი, საოჯახო ან სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია;

ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს პირის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას;

ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამოვლენისას, რომლის შედეგადაც უსახლკარო სტატუსის მაძიებელმა პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკარო პირად რეგისტრაციის საფუძველი;

საცხოვრებელი ფართობი მიღებული აქვთ სახელმწიფოსაგან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

  • უსახლკარო პირად რეგისტრაცია უქმდება, თუ:

უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი აღარ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. ან გამოვლინდა ამ წესით გათვალისწინებული უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოება.

  • უსახლკარო პირად რეგისტრაციის პროცედურა

პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა] ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

მერია ასევე განმარტავს, რომ უსახლკარო პირად რეგისტრაცია არ გულისხმობს რეგისტრირებული პირის თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას და უსახლკარო პირად რეგისტრირებული პირი თავშესაფრით დაკმაყოფილდება ბათუმის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად – „საკრებულოს მიერ უსახლკაროდ რეგისტრირებულთა თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისა და ძალაში შესვლის შემდგომ ამ აქტით დადგენილი პროცედურების დაცვით.“

შემუშავებული წესის მიხედვით კომისია უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან ერთად, ახორციელებს ქულების მინიჭებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რიგითობა:

ა) საცხოვრებელი პირობები – 1-2 ქულა.

ბ) სხვა ფაქტობრივი გარემოებები – 1-2 ქულა.

გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – 2 ქულა.

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში – 1 ქულა.

ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 1 ქულა.

ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, ობოლი ან/და მარჩენალდაკარგული პირი – 2 ქულა.

სპეციალური კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 წლისა ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი ამ წესით გათვალისწინებულ უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმებს. კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად მერი გამოსცემს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების ან არ გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ ბრძანებას.

უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის მიღების ან რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს, იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.

  • უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია განაცხადს არ განიხილავს, თუ უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი განაცხადის ფორმით კომისიისთვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებული არ არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ასევე, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა წევრი განაცხადის ფორმით კომისიისთვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი რეგისტრირებული არ არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

კომისია არ იმსჯელებს ასევე, თუ უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის ან ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია რეგულირდება სხვა კანონმდებლობით.

43,9 ტონა გაფუჭებული კარტოფილი საქართველოდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ყირგიზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 43 900 კილოგრამი კარტოფილის  შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

„ვაგნერი“ ომში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მქონე პატიმრებს გზავნის – უკრაინის დაზვერვა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ უკრაინაში გასაგზავნად საპატიმროებიდან იმ პატიმრების გამოყვანა დაიწყო, რომლებსაც აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვთ – ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს.

„ამან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. მხოლოდ ერთი გამოსასწორებელი კოლონიიდან, კოლონია N5 ლენინგრადის ოლქში, „ვაგნერმა“ მობილიზება გაუწია 100-ზე მეტ მსჯავრდებულს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ HIV ან C ჰეპატიტი. ინფიცირებული მებრძოლების „მარკირებისთვის“ „ვაგნერი“ ფერად სამაჯურებს იყენებს – HIV-ის მქონე პატიმრებისთვის წითელს, ხოლო C ჰეპატიტის მქონეთათვის – თეთრს,“ – წერს დაზვერვა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ რელიზში.

დაზვერვის ცნობით, რუსი მედიკოსები სისტემატურად ამბობენ უარს სამედიცინო დახმარება გაუწიონ ამ დიაგნოზის მქონე დაჭრილებს.

„უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ „ბოევიკებს“ შორის უკვე აღმოჩნდნენ HIV-ის ან ჰეპატიტის მქონეები. ისინი თავად ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ვაგნერს“ ციხეებიდან ინფიცირებული პატიმრები მასობრივად გამოჰყავს,“ – დასძენს დაზვერვა.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ რუსეთის საპატიმროებში მსჯავრდებულების გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა ხარკოვის ოლქში რუსეთის არმიის მარცხის შემდეგ.

ჯერ კიდევ სექტემბერში სოციალურ მედიაში გავრცელდა ერთ-ერთ ციხეში გადაღებული ვიდეო, რომელშიც, კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს „ვაგნერის“ დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, პატიმრებს უხსნის, რა სარგებელს მიიღებენ ისინი, თუკი „ვაგნერთან“ კონტრაქტს გააფორმებენ და უკრაინაში საომრად წავლენ.

თავის ჟურნალისტურ მოკვლევაში ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ივნისის შემდეგ არაერთ რუსულ კოლონიაში იმყოფებოდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში მყოფი 8 ათასი „ვაგნერელიდან“ ნახევარი ყოფილი პატიმარი იყო. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, „ვაგნერი“ ხვრეტს იმ გადაბირებულ პატიმრებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცევას და ტყვედ ჩაბარებას დააპირებენ.

________________________

მთავარ ფოტოზე: სამხედრო თეთრი და წითელი სამაჯურებით/ფოტო: უკრაინის სამხედრო დაზვერვა

წადით უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობა დაიცავით – დანილოვი კადიროვს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს მიმართავს და მოუწოდებს, მისმა მებრძოლებმა უკრაინა დატოვონ და საკუთარი მიწის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ.

„ვიდრე გვიან არაა, წადით უკრაინიდან და იბრძოლეთ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის – ეს საუკეთესო გარანტიაა, რომ რუსეთი მეორედ ვეღარ გაასწორებს მიწასთან ქალაქ ჯოხარს (გროზნო). თუ რუსეთი არ განადგურდება, ისინი დაბრუნდებიან, რათა ისევ დახოცონ ჩეჩენი ქალები და ბავშვები. თქვენ ხომ არ დაგვიწყებიათ…“ – წერს დანილოვი ტვიტერზე.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის გამოხმაურებას წინ კადიროვის განცხადება უძღოდა. ჩეჩნეთის მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის რეგიონების დაბომბვაში დაადანაშაულა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსეთი ამ თავდასხმებს „სუსტად პასუხობს“.  

ადრე ვამბობდით, რომ ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ომი უკვე ჩვენს ტერიტორიაზე მიდის… მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამით… ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სამხედრო მდგომარეობა (იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები), მაგრამ ისინი არ ერიდებიან, ისვრიან… ჩემი აზრით, სუსტად ვპასუხობთ. რადგან ჭურვი ჩვენ მხარეს მოფრინდა, ჩვენს რეგიონში – საჭიროა მიწასთან გავასწოროთ ქალაქები ისე, რომ შორეული ჰორიზონტიც კი გამოჩნდეს, ისე, რომ მიხვდნენ – ჩვენ მხარეს სროლა არ შეიძლება,“ – ამბობს რამზან კადიროვი ტელეგრამზე გამოქვეყნებულ აუდიომიმართვაში.

ჩეჩნეთის მეთაური დასძენს, რომ ეს არის ომი „მართლმადიდებლებს, მუსლიმებსა და სატანისტებს შორის და ამ სატანისტებს, რამდენიც უნდა იყვნენ, მაინც სასტიკად გაანადგურებენ“.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას, რითაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ფაქტობრივად, იჩქერიის დამოუკიდებლობაც აღიარა.

ამავე თემაზე: 

კადიროვის თქმით, თავის 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში უშვებს

დამცინოდნენ სოფლელი ხარო, ხელს მიშლიდნენ სწავლაში – 15 წლის გოგო ხულოდან

15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი  საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა.

„მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი,“ – გვიყვება ნინო.

მისი თქმით, ახალი საცხოვრებლის, ახალი სკოლისა და კლასელების გამო ისედაც ღელავდა, თუმცა ნელ-ნელა ეს ეტაპი გადალახა და აქტიურად დაიწყო სასწავლო პროცესებში ჩართვა. თუმცა, როგორც ნინო ამბობს, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო.

„როცა გაკვეთილს ვყვებოდი, რამდენიმე კლასელი იწყებდა ჩურჩულს, იხედებოდნენ ჩემკენ და იცინოდნენ. ვცდილობდი, არ მიმექცია ყურადღება, თავს ვამხნევებდი – „მოეშვი“, „დამშვიდდი“, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამცინავ გამოხედვას ვგრძნობდი.

კლასის ჩათში როცა დამამატეს, აღმოვაჩინე, რომ თურმე იქაც დამცინიან და შეურაცხყოფას მაყენებენ. „ვინ დაპატიჟა აქ“, „სოფლელი“ – ასე წერდნენ, ყველაფრის თქმა არც კი მინდა“ – გვეუბნება ნინო.

ამბობს, რომ გული ძალიან ეტკინა, რადგან ეს არ იყო ხუმრობა, არამედ შეურაცხყოფა.

ნინოსთან ერთად მისი სკოლის მეგობარიც გადმოვიდა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად. ნინო გვიყვება, რომ ისიც ბულინგის მსხვერპლი გახდა:

„ჩემი მეგობარი სათვალეს ატარებს და ამის გამო აბულინგებდნენ და ცუდი სიტყვებით მოიხსენებდნენ.

ეს ამბავი ორი კვირა გაგრძელდა. მაინც მქონდა იმის განცდა, რომ ყველაფერი ერთ დღესაც დასრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

შევეცადე, საერთო ენა გამომენახა და ასე მომეგვარებინა პრობლემა, არ მინდოდა, რომ საჯარო გამხდარიყო ეს კონფლიქტი, თუმცა უარყოფითი რეაქციები მივიღე მათგან,“ – გვეუბნება ნინო.

მისი თქმით, ბულინგში 5 მოსწავლე იყო ჩართული, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტიურობდა.

ნინოს ვკითხეთ, შეეცადა თუ არა პრობლემაზე კლასის დამრიგებელთან ესაუბრა, რაზეც იგი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე არ უნდოდა ეს ამბავი სხვებსაც სცოდნოდათ, თუმცა პრობლემა საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარა.

„კლასის ხელმძღვანელმა არაერთხელ მკითხა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო, თუმცა ვერ ვბედავდი მასთან მელაპარაკა. არც იმის გამბედაობა მყოფნიდა, რომ ამაზე საჯაროდ მესაუბრა. მინდოდა დასრულებულიყო ბულინგი და მეგონა, რომ დასრულდებოდა. თუმცა ეს ბავშვები არ ჩერდებოდნენ და მეც და ჩემი მეგობარი გოგონაც ამ ჩაგვრის მსხვერპლი ვხდებოდით.

ჩემთვის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები კი ხელს მიშლიდნენ სწავლაში, რადგან გაკვეთილის მოყოლის დროს დამცინოდნენ.

მეორე დღეს აღარ გყოფნის გამბედაობა, რომ ისევ გახვიდე და მოყვე გაკვეთილი. ეს სხვა აქტივობებში ჩართვის სურვილსაც გიკლავს,“ – ამბობს ნინო.

მისი თქმით, საბოლოოდ, კლასის დამრიგებელმა მაინც შეამჩნია ნინოს განცდები.

„როცა გაიგო რა პრობლემაც მქონდა, საქმეში ჩაერიენ მშობლებიც, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურიც და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემს ბულინგში, პარალელურ კლასში გადავიდოდა.

თუმცა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია და საქმე კონფლიქტამდე მივიდა. მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო, არ მინდოდა ჩხუბი, ლანძღვა, ეს არ იყო გამოსავალი, უბრალოდ მინდოდა გამოსავალი მეპოვა.

ჩემთვის ეს იყო მთავარი, გამეგო, რატომ დამცინოდნენ, რატომ იყო მათთვის პრობლემა, რომ სოფლიდან ვიყავი. ურთიერთგაგებაში, გულწრფელობასა და დიალოგში ვხედავდი გზას, მაგრამ ასე არ გამოვიდა,“ – გვეუბნება ნინო.

ამბობს, რომ ყოფილ კლასელებს აპატია, თუმცა გულში მაინც ტკივილს გრძნობს.

„ჩემი მეგობარი სხვა სკოლაში გადავიდა, აღარ დაბრუნდა სოფელში, თუმცა მე სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. აღარ მინდოდა იგივე ტრავმები განმეცადა ახალ სკოლაშიც, რადგან ასეთ შემთხვევაში ამას უკვე ვეღარ გადავიტანდი.

ვფიქრობდი, რომ დაბრუნება სჯობდა, რადგან ჩემს გულისტკივილს უფრო მალე დამავიწყებდნენ ჩემი ძველი მასწავლებლები, კლასელები და არც საკუთარი თავი დავაყენე იმ რისკის ქვეშ, რომ შეიძლება სხვა სკოლაშიც იგივე ტკივილი განმეცადა“.

„ბათუმელები“ ნინოს ყოფილ სკოლას დაუკავშირდა ბათუმში და დირექტორს ჰკითხა, გააკეთა თუ არა სკოლამ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ კონფლიქტში არც ერთი მხარე არ დაზარალებულიყო.

სკოლის დირექტორი მოზარდებს შორის კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ „უბრალოდ, ტელეფონში ჰქონდათ მიმოწერა“, თუმცა დროულად აღმოაჩინეს და პრობლემა ამოწურეს.

კითხვაზე, როგორ დარწმუნდა, რომ კონფლიქტი ამოიწურა, თუკი მოსწავლეებმა სკოლა დატოვეს, სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რომ რადგან მასთან არავინ მისულა საჩივრით, მიიჩნია, რომ პრობლემა ამოიწურა.

„ბავშვებს დაველაპარაკეთ, დავადებინეთ პირობა, რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა. ამის შემდეგ არავინ მოსულა პრეტენზიით,“ – ამბობს დირექტორი.

რაც შეეხება იმას, რომ ორმა მოსწავლემ სკოლა დატოვა, დირექტორი ამბობს, რომ მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.

ნინო რამდენიმე დღეა, რაც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. რადგან სოფლის სკოლაში სიარული ისევ არ შეუძლია მეწყრის საფრთხის გამო, იგი  მეზობელი სოფლის სკოლაში დადის.

მეზობელი სოფლის სკოლა ნინოს სოფლიდან ავტომანქანით 20 წუთის სავალზეა, ნინო მეორე ცვლაშია და სახლში გვიან უწევს დაბრუნება, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ სოფელში დაბრუნება სწორი, თუმცა მტკივნეული გადაწყვეტილება იყო.

____________________

მსგავს თემაზე:

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მობილიზებული რუსი ფრონტზე გაგზავნამდე ალკოჰოლით მოკვდა – მედია

ტუვის მცხოვრები მობილიზებული ჯარისკაცი ნოვოსიბირსკის სამხედრო ბანაკში სპირტიანი სასმელის მოხმარებისგან მოკვდა – გამოცემა „მედუზას“ ცნობით, სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასახელა. ჩინოვნიკების თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

ნოვოსიბირსკის ბანაკში ეს უკვე მესამე დაღუპული ჯარისკაცია – ერთ შემთხვევაში გამოძიებამ მიზეზად „მკვლელობა“ მიუთითა, მეორეში – „გულის გაჩერება“, თუმცა როგორც ამ უკანასკნელი ჯარისკაცის ახლობლები ამბობდნენ, დაღუპულს სხეულზე ცემის კვალი ეტყობოდა.

„მედუზა“ წერს, რომ რუსეთში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მობილიზებულები უკრაინაში გამგზავრებამდე დაიხოცნენ: „ზოგი თავს იკლავს, სხვები კი გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან“.

ჟურნალისტების მონაცემებით, 21 ოქტომბრამდე რუსეთში უკვე 41 მობილიზებული მოკვდა, სასწავლო ცენტრებში, პოლიგონებსა და სამხედრო ნაწილებში, ჯერ კიდევ ფრონტზე გამგზავრებამდე.

მობილიზებული ჯარისკაცების დაღუპვის ყველაზე მასშტაბური ფაქტი ბელგოროდში იყო, როდესაც ახალწვეულმა სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნა. სხვადასხვა ინფორმაციით მაშინ 11-დან 32-მდე ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედია უკვე არაერთხელ წერდა, მობილიზებულებს ფრონტზე, ფაქტობრივად, მოუმზადებლად უშვებენ. წვრთნის ვადა მინიმალურია. თავად მობილიზებულების თქმით, ბევრი მათგანი გაწვევიდან 5 დღეში გაგზავნეს ფრონტზე.

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად შეწყდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, დაგეგმილი იყო 300 000 რეზერვისტის გაწვევა.

შოიგუს უწყების მტკიცებით, 14 ოქტომბერს უკვე მობილიზებული იყო 222 000 სამხედრო.

აშშ უკრაინისთვის HAWK-ების გადაცემას აპირებს – Reuters

სააგენტო Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავს.

სააგენტოს წყაროები ვერ ასახელებენ სისტემების ზუსტ რაოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლი გამოიყენებს PDA (Presidential Drawdown Authority) პროცედურას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს პენტაგონის მარაგებიდან შეიარაღების სხვა ქვეყნისთვის დაჩქარებული წესით გადაცემის საშუალებას აძლევს.

HAWK-ი ამერიკული წარმოების საშუალო მანძილზე მოქმედი „მიწა-ჰაერის“ ტიპის სისტემაა, რომელიც უკრაინას ფრთოსან რაკეტებთან ბრძოლაში დაეხმარება. ის უფრო მოდერნიზებულია, ვიდრე კიევისთვის ჯერ კიდევ ომის დასაწყისში გადაცემული Stinger-ი, რომელიც შედარებით ნაკლები ზომისაა და ნაკლებ მანძილზეც მოქმედებს.

სისტემა HAWK-ი წინამორბედია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა PATRIOT-ისა, რომლის უკრაინისთვის გადაცემაც, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა თქმით, ჯერჯერობით არ იგეგმება.

უკრაინის ხელისუფლებამ მოკავშირეებს რუსეთის საჰაერო თავდასხმებთან გასამკლავებლად მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიწოდება „რამშტაინ 6-ის“ შეხვედრაზე სთხოვა. შეხვედრა 12 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა.

კიდევ რა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა:

უკრაინული მედიის ცნობით, დაახლოებით ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი უკრაინაში HAWK-ის ოთხ სისტემას გაგზავნის.

AMRAAM-ის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის უკრაინას დიდი ბრიტანეთი. ეს რაკეტები გამოიყენება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ისთვის, რომელთა გადაცემასაც უკრაინას შეერთებული შტატები დაჰპირდა.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად კიევს 15 მილიონი ევროს ღირებულების რაკეტებს გაუგზავნის ნიდერლანდები.

უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანული სარაკეტო საზენეტო კომპლექსი IRIS-T, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით „საბრძოლო ნათლობაც“ გაიარა და რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი თავდასხმების დროს ეფექტიანად იმუშავა.

რა უნდა გაკეთდეს დამეწყრილი სკოლის შენობის შესანარჩუნებლად სოფელ სამებაში

ქობულეთის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე აჭარის განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ სანიაღვრე და წყალამრიდი მილების მოწყობას გეგმავს.

სამუშაოებისთვის სამინისტრო 39 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რისთვისაც თანხმობას ელოდება შესყიდვების სააგენტოდან, რომელსაც 24 ოქტომბერს მიმართა.

სკოლის ტერიტორიაზე ერთი თვის წინ განვითარებული მეწყრის გამო სასწავლო პროცესი სხვა სკოლის შენობაში მიმდინარეობს.

მეწყერი ზედა სამების საჯარო სკოლასთან. ფოტოები შესყიდვების პორტალიდან

პროცესები ისე ვითარდება, რომ ამჯერად სკოლის შენობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სტიქიის ადგილზე ფერდსამაგრი სამუშაოების დროულად ჩატარება. დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ ფერდსამაგრ სამუშაოებს სამინისტრო ჯერ ვერ ჩაატარებს.

ქვეპროგრამის – „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ კოორდინატორების მიერ აჭარის განათლების მინისტრისადმი 21 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია:

„ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ესაჭიროება საკმაოდ დიდი დრო, რადგან საჭიროა შესაბამისი პროექტი, რომელიც თავის მხრივ საჭიროებს დეტალურ გეოლოგიურ კვლევებს. ამასთან, ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება საფრთხის შემცველია წვიმიანობის პერიოდში, რადგან დამატებით მიწის მასის ამოღების დროს შესაძლოა კიდევ უფრო განვითარდეს მეწყრული პროცესი“.

შესაბამისად, როგორც ამავე წერილშია აღნიშნული, „პირველ ეტაპზე ძალიან სასწრაფოა განხორციელდეს დასკვნაში მითითებული მეორე რეკომენდაციის შესრულება – სანიაღვრე და წყალამრიდი მილების მოწყობა ზედაპირული და ჩამონადენი წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანის მიზნით. ამავდროულად უნდა გამოცხადდეს ტენდერი ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებისთვის პროექტის შესყიდვაზე.“

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ „ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა“ 2022 წლის 29 სექტემბერს წარმოადგინა:

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ზედა სამების საჯარო სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე სანიაღვრე და წყალამრიდი მილების მოსაწყობად საჭიროა 39 000 ლარი; ხოლო შემდგომში, ფერდსამაგრი სამუშაოების პროექტის შესყიდვისთვის – 20 000 ლარი.

„ეს თანხა გადმოტანილი უნდა იქნეს პროგრამიდან „კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, სადაც არის ეკონომია, რადგანაც სახელოვნებო სკოლის პროექტი გადის სანებართვო პროცესს და მის დასრულებამდე ვერ ხერხდება ტენდერის გამოცხადება, რის გამოც შეიქმნა ეკონომია დაახლოებით 200 000 ლარი,“ – აღნიშნულია მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.

ამ წერილიდან ჩანს, რომ სამინისტრო წელს ვერც სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზე გამოაცხადებს ტენდერს. ამ სკოლის პროექტში 292 001 ლარია გადახდილი. ბათუმში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში სახელოვნებო სკოლის ერთიანი შენობა უნდა აშენდეს, სადაც გადაიტანენ: მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას, ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

რაც შეეხება სამების სკოლას, შესყიდვების სააგენტოში სამინისტროს განაცხადის განხილვის ბოლო თარიღი 2022 წლის 27 ოქტომბერია.

თანხმობის მიღების შემთხვევაში სამინისტრო ხელშეკრულებას ერთ დღეში გააფორმებს, ხოლო სამუშაოების შესრულებისთვის ერთი თვე აქვს მითითებული: „ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღე. ამასთან, აუცილებელი პირობაა, რომ მეწყრულ არეალთან წყლისგან დამცავი ბარიერი უნდა მოეწყოს არაუგვიანეს 10 დღისა“.

„2022 წლის 19 ოქტომბერს განხორციელდა ბაზრის კვლევა, რომლის ფარგლებში რამდენიმე კომპანიას დაეგზავნა ინფორმაცია და ხარჯთაღრიცხვა. მათგან უკუკავშირი განახორციელა ხუთმა კომპანიამ, მათ შორის, ორმა კომპანიამ უარი განაცხადა, ხოლო სამმა თანხმობა გამოთქვა და მიუთითა სამუშაოების ღირებულება. ყველაზე დაბალი ღირებულება, 39 000 ლარი, შემოთავაზებულ იქნა შპს „მარდის“ მიერ…“ – აღნიშნულია აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებაში.

მეწყერი ზედა სამების საჯარო სკოლასთან. ფოტოები შესყიდვების პორტალიდან

„მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგან ამ პერიოდში ხშირია წვიმა, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დააჩქაროს მეწყრული პროცესის განვითარება და დააზიანოს სკოლის შენობა. ასეთ შემთხვევაში გაიზრდება ზიანის მოცულობა, რომლის აღმოფხვრა გაცილებით მეტ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს და შესაძლოა საერთოდ საფრთხე შეექმნას შენობის არსებობას“- წერია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე თემაზე:

როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა

უკრაინას აქვს შანსი, ხერსონის ნაწილი წლის ბოლომდე დაიბრუნოს – ISW

რუსეთის ჯარები სრულად არ გადიან ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან და ბრძოლისთვის ემზადებიან, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ შანსი, რეგიონის ეს ნაწილი და ოლქის ცენტრი 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნონ – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.

ინსტიტუტის უახლესი ანგარიშის ყურადღების ცენტრში რამდენიმე თემაა, მათ შორის, ოკუპირებული ხერსონი, რუსეთის პროპაგანდა „ბინძურ ბომბზე“, ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერი“ და მობილიზაციით გამოწვეული ეთნიკური და სოციალური განხეთქილება.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი უკვე რამდენიმე დღეა ზედიზედ აქტიურად აწარმოებს საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანიც უკრაინისადმი ცრუ ბრალდებებია. შოიგუს შემდეგ „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე თავისი ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგები რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გააფრთხილა. ინფორმაციას ინტენსიურად ავრცელებენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც.

მობილიზაციით გამოწვეული პრობლემების დასტურად ინსტიტუტის ანალიტიკოსებს მოჰყავთ სოციალურ ქსელებში გუშინ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს რუსი ოფიცერი მუსლიმ ჯარისკაცს იმის გამო, რომ მან ლოცვა მოინდომა.

ISW-ი მიუთითებს, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს ეთნიკურ და სოციალურ განხეთქილებას, რომელიც რუსეთში მობილიზაციის პროცესმა განსაკუთრებით გაამწვავა.

ინსტიტუტი რუსეთისა და უშუალოდ პუტინის ხელისუფლებისთვის შესაძლო საფრთხედ მიიჩნევს „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მცდელობასაც, გაზარდოს თავისი გავლენა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პარალელურად თავისი სამხედრო სტრუქტურა შექმნას.

„პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დააფინანსებს იგორ გირკინის მოხალისეთა ბატალიონს. გირკინი ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი და სამხედრო დამნაშავეა, რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი და გამორჩეული ფიგურა რუს ულტრანაციონალისტებს შორის. მისი თანამშრომლობა პრიგოჟინთან, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ დამფუძნებელს კიდევ მეტ ნაციონალისტ მხარდამჭერს მოუყვანს,“ – წერს ISW-ი და დასძენს, რომ პრიგოჟინს, რომელსაც რუსეთში არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, შეუძლია ერთდროულად საკუთარ თავსაც გაუწიოს რეკლამა და ამავე დროს, კრემლის ჩინოვნიკები და რუსეთის არმიაც გააკრიტიკოს – „პუტინი დამოკიდებულია „ვაგნერის“ ძალებზე ბახმუტის რაიონში და სავარაუდოდ, ეცდება დააკმაყოფილოს პრიგოჟინის ამბიციები, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები ძირს უთხრის რუსეთის რეგულარულ არმიას.“

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის არმია ხერსონში თავისი პოზიციების დასაცავად ემზადება. ამ შეფასებაში ISW-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებებს ეყრდნობა. როგორც კირილო ბუდანოვმა გუშინ „უკრაინსკა პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რუსები მხოლოდ ნაწილობრივ გადიან ხერსონიდან და პარალელურად ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან.

ISW-ი მიიჩნევს, რომ რუსეთის პოზიციები ხერსონის ოლქში „არამდგრადია“. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე უკრაინელებს ხერსონის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლების შანსი აქვთ.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე დასახლებული პუნქტი;
  • რუსეთის ძალები კარგავენ პოზიციებს ბახმუტის გარშემო. უკრაინის არმიამ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბეტონის ქარხანა გაათავისუფლა. ამ ქარხნის დასაკავებლად მანამდე კვირების განმავლობაში „ვაგნერი“ იბრძოდა;
  • 22-24 ოქტომბერს უკრაინის ძალები განაგრძობდნენ დარტყმებს რუსეთის ძალებზე ფრონტის ხაზის სიახლოვეს ზაპოროჟიეს ოლქში;
  • უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში რუსებმა კავშირის სისტემები გათიშეს ხერსონში, რათა ხელი შეუშალონ ადგილობრივ მოსახლეობას, რუსეთის არმიის პოზიციების შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს.

______________

რუსეთ-უკრაინის ომი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY KOZLOV

გაიაქტიურე სილქფესტი დღეს და ისარგებლე სასურველი პაკეტებით მთელი თვე

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელს, 25 ოქტომბერს, შესაძლებლობა აქვს ჩაირთოს სილქფესტის განსაკუთრებული შეთავაზებები:

  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14 ₾
  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23₾
  • 100 ადგილობრივი წუთი + 3 000 MB – 7₾
  • 5 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 7₾

ერთი ან რამდენიმე პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია  კოდით *202#, აპლიკაციით My Silknet ან სილქნეტის ვებ გვერდიდან.

ამ პაკეტების შეძენას შეძლებთ სილქნეტის ქსელის ნებისმიერი სხვა ნომრისთვისაც. 

მედიკამენტებისა და ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი.

მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ  თურქეთის რესპუბლიკიდან მალულად გადმოიტანა დაახლოებით 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები“  -ამბობს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

რუსეთმა უკრაინაში 23 გამანადგურებელი K52 დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა სულ მცირე 23 გამანადგურებელ-მოიერიშე ვერტმფრენი Ка-52 (HOKUM) დაკარგა.

უწყების ცნობით, ეს არის 25% რუსეთის საავიაციო პარკისა, რომელშიც 90 Ка-52 შედიოდა და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების საერთო დანაკარგის თითქმის ნახევარი.

„სავარაუდოდ, რუსეთის გამანადგურებელ ვერტმფრენებს განსაკუთრებით უკრაინული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აზიანებს.

რუსეთი კვლავაც ვერ ახერხებს ჰაერში უპირატესობის მოპოვებას, რათა საიმედო და ეფექტიანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს თავის ძალებს ფრონტის ხაზზე, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალები კი უკვე იწურება,“ – წერს დაზვერვა 25 ოქტომბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, რუსეთის არმიის მეთაურობა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარისკო ფრენებს გამანადგურებელი ვერტმფრენებით, რადგან ეს თითქმის ერთადერთი შესაძლო ვარიანტია მისი სახმელეთო ძალებისთვის უშუალო მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ხსნიდა, რატომ იყენებს რუსეთი უკრაინაში დიდი რაოდენობით ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს. დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი ამ დრონებით ანაცვლებს მაღალი სიზუსტის შორსმოქმედ შეიარაღებას, რომლის მწვავე დეფიციტიც აქვს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 68 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 2 611 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 5 321 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 1 674 ერთეული [+1]
  • MLRS – 377 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 190 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 271 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 248 ერთეული [+3]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 372 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 350 ერთეული [0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 054 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 149 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 326 თვითმფრინავი
  • 162 ვერტმფრენი
  • 2 339 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 525 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 758 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინაში 23 გამანადგურებელი K52 დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

გზაზე, თამარის დასახლებასთან, საცობია – როდის განახლდება მოძრაობა?

ბათუმში, ავტომაგისტრალის თამარის დასახლების მონაკვეთზე, საცობია. ჯერ უცნობია, როდის განახლდება მოძრაობა.

„თითქმის 4 საათია გზაში ვართ, გადაადგილება შეუძლებელია,“ – მოგვწრეს მგზავრებმა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დატბორვა სანიაღვრე ჭების გადავსებამ გამოიწვია, რაც უკავშირდება უხვ ნალექს.

„მუშაობენ ადგილზე ბრიგადები, იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამავალი არხები,“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა.

„თუ წვიმა გვაცლის, მალე აღდგება მოძრაობა,“ – გვითხრა ბათუმის ვიცე-მერმა, ლევან დავითაძემ. მისი თქმით, მდინარე ყოროლისწყალი გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია ამიტომაც დაიტბორა.

„ამ დროისთვის ტექნიკა მუშაობს რესტორან მეგრულ-ლაზურთან,“- დასძინა ლევან დავითაძემ „ბათუმელებთან“.

 

ქობულეთი ბათუმის ძველ ნაძვის ხეს აღარ დადგამს – ახალს 147 ათას ლარად იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნაძვის ხისა და ნაძვის ხის დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი 147 ათასი ლარით გამოაცხადა. თუ ეს ტენდერი შედგა, ქობულეთში აღარ დადგამენ იმ ნაძვის ხეს, რომელიც 2017 წელს ბათუმისგან ითხოვეს და მას შემდეგ ყოველ ახალ წელს დგამდნენ ქობულეთში.

„ნაძვის ხეს, რომელიც ბათუმმა გადმოგვცა, მესამე წელს წიწვების ცვენა დაეწყო… ამჯერად კი, მის რეაბილიტაციას ვამჯობინეთ ახალი შევიძინოთ“, – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

ტენდერის პირობის მიხედვით, ქობულეთის ახალი საახალწლო ნაძვის ხე კონუსის ფორმის 10 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია იქნება და ზემოთ 2 მეტრი სიმაღლის კიდევ ერთი კონსტრუქცია დაედგმება, რომელსაც ასევე ნაძვის ხის ფორმა ექნება.

წყარო: სატენდერო დოკუმენტაცია

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტს ნაძვის ხე და დეკორაციები ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

ნაძვის ხეს ტრადიციულად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერში დადგამენ.

ქობულეთმა ცალკე 2 ტენდერი გამოაცხადა საახალწლო დეკორაციების შესყიდვაზეც, სადაც შესყიდვის სავარაუდო თანხა 87 ათას 460 ლარი და 34 ათას 240 ლარია.

ახალ საახალწლო ნაძვის ხეს იყიდის წელს ბათუმიც, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 865 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება:

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მერიისგან ნათხოვარი საახალწლო ნაძვის ხე ქობულეთში / ფოტო ქობულეთის მერიის არქივიდან

 

 

მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?

„მურუსიძის დაბრუნება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ იყო,“ – თავისი ვერსია აქვს ლევან მურუსიძის დაბრუნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. იგი მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის და ლევან მურუსიძის დაბრუნება სასამართლო კლანის მანევრი იყო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად.

ლევან მურუსიძე 2013 – დან 2017 წლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი, რომელიც გუშინ, 23 ოქტომბერს ასევე დაბრუნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭო წევრად, საბჭოს წევრი იყო 2017 – 2021 წლებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ის ორგანოა, რომელიც მხოლოდ თანამდებობაზე კი არ ამწესებს მოსამართლეებს, თანაც უვადოდ, არამედ მათი სახლში გაშვებაც შეუძლია.

„ვიყავი ჩუმად, წყნარად, ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ რატომღაც არ მოისვენეს,“ – გავლენის სადავეების რომ მის ხელშია, ამის ჩვენება მკაფიოდ სცადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა კონფერენციაზე ვერცერთმა მოსამართლემ კანდიდატის დასახელება ვერ გაბედა, ვერც წინააღმდეგ დააფიქსირა ხმა იმის მიუხედავად, რომ კენჭისყრა ფარულია.

თსუ-ს შემდეგ უკონკურენტო არჩევნები უკვე მოსამართლეებმა ჩაატარეს გუშინ, 23 ოქტომბერს. კონფერენციაზე სულ 279 მოსამართლე შეიკრიბა, თუმცა ნაზი ჯანეზაშვილი შენიშნავს, რომ მოსამართლეების საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 % კონფერენციაზე ამჯერად არ გამოცხადდა.

„არასამთავრობო სექტორი იქნებოდა, თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს… 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზეც დაგვაწვავდნენ არასამთავრობოები… თუ უნდათ ბრძოლა, ვიბრძოლოთ,“ – აღნიშნა სასამართლო კლანის ლიდერად მიჩნეულმა ლევან მურუსიძემ მისი არჩევნების შემდეგ, რომელსაც, მაგალითად, საია ფაქტობრივად „ფორმალურ არჩევნებს“ უწოდებს და „მოჩვენებით კონსენსუსს“, რომელიც სერიოზული რისკის წინაშე აყენებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

  • რა იცვლება ლევან მურუსიძის დაბრუნებით? 

„ე.წ. კლანი საბრძოლო მზადყოფნაშია – ეს გზავნილია მურუსიძის და გვრიტიშვილის დაბრუნება,“ – გვიყვება ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელი. – „ვერ ვიტყვი, რომ ამით კლანი გაძლიერდა, ან რამე არსებითად იცვლება. რანაირად უნდა გაძლიერდეს მეტად, მეტი გაძლიერება წარმოუდგენელია უბრალოდ… სვლები შეცვალეს, რომ საჭირო ადგილზე იყოს საჭირო დროს…“

ნაზი ჯანეზაშვილის ვერსიით, სასამართლო კლანი პარლამენტის მიერ არჩეულ ახალ, არამოსამართლე წევრებთან დასახვედრად ემზადება, რომელთა შორის, შესაძლოა რამდენიმე კრიტიკული ადამიანი იყოს და კლანის მყუდროება დაირღვეს.

„შესაძლოა, შეხვდა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენელი მურუსიძეს, ან არ შეხვდა, რადგან ისედაც გასაგებია – არამოსამართლე წევრების შერჩევას 90 ხმა სჭირდება და „ოცნებას“ ამ პროცესში ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. შესაძლოა, უთხრეს მურუსიძეს, რომ ხუთივე წევრი მისთვის მოსაწონი ვერ იქნება, ან უთხრეს ის, რომ ასე დიდხანს ვერ იქნება, რომ პარლამენტმა არ აირჩიოს არამოსამართლე წევრები. მურუსიძე კიდევ ეტყოდა, რომ ის იმოქმედებს შესაბამისად და მოქმედებს კიდეც.

მურუსიძე ჩათვლიდა, რომ საჯარო ოპონირებისთვის ეს გზა იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი – მისი დაბრუნება. ჩემი აზრით, ეს არ აწყობდა ხელისუფლებას, მაგრამ სასამართლოს ეს ჯგუფი უმართავია პრაქტიკულად, მათ თავიანთი პირობები აქვთ და დღის წესრიგი. ლევან მურუსიძის ეს ნაბიჯი ხელისუფლების სიურპრიზი არ იქნებოდა, მაგრამ ეს არ აწყობდათ, რადგან ლევან მურუსიძის დაბრუნებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისევ ხდება მოვლენების ეპიცენტრში. გამოდის, რომ სასამართლო აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს.

ეს არ იყო ხელსაყრელი განსაკუთრებით ევროკავშირთან 12-პუნქტიანი ვალდებულებების შესრულების კუთხით. თავისთავად დაინახავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ერთი და იგივე ადამიანები ინიშნებიან, ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ,“ – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„შემაშფოთებელია ეს ტენდენცია, როცა ორ ვაკანტურ პოზიციაზე წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატი, ეს იყო მოჩვენებითი კონსენსუსი… ფაქტობრივად ფორმალური არჩევნები გამოვიდა,“ – ამბობს ნანუკა ყრუაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდამჭერი პროგრამის დირექტორი. საია-ს ვკითხეთ: რამდენად დგება რისკის წინაშე არამხოლოდ ევროინტეგრაციის კუთხით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ მთლიანად პროცესი, თუ ჩანს, რომ მოსამართლეებიც ვერ ახერხებენ, ჰქონდეთ არჩევნები?

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო სისტემის შიგნით არიან მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ არავინ აყენებს კანდიდატურას… ეს აჩვენებს, რამდენად ჩაკეტილ წრესთან გვაქვს საქმე, როცა რამდენიმე პირი მართავს რეალურად კლანს. ამ სისტემას ფესვები აქვს უკვე გადგმული, მოსამართლეებს აღარც კი უჩნდებათ კანდიდატის დაყენების სურვილი, გრძნობენ, ეს რამდენად ფორმალური იქნება.

ეს არჩევნები წინასწარ იყო დაგეგმილი… თავისთავად ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი ნანუკა ყრუაშვილი.

ნანუკა ყრუაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა კლანს შიგნითაც იყო ერთგვარი დაპირისპირება და მოსამართლეების მეტი კონტროლისთვის დააბრუნეს იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე.

ნაზი ჯანეზაშვილის დაკვირვებით კი, სისტემა პოლიტიკური ამოცანის შესაბამისად უკვე „დალაგებულია,“ მოსამართლეების 80 %-ზე მეტი უკვე უვადოდ არის გამწესებულია, დაკომპლექტებულია უზენაესი სასამართლოც, რაც სამოქალაქო სექტორის გარდა, ევროპელი პარტნიორების მწვავე კრიტიკასაც იწვევდა.

„შესაბამისად, დიდი არაფერი ოპონირებისთვის აღარ იქნება, თუ იქნება კრიტიკა და განსხვავებული აზრები, ჩათვალეს, რომ ამისთვის გვრიტიშვილი და მურუსიძე ორივე გამოცდილია და გამოცდილი მეთოდებით იმუშავებენ,“ – დასძინა ნაზი ჯანეზაშვილმა „ბათუმელებთან“.

  • რას აჩვენებს მოსამართლეების არჩევნები არჩევანის გარეშე? 

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაციიდან „სასამართლოს გუშაგი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსამართლეთა წლევანდელ კონფერენციაზე მოსამართლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 %, ზუსტად კი, 19, 36 % კონფერენციას არ დაესწრო.

2022 წელს მოსამართლეთა კონფერენციას 279 მოსამართლე დაესწრო [სულ გვყავს 346 მოსამართლე], „სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით, 2020 წელს მოსამართლეთა კონფერენციას 293 მოსამართლე დაესწრო, 2017 წელს – 298.

„არ ვიცი, ზუსტად, მაგრამ მგონია, რომ ამ 20 %-ის დიდი ნაწილი არის ლევან მურუსიძის და, ზოგადად, ეგრეთ წოდებული კლანის წინააღმდეგი.

ასე რომ, წინააღმდეგობა არ გაუწიეს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა არსებობს… კონფერენციაზე ვინც მივიდა, მან გულწრფელად აირჩია ლევან მურუსიძე, რადგან ასე ფიქრობს, ან ლოიალური დამოკიდებულება აქვს. თვლის, რომ უნდა მიყვეს სისტემას,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

საიას-ს იურისტი, ნანუკა ყრუაშვილი კი მიიჩნევს, რომ რაც ახლა მოსამართლეების თავს ხდება, „ჩრდილოვან შეთანხმებიდან“ იწყება, 2013 წელს რომ გაფორმდა ბიძინა ივანიშვილსა და ლევან მურუსიძეს შორის.

„ის განწყობილია ისე, როგორც მე, მკვეთრად, რომ ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო,“ – უთხრა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძეს, „გირგვლიანის საქმის“ განმხილველ მოსამართლეს. საქმის, რაც ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

  • „გირგვლიანის საქმის“ გარდა, კიდევ რას ახსენებენ მურუსიძეს? 

მიქიაშვილის საქმე“, მაგალითად, ერთ-ერთი პირველი გახმაურებული საქმეა, რაც მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა 2005 წელს, როცა ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა – რესტორნიდან გამოსულ ფეხბურთელ, გიორგი მიქიაშვილს პოლიციელებმა სცემეს, ექსპერტიზა კი, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, ლევან მურუსიძემ კანონით განსაზღვრული 24 საათის ნაცვლად 50 დღეში დანიშნა.

საინტერესოა, რომ 2005 წლამდე ლევან მურუსიძეს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, 2006 წლიდან კი, ანუ მოსამართლედ მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილებით, იგი პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს. 2016 წლამდე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, 2016 წლიდან – სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლე.

2015 წლის ბოლოს, ვიდრე ლევან მურუსიძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გაამწესებდნენ, ჰკითხეს „მიქიაშვილის საქმეზეც“.

„მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, პირობები არ მქონდა,“ – უთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მაშინ ლევან მურუსიძემ და დაგვიანებული ექსპერტიზა თანაშემწეს დააბრალა, რომელმაც საქმის მასალები დროულად არ მიაწოდა.

„გირგვლიანის საქმეზე“ კი ლევან მურუსიძემ თქვა, რომ მას სხვაგვარად მოქმედების საშუალებას კანონი არ აძლევდა: სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება – თქვა ლევან მურუსიძემ 2019 წელს, თუმცა უფლებადამცველები მანამდე და ამ განცხადების შემდეგაც რამდენიმე კანონიერ და სამართლიან გზას ასახელებენ, რომელსაც უნდა დასდგომოდა სამართლიანი მოსამართლე, მათ შორის: განსხვავებული აზრის დაწერა, განაჩენის სააპელაციო სასამართლოსთვის უკან დაბრუნება, სადავო სამართლებრივი ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება.

„გირგვლიანის საქმე“ როცა ლევან მურუსიძის ხელში მოხვდა, ამ დროს ის უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. მან ეს საქმე „სრულყოფილად გამოძიებულად“ ჩათვალა და მსჯავრდებულებს 6 – 6 თვით შეუმცირა თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ კი, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა, სადაც ეს წერია:

„სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების, მათ შორის, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესის არასწორად წარმართვით…“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილია, როგორ დაირღვა ქართულ სასამართლოებში, როგორც მტკიცებულებების გაცნობის, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპი.

ლევან მურუსიძის „ანგარიშზეა“ ასევე „მეამბოხე მოსამართლეების“ საქმე, ან კიდევ: „სულხან მოლაშვილის საქმე“, სადაც, მაგალითად, ასევე უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლე ნუნუ კვანტალიანმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და მიიჩნია, რომ ეს საქმე სააპელაციოს უნდა დაჰბრუნებოდა.

  • რატომ მიიჩნევენ ლევან მურუსიძეს სასამართლო კლანის მეთაურად? 

თავად ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ის მხოლოდ სასამართლო სისტემის ერთ-ერთი „ლიდერია“, სადაც არ არსებობს კლანი. თუმცა სისტემიდან წასული მოსამართლეები, მაგალითად, ანა ღელეყვა, რომელიც სამუშაოდ აშშ-ში წავიდა, 2022 წლის სექტემბერში იხსენებს, რომ ლევან მურუსიძე მართავდა სისტემას.

„…როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი,“ – აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მანტიას რომ არ სჯერდებოდა, ეს ლევან მურუსიძემაც დაადასტურა ირიბად, როცა 2022 წლის სექტემბერში სოსო გოგაშვილის მუქარაში დაადანაშაულა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი. მაშინ ლევან მურუსიძემ თქვა, რომ გოგაშვილი მას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ თუ არ მოხდებოდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა, მასზე, მიხეილ ჩინჩალაძესა და მთლიანად სასამართლოზე მადისკრედიტებელ მასალებს გაავრცელებდა.

საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ სოსო გოგაშვილის საქმე ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, ლევან მურუსიძე კი, იმ დროისთვის სხვა ინსტანციის სასამართლოს რიგითი მოსამართლე იყო.

„სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. შესაბამისად, როდესაც დაკავებული იყო და უნდა განხილულიყო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, ის დამიკავშირდა და [მითხრა], თუ არ მოხდებოდა ჩემი მხრიდან მის მიმართ დახმარება და არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, ანუ არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს და სასამართლო სისტემას, მე და მიხეილ ჩინჩალაძეს დააბრალებდა რაღაცებს და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურად დისკრედიტაციას“.

ლევან მურუსიძის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სოსო გოგაშვილის ფეისბუკპოსტი, სადაც აცხადებდა, რომ სუს-ის მოთხოვნით მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა.

  • რა ქონება დაუგროვდა ლევან მურუსიძეს? 

2022 წლის ივნისში ლევან მურუსიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ ლევან მურუსიძე მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში ავტოფარეხითურთ, ასევე მიწის ნაკვეთს მცხეთაში და ერთ ავტომანქანას.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძემ ბინა თბილისში 2009 წელს იყიდა – 100.03 კვადრატული მეტრი 40 ათას აშშ დოლარად, ასევე ავტოფარეხი 5 ათას აშშ დოლარად.

მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ძეგვში, 10 500 აშშ დოლარად არის შეფასებული და ის მოსამართლეს 2019 წელს შეუძენია. 2020 წელს კი, ლევან მურუსიძეს ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ შეუძენია 102 420 ლარად.

ლევან მურუსიძის წლიური ანაზღაურება 2021 წელს 72 681 ლარი იყო [თვე – 6 056 ლარი]

კიდევ ერთი დეტალი: მოსამართლე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მას ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული სესხი 30 ათასი ამერიკული დოლარი 2018 წლიდან და 2021 წელს ამ სესხის დასაფარად 10 ათასი აშშ დოლარი დასჭირდა.

ლევან მურუსიძეს დეკლარაციაში ოჯახის სხვა წევრებს არ ასახელებს. სტუდია „თავისუფლების მონიტორმა“ კი გაარკვია, რომ ლევან მურუსიძეს თანაცხოვრება აქვს ლელა ჭანიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია. მისი ჯამაგირი თვეში 2750 ლარია და 2015-2016 წლებში, მხოლოდ ორ წელიწადში – 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა – 3 ბინა [თბილისსა და ბათუმში] და 2 მიწის ნაკვეთი.

ამასობაში, არამხოლოდ საქართველოს სამოქალაქო სექტორი, რომელსაც „ბრძოლით“ ემუქრება იუსტიციის საბჭოში დაბრუნებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ-ც კი ამ ტერმინით საუბრობს: „მოსამართლეთა კლანი“.

„რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ“ – 7 ქართველი ქალის ისტორია ემიგრაციაზე

2000-იანების საქართველოში, როცა ქვეყანაში ტოტალური სიღარიბე, კრიმინალი და უმუშევრობა იყო, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი თავისა და ოჯახების გადარჩენის გზა ემიგრაციაში იპოვეს.

ბევრი მათგანის დანიშნულების ქვეყანა იყო საბერძნეთი. წასვლა პირად კავშირებზე იყო დამყარებული – უკვე წასულები დარჩენილებს ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში.

ორი საუკუნის მიჯნაზე საქართველოში გაჩნდნენ ე.წ. გადამყვანები, რომლებიც მოქალაქეებს საბერძნეთში არალეგალურად შესვლაში ეხმარებოდნენ თანხის სანაცვლოდ. გზა საქართველოდან საბერძნეთამდე იყო საშიში, რისკის შემცველი და წარმოუდგენელი სირთულეებით სავსე.

განვლილი გზის შესახებ საჯაროდ საუბარი ქალებმა, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, მხოლოდ წლების შემდეგ შეძლეს. ქალები საბერძნეთში გადადიოდნენ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, გასაბერი ნავებით და ბულგარეთის მთებში გამავალი საცალფეხო ბილიკით.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ზეპირ ისტორიებს. ეს ქალები ახლა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი დაბრუნებაზეც კი ფიქრობს, ზოგიერთი კი  ემიგრაციაში 20-წლიანი ყოფნის მიუხედავად, საკუთარ მომავალს საქართველოში მაინც ვერ ხედავს.

  • ჟანა ბანძელაძე-კირთაძის ისტორია

„ზღვის წყალს ვსვამდით და უმ თევზს ვჭამდით მეთევზეებისგან მოცემულს,“ – ასე იხსნებს საბერძნეთში თურქეთიდან გადაპარვის ისტორიას ჟანა ბანძელაძე – კირთაძე. ის საბერძნეთში ჩასვლას ათი დღე მოუნდა. გადამყვანი დაჰპირდა, რომ თურქეთიდან სალონიკში იახტით გადაიყვანდნენ, მერე სალონიკიდან ათენამდე კი მატარებლით ჩავიდოდა.

„თურქეთიდან წაგვიყვანეს ავტობუსით, იმ საღამოს სასტუმროში მიგვიყვანეს. 12 ქალი ვიყავით, აქედან ერთი იყო ორი წლის ბავშვით. მეორე დღეს მიგვიყვანეს ზღვასთან, სადაც იახტის ნაცვლად დაგვხვდა გასაბერი ნავი.

ჩაჯდომაც არ გვინდოდა, მაგრამ მეტი გზა არ იყო. ყველა რომ ჩავსხედით, ნავის უკანა მხარე თითქმის წყალში ჩაიძირა და წყალმა დაიწყო ნავში შემოსვლა. სიმწრისგან ვტიროდით. ერთი საათი ვიცურეთ ალბათ ასე წყალში. საბოლოოდ ნავი გასკდა და ძლივს გამოვედით ნაპირზე. სადღაც კლდის ქვეშ შევაფარეთ თავი. ცეცხლი დავანთეთ და ძლივს მოვახერხეთ გაშრობა.

მეორე დღეს მოგვაკითხეს ავტომანქანებით და ტყეში წაგვიყვანეს.

ჟანა ბანძელაძე-კირთაძე

სადღაც მიგვიყვანეს და გვითხრეს, საზღვარიაო. მერე ძაღლებისა და პოლიციის ხმები გაიგონეს და გაიქცნენ, ჩვენ კი დაგვტოვეს იმ ტყეში. მთელი ღამე ვერ ვიძინებდით. მეორე დღეს მოგვაკითხეს, წაგვიყვანეს, ის ღამე სადღაც ფურგონში გაგვათევინეს და მერე იახტებით რაღაც კუნძულზე მიგვიყვანეს. არც თურქეთი იყო, არც საბერძნეთი. არც საჭმელი გვქონდა, არც წყალი. წინ ზღვა იყო, უკან კიდევ ჭაობი. 2 დღე გავატარეთ ამ კუნძულზე. ბერძენმა მეთევზეებმა შეგვნიშნეს და დაგვეხმარნენ. ჩვენი მობილურები წაიღეს დასატენად.

მეორე დღეს მოგვიტანეს წყალი და საჭმელი ამ მეთევზეებმა. ტელეფონებიც დატენილი. შევძელით გადამყვანებთან დარეკვა. საღამოს მოგვაკითხეს გრძელი ხის ნავით. გადაგვანაწილეს თანაბრად, რომ ნავს წონასწორობა არ დაეკარგა. ჭაობიანი გზა იყო გასავლელი ბილიკივით. აქეთ-იქით ზღვის ბალახებით. შუა გზაში ვიყავით, წინ დიდი მორი შეგვხვდა. სასწაულით გადავურჩით სიკვდილს, ნავი რომ არ ამოყირავდა.

როგორც იქნა, გადავედით სალონიკში. იქ მოვიდნენ რუსები ორი მანქანით. ქალებიდან ყველაზე ახალგაზრდა გოგოები აგვარჩიეს – მე, ჩემი უმცროსი და, კიდევ ორი გოგო და ცალკე წაგვიყვანეს, დანარჩენები კი – სასტუმროში. ის ქალები გაუშვეს მეორე დილით, მაგრამ ჩვენ ერთ სახლში წაგვიყვანეს, სადაც გადამყვანებს ჩვენში, თითოში 3000 ევროს სთხოვდნენ. მერე არ ვიცი, რა მოხდა, გადამყვანებმა ვიღაცები ჩარიეს, როგორც იქნა, მატარებლის ბილეთები გვიყიდეს და გამოგვიშვეს.

მოსაყოლად თითქოს იოლია, მაგრამ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მტერსაც არ ვუსურვებ,“ – იხსნებს ჟანა.

  • ქეთინო მახარაძის ისტორია

ქეთინო მახარაძემ 2004 წელს 3200 დოლარი აიღო, პროცენტიანი სესხი და საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტა.

„8 და 11 წლის ბავშვები დავტოვე, ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, –  იხსენებს ქეთინო და გვიყვება, რომ საქართველოდან თურქეთამდე ავტობუსით ჩავიდა. თურქეთში, როცა საბრძნეთის საზღვარს  მიუახლოვდნენ, სამალავში ჩასვლა მოუწია.

„ავტობუსში ჩვენი სკამების ქვეშ იყო მოწყობილი პატარა ჩასაძრომი. გამხდარი ადამიანი ძლივს ჩადიოდა. სუსტები აგვარჩიეს. ოღონდ სქელი ტანსაცმელი გაიხადეთ, თბილად ჩაცმულები არ ჩახვიდეთო.

სამი ახლობელი გოგო მივდიოდით ერთად. თევზებივით ჩაგვაწყვეს ყუთში. ვიმართებოდით და მეტი ადგილი აღარ იყო. მე რომ ჩავედი, ზემოდან დამაწვინეს კიდევ ერთი გოგო და წავედით.

ერთ-ერთმა გოგომ ჩამოიტანა ვალიდოლი და წყალი. ეს ვალიდოლი ჩაუყრია პირში. აეშალა კუჭი. მიშველეთ, დამაბრუნეთო, ყვიროდა, მაგრამ ვინ დააბრუნებდა. ავტობუსი მიდიოდა. კვნესა-კვნესით იმხელა გზა როგორ მოითმინა, არ ვიცი. 8 საათი ვიყავით ისე ჩაწყობილი, რომ სახურავი არ აუხდიათ. წყლით ვასველებდით ცხვირსახოცს და სახეზე ვისვამდით, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავით.

ქეთინო მახარაძე

მე მეძინებოდა. ძალიან მეძინებოდა. თურმე ძილში ვიპარები უჰაერობისგან. გოგოებს ვეუბნები, მე დავიძინებ და რომ ჩავალ, გამაღვიძეთ-მეთქი. დეიდაშვილი იყო ჩემთან ერთად იქ. თმაში მქაჩავდა და მაფხიზლებდა – არ დაიძინოო.

როგორც იქნა, გავიდა ეს რვა საათი. გააღეს სათავსო – ხომ ხართ ცოცხლებიო. გოგოები, ვინც ახლოს იყვნენ გასასვლელთან, მიცვივდნენ და პირდაღებულები, თევზს რომ ამოიყვან წყლიდან, ისე ცდილობდნენ ჰაერი ჩაესუნთქათ. ჩემი მისვლის ადგილი აღარ იყო.

„მეოთხე სად არის, მეოთხე სად არის“ – ყვიროდა ის კაცი. ალბათ ეშინოდა, ხომ არ მოკვდაო.

რამდენჯერმე ამოგვიყვანეს, მერე ჩაგვსვეს ისევ იმ ყუთში. როცა საბოლოო დანიშნულების ადგილას მივედით და სამალავიდან გამოვედით, სულ გაწუწულები ვიყავით ოფლისგან.

ცხვირსახოცებს რომ ვისვამდით სახეზე, თურმე ახალი ყოფილა, ლურჯი ფერის. და ფერი კანზე გადაგვსვლია. სულ გალურჯებულები ვიყავით. ხალხი გვიყურებდა, ალბათ გაგიჟდნენ ეს ქალებიო.

მიუხედავად იმისა, რა გამოვიარე, ამ გზის გავლა არასდროს მინანია. მაგრამ მინანია ბავშვების დატოვება. მინანია, რომ შვილები დავტოვე და ამდენი წელი არ ვიყავი მათ გვერდით.

მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ ამას. ის დრო რომ დააბრუნა უკან, არასოდეს არ წავიდოდი არსად და არ მივატოვებდი ჩემს შვილებს. მთელი ცხოვრება, სანამ ვიცოცხლებ, ეს სინანული გულს მიჭამს და რამდენი გამახსენდება, სულ მეტირება“.

  • ლელა სანიკიძის ისტორია

„1996 წელს ჩამოვედი საბერძნეთში პირველად, მაგრამ მაშინ ჩამოვედი ვიზით. ვიცოდი ცოტა-ცოტა ენა, კარგად ავეწყვე, მაგრამ სამი წლის მერე, 1999 წელს, წავედი საქართველოში. ბავშვი მყავდა 7 წლის დატოვებული და ძალიან მენატრებოდა. რვა თვე დავრჩი საქართველოში და მერე წამოვედი 2000 წელს ისევ.

წამოვედი ბულგარეთის მთებით, რადგან საბერძნეთის ვიზა აღარ კეთდებოდა.

მახსოვს, ვიღაც თბილისელი კაცი იყო, რომელმაც სტამბოლში ჩამოგვიყვანა. შეგვიყვანა სადღაც სასტუმროში. მოვწესრიგდით ცოტა, ვჭამეთ, დავისვენეთ. მერე გადაგვაყრევინეს პირადი ნივთები ყველაფერი, მოიყვანეს მანქანა და შემოგვიყვანეს მანქანით ბულგარეთში 4 ქალი.

ბულგარეთიდან წამოვედით ფეხით… მთებით. ახლა რომ მკითხოთ სად ვიყავი, არც ვიცი. ვერ აღგიწერთ, ისეთი გზა იყო.

ლელა სანიკიძე

უშველებელი, სრიალა ქვები იყო დაკიდებული და იმ ქვებზე ავბობღდით. მე ვიყავი ყველაზე სწრაფი, მაგრამ მოვწყდი მაინც გზაში. ჩვენი გამყოლი ახალგაზრდა, თურქი ბიჭი იყო. ზურგზე მომიკიდა ტალახში ამოგანგლული და ისე მატარა. ეშინოდა – არ მომიკვდესო. წამომიყვანდა ზურგზე აკიდებულს ნახევარ კილომეტრზე, დამტოვებდა, იყავი აქო, მერე წავიდოდა, დანარჩენ ქალებს წამოიყვანდა. აღწერაც კი მიჭირს, რა გამოვიარეთ.

მახსოვს, მთის წვერზე ავედით და მერე ერთი კილომეტრი ვაკეზე ვიარეთ. მივუახლოვდით სასაზღვრო კოშკურას. შუქი ტრიალებდა. გადამყვანმა აგვიხსნა შუქი, რომ მოგიახლოვდებათ, დაწექითო. რომ დავიყვირებ – ჩაიმუხლეთ, ჩაჯექით მაშინვეო.

დეკემბერი იყო.

ვიყინებოდით, ისეთი სიცივე იყო. ცეცხლი დაანთო და გავთბით. რომ გათენდა, მერე უკვე საბერძნეთში ვიყავით. 1500 ევრო გადავიხადე.

32 წლის ვიყავი.

იმდენად ვიყავი მოტივირებული, იმაზე ფიქრი მაძლებინებდა, რომ ვიცოდი, გზაში არ მოვკვდებოდი”.

  • მზია ციხელაშვილის ისტორია

„2001 წელს 42 წლის ვიყავი, 1800 დოლარი ვისესხე და საბერძნეთში წამოვედი 19 ქალთან ერთად.

მარშრუტი ვიცოდი, რომ ჯერ თურქეთში ჩავიდოდი, მერე ბულგარეთში და იქიდან უნდა გადმოვსულიყავით ფეხით საბერძნეთში.

გადავედით ბულგარეთში. იქ ერთ ადგილას მოგვიყარეს თავი. ღამე მოგვაკითხა, შეშას რომ ეზიდებიან ტყიდან, ისეთმა მანქანამ, ჩავჯექით ამ მანქანაში და გვატარეს სადღაც ბულგარეთის ტყეებში. რამდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნა ჩამოგვსვეს ამ მანქანიდან და დაიწყო ფეხით სავლელი გზა.

ზუსტად ორი კვირა ვიარეთ ტყე-ტყე. საჭმელიც გამოგველია და ძალაც. ძირითადად ღამე დავდიოდით, დღე ვჩერდებოდით, რომ ვინმეს არ შევემჩნიეთ და არ დავეჭირეთ. ამ ტანჯვა-წვალებით როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ საბერძნეთის საზღვრამდე. უკვე ისე ვიყავით – არც ფული, არც არაფერი, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გზა, ესეც არ ვიცოდით. 

სალონიკის სადღაც სოფელში ვიმალებოდით ტყეში და ველოდებოდით მანქანას, რომელიც ათენამდე ჩაგვიყვანდა,“- იხსენებს მზია ციხელაშვილი.

მზია ციხელაშვილი

მაშინ, როცა ეგონა, რომ ტანჯვა-წვალება მორჩა, აღმოჩნდა, რომ პოლიციამ შეიტყო მისი და დანარჩენი ქალების ადგილსამყოფელი. ყველა მათგანი დააკავეს და ერთი თვე გაატარეს სალონიკში, წინასწარი დაკავების საკანში. ერთი თვის შემდეგ ციხეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დაადეპორტეს.

„ცხვრებივით ჩამოგვსვეს საზღვარზე“, – იხსენებს 20 წლის წინ თავს გადახდენილ ამბავს მზია. მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი გზა გაიარა, მზიამ იცოდა, რომ უკან დახევა არ შეეძლო.

„დადეპორტებიდან ზუსტად ორ კვირაში მივბრუნდი უკან. უკვე ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ ისევ იგივე გზა გავიარე და მაინც ჩავედი საბერძნეთში,“ – ჰყვება მზია.

იხსენებს, რომ არ იცოდა ენა, ამასთან არ ჰყავდა არავინ უცხო ქვეყანაში. წლები დასჭირდა, რომ მისი საბერძნეთში ცხოვრება ლეგალური გაეხადა. ახლაც საბერძნეთში ცხოვრობს და ზრუნვით შრომაშია ჩართული.

  • ლელა არაბულის ისტორია

„2003 წლის მაისის თვეში ჩამოვედი საბერძნეთში. 31 წლის ვიყავი. წამოსვლამდე კი ვცდილობდი ვიზის აღებას, მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს პროცენტიანი სესხი მქონდა აღებული, რადგან სესხის პროცენტი იზრდებოდა, უნდა წავსულიყავი.

ორთაჭალაში მივედით, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ, რომელმაც მითხრა, რომ 2200 დოლარი უნდა გადამეხადა და გადამიყვანდა საბერძნეთში. საბერძნეთამდე ჩვეულებრივ ვიმგზავრე ავტობუსით. მხოლოდ რამდენჯერმე იყო, როცა შემოწმება გვიწევდა, იმ შემოწმების დროს   ჩავყავდით სამალავში. ჩემთან ერთად ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო და ერთი ქალი. ტუალეტის ადგილას ნახევრად საკუჭნაოდ ჰქონდათ გადაკეთებული, შიგნით სიღრმე ჰქონდათ ამოჭრილი და იმ სიღრმეში ვძვრებოდით.

ლელა არაბული

ჩამოჯდომა შეგვეძლო მოხრილ მდგომარეობაში. უბრალოდ დიდი ხნით გვიწევდა და ვერ მოძრაობდი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან უჰაერობა იყო, მაგრამ ამ განცდების და ჩემი დაავადების გამო ძალიან გამიჭირდა. არ მახსოვს, რამდენი საათი ვიყავით თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე. მძღოლებისთვის არ მითქვამს, რომ ძალიან მიჭირდა სუნთქვა. ბრონქიალური ასთმა მაქვს და აეროზოლს ვისუნთქავდი. მაშინ უფრო მსუბუქად მქონდა. ახლა, რაც წლები გადის, უფრო დამიმძიმდა.

ჩაკეტილ სივრცეში უჰაერობისგან შეტევა დამემართა. საბედნიეროდ, არც თუ ისე მძიმე ფორმით, კიდევ კარგი, აეროზოლმა მიშველა.

ასე მალულად ჩავედი საბერძნეთში.

უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ, რომ აქ  გატარებული დრო ჩემი თავისუფლების გაყიდული წლებია, რომელიც აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. ბევრი მოგონებაც არ მაქვს ამ წლებთან დაკავშირებით. ჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობდი, სულ ვმუშაობდი და მხოლოდ ძალიან მცირე გასვლები მქონდა გარეთ, მეგობრებთან იქნებოდა ეს თუ ნაცნობებთან“.

  • დარეჯან მშვილდაძის ისტორია

„1999 წლის ივნისში წამოვედი. 42 წლის ვიყავი. ახალგაზრდა. ბაღდათელი ვარ. ქუთაისში იყო ოფისი და იმ ოფისის საშუალებით წამოვედი. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე რომ მოვედი, დაგვაბრუნეს უკან. ვიზები, რომელიც პასპორტში გვქონდა, ყალბი აღმოჩნდა. 6 ადამიანი მოგვაბრუნეს.

დავრჩით შუა თურქეთში, მშიერ-მწყურვალები, არაფერი გაგვაჩნდა. ერთი კაცი მოგვიახლოვდა, ქართველები ხომ ხართ, გავიგე თქვენი ამბავი, მოგცემთ ერთი ადამიანის საკონტაქტოს, შეუძლია არალეგალურად გადასვლაში დაგეხმაროთ და მოიფიქრეთო.

ერთმა უარი თქვა. დანარჩენები დავრჩით და გადავწყვიტეთ ჩუმად გადასვლა საბერძნეთში. მოგვაკითხა მანქანამ და თურქეთიდან გადაგვიყვანა ბულგარეთში. ათი დღე ვიყავით გზაში.

ჯერ დაგვტოვეს ტყეში, დაღამებას დაელოდეთო. თან გაგვაფრთხილეს, შეიძლება მგელი მოვიდეს და ხეზე უნდა ახვიდეთ, რამემ რომ არ შეგჭამოთო. რამდენი ფოთოლი გაიშრიალებდა, ჩვენ შიში გვკლავდა, რომ მგელი მოდიოდა. ასევე გაფრთხილებული ვიყავით – სანამ ნიშანს არ მოგცემთ, მანამდე არ გამოხვიდეთო. გამთენიისას მოგვაკითხეს და წამოგვიყვანეს. ორი მანქანით მოვდიოდით. საზღვარი უნდა გადაგველახა ტყეებით.

პოლიცია დაგვედევნა. აუჩქარა ამ მძღოლმა, უცებ გადაუხვია გზიდან და წავიდა მინდორზე. რაღაც გადაჭრილ ხეს წამოედო კარგა ხნის მერე მანქანა და გავჩერდით. ცოტა დააკლდა მანქანას ამოტრიალებამდე. ისე ამოვწყდებოდით იქ, კაციშვილი არ მოგვაკითხვადა. გააღო უცებ კარები და გვითხრა – სწრაფად გადახტით, დაიმალეთო.

დარეჯან მშვილდაძე

გაიარა პოლიციამ და ცოტა ხნის მერე ისევ უკან გამოიარა. დაგვისტვინა ამ კაცმა, გამოდითო, გამოვედით და დაგვაბრუნა ისევე უკან გზაზე. მშივრები ვიყავით. წყალიც არ გვქონდა, საერთოდ არაფერი. ზაფხული იყო, ივნისი. ბოლოს ღამე გადაგვიყვანეს საზღვარზე, ყველანი მარშუტკაში ჩაგვსვეს და მოგვიყვანეს ათენში, ომონიაზე, დილის 5 საათზე.

იმ ყალბ ვიზაში 1600 დოლარი გადავიხადე. მერე 1000 დოლარი გადავუხადე ცალკე გადამყვანს. წლების მერე საბუთებიც გავაკეთე და 3-4 წელიწადში ერთხელ ჩავდივარ საქართველოში, მაგრამ ყველაფერი გაუცხოებულია. იცით, როგორც ხდება, სხვებისგანაც გეცოდინებათ.

ჩემთვის აღარ არსებობს აღარც ოჯახი. ჩემი ქმარი სხვასთან წავიდა, მერე მოკვდა იქ. შვილები თავის გზაზე – ერთი ამერიკაშია, მეორე – იტალიაში და ვართ ასე დაფანტულები. მარტო ვარ აქ მთელი ცხოვრება და ახლა წასვლას ვაპირებ. მაგრამ იქაც მარტო უნდა ვიჯდე. რა იქნება, არ ვიცი. დანგრეული ვარ, განადგურებული.

6 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ახლა ბებიას და ბაბუას ვუვლი. ბაბუას აწევაზე კუნთის ანთება დამემართა, მაგრამ ამასაც ვუძლებ. აქაურ პენსიას ვუცდი. 66 წლის ვარ, გაისად აპრილში ვხდები 67 წლის. საბერძნეთში 67 წლიდანაა პენსია.

უკან რომ მიმაბრუნა, არ გავივლიდი თავიდან ამ გზას. არ წამოვიდოდი. მახსოვს, ჩემი მაშინდელი სიტყვები, ოღონდ საქართველოდან წავიდე, ამ გაჭირვებიდან და სადაც გინდა იქ ვიყო-მეთქი. მაგრამ ახლა აღარაფრით აღარ ვიზამდი. ფხალს მოვძებნიდი, იმას შევჭამდი. შვილების სიყვარულს შევინარჩუნებდი და ისინი მშობლის სიყვარულს.

რა გავაკეთე? არაფერი არ გამიკეთებია. უბრალოდ ყოველდღიური ფული ვაგზავნე, რომ მშივრები არ დაწყვეტილიყვნენ. დავკარგე, რაც მქონდა.

აშენებული სახლი დავტოვე და ის სახლი ახლაც არ მაქვს გარემონტებული“.

  • ლია ჟორჟოლიანის ისტორია

„წყალტუბოდან ვარ. 12 წელი ვიყავი სკოლის დირექტორი, საბერძნეთში პირდაპირ საკრებულოდან წამოვედი. მქონდა გიჟი დედის სახელი. შვილის გამო ჯოჯოხეთშიც რომ წავიდოდი,“- იხსენებს ლია ჟორჟოლიანი მისი საბერძნეთში წასვლის ისტორიას.

საბერძნეთში 2004 წლის იანვარში ჩავიდა საფრანგეთიდან, ვიზით. მალევე საბუთები გააკეთა და ლეგალურად ყოფნა შეძლო. წელიწად-ნახევრის მუშაობის შემდეგ უკან საქართველოში დაბრუნდა, რადგან მისი შვილი სკოლას ამთავრებდა და ფიქრობდა, რომ ასეთ დროს დედა შვილის გვერდით უნდა ყოფილიყო.

„ჩავედი მისი სკოლის ბანკეტის წინა დღეს. მე და ჩემს შვილზე ბედნიერი დედამიწაზე ადამიანი არ მეგულებოდა. გზა, რომელიც სარფიდან ქუთაისამდე გავიარე, უფრო გრძელი იყო, ვიდრე მთელი ეს წელიწადი და ოთხი თვე,“- იხსენებს ლია.

ლია ჟორჟოლიანი

მას შემდეგ, რაც შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა, გადაწყვიტა ისევ უკან, საბერძნეთში დაბრუნებულიყო. ლეგალური წასვლის გზა მოჭრილი ჰქონდა, ამიტომ სააგენტოს მიაკითხა და არალეგალურ გზას დაადგა.

„შალვა ერქვა სააგენტოს წარმომადგენელს და ვიცნობდი ათენიდან. 2000 ევრო მომთხოვა. მითხრა, ისე გადახვალ, მიწაზე ფეხს არ დაადგამო,“ – ამბობს ლია.

ლიას სარფში, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გაიარა, ნეიტრალურ ზონაში ყალბი პასპორტი მისცეს, რომელიც, როგორც იხსენებს, ვინმე გვრიტიშვილის სახელზე იყო. თურქეთის საზღვარი და გზა სტამბოლამდე უპრობლემოდ გაიარეს.

„ჩემი პასპორტი გაცვეთილი იყო ძალიან და ვეუბნები, ეს რომ მცოდნოდა, არ წამოვიდოდი-თქო. მერე ვეკითხები-ამ გვრიტიშვილის მშობლებს რა ჰქვიათ-თქო, შემომხედა  ქალმა, რომელიც ოფისმა გამოგვაყოლა, გაკვირვებით და მითხრა: ვინ კითხულობს ევროპაში მშობლების სახელებსო. გავჩერდი. გული მქონდა მძიმედ. საღამოს წაგვიყვანეს, ჩაგვსვეს სტამბოლი – სალონიკის მატარებელში და წავედით.

საზღვართან რომ გავჩერდით, შემოვიდნენ პოლიციელები და ჩამოკრიბეს პასპორტები. ის ნახევარი საათი საუკუნე გახდა. ნახევარ საათში მოდის სამი მესაზღვრე და რომ დავინახე, მივხვდი, რომ დავიღუპეთ. ჩაგვიყვანეს ძირს და მოგვათავსეს სასაზღვრო განყოფილებაში. მე ხშირად დავდიოდი დასასვენებლად ჩემს დასთან, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და ცოტა თურქული ვიცოდი. მივედი ამ მილიციელთან და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. შენ მეოთხე ხარ ამ თვეში, ვინც ამ პასპორტით გადადისო. რა გველის-მეთქი და სასამართლოო. ხომ წარმოგიდგენიათ თურქეთის სასამართლო… ვთხოვე, ჩემს დასთან დარეკვის უფლება მოეცა.  დამარეკინა, ეხვეწა ჩემი და, ვეხვეწე მეც… და წარმოგიდგენიათ, ის ღვთისნიერი თურქი წავიდა და სტამბოლის ბილეთი მიყიდა თავისი ფულით, ხელში ჩამიდო და მითხრა – მატარებელი 5 საათზე გადის სტამბოლისკენო. დამემშვიდობა გულაჩუყებულს და მიმეორებდა – მხოლოდ გურჯისტანში წადი, სხვაგან არსადო. ის პასპორტები დაგვიბრუნა და გამოგვიშვა.

რომ ვიხსენებ, ახლაც ვნერვიულობ,“ – გვიყვება ლია.

იხსენებს, რომ სტამბოლში დაბრუნებული ოფისში მივიდა, საიდანაც მის შუამავალ შალვას დაურეკა და იმ ყველაფრის გამო, რისი გადატანაც მოუხდა, პასუხი მოსთხოვა. საბოლოოდ უთხრეს, რომ ნავით გადაიყვანდნენ საბერძნეთში და ნაკლებ თანხას გამოართმევდნენ.

„4 დღის მერე მოგვაკითხეს, წაგვიყვანეს საზღვარზე. მოვიდა გასაბერი ნავი. ჩავსხედით მე და ეს სამი ქალი. ორი ბერძენი გამცილებელი გვყავდა. იმათ სახეს რომ შევხედე, მეც გავქვავდი. ასე მეგონა, ორ ქანდაკებას ვუყურებდი, ისე იწვნენ გაქვავებული. ჯერ კიდე ვერ ვაცნობიერებდი, რა რისკზე მივდიოდი. ამიტყდა სიმწრის სიცილი. მშვიდობით გადავედით მეორე მხარეს. მიგვიყვანეს ერთ პატარა სახლში. გვითხრეს – მოწესრიგდით, საღამოს წაგიყვანთ თესალონიკში და გაგაყოლებთ ათენის მატარებელსო. უკვე თავი სამშვიდობოს მეგონა, წითელი კარტა მქონდა და ვერავინ შემეხება-მეთქი“- იხსენებს ლია.

ლია ამბობს, რომ როცა ეგონა ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. მატარებლისკენ მიმავლებს პოლიცია დაედევნა და ყველა ქალი დააკავეს. ათენის ნაცვლად ყველანი საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრეპოლის პოლიციაში აღმოჩნდნენ.

„მომიწია პოლიციის უფროსთან დაკითხვაზე შესვლა. პირველი კითხვა, რაც დამისვა, იყო, ასეთ ლამაზ ქალს თავი არ გეცოდება, ამ გზით რომ შემოდიხარო? იცით, რა მდგომარეობაა ახლა ჩემს ქვეყანაში-მეთქი – კითხვა დავუბრუნე.

მერე სხვა გზა მოგეძებნა, პირდაპირ სასიკვდილო გზაზე რომ გადიხარ, რომ ესროლათ მესაზღვრეებსო? პასუხი არ მქონდა,“ – იხსენებს ლია.

ლიას თქმით, მესაზღვრეს ის ყალბი პასპორტი მისცა, რომელიც თურქეთში გადასცეს. მესაზღვრეებმა მალე დაადგინეს, რომ პასპორტი ყალბი იყო და ლია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ლია იხსენებს, რომ მესაზღვრე დაეხმარა, მხოლოდ საზღვრის დარღვევა დაუდგინა და ათენში გაუშვა.

„მითხრა – წადი ათენში და იქ ადვოკატი აიყვანე და რამდენიმე დღეში გარეთ იქნებიო. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმაზე მეტი გაგიკეთე, ვიდრე სამი ადვოკატი გაგიკეთებდა ერთადო. დილით ადრე ათენში გადაგიყვანენო. შემომიტანა ჩემი ჩანთა, რაშიც საჩუქრად წამოღებული კონიაკები და კედელზე დასაკიდებელი ხანჯლები მქონდა. კონიაკები დამატოვებინა, არ შეიძლებაო, დანარჩენი უკან ჩავალაგე. ნეტა, მთელი ჩანთა გადამეგდო. ჩავედი ათენში. პირველი, ვისაც დავურეკე, გოგოები იყვენენ და ვუთხარი – ფული არ მიიტანოთ კაპიკი შალვას ოფისში-მეთქი. მერე შალვას დავურეკე და ვუთხარი: როცა გამოვალ გარეთ, იცოდე, რაც მე გადავიტანე, ყველაფერ ამას გადაგატანინებ-მეთქი.

მერე მოვიდა ადვოკატი და დამაიმედა. მეორე დღეს გამომიძახა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გახსნა ჩემი ჩანთა და მკითხა – ეს იარაღი რად გინდა, სად მიგაქვსო. „რა იარაღი, სუვენირია კედელზე დასაკიდებელი-მეთქი“-  ვუთხარი. ჩამიტარეს მეორე სასამართლო და არ გამიშვეს.

ადრე ათენში ბინაში სამი ვცხოვრობდით, ბინის ბერძენი მეპატრონე ვასილი ჩვენი ტოლი კაცი იყო. სულ მკითხულობდა თურმე, ლია არ ჩამოდისო? მე გაფრთხილებული მყავდა გოგოები არ ეთქვათ, დაჭერილი რომ ვიყავი, ციხიდან რატომ უნდა დავამახსოვრდე-მეთქი,“-იხსენებს ლია.

სასაზღვრო ციხეში ლიამ ორი თვე გაატარა. მისმა ბინის მეზობელმა გოგოებმა ლიას ბინის მეპატრონეს გააგებინეს, რომ ციხეში იყო. ლია იხსენებს, რომ იმ დღეს, როდესაც მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, პროცესზე მისი  ბინის ბერძენი მეპატრონე მივიდა და სასამართლოზე სიტყვა მოითხოვა. ლია კარგად დაახასიათა და მისმა სიტყვამ სასამართლოზე გავლენა მოახდინა. ლია დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ის დღე ალბათ არასოდეს არ დამავიწყდება. ვასილი წამომყვა, ციხეში ავიღე ჩემი ჩანთა და რომ გამოვედი გარეთ თავისუფალი, მაშინ გავიაზრე, რა შეიძლება მომხდარიყო ჩემ თავს. არ გამწირა სამმა ადამიანმა – თურქმა – თავისი ფულით რომ ამიღო ბილეთი, ბერძენმა პოლიციის უფროსმა – ყალბი პასპორტით რომ არ გამასამართლა და ვასილიმ – ადამიანობის მასტერკლასი რომ ჩაუტარა მთელ სასამართლოს,“ – ასრულებს თავისი ამბის მოყოლას ლია.

ამავე თემაზე:

რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

„სტუდენტი ვარ, მაგრამ დამაჯარიმეს“ – რას ჰყვებიან ავტობუსის მგზავრები და კონტროლიორები

მუნიციპალური ტრანსპორტის, კერძოდ, ავტობუსის მგზავრები ვალიდატორების გაუმართაობაზე ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ გატარებულ ბარათებს ვალიდატორი ხშირად არ კითხულობს, რის გამოც კონტროლიორები მათ დაუმსახურებლად აჯარიმებენ.

იგივე პრობლემა ექმნებათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ანუ იმ კატეგორიას, ვისაც უფლება აქვს, უფასოდ იმგზავროს. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის განმარტებით, მისი შვილი ავტობუსში ყოველ ჯერზე ატარებდა ბარათს, მაგრამ ვალიდატორი არ კითხულობდა და ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა – „უცნობი ბარათი“. როგორც მშობელი ამბობს, ეს კონტროლიორმაც შეამჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დააჯარიმა მოზარდი და შუა გზაში ავტობუსიდანაც ჩამოსვა.

მშობელს აინტერესებს, როგორ შეძლებს მოსწავლე ჯარიმის გადახდას და/ან რატომ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა, როცა უფლება აქვს უფასოდ იმგზავროს?

იმავე ისტორიას ჰყვება „ბათუმელებთან“ სოფო ხოზრევანიძეც, რომელიც სტუდენტია. სოფო გვიყვება, რომ რამდენიმე დღის წინ ავტობუსში ჩვეულებრივად გაატარა ბარათი, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, პროგრამაში არ აისახა: – ავტობუსის ვალიდატორმა დააფიქსირა, რომ ბარათი გავატარე. მგზავრებმაც დაინახეს, რადგან მელოდებოდნენ, სანამ ბარათს ვატარებდიო.

სოფოს თქმით, კონტროლიორის შესამოწმებელმა მოწყობილობამ, სხვა მგზავრების ბარათებისგან განსხვავებით, მის ბარათზე გატარება არ დააფიქსირა.

„აპარატი აფიქსირებდა, რომ ბოლოს ბარათი ერთი დღის წინ მქონდა გამოყენებული. ვუხსნიდი კონტროლიორს, რომ დარწმუნებული ვარ, გავატარე ბარათი-მეთქი. სხვა მგზავრებიც ეუბნებოდნენ, რომ გატარებული მქონდა, მაგრამ კონტროლიორი მაინც არ იჯერებდა – სწრაფად ჩამოდიო, ბარათი არ მომცა და იძულებული ვიყავი, გავყოლოდი.

ვითხოვდი ავტობუსის კამერების ნახვას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარათი გავატარე, ან ვალიდატორს აქვს ხარვეზი, ან თქვენი ხელსაწყოს პრობლემაა-მეთქი“, – გვიყვება სოფო.

მისი თქმით, კონტროლიორი ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ პოლიციის გამოძახებით დაემუქრა: „მინდოდა გამოეძახებინა პოლიცია, მაგრამ არ იძახებდა, აჭიანურებდა. ვაგვიანებდი უნივერსიტეტში. ბოლოს დამიწერა ჯარიმა და წამოვედი. ცხელ ხაზზეც ვერ დავრეკე, არ ვიცოდი სად უნდა დამერეკა. ვთხოვე, სტუდენტი ვარ, ბარათსაც ეტყობა, რომ სტუდენტი ვარ და როცა გადაამოწმებთ, თვითონაც ნახავთ-მეთქი. მაინც დამაჯარიმა“.

როგორც სოფო ამბობს, ამ ამბის გამო ძალიან ინერვიულა, რადგან თავი არაკომფორტულად იგრძნო და დაინტერესდა მსგავსი შემთხვევები სხვებსაც ხომ არ ჰქონდათ.

„ბევრმა სტუდენტმა დამიდასტურა, რომ თავადაც ჰქონიათ იგივე შემთხვევები. კონტროლიორები ადიან ავტობუსში, თუ ვინმეს იცნობენ, არც კი აინტერესებთ, გაატარა თუ არა ბარათი. ბარათის არ ქონის მიუხედავადაც არაფერს  ეუბნებიან.

მე შევხვედრივარ, როგორ დატოვეს ავტობუსში რუსი ტურისტები კონტროლიორებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი არ ჰქონდათ. [მგზავრებმა] რუსულად უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ბარათი და ავტობუსიდან კონტროლიორი ისე ჩავიდა, თითქოს არაფერი“, – ამბობს სოფო.

„ბათუმელები“ ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორს, ლევან ლაზარიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბათუმის ავტოტრანსპორტის სამსახურისთვის აქამდე არც ერთხელ მიუმართავთ მოქალაქეებს, რომ ტერმინალები შეიძლება ბარათებს არ კითხულობდეს.

„პირველად მესმის, სიმართლე გითხრათ, არავის არ მოუმართავს და არც პირად საუბრებში უთქვამს ვინმეს, რომ გადახდის პრობლემა აქვთ [ავტობუსებში]. თუ ვინმე მოგვმართავს, რეაგირება გვექნება კონკრეტულად იმ ავტობუსში, სადაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ არავის მოუმართავს ჩვენთვის“, – გვითხრა ლევან ლაზარიაშვილმა.

„ბათუმელები“ რამდენიმე კონტროლიორსაც ესაუბრა. მათი თქმით, რადგან კოვიდ პანდემიის დროს, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არ მოწმდებოდა სამგზავრო ბილეთები, მგზავრების დიდი ნაწილი გადაუხდელად მგზავრობას შეეჩვია და კონტროლიორების დაბრუნებას ვეღარ ეგუებიან.

კონტროლიორ ირმა ბასილაძის თქმით, ერთ ავტობუსს დღეში მინიმუმ 500 მგზავრი მაინც უნდა გადაჰყავდეს, მაგრამ, როცა არ მუშაობდნენ, ვალიდატორზე მხოლოდ 20-30 ადამიანის გადაადგილება ფიქსირდებოდა.

„ყველაზე დიდ პრობლემას ის აჩენს, რომ ყველას, ვინც არის შშმ პირი, პენსიონერი, სტუდენტი, მოსწავლე, „უფასო ბარათები“ აქვს და მათ ჰგონიათ, რომ რადგან უფასოდ მგზავრობენ, ბარათის დაფიქსირება საჭირო აღარ არის. ამ შემთხვევაში [მათი ტრანსპორტირების საფასურს] ყველა დაფიქსირებულ [გადაადგილებაზე] სახელმწიფო იხდის, არა? სახელმწიფომ დააკანონა ის, რომ ეს „უფასო ბარათი“ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს. თუ სახელმწიფომ მათ მისცეს ისეთი დოკუმენტს, რომ ბარათის გატარება არ იქნება სავალდებულო. წარმომიდგენს იმ საბუთს და მორჩა…  „მე მაინც უფასო ბარათი მაქვს და არ ვატარებ“ – ეს არის ძირითადი პრობლემა, რაზეც ვუწერთ მოქალაქეებს ჯარიმებს“, – გვითხრა ირმა ბასილაძემ.

კონტროლიორის თქმით, ხშირად აჯარიმებენ უცხოელ მგზავრებსაც: „ადამიანი დღეს თუ ჩამოვიდა, ვხედავთ, რომ ჩანთებითაა და ვერ გარკვეულა ჯერ, ბევრჯერ გაგვიტარებია, გვითქვამს, რომ შეიძინოს ბარათი და ვაკვალიანებთ, როგორ შეძლებს ამას. ველურები არ ვართ, ვეცეთ, გინდა თუ არა უნდა დაგაჯარიმოთო“.

ირმას თქმით, ბევრჯერ მიუღიათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც – „ადამიანი მეუბნება, არ მინდოდა, არ გავატარე და ვნახოთ, რას იზამთო. ამ შემთხვევაში პოლიციას ვიძახებთ და ის ახდენს რეაგირებას“.

როგორც ირმასგან ვიგებთ, პოლიციის გამოძახება კვირის განმავლობაში ხან ერთხელ, ხან საერთოდ არ სჭირდებათ და თავად ახერხებენ მგზავრების უკმაყოფილებას გაუმკლავდნენ.

ირმა და ლუდმილა დოგარი ერთ გაჩერებაზე დგანან მგზავრების შესამოწმებლად. ლუდმილა ამბობს, რომ არიან მგზავრები, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის გადაუხდელობის გამო პასუხისმგებლობას იღებენ და როცა ჯარიმას წერს კონტროლიორი, აგრესიას არ ავლენენ. მაგრამ, ძირითადად, მგზავრები აგრესიულები არიან ჯარიმის დაწერის დროს.

„ჩვენ ვცდილობთ მგზავრთან კონფლიქტში არ შევიდეთ, ძალიან არ გაგვიგრძელდეს კომუნიკაცია მათთან. რა თქმა უნდა, თუ მგზავრს არ აქვს გადახდილი საფასური, აუცილებელია დაჯარიმდეს.

ვალიდატორები ყველა ავტობუსში მოწესრიგებულია. თუ ავტობუსში ზის 15 კაცი და ყველას აქვს დაფიქსირებული გადახდა და ერთი მგზავრი გეუბნება, რომ გავატარე და არ გატარდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, მართალია ის მგზავრი? მე ვფიქრობ, რომ არა. სადაც 15-მა და 50-მა კაცმა დააფიქსირა გადახდა, რა თქმა უნდა, მასაც უნდა მოეხერხებინა. ამიტომ ეს არ არის გასამართლებელი საბუთი, რომ მივადე [ბარათი] და არ გატარდა“, – გვითხრა ლუდმილამ.

ლუდმილას თქმით, ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, მგზავრს კამერის ჩანაწერის ნახვა მოენდომებინა, მაგრამ მგზავრს უფლება აქვს, სატრანსპორტო სამსახურში მივიდეს და იქ მოითხოვს ვიდეოჩანაწერის ჩვენება. „თუ ჩათვლიან საჭიროდ, აჩვენებენ. ჩვენ არ ვეხებით კამერებს“.

კონტროლიორების კონტექსტში მგზავრები კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებენ – ავტობუსი გაჩერებაზე იქამდე იცდის, ვიდრე კონტროლიორები ყველა მგზავრის ბარათს არ შეამოწმებენ. ამ დროს შეიძლება გაჩერებაზე სხვა ავტობუსიც ჩამოდგეს. სწორედ ამ წესის გამო, ავტობუსს და შესაბამისად, მგზავრებსაც, რომელსაც კონტროლიორები ამოწმებენ, დიდხანს უწევთ ერთ ადგილზე დგომა.

„ავდივართ ავტობუსში და ვამოწმებთ იქვე. სხვადასხვა გაჩერებამდე ავტობუსს არ მივყვებით“, – ამას ადასტურებენ კონტროლიორებიც.

„ბათუმელებთან“ საუბრისას კონტროლიორებმა აღნიშნეს ისიც, რომ ჭორია, თითქოს, ხელფასზე ბონუსები ერიცხებათ იმის მიხედვით, თუ რამდენ მგზავრს დააჯარიმებენ: „არანაირი ბონუსი ჩვენ ჯარიმების დაწერაში არ გვაქვს“.

____

ამავე თემაზე:

აღმაშენებლის წრიულზე მოძრაობა შეიზღუდა – ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა

მე მოგიყვებით ქვეყანაზე… – ანდრეი მაკარევიჩის ახალი სიმღერა რუსეთზე

ცნობილი რუსი მუსიკოსი, როკჯგუფის Машина Времени-ს ფრონტმენი, ანდრეი მაკარევიჩი ფეისბუქზე ახალ სიმღერას აქვეყნებს. სიმღერა ქვეყანაზეა, სადაც დედები შვილებს სიკვდილზე გზავნიან, ეკლესია ეშმაკების ხელშია, ხოლო მღვდლები მკვლელობისკენ მოგიწოდებენ.

„მე მოგიყვებით ქვეყანაზე, სადაც ნათელი უკუნის ტყვეა,“ – ასე იწყება მაკარევიჩის სიმღერა, რომლის ტექსტშიც, მართალია, რუსეთი არსადაა ნახსენები, თუმცა ყველაფერი სწორედ დღევანდელ რუსეთზეა..

როკმუსიკოსი მსმენელს უყვება ქვეყანაზე, სადაც თუ გადარჩენა გინდა, დუმილი უნდა ისწავლო, რადგან ერთი ფრაზისთვისაც კი ჩაგაყუდებენ; ქვეყანაზე, რომელმაც სულელურად დაიწყო ომი და სადაც ადამიანებს ტენიან ბოდვას, თითქოს „მთელი მსოფლიო მათზე თავდასხმას აპირებს“.

„სადაც ტაძარში შეუშვეს სატანა.
დედა სიკვდილზე უშვებს თავის შვილს,
მღვდელი კი თქვენთან მკვლელობას ითხოვს.“

ანდრეი მაკარევიჩი სიმღერას მათდამი მიმართვით ასრულებს, ვისაც ასეთი ქვეყნის არსებობის არ სჯერა.

 „ამაზე გეტყვით: იცი რა, მიბრძანდით – იცხოვრეთ.“

ანდრეი მაკარევიჩმა უკრაინას მხარდაჭერა ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე, 2022 წლის თებერვალში გამოუცხადა. იმავე წლის მაისში რუსეთის ქალაქებში მისი როკბენდის ყველა კონცერტი გაუქმდა.

სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ანდრეი მაკარევიჩი უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა.

რუსეთი მეკობრეთა ხელშია – ნოვოდვორსკაიას 15 გამონათქვამი პუტინზე, რუსეთსა და უკრაინაზე

ვალერია ნოვოდვორსკაია (1950-2014) – საბჭოთა დისიდენტი, რუსი პოლიტიკოსი, მწერალი და პუბლიცისტი. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე მოასწრო და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, რაც შემდეგ წლებში მოხდა და ხდება დღესაც.

ანტიკომუნისტი ნოვოდვორსკაია ძალიან კარგად ხვდებოდა, რას ნიშნავდა „კაგებესა“ და „ჩეკას“ რესტავრაცია და რუსეთის სათავეში ვლადიმერ პუტინის მოსვლა. ყირიმის ანექსიის შემდეგ, მან უპირობოდ დაუჭირა მხარი უკრაინას და 2014 წლის აპრილში, სიკვდილამდე სამი თვით ადრე, ერთგულება შეჰფიცა.

„ნოვოდვორსკაია ყოველთვის ადეკვატური იყო. ის საკუთარ შეხედულებებს არ იცვლიდა იმისთვის, რომ პუბლიკისთვის თავი მოეწონებინა,“ – თქვა მისმა მეგობარმა კონსტანტინ ბოროვოიმ.

Новое Время-მ თავი მოუყარა ნოვოდვორსკაიას 15 გამონათქვამს პუტინზე, რუსეთსა და უკრაინაზე.

პუტინზე

  1. პუტინი – ჩეკისტი ნაძირალა, პოლიტიკური არარაობა და სტალინისტია, შურისმაძიებელი და სასტიკი. პუტინს ერთი კარგი რამეც კი არ გაუკეთებია, მას შეცდომებიც კი არ აქვს – მხოლოდ დანაშაულები, შეგნებულად ჩადენილი.
  2. ჩეკისტების ახლანდელი რეჟიმი – პტეროდაქტილები არიან და გაგიგიათ კი როდისმე, პტეროდაქტილებს რამე შეექმნათ? მათ მხოლოდ გაჯიჯგვნა შეუძლიათ.
  3. მე პუტინზე ვარ დაქორწინებული… ვიცი, რომ მომინელებს. ის ახალგაზრდაა და სპორტული, მე ბებერი და ავადმყოფი ვარ. და საშინელებაა, რომ ჩვენი გონებრივად განუვითარებელი უღმერთო შვილი, სახელად რუსეთი, მას დარჩება და აღარავინ იქნება, რომ ეს ობოლი შეიცოდოს მაინც…
  4. პუტინი ბევრად მშვიდად იცხოვრებდა, ხალხისთვის რომ დემოკრატია არ წაერთმია. რუსეთის ჯანდაცვა და დემოკრატები გაფრთხილებენ: ავტოკრატია და დიქტატურა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ბუმერანგის კანონია.

რუსეთსა და რუსებზე

  1. ჩვენი ხომალდი – რუსეთი – მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში… მხოლოდ ფანატიკოსები, საქონელი და „სოვოკები“ (საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანი) შეიძლება იყვნენ აქ ბედნიერი. მოაზროვნე ადამიანი რუსეთში ბედნიერი ვერ იქნება.
  2. რუსები არ ნებდებიან, თათებაწეული „სოვოკებისგან“ განსხვავებით. რუსეთში ხუთი პროცენტია რუსი, ვარიაგი, ვიკინგი, ევროპელი, სკანდინავიური ტრადიციის მატარებელი. დანარჩენები – რეპტილიები, ამებები და ინფუზორია-ქალამანები არიან.
  3. ამპარტავნობა და ფანატიზმი ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი უბედურება, მობილიზაცია პირველმა სწორედ ნიკოლოზ II-მ გამოაცხადა ბალკანეთში მორიგი სლავური ფანტაზიების, მოთხოვნების, პრეტენზიებისა და „ინტერესების“ გამო, ერთი სიტყვით იმპერიული ბოდვის გამო, ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის ფასად.

უკრაინაზე და ომზე

  1. უკრაინელი ჯარისკაცები იხოცებიან, რათა გადარჩეს მათი ქვეყანა, სახელად უკრაინა; რათა ჩვენი წყეული, საცოდავი, მონური, ბოროტი რუსეთისგან გათავისუფლდეს. მე უკვე როგორც ამ რუსეთის მცხოვრები გეუბნებით, მე ვიცი, რაც ხდება ჩვენთან.
  2. როგორც ჩანს, ყირიმული ანშლუსის ერთადერთი ამოცანა ლივადიაში ახალი ძეგლის დადგმაა: ზის სტალინი ჩიბუხით და აქეთ-იქით ორი ცარიელი სავარძელია. დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები წავიდნენ და თან წაიღეს იმედი, თავისუფლება, პროგრესი და ცივილიზაცია. წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიან.
  3. ძვირფასო დონბასელო „ოპოლჩენცებო“. იგივე სეპარატისტებო და იგივე ტერორისტებო და კიდევ რას არ დაგარქმევენ ისტორიაში, თქვენ ჯერ წარმოდგენაც კი არ აქვთ. მე რუსი ვარ და კიევიდან კი არ გირეკავთ, გირეკავთ მოსკოვიდან. როგორც ჩანს, თქვენთვის ჯერ არავის უთქვამს სიმართლე იმაზე, როგორი ბედი გელით და როგორ დაგახურდავებთ მოსკოვი. ჩემო ძვირფასებო და კარგებო, რისთვის აპირებთ სიკვდილს? ჩვენ აქ არანაირად არ გვესმის, რისთვის იკლავთ თავს და ვისთვის. ნუთუ იმ რუსული ტელევიზიის გამო, რომლის ყურებაც ზედმეტი მოგივიდათ?
  4. თავისუფალი ადამიანების დღევანდელი პაროლია „დიდება უკრაინას!“ და პასუხი – „გმირებს დიდება!“. ძალიან გთხოვთ, გადაარჩინეთ უკრაინა, ეს ერთადერთია, რასაც რუსეთის გადარჩენა შეუძლია.
  5. ხედავთ, ვინ იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას – ქვეყნები, რომლებმაც თვითონ როგორღაც უნდა იცხოვრონ. ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა… მათ ჯერ კიდევ არ დავიწყებით, რას ნიშნავს უღელი, ამიტომაც არჩევენ კეთილსა და ბოროტს.
  6. საბჭოთა კავშირმა გაჭყლიტა და დაასახიჩრა აღმოსავლეთ უკრაინა, მაგრამ საერთო უკრაინული სულის შეცვლა მაინც ვერ შეძლო. და აი, ცივი ომიდან 23 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავაც ჩვენს მძიმე თათს ვადებთ. ის თავზარდაცემული გვხდება: საბრალო, სუფთა უკრაინა, არც ხელებზე აქვს ჩეჩნური სისხლი და არც გულში აქვს იმპერიული საწამლავი. ბლოკი მართალს ამბობდა: ჩვენ სკვითები ვართ. გამოვდებთ ქამანდს და მივათრევთ მიწაზე მონობისკენ, ტყვეობაში.
  7. ჩვენი დღევანდელი ბედი ისეთი სამარცხვინო და მძიმეა, რომ უკრაინელები მას შავი ჭირივით გაურბიან, ეძებენ და პოულობენ საკუთარ ფესვებს ზაპოროჟიელთა თავისუფლებაში, ჰეტმან მაზეპას აჯანყებაში, ნაციონალისტებისა და პარტიზანების თავდაცვაში, სტეპან ბანდერას პატრიოტიზმში.
  8. გაუფრთხილდით უკრაინას, ის – კაცობრიობის იმედია. უკრაინა – ეს ის სლავი ხალხია, რომელიც შინ დარჩა.

შუახევი ჰესის ინვესტორები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ენერგო სექტორის უმსხვილესი ინვესტორები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს  შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს შუახევი ჰესი და შეხვდნენ ქართველ ინჟინრებს, რომლებიც წარმატებით მართავენ საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენერგო ობიექტს.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ენერგო სექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიის მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 550 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. დღეს, შუახევი ჰესი დადგმული სიმძლავრით არის ყველაზე დიდი ენერგო ობიექტი ენგურის შემდეგ. შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს დაიწყო. შუახევი ჰესი დაახლოებით 5% ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას.

შუახევი ჰესის პროექტმა ქართულ ენერგო სექტორში შექმნა კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებით. დაფინანსებულია ასობით საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტი, ორმოცდაათამდე მცირე ბიზნესი.

თურქეთში 90 წლის ქალი და 77 წლის კაცი დაქორწინდნენ – ისინი 7 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს

თურქეთში 90 წლის ქალმა და 77 წლის კაცმა იქორწინეს, რომლებმაც ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს საავადმყოფოში.

ხანდაზმული წყვილის ქორწინება მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. თურქული მედიის ცნობით, ქორწინების ინიციატორი 90 წლის ქალი იყო, სწორედ მან შესთავაზა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება 77 წლის შეყვარებულს, რომელიც 4 შვილის მამაა და წლებია ქვრივია.

მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როცა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით ერთსა და იმავე კლინიკას მიმართეს. მაშინ ორივე გამოჯანმრთელდა, თუმცა ურთიერთობა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც გააგრძელეს და წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე მოწმეები იმ კლინიკის თანამშრომლები იყვნენ, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.

__________

ფოტო: haberturk.com

თხილის ჯოხებით ქსოვის ოსტატი ქედიდან

55 წლის გენადი სურმანიძე ქედაში, სოფელ დოლოგანში ცხოვრობს და ბავშვობიდან გოდრებს, კალათებს, ხილის საკრეფს, მცირე ზომის სუვენირებსა და სხვა ნივთებს ქსოვს ველური თხილის ჯოხებისგან.

გენადის თქმით, თხილის ჯოხებისგან ამა თუ იმ ნივთის მოქსოვა ბავშვობაში მამისა და ბაბუისგან ისწავლა. პირველად დამოუკიდებლად გოდორი 15 წლისამ მოქსოვა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია „ხესთან ურთიერთობა“. მისი თქმით, ახლა ამ საქმეს პრაქტიკულად აღარავინ აკეთებს და ძალიან არ უნდა ეს ხელობა საბოლოოდ მიეცეს დავიწყებას.

გენადი გვიხსნის, თუ როგორ იქსოვება გოდორი. მისი თქმით, საქსოვი მასალის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს. სწორი, საშუალო სიგრძისა და ერთი სისქის თხილის ჯოხებია საჭირო. შემდეგ თხილის ჯოხებს შეშის ღუმლის თავზე ცალ-ცალკე მოთბობა სჭირდება, რომ დარბილდეს და მასალაზე მუშაობა გამარტივდეს, არ გატყდეს. შემთბარ თხილის ჯოხებს შუაზე ხლეჩს, თლის.

„საქსოვად გამზადებული მასალა დიდხანს არ უნდა გააჩერო. ხეს თუ დიდხანს გააჩერებ, გამოხმება და შემდეგ საქსოვად აღარ ივარგებს, მარტივად გატყდება. იქამდე უნდა მოიქსოვო ნივთი, სანამ საქსოვი მასალა ნედლია“, – გვეუბნება გენადი. იხსენებს, რომ 5-6 წლის წინ დასაქმებული იყო და სანამ საქსოვად მოიცლიდა, მასალა უხმებოდა, რის გამოც ძალიან გაუჭირდა ქსოვა. ხშირად უტყდებოდა და უფუჭდებოდა მასალა.

გენადი ყველაზე კარგ სამუშაო მასალად ველური თხილის ხეს ასახელებს.

ქსოვას გენადი გოდრის ძირის მოხაზვისა და ღერძის შეკვრის შემდეგ იწყებს. „თუ სხვა საქმით არ დაკავდები, ერთი გოდრის მოქსოვას 5 დღეში შეძლებ, მაგრამ სხვა საქმე არ უნდა გქონდეს“, – გვიხსნის გენადი. ის, ძირითადად, შემოდგომის მიწურულსა და ზამთარში ქსოვს. როგორც ამბობს, ყველაზე დიდი დრო გოდრის მოქსოვას სჭირდება.

გენადი სურმანიძის მიერ მოქსოვილი ნივთები

„ჩემ ბავშვობაში სოფელში ბევრმა იცოდა ამ საქმის კეთება, ხისგან ქსოვა. ახლა სოფელში 30 ოჯახი ვცხოვრობთ და მხოლოდ მე ვქსოვ. ყველა ჩემთან მოდის, მთხოვენ მოვუქსოვო ესა თუ ის ნივთი, რაც სჭირდებათ. მე ვერ დავდივარ შორს [ჯანმრთელობის პრობლემების გამო], ვუხსნი, როგორი მასალა სჭირდება ქსოვას, მათ თვითონ მოაქვთ და მე ვუქსოვ“, – გვიყვება გენადი.

გენადის თქმით, მზად არის სრულიად უსასყიდლოდ ასწავლოს ეს საქმე სხვებს, მაგრამ ვერავინ დააინტერესა.

„ჩემი აზრით, ეს ხელობა უკვე მიცემულია მივიწყებას. არავის აღარ აინტერესებს, არავის აღარ უნდა აღარც გოდორი და აღარც კალათი.

ახალგაზრდებს სოფელში სულ ვეუბნები ისწავლეთ, კარგი ხელობაა-მეთქი, მაგრამ არ აინტერესებთ. ჩემს შვილებსაც ეზარებათ ამის სწავლა და კეთება“, – გვითხრა გენადიმ.

ოსტატის თქმით, ახლა არც ერთი ნივთის მოქსოვა არ უჭირს, რადგან ამ საქმეში ხელი კარგად აქვს გაწაფული. გენადი ყოველთვის მარტო ქსოვდა, ასეა დღემდე, თუმცა, როგორც ის ამბობს, ოჯახის წევრები ყოველთვის მხარს უჭერენ და არწმუნებენ, რომ ამ საქმის კეთება არ უნდა შეწყვიტოს.

„გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ახლა დიდ დროს ვატარებ სახლში და რადგან მეზობლები ხშირად მთხოვენ სხვადასხვა ნივთის მოქსოვას, ვუქსოვ, თავსაც ვირთობ. ეს საქმე განტვირთვაში მეხმარება.

ზამთარში ყოველთვის სახლში ვაკეთებ ხოლმე ამ საქმეს. დავჯდები ფეჩთან, შეშას შევუკეთებ, ვთბები და თან ვქსოვ“, – გვიყვება გენადი.

გენადის სახელოსნო არასდროს ჰქონია, რადგან სახელოსნოს მოწყობას ფინანსები სჭირდება, რასაც მარტო ვერ გასწვდება.

გენადი ბევრ მსურველს სრულიად უფასოდ უქსოვს მისთვის სასურველ ნივთს. ზოგიერთი თავისი სურვილითა და ამ საქმის პატივისცემის ნიშნად ასაჩუქრებს ხისგან ქსოვის ოსტატს, თორემ თავად არასდროს ჰქონია განსაზღვრული რაიმე კონკრეტული საფასური ამა თუ იმ ნივთის მოქსოვისთვის.

 

გენადი სურმანიძის მიერ მოქსოვილი ნივთები

„ბინძურ ბომბზე“ შოიგუს განცხადების გამო უკრაინა ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტებს იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში არსებულ მშვიდობიან დაწესებულებებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მოიწვია. როგორც კულება წერს, რუსეთის „ცრუ ბრალდებების“ პასუხად, უკრაინა რჩება გამჭვირვალე და „დასამალი არაფერი აქვს“.

„რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სასწრაფოდ გამოგზავნოს ექსპერტები უკრაინაში იმ მშვიდობიან დაწესებულებებში, რომლებშიც ბინძური ბომბის განვითარებაზე ავრცელებს ცრუ ბრალდებებს რუსეთი. ის დათანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ NATO-ს ქვეყნების სულ მცირე სამ თავდაცვის მინისტრს დაურეკა, კოლეგებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უმტკიცებდა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციას გეგმავდა.

ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, უკრაინამ 23 ოქტომბერსვე დაგმო რუსეთის დაუსაბუთებელი პრეტენზიები იმის შესახებ, რომ კიევმა შესაძლოა გამოიყენოს „ბინძური ბომბი“ – ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც აღჭურვილია რადიოაქტიური მასალით.

რუსეთის ბრალდებები უარყო აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომაც.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს, რომ თავად რუსეთი ამზადებდეს მსგავს თავდასხმას.

რატომ აყარეს ქვის ფილები ბსუ-ს ეზოში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქვის ფილები აყარეს.

ბსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ეზოში უნდა შეიცვალოს წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო და ელექტრომომარაგების სისტემები.

„გათვალისწინებულია მიწისქვეშა სისტემების სრული რეაბილიტაცია, სკამების, დეკორატიული სანათებისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა“ – გვითხრეს ბსუ-ში.

ესკიზის მიხედვით, ასეთი უნდა იყოს ბსუ-ს რეაბილიტირებული ეზო.

სამუშაოებისთვის 518 000 ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს „ლეგიონი“ შეასრულებს.

კითხვაზე, სად წაიღებენ აყრილ ქვის ფილებს, ბსუ-ში გვითხეს, რომ ქვის ფილებს დაასაწყობებენ და ეტაპობრივად გამოიყენებენ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სასწავლო კამპუსების ტერიტორიის მოსაპირკეთებლად.

არასწორია, რომ „რუსები ხერსონიდან გარბიან“. ისინი თავდაცვისთვის ემზადებიან – ბუდანოვი

რუსები მხოლოდ ქმნიან ილუზიას, რომ ხერსონს ტოვებენ, სინამდვილეში ქალაქში ახალი სამხედრო დანაყოფები შეჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან – ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი, რომელმაც ვრცელი ინტერვიუ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მისცა.

მისი თქმით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობს“, შესაძლოა, მართლაც ამზადებდეს რუსეთის საზოგადოებას ხერსონის „დაკარგვის“ ან ჩაბარების შემთხვევისთვის. თუმცა ახლა იმის თქმა, რომ „რუსები ხერსონიდან გარბიან“, არასწორია.

„ბევრ ასპექტში ეს საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაციაა. არის გარკვეული ფაქტები, მაგალითად, გაჰყავთ ფინანსური სტრუქტურები, რომლებიც რუსებმა იქ შეიყვანეს. გააქვთ პირადი ქონება, სერვერები, გაჰყავთ საოკუპაციო ხელისუფლება, გაჰყავთ დაჭრილები, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გაწერონ კლინიკებიდან ყველა, ვისაც კი სიარული შეუძლია და აწარმოებენ ამ გამწარებულ საინფორმაციო კამპანიას, რომ „ვზრუნავთ ადამიანებზე“. ქმნიან ილუზიას, რომ აი, ყველაფერი დაიკარგა. ამავე დროს, პირიქით, ქალაქში ახალი დანაყოფები შეჰყავთ და ქალაქის ქუჩებს თავდაცვისთვის ამზადებენ,“ – ამბობს კირილო ბუდანოვი.

სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის აზრით, რუსებმა იციან, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიბრუნებენ კონტროლს კახოვკის ჰესზე, რომელზეც ახლა ერთადერთი სრულფასოვანი სატრანსპორტო არტერია გადის, „მათ ძალიან სწრაფად მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება“ ან „ძალიან სწრაფად მოუწევთ ქალაქის დატოვება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთივე ვითარებაში აღმოჩნდებიან, როგორშიც გაზაფხულზე უკრაინელები აღმოჩნდნენ მარიუპოლში.

„და ეს ყველაფერი რომ ესმით, ამიტომაც ამზადებენ საფუძველს, რომ თუ საჭირო გახდება, ძალიან სწრაფად გავიდნენ იქიდან, თუმცა ახლა გასვლისთვის ისინი არ ემზადებიან, ახლა ისინი ემზადებიან თავდაცვისთვის,“ – დასძენს ბუდანოვი.

კითხვაზე – დაიბრუნებს თუ არა უკრაინა წლის ბოლომდე ხერსონს – ბუდანოვის პასუხია – კი.

სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ არსებობს კახოვკის დამბის აფეთქების საფრთხე, თუმცა მისი ინფორმაციით, მხოლოდ ნაწილობრივ.

„დიახ, მართალია, რომ დამბა ნაწილობრივ დანაღმულია. ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს. რა თქმა უნდა, რთულია, რუსების სისულელე რაიმე ლოგიკით შეაფასოს ადამიანმა, მაგრამ ასე გეტყვით: ამ დამბის აფეთქება ნამდვილად ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, მაგრამ რას მიიღებენ ამით რუსები? მეორე – შესაძლებელია ნაწილობრივ აფეთქება და არა მთლიანად, მით უმეტეს, რომ იქ დამბის მთლიანად ასაფეთქებლად სამუშაოები მათ არ ჩაუტარებიათ, დანაღმვა ჩატარებულია ნაწილობრივი ნგრევისთვის, თუ ეს საჭირო გახდება. ამ მასშტაბის კონსტრუქციის გასანადგურებლად საჭიროა ათობით ტონა ასაფეთქებლის სწორად განლაგება, უბრალოდ კამაზის დაყენებით შედეგს ვერ მიიღებ“.

ბუდანოვის თქმით, თუ რუსები დამბას ნაწილობრივ ააფეთქებენ, ჩრდილოყირიმის არხის შენარჩუნებასაც შეძლებენ და უკრაინელთა წინსვლასაც შეუშლიან ხელს:

„ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ მათ სრული განადგურება ჩაიფიქრეს, თანაც დამბა სრულად არაა დანაღმული.“ 

უკრაინის მთავარი მზვერავის პროგნოზით, „დრონების ტერორი“ უკრაინის მასშტაბით შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა „რაკეტების ტერორისთვის“ რუსეთს რესურსი აღარ დარჩა.

„მარაგები თითქმის ამოწურულია. „ისკანდერებიდან“ დაახლოებით 13 % დარჩათ, „კალიბრებში“ – დაახლოებით 43 %, Х-101 და Х-555 – ასევე დაახლოებით 45%. 30 %-ზე ქვემოთ ჩამოსვლა უკვე ძალიან საშიშია, რადგან ეს უკვე ხელშეუხებელი მარაგია. „ისკანდერებში“ რუსეთი უკვე კარგა ხანია ჩამოსცდა ამ ნიშნულს, მაგრამ სხვა რაკეტებში ჯერ კიდევ ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას“, – ბუდანოვის შეფასებით, სწორედ რაკეტების ნაკლებობის, მათი ნაკლები სიზუსტისა და ეფექტიანობის გამო გახდა რუსეთი იძულებული, ირანული დრონების გამოყენება დაეწყო.

რამდენი ირანული დრონი დარჩათ რუსებს? – ბუდანოვის თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. 22 ოქტომბრის მონაცემებით, რუსებს უკრაინაში უკვე გაშვებული ჰქონდათ დაახლოებით 330 „შაჰედი“, მათგან 222 უკრაინამ ჩამოაგდო.

„მხოლოდ 30% აღწევს მიზანს. ერთ პარტიაში კი დაახლოებით 300 დრონია. მათ ყველა ტიპის 1 700 დრონი შეუკვეთეს, ახლა უკვე იხარჯება მეორე პარტია. 1 700 შეუკვეთეს, მაგრამ ამ დრონებს დამზადება ხომ უნდა, ამიტომაც აქაცაა გარკვეული პრობლემები,“ – ამბობს სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, რომლის პროგნოზითაც რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულში დასრულდეს.

Exit mobile version