მთავარი,სიახლეები

როგორ დარჩა ტურისტად ჩამოსული უკრაინელი იულია ხულოში

30.12.2022 • 55270
როგორ დარჩა ტურისტად ჩამოსული უკრაინელი იულია ხულოში

32 წლის უკრაინელი იულია ბელიავსკა ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

იულია საქართველოში პირველად 2013 წელს, მეგობართან ერთად ჩამოვიდა, როგორც ტურისტი.

„ყირიმიდან ვარ. რომ წამოვედი ყირიმი უკრაინას ეკუთვნოდა. თავს უკრაინელად ვთვლი, უკრაინის მოქალაქეობა მაქვს. 

პირველად რომ ჩამოვედი, არ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ეს არ იყო ჩემი მიზანი,“ – ამბობს იულია და დასძენს, რთულია მიხვდე, როდის და ვინ შეგიყვარდებაო.

2013 წელს იულია ხულოშიც იყო, სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე. ის 7 წელია რაც დაქორწინებულია.

საქართველოში ჩამოსვლამდე იულიამ ქართული ენა არ იცოდა. მეგობარი, რომელმაც მას ხულოში უმასპინძლა, რუსულად ეკონტაქტებოდა. იულიამ მალევე გადაწყვიტა ქართული ენის სწავლა და ახლა კარგად საუბრობს ქართულად.

„სანამ ენა არ ვისწავლე და ყველაფერი კარგად არ გავიგე, მანამდე არ დავქორწინდი,“ – ამბობს იულია.

საქართველოში ჩამოსვლამდე, 19-20 წლის ასაკში, იულიამ ხელოსანი დედისგან კედლის მობათქაშება, შეღებვა და შპალერის აკვრა ისწავლა. ეს საქმე იყო მისი შემოსავლის წყაროც, დედას სხვადასხვა ობიექტის გარემონტებაში ეხმარებოდა.

ის იხსენებს, რომ ხულოში პირველი შეკვეთა ოთახში შპალერის გაკვრაზე მეგობრების ნაქირავები ბინის მეპატრონისგან ჰქონდა:

„ბინის მეპატრონეს ჩემ შესახებ ჩემმა მეგობრებმა უთხრეს. ეს იყო ჩემი პირველი შეკვეთა საქართველოში.

ხულოში, ჩემი მეგობრის სახლში, მასთან და მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და მათთან ერთად ვმუშაობდი დაქორწინებამდე.  პირველი შეკვეთის მერე სხვებსაც უთხრეს ჩემზე, ურჩიეს და ასე. რომ გითხრათ, მე ვნახულობდი შეკვეთებს-მეთქი, არა. მირეკავდნენ და მთავაზობდნენ.

[ხულოში] ყველას უკვირს ჩემი საქმე. დასაწყისში ცოტა უცნაური იყო ხალხისთვის. პირველად რომ გავაკეთე [რემონტი], ყველა მოდიოდა, უყურებდნენ, როგორ ვაკეთებდი და ძალიან უკვირდათ. როგორც ექსპონატი მუზეუმში, ისე ვიყავი.

აქ ხომ, ზოგადად, კაცები არიან დაკავებული ამ საქმით და ჩვენკენ, უკრაინაში, გოგონები, ქალები აკეთებენ ასეთ სამუშაოს“, – ამბობს იულია.

იულიას თქმით, მისი მუშაობით უკმაყოფილო მომხმარებელი არც ერთხელ არ ჰყოლია.

„რეკლამა არსად მაქვს. ვისაც გავუკეთებ [რემონტს], ისინი მარეკლამებენ შემდეგ, რომ არის ასეთი გოგო, რომელიც აკეთებს [რემონტს] და მირეკავენ“, – გვიყვება იულია.

მან შეკვეთების მიღება დაქორწინების შემდეგაც გააგრძელა. ახლა მეუღლესთან ერთად მუშაობს.

იულია მეუღლესთან, გოდერძი მელაძესთან ერთად

„შპალერის აკვრას დიდი სირთულეები ახლავს-მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება მართალი. არაფერი შეუძლებელი არ არის. უბრალოდ, უნდა იცოდე რა და როგორ კეთდება. შესაძლოა, ერთ ოთახში შპალერის აკვრა 1 დღეშიც დაამთავრო.

მნიშვნელოვანია შპალერის გაკვრისას სისუფთავე იყოს ოთახში. თუ არ არის სუფთა იატაკი, რაზეც გაშლი შპალერს და წაუსვამ წებოს, ამ შემთხვევაში ჭუჭყი წებოს მიეკვრება, მერე შპალერზე გადავს და დაეტყობა, რომ ხარისხიანად არ არის გაკეთებული. კიდევ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. კარგად უნდა წაიკითხო ინსტრუქცია. შესაძლოა, ნახატი იყოს  [შპალერზე] და ამ ნახატის მიხედვით უნდა გააკრა შპალერი. ყურადღებაა საჭირო.

რემონტზე შეკვეთები უფრო იმ ადგილებიდან გვაქვს, რომლებიც ჩვენთან [ტერიტორიულად] ახლოსაა. კედლებს არ ვლესავ, მაგრამ ბათქაშს, კანტებს ვაკეთებ,“ – ამბობს იულია.

მან გვითხრა, რომ ახლა ორსულადაა და ბოლო რამდენიმე შეკვეთაზე უარი თქვა. ის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გაგრძელებას მშობიარობის შემდეგ აპირებს.

იულიას იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ როგორ აუწყო ფეხი ხულოში ცხოვრებას. იგი ამბობს, რომ ბევრი რამის სწავლა მოუწია, მაგალითად – ყანის დათესვის.

„დამოუკიდებლად ვერ დავთესავ ყანას, მაგრამ დედამთილს და მამამთილს ყოველთვის ვეხმარები, ოჯახის წევრი ვარ და მეც უნდა გავაკეთო რაიმე. ძალიან რთული და შეუძლებელი არაფერი არ იყო, მაგრამ ეს ჩემთვის არც ჩვეულებრივი საქმე ყოფილა. მომიწია სწავლა,“ – ამბობს იულია.

მას  უკვე ბევრი ნაცნობი ჰყავს ხულოში, რომლებთანაც, მისი თქმით, კარგი ურთიერთობა აქვს. ხშირად ეპატიჟებიან მეზობლები, ოჯახის ახლო თუ შორეული ნაცნობები სტუმრად სახლშიც, თუმცა ყველა მიპატიჟების მიღება იულიას უჭირს ხოლმე:

„ჩვენთან იშვიათად ერთმანეთთან ასე გადავიდეთ და მეც ცოტა ამ კუთხით მიჭირს. ჩემი მეზობლები, ნათესავები მიგებენ და შეიძლება ვთქვათ, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის უხარიათ [ჩემი სტუმრობა], ყოველთვის მეუბნებიან – მოდი, რატომ არ მოდიხარო, მაგრამ ჩვენთან სხვა კულტურაა და ხანდახან ვფიქრობ, დაკავებულები არიან, როგორ მივიდე-მეთქი“.

იულიამ ქართული კერძების მომზადებაც ისწავლა და აჭარული ტრადიციული სამზარეულოც შეუყვარდა. განსაკუთრებით ბორანო მიყვარს და მისი მომზადებაც შემიძლია, საკმაოდ მარტივიაო – გვითხრა.

იულიას ჰობი ქსოვაა და საკმაოდ დიდ დროსაც უთმობს საყვარელ საქმეს. ძირითადად მეგობრებისთვის ქსოვს ქუდებს, შარფებს, კომბინეზონებს ჩვილი ბავშვებისთვის საჩუქრად და ა.შ.

იულია ნათესავების სანახავად რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩადის ყირიმში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: