მთავარი,სიახლეები

9 შვილის დედა: მდიდრები არა, მაგრამ ბედნიერები ვართ

30.12.2022 • 3924
9 შვილის დედა: მდიდრები არა, მაგრამ ბედნიერები ვართ

გიორგი, გიული, ანჟელა, ანა, ია, გოგა, ელისაბედი, გეგა, ბარბარე – 40 წლის მადონა ფუტკარაძე თავისი შვილების სახელებს თვლის და იღიმის. 9 შვილის დედას ყველაზე უფროსი 20 წლის ჰყავს, ყველაზე უმცროსი – 3 წლის.

„არც ძალიან ავსილები ვართ, არც ძალიან დავსილები“, – ასე აღწერს მადონა საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას.

მადონას მეუღლე, გელა ფუტკარაძე, აგვისტოს ომის ვეტერანია. ომიდან დაბრუნებულმა ინფარქტი გადაიტანა. შეუძლია თუ არ შეუძლია, მაინც მუშაობს – დიდ ოჯახს ბევრი საჭიროება აქვს.

ცოლ-ქმარს 6 გოგო და 3 ბიჭი ჰყავს. უფროსი შვილი, გიორგი, დაქორწინებულია. ყველანი ერთად დიდ ოჯახად ცხოვრობენ ბათუმთან ახლოს, სოფელში.

„ჩემი მეუღლე დღიურად მუშაობს, მუშად. ცემენტი და სილა ააქვს მშენებლობებზე. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ უცებ იხარჯება. მაგალითად, ამ თვეში ყველა გაციებული იყო და სოციალურის დიდი ნაწილი წამლებში დაგვეხარჯა.

თან ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს ბაზარში – კარტოფილი, შაქარი და ზეთი რომ იყიდო, ყველაფერი გაძვირებულია.

1 ლიტრი ზეთი 10 ლარი ღირს, როცა ადრე 3-4 ლარში ვყიდულობდი. ახლა 10 ლარს რომ ზეთში მისცემ, რაღა უნდა დაგრჩეს?

ხორცსაც ვყიდულობ და მთლად უხორცოდ არ ვრჩებით, მაგრამ ყოველ მეორე-მესამე დღეს ვიყიდოთ და მოვიტანოთ, ეგრე ნამდვილად არ შეგვიძლია.

სოციალური არაფერი არაა, ვიხდით კომუნალურებს და ბავშვებს თუკი რამე უნდათ ერთჯერადად, ეგ თორემ დანარჩენი ნამდვილად არაფერში არ გვყოფნის. ვერც ვერაფერს ვაკეთებთ დიდად,“ – ამბობს მადონა.

მადონა შინ შრომაშია ჩართული. მისი ძირითადი საქმიანობა 9 ბავშვის მოვლა-პატრონობაა. მუხლჩაუხრელად მუშაობს მადონას ქმარიც, იმიტომ, რომ სოციალური დახმარება ოჯახს არ ჰყოფნის.

„როგორც მრავალშვილიან ოჯახს მოგვცეს ბინა ბათუმში. მაგრამ ბინა არ გვინდოდა, ამიტომ გადავცვალეთ სახლში სოფლად და აი, აქ ვართ. ხეხილი გვაქვს, მანდარინი. იქიდან ცოტა შემოსავალს ვიღებთ. წელს ცუდი მოსავალი იყო, სულ რაღაც 500 კილო მოვკრიფეთ, როცა მანამდე 3-4 ტონას ვკრეფდით. ალბათ მომავალში გაგვიმართლებს და იქნება რამე,“ – ამბობს მადონა.

ახალი წელი მადონას და გელას მრავალშვილიანი ოჯახისთვის ერთად ყოფნის დღეა. ოჯახს რამე განსაკუთრებული ტრადიცია არ აქვს, ერთად ყოფნის გარდა. 29 დეკემბრის შუადღეს, როცა მადონასთან ინტერვიუს ვწერდით, გელა ზარს ელოდებოდა დამსაქმებლისგან.

„ახლა მეუღლე ელოდება, რომ დაურეკავენ სამუშაოს თაობაზე. წავა, აზიდავს ქვას ან რამეს და საახალწლოდ ჩვენც ვიყიდით რამეს,“- ამბობს მადონა და აგრძელებს:

„7 წელია, რაც საკუთარი ჭერი მაქვს, მანამდე სულ ნაქირავებში ვიყავით, ხან სად ვცხოვრობდით, ხან სად. ყოფილა მომენტი, რომ საახალწლოდაც კი გარეთ ვყოფილვართ და არ მქონია ქირა, რომ შევსულიყავი სადმე. სიმართლე გითხრათ, ისეთი ცხოვრება გვქონდა, არც კი გვიცდია, რომ რამე ტრადიციად დაგვემკვიდრებინა.

ჩვენი ტრადიცია ისაა, რომ სახლში ვრჩებით ყველანი და ისე ვხვდებით ახალ წელს.

მაგრამ ახლა, როცა სახლი გვაქვს, დავფიქრდებით“.

ფუტკარაძეების ოჯახში საახალწლო მოსართავებს ქაღალდისგან ჭრიან

მადონას ვკითხეთ, რამდენად რთულია ქალისთვის მართოს მრავალშვილიანი ოჯახი და როცა ყველა ბავშვს ერთდროულად უნდა რაღაც, სათანადოდ გაანაწილოს ყურადღება.

„ყველაზე მთავარია, რომ არ უნდა მოიშალო ნერვები. ხშირად უკითხავთ, როგორ უძლებ, როცა ყველა ბავშვი ერთდროულად ლაპარაკობს და ყველას ერთდროულად უნდა რაღაც.

ახლა გოგოები უკვე დიდები არიან, მაგრამ როცა პატარები იყვნენ, არც მაშინ არ ვიშლიდი ნერვებს. გაცნობიერებული მაქვს, რომ როცა ამდენი შვილი გყავს, იმის შესაბამისად უნდა შეინარჩუნო ფსიქოლოგიური გამძლეობა.

არიან ისეთი ადამიანები, როცა ნერვები ეშლებათ ჩხუბობენ, ყვირიან, ბავშვებს უყვირიან ან სცემენ.

ღმერთს მადლობა, როცა ვეტყვი, რომ რაღაცის გაკეთება/ყიდვა არ შემიძლია, ესმით. ხელს გვიწყობენ და ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობას ითვალისწინებენ. ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ.

კი, თითოეული რაღაცას ითხოვს, სულ რაღაცა უნდათ, მაგრამ გარეთ რომ გადიხარ და მერე სახლში ბრუნდები, იმის იმედი გაქვს, რომ სახლში ამდენი შვილი ერთად დაგხვდება.

მართალია, ყველა კარებში გხვდება და რაღაცას ელოდება, მაგრამ ეს სიცოცხლის ხალისს გაძლევს.

მე მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა. ჩემთვის შვილები ბედნიერებაა,“ – ამბობს მადონა.

მადონას თქმით, მართალია, მათი ოჯახი მდიდარი არაა, მაგრამ ბედნიერები არიან. ერთმანეთს ეხმარებიან, გვერდით უდგანან, ქონებაც და უქონლობაც ერთად გადააქვთ.

„ყველა სურვილს ნამდვილად ვერ ვუსრულებ. ბავშვებს უნდათ დღესასწაულზე ბევრი რაღაცა ჰქონდეთ, ყველას საჩუქარი უნდა, ყველას თითო სურვილი აქვს, მაგრამ მაგდენი შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა ძალიან კი ვცდილობ ყველა სურვილი შევუსრულო… რასაც ვაფასებ, ერთმანეთის სიყვარული იციან, რაც მთავარია, დედმამიშვილები არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ“.

მადონა ყველაზე მეტად წუხს, რომ ინტერნეტი აღარ აქვთ.

„50 ლარი უნდა, მაგრამ ამ თვეში იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვქონდა ბავშვების ავადმყოფობის გამო, ვერ გადავიხადეთ,“ – ამბობს ის. უინტერნეტობა სწავლაში უშლის ხელს იას, რომელიც სხვადასხვა სამოქალაქო პროექტში მონაწილეობს. ერთ-ერთში გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ფინალურ ეტაპზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, ვერ გავიდა – არც ტელეფონი ჰქონდა და არც ინტერნეტი“.

საახალწლო სამზადისი

6 წლის გეგას მანქანა უნდა, 10 წლის გოგას  – ველოსიპედი, 3 წლის ბარბარეს – სათამაშო დათუნია, ხოლო  8 წლის ელისაბედი საახალწლოდ თოვლის ბაბუასგან სათამაშო ტელეფონს ელის.

ელისაბედი, გეგა, გოგა და ბარბარე

პატარებისგან განსხვავებით უფროსები სწავლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მათი საახალწლო სურვილები მომავალს უკავშირდება. ანჟელას სურს სტილისტი გახდეს ან დიზაინერი.

„დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ, რომ დიზაინერი გამოვიდე,“ – ამბობს ანჟელა.

„მე მომწონს ხატვა და ბავშვების მოვლა. ძიძა მინდა ვიყო, იმიტომ, რომ სხვებზე ზრუნვა მომწონს,“ – ამბობს 17 წლის ანა.

იას მასაჟის სპეციალისტობა სურს და უნდა ამ განხრით ისწავლოს, 18 წლის გიულის კი მასწავლებლობა აქვს გადაწყვეტილი.

ყველაზე უფროსი, 20 წლის გიორგი კი, უკვე დაქორწინებულია.

„მრავალშვილიან ოჯახს ბევრი რამ უნდა – ჩაცმა, ჭამა, დალაგება. მეორე მხრივ, კარგიცაა – მოწყენის უფლება არ გაქვს, როცა ბევრი და-ძმა გყავს,“ – ამბობს ანჟელა საკუთარ ოჯახზე საუბრისას.

„ცოტა არ იყოს, ტვინის ტკივილია, მაგრამ მაინც კაია. ცხოვრების ხალისს გაძლევს, როცა მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობ,“ – ამბობს ია და იცინის.

მისი სიცილი ბავშვებს ედება და სახლში მხიარული გარემო იქმნება.

ფუტკარაძეების სახლში საშუალო სიმაღლის ნაძვის ხე დგას, სათამაშოების გარეშე. ნაძვის ხეზე მხოლოდ თოვლის ფიფქები და განათებებია.

„წელს ასეთი კონცეფცია გვაქვს, ახალ წელს ხომ ცვლილებები მოაქვს და გადავწყვიტეთ, განსხვავებული ნაძვის ხე გვქონოდა,“ – ასე გვიხსნის 15 წლის ანჟელა. ანჟელას დიზაინერობა სურს.

ანჟელას დედა კი რეალურ მიზეზს გვიმხელს, რატომ არ აქვს მათ ნაძვის ხეს სათამაშოები.

„სათამაშოს ვერ წაეკარები, ერთი პატარა ბურთულა 5 ლარი ღირს. მინდა ვიყიდო, მაგრამ მერე ვფიქრობ, მარტო ამაში რომ მივცე 5 ლარი, იმ 5 ლარით 1 კილოგრამ შაქარს მაინც ვყიდულობ და ორ ჯერზე მაინც დალევენ ბავშვები ჩაის, სხვა თუ არაფერი.

იმ ფაქტმა, რომ ყველაფერი გაძვირდა, ჩვენი ოჯახის კვებითი რაციონი ძალიან შეცვალა. როცა საკვები უფრო იაფი იყო,  ყველა სურვილს ვერა, მაგრამ პატარ-პატარა სურვილებს ვუსრულებდი ბავშვებს.

რაც მინდოდა, ვყიდულობდი. ამ პანდემიის მერე ისეთი სიტუაციაა, რომ შეუძლებელია რამე ისეთი იყიდო.

ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა, ახლა დეტალურად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მოგვიწია. ფაქტობრივად, აღარ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე მენიუ გვქონდეს, რაც გვქონდა ორი წლის წინ თუნდაც.

დაბადების დღეებს ვერ აღვნიშნავთ. ბავშვებს წელს ყველას უნდოდა დაბადების დღეზე  ტორტი, მაგრამ არ გამოვიდა. არ გვქონდა შესაძლებლობა. დიდებმა რომ დაინახეს ჩვენი სიტუაცია, თავად თქვეს, არ გვინდა ტორტიო. არადა, სინამდვილეში ყველას უნდოდა. მეც მინდოდა.

ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოვა დრო, როდესაც ვიყიდით. მართალია, სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობთ ამასთან ერთად. ამის მიუხედავად, მაინც არ გვყოფნის,“ – ამბობს მადონა.

ელისაბედი მის მიერ გამოჭრილი თოვლის ბაბუით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: