მთავარი,სიახლეები

ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი

29.12.2022 • 1983
ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი

„თქვენ ღამით ნახეთ, მაგრამ ვერ დაინახავთ გზაზე შუქებიც აღარ არის“, – ასე ეხმიანება მოქალაქე „ბათუმელების“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ასახავს. ჩაბნელებული ქუჩები და ორმოები ბათუმში სოციალურ ქსელში ხშირად არის მწვავე დისკუსიის საგანი, ზოგჯერ კი შესაბამისი უწყებების [ვისაც ქალაქის მოვლა-პატრონობა ევალება] კრიტიკის და დაცინვის მიზეზიც ხდება.

„ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით ჩაბნელებულია: სოხუმის ქუჩის ერთი მონაკვეთი #50 – დან 58 – ის ჩათვლით, ჯავახიშვილის ქუჩა, მაჭავარიანის ქუჩის ნაწილი, ბაგრატიონის ქუჩა, წერეთლის ქუჩის ნაწილი, 9 მარტის ქუჩის ნაწილი, გოგოლის ქუჩა, სკვერი გოგებაშვილზე, ანგისის პირველი შესახვევი, ინასარიძის ქუჩა, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის დიდი ნაწილი, სვიმონ კანანელის ქუჩა გონიოში, გოთუას ქუჩა, ივანე მესხის ჩიხი, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი – კვლევითი ინსტიტუტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ევგენი მიქელაძის ქუჩა.

ამას ემატება ისიც, რომ ბევრი ქუჩა ამორტიზებულია და გადაადგილება, როგორც მანქანით, ასევე ქვეითებისთვის არ არის უსაფრთხო. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის, მით უმეტეს თუ ქუჩაზე განათებაც გამორთულია. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა ბაგრატიონისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე, სადაც გზის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების გაყვანისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ბაგრატიონის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია:

ბათუმის მერიის საჯარო განცხადებებითა და „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ბაგრატიონის ქუჩა დაუსრულებლად რეაბილიტირდება. 2014 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 23 მილიონ ლარი და 16 მილიონ ევრო დაიხარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის სამი მერი შეიცვალა.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაცია კი ისე დაიგეგმა, რომ გადაადგილების შეზღუდვა გათვალისწინებული არ ყოფილა – ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა ორი ხიდსაც აფართოებენ. ეს კი, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა მოქალაქეების სამსახურებში მიდიან და საღამოს სამსახურების, სკოლებისა და ბაღების მუშაობის დასრულების დროს, რამდენიმესაათიან საცობს ქმნის. სიტუაციის განსამუხტად აქ რამდენიმეჯერ მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის გამოძახებაც კი დასჭირდათ.

ხელვაჩაურის გზაზე საცობის გამო სასწრაფო სამსახურის მანქანა 1 საათით შეფერხდა

ღამის საათებში ამ ქუჩას განათების პრობლემაც ემატება, ქუჩის გრძელ მონაკვეთზე განათების ბოძებზე არცერთი ნათურა არ ანთია. მძღოლები უჩივიან დაბალი განათების პრობლემასაც, ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთ მონაკვეთში, სადაც თითქოს ქუჩა განათებულია – „განათება ძალიან დაბალია“.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი

„ღამით კომპანიის ხალხი მიდის – ტოვებენ ამოთხრილ ორმოებს, ტექნიკას, ქვეითებისთვის აქ გადაადგილება ღამით ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის“, – ამბობს ნანა შარაშიძე. ის ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს და ამ ქუჩაზე ქვეითად მოძრაობა ყოველდღე უწევს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთი მონაკვეთი სარიტუალო დარბაზ „დავითის“ მიმდებარედ

ხელვაჩაურის გზის პრობლემებზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირი] გვწერს გიორგი ასამბაძეც: „ფრიდონ ხალვაშის გამზირი ჩაბნელებულია. როცა დაბნელდება და გზაზე გადადიხარ, ფეხით სახიფათოა“.

მოქალაქეები გვწერენ, რომ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სიბნელის გამო მატერიალური ზიანიც კი ადგებათ: „მიწევს ადრე დავკეტო სამსახური და მაყენებს დიდ ზიანს მატერიალურად“, – გვწერენ ჯავახიშვილის ქუჩიდან.

ცხრა მარტის ქუჩაზე მცხოვრები ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი გასულ წელს მშენებლობის გამო დაზიანდა და დღემდე არ გაუკეთებიათ.

გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები ესმა აბაშიძე გვწერს, რომ ჩაბნელებული ქუჩის გამო მას ავტომანქანა დაუზიანდა:გოგოლის ქუჩაზე ჯერ ხო ფილების აღება და ასფალტი გვახვეწნინეს, ახლა ჩაბნელებულია და ხან რომელ კალოდეცის იამას ვურტყამ ხან რომელს, ბაბონი მაქ საბურავზე და ამ საბურავს მერიას შევაცვლევინებ.“

წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის, ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას ბევრჯერ დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ: „თითქმის ყოველ დღე ვრეკავთ – პასუხი ვაკეთებთ და ჩაირთვებაო; 9 მარტზე მშენებლობა მიდის, კაბელი დაზიანდა და არ ვიცით როდის გაკეთდებაო; არავის ცალია ეგ რომ აკეთოსო; შარშან საახალწლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დრო ამოეწურა და ახალ ტენდერს ველოდებითო…“

„ბათუმელებმა“ ქალაქის  მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჰკითხა, თუ განახლდა გარეგანათება იმ მისამართებზე მაინც, რისი პირობაც მერიამ წლის დასაწყისში დადო.

„თებერვალში თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართებზე განხორციელდა ტექნიკური სამუშაოები და აღდგენილი იყო ელექტროენერგია, განათების პრობლემა მოგვარებული იყო თუ ისევ გაინტერესებთ რა ხდება კონკრეტულ მისამართებზე, მოგვმართეთ წერილობით“, – ასე უპასუხეს ჩვენს კითხვას სამმართველოში.

___

მთავარი ფოტო: რამაზ ჯინჭარაძე და არჩილ ჩიქოვანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: