სილქფესტის აქციით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავთ

გაიაქტიურე სილქფესტი 19 ოქტომბერს და ჩაირთე სასურველი პირობა 30 დღით:

  • 600 ადგილობრივი წუთი – 10₾
  • 10 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 10₾
  • 250 ადგილობრივი წუთი და 8 000 MB  – 14 ₾
  • 50 000 MB – 20₾

ერთი ან რამდენიმე პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია  კოდით *202#, აპლიკაციით My Silknet ან ვებ გვერდიდან.

ამ პაკეტების შეძენას შეძლებთ სილქნეტის ქსელის ნებისმიერი სხვა ნომრისთვისაც. 

მობილიზაცია რუსეთში სოციალურ და ეთნიკურ განხეთქილებას იწვევს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, პუტინის „ნაწილობრივმა მობილიზაციამ“ რუსეთში ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზება და სოციალური განხეთქილება გამოიწვია.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, „ნაწილობრივმა მობილიზაციამ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქვეყანაში არსებული უთანასწორობა, მისით გამოწვეულმა სოციალურმა განხეთქილებებმა კი კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი რუსულ საინფორმაციო სივრცეში ეთნიკური უმცირესობების მარგინალიზებას.

ინსტიტუტის ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ 15 ოქტომბრის შემთხვევა ბელგოროდის სამხედრო ბაზაზე, როდესაც ახალწვეულმა 11 სამხედროს ესროლა, ინციდენტის მიზეზად კი ოფიცრის მხრიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა დასახელდა.

ISW-ის მოსაზრებით, 15 ოქტომბრის შემთხვევა კრემლის დიდი ხნის პოლიტიკის ბუნებრივი შედეგია – „კრემლი ცდილობდა მობილიზაციის ტვირთი მთლიანად ღარიბ ეთნიკურ უმცირესობებზე გადაეტანა და ამით დაეცვა ეთნიკური რუსები და მდიდარი მოქალაქეები“.

ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსული წყაროების ცნობით, სროლა ორმა იძულებით მობილიზებულმა, ეთნიკურად ტაჯიკმა რუსეთის მოქალაქემ დაიწყო, საინფორმაციო სივრცეში გაძლიერდა ქსენოფობიური რიტორიკა ცენტრალური აზიის მიგრანტებისა და სხვა სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ, რუსმა პოლიტიკოსებმა კი რუსეთის მიგრაციის პოლიტიკის კრიტიკა დაიწყეს და მეტიც, გამოვიდნენ ინიციატივით, რუსეთმა ტაჯიკეთიდან ჩასულებზე მოქალაქეობის გაცემა შეწყვიტოს.  

 „ინიციატივა საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვაზე მეტყველებს, რომ ნაწილობრივმა მობილიზაციამ კატალიზატორის როლი შეასრულა და გამოაჩინა ეთნიკური უთანხმოების, რასიზმისა და ქსენოფობიის ისედაც არსებული პრობლემები,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე და ენერგოინფრასტრუქტურაზე;
  • რუსეთის ჯარებმა შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დანაკარგების მიუხედავად, რუსებს კვლავაც პრეტენზია აქვთ ხარკოვის ოლქზე და მის დათმობას არ აპირებენ;
  • აშშ-ის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ადასტურებენ, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები ოკუპირებულ ყირიმში იმყოფებიან და რუს სამხედროებს ირანული დრონების მართვას ასწავლიან;
  • ბელარუსი კვლავაც უთმობს თავის ტერიტორიას და საჰაერო სივრცეს რუსეთს უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, თუმცა ბელარუსის ომში ჩართვა კვლავაც ნაკლებსავარაუდოა;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქში ფრონტის მთელ ხაზზე;
  • უკრაინის ძალები განაგრძობდნენ დარტყმებს რუსეთის სახმელეთო კავშირის ქსელებზე და საბრძოლო მასალების საწყობებზე;
  • რუსეთი ჯარებს არ შეუწყვეტიათ შეტევები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი, რისი მიზანიც სადგურზე კონტროლის გაძლიერებაა;
  • რუსეთში კვლავაც გამოთქვამენ უკმაყოფილებას მობილიზაციის გამო, თავდაცვის უწყებამ კი დაადასტურა, რომ დედაქალაქში მობილიზაცია 17 ოქტომბრიდან შეწყვეტილია;
  • კონტრშეტევის მოლოდინში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ აიძულონ ოკუპირებული ხერსონში მცხოვრები უკრაინელები, თავი რუსეთს შეაფარონ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 66 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
  • ტანკი – 2 554 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 235 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1 637 ერთეული [+15]
  • MLRS – 372 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 269 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 242 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 286 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 323 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 999 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 146 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 324 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 278 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 891 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 873 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 489 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 652 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

შეჭრის დროს სამხედრო კამპანიის მეთაური 5 გენერლიდან 4 დაითხოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

შეჭრის დროს სამხედრო კამპანიის მეთაური 5 გენერლიდან 4 დაითხოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უწყების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტები სულ უფრო ნაკლებად ქმედუნარიანნი ხდებიან, ტაქტიკურ დონეზე კი უმწვავეს პრობლემად რჩება უმცროსი ოფიცრების ნაკლებობა.

მობილიზებული რეზერვისტების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში არსებული პრობლემების ერთ-ერთ მაგალითად უწყებას 15 ოქტომბერს ბელგოროდის ბაზაზე მომხდარი შემთხვევა მოჰყავს. დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც ახალწვეულმა 11 სამხედროს ესროლა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ რეზერვისტებს ოფიცერმა შეურაცხყოფა მიაყენა.   

„ცუდი მმართველობა ქვედა დონეზე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აუარესებს რუსეთის ძალების დიდი ნაწილის მორალურ განწყობას და არღვევს დანაყოფების ერთსულოვნებას,“ – წერს დაზვერვა 19 ოქტომბრის რელიზში და დასძენს, რომ რუსეთის არმიას პრობლემები მმართველობის ზედა რგოლშიც აქვს.

„ხუთი გენერლიდან ოთხი, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო კამპანიას თებერვალში, ახლა უკვე გათავისუფლებულია. მათ შემცვლელებს კი ჯერჯერობით ბევრი არაფერი გაუკეთებიათ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გასაუმჯობესებლად“.  

უწყების შეფასებით, მმართველობის არათანმიმდევრულობა უფრო მეტად დამანგრეველი იქნება რუსეთის არმიისთვის, ვიდრე ეს იქნებოდა დასავლეთის რომელიმე შეიარაღებულ ძალებისთვის, რადგან რუსული დოქტრინის თანახმად, გადაწყვეტილებას რუსულ ჯარში არა კოლექტიურად, არამედ უშუალოდ მეთაურები იღებენ. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასობრივ სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებს აფასებდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბვა, სავარაუდოდ, ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო გადაწყვიტა.

გასროლა ბათუმის ბულვარში, კაფესთან – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის ბულვარში, კაფესთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 1 დაშავებული გადაიყვანეს  კლინიკაBAU-ში, 2 – „მედცენტრში“. მძიმედ დაშავებული პირი, ვისაც თავში აქვს დაზიანებები „მედცენტრშია“ მოთავსებული, ორი დაშავებულის მდგომარეობა კი, შედარებით სტაბილურია.

BAU-ს ინფორმაციით, მათთან ის პირი მიიყვანეს, ვისაც მინის ნამსხვრები მოხვდა ხელზე და მსუბუქი დაზიანებები აქვს.

„ბათუმელები“ ცდილობს „მედცენტრთან“ დაკავშირებას.

შემთხვევა სასტუმრო „მერიდიანის“ წინ მდებარე რესტორანთან, „გრილირესტორანთან“ მოხდა. ამ რესტორნის მინის ფასადის ნამსხვრები პოლიციელებმა ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფასადის ნამსხვრევები მოფენილია ტროტუარზე, ქვაფენილს ემჩნევა  სისხლის კვალი.

რესტორნის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ არც შსს-ში.

სპეციალური საგამოძიებოს განცხადება ენმ-ის წევრების დაბარებასა და ტელეფონების ჩამორთმევაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, ენმ-ის ფრაქციის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ თავდგირიძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

მალხაზ თავდგირიძემ საგამოძიებო სამსახურს დღეს, 17 ოქტომბერს მიმართა. სამსახურმა დღესვე დაიწყო გამოძიება და უკვე გამოჰკითხეს ხელვაჩაურის საკრებულოს ერთი წევრი – მამუკა ჯევაიში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი. ამოღებულია მათი ტელეფონები.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფრაქციის თავმჯდომარის მ.თ-ს [მალხაზ თავდგირიძე] განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ. თ-მ [მალხაზ თავდგირიძე] განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2022 წლის 29 აგვისტოს, ე.ბ.-მ [ელგუჯა ბაგრატიონი] კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასა და მის თანაფრაქციელ თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. მოწმის განმარტებით, ე.ბ.-მ [ელგუჯა ბაგრატიონი] უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მ.ჯ.-მ. [მამუკა ჯევაიში].

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ე.ბ-ს [ელგუჯა ბაგრატიონი] და მ.ჯ-ს [მამუკა ჯევაიში] კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში მობილურ ტელეფონებში მ.თ.-ს [მალხაზ თავდგირიძე] პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად“.

____

ამავე თემაზე:

საგამოძიებომ ენმ-ს წევრებს ტელეფონები ჩამოართვა, მათ ყოფილმა თანაპარტიელმა უჩივლა

საგამოძიებომ ენმ-ს წევრებს ტელეფონები ჩამოართვა, მათ ყოფილმა თანაპარტიელმა უჩივლა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, მამუკა ჯევაიში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი ენმ-დან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. მათ ოფისი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ამ ამბის პარალელურად ხელვაჩაურის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას, ასევე პარტიას.

გადაწყვეტილების მიზეზად მან პარტიის წევრების მხრიდან შანტაჟი და მისი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა დაასახელა. საკრებულოს წევრმა ასევე განმარტა, რომ მან ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართა და შესაბამისი მასალები გადასცა.

მამუკა ჯევაიშმა და ელგუჯა ბაგრატიონმა „ბათუმელებთან“ განაცხადეს, რომ ეს არის სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ამ პარტიის დღის წესრიგი წარმოადგენს იმას, რაზეც 2012 წელს მათ საზოგადოებამ უთხრა უარი. ჩემ მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები, ჩემი პირადი საუბრები გავრცელებული იქნა მესამე პირზე, რის გამოც მე მივმართე საგამოძიებო უწყებებს და წარვუდგინე ყველა მტკიცებულება. ნაციონალური მოძრაობის, უკვე ჩემი ყოფილი პარტიის, დღის წესრიგი წარმოადგენს ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დისკრედიტაციას, რაშიც მე უნდა ვყოფილიყავი ჩართული, ეს იყო მათი დღის წესრიგი“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა მედიასთან.

მალხაზ თავდგირიძემ ასევე თქვა, რომ პარტიას ტოვებენ სხვა აქტიური წევრებიც, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ „პარტია ფინანსდება საქართველოდან გაქცეული დამნაშავე დავით კეზერაშვილის მიერ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაშა კილაბერიამაც დატოვა თანამდებობა და გაემგზავრა უცხოეთში“.

ლაშა კილაბერია ბათუმის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციას ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა დატოვა, თუმცა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

მალხაზ თავდგირიძე ასევე ამბობს, რომ პარტიიდან ითხოვდნენ, რომ მას დაეტოვებინა როგორც თანამდებობა, ისე საკრებულოც.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, დაიწყო თუ არა გამოძიება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, მალხაზ თავდგირიძის მიმართვის შემდეგ.

გამოკითხულების ინფორმაციით კი, „მათ ჩამოართვეს ტელეფონები, რაც გამოკითხვის დასრულების შემდეგ არ დაუბრუნეს. საგამოძიებო სამსახურს ამის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“.

გამოკითხულთა ადვოკატის თქმით, საგამოძიებო სამსახურს არ წარმოუდგენია მოსამართლის განჩინება და სხვა სამართლებრივი აქტები, რაც სჭირდება გამოკითხვის, ასევე ტელეფონის ამოღების პროცედურას, გამოკითხულებს არც კი განუმარტეს, რა საქმის გამო დაიბარეს გამოკითხვაზე.

„დაიბარეს იმისთვის, რომ ჩამოერთვათ ტელეფონები, რაც განხორციელდა პროცედურის უხეში დარღვევით“, – ამბობს ადვოკატი.

ენმ-ს წევრები საგამოძიებოში გამოკითხვაზე

რა არის ცნობილი ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსის მიერ 520 920 ლარის მითვისებაზე

„ის ბრალს ნაწილობრივ ადასტურებს,“ – ამბობს ადვოკატი ადილარ წირღვავა, რომელიც ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებაში ბრალდებულ ვლადიმერ [დავით] მიქელაძის ინტერესებს იცავს. ვლადიმერ მიქელაძე შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია, მას პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას და კიდევ რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს…“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კოტე ჭილაიამ ვლადიმერ მიქელაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებული გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა 20 ათასი ლარის სანაცვლოდ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი ადილარ წირღვავა ბრალდებულის ვერსიაზე გვესაუბრა:

„ის მითვისებას არ ადასტურებს. ამბობს, რომ ჩარიცხული თანხა რეალურად საქმისთვის იხარჯებოდა, თუმცა არა იმ წესით, რა წესითაც უნდა დახარჯულიყო…

მისი ვერსიით, ფიქტიურად კი არ იყო დასაქმებული ეს ხალხი, არამედ რეალურად იყო გაფორმებული და ისინი საქმეს აკეთებდნენ… მას ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ საკმარისი იმისთვის, რომ საქმე შესრულებულიყო, ამიტომ დაიქირავა სხვა პირები და მათაც უხდიდა თანხას, ამით არ გაზრდილა ხარჯები,“ – გვითხრა ადილარ წირღვავამ.

საიდან უხდიდა ფულს დაქირავებულ თანამშრომლებს „ხელვაჩაურის წყალკანალი“, თუკი  ხარჯი არ გაზრდილა? – ადვოკატის თქმით, „ხარჯი არ გაზრდილა… გაყო თანხა დაახლოებით. ამბობს, რომ ეს ხდებოდა მისი ინიციატივით და ამ ნაწილში მიიჩნევს თავს დამნაშავედ“, – დასძინა ადვოკატმა და მეტად ვერ დაგვიკონკრეტა, რა ვერსია აქვს ბრალდებულს გამოძიების ვერსიის საპირისპიროდ.

ვლადიმერ მიქელაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს სხვა მუხლებით წარდგენილ ბრალში, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი სიყალბე და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

რას ამბობს ვლადიმერ მიქელაძე სხვა პირების პასუხისმგებლობაზე, მაგალითად, ხელვაჩაურის წინა მერზე – ჯუმბერ ვარდმანიძეზე, რომლის პასუხისმგებლობაც დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიშა ბოლქვაძემ დასვა და იკითხა: როგორ მიითვისებდა ნახევარ მილიონს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ უფროსი პირდაპირი ხელმძღვანელის – ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გარეშე?

„მას [ვლადიმერ მიქელაძეს] სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწოდებია“, – აღნიშნა ადვოკატმა „ბათუმელებთან“. თუმცა ადილარ წირღვავამ აქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ წინასასამართლო სხდომა 6 დეკემბერსაა ჩანიშნული და მანამდე გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება.

ადვოკატი ადილარ წირღვავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოძიება დაახლოებით 11 თვის წინ დაიწყო, ხოლო ვლადიმერ მიქელაძე არ მიმალულა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ვლადიმერ მიქელაძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ვლადიმერ მიქელაძეს პროკურატურა 2007 წელს ედავებოდა „იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვას, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს“. მაშინ ვლადიმერ მიქელაძე „ბათუმის წყალკანალის“ უფროსი იყო, ხოლო ბრალდების მტკიცებით, მან იცოდა წყლის დაბინძურების შესახებ და მოსახლეობას ინფორმაცია არ მიაწოდა, ანუ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

„ამ ფაქტზე მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს,“ – გვიპასუხა ადილარ წირღვავამ.

——————-

გამოძიების დაწყებამდე ხელვაჩაურის ბიუჯეტის უკანონო ხარჯვის ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო აუდიტმა, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“ 2019-2020 წლებში სათავე ნაგებობების გაწმენდისთვის 195 შემთხვევაში 19 ფიზიკურ პირთან ყოველთვიურად გააფორმა ერთჯერადი ხელშეკრულებები და ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 369 985 ლარი. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით მათ მიერ სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელება ვერ იქნა დადასტურებული.

აუდიტის ინფორმაციით, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“ წყალსადენის სათავე ნაგებობების და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისთვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის ჯამში 800 985 ლარი დახარჯა.

ბათუმში 3 ადგილზე გარეგანათების აღსადგენად 415 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი

ბათუმში, სამ ადგილზე, გარეგანათების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ქალაქის ბიუჯეტიდან 415 ათას 324 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული.

ტენდერის ფარგლებში გარეგანათებას აღადგენენ:

  • „პორტა ბათუმი თაუერის“ მიმდებარედ [ე.წ. საოცრებათა პარკთან],
  • ევროპის მოედანზე [გაანათებენ მედეას ძეგლს],
  • თამარის დასახლებაში სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ – რესტორან „რივიერადან“ რესტორან „ოქროს თევზამდე“ მონაკვეთში].

პირობის მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის 9 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 20 ოქტომბერს დასრულდება.

„მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებულ LED სანათზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენ სამუშაოებზე – არანაკლებ 2 წლის განმავლობაში შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან,“ – აღნიშნულია პირობაში.

„თამარის დასახლებაში ზღვისპირა განათება [2021 წლის] დეკემბერში შეცვალეს და გააკეთეს. აგერ ერთ თვეზე მეტია აღარ ანათებს და ვეღარც გაანათებს, იმიტომ, რომ „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ მონაკვეთში მთლიანი კაბელი აღარაა, მოიპარეს“ – ეს 5 თვის წინ მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მერიის სამმართველოში „ბათუმელებს“ კაბელის ქურდობის ფაქტი მაშინ დაუდასტურეს:

ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

მთავარი ფოტო: ბათუმი, ევროპის მოედანი, 18.10.2022

რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან

13 ოქტომბერს 13 წლის გოგო ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად შევიდა და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. იმ დღეს იმავე შადრევანში დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა. მათი გადარჩენა მებაღემ შეძლო, გოგონას გადარჩენა კი დაგვიანდა.

ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა და დაამწუხრა. მათი უმრავლესობა ფეისბუქზე აპროტესტებდა მომხდარს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებდა დაეტოვებინა თანამდებობა. ქუჩაში იმავე მოთხოვნით იმ დღეს მხოლოდ 50-მდე მოქალაქე თუ გამოვიდა.

„კორუმპირებულმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია სიკვდილს“, – ამბობდა თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც პროტესტის ნიშნად იმ დღეს მერის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდა და ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით „კორუფცია = სიკვდილს“.

ვაკის პარკში 13 წლის სკოლის მოსწავლის დაღუპვის გამო მოქალაქეების საპროტესტო, მდუმარე აქცია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი.

2009 წელს ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებისას დედა-შვილი დაიღუპა.

11 წლის გოგონას თავში აფეთქებული მემორიალის ნამსხვრევები მოხვდა და დაიღუპა. ხალხი მაშინაც შეშფოთდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმდროინდელ გუბერნატორს დააკისრა და თანამდებობიდან გადააყენა.

„რწმუნებული არის თვალი და ყური პრეზიდენტის, ყველა შემთხვევაში, ის არის პასუხისმგებელი, არის თუ არა პირადად მისი უშუალო მონაწილეობა,“ – ასეთი კომენტარი გააკეთა მაშინ პრეზიდენტმა.

სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო კი კომპანიის სამი წარმომადგენელი დააკავეს.

თუმცა ეს შემთხვევა მაინც ვერ გახდა პასუხისმგებლობის მაგალითი, რადგან 2018 წელს მსგავს უპასუხისმგებლობას შეეწირა ქედაში 6 წლის ბავშვის სიცოცხლე. ასი მეტრის დაშორებით, საკუთარი სახლის ეზოში თამაშში გართულ ბავშვს თავში აფეთქებული კარიერის ნამსხვრევები მოხვდა.

ამ შემთხვევაში კომპანიას, რომელიც კარიერის აფეთქებაზე მუშაობდა, სახელმწიფომ მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არც შესაბამისი უწყების მინისტრს და არც სხვა პირებს არ აუღიათ.

2019 წელს თბილისის ზღვაზე ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე 15 წლის ბიჭი დაიღუპა. იმავე ადგილზე, 2020 წლის ივნისში კიდევ ორი ბავშვი დაიხრჩო.

შსს-ს მონაცემებით, თბილისის ზღვის იმ მონაკვეთზე, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, ყოველწლიურად სულ ცოტა სამი ადამიანი მაინც იღუპება.

დაღუპული ბავშვების მშობლები, ასევე კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმომადგენლები, წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ თბილისის მერიას, რომ სიცოცხლისთვის საშიშ ადგილზე ბანაობის ამკრძალავი ნიშნები განეთავსებინა ან მიეღო სხვა შესაბამისი ზომები, რომ ახალი ტრაგედიები აღარ მომხდარიყო. იმავეს ითხოვდნენ 14 წლის დაღუპული მოზარდის, ოთარ შამათავას მშობლებიც და იმაზეც კი იყვნენ თანახმა, რომ სახიფათო ტერიტორია საკუთარი ხარჯებით შემოეღობათ.

სახიფათო ადგილზე მხოლოდ სამწლიანი ბრძოლის შემდეგ დაამონტაჟეს სამი ბანერი წარწერით – „ცურვა აკრძალულია“.

მოქალაქეების საპროტესტო აქცია „თბილისის ზღვაზე“.

2018 წელს თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან მდებარე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ბავშვი. მართალია, ამ შემთხვევაში ის სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მინის ჩამოვარდნამ ერთი ზრდასრული ადამიანი შეიწირა.

უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვას ემსხვერპლა სამი ბავშვი ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ  ხანძარს. მოცეკვავე ბავშვები ვერც ამ შემთხვევაში დაიცვა სახელმწიფომ.

არც მაშინ და არც ახლა, თბილისის ტრაგედიის დროს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.

უპასუხისმგებლობას შეწირული ბავშვების თემა პოლიტიკურ კინკლაობას არ სცდება.

დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ შადრევანში დაღუპული გოგონას გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა.

„თუ რამე გაფუჭდა მუშისა და ხელოსნის ბრალია, თუ რამე გაკეთდა, კალაძემ გააკეთა? მარტო ლენტის გაჭრა არ არის საქმე,“ – თქვა მან.

უმრავლესობის წევრმა, კახა ზარქუამ კი ოპოზიციას უთხრა, რომ კალაძე ყელში ჰყავს გაჩხერილი ოპოზიციას, რადგან „არჩევნებში დაგამთავრათ“, რომ „ხალხი არ დაგიდგათ გვერდით, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ.“

მმართველი პარტიის წარმომადგენლების აზრით, ხალხი არ ითხოვს მერის პასუხისმგებლობას და ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ახირებაა.

უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახა კალაძემ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო და, ზოგადად, რა შემთხვევაში დგება მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? – ვკითხეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს.

მისი შეფასებით, ის პოლიტიკური სისტემა და დემოკრატიის სტანდარტი, რომელიც დღეს საქართველოშია, კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

„საქართველოში პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩეული პოლიტიკოსები, რომლებსაც მაღალი პოზიციები შეიძლება ეკავოთ, ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე, რადგან ისინი, რეალურად, არჩეულები არიან არა, ვთქვათ, მათი  პოლიტიკური ხედვის, დაპირებების ან თუნდაც გამოცდილების თუ კვალიფიკაციის გათვალისწინებით, არამედ პარტიული ერთგულების მიხედვით.

ბუნებრივია, როცა პარტიული ერთგულებით ირჩევენ ან ნიშნავენ პირს, მერი იქნება, მინისტრი თუ სამსახურის უფროსი, მას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ იმ პირის წინაშე, რომელმაც დანიშნა.

ამიტომაც მგონია, რომ ასეთ პირობებში პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი ძალიან არაბუნებრივია,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, ასეთ მოცემულობაში კახა კალაძის გადადგომა უფრო იქნებოდა კონტექსტიდან ამოვარდნილი, ვიდრე ის, რომ მას აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბავშვის დაღუპვის გამო.

სულხან სალაძის აზრით, ვერც 2009 წლის შემთხვევა იქნება რელევანტური მაგალითი თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან, რადგან მაშინაც და ახლაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირთან არის დაკავშირებული და არა რომელიმე მაღალჩინოსნის პიროვნულ გადაწყვეტილებასთან.

„როცა სააკაშვილი ამბობდა, რომ გუბერნატორია მისი თვალი და ყური, ცხადია, ამას მოჰყვებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან აქაც პოლიტიკური ერთგულებაა მნიშვნელოვანი.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ცუდი იყო, ვიღაცამ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, არა, მაგრამ აქაც და კალაძის შემთხვევაშიც, ეს არ უკავშირდება პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს.

როდესაც პოლიტიკოსები კითხვას, რჩევას, შენიშვნას იღებენ როგორც აგრესიას, როგორც მათზე თავდასხმას, იქ ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვების შემთხვევაშიც კი ეს ადამიანები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღიქმება სისუსტედ, დამარცხებად იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომელზეც შეიძლება ეს პასუხისმგებლობა მოდიოდეს და არა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად, რომელიც საჭიროა, ვთქვათ, პარტიის სახის შენარჩუნებისთვის ან ზოგადად, ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

„დასავლეთ ევროპის მაგალითები სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ბევრად უფრო მსუბუქ შემთხვევებშიც კი, ისინი გრძნობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ხშირად თავად პოლიტიკური პარტია მიდის ხოლმე ამ გადაწყვეტილებამდე, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ უარესად არ დაუბრუნდეს მას,“ – ამბობს სალაძე.

ვაკის პარკში 13 წლის სკოლის მოსწავლის დაღუპვის გამო მოქალაქეების მდუმარე აქცია პარლამენტთან. წარწერა პლაკატზე: „პროტესტი, დენები აღარ გაუშვათ.“ ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა არის თუ არა ხალხის აქტივობაზე დამოკიდებული? – ვკითხეთ მას. სულხან სალაძის შეფასებით, საზოგადოებრივ პროტესტს ნამდვილად შეუძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება, „ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროტესტი არის ძლიერი.

ამიტომ გვჭირდება უფრო ძლიერი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, უფრო ძლიერი აქტივისტები და საარჩევნო სისტემა, რადგან ქვეყანაში ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ამას მივყავართ უარეს შედეგებამდე.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, კახა კალაძეს დაეტოვებინა პოსტი, დატოვებდა თუ არა? დიდი ალბათობით დატოვებდა – გავიხსენოთ პრემიერ-მინისტრები როგორ სწრაფად ტოვებდნენ პოსტებს. გიორგი გახარია იყო გამონაკლისი და იქაც სხვა წინაპირობა არსებობდა.

თუ გადავხედავთ პოლიტიკურ კლასს, მათი დიდი ნაწილი თავისუფალ ადგილას მოდის, ყოველგვარი პოლიტიკური კარიერული ზრდის და გამოცდილების გარეშე. ამოსავალი არის პოლიტიკური ერთგულება და არა პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, გამოცდილება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისივე თქმით, თუ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა, ხვალ შესაძლოა კვლავ იმავე კომპანიებმა მოიგონ სახელმწიფო ტენდერები, რომელთა საქმიანობასაც შეეწირნენ ბავშვები, საზოგადოებას კი ემოციების ჩაცხრობის შემდეგ მალე დაავიწყდეს მსხვერპლი ბავშვები.

_______________________

მთავარი ფოტო: ვაკის პარკში 13 წლის სკოლის მოსწავლის დაღუპვის გამო მოქალაქეები საპროტესტო, მდუმარე აქციით პარლამენტთან მოვიდნენ.
წარწერა პლაკატზე: „მკვლელებო“
ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ირანი რუსეთს დრონებისა და რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა – REUTERS

ბრიტანული გამოცემა „როიტერსი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა ორი მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირსა და ორ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი რუსეთს, დამატებით დრონებთან ერთად, „მიწა-მიწა“ კლასის რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა. აღნიშნული ნაბიჯი სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ძალების აღშფოთებას გამოიწვევს.

„როიტერსის“ თანახმად,  შეთანხმება 6 ოქტომბერს შედგა, როდესაც მოსკოვში რუსეთთან იარაღის მიწოდების განსახილველად ჩავიდნენ ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი, ირანის „რევოლუციის გუშაგთა“ ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირი და ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ერთი ოფიციალური პირი.

„რუსებმა ითხოვეს მეტი დრონები და გაუმჯობესებული სიზუსტის ირანული ბალისტიკური რაკეტები, კონკრეტულად Fateh და Zolfaghar-ის რაკეტები“, – ციტირებს „როიტერსი“ ერთ-ერთ ირანელ დიპლომატს, რომელსაც მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა.

„მათ [რუსებს] სურდათ ჩვენი ასობით რაკეტის ყიდვა. საშუალო დიაპაზონისაც კი, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ სწრაფად მხოლოდ მათ მიერ მოთხოვნილი მოკლე დიაპაზონის – რამდენიმე ასეული Zolfaghar-ის და Fateh 110 მიწა-მიწა რაკეტების მიწოდება შეგვიძლია“, – თქვა უსაფრთხოების თანამდებობის ერთმა პირმა.

როგორც „როიტერსი“ წერს, მიწოდების პერიოდთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ მალე, ძალიან მალე ამათ გააგზავნიან 2-3 რეისით“.

„როიტერსი“ ირანელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემდეგი მიწოდება მაქსიმუმ 10 დღეში შედგება.

დასავლელი ოფიციალური პირები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას გავრცელებულ ცნობებზე, ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც რამდენიმე ოფიციალურმა პირმა უთხრა „როიტერსს“, დრონების, ისევე როგორც რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება, დაარღვევს ირანთან 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დასავლეთი ირანის მიერ ბირთვული სამუშაოების შემცირების საფუძველზე ამსუბუქებს.

როგორც მეორე ირანელმა დიპლომატმა უთხრა ბრიტანულ გამოცემას, არაერთი ირანელი ოფიციალური პირი უკვე აღშფოთებულია რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, დასავლეთის მიერ ირანის სანქცირების „უსამართლო“ გეგმებით.

როდესაც „როიტერსმა“ ერთ-ერთ ირანელ ოფიციალურ პირს [ანონიმურ წყაროს], ირანის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების უარყოფის მიზეზი ჰკითხა, მან თქვა, რომ არსებობდა „რამდენიმე ტექნიკური პრობლემა“:

„ასევე (რევოლუციის) გვარდიის მეთაურები წუხდნენ, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ამ Arash 2-ის დრონებს უკრაინაში, ამერიკელებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ჩვენს ტექნოლოგიაზე“, – აღნიშნა მან.

ბოლო ორ წელში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორ წელში [2021-2022] საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 812 შემთხვევა გამოვლინდა.

133 შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება,  ხოლო 383 შემთხვევაში უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

ამავე წლებში სამსახურებრივი გულგრილობის 105 შემთხვევა გამოვლინდა. 78 შემთხვევაში კი, გამოვლინდა სამსახურებრივი სიყალბის ფაქტი.

შსს-ს მონაცემებით, 2021-2022 წლებში გაიზარდა ქრთამის აღების შემთხვევებიც საჯარო მოხელეების მხრიდან. სულ გამოვლინდა 47 შემთხვევა.

14 შემთხვევაში კი, საჯარო მოხელეებმა ქრთამი თავად შესთავაზეს.

რა უნდა ვიცოდეთ სამწვერა ნერვის ანთებაზე – ექიმის რჩევები

სახის არეში მწვავე ტკივილის ყველაზე ხშირ მიზეზად სამწვერა ნერვის ნევრალგია მიიჩნევა. ამ დიაგნოზს ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უსვამენ მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სამწვერა ნერვის ნევრალგიით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებით მწვავეა. კლინიკა „მედცენტრის“ ნევროლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ დაავადება დროული მკურნალობის გარეშე ქრონიკულ ფაზაში გადადის, რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, მის მაპროვოცირებელ ფაქტორთან შეხებისას, მძიმე ტკივილმა შესაძლოა იჩინოს თავი.

  • ქალბატონო შორენა, რა არის სამწვერა ნერვი?

სამწვერა ნერვი არის თავის ტვინის მეხუთე წყვილი ნერვი. სამწვერა იმიტომ ჰქვია, რომ სამი ტოტი აქვს. ეს არის ერთ-ერთი შერეული ხასიათის ნერვი, აკისრია მოტორული ფუნქციაც და მგრძნობელობითიც. სამწვერა ნერვს აქვს: თვალბუდის ტოტი [აკონტროლებს შეგრძნებას ადამიანის თვალში, ზედა ქუთუთოში და შუბლზე] ზედა ყბის [აკონტროლებს შეგრძნებას ქვედა ქუთუთოში, ლოყაზე, ნესტოში, ზედა ტუჩსა და ზედა ღრძილში] და ქვედა ყბის [მეორე ტოტი აკონტროლებს შეგრძნებას ქვედა ქუთუთოში, ლოყაზე, ნესტოში, ზედა ტუჩსა და ზედა ღრძილში], რომლებიც სხვადასხვა ხვრელის საშუალებით ტოვებენ თავის ქალას.

ამ ტოტების დაზიანება ქმნის სიმპტომების მთელ კომპლექსს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ იწვევს ძლიერ ტკივილს, რადგანაც ეს ნერვი მგრძნობელობას განაპირობებს.

ამ ტკივილთან ერთად შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს არტერიული წნევის მატებაც.

  • რა ხდება სამწვერა ნერვის ნევრალგიის მიზეზი?

მიიჩნევა, რომ სამწვერა ნერვის ნევრალგია ხშირად გამოწვეულია სამწვერა ნერვის კომპრესიით (მასზე დაჭერით) ან სხვა სამედიცინო მდგომარეობით, რომელიც გავლენას ახდენს ამ ნერვზე. უმეტესად, მიზეზი პირველადია, ანუ პრობლემა გამოწვეულია სამწვერა ნერვზე ზეწოლით. ხშირ შემთხვევაში სამწვერა ნერვი იჭყლიტება არტერიის ან ვენის მიერ ზეწოლით.

მიზეზი შეიძლება იყოს მეორეულიც, როცა სამწვერა ნერვის ნევრალგია გამოწვეულია სხვა სამედიცინო მდგომარეობით ან პრობლემით, მათ შორის, სიმსივნური ან სისხლძარღვოვანი პათოლოგიით. გარდა ამისა, მიზეზები შეიძლება დაკავშირებული იყოს სახის ტრავმასთან: ართრიტთან, გაფანტულ სკლეროზთან, სხვადასხვა ვირუსულ, სისტემურ დაავადებასთან.

დაავადება მწვავედ მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე თვის მანძილზე არმკურნალობის შემთხვევაში სამწვერა ნერვის ნევრიტი გადადის ქრონიკულში, რაც ნიშნავს, რომ დაავადება არის მუდმივად მიმდინარე. ასეთ დროს საკმარისია რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს ადამიანი, რომ ტკივილმა იჩინოს თავი.

  • რა სიმპტომები ახასიათებს სამწვერა ნერვის ანთებას?

სამწვერა ნერვის ანთების, იგივე ნევრიტის დამახასიათებელი ნიშანია დენის დარტყმასავით, ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. როდესაც ხდება ანთებითი პროცესი ანუ ინერვაცია, ძლიერი ხასიათის აუტანელი ტკივილი აღმოცენდება იმ საინერვაციო ზონაში, რომელი ტოტიც არის დაზიანებული.

საერთოდ, ტკივილსა და ტკივილს შორის არაფერს არ გრძნობს პაციენტი.

aans.org: მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს, ის ყველაზე ხშირად გვხვდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ნევროლოგიური დარღვევებისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტი (NIDS) აღნიშნავს, რომ სამწვერა ნერვის ნევრალგია ორჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. 

  • რა შეიძლება გახდეს ტკივილის მაპროვოცირებელი?

ყველაზე ხშირად მოდიან გაციების გამო, ადრე ვენტილატორი იყო მიზეზი, ახლა ხშირად კონდიციონერია. ასევე, მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ცივი საკვების მიღება, ხანგრძლივად ღეჭვა, საუბარი, სიცილი, კბილების გახეხვა ცივი წყლით. 

MაyoClynic-ის მიხედვით სხვა მაპროვოცირებელი მიზეზებია:

[checklist]

  • წვერის გაპარსვა
  • სახეზე შეხება
  • ჭამა
  • დალევა
  • კბილების გახეხვა
  • საუბარი
  • მაკიაჟის გაკეთება
  • სახეზე მსუბუქი ნიავი
  • ღიმილი
  • სახის დაბანა

[/checklist]

  • როგორ მკურნალობენ?

მკურნალობის მეთოდი ირჩევა ნევრალგიის გამომწვევი მიზეზის მიხედვით. მკურნალობის მეთოდები მოიცავს მედიკამენტურ მეთოდს – მათ შორის შედის ბოტულინოტოქსინის ინექციების გაკეთებაც; ქირურგიულს, რომლის დროსაც კეთდება მიკროვასკულარული დეკომპრესია და რიზოტომია, რომელიც რადიოტალღური ქირურგიის გამოყენებასაც გულისხმობს.

აქტიურად გამოიყენება ბოტულინოტოქსინი, რომლის ინექციებით ხდება სამწვერა ნერვის შესაბამისი ზონის დათრგუნვა და ტკივილის კუპირება. 

თუ დაავადების მიზეზი პერიფერიულია, ძალიან მნიშვნელოვანია სითბო.

როცა მკურნალობა არ იღებს შედეგს, ტარდება თავის ტვინის მრტ კვლევა, რათა გამოირიცხოს ნერვზე მექანიკური ზეწოლა. ანუ ნერვის შეჭყლეტა ხომ არ გამოიწვია რაიმე სხვა პრობლემამ, მაგალითად, ხომ არ არის სიმსივნური პათოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგია ან რაღაც ისეთი დაზიანება, რომელიც მეორადად იწვევს ტკივილს.

უკრაინა ირანთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, ისრაელს კი საჰაერო თავდაცვას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დმიტრო კულებას მტკიცებით, უკრაინის ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებულ დაბომბვებზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, რამდენადაც მან მიაწოდა იარაღი რუსეთს.

როგორც The Guardian-ი წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კიევი მალე ოფიციალურად მიმართავს ისრაელს გადაუდებელი საჰაერო თავდაცვისა და თანამშრომლობის თხოვნით.

კულებამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სანქციები დაუწესონ ირანს რუსეთისთვის „უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის განხორციელებაში“ დახმარების გამო.

ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში კამიკაძე დრონებით იბომბება სტრატეგიული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საოფისე შენობები. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ გამოყენებულია ირანული დრონები. თავად ირანმა 17 ოქტომბერს უარყო რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდება. 18 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს „არ აქვს ინფორმაცია“ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით.

16 ოქტომბერს ისრაელის დიასპორის მინისტრმა, ნახმან შაიმ ტვიტერზე დაწერა, რომ დროა ისრაელმა უკრაინის სამხედრო დახმარება დაიწყოს:

„ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის. უკვე აღარაა არანაირი ეჭვი, სად უნდა იდგეს ისრაელის სახელმწიფო ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება ისევე, როგორც შეერთებული შტატებისა და NATO-ს ქვეყნებისგან იღებს.“

ისრაელის დიასპორის მინისტრის განცხადებას 17 ოქტომბერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გამაფრთხილებელი განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება“.

The Guardian-ის ცნობითვე, დასავლეთი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვაში მხარდაჭერის ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც გამოცემა წერს, დასავლელი ლიდერები მდგომარეობას აღწერენ, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილ მცდელობას, რუსეთმა გაანადგუროს უკრაინის მთლიანი სახელმწიფო ელექტროსისტემა.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვედრების ცალკე რაუნდისთვის მიემგზავრებიან, სადაც პარტნიორებმა უნდა განიხილონ ირანის საბრძოლო მოქმედებებში ჩარევაზე შესაძლო საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის, საკითხის დაყენება გაეროში, ახალი სანქციების დაწესება და ირანთან ბირთვული შეთანხმების შეწყვეტაც კი.

დასავლელი ოფიციალური პირები ასევე შეწუხებულები არიან ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დახმარების კიდევ უფრო დახვეწილი „მიწა – მიწა“ კლასის რაკეტების მიწოდების გაზრდის შესაძლებლობით.

აქ წაიკითხეთ, რას წარმოადგენს ირანული დრონები

უგანდა აპირებს რუსეთს ელექტრომობილები მიაწოდოს – კრემლისტური მედია

რუსეთმა და უგანდამ გასულ კვირას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 60 წლის იუბილე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით უგანდის ელჩმა რუსეთში, მოზეს კიზიგემ, თავისი პირველი ინტერვიუ მისცა კრემლისტურ სააგენტოებს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

აღმოჩნდა, რომ უგანდა რუსეთისთვის თავისი წარმოების ელექტრომობილების მიწოდებას, „კამაზთან“ თანამშრომლობას, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, უგანდაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას და რუსული ავტომობილების გამოშვებას აპირებს.

„ჩვენ მალე ნავთობის მოპოვებასაც დავიწყებთ, ჯერჯერობით გვაქვს ნახშირი, თუმცა ასევე ვაწარმოებთ ელექტრომობილებს და ბუნებაზე ვზრუნავთ. ეს სულ ახალი ამბავია, თუმცა ერთ დღეს აუცილებლად დავიწყებთ უგანდური ელექტრომობილების რუსეთში ექსპორტს. 

ჩვენ ასევე პარტნიორები ვართ განათლებისა და სამხედრო სფეროებში – ჩვენი სამხედრო ტექნიკის უდიდესი ნაწილი რუსეთისგანაა ნაყიდი, მაგალითად, სამხედრო ვერტმფრენები. ასე, რომ თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ჩვენი მხრიდან, რუსეთს ხილსა და ყავას ვაწვდით,“ – განაცხადა კიზიგემ და იქვე დასძინა, რომ ამჟამად რუსეთსა და უგანდას შორის ვაჭრობა დოლარებში მიმდინარეობს, თუმცა უგანდის ხელისუფლება მზადაა დოლარი უგანდური შილინგებითა და რუსული რუბლებით შეცვალოს.

ინტერვიუ დასავლეთის მხრიდან სანქციებს და უკრაინაში ომსაც შეეხო. კიზიგეს თქმით, უგანდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრეა და თუკი უგანდის ხელისუფლებას ამის საშუალება მიეცემა, თავის მოსაზრებას ოფიციალურ კიევს პირადადაც ეტყვის. რაც შეეხება სანქციებს, მისი თქმით, უგანდას სანქციები არ შეხებია, თუმცა შეერთებულ შტატებს არაფერი გამოუვა და აფრიკის ქვეყნებს რუსეთთან თანამშრომლობაში ხელს ვერ შეუშლის.

რუსებს ბახმუტის აღება ოქტომბრის ბოლომდე სურთ – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ასეთი დავალება მისცეს რუს სამხედროებს კრემლის გენერლებმა. მისი ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა უკვე მეხუთედ წაუყენეს ასეთი მოთხოვნა თავის ჯარებს – გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე.

„ახლა მათ აქვთ გეგმა, რომ ამ თვის ბოლომდე მთლიანად უნდა დაიკავონ ბახმუტი,“ – განაცხადა მალიარმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ახლა სხვადასხვაგვარი ვითარებაა, თუმცა მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად კვლავაც ბახმუტი რჩება.

მალიარი დასძენს, რომ დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალებიც განაგრძობენ წინსვლას, თუმცა რუსები შეტევებს არ წყვეტენ.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, რუსეთში უკვე დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე რუსეთის არმიამ წარმატებას მიაღწია და ბახმუტის გარშემო რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღო.

„იქ ძალიან მძიმე ბრძოლები მიდის, მოწინააღმდეგეს თავმოყრილი ჰყავს თავისი ყველაზე ძლიერი ძალები, თუმცა უკრაინის დამცველები მათ წინ წასვლის საშუალებას არ აძლევენ,“ – უთხრა ჟურნალისტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების ხელმძღვანელმა სერგეი ჩერევატიმ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ სამხრეთსა და ჩრდილოეთში უკრაინელთა კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს თავის შეტევით ოპერაციას დონბასის ცენტრალურ სექტორში, განსაკუთრებით კი ქალაქ ბახმუტთან.

დაზვერვის ვარაუდით, რუსეთის არმიას აქვს კონკრეტული ბრძანება, ფრონტის ამ მონაკვეთზე ოპერაციულ წარმატებას მიაღწიოს. გარდა ამისა, უწყება აღნიშნავდა, რომ ბახმუტის ბრძოლებში აქტიურადაა ჩართული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომლის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას და გამყარებას ცდილობს.

რუსებმა უკვე უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურეს – ზელენსკი

რუსეთის თითქმის ერთკვირიანი სარაკეტო და საავიაციო შეტევების შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ელექტროსადგურების მესამედი უკვე განადგურდა.

„რუსეთის ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა: მიმართულია ენერგო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 10 ოქტომბრის შემდეგ უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რის გამოც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვებია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე და დასძენს, რომ პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის უბრალოდ „სივრცე აღარ რჩება“.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ თუ რუსეთი ენერგოობიექტებზე დარტყმას გააგრძელებს, უკრაინის რაიონებში შესაძლოა ელექტროენერგიის რეგულარული გამორთვები დაიწყოს.

„უახლოეს მომავალში მძიმე დროება გველოდება, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ. პირველ რიგში, ელექტროენერგიის ეკონომიისთვის – შესაძლებელია, დაიწყოს ელექტროენერგიის მონაცვლეობით გამორთვა. ჩვენ გვესმის, რომ რუსებს ასეთი მიზანი აქვთ – დააშინონ მოსახლეობა, დატოვონ ენერგომომარაგების, წყლისა და გათბობის გარეშე, ამიტომაც ყველა უნდა მოვემზადოთ მძიმე ზამთრისთვის“, – განაცხადეს ზელენსკის ოფისში.

უკრაინული მედიის ცნობით, 18 ოქტომბრის დილას რუსეთმა სერიოზული დარტყმა მიაყენა დნეპრის ენერგოსისტემას. დაზიანდა ენერგოინფრასტრუქტურა კიევსა და ჟიტომირში. აფეთქებები იყო ხარკოვსა და კრივოი როგშიც.

რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

ერთ-ერთი მასშტაბური თავდასხმა 17 ოქტომბერს მოხდა. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ „შაჰედებით“ დაბომბა კიევი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. დედაქალაქში ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დღეს განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.

უკრაინის ქალაქების ინტენსიური დაბომბვის ფონზე პოლონეთში ლტოლვილთა ახალ ნაკადს ელოდებიან. პოლონეთის ხელისუფლების ვარაუდით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად მათ ქვეყანაში შესაძლოა თავშესაფარი დაახლოებით 800 ათასმა უკრაინელმა ეძებოს.

მერმა სათათბირო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეიყვანა

ავარიულ სახლებთან დაკავშირებული სათათბირო საბჭოს შექმნის შესახებ ბათუმის მერის ბრძანება დღეს, 18 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, რეზო ხარაზმა გაასაჯაროვა. ამ ბრძანების მიხედვით, მერმა სათათბირო საბჭოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიყვანა.

საბჭოში არ არის ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 10-ზე მეტი წელია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული მიმართულებით მუშაობს. საბჭოში არ მიიწვიეს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ხანია თვითმმართველობის საკითხებზე, მათ შორის, ურბანულ პრობლემებზე მუშაობს და ასე შემდეგ… არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საბჭოში არ არის.

გარდა ამისა, ამ ბრძენებით ირკვევა, რომ მერმა საბჭოს შექმნის შესაძლებლობა არ გამოიყენა, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი პროცესში ახალი ადამიანების შესაყვანად – ავარიული სახლების პროგრამა მეტად დაზღვეული რომ იყოს ისეთი რისკებისგან, რომელთა გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.

საბჭოს თავმჯდომარე

მერმა საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა რამიშვილი დანიშნა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მერისთვის რჩევის მიცემა ურბანული მიმართულებით, თითოეული პროექტის განხილვა, მისი შესწავლა და კანონის შესაბამისობაში მოყვანა, ისედაც მისი მოვალეობაა.

გარდა ამისა, წესით, თავმჯდომარეს და მოადგილეს თავად საბჭო ირჩევს, ამჯერად კი მერმა დანიშნა, როგორც თავმჯდომარე, ისე მისი მოადგილეც.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კოპინაძე იქნება – მერიის ქონების მართვისა და სერვისების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

მერის ბრძანების მიხედვით საბჭოში შედიან:

  • ზაურ ახვლედიანი -აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  • ნუგზარ ძნელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
  • ნათია ბურძგლა – მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სპეციალისტი
  • ზვიად ბურჭულაძე -არქიტექტორთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

ზვიად ბურჭულაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხელშეკრულებით მუშაობს, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საბჭოში მთავრობას არ წარმოადგენს.

საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ „ავარიული სახლების პროგრამას სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს ავარიულ სახლებთან“ და ეს კარგად გამოჩნდა ბრძანებით, რომლითაც მერმა სათათბირო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.

„მსგავსი საბჭოები აქვს განათლების სამინისტროსაც [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოქმედ საბჭოებს]. თქვენ იცით, რამდენი კითხვაა ამ საბჭოების მუშაობასთან დაკავშირებით. იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არ არის ეს ის პროექტი, რაზეც საუბრობენ რიჟვაძე და ჩიქოვანი. მათ თავიანთი ბიზნესინტერესები აქვთ და საერთოდ არ აინტერესებთ ავარიული სახლების პროგრამა“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

მას ვკითხეთ, ვინ უნდა იყოს საბჭოში, ოპოზიციის ნდობა რომ მოიპოვოს. საკრებულოს წევრმა გვითხრა, რომ ის, ვისაც ცოდნა აქვს ამ მიმართულებით და არ ასრულებს „ოცნების“ დავალებებს.

„კარგი იქნებოდა, საბჭოში ყოფილიყო ნინო ინაიშვილი, შოთა გუჯაბიძის ორგანიზაცია, ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ ქალაქში“, – აცხადებს რეზო ხარაზი.

სათათბირო საბჭოს შექმნის წესი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. ამ საბჭოში საკრებულოს არც ერთი წევრი არ შედის. საკრებულოს ამ პროგრამის პირდაპირი კონტროლის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ აქვს.

„საკრებულოს წევრებს შეიძლება ნანახიც კი არ ჰქონდეთ ეს ბრძანება. მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა დაინტერესებულ პირს, აქ განგაშის ზარებია ასატეხი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – ამბობს რეზო ხარაზი.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სასამართლოს სარჩელის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

___

ამავე თემაზე:

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

კორპუსი ბათუმში, რომლის დაბზარული კედლებიდანაც ცა ჩანს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში, მესამე და მეოთხე სადარბაზოს ბინები საგანგაშო მდგომარეობაშია. მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ბინის იატაკზეც რამდენიმესანტიმეტრიანი ბზარებია, ბზარებმა პარკეტიც აყარა. ამ სართულზე საგანგაშოა კედლების მდგომარეობაც. გახსნილი კედლიდან შუქი აღწევს.

ბათუმი. ჯავახიშვილის ქუჩის №80. დაბზარული კედლები მესამე სადარბაზოს მეოთხე სართულზე

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ჩამონათვალში 139 სახლია. ჯავახიშვილის 80 ნომერში მდებარე კორპუსიც ამ სახლების ჩამონათვალშია.

კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, სახლი სამხარაულის ექსპერტიზამ შეისწავლა და დასკვნაც მომზადდა, სადაც მითითებულია, რომ საჭიროა შენობის გამაგრება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ბათუმში 27 სექტემბერს მიწისძვრა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კილომეტრში დაფიქსირდა, თუმცა ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც.

ავარიულად შეფასებული კორპუსი ბათუმში. ჯავახიშვილის №80

ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ ხსენებული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბათუმში 27 სექტემბრის მიწისძვრის შემდეგ მათ სახლებში ბზარების რაოდენობამ იმატა, ის ბზარები კი, რაც მანამდე იყო, გაღრმავდა.

დაბზარული იატაკი ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში მდებარე ბინაში

ამ დაბზარული იატაკის მიღმა ზინაიდა დრობიშევას საძინებელი ოთახია. საძინებელი 90-იან წლებში მიაშენა ბინას მეპატრონემ. რამდენიმე თვეა ზინაიდამ ოთახი გააუქმა და დაკეტა. ეშინია, რომ ოთახი ადრე თუ გვიან ჩავარდება. ეს ბინა კორპუსის მესამე სადარბაზოს მესამე სართულზეა.

გაბზარული კედელი ავარიულ ბინაში. ბათუმის, ჯავახიშვილის ქუჩის №80

„ბოლო მიწისძვრის ძლიერი ბიძგების შედეგად სადარბაზოს სახურავი გაიბზარა და ჩაიზნიქა, მას მერე გაღრმავდა ბზარებიც სახლებში. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სახლი ექვემდებარება გამაგრებას, მაგრამ არავინაა თანახმა გამაგრებაზე. ჩვენ ვითხოვთ ბინიდან გასახლებას და დემონტაჟს. ამ დასკვნის შემდეგ მდგომარეობა კორპუსში გაუარესდა, დღეს იყო მოსული ჯავახიშვილზე მდებარე მერიის გამგეობიდან წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მდგომარეობა გაუარესებულია და გვითხრა, რომ მომზადდება მეორე, ხელახალი დასკვნა, მაგრამ ასევე გვითხრა, რომ შეიძლება დასკვნა ექსპერტიზის პირველი დასკვნის  მსგავსი იყოს, რომ თითქოს კორპუსი ექვემდებარება გამაგრებას. ორი კვირის წინ გვითხრეს, სასწრაფოდ გასაყვანები ხართო. დღეს გვითხრეს, არ ვიცით, როდის რა იქნება, დროის ფაქტორიაო. არც ის ვიცოდით, რომ სამხარაულის დასკვნა იყო მოსული, ეს ორი კვირის წინ გავიგეთ შემთხვევით.

უკვე დავწერეთ განცხადება, რომ არ ვართ თანახმა გამაგრებაზე და ვითხოვთ კორპუსის დემონტაჟს. შესაბამისად გასახლებას“, – ამბობს ზინაიდა დრობიშევა. ავარიულ სადარბაზოში ის ორ შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

იატაკთან ერთად დაბზარულია მისი ბინის კედლებიც. ბზარების ნაწილი კი, როგორც თავად გვითხრა, ფითხით ამოავსო და აღარ ჩანს, რადგან ქარი ქროდა.

ჯავახიშვილის №80-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლები

სადარბაზოს მეხუთე და მეორე სართულზე მცხოვრებნი შინ არ დაგვხვდნენ. თუმცა მეზობლების თქმით, მათთანაც იგივე მდგომარეობაა.

პირველ სართულზე მადონა დუმბაძე ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ მან სახლი გაარემონტა და იატაკის, კედლის ღრმა ბზარები დაფარა. თუმცა ახალგარემონტებული კედლებიც გაიხსნა და ბზარების ნაწილი ისევ გამოჩნდა.

ავარიული კორპუსის მესამე სადარბაზოს პირველ სართულზე მცხოვრებმა რემონტი ახლახან გააკეთა, თუმცა შენიღბული ბზარები მაინც გაიხსნა
ბზარი ავარიულ კორპუსში

„ჩემი შვილი ქორწინდება და ბინა გავარემონტეთ, სხვა გზა არ იყო, ამ დაბზარული კედლების ყურება ძალიან რთულია, ახლა ბევრი ბზარი არ ჩანს, მაგრამ ამით პრობლემა არ წყდება, თაბაშირ-მუყაოთი შენიღბულ კედლებს მიღმა გახსნილი კედლებია. დავასრულეთ რემონტი და ეს ბზარები ბრუნდება. იხსნება ნელ-ნელა ისევ კედლები. გავაუქმეთ ორი საძინებელი. იქაურობას ახლა მხოლოდ საშრობად ვიყენებთ. ბზარები მანდ ჯერ არ ჩანს, მაგრამ იატაკი საგრძნობლად გადაიზნიქა. შევრბივარ, სარეცხს ვფენ და სწრაფად გამოვრბივარ ოთახიდან“, – გვიყვება ავარიული სადარბაზოს მცხოვრები.

მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სართულებზეც ეს მდგომარეობაა ამ სადარბაზოში. ჩემთან უბრალოდ რემონტია ახალგაკეთებული, თუმცა კედელი მაინც დაბზარულია შიგნიდან“, – გვეუბნება ავარიული კორპუსის მცხოვრები.

დიდი ბზარები აქვს მე-4 სადარბაზოს ბინებსაც. პირველ სართულზე მცხოვრები ფატი ბაიაძე გვიყვება, რომ ღამით ისმის კედლების ტკაცუნის და ბზარებიდან ნამსხვრევების ცვენის ხმა:

ფატი ბაიაძე, ავარიული კორპუსის მცხოვრები

„ბოლო მიწისძვრის შემდეგ ნახევარი ვედრო ქვიშა გავიტანე სახლიდან, ბზარებიდან ცვიოდა. სამხარაულის ექსპერტები რომ ამოწმებდნენ ბინას, მე სახლში არ ვიყავი, ჩემი ბინა არ უნახავთ.

გამაგრებით ეს სახლი აღარ გამაგრდება. სახლის ძირითად ნაწილსაც იგივე ბზარები აქვს, რაც მიშენებულ ნაწილს. ხუთნი ვცხოვრობთ ერთად. როგორ უნდა დავიძინო ამ სახლში, აღარ ვიცი. შიშით ვიძინებთ და ვიღვიძებთ“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.

ფატის ბინაში დაბზარულია სახლის საყრდენი ბოძიც.

კორპუსის დაბზარული საყრდენი ბოძი

ნოდარ დუმბაძე მეოთხე სადარბაზოს მეორე სართულზე ცხოვრობს. სახლში რემონტი მანაც ცოტა ხნის წინ გააკეთა და ბზარები დამალა, კედლები ნელ-ნელა იხსნება. გვაჩვენებს კედლის კარადების შიდა ნაწილს, სადაც სახლის ძირითადი კედლებია დაბზარული.

ნოდარ დუმბაძე ავარიულ სახლში შვილთან, სიძესთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ავარიული კორპუსის მცხოვრები ნოდარ დუმბაძე შვილიშვილებთან ერთად

სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, ბათუმის მერიაში მათ ზუსტად ვერ უთხრეს, დროის რა შუალედში გადაწყდება პრობლემა: ხუთი წლის, სამი წლის, ერთი წლის განმავლობაში თუ რამდენიმე თვეში. მათ ვერ ეუბნებიან ზუსტად ასევე, რა დრო დასჭირდება სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნის მომზადებას.

ბათუმის მერია ექსპერტიზის პასუხების შესაბამისად რამდენიმე სახლის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ ჯავახიშვილის ქუჩის №80-ში დანიშნულია განმეორებით დაჩქარებული ექსპერტიზა.

„ღონისძიებები დაიგეგმება ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე“ – წერია ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსგან ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. თუმცა ექსპერტიზის ახალი დასკვნის დადებიდან რამდენ ხანში დაიგეგმება ღონისძიებები, სამმართველოში ვერ გვიპასუხეს.

თურქეთის ყველაზე დიდ ტბაში წყლის დონე იკლებს – მიზეზი გლობალური დათბობაა

გლობალური დათბობის გამო თურქეთში, ქვეყნის ყველაზე დიდ, ვანის ტბაში წყლის დონე იკლებს.

წყლის დონის შემცირებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცა: გვალვა, ნალექის შემცირება და აორთქლება.

სპეციალისტების თქმით, ვანის ტბის ფართობი 140 სანტიმეტრით შემცირდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ტბაში წყლის დონის დაწევის შემდეგ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მიკროორგანიზმების შემცველი ქანები, რომლებიც ტბის ფსკერზე ათასობით წლის განმავლობაში წარმოიქმნა. ქანები, რომლებსაც თურქეთში წყალქვეშა „ზღაპრულ ბუხრებს“ უწოდებენ, უკვე სანაპიროდანაც ჩანს.

სპეციალისტები შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში წყლის ზედაპირზე ამოსული ქანები გაქრება ეროზიისა და ამინდის უარყოფითი ზემოქმედების გამო.

ფოტო: aa.com/სააგენტო ანადოლუ

მშიშრები და ხელმოცარულები ძლიერ ერს ვერ გატეხენ – ერმაკი დაბომბვაზე

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს უკრაინის ქალაქები და შეტევა მიიტანეს კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა სარაკეტო შეტევას უკრაინელთა დაშინების მცდელობა უწოდა.

„ტერორისტები რუსეთიდან განაგრძობენ გულუბრყვილო მცდელობას, შეგვაშინონ და გაგვტეხონ. იმედი აქვთ, რომ გაყინავენ უკრაინელებს, დენისა და სითბოს გარეშე დატოვებენ, მაგრამ ეს გულუბრყვილობაა, რადგან ხელმოცარულებსა და მშიშრებს ძლიერი ერის გატეხა არ შეუძლიათ,“ – წერს ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან რუსეთს ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს.

„ყველაფრისთვის გადახდა მოუწევთ. როგორც ისტორია აჩვენებს, ორმაგად და ზოგჯერ სამმაგადაც კი. 78 წლის წინ ზოგიერთი ამავე სცენარით მოქმედებდა – ეს იყო აგონია, ისეთივე, როგორიც ახლა რუსეთს აქვს. მერე რაც მოხდა – ყველას ახსოვს. რა დაემართება რუსეთს შემდეგში – ესეც უკვე იოლი მისახვედრია“.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დღეს დილით კიევში კვლავ აფეთქებების ხმა ისმოდა. აფეთქებები იყო ხარკოვში, კრივოი როგსა და დნეპრშიც. ერმაკის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ რუსეთის არმიამ შეუტია ჟიტომირის ენერგომომარაგების ქსელსაც.

რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

ბოლო თავდასხმა გუშინ, 17 ოქტომბერს მოხდა. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ „შაჰედებით“ დაბომბა კიევი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. დედაქალაქში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი.

ყველა სპორტული მოვლენა SilkTV-ში

სპორტის მოყვარულებისთვის სამი სპორტული არხი (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3)  და არხი  “სილ ქუნივერსალი” გამორჩეულია, რადგან დღის მანძილზე  სხვადასხვა სახეობის წამყვანი სპორტულ ღონისძიებების თვალის მიდევნებაა შესაძლებელი.

სპორტული კონტენტის სანახავად SilkTV-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საბაზისო პაკეტზე დაიმატოს  სპორტული თემატური პაკეტები. 

გთავაზობთ სპორტული ღონისძიებების, ჩემპიონატების, ტურნირების ჩამონათვალს, რომელსაც სპორტის ქომაგები  SilkTV-ის ეთერით ამ სეზონზე იხილავენ:

  • ფეხბურთი –ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, საუკეთესო მატჩები კონფერენც ლიგადან, ესპანეთის ლა ლიგას, MLS ფინალი (აშშ) და  სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასი. 
  • კალათბურთი – NBA, Euroleague  და ესპანეთის ჩემპიონატი Liga Endesa
  • ჩოგბურთი – ATP, WTA ტურნირები; 
  • ხელბურთი – ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის  და მსოფლიოს ჩემპიონატი მამაკაცთა შორის. 
  • ძიუდო –   Abu Dhabi Grand Slam, Baku Grand Slam, Tokyo Grand Slam, Jerusalem Masters. 
  • დოღი – Champions Day; Melbourne Cup –Breeder’s Cup; Bahrain International Trophy; Pegasus World Cup, Saudi Cup.

გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ ასევე,  ჩამოტვირთონ აპლიკაცია Silk Go სმარტფონში, სმარტ ტელევიზორში, პლანშეტზე, პერსონალური კომპიუტერზე და თვალი ადევნონ Silk Sport არხებზე მნიშვნელოვან შეხვედრებს #სადაცარუნდაიყო !

სიახლე! – 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სპორტული თემატური პაკეტების აქცია მიმდინარეობს. ახალ აბონენტებს, რომლებიც წლის ბოლომდე დარეგისტრირდებიან სილქნეტის სატელევიზიო სერვისზე, ერთი თვით საჩუქრად გაუაქტიურდებათ თემატური პაკეტები: „სპორტი“ (Silk Sport1; Silk Sport2; Silk Sport3)და „სეტანტა სპორტი“ (setanta sport1; setantasport2; setanta sport3)

საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა ბათუმის გარეუბნებს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისისა და თამარის დასახლებებსა და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს.

წყლის შეწყვეტის მიზეზი სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 20 ოქტომბერს დღისით და 21 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან -ძლიერი, 22 ოქტომბერს კი გამოიდარებს.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

პრიგოჟინის მზარდი პოპულარობა შესაძლოა არღვევდეს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ქალაქების დაბომბვას „ფსიქოლოგიურ ტერორად“ აფასებს. დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, მოსკოვის თეირანთან ურთიერთობას, მობილიზაციის პროცესს და რუსულ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ დამფუძნებელთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას.

ISW-ის აზრით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი „ძლიერი კაცის“ როლის მორგებას ცდილობს.

ანალიტიკოსები მიუთითებენ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ ფინანსისტისა და მასთან აფილირებული ბლოგერებისა და გვერდების გააქტიურებაზე და კამპანიაზე, რომელიც ავრცელებს მოსაზრებას, რომ ტრადიციული რუსული თავდაცვის ინსტიტუტები სულ უფრო არაეფექტიანია, ომის თანმდევმა სოციალურმა პრობლემებმა კი შესაძლოა კრემლის მმართველობა შეარყიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი პირდაპირ არასდროს გამოდის პუტინის წინააღმდეგ და არ აკრიტიკებს მას, მისი მზარდი პოპულარობა ნაციონალისტურ საზოგადოებაში შესაძლოა არღვევდეს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯს. სოციალურ ქსელებში გაჩენილი დისკუსია რუსეთში შესაძლო სამოქალაქო ომის შესახებ, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად აზიანებდეს კრემლის ნარატივს რუსეთის შიგნით ნაციონალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ერთობაზე,“ –  წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

დღევანდელ ანგარიშში ISW-ი აღნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმის მორიგი სერია განახორციელა უკრაინის სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე და რუსეთის ამ ქმედებას „ფსიქოლოგიური ტერორი“ უწოდა:

„უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე კიევში ადასტურებს იმ ტენდენციას, რომ რუსეთის ჯარებს ურჩევნიათ, ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ უკრაინაზე, ვიდრე წარმატებას მიაღწიონ ბრძოლის ველზე“.

ISW-ი თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობებზეც წერს და მაგალითად მოჰყავს The Washington Post-ის სტატია, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანი მოსკოვისთვის დრონების გარდა „მიწა-მიწა“ კლასის ირანული წარმოების რაკეტების გადაცემასაც გეგმავს.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქში;
  • რუსეთის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს დონეცკის ოლქის გარკვეულ მონაკვეთებზე;
  • ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის ძალები განაგრძობდნენ რუსეთის სამხედრო ცენტრებზე დარტყმებს;
  • რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ზომების მიღებას, რათა სრული კონტროლი დაამყაროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე;
  • მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოაცხადეს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ დედაქალაქში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 65 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 2 548 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 5 219 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 1 622 ერთეული [+23]
  • MLRS – 372 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 188 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 268 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 242 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 276 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 318 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 985 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 144 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 323 თვითმფრინავი
  • 161 ვერტმფრენი
  • 2 266 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 381 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 876 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 871 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 485 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 6 635 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბრის დილით „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევზე და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე:

კიევის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებიდან 19 ამოიყვანეს – უკრაინული მედია

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ბრძოლაში მარცხის გამო გადაწყვიტა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს ფრთოსანი რაკეტებით, „მიწა-მიწა“ კლასის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებით და ირანის მიერ მიწოდებული ლეტალური აპარატებით – „შაჰედ 136“.

უწყების შეფასებით, სრულიად შესაძლებელია, რომ თავდასხმის კამპანიის სამიზნე უკრაინის ენერგოგამანაწილებელი ქსელისთვის ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენებაა.

„სავარაუდოდ, რადგანაც აგვისტოს შემდეგ რუსეთი მუდმივად მარცხდებოდა ბრძოლის ველზე, მან უკრაინის სამხედრო ობიექტებთან ერთად სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაც გადაწყვიტა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 18 ოქტომბრის რელიზში.  

რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

ბოლო თავდასხმა გუშინ, 17 ოქტომბერს, მოხდა. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ „შაჰედებით“ შეუტია კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქს. დედაქალაქში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი.

დაბომბვების შემდეგ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება კატეგორიულად უარყო ირანმა, ამერიკულ მედიაში კი აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ თეირანი მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს და მისთვის დრონების გარდა „მიწა-მიწა“კლასის რაკეტების გადაცემასაც აპირებს.

ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილმა უფროსმა 520 920 ლარი მიითვისა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 520 920 ლარის მითვისების ფაქტზე ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსი, დავით მიქელაძე დააკავეს.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.

ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით [სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება]; 341-ე მუხლით [სამსახურებრივი სიყალბე] და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით [ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“

„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა სჭირს ოპოზიციას, ეს არის კრიზისი და ჩიხი, რომელშიც ოპოზიცია შევიდა, თუ პოლიტიკური ოპოზიცია მოქმედების ახალი ეტაპისთვის ემზადება?

ამ სტატიაში გაეცნობით, რას არქმევენ ოპოზიციონერები დღევანდელ მოცემულობას, რასაც პოლიტიკის ანალიტიკოსები კრიზისს უწოდებენ. მანამდე კი, პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს ვთხოვეთ, ეთქვა, რატომ მიაჩნია, რომ ოპოზიციას კრიზისი აქვს.

„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ან ღარიბია, ან ღატაკი და ვერ ცხოვრობს ღირსეულად. უმეტესობას არ აქვს საკადრისი სამსახური, ანაზღაურება, რომელიც დაფარავდა მათი და მათი ოჯახების საჭიროებებს, ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას, კარგ განათლებას, არ აქვს კულტურული განვითარების საშუალება. არც ერთი ამჟამად მოქმედი პოლიტიკური პარტია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ამომრჩეველს არ ან ვერ სთავაზობს.

ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას უიმედობის გამო და სამსახურს საზღვარგარეთ ეძებს. დღევანდელი მთავრობის პირობებში ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული მოვლენების საქართველოს გარეთ განვითარებაზე, პირველ რიგში, უკრაინის ომზე და ევროკავშირის შეცვლილ დამოკიდებულებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ… განსაკუთრებით მძიმეა განცდა, როცა ისტორიული ცვლილებების ჟამს საქართველოსათვის ამდენი შესაძლებლობა იხსნება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ,“ – გვითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

ზაალ ანდრონიკაშვილი
  • „ჩვენ უნდა დავსახოთ სტრატეგია, გაჭიანურდა ეს პროცესი“ – პარლამენტის დეპუტატი ენმ-დან 

ეს დავით ხაჯიშვილმა გვითხრა, პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, ენმ-ში დაპირისპირება არაა, მაგრამ გარკვეული დაჯგუფებების შექმნა გამოიწვია ხედვებმა იმაზე, ვინ როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ნაცვლად, ოპოზიციურ ფლანგზე სააკაშვილის თემის გამო ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ მოცემულობაში ენმ-ს წევრს ვკითხეთ: რა ჰქვია ვითარებას, რომელშიც ახლა ენმ და ოპოზიცია აღმოჩნდა?

დავით ხაჯიშვილი ეთანხმება პოზიციას, რომ „ოპოზიციას პრობლემები აქვს“. თუმცა მიიჩნევს, რომ ამოსავალი ისევ მიხეილ სააკაშვილის საკითხია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და რეალური ცვლილებები ქვეყანაში.

დავით ხაჯიშვილი

„პარტიის შიგნით არის ცალკეული დაჯგუფებები ინტერესების და არა ძალაუფლების მიხედვით, ვინ როგორ ხედავს სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას, მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნებით.

ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც წლის ბოლოს უნდა გვქონდეს… მართლაც ძალიან გაჭიანურდა ეს პროცესი, არ შეიძლება ამდენი ხანი სტრატეგიაზე ვფიქრობდეთ. პრობლემა არსებობს ჩვენს პარტიულ მენეჯმენტში. არავის ვაბრალებ მე ამას, ყოველთვის იყო კატაკლიზმები, ყოველთვის იყო და არის ხელშემშლელი ფაქტორები, რომ აშენებულიყო პარტიის სტრუქტურა, რომელიც მისცემდა პარტიას დროული რეაგირების საშუალებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი პრობლემაა დროულად პასუხის გაცემა, დროული განცხადებები, ეს არის სტრუქტურის პრობლემა,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

შეჯერდნენ თუ არა, პირველ რიგში, პარტიის შიგნით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე აგრძელებს პარტია მუშაობას, თუ აუცილებლად სააკაშვილთან ერთად? – პარლამენტის წევრი ინტერვიუს დროს ახსენებს ფრაზას: „მძევლები გავხდით“.

„2021 წელს, როდესაც მესამე პრეზიდენტი დააპატიმრეს, გადავერთეთ სრულად ამ საკითხზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარების მძევლები გავხდით, ის არის ჩვენი პარტიის ლიდერი, ამავდროულად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტია და ციხეშია. ამ დროს რთულია, სხვა საქმეებზე გადაერთო… მე, პირადად, მჯერა და ასევე უმრავლესობას ჩვენს პარტიაში, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გამოაცალოს ძალაუფლება ივანიშვილს.

ამას ემატება ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის გაურკვეველი პოზიციები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ოპოზიცია და ვინ – არა. მაგალითად, სააკაშვილის პოლიტპატიმრის სტატუსსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა არ დაუჭირა მხარი…

სააკაშვილი უნდა იყოს ყველასთვის არა დაშორების, არამედ გაერთიანების ფაქტორი. მის გარშემო გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია მხოლოდ ივანიშვილის დამარცხება და არა ცალ-ცალკე ბრძოლით,“ – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა „ბათუმელებთან“.

  • ანა ნაცვლიშვილი: „ყველამ უნდა გავიაზროთ საკუთარი როლი და გავაკეთოთ რესტარტი“ 

ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის წევრი „ლელოდან“ ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით „კრიზისის“ ხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩია, რომ ამომრჩეველთან სხვა ფორმატის ურთიერთობა წამოეწყო.

„ვფიქრობ, შინაარსზე უნდა გაკეთდეს მეტი აქცენტი და არა ფორმაზე… მგონია, რომ პოლიტიკური სპექტრი გართულია უფრო საკუთარი მოსაზრებების საზოგადოებისთვის მიწოდებით, ამ დროს კი, ეს პროცესი უნდა დაიწყოს საზოგადოების მოსმენით. მე ბოლო პერიოდი ნაკლებად ვჩნდები მედიაში, რადგან რამე რომ მქონდეს სათქმელი, ჯერ უნდა მოვუსმინო ხალხს ყურადღებით და სიღრმისეულად, მერე შევთავაზო გამოსავალი… პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ქცეულია კომენტატორად და მეც ვიყავი ამ ტრენდის ნაწილი,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მას ასევე მიაჩნია, რომ გამოსავალი არის „ახალი პოლიტიკოსებიც“. „ახალი პოლიტიკოსების და სახეების უფრო მჯერა მე, პოლიტიკის სხვაგვარი აღქმაა მნიშვნელოვანი,“ – დასძინა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილის აზრით, პრობლემები ოპოზიციას აქვს, თუმცა ეს არაა კრიზისი და პირიქით, ამ პროცესის „კრიზისად“, ან „ჩიხად“ მოხსენიება „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია, რადგან ავტოკრატიული დემოკრატიის პირობებში შეუძლებელია პოლიტიკური ოპოზიცია სადმე ძლიერ აქტორად აღიქმებოდეს.

„ეს არის ხელოვნურად კულტივირებული საკითხი „ოცნების“ მიერ… ვერ დამისახელებთ რომელიმე სხვა ავტოკრატიულ ქვეყანას, სადაც ოპოზიცია არის ძლიერად აღქმული. ავტოკრატია გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების დიდი წნეხის ქვეშ არის ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული, კრიტიკული აზრი და პოტენციალი. ჩვენ ვსაუბრობთ სიმსივნით დაავადებულ ორგანიზმზე, ამ დროს გულუბრყვილოა კითხვა: რატომ არ ფუნქციონირებს ფილტვი კარგად?

შინაარსობრივ თემებზე მუშაობის გარეშე ხელისუფლების ცვლილება ვერ იქნება მიღწეული,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

თემატურად მუშაობს „ლელო“. მაგალითად, ამ პარტიას ჰქონდა „მარშალის გეგმა“ და კონკრეტული ხედვები, თუმცა ამან ვერ გაზრდა ამომრჩევლის მხარდაჭერა – წინა არჩევნები გავახსენეთ „ლელოს“ ლიდერს.

„მეტი უნდა ვიმუშაოთ, უფრო სწორად და ეფექტურად, რომ მივიმხროთ,“ – აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი და შემდეგ რამდენიმე მაგალითსაც გვისახელებს იმის დასტურად, რომ ოპოზიციის აქტივობას დღეს კონკრეტული შედეგი აქვს:

„ალტერნატივის შეთავაზება იყო, მაგალითად, ის, რომ მთელი ზაფხული ვმუშაობდით, რომ მოგვემზადებინა კონკრეტული კანონპროექტები ევროკავშირთან ასოცირების კანდიდატის სტატუსის მისაღებად რაც იყო საჭირო… ბრიუსელის პერსპექტივიდან რომ შეხედოთ ამ საკითხს, ის ითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლების ხედვებს, არამედ ოპოზიციისგან და ეს დავდეთ. ამ პროცესში კარგად გამოჩნდა, რა არის „ქართული ოცნება“. აქამდე არ იყო დასავლეთში კარგად სიცხადე ამ საკითხზე.

ოპოზიციის დამსახურებაა „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის ლუსტრირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ყველას გადასარჩენია ეს ქვეყანა ავტოკრატიისგან და საგარეო საფრთხეებისგან, ოპოზიცია ბევრისთვის მარტივი თავშესაფარია, რომ აი, ესენი არ ვარგიან. დავუშვათ, ოპოზიცია არ ვარგა, სხვები რას აკეთებენ? შეიძლება, მთელი დღეს სჯა-ბაასი იყოს პარლამენტში, მაგრამ არაფერი არ მივიდეს აქედან საზოგადოებამდე, დღის ბოლოს კი, ერთმა პარლამენტარმა მეორეს დედა შეაგინოს და ეს გახდეს ჰედლაინი… ვიდრე ტრაგედიები არ ხდება, მნიშვნელოვანი საკითხები ვერ იკავებს ჩვენს დღის წესრიგს..,“ – გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.

  • დამოუკიდებელი დეპუტატი: „უბედური კომფორტის ზონიდან გამოსვლა გვმართებს“ 

ამ გამოსავალს ხედავს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც წლების წინ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. არმაზ ახვლედიანი „თბილისის პოლიტიკური სკოლის“ დამფუძნებელია.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთო ოპოზიციური მუხტი არ არის არც გადამდები და არც დამაჯერებელი,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი, რომელიც ახლა პარლამენტის წევრია. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ კომფორტის ზონიდან გამოყვანას მხოლოდ ის ოპოზიცია შეძლებს, რომელიც თავად შეელევა კომფორტს.

არმაზ ახვლედიანი

„პარტიებმა და სუბიექტებმა, რომლებიც ვთვლით, რომ მართლაც ოპოზიცია ვართ, სამწუხაროდ, ამის მტკიცებაც გვიწევს, უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და, შესაბამისად, გამოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. რეალურად მოხდება მაშინ მხოლოდ პოლიტიკური პროცესის გადატვირთვა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკურად გამოფხიზლებაც, რომელიც დღეს ლოგიკურად გულგრილია ოპოზიციის მიმართ და იმავდროულად არც მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ არ აქვს სიმპათია.

ეს იწყება საკუთარ თავთან იმის აღიარებით, რომ რაღაც ვერ შევძელი, არ გამოვიდა, შეგეშალა. ვიღაც იმაზეც უნდა ფიქრობდეს, რომ დროა წავიდეს პოლიტიკიდან. ყველას გვმართებს ამაზე ფიქრი ადრე თუ გვიან, მაგრამ როცა ხედავ, რომ რაღაც არ გამოდის და მოძრაობის, განვითარების გზაზე პრობლემა ხდები, სჯობს, გაეცალო. ამას სჭირდება გამბედაობა და მიხვედრილობა… ვფიქრობ, ჩვენ ამის რესურსი გვაქვს.

დღეს უმთავრესი ამბავი არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშორება, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის დაჯერება, რომ მომდევნო ხელისუფლება კოალიციური იქნება. გაკვეთილს წინა ხელისუფლებების დროს დაშვებულ შეცდომებიდან სწორად ვიაზრებთ, სწორად ვაანალიზებთ და მიღწევების შენარჩუნება შეგვიძლია. ამ სიმართლით მომართული გუნდით შეიძლება გამარჯვების მიღწევა,“ – დარწმუნებულია არმაზ ახვლედიანი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ოპოზიციისთვის ორ აუცილებელ მოკავშირეს ასახელებს: დასავლეთი, რომელსაც ოპოზიციის სჯერა და ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციას ენდობა.

„თუ ეს სამკუთხედი შეიკრა, ეს იქნებოდა ფორმულა „ოცნების“ დამარცხების და გარანტია იმისა, რომ შემდეგი მმართველობა იქნება დემოკრატიული, სამართლიანი და სახელმწიფოს სწორ განვითარებაზე, ანუ ადამიანზე ორიენტირებული,“ – დასძინა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტიკოსი შენიშნავს კიდევ ერთ ფაქტორს, რამაც მისი აზრით, გააჩინა ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ.

„ამომრჩეველმა დაინახა, როგორ არჩევნებს ატარებს „ქართული ოცნება“ 2018 წლიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საზოგადოებამ დაკარგა იმედი, რომ არჩევნების გზით შეიძლება რამე შეცვალო. ეს ავტომატურად ნიშნავს, ოპოზიციის მიმართ ნდობის დაკარგვას, იმედგაცრუებას, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაკარგა განცდა, რომ ოპოზიციის მეშვეობით შესაძლებელია „ოცნების“ არანორმალური მანქანის დამარცხება, როცა მმართველი ძალა იყენებს უხეშ ძალას, უკონტროლო ფულის დიდ მასას, ადმინისტრაციულ რესურსს, ძალოვან სისტემას და კლავ იმედს, რომ შესაძლოა, არჩევნებს ჰქონდეს აზრი,“ – შენიშნავს პოლიტიკოსი.

არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მოცემულობა ოპოზიციის ველზე „ქართულ ოცნებას“ აწყობს, მაგრამ ეს მმართველ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა.

„ოცნება“ ოცნებობს, რომ ეს სტატუსკვო შეინარჩუნოს, როცა ოპოზიცია არის დასუსტებული, დანაწევრებული და არის გაუცხოება საზოგადოებას და ოპოზიციას შორის,“ – გვიყვება არმაზ ახვლედიანი. – „რა თქმა უნდა, „ოცნებას“ და საზოგადოებას შორის უფრო დიდი ხარისხით არსებობს გაუცხოება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან კომფორტულია.

ოპოზიციის ასე დასუსტების მთავარი ფაქტორი არის „ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა – ეს პარტია ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის გეგმის მიხედვით, რომ ოპოზიცია იყოს გახლეჩილი, სახელგატეხილი, დასუსტებული. გარკვეულწილად, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, მაგრამ შეუძლებელია ეს ასე გაგრძელდეს… ვგულისხმობ 2024 წლის არჩევნებს, ამ პერიოდამდე ეს მოცემულობა აუცილებლად შეიცვლება,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

  • პოლიტოლოგი: „ფაქტია, ეს წესები შესაცვლელია“ 

პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის აუცილებლობაზე გვესაუბრა პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD აღმასრულებელი დირექტორია. ლევან ცუცქირიძის დაკვირვებით, ახლა ოპოზიციონერებს სამი არჩევანი აქვთ:

„ის პრიმიტიული წესები, რომ აი, სხვა ძალიან ცუდია და მე ვარ ძალიან კარგი, სხვა ტყუის და მე ვამბობ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას – ეს აღარ მუშაობს.

ოპოზიციას სამი გამოსავალი აქვს: დაელოდოს უარეს ვითარებაში როდის აღმოჩნდება, რაც ლოგიკურად არ აწყობს, მეორე ვარიანტია დაელოდოს რამე ისეთი მოხდეს მსოფლიოში, ან საქართველოში, რაც კალთაში ჩაუგდებს ძალაუფლებას, რაც, ცხადია, არ არის სწორი მიდგომა და მესამე გზაა შეცვალოს საქმის კეთების წესები, რადგან ძველი წესები აღარ მუშაობს.

მთავარი ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაა. მაგალითად, ყველაფრის უცბად შეცვლას კი არ დაჰპირდე, რისიც ამომრჩეველს აღარ სჯერა, არამედ პატარ-პატარა გამარჯვებებით დააჯერო ამომრჩეველი, რომ შენ რაღაც შეგიძლია. საქმე აღარ არის მხოლოდ ქუჩაში დადგომა და რაღაცის ერთიანად მოთხოვნა ყოველგვარი გეგმის და სტრატეგიის გარეშე,“ – მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძის აზრით, ოპოზიციას დღეს კრიზისი აქვს, თუმცა ეს, ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიზისის ნაწილია.

„ქართული პოლიტიკა სრულად დაიცალა პოზიტიური შინაარსისგან, მხარეებს მტრობის და შიდაპოლიტიკური ომის გარდა აღარ აინტერესებთ მნიშვნელოვანი საკითხები, რის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები. ეს კრიზისი ამ ზოგადი კრიზისის ანარეკლია.

თანაც, ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი, ყველას ვერ ექნება ერთი და იგივე სტრატეგია. ზოგადად, ოპოზიციას აქვს პრობლემა, რომ მონახოს გასაღები ამ პოლიტიკურ ჩიხში. ეს გასაღები იქნება, ჩემი აზრით, ის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არიან პროდემოკრატიული ძალები, განსხვავებულად დაინახონ პრობლემები, მათ შორის, პრობლემები საკუთარ თავში, პოლიტიკის ორგანიზებაში, მიდგომებში და რადიკალური რეფორმების გზას დაადგნენ.

ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ხედვები, მაგრამ ზოგადად ქართული პოლიტიკის სტრატეგია აქამდე თითქმის ყოველთვის იყო აწყობილი უკიდურესად პრიმიტიულ მიდგომებზე, რაც მუშაობდა: მაღალი ხარისხის კრიზისია ქვეყანაში, ან კატასტროფა, რასაც მოჰყვება მასობრივი მღელვარება და კრიზისის პიკზე უნდა მოხდეს ხელისუფლების, თუ პოლიტიკური ცვლილება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, კრიმინალური მოვლენა, არჩევნების გაყალბება, რაც აქამდე მუშაობდა და ასე ხდებოდა ძირითადი ცვლილებები. ახლა კი, საჭიროა, თანმიმდევრული, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ნდობის მოსაპოვებლად დღეს აღარაა საკმარისი მხოლოდ  იმის დანახვა, რომ აი, მთავრობამ შეცდომა დაუშვა,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგი დასძენს, რომ თანმიმდევრულობა ყველაზე მეტად სჭირდებათ ოპოზიციაში.

„…არსებობდა „მარშალის გეგმა“, ასეთი მიდგომა ძალიან მომწონს, რადგან ეს არის აუცილებელი ნორმალური პოლიტიკისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არაა საკმარისი. არის პოლიტიკური ორგანიზების საკითხები, ამას სჭირდება რუტინული შესწავლა, კვლევა და მომავლის დაგეგმვა, ცოტა გრძელვადიანი, ვიდრე ქართულ პოლიტიკას შეეძლო აქამდე. აქამდე არჩევნები როცა მოადგებოდათ კარს, შემდეგ იწყებდნენ აქტივობას, ამ დროს მთელი სახელმწიფო აპარატი და კაპიტალია მომართული შენს წინააღმდეგ.

თანმიმდევრული პარტიული მუშაობის კუთხით არის განსაკუთრებით დაბალი კომპეტენცია და ესაა ძირითადი პრობლემა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ჩვენთან ხშირად ელიან, რომ ვინმე გამოჩნდება, ან რაღაც მოხდება. არ უნდა ველოდეთ ვინმეს გამოჩენას, ან რამე განსაკუთრებულს. არჩევნებისთვის მომზადებაა საჭირო სხვაგვარად და ამომრჩეველთან ურთიერთობა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების ნაცვლად.

პირველ რიგში, ამისთვის დეცენტრალიზებული და ლოკალიზებული მუშაობაა საჭირო,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ.

სწავლა დოქტორანტურაში – რა პრობლემები აქვთ მკვლევრებს? | ინტერვიუ

საქართველოში დოქტორანტურის საფეხურს ბევრად ნაკლები ადამიანი ამთავრებს – კვლევ, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა და საქართველოს 12 საჯარო უნივერსიტეტში დოქტორანტის საფეხურზე მიღების, დამთავრებისა და აკადემიური შვებულების მაჩვენებლებს შეეხება, სწორედ ასეთ დინამიკას აჩვენებს.

ბოლო 6 წელიწადში დოქტორანტების რაოდენობა 1029-იდან 797-მდე შემცირდა, ხოლო კურსდამთავრებულთა რაოდენობა – 480-იდან 285-მდე. აკადემიურ შვებულებაში იმყოფება 1201 დოქტორანტი.

რა პრობლემების წინაშე დგანან მკვლევრები საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ქეთი ცოტნიაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ქეთი, როგორც ვიცით, საქართველოშიც სწავლობდით დოქტორანტურაში, თუმცა შეწყვიტეთ სწავლა და ახლა ამერიკაში ხართ. რა იყო მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?

მეოთხე წელია, რაც ამერიკაში ვსწავლობ სადოქტორო პროგრამაზე. მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, თუმცა იმის გამო, რომ დოქტორანტურასთან ერთად საჯარო სამსახურში ვმუშაობდი სრულ განაკვეთზე და პრინციპში, ბევრი ვერაფერი გავაკეთე, ამიტომ იქ შევიჩერე სტატუსი.

  • ეს იმას ნიშნავს, რომ სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად კვლევაზე მუშაობა შეუძლებელია?

ახლა როცა ვუყურებ, თუ რამდენი დრო და ენერგია სჭირდება იმას, რომ სრულფასოვნად ისწავლო სადოქტოროზე, ჩემს თავზე აღარ ვბრაზდები, რომ მაშინ ბევრი ვერაფერი გავაკეთე, რადგან შეუძლებელია სრულ განაკვეთზე იმუშაო და თან სადოქტორო გააკეთო.

თუმცა არსებობს ალტერნატიული გზებიც, მაგალითად, პროფესიული მიმართულებით სადოქტორო პროგრამაზე თუ სწავლობ და კვლევაც იმ სფეროს შეეხება, სადაც მუშაობ, ეს უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ სამსახურისა და სამეცნიერო კვლევაზე მუშობის დრო დააბალანსო. ასეთ შემთხვევაში სამუშაო გარემოც  მდიდარ საველე სივრცეს გაძლევს  კვლევისთვის. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კლასიკურ სადოქტორო პროგრამაზე, ეს შეუთავსებელია.

მე, მაგალითად, ახლა აქაც ვმუშაობ უნივერსიტეტში, მაგრამ კვირაში მხოლოდ 20 საათი, კვლევის ასისტენტი ვარ ორ პროფესორთან. თუმცა ეს ჩემთვის უფრო კვლევითი გამოცდილების მიღებაა და საბოლოოდ მეც იმ კვლევითი შედეგის თანაავტორი ვხდები, რომლებზეც ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად ვმუშაობ. ეს შეიძლება იყოს სტატია, წიგნი, წიგნის თავი და ა.შ. შესაბამისად, ეს ჩემს სამეცნიერო პროდუქტიულობასაც ზრდის და ჩემს კვლევით უნარებსაც ავითარებს.

ერთი წელი ერაზმუსის პროგრამითაც ვიყავი წასული პორტუგალიაში. გაცვლითი პროგრამები ერთგვარი გაქცევის საშუალებაცაა იმისთვის, რომ წახვიდე და იპოვო დრო კვლევაზე მუშაობისთვის, მაგრამ ეს ერთი წელი საკმარისი მაინც არ არის.

  • საქართველოში რა თემაზე მუშაობდით, თუ შეცვალეთ კვლევის თემა ამერიკაში და რატომ?

დიახ, თემა შეცვალე, რადგან მაშინ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, განათლების ხარისხის მიმართულებით ვმუშაობდი, ჩემი კვლევის ინტერესი იყო ბოლონიის პროცესი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმები.

მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს თემა აღარ მაინტერესებს და ახლა ჩემი კვლევის მთავარი ფოკუსი  არის აკადემიური პერსონალის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში,  ევროპული რეფორმების კვალდაკვალ როგორ შეიცვალა აკადემიური პერსონალის იდენტობა, მათი ფუნქციები, მოლოდინები, აკადემიური ცხოვრება.

როგორ მოხდა მთლიანად საუნივერსიტეტო კულტურის ტრანსფორმაცია და ამ ორ, საბჭოთა და ევროპულ კულტურებს შორის შეჯახების შედეგად როგორ შეიცვალა მთლიანად აკადემიური გარემო.

  • მოგვიყევით ამ ცვლილებაზე, რა შეიცვალა და რა – ვერ. რა დარჩა ყველაზე დიდ პრობლემად სადოქტორო განათლების მიმართულებაზე?

პირველ რიგში, ეს არის დაფინანსების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს სხვებთან შედარებით კარგი პირობები აქვს, რადგან პირველი 5 წელი უფასოა სადოქტოროზე სწავლა, დოქტორანტს მაინც უწევს მუშაობა სწავლის პარალელურად.

ამერიკაშიც ვმუშაობთ, მაგრამ აქ ხელფასი იმდენია, რომ შემიძლია თავი შევინახო, სწავლაც დაფინანსებული მაქვს. დრო და დრო გვაქვს დამატებითი საგრანტო დაფინანსებებიც, თუ გვჭირდება გარკვეული რესურსები, კონფერენციებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ფინანსური მხარდაჭერა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე პრობლემა საქართველოში ეს არის რესურსებზე ნაკლები წვდომა. ასევე იმის არცოდნა, როგორ გამოიყენო ის რესურსები, რაზეც უკვე მიგიწვდება ხელი. ამაში ვგულისხმობ ძირითადად საბიბლიოთეკო ბაზებს. საქართველოში ბოლო წლებში შედარებით გაუმჯობესდა ეს საკითხი, მაგრამ საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზებზე მეცნიერებს მაინც არ აქვთ სრული წვდომა.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტებმა ტრენინგების ჩატარებაც დაიწყეს, თუ როგორ გამოიყენონ ეს ბაზები, ჩემი დაკვირვებით, ეს საკითხი მაინც პრობლემურია, რადგან ჩვენთან საბიბლიოთეკო საქმე რაღაც ტექნიკურ საქმედ არის მიჩნეული და სინამდვილეში, დიდი მეცნიერებაა, როგორ იპოვო ეს რესურსები, როგორ მოახერხო სწორი ნავიგაცია ამ სივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი მეცნიერები ვერ ახერხებენ.

  • განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ამ მხრივ მეცნიერებს პრობლემები არ აქვთ.

ცოდნის თვალსაზრისითაც და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც არის პრობლემა.

ბოლო წლებში გარკვეულ ბაზებზე წვდომა გაიზარდა, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა პერსონალმაც და სტუდენტებმაც  არ იციან, რომ ამ ბაზებთან წვდომა აქვს უნივერსიტეტებს.

პრობლემაა ისიც, რომ ამ ბაზებში ძირითადად ინგლისურ ენაზეა ლიტერატურა და ენის ფლობაც პრობლემაა როგორც პროფესორებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

  • გარდა დაფინანსების, ენის ბარიერისა და დროის ფაქტორისა, კიდევ რა ტიპის პრობლემა დგას ქართულ უნივერსიტეტებში?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ჩემი აზრით, სადოქტორო ხელმძღვანელის შერჩევის საკითხი, რადგან დოქტორანტურის სტუდენტს სჭირდება ძალიან კარგი ხელმძღვანელი, ის, ვინც გამოცდილია იმ კვლევითი ინტერესის სფეროში, რომლის კვლევაც სტუდენტს უნდა.

ჩვენთან კი, ხშირია შემთხვევა, როცა სადოქტორო ხელმძღვანელს არ აქვს დოქტორანტის კვლევის საკითხთან მიმართებით კვლევითი გამოცდილება.

მაგალითად, მინახავს განათლების მიმართულებით დაცული დისერტაციები, როცა სტუდენტს ხარისხი დაცული აქვს  შედარებით და საერთაშორისო განათლების პოლიტიკაში და მისი  ხელმძღვანელი იყო პედაგოგიკის მიმართულების მკვლევარი.

მსგავსი შეუსაბამობებით რთულია, სადოქტორო დისერტაცია ხარისხიანი გამოვიდეს. ხელმძღვანელისგან მიღებულ კრიტიკულ და კომპეტენტურ უკუკავშირს, თეორიული და მეთოდოლოგიურ თვალსაზრისით გაწეულ კონსულტაციას, სათანადო რესურსების მითითებას და დაკვალიანებას, დოქტორანტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

დროის პრობლემა ამერიკაშიც არის ცხადია და შესაძლოა უკუკავშირი დაგიგვიანოს ხელმძღვანელმა, მაგრამ შენ იცი, რომ ეს არის მისი პროფესორის/ხელმძღვანელის საქმიანობის მნიშვნელოვანი  ნაწილი. ხოლო საქართველოში ძალიან გაფანტული და ფრაგმენტირებულია ეს საკითხი, რადგან ვერც პროფესორები და ვერც სტუდენტები ვერ ახერხებენ მთლიანად აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას და პარალელურად უწევთ სხვადასხვა სამსახურში მუშაობა.

  • ალბათ თქვენც გსმენიათ, როცა ამბობენ, რომ საქართველოში დაწერილი დისერტაციების უმრავლესობა თაროზეა შემოდებული, რომ მათ არანაირი სამეცნიერო და კვლევითი ღირებულება არ აქვთ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ძალიან ბევრია ასეთი პრობლემური ნაშრომი, იმ ადამიანებისაც, რომლებიც უკვე პროფესორები არიან და მათიც, ვისაც ახალი დაცული აქვთ. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი კვლევის მეთოდოლოგიური და თეორიული კომპონენტების სწავლების ძალიან სუსტი ხარისხია.

ჩვენთან სადოქტოროზე ჩაბარების წინაპირობა არის სამაგისტრო საფეხურის დასრულება, სადაც ასევე სუსტია კვლევის მეთოდოლოგიური ნაწილი. ხოლო სადოქტოროზე რაც ისწავლება, ჩემი აზრით, ეს არ არის სადოქტორო დონის შესაბამისი მეთოდები.

კვლევის მეთოდების სწავლება, ხშირ შემთხვევაში, შესავალი კურსის დონეზე ჩერდება, რაც მაგისტრატურის  დონეს წარმოადგენს და ის საკმარისი არ არის სადოქტორო საფეხურის დონეზე სრულყოფილი, მეთოდოლოგიურად და თეორიულად გამართული კვლევის ჩასატარებლად.

  • დასავლურ უნივერსიტეტებში რა ემატება, ვთქვათ, იმ კომპონენტებს, რაც ჩამოთვალეთ?

მარტივად რომ ვთქვა, ის, რაც შესავალი კურსის დროს ერთი თემის ფარგლებში ისწავლება, ეს საკითხები ცალკე კურსებად არის შემოთავაზებული, მაგალითად,  დისკურსის ანალიზი, ეთნოგრაფიული კვლევა, პოსტთვისებრივი კვლევა, და ა.შ., შესაბამისად დოქტორანტს შეუძლია კონკრეტული მეთოდოლოგიური მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა და აირჩიოს კურსი იმ მეთოდოლოგიაში, რომლის გამოყენებასაც სადოქტორო კვლევაში აპირებს.

ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სადოქტორო ხელმძღვანელს ჰქონდეს კვლევის მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება, რათა შეძლოს დოქტორანტის სათანადო დაკვალიანება. თუმცა ეს საკითხი ჩვენს უნივერსიტეტებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

  • ამის გამოსწორება სახელმწიფოზეა დამოკიდებული, თუ უნივერსიტეტებზე?

ეს საკითხი ისევ მიდის დაფინანსების პრობლემასთან.  აკადემიურ პერსონალს დღეს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, შესაბამისად, ისინი ვერ უთმობენ სათანადო დროს აკადემიურ და კვლევით საქმიანობას. ასევე, ის გარემო, რომელიც უნივერსიტეტშია, არ არის წამახალისებელი იმისთვის, რომ მეტი კვლევა გააკეთონ.

დასავლეთის აკადემიურ სივრცეში იზრდება კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პროფესორმა მუდმივად უნდა აქვეყნოს ახალი სტატიები და  იზრუნოს მისი პროდუქტიულობის გაზრდაზე. შესაბამისად, მეტი აქცენტი გადადის აკადემიური პროდუქტიულობის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, რაც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი სიახლისა და აკადემიური ექსპერიმენტების ჩატარების პოტენციალს ამცირებს. ჩვენთან კი მეორე უკიდურესობაა, რადგან ეს შეფასების სისტემა საერთოდ არ მუშაობს.

ორი-სამი წელიც რომ არ გამოაქვეყნოს პროფესორმა რაიმე ნაშრომი, მას რაიმე საფრთხე არ დაემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უნივერსიტეტებს რეგულაციებში აქვთ ეს მოთხოვნები ჩადებული, ამაზე რეაგირება მაინც არ ხდება.

იმდენად სწრაფად იქმნება ახალი ცოდნა და მიმართულებები სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში, რომ თუ მეცნიერი კვლევით პროცესებში მუდმივად არ არის ჩართული, ძალიან მარტივია სფეროს ჩამორჩე.

ამის გამოსასწორებლად აუცილებელია სისტემური ცვლილებები.  უნდა შეიცვალოს აკადემიური პერსონალის დასაქმებისა და სახელფასო პოლიტიკა ისე, რომ აკადემიურ პერსონალს ჰქონდეს კვლევის ჩასატარებლად საჭირო გარემო და პირობები.

ასევე, საჭიროა სასწავლო და კვლევითი დატვირთვის დაბალანსებაც. დაბალ აკადემიურ პოზიციაზე  მყოფ აკადემიურ პერსონალს – ასისტენტ პროფესორებს ძალიან დიდი სასწავლო დატვირთვა აქვთ და ძალიან დაბალი ხელფასი, რაც მათ კვლევისთვის დროს არ უტოვებს.  არსებობს მოლოდინი, რომ პროფესორები უფრო მეტად უნდა მუშაობდნენ კვლევაზე, და შესაბამისად, მათი სასწავლო დატვირთვა შედარებით დაბალია. მაგრამ ხშირად სამეცნიერო დატვირთვაზე გამოყოფილი დრო მათ კვლევით შედეგიანობაზე ნაკლებად აისახება. საჭიროა უფრო მოქნილი და აკადემიური პერსონალის კვლევით თუ სასწავლო პოტენციალზე მორგებული დატვირთვის სქემების შემუშავება.

  • აკადემიური შეფასების სისტემა ნეპოტიზმის გამო არ მუშაობს?

ცალკეული შემთხვევები რომ იყოს, ვიტყოდი, რომ ნეპოტიზმია, მაგრამ ეს არის იმდენად სისტემური, რომ ნეპოტიზმს ვერ დავარქმევ. ჩვეულებრივი ამბავია, ყველამ იცის, რომ, მაგალითად, რეგულარულად არ ჩაატარე კვლევა და არ გამოაქვეყნე რეფერირებად ჟურნალებში, მაინც არავის არაფერს მოსთხოვენ.

ბოლო დროს გაჩნდა პრაქტიკა, რომ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნების შემთხვევაში, აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტები გარკვეულ წამახალისებელ ფულად დანამატს უხდიან. ეს კარგი პრაქტიკაა, თუმცა არასაკმარისი მთლიანი სურათის გამოსასწორებლად.

  • როგორ ფიქრობთ, სისტემური პრობლემები განაპირობებს იმას, რომ პროფესიონალები ქვეყნიდან მიდიან? თქვენ თუ აპირებთ დაბრუნებას?

ყველაზე ხშირად ის სტუდენტები ბრუნდებიან უკან, რომლებიც სამაგისტროზე საფეხურზე სწავლობენ საზღვარგარეთ, ძირითადად კი ის სეგმენტი, რომლებიც დაფინანსებას სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სასტიპენდიო პროგრამებიდან იღებენ. ხელშეკრულების პირობები მათ დაბრუნებას ავალდებულებს.

სადოქტოროზეც როცა სწავლობ, ძალიან დიდ ძალისხმევას დებ ამ საქმეში და მთავარი მოტივაცია მაინც არის სამეცნიერო სფეროში დასაქმება. საქართველოში კი ამ სფეროში ანაზღაურება ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, მირჩევნია, ძირითადად დასაქმების ადგილი საზღვარგარეთ ვიპოვო.

როდის დასრულდება ხულო-გოდერძის გზაზე 4 კილომეტრის შეკეთება

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავდაპირველად შეჩერდა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა.

სამუშაოებს ამჯერად სხვა კომპანია „ნიუ როუდი“ აგრძელებს.

კომპანია „მამისონში“ კი აცხადებენ, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022

გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია „მამისონთან“ 14,5 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

„მამისონმა“ „უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არაერთი წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, მიმწოდებელი არ ახორციელებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ აწარმოებდა სამუშაოებს. შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე 2022 წლის 5 აგვისტოს ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა პირგასამტეხლო 220 186 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მიმწოდებლის მიერ დეპარტამენტში არ არის წარმოდგენილი.“

გზების დეპარტამენტმა „ბათუმელებს“ მოგვწერა, რომ „ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 14 581 880 ლარს; სამუშაოების დაწყებიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დრომდე კი, „მამისონს“ შესრულებული ჰქონდა 8 454 086 ლარის სამუშაოები, თუმცა დეპარტამენტის მიერ ანაზღაურებულია 8 031 382 ლარი.“

ხელშეკრულების შეწყვეტამდე მასში სხვადასხვა ცვლილება [მათ შორის სამუშაოების დასრულების გადავადებაზეც], სულ 18-ჯერ შევიდა.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022

„მამისონი“ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი თვით ადრე, 2020 წლის 1-ელ ივნისს, კიდევ ერთ ცვლილებას ითხოვდა და დეპარტამენტს მისწერა – გადაევადებინა სამუშაოების დასრულების ვადა, რასაც დეპარტამენტი აღარ დათანხმდა.

 

[toggle title=”გადავადების მიზეზებზე „მამისონის“ წერილის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„მამისონი“, 2022 წლის 1-ელ ივნისის წერილით, დეპარტამენტს გზაზე სამუშაოების დასრულების ვადის გადავადებას შემდეგი მიზეზების გამო სთხოვდა:

  • „გზაზე „წლების განმავლობაში მომხდარი მეწყრული და სტიქიური მოვლენების გამო, ასევე სხვა კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო, პროექტი საჭიროებდა ძირეული ცვლილებების შეტანას“
  • ხშირი იყო შემთხვევა, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკური ქმედებებით არ გვაძლევდა კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, ვინაიდან არ ეთანხმებოდნენ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს [გაბიონის ნაცვლად ითხოვდნენ ბეტონის კედლის მოწყობას…]
  • პროექტში ორჯერ შეტანილი იქნა ცვლილება, თუმცა საბოლოო პროექტი ჯერ დასრულებული არ არის…
  • ასევე აღსანიშნავია COVID 19-ით გამოწვეული შეფერხებები…
  • სამუშაოები ასევე შეაფერხა გასულ წელს, ზაფხულში, ქვეყნის მასშტაბით წარმოშობილმა ცემენტის დეფიციტმა…
  • გარდა იძულებითი მოცდენებით განცდილი ზიანისა, პროექტის კორექტირების გამო სამუშაოთა დროში გახანგრძლივების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ძირითადი მასალების ღირებულება, რაც ასევე მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება კომპანიას.“

„მამისონი“ სწერს დეპარტამენტს, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო სამუშაოების დასრულება, რომელიც შეთანხმებული იყო 2022 წლის 15 ივნისისთვის, ვერ მოესწრება და ითხოვს დასრულების ვადის 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადებას:

„მამისონის“ 2022 წლის 1-ელი ივნისის წერილი

დეპარტამენტის პოზიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, იყო ის, რომ სამუშაოების დასრულების ვადა აღარ გადაწია [ვინაიდან „ანალოგიური მიზეზების გამო კომპანიას ერთხელ უკვე გადაუვადა სამუშაოების დასრულების ვადა“ [15 ივნისამდე].

შესაბამისად, დეპარტამენტმა კომპანიას სამუშაოების დასრულება მოსთხოვა, საბოლოოდ კი, „ვინაიდან კომპანიამ სამუშაოები არ განაახლა“, ხელშეკრულება შეუწყვიტა.[/toggle]

 

„ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ დაუკავშირდა, გაასაჩივრა თუ არა დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. „ჯერ არ გაგვისაჩივრებია, მაგრამ ვაპირებთ, გავასაჩივროთ,“ – გვითხრეს კომპანიაში.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022

„მამისონთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები განახლდა და დღესაც მიმდინარეობს.

დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ „გზის ამ მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ნიუ როუდის“ შორის 2022 წლის 25 მაისს გაფორმებული [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები] ხელშეკრულების ფარგლებში, დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე.“

„სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლისათვის“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან, თუმცა კონკრეტული თარიღი და ინფორმაცია, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად, დეპარტამენტს „ბათუმელებისთვის“ არ მოუწოდებია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, აჭარასა და გურიაში გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე დეპარტამენტს ტენდერი პრეისკურანტით ჰქონდა გამოცხადებული, სადაც სახელშეკრულებო ღირებულება 30 მილიონი ლარია.

ასეთ დროს დეპარტამენტი მიმწოდებელს [ამ შემთხვევაში შპს „ნიუ როუდის“] შესრულებული სამუშაოების ღირებულებას მას შემდეგ გადაუხდის, რაც სამუშაოები დასრულდება და ღირებულება შეთანხმებული პრეისკურანტის მიხედვით განისაზღვრება.

შესაბამისად, ჯერ უცნობია, რამდენი ლარი დაიხარჯება აღნიშნული გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის „დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022 / ევა ართმელაძის ფოტოები

აღნიშნული 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დაბა ხულოსა და დიდაჭარის კაშხალს შორის მდებარეობს.

აღნიშნული კაშხლიდან გოდერძის უღელტეხილამდე გზას [ლოტი 1] კი, კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს.

„სინოჰიდრო“ მუშაობს გოდერძიდან სოფელ ზარზმამდე არსებული გზის [ლოტი 2] რეაბილიტაციაზეც. ამ მონაკვეთში ზარზმიდან გოდერძის მიმართულებით უკვე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება:

ხულო-ზარზმის გზა, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა დეპარტამენტმა 2020 წლის თებერვალში მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ამჯერად ეს გზა სამ სამშენებლო ობიექტად/მონაკვეთად არის დაყოფილი: დაბა ხულო-დიდაჭარის კაშხალი [მუშაობს კომპანია „ნიუ როუდი“]; დიდაჭარის კაშხალი-გოდერძი [ლოტი 1] და გოდერძი-ზარზმა[ლოტი 2], სადაც სამუშაოებს ამჯერად „სინოჰიდრო“ ასრულებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამივე მონაკვეთზე სამუშაოები 2023 წელში უნდა დასრულდეს.

ამასთან, ხულო-გოდერძის გზის [ლოტი 1] რეაბილიტაციისთვის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი და დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის [KFAED] მიერ; ხოლო გოდერძი-ზარზმის [ლოტი 2] პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 38 511 473 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით, ფონდის მიერ ფინანსური რესურსი 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობით გამოყოფილია მხოლოდ ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთისთვის [ლოტი 1].

გოდერძის უღელტეხილი – ზარზმის მონაკვეთის [ლოტი 2] სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში და არც სასესხო ხელშეკრულების გაფორმების დროს იყო გათვალისწინებული ლოტი 2-ის დაფინანსება ქუვეითის ფონდის მიერ“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამავე თემაზე:

იქნება თუ არა გარეგანათება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე – გზების დეპარტამენტის პასუხი

მედვედევი ისრაელს აფრთხილებს: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედაობა იქნება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ისრაელს აფრთხილებს. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება“.

„ისრაელი თითქოს აპირებს კიევის რეჟიმს იარაღი მიაწოდოს. ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებს დაანგრევს,“ – წერს მედვედევი ტელეგრამზე და დასძენს, რომ „ბანდერელებისთვის“ სამხედრო დახმარებით, ისრაელი ნაცისტებს დაეხმარება, – „ბარემ ბანდერა და შუხევიჩი თავის გმირებად გამოაცხადონ.“

მედვედევის გაფრთხილება ისრაელის დიასპორის მინისტრის, ნახმან შაის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა. შაიმ ტვიტერზე დაწერა, რომ დროა ისრაელმა უკრაინის სამხედრო დახმარება დაიწყოს:

„ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, ირანი აპირებს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის. უკვე აღარაა არანაირი ეჭვი, სად უნდა იდგეს ისრაელის სახელმწიფო ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება ისევე, როგორც შეერთებული შტატებისა და NATO-ს ქვეყნებისგან იღებს.“

ნახმან შაი თავის პოსტში სავარაუდოდ გულისხმობდა The Washington Post-ის მიერ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას ზრდის და რუსეთისთვის არამხოლოდ დრონების, არამედ ირანული წარმოების რაკეტების მიწოდებასაც აპირებს.

როგორც The Times of Israel წერს, ისრაელის ხელისუფლებას არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას.

გამოცემის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრჯერ უსაყვედურა ისრაელის ხელისუფლებას იმის გამო, რომ მისი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთს მოიცავს.

„ისრაელს არაფერი მოუცია. არაფერი, ნული“, – უთხრა ზელენსკიმ გასულ თვეში ფრანგულ TV5Monde-ს. – „მე მესმის, რომ მათ რთული ვითარება აქვთ სირიასთან და რუსეთთანაც. მესმის, რომ მათ საკუთარი მიწის დაცვა სჭირდებათ, მაგრამ ჩემი დაზვერვისგან ვიღებ იმ ინფორმაციასაც, რომ ისრაელი აწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სხვა ქვეყნებს. ყიდიან, ექსპორტს აკეთებენ, ამიტომაც ვარ გაოგნებული“.

ამ განცხადებების პარალელურად, გასულ კვირას The New York Times-მა კონფიდენციალურ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ისრაელი უკრაინას „სადაზვერვო ინფორმაციით“ ეხმარება ირანულ კამიკაძე-დრონებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უკრაინული წყარო გამოცემას ეუბნება, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კერძო კომპანია ისრაელიდან უკრაინელებს რუსეთის სამხედრო პოზიციების სატელიტურ გამოსახულებებსაც აწვდის.

კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანმა რუსეთი კამიკაძე-დრონებით მოამარაგა, რომლებიც ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენება. კულებამ ასევე მოითხოვა, რომ შემდეგი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ იყოს უფრო მკაცრი.

დღეს, 17 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით ისაუბრა, კამიკაძე-დრონებით კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ დაბომბვაზე.

მისი თქმით, იგი „სავარაუდოდ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც საჰაერო განგაშის სიგნალის გამო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა“.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, კიევის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის ოთხამდე გაიზარდა, მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია. კრემლს აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი.

დილით კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამგვერდზე გავრცელდა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ:

„ვსწავლობთ სპარსულს: سبح بخير – Sob baheir – დილა მშვიდობისა“.

 

„სარფში“ იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს, საქმე შსს-ს გადაეცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის  5 დანა აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

„DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტს უნაზღაურდება დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება [პაციენტს] – ოპერაცია, რეანიმაცია, თუ ასე შემდეგ, ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო უხდის [კლინიკას] დიაგნოზის მიხედვით. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი, გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის.

თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის საყოველთაოს პრინციპით დაშვებული თანაგადახდის გარდა დამატებით VIP ოთახის, უმეტესი სერვისისა თუ ექიმის ჰონორარის დაფინანსება, მას შემდეგ, რაც DRG პრინციპი გაეშვება, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება“, – განმარტავს ილია ღუდუშაური, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

DRG დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტრო.

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განმარტებით, ამ მეთოდით დაფინანსების მექანიზმი გამორიცხავს ერთსა და იმავე ჩარევაზე სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებულ ფასს:

„ეს მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ ერთსა და იმავე სერვისზე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კლინიკაში იქნება ერთი და იგივე ფასი და პაციენტებიც შესაბამისად, თანაგადახდას გადაიხდიან თანაბარი პრინციპით“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

  • გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
  • ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
  • მშობიარობა / საკეისრო კვეთა
  • ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
  • კომბუსტიოლოგია [მოზრდილთა სტაციონარული დახმარება]
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
  • სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება

უკრაინის თავდაცვა მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გადაიღონ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი მოუწოდებს უკრაინელებს, არავითარ შემთხვევაში არ გადაიღონ და არ გამოაქვეყნონ ჩამოვარდნილი დრონების ნარჩენები.

მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა, ვინც ასეთ ფოტოებს აქვეყნებს, უნებლიეთ რუსეთს ეხმარება.

„თითქოს არაფერი საშიში არაა – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანობით, მაგრამ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ სამხედროებივით აზროვნება და ცოტა წინაც გავიხედოთ,“ – წერს მალიარი და დასძენს, რომ თუკი კადრში მოხვდება უპილოტო საფრენი აპარატის საბორტო ნომერი, ამით რუსებს შეუძლიათ დაადგინონ, მიაღწია თუ არა დრონმა დანიშნულების ადგილამდე.

მისი თქმით, დრონების ფოტოები რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა შესაძლოა პროპაგანდისტული მიზნებითაც გამოიყენონ, მაშინაც კი, თუ ფოტოზე არ ჩანს გარემო და ადგილი, სადაც ისაა გადაღებული.

სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის კიდევ ოცამდე ქალაქზე რუსეთმა 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მორიგი თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, რუსეთმა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა კიევი და რამდენიმე ქალაქი. კიევის დაბომბვას, წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

დღესვე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დრონები არ მიუწოდებია და ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკური მოტივებით ვრცელდება.  

Exit mobile version