ბათუმში ილია ჭავჭავაძის და მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის პირადი ნივთების გამოფენა გაიხსნა.
ილიას პირადი ნივთები საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან არის ჩამოტანილი.
დაინტერესებულ პირებს ქართველი მწერლისა და მისი მეუღლის ნაქონი უნიკალური ნივთების დათვალიერება ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში შეუძლიათ, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე, №5-ში მდებარეობს.
მუზეუმი ყოველდღე მუშაობს, დილის 10-დან 18 საათამდე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი NATO-ს ქვეყნების დაშინებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეფერხებას ცდილობდა, რადგან რუსეთი მუდმივად განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასავლეთ ხერსონსაც „დაკარგავს“ – ასე აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სერგეი შოიგუს განცხადებებს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეზე.
ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 23 ოქტომბერს შოიგუმ NATO-ს ქვეყნების სულ მცირე სამ თავდაცვის მინისტრს დაურეკა, კოლეგებს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უმტკიცებდა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციას გეგმავდა.
პარალელურად, ამავე ცრუ და უსაფუძვლო განცხადებას იმეორებდნენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები. რუსი პროპაგანდისტების ვერსიით, უკრაინა გეგმავს „ატომური ბომბის აფეთქებას“ თავის ტერიტორიაზე, რათა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში რუსეთი დაადანაშაულოს და მთელი მსოფლიო მოსკოვის წინააღმდეგ განაწყოს.
ISW-ი იქვე დასძენს, რომ იმავე დღეს, 23 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც რუსეთის „გაფრთხილებას“ სიცრუე უწოდეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.
ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, შოიგუს განცხადებები რუსეთის ხანგრძლივი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა. კრემლი ჯერ კიდევ თებერვლიდან ამტკიცებდა, რომ მასობრივი განადგურების იარაღით ე.წ. False flag ოპერაციის განხორციელებაში უკრაინას დასავლეთის ქვეყნები დაეხმარებოდნენ.
აპრილში რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მოიპოვა ინფორმაცია თითქოს, „რუსეთის დასადანაშაულებლად შეერთებული შტატები გეგმავდა პროვოკაციას ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით.“
„ამიტომაც შოიგუს განცხადებები და რუსული სახელმწიფო მედიის ცრუ მუქარები „ბინძურ ბომბზე“, დიდი ალბათობით, მიზნად ისახავს დასავლეთის ქვეყნების შეშინებას, მათ იძულებას, შეწყვიტონ ან შეამცირონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი მუდმივ წარუმატებლობას განიცდის ბრძოლის ველზე და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხერსონის დასავლეთ ნაწილსაც „დაკარგავს“, – წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
ტანკი – 2 590 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 295 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 1 673 ერთეული [+6]
MLRS – 375 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 270 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 245 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 370 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 350 ერთეული [0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 044 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 149 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
325 თვითმფრინავი
162 ვერტმფრენი
2 326 უპილოტო საფრენი აპარატი
383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 020 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 521 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
6 741 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში დიდი რაოდენობით ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს ხარჯავს და ამ დრონებით ანაცვლებს მაღალი სიზუსტის შორსმოქმედ შეიარაღებას, რომლის მწვავე დეფიციტიც აქვს.
უწყების შეფასებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სულ უფრო ეფექტიანი ხდება ირანული „შაჰედების წინააღმდეგ“.
„ოფიციალური წყაროების, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინის ძალებმა თავდასხმების 85 % გააუვნებლეს.
ეს დრონები ნელი და ხმაურიანია და დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რაც მათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის იოლად მისაწვდომს ხდის,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 24 ოქტომბრის რელიზში.
უწყების ვარაუდით, რუსეთს სულ უფრო მეტი „შაჰედ 136-ის“ გაშვება სჭირდება, რათა როგორმე უკრაინის ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გადალახოს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა აღნიშნავდა, რომ ლუგანსკის ოლქში, კრემენაიას მიდამოებში, თავდაცვის ხაზის გამაგრებაში ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ საინჟინრო ჯგუფები ჩაერთნენ.
„ომი უკრაინის წინააღმდეგ“ – ასე ეწოდება გერმანელი ავტორის, გვენდოლინ ზასსეს წიგნს, რომელიც ახლახან გამოვიდა გერმანიაში. წიგნის ავტორი ცნობილი გერმანელი ექსპერტია აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბერლინის საერთაშორისო და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრს. წიგნში – „ომი უკრაინის წინააღმდეგ“ იგი განმარტავს იმ ისტორიულ და სოციალურ კონტექსტს, რამაც გამოიწვია რუსეთის ომი უკრაინაში.
„ეს წიგნი არის იმის ახსნის მცდელობა, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება. მნიშვნელოვანია პრეისტორიის გაგება და ამ მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული მცდარი წარმოდგენები.
უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ომი მართლაც დაიწყო 2014 წელს, როდესაც მოხდა ყირიმის ანექსია. ეს იყო დარტყმა სახელმწიფო სუვერენიტეტზე, ომის აქტი, რომელსაც მაშინ დასავლეთში არ უწოდეს ის, რაც სინამდვილეში იყო“ – ამბობს გვენდოლინ ზასსე „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან შეცდომა იყო არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ურთიერთკავშირის ვერ გაგება, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ცვლილებების სათანადოდ არ შეფასებაც.
„რუსეთს ბევრი აღიქვამდა ისე, როგორც ოდესღაც აღიქვამდნენ საბჭოთა კავშირს და მხედველობიდან ტოვებდნენ უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს.
ასევე ზედაპირულად და შეცდომით, ამ ომს დასავლეთში ბევრი აღიქვამს, როგორც „პუტინის ომს“. დიახ, მან გასცა ბრძანებები, მაგრამ ეს ომი მხოლოდ ისე არ დაბადებულა მის თავში. ეს მოხდა პოლიტიკური და სოციალური პროცესების ფონზე. მხოლოდ ამ კონტექსტის გაანალიზებით შეგვიძლია დასკვნის გაკეთება,“ – ამბობს გვენდოლინ ზასსე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ომის ექსკლუზიურად პუტინის ომად მოხსენიება საკითხის მიუღებელი გამარტივებაა.
„პუტინის ირგვლივ ძალაუფლების სისტემა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა არა მხოლოდ პუტინის, არამედ იმ ადამიანების მიერაც, რომლებიც რუსეთში ელიტებად მიიჩნევიან.
ეს სისტემა დაფუძნებულია ლოიალობაზე, ის ეფუძნება დეპოლიტიზებულ საზოგადოებას. ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის სოციალური ფაქტორები, რომლებსაც ეს სისტემა ემყარება.
იმის თქმა, რომ ეს ომი თითოეული ცალკეული რუსის ბრალია, ასევე ზედმეტად კატეგორიული გამარტივებაა, მაგრამ შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ ის სოციალური პროცესები რუსეთში, რომლებიც წინ უძღოდა ამ ომს“ – ამბობს ის.
„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა წიგნის ავტორს ჰკითხა, რატომ იკავებს თავს სიტყვა „პოსტსაბჭოთას“ გამოყენებისგან. გვენდოლინ ზასსე მიიჩნევს, რომ ეს სიტყვა გამოხატავს დასავლეთის მხრიდან რეგიონის სრულიად არადიფერენცირებულ აღქმას, რაც, ავტორის თქმით, გახდა დასავლეთის მხრიდან იმ შეცდომების მიზეზი, რაც წინ უძღოდა ამ ომს.
„საზოგადოებრივ დისკურსში გამოყენებული ტერმინოლოგია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აღქმას. როდესაც ჩვენ ვამბობთ “უკრაინის კრიზისი” ან “ომი უკრაინაში”, ჩვენთვის უფრო ადვილია მისი წარმოთქმა. მაგრამ ქვეცნობიერად მტკიცდება გარკვეული ქვეტექსტი, თითქოს საუბარია უკრაინაში ომზე, რომელსაც ვითომ აქვს რაღაც უკრაინული ფესვები, წარმოიშვა თავად უკრაინასა და მის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ხოლო სიტყვა „კრიზისი“ დაუშვებლად ამცირებს მომხდარის მასშტაბებს.
ყველაფერს მისი სახელი უნდა ვუწოდოთ – ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ,“ – ამბობს ექსპერტი.
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას და ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.
შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამოქმედდა.
აჭარის მთავრობის ცნობით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15- თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო მანდარინს წელს აჭარაში 20-მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, არასტანდარტულ ნაყოფს კი ქობულეთის საწარმო შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
მედიის ცნობით, რუსეთში, ქალაქ ირკუტსკში, რუსული გამანადგურებელი, სუ-30 ჩამოვარდა და სახლს დაეცა. მედია ინფორმაციას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორზე, იგორ კობზევზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის ფართობმა 200 კვ.მ-ს მიაღწია.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, სუ-30 სატესტო ფრენის დროს ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა ორი პილოტი.
საქართველოს სახალხო დამცველი მედიაში დისკრიმინაციის წამახალისებელ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ჟურნალისტების მხრიდან ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარებას არ მოიცავდა.
სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია სამ შემთხვევაზე.
პირველ შემთხვევაში აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დიდი შესვენება“ ერთ-ერთმა წამყვანმა იხუმრა ყრუ ადამიანების შესახებ, რასაც წამყვანების მხრიდან სიცილი მოჰყვა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კი, ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ მოწვეულმა სტუმარმა პარალელი გაავლო პატრონის მიერ ძაღლის მოვლასა და მშობლის მიერ ბავშვის აღზრდას შორის, რასთან დაკავშირებითაც, მაგალითად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები დაასახელა. თავის მხრივ, გადაცემის წამყვანები ხსენებულ შედარებას არ გამიჯვნიან.
სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით მოუწოდებს ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, არ დაუშვან მედიასივრცეში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელება და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ როლს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის პროცესში.
სახალხო დამცველი წერს, რომ ბევრი შშმ ადამიანი იზოლირებულია სოციუმიდან, რის გამოც ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას. ისეთი საჯარო გამოხატვა კი, რომელიც მათ მიმართ დამცინავ თუ ღირსების შემლახავ შინაარსს შეიცავს, კიდევ მეტად აძლიერებს სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაში უშლის ხელს.
საზოგადოების რეაქციის შემდეგ, ორივე გადაცემის სოციალური ქსელის გვერდებზე გაკეთდა განმარტებები ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ამასთან, გადაცემის „დილა ფორმულაზე“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მკაფიო მიუღებლობა დააფიქსირაგადაცემაში გაჟღერებულ შინაარსთან დაკავშირებით და ბოდიში მოიხადა დროული რეაგირების განუხორციელებლობის გამო, რაც, სახალხო დამცველის განცხადებით, მედიის მხრიდან გამოვლენილი პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.
„აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დიდი შესვენების“ განმარტებას, მეტწილად, მომხდარის გამამართლებელი შინაარსი სდევდა. გადაცემის წამყვანებმა ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრეს მეორე დღესაც, რა დროსაც, წამყვანმა მიტევება ითხოვა. თუმცა გამოხმაურება კვლავ არ შეიცავდა შეცდომის აღიარებას.
წამყვანებმა, ძირითადად, ხაზი გაუსვეს, რომ ვიდეო გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით და საწყენი და მოულოდნელი იყო ის დამოკიდებულება, რაც აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან მოჰყვა. გადაცემის რედაქტორმა კი მოგვიანებით აღნიშნა: მე მგონი, არაფერი ისეთი კატასტროფული, ყველას შეიძლება ეს მოუვიდეს, არაგამიზნულად, არასწორი მოქმედება ჩაიდინონ, უბრალოდ, ის გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა ამას, მე ვფიქრობ, რომ იყო სრულიად არაადეკვატური“ – წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი ახსნა-განმარტება, რომელსაც ფაქტის მკაფიოდ დაგმობა არ მოჰყოლია, ვერ ჩაითვლება სათანადო რეაგირებად, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სტატუსის გათვალისწინებით.
„აჭარის ტელევიზია არის საჯარო დაფინანსებით მოქმედი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებელი, რომლის მიზანსაც საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალკე ვალდებულების სახით გამოჰყოფს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციის უზრუნველყოფას. ამდენად, აჭარის ტელევიზიას, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეიძლება ითქვას, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერაში“ – წერს სახალხო დამცველი.
რაც შეეხება მესამე ფაქტს, 20 ოქტომბერს დისკრიმინაციის წახალისების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში – „ფორმულა 12“.
ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ძალადობის სავარაუდო ფაქტის გაშუქებისას ეთერში გავიდა მასწავლებლის კომენტარი, რომელიც სკოლაში მომხდარ ინციდენტს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფერხებასთან კავშირში განიხილავდა. „მართალია, ტელეწამყვანმა პედაგოგის კომენტარი სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველად შეაფასა და მის შეხედულებებს პირდაპირ ეთერში გაემიჯნა, თუმცა კომენტარი წინასწარ იყო ჩაწერილი, რაც საშუალებას იძლეოდა, ეთერში დისკრიმინაციის წამახალისებელი ფრაგმენტის გარეშე გასულიყო“ – მიიჩნევს სახალხო დამცველი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, 24 ოქტომბერს, დღისით კი – წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 6 – 11 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 25 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, 26-27 ოქტომბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 6 პირი დააკავეს.
„1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების – „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ“ – იუწყება შს სამინისტრო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23 ოქტომბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16 ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას.
ნიკოლაევში საჰაერო სარდლობა „სამხრეთმა“11 ირანული დრონი ჩამოგდო, 3 დრონი ჩამოაგდეს უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებმა ქვეყნის სამხრეთით, ხოლო 2 დრონი გაანადგურეს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ უკრაინაში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს, ე.წ. „შაჰედებს“, თუმცა ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია.
რუსეთისთვის ირანული დრონებისგადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა თეირანს დამატებით კიდევ 2 ათასი დრონი შეუკვეთა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 4 70 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
ტანკი – 2 584 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 5 284 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 1 667 ერთეული [+14]
MLRS – 374 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 270 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 245 ერთეული [+2]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 361 ერთეული [+20]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 350 ერთეული [21]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 39 ერთეული [+18]
სპეცტექნიკა – 148 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
325 თვითმფრინავი
162 ვერტმფრენი
2 323 უპილოტო საფრენი აპარატი
383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 997 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 517 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
6 720 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
სტატიას ამ სათაურით უკრაინული „24 კანალი“, ნიუ-იორკ თაიმსზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც იმის შესახებაც წერია, რომ ომის საწყის ეტაპზე უკრაინა არავის ენდობოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი რუსეთის შეჭრამდე მკაცრად ასაიდუმლოებდა უკრაინის თავდაცვის გეგმას და ამ გეგმის შესახებ მართლაც ვერავინ გაიგო.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინაპერიოდში რამდენჯერმე ესაუბრა ზალუჟნის. მილიმ მას მოუწოდა გაეზიარებინა თავდაცვის გეგმები, ინფორმაციას ითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღის მარაგების ინვენტარიზაციის შესახებაც კი.
ზალუჟნიმ არაფერი თქვა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უარი განაცხადა ეცნობებინა დეტალური გეგმა და არც „იარაღის საწყობებზე“ ისაუბრა. სხვათა შორის, მათ მუდმივად უცვლიდნენ ადგილს ქვეყნის მასშტაბით, რუსეთის არმიას რომ ვერ მოეხერხებინა მათი განადგურება ან მიტაცება.
ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ფიქრობდა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რუსეთის შეჭრის ალბათობაზე, ზალუჟნის ბოლომდე არ სჯეროდა. დანარჩენებს მიაჩნდათ, რომ მას სჯეროდა ამ მონაცემების, მაგრამ სურდა სამხედრო გეგმები ზელენსკისგან საიდუმლოდ შეენახა.
უკრაინა არავის ენდობოდა
მედიას ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება მოჰყავს: „მაშინ ჩვენ არავის ვენდობოდით“.
ჩვენი გეგმა, ჩვენი წარმატების ერთადერთი და პაწაწინა შანსი იყო და არ გვინდოდა მის შესახებ საერთოდ ვინმეს სცოდნოდა – დაამატა ჩინოვნიკმა.
ზალუჟნის სტრატეგია კი რეალურად იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა აეცილებინა კიევის დაპყრობა.
ზალუჟნის იდეა ასევე მდგომარეობდა იმაში, რომ ტერიტორიები ცოტა ხნით დაეთმოთ მტრისთვის, რათა ამ გზით მოეპოვებინათ ოკუპანტის განადგურების შესაძლებლობა.
მართლაც, რეგიონებში რუსულმა ძალებმა ისე მოინდომეს გაშლა, რომ მათმა წინსვლამ გადააჭარბა ლოგისტიკისა და მიწოდების ხაზების სიჩქარეს.
ზალუჟნის დაგეგმილი სვლა
საკუთარი გეგმის საიდუმლოდ შენახვის მიზნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, თებერვალში დათანხმდა ესაუბრა თითქოსდა საკუთარ თავდაცვით სტრატეგიაზე. აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დაიბარეს და უკრაინის პოზიციებისა და თავდაცვის სქემები აჩვენეს. მასალების ასლი არ გადაუციათ, მაგრამ ამ შეხვედრაზე ჩანაწერების ხელით გაკეთება დაშვებული იყო.
ამ პირობებშიც კი ზალუჟნი საუბრის დროს ნაკლებად გულახდილი იყო. მისმა ქვეშევრდომებმა კი ატაშეს გეგმის მცდარი ვერსია აჩვენეს, თავდაცვითი კამპანიის სრულ მასშტაბი შენიღბული იყო, – წერს მედია.
აშშ-ის სამხედრო ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა ზალუჟნის გეგმასა და მის ოსტატურად მოქნილ ეშელონირებულ თავდაცვაზე.
მილისა და ზალუჟნის შორის დაძაბულობა მეგობრული ურთიერთობებით შეიცვალა
გამოცემის ცნობით, მილსა და ზალუჟნის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, როდესაც უკრაინა ცდილობდა მიეღო მეტი საბჭოთა თვითმფრინავი – МиГ-29.
ზალუჟნი მილს უხსნიდა, რომ უკრაინაში თითქმის აღარ დარჩა მოიერიშე თვითმფრინავები, მაგრამ ამერიკელი გენერალი ამტკიცებდა, რომ ისინი საკმარისი იყო. მედია წერს, რომ გენერლები ერთი კვირის განმავლობაშიც კი აღარ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავიდან მათი საუბარი იყო მხოლოდ ფორმალური და საქმიანი, ახლა ისინი თავიანთ ოჯახებზეც კი საუბრობენ.
სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით, რუსეთი ამ არჩევანის წინაშეა. „თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში…“, – გვიყვება ლაშა ბერიძე. მისი აზრით, თუ რუსეთს სამხრეთის მიმართულებას, ანუ დონბასს და ყირიმს დათმობს, დონბასის შენარჩუნებას შეძლებს და, შესაბამისად, ომსაც გაახანგრძლივებს.
პოლკოვნიკის შეფასებით, სარაკეტო თავდასხმების გააქტიურება, თუ ირანული დრონებით შეტევა უფრო რუსეთის „სასოწარკვეთას“ აჩვენებს, ვიდრე გრძელვადიან სტრატეგიას. პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ რუსული არმიის ახალი სარდლის ტაქტიკას დაახლოებით ერთთვიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„მაქსიმუმ სამ კვირაში უკრაინელები ნებისმიერ დრონს ჩამოუგდებენ რუსებს,“ – დარწმუნებულია პოლკოვნიკი.
„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ბატონო ლაშა, ბახმუტის აღება ისევ ვერ მოახერხეს რუსებმა, თუმცა აშკარაა რუსეთის გააქტიურება: სარაკეტო თავდასხმებით, დრონებით… თქვენი დაკვირვებით, რამდენად დროებითია უკრაინელების კონტრშეტევის შენელება?
რაც სუროვიკინი დანიშნეს სარდლად, მართლაც შეიმჩნევა რუსების გააქტიურება: ბელორუსიის მიმართულებით ძალების გადასროლა, ენერგოობიექტების დაბომბვა, გააქტიურდნენ ხარკოვის მიმართულებითაც, თუმცა მთლიანობაში ჩანს, რომ რუსებს არ აქვთ სტრატეგია და ეს მხოლოდ ახალი სარდლის ტაქტიკაა, რამაც შესაძლოა იმუშაოს დაახლოებით ერთი თვე.
ჩემი დაკვირვებით, რუსებს ეტყობათ, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებასაც, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, შეეგუვნენ, რომ უკრაინას ვერ დაიპყრობენ. სუროვიკინის ტაქტიკა ახლა მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე უკრაინის კონტრშეტევა გააჩეროს. როგორც იკვეთება, ხერსონის დატოვება გადაწყვეტილი აქვთ, თუმცა ამას აპირებენ ისე, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენონ უკრაინას. რუსები აპირებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვებას და მარცხენა სანაპიროზე გამაგრებას.
უკრაინის კონტრშეტევა რუსებმა შეაფერხეს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს დროებითია. მალე უკრაინელები ყველა ამ იაფფასიანი, ირანული დრონის ჩამოგდებას შეძლებენ, რასაც რუსები იყენებენ. უკრაინელები მეტ-ნაკლებად მზად იყვნენ სარაკეტო თავდასხმისთვის, ახლა უფრო დრონებზე უნდა გადაეწყონ.
გამორიცხავთ, რომ რუსეთმა მოახერხოს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა უკრაინაში და განაახლოს იერიში ახალი მიმართულებით?
ეს გამორიცხულია. მე რუსეთის მობილიზაციისაც კი არ მჯერა. იმისთვის, რომ ეფექტური მობილიზაცია შეძლო, მომზადებული ქვედანაყოფები უნდა გყავდეს, რუსებს კი, მომზადებული ქვედანაყოფები საერთოდ არ გააჩნიათ, რეზერვისტები არ მოუმზადებიათ საბჭოთა კავშირის შემდეგ. თუ დააკვირდებით, რუსებს არტილერიის ჯარისკაცები კი არ უჭირთ, არამედ ქვეითები. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩანდა, რომ ქვეითებმა განსაკუთრებით არ იციან თანამედროვე ტაქტიკა არაკონვენციური ომის დროს, ეს რუსეთის რეგულარულმა ჯარმაც არ იცის.
ქვეითი ქვედანაყოფების მომზადებას სჭირდება მინიმუმ 6 თვე. როცა ჩვენ ავღანეთში, ან ერაყში საბრძოლველად ვამზადებდით მებრძოლებს, მინიმუმ 6 თვე გვჭირდებოდა. გარდა ამისა, რუსებს არ ჰყავთ პროფესიონალი ინსტრუქტორები. ნატოს სტანდარტებით, 100 ათასი კაცი რომ მოამზადო, 30 ათასი ინსტრუქტორი გჭირდება. ამ ინსტრუქტორებს ვერც ვერსაიდან მოიყვანენ ახლა. ასე რომ, ეს მობილიზაცია არის ზღაპარი იმისთვის, რომ საკუთარ მოსახლეობას ააფარონ თვალზე.
ამ მიდგომებით ბევრ ზარალს აყენებენ უკრაინას, ეს ცხადია, მაგრამ არ ჩანს ინდიკატორი, რომ უკრაინას გააჩერებენ ზარალით, ან ჰესების აფეთქებით. ახლა სუროვიკინის ტაქტიკური ნაბიჯია გამაგრდეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ააფეთქოს ხიდები და იქ გამაგრდეს. რა თქმა უნდა, უკრაინას ძალიან გაუჭირდება იქ ბრძოლის ფორსირება, შეუძლებელი ამოცანა ჩანს, მაგრამ უკრაინელები სხვა მიმართულებით განაახლებენ მოქმედებას.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, „რუსეთი ამზადებს საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის“ და ამისთვის შესაძლოა მოაწყონ პროვოკაცია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკანდახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ. ეთანხმებით?
დიახ, ეს დატოვება და პროვოკაცია შერწყმული მოქმედება შეიძლება იყოს. შესაძლოა, მაგალითად, ასევე თავისი ერთგული ხალხი იქიდან გამოიყვანონ, დატოვონ უკრაინელები, მერე დაბომბონ და თქვან, რომ აი, უკრაინელები საკუთარ ხალხსაც ბომბავენ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსულ პუბლიკაზე იმუშავებს, აი, როგორ იქცევიან უკრაინელი ფაშისტები, მაგრამ ეს ტაქტიკა ვერ იქნება წარმატების მომტანი სამხედრო თვალსაზრისით.
დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრება, რა თქმა უნდა, მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს რუსეთს, თუმცა დიდი ხნით ისინი ვერ შეძლებენ უკრაინელების კონტრშეტევის შეკავებას.
ხერსონის დატოვება ნიშნავს ყირიმიდან გასვლასაც ხომ? რატომ უღირს ამაზე წასვლა რუსეთს?
მე თუ მკითხავთ, ყირიმი და ხერსონი უნდა დათმოს რუსეთმა, თუ მისი ამოცანაა დიდი ხნით შეინარჩუნოს ოკუპირებული დონბასის ტერიტორიები. მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება პოლიტიკურად რუსეთისთვის, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ახლა რუსეთს უფრო მძიმე სურათი აქვს. მან იცის, რომ ყირიმი ძალიან რთული დასაცავია. ხერსონი თუ დატოვეს, ყირიმიდან ავტომატურად გავლენ რუსები… საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში რუსეთს აღარ ჰყავს იმ მდგომარეობაში, რომ რამე შეძლოს, თუ ახალ გემებს ჩაუშვებს, უკრაინა კიდევ ჩაუძირავს გემებს.
დიდი არჩევანი არ აქვთ რუსებს, ჩემი აზრით: სამხრეთი, ან აღმოსავლეთი. თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში, იქ დაკავებული ტერიტორიების დაცვას და ასე შესაძლოა ორი წელიც შეინარჩუნოს. ახლა ჩვენ მხოლოდ სუროვიკინის „ნოუ-ჰაუებს“ ვუყურებთ, მაგალითად, პონტონურ ხიდებთან უკრაინელებს ასაქმებენ, რომ უკრაინამ არ დაარტყას და ასე შემდეგ, მაგრამ მსგავსმა მიდგომებმა შესაძლოა გასტანოს ერთი თვე.
ჩემი აზრით, მაქსიმუმ სამ კვირაში უკრაინელები ნებისმიერ დრონსაც ჩამოუგდებენ რუსებს. მერე რა იქნება?
არ ელოდებით, რომ ბელარუსის მიმართულება შეიძლება გაააქტიუროს რუსეთმა?
თუ ამას გააკეთებენ, კიდევ უფრო სასტიკად დამარცხდებიან და უფრო ჩასვრილი გამოვა რუსის ჯარი. ბელარუსის ჯარს ახლაც ძალიან ეშინია უკრაინელების. ლუკაშენკო ამ ნაბიჯის გადამდგმელი რომ ყოფილიყო, აქამდე გადადგამდა. მან იცის, რომ ეს იქნება მისი რეჟიმისთვის სასიცოცხლო საკითხი.
აქ არის ერთი ფაქტორი: რადგან რუსეთს ბელარუსში სამხედრო სწავლებები აქვს, უკრაინა იძულებულია ჰყავდეს სამხედრო ძალები ბელარუსის საზღვარზე, ამ ძალებს ვეღარ მიიზიდავს, მაგალითად, ხერსონის მიმართულებაზე, მას სჭირდება ძალები კიევის მიმართულების დასაცავად.
თქვენი ხედვით, რა გათვლა აქვს სუროვიკინს ამ ტაქტიკური სვლით?
სუროვიკინის ამოცანა უკიდურესად პრიმიტიულია: ნებისმიერი ხერხით შეაჩეროს უკრაინელების კონტრშეტევა. ირანული დრონების გამოყენებაც აჩვენებს იმას, რომ ეს არის არა ეფექტური სამხედრო ოპერაცია, არამედ უფრო სასოწარკვეთილი ოპერაცია. გასაგებია, რომ აფეთქებ ელექტროსადგურს და აზარალებ უკრაინას, მაგრამ რა იქნება მერე? ეს ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მანქანა, რომელიც უკვე დაქოქეს უკრაინელებმა, გააჩეროს. პირიქით, ეს უკრაინას აძლევს საშუალებას, უფრო მეტი მეგობარი ჰყავდეს და მეგობარი ქვეყნები სხვა მასშტაბის აქტიურობით დაეხმარონ.
პუტინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ანექსირებულ რეგიონებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიის რიგებს ამ რეგიონის მოსახლეობით შეავსებენ და მათ ექნებათ განცდა, რომ საკუთარ სახლს იცავენ?
რუსებმა იციან, რომ ამ რეგიონებში დიდი მხარდაჭერა არ აქვთ და ყველაფერს შეეცდებიან.
ჯერ არ ჩანს, რა სტრატეგიით იმოქმედებენ რუსები. ჩანს, რომ ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი ზარალი მიაყენონ უკრაინელებს და გააჩერონ კონტრშეტევა. უკრაინისთვის კი ნათელია, რომ მსხვერპლის გარეშე ამ ომს ვერ მოიგებენ.
ევროკავშირი და აშშ-ც აპირებს ირანის დასანქცირებას ამის გამო. ეს ნიშნავს, რომ ირანი შეცვლის თავის პოლიტიკას და აღარ მიაწვდის დრონებს?
არა მგონია, რომ მეტი მსგავსი ნაბიჯი ისევ გადადგას ირანმა, ეს უკვე ძალიან მოაშიშვლებს ირანის რეჟიმს, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმია მოშიშვლებული. ბელარუსი გასაგებია, რომ უკან დასახევი არ აქვს, მაგრამ ირანს გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს ასე მოშიშვლება. ირანი თუ ფიქრობდა, რომ ამას ვერავინ გაიგებდა, არ ვიცი, მაგრამ ამ მიდგომით კიდევ უფრო გაფართოვდა უკრაინის მხარდამჭერთა არეალი. მაგალითად, იგივე ისრაელი, რომელსაც ირანის მიმართ ბუნებრივი შიში აქვს, ეცდება, რომ უკრაინას უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი.
გარდა ამისა, ირანს აქამდე ჰქონდა შანსი, ევროპას მის მიმართ დაწესებული სანქციები რაღაცნაირად შეერბილებინა, მაგრამ ახლა მაგის შანსი შეუმცირდა.
უკრაინელი გენერალი და დაზვერვის შეფი – ბუდანოვი ისევ იმეორებს, რომ „ეს ყველაფერი ზაფხულში უნდა დასრულდეს“ რუსეთის დამარცხებით. ეს ყველაფერი, როდის დასრულდება თქვენი გადასახედიდან?
სრულიად რეალისტურია, რომ დასრულდეს ზაფხულში. შესაძლებელია ისიც, რომ ომი გაიწელოს კიდევ. ეს დამოკიდებულია რუსეთის მოქმედებაზე, თუმცა არანაირი ინდიკატორი არ არის, რაც აჩვენებს, რომ რუსეთმა შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს ამ ომში.
ამ ეტაპზე უკრაინელებმა შეიძლება წარმატებას მიაღწიონ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის, არის ხერსონი. პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქის დაბრუნება, რომელიც 2014 წელს იქნა ოკუპირებული, უკრაინელები შესაძლოა გაიჭრან ლუგანსკის ოლქში, სადაც ლისიჩანსკი და სევეროდენცკია, ლუგანსკის დაბრუნების ყველაზე დიდი შანსია.
ელით წარმატებულ კონტრშეტევას უახლოეს მომავალში?
უკრაინამ უნდა გააგრძელოს აქტიურად მიწოლა ყველა მიმართულებაზე და რაც მთავარია – შეიარაღების მიღება. ჩემი დაკვირვებით, ეს ომი დამოკიდებულია არა კონტრშეტევაზე, არამედ გამოფიტვაზე. მაგალითად, ხარკოვში რუსები გადავიდნენ ხერსონის მიმართულებაზე და დიდი დანაკარგების გარეშე გაათავისუფლეს ხარკოვი. იგივე შეიძლება მოხდეს სხვა მიმართულებაზე… მაქსიმალურად უნდა გამოფიტო რუსები და მაქსიმალურად დიდი დანაკარგები მიიღონ, ეს გარდაუვალი პროცესია, დამიჯერეთ.
რუსი დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ხერსონში ქუჩის ბრძოლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული შეტყობინებაში.
უკრაინის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ქალაქის მიტოვებულ საცხოვრებლებში გადადიან და სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა ქალაქი ხერსონი. ქალაქში დარჩენილმა რუსი დამპყრობლები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და მიტოვებულ შენობაში გადადიან. მტერი ხერსონს ქუჩის ბრძოლებისთვის ამზადებს“, – აცხადებს გენშტაბი.
გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტები იღებენ ზომებს გაათავისუფლონ კახოვკას საავადმყოფოს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისგან.
ვითარება ხერსონში, რეგიონის დაპყრობის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს დაიძაბა, როდესაც უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის არმია ხერსონის რეგიონში 88 დასახლებული პუნქტი უკვე გაათავისუფლა ოკუპანტებისგან.
დღეს, 22 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა სამხრეთში გაანადგურეს რუსების საბრძოლო მასალების სამო საცავი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ქმნის საინფორმაციო პირობებს, რათა გაამართლოს თავისი ჯარების დაგეგმილი უკანდახევა და ხერსონის რეგიონის ტერიტორიების უკრაინის არმიისთვის გადაცემა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ხერსონიდან გასვლა დაიწყო, ხოლო კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის დამბის აფეთქების საფრთხე კვლავ რჩება.
ISW იქვე მიუთითებს, რომ უკრაინას დამბის აფეთქების ვერანაირი მატერიალური ინტერესი ვერ ექნება, რადგან ამ კატასტროფამ შესაძლოა 80 უკრაინული ქალაქი დატბოროს, ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქციოს და სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენოს უკრაინის ენერგომომარაგება.
იურისტმა სულხან სალაძემ, რომელიც ძველი რუკების შეგროვებითაცაა დაკავებული, იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული.
სულხან სალაძის თქმით, ზოგადად „ბათუმს“ ვხვდებით ძველ ევროპულ რუკებზე, მაგრამ ეს ძირითადად მდინარე ყოროლისწყლის სახელწოდებას აღნიშნავს ხოლმე და არა ქალაქს.
„ამ შემთხვევაში Batunum ქალაქის სახელია, იმიტომ, რომ „ბათუმის“ ქვემოთ აღნიშნულია ჭოროხი, რომელსაც წინ ერთვის ლათინური ასობგერა F. ეს ნიშნავს, რომ მდინარეზეა საუბარი. ხოლო Batunum-თან ეს F წინ არ გვხვდება. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ წარწერა „Batunum“ ნიშნავს ქალაქს, დასახლებას და არა მდინარეს.
1716 წელს გამოცემული რუკა, რომელზეც ბათუმის, როგორც ქალაქის სახელწოდება აღნიშნულია, როგორც Batunum. რუკა ქალაქ გენუაში სულხან სალაძემ ანტიკური რუკების მაღაზიაში აღმოაჩინა.
პრაქტიკულად, ჩვენ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე ევროპულ რუკებზე ბათუმის, როგორც ქალაქის თანამედროვე სახელი არ გვხვდებოდა.
დიდი კვლევისა და ძიების შემდეგ პირველი რუკა, რაც ვნახე, ეს იყო 1748 წლის რუკა, სადაც ეწერა, რომ „ბათუმი“ არის ქალაქი. ეს იყო ინგლისელი კარტოგრაფის ემანუელ ბოუენის რუკა. ამის შემდეგ კი იყო 1742 წლის რუკა, რომელზეც ასევე ვნახე „ბათუმი“ და დაახლოებით 4-5 თვის წინ აღმოვაჩინე გერმანელი კარტოგრაფის იოჰან ბაპტისტს ჰომანის რუკა, რომელიც 1716 წლით თარიღდება და მას უწერია „ბათუმი“ როგორც ქალაქის სახელწოდება“, – ამბობს სულხან სალაძე.
მისი თქმით, იოჰან ბაპტიტს ჰომანის მიერ გამოცემულ სხვა რუკებზეც ვხვდებით ბათუმს, ოღონდ სხვა სახელებით.
„ამიტომ საკმაოდ უცნაურია, რომ ამ რუკაზე მან ქალაქის სახელი აღნიშნა, როგორც Batunum. 1716 წელს კიდევ არის გამოცემული ერთი რუკა, ინგლისელი კარტოგრაფის მიერ და იმასაც უწერია „ბათუმი“.
ფაქტია, რომ გერმანელი კარტოგრაფის მიერ გამოცემულ რუკაზე ბათუმის ყველაზე ძველი აღნიშვნაა, რაც კი აქამდე გვინახავს, მოგვიპოვებია და გვიძებნია“, – ამბობს სულხან სალაძე.
მისი თქმით, რუკაზე აღნიშნული „ბათუნუმ“ ეს არ არის თანამედროვე გაგებით ძველი ბათუმის ტერიტორია, არამედ მდინარე ყოროლისწყლის ირგვლივ, თამარის ციხის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზეა აქ საუბარი.
„ზოგჯერ არის შეცდომა დაშვებული რუკებზე და ბათუმი მდინარე ჭოროხზეა გადმოტანილი, მაგრამ ეს რუკა ეჭვს არ იწვევს, რადგან ძალიან ნათლად, მკაფიოდ და ცალსახად გვაძლევს იმის საბუთს, მტკიცებას, რომ ეს არის ქალაქი, დასახლება და ტოპონიმ „ბათუმის“ ყველაზე ძველი აღნიშვნა ქალაქის, დასახლების დანიშნულებით.
და რომ არა ძველი ჩანაწერები გენუელი და ვენეციელი მოგზაურებისა, ამას ჩვენ ვერ გავიგებდით“, – ამბობს სულხან სალაძე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყოფილი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინთან მისი ურთიერთობების გამო დასავლეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. არაერთი წყაროს ცნობით, კაბაევა პუტინის ორი შვილის დედაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში მისი პირადი ქონების დამალვაში.
გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ყოფილ სპორტსმენს საკუთარი ურთიერთობები ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებიათ, გაზეთმა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ კი, რომელმაც 2008 წელს მათი ქორწილის შესახებ დაწერა, ჯერ პირადად პუტინის მწვავე რეაქცია მიიღო, ამბის გამოქვეყნებიდან 10 დღეში კი გაზეთი საერთოდ დაიხურა.
ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი საგამოძიებო პორტალი „დოსიე“ აქვეყნებს გამოძიებას, თუ როგორ „ეხმარებოდნენ“ რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვის წევრები ალინა კაბაევას ბოლო 15 წლის განმავლობაში.
პიოტრ კოლბინმა (პუტინის ბავშვობის მეგობარი) კაბაევას ბებიას, ანნა ზაცეპლინას გადასცა ორი ბინა მოსკოვში;
გენადი ტიმჩენკომ (პუტინს იცნობს 1990-იანი წლებიდან, მის ერთ-ერთ „საფულედ“ მიიჩნევენ) – ბინა პეტერბურგში;
გრიგორი ბაევსკიმ (პუტინის დიდი ხნის მეგობრის, არკადი როტენბერგის პარტნიორი) – ბინა და მიწის ნაკვეთი მოსკოვში, რუბლიოვკაზე ბინა.
როგორც „დოსიე“ როსრეესტრზე დაყრდნობით წერს, კაბაევა, მისი და, ბებია და დედა ფლობენ 10 ბინას მოსკოვსა და პეტერბურგში, ასევე, მიწის ნაკვეთებსა და კოტეჯებს მოსკოვის ოლქში და სოჭში. მათი საერთო საბაზრო ღირებულება, „დოსიეს“ დათვლებით, 2,5 მილიარდ რუბლს აღწევს (დაახლოებით $ 40 მლნ).
ჟურნალისტების ინფორმაციით, კაბაევა ასევე სარგებლობდა იმ აქტივებით, რომლებიც ფორმალურად მას არ ეკუთვნოდა. აპრილში The Wall Street Journal-ი ამერიკელ და ევროკავშირის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყოფილი სპორტსმენი არაერთხელ და ხანგრძლივად ცხოვრობდა ვილაში ჟენევის ტბაზე, დასახლების ისტორიულ ნაწილში. სახლს ვერტნფრენის დასაჯდომი მოედანიც ჰქონდა.
„დოსიეს“ ცნობით, იმ დასახლებაში მხოლოდ ერთი ვილაა ვერტმფრენის მოედნით და ის ოლიგარქ გენადი დიმჩენკოს სახლის გვერდით მდებარეობს. მოედანი ვილა Hauterive-ს ნაწილია. ახლა ეს მთლიანი ტერიტორია, გამოცემის ცნობით ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც ვერტმფრენის მოედანიც შედის, 2022 წლის გაზაფხულზე $75,6 მილიონად იყიდებოდა. როგორც „დოსიე“ აღნიშნავს, მალევე მას შემდეგ, რაც გამოცემის ჟურნალისტმა რეალტორს კაბაევას შესახებ შეკითხვა დაუსვა, ნაკვეთი გაყიდვიდან მოხსნეს.
ტიმჩენკოს სახლის გარდა შვეიცარიაში, კაბაევა, სავარაუდოდ, სარგებლობა იახტით „შაჰერაზადა“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ დააყადაღა.
„დოსიეს“ ცნობით, პუტინის კიდევ ერთმა მეგობარმა კაბაევას ჰოლდინგს 12 მილიარდი დოლარი ასესხა.
კაბაევა 2014 წლიდან არის ჰოლდინგის „ეროვნული მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ჰოლდინგი ფლობს წილს რუსეთის პირველ არხზე, რუსულ Discovery-ზე და ასევე ფლობს არხს РЕН ТВ და გაზეთს Известия.
„გასაბერი ნავით ვარ წამოსული, თანაც „დასკოჩილით“. წყალი ამოდიოდა და ჩვენ მუჭებით ვღვრიდით. ჭაობებში ვიარეთ. სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში. სერიალი გადაიღება ისეთი გზებით ჩამოვედი“.
„ავტობუსში მძღოლის დაბლა პატარა ყუთი იყო. სამი სუსტი გოგო თევზებივით შეგვაცურეს შიგნით. სუნთქვაშეკრულები 6 საათი ვიყავით იქ ერთმანეთზე მიკრულები. ძლივს გავიშალეთ და ავმოძრავდით, როცა გამოვედით“.
„ჩემთან ერთად 17 ქართველი იყო. ფეხით გადმოვკვეთეთ ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარი. ჩემ მტერს… თებერვლის თვეში მდინარეში ვტოპეთ“.
„არ დამავიწყდება ეგ გზა არასოდეს. სიკვდილამდე!“
თუ გეოგრაფიულ მდებარეობას ყურადღებას არ მივაქცევთ, ეს ჰგავს იმ ამბებს, რომელსაც ბოლო ერთი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკიდან არალეგალურად ჩასული საქართველოს მოქალაქეები გადიან.
მაგრამ ეს ამბები 18-20-22 წლის წინ მოხდა და იმ გზას აღწერს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა საბერძნეთში მოსახვედრად გაიარეს.
მეოცე საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისის მიჯნაზე საქართველო მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში იყო. ქვეყანაში მოშლილი იყო ინსტიტუტები, იყო ტოტალური უმუშევრობა, მაღალი კრიმინალი, დასაქმებულები ვერ იღებდნენ ხელფასს, ხოლო პენსიონერები პენსიას. ოჯახები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ფონზე ემიგრაციაში წასვლა ათასობით ქართული ოჯახისთვის იქცა ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გზად.
ყველაზე გავრცელებული და კარგად დახვეწილი არალეგალური მარშრუტი თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლა იყო. ასევე ცნობილი არალეგალურ მარშრუტს ირჩევდნენ ისრაელში მოხვედრის მსურველებიც ეგვიპტიდან უდაბნოს გავლით.
49 წლის იყო დოდო სარქისაშვილი, როცა პირველად გადაწყვიტა ისრაელში წასვლა. 2002 წელს ეგვიპტეში ჩავიდა, მცხუნვარე უდაბნოში რთული გზა გაიარა სხვა ქართველებთან ერთად და ისე მოხვდა პირველად ისრაელში. რამდენიმე წელიწადში საქართველოში დაადეპორტეს. საქართველოში ჩამოსული კი ისევ იგივე გზას დაადგა და მეორედ გადაკვეთა უდაბნო.
„ისრაელის საზღვარს რომ მივუახლოვდით მავთულხლართები იყო. მახსოვს ხოხვით გავძვერი. მერე უნდა გავქცეულიყავით მანქანამდე, მაგრამ აღარ შემეძლო. ვეღარ გავიქეცი. ღმერთი უშველის იმ ბიჭს, ჩემი რაიონიდან იყო ჩემთან ერთად კვეთდა საზღვარს. მოტრიალდა და მითხრა – არ დაგტოვებთო. ვეუბნებოდი წადი შვილო-მეთქი. არ წავიდა.
მძღოლმა, რომელიც გველოდა, დაძრა მანქანა და აი, როგორც ნაგავი, ისე შეგვაგდეს ზედ. როგორც თვითმფრინავი ისეთი სისწრაფით მივფრინავდით. მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა და ტაქსიში როცა გადავჯექით, ტაქსიდან ამიყვანეს. ისევ დამადეპორტეს,“ – გვიყვება დოდო. მას შემდეგ, რაც ისრაელში შესვლის ყველა გზა მოესპო, საბერძნეთში წავიდა არალეგალურად. პირველ ჯერზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დააკავეს და დაადეპორტეს. მაგრამ არ დანებდა. საქართველოში ჩამოვიდა, ახალი პასპორტი აიღო და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. თურქეთიდან საბერძნეთში გასაბერი ნავით ჩავიდა.
„2009 წლის მარტის ბოლო იყო. სამი გასაბერი ნავი შეაერთეს, ერთმანეთს გადააბეს და 4-4 დაგვსვეს თითო ნავზე. კანალიზაციის წყალში ვიარეთ. ხან სად მოედებოდა ეს ნავი, ხან სად. დიდი წვალებით ჩავედი საბერძნეთში. ძალიან გაჭირვებული პერიოდი მქონდა. 13 წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. საბუთი რომ გავაკეთე და მერე ჩამოვედი.
ახლა ამერიკაში მიდიოდა ერთი ნაცნობი ქალი. მითხრა წამოდიო. მე ვუთხარი, რას ამბობ-მეთქი, ამხელა ქალი ვარ, მე ფეხით სიარულს სადღა შევძლებ. ახლა კიდევ სხვა ენა ვისწავლო. ჯერ ეს ენაც არ ვიცი, კიდევ სხვა ენას ვერ ვისწავლი-მეთქი,“ – ამბობს დოდო.
ის ახლა 69 წლისაა. გაზაფხულზე 70 წლის გახდება. საბერძნეთში ცხოვრობს და მოხუცს უვლის.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ ათასობით ისტორიიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადახდათ თავს არალეგალური მიგრაციის გზაზე შედგომისას.
30 წელი ის დროა, როცა შეიძლება ქვეყანა განვითარდეს და საკუთარ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას, თუმცა საქართველომ ეს ვერ შეძლო. საქართველოს მოქალაქეები ისევ ემიგრაციაში მიდიან და ისევ რთული გზების გავლა უწევთ.
2000-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს შეიძლება ევროპაში ლეგალურად წასვლა, დასაქმება და ღირსეული შრომის ანაზღაურების მიღება. ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არჩევენ აიღონ ვალი, 15-20 ათასი დოლარი გადაიხადონ, მექსიკაში მძიმე [როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად] გზა გაიარონ და ამერიკაში თავშესაფარი მოითხოვონ.
ამჯერად რატომ ირჩევენ რთულ გზას საქართველოს მოქალაქეები? – ამ საკითხზე მიგრაციის საკითხების მკვლევრების აზრი მოისმინა „ბათუმელებმა“.
„რთული გზა შეიძლება იყოს საქართველოდან ამერიკამდე, მაგრამ შემდგომში იქ თავის დამკვიდრება უფრო ადვილი იქნება ემიგრანტისთვის, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში,“ – ასე ხსნის განვითარების საკითხების მკვლევარი მეკო ჩაჩავა მიზეზს, თუ რატომ ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს და არალეგალურ მიგრაციას.
მეკო ჩაჩავა, განვითარების საკითხების მკვლევარი
„ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოჯახებით მიდის ამერიკაში, რაც ნაკლებად დამახასიათებელია ევროპაში მიგრაციისთვის.
ევროპაში მიგრაციისას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, საბერძნეთი, იტალია – ძირითადად ქალები მიდიან. რადგან იქ ნაკლები შესაძლებლობებია ოჯახებით ჩასულებისთვის და გაცილებით რთულია თავის დამკვიდრება. არიან თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც შეიძლება ოჯახებით ჩადიოდნენ, თუმცა ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღება გართულდა,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
სოციოლოგი და მკვლევარი გიგა კარაპეტიანი ამბობს, რომ ახალი თაობის ემიგრანტები გენდერულად შედარებით დაბალანსებულია. აშშ-ში არალეგალურად ქალებიც მიდიან და კაცებიც, განსხვავებით ევროპისგან, სადაც უმეტესად ქალები მიდიოდნენ და მიდიან.
„ზოგადი დაკვირვებით, ამერიკაში უფრო ახალგაზრდები მიდიან. რასაკვირველია არ ვამბობ, რომ წამსვლელთა ასაკი ჭრელი არაა, მაგრამ უფრო მეტი ახალგაზრდაა მათ შორის.
აქ დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ თვითონ ამერიკის მიმართ ასოციაციები [ასაკობრივად] ძალიან განსხვავებულია.
მისაუბრია იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებთან. მათთვის ამერიკა უფრო ქაოსურ ქვეყანასთან ასოცირდება, რომელიც თან ძალიან შორია და სულ რომ მარტივად შეიძლებოდეს ამერიკაში წასვლა, მათ ამის ნაკლები ინტერესი აქვთ. არავის უთქვამს – „აი, თავიდან რომ მივდიოდე ემიგრაციაში, ამერიკაში ვარჩევდი წასვლას.
მაშინ, როდესაც უფრო პატარა ასაკის ემიგრანტები ამერიკას უკავშირებენ თავისუფლების იდეას. ეს ერთგვარად ჰეროიკულობასაც მოითხოვს, რომ საშიში გზა აირჩიო.
ახალგაზრდა ადამიანების მიერ ამ საშიში გზის არჩევა განპირობებულია მძიმე ეკონომიკური პირობებით, თუმცა აქ ასევე არის კონტექსტი – „მაინც ამერიკაა“.
ისინი ამბობენ – „როგორ წავალთ არ ვიცით, როგორ გავუძლებთ არ ვიცით ამ გზას, ამ საშიშ დაბრკოლებებს, თუმცა მეორეს მხრივ ამერიკა ასოცირდება თავისუფლების იდეასთან. მაინც ამერიკაა“.
ასეთი ასოციაციები იმ ემიგრანტ ქალებთან, რომლებიც ევროპაში არიან ემიგრაციაში, არ შემხვედრია. „იტალიაში წავედი იმიტომ, რომ ის თავისუფლების ქვეყანაა“ – ასეთი ასოციაციები არ ჰქონიათ ემიგრანტებს,“ – ამბობს გიგა კარაპეტიანი.
გიგა კარაპეტიანი, სოციოლოგი
რას გაურბოდნენ 2000-იან წლებში და რას გაურბიან 20 წლის შემდეგ საქართველოდან
„ვფიქრობ, მიზეზი ერთი და იგივეა, ეს არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო და, სამწუხაროდ, იქნება. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება საქართველოში შეიძლება უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ მაინც საქართველოში არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი. ოჯახების საჭიროებებიც უფრო და უფრო იზრდება. ის მინიმუმი, რაც 90-იან წლებში ოჯახებისთვის საკმარისი იყო, ახლა აღარ არის საკმარისი.
გამომდინარე აქედან საქართველოდან წამსვლელების მიზეზი, ყოველთვის არის ერთი და იგივე. უბრალოდ, 2000-იანებში ეკონომიკურთან ერთად დაკავშირებული იყო ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები. ახლა ეკონომიკური ფაქტორია მხოლოდ,“ – ამბობს განვითარების საკითხების მკვლევარი მეკო ჩაჩავა.
საქართველოდან მიგრაციის ქრონოლოგია
1991 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და 70 წლიან იზოლაციაში ცხოვრებას ბოლო მოეღო, საქართველოს მოქალაქეებმა ემიგრაციაში წასვლა დაიწყეს. 30 წელია ეს პროცესი არ შეწყვეტილა, დეკადების მიხედვით იმატებდა კიდეც.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, მარტო 2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა.
შრომითი მიგრაციის პირველი ტალღა 90-იანების პირველივე წლებში დაიწყო. ძირითადად კაცები მიდიოდნენ რუსეთში სამუშაოდ. მეორე ტალღა გაჩნდა ორი საუკუნის მიჯნაზე, როცა საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალური და არალეგალური გზები იპოვეს ევროპაში წასასვლელად.
„მიგრაციულ ნაკადებში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ადამიანურ კავშირებს,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა და გვიყვება, რომ როდესაც გზები გაიჭრა საბერძნეთსა და იტალიაში, მასობრივ მიგრაციას ხელი სწორედ კავშირებმა შეუწყო.
„რაც უფრო მეტი ადამიანი იგებდა წასასვლელი გზების შესახებ, მიგრაციის ტალღა მით უფრო იზრდებოდა. განსაკუთრებით იზრდებოდა ქალი მიგრანტების ნაკადი, გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთსა და იტალიაში დასაქმების ბაზარზე იყო ქალების დასაქმების მზარდი მოთხოვნა,“ – ამბობს მეკო ჩაჩავა.
გენდერულად მიგრაციის სეგრეგაციას ხშირ შემთხვევაში სწორედ დასაქმების ბაზარი ახდენდა. ამის საილუსტრაციო სულ ბოლო, პოლონეთის მაგალითიც გამოდგება. ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდა ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. შრომის ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნა კაცთა შრომაზეა, ვიდრე ქალებისაზე. შესაბამისად, პოლონეთში წასულ ემიგრანტთა დიდი წილი სწორედ კაცებზე მოდის.
საქართველოს მოქალაქეები ამ ეტაპზე უზარმაზარ თანხას ხარჯავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასაღწევად. ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა მიდიან როგორც კაცები, ისე ქალები.
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ხეებს შორის, რამდენიმე ადგილზე, გარე-განათების ბოძებზე პლასტმასის ბოთლებია მიმაგრებული. ბოთლებს სავარაუდოდ საფერფლის დანიშნულება აქვს, რადგან პლასტმასის ბოთლებში ყველგან სიგარეტის ნამწვი ყრია.
განათების ბოძებზე პლასმასის ბოთლები სავარაუდოდ თვითნებურად არის განთავსებული.სიგარეტის ნამწვების გამო, ბოთლების ნაწილი ჩამომდნარია და არაესთეტიურად გამოიყურება.პლასტმასის „საფერფლეები“ განათების ბოძებზე, ხეებთან ახლოს, პოლიეთილენის წებოვანი ლენტით არის მიმაგრებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 67 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320]
ტანკი – 2 579 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 266 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 1 653 ერთეული [+5]
MLRS – 373 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 270 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 243 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 341 ერთეული [+16]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 329 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 40 21 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 148 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
325 თვითმფრინავი
162 ვერტმფრენი
2 308 უპილოტო საფრენი აპარატი
383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
5 967 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
874 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 516 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
6 709 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობენ დნეპრზე მოწყობილი გადასასვლელების გამაგრებას და უკვე დაასრულეს ხერსონში, დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს, ბარჟის ხიდის მშენებელობა.
უწყების შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ბარჟის მძიმე ხიდები ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში გამოიყენებოდა, რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში, პირველად დასჭირდათ ამ ტიპის ხიდებით სარგებლობა.
„სამოქალაქო ბარჟების გამოყენება, რუსებს დამატებით მატერიალურ და მატერიალურ-ტექნიკურ შესაძებლობას უჩენს, რადგან სამხედრო აგრესიის განმავლობაში, მათ დიდი რაოდენობით სამხედრო ხიდებისთვის საჭირო ტექნიკა და საინჟინრო პერსონალი დაკარგეს,“ – წერს დაზვერვა 22 ოქტომბრის რელიზში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თუ ბარჟის ხიდი დაზიანდება, რუსეთი ძალიან სწრაფად ეცდება გაარემონტოს ის ან დაზიანებული მონაკვეთი შეცვალოს, რადგან მისი ძალები და დნეპრის გადალახვის პუნქტები ხერსონში სულ უფრო და უფრო მეტი საფრთხის წინაშეა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა ეჭვქეშ აყენებდა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალ რუსულ-ბელარუსულ სამხედრო დანაყოფშ 15 ათასი რუსი სამხედრო იქნება.
დაზვერვის შეფასებით, რუსეთს აღარ შეუძლია ბრძოლისუნარიანი გაერთიანებების შექმნა ასეთი მოცულობით, რადგან მისი ძალები უკრაინაშია კონცენტრირებული.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ადასტურებს, რომ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთმა საკუთარი ჯარების გაყვანა დაიწყო.
ISW-ის ვარაუდით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, აპირებენ გამოსვლის პროცესი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გააგრძელონ, თუმცა თუ უკრაინის ძალები შეტევას დაიწყებენ, რუსები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან.
„რუსეთის ოფიციალური პირები ძალიან თავშეკავებულნი არიან იმ საკითხთან დაკავშირებით, გასცა თუ არა ხერსონიდან ჯარების გამოყვანის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა. სავარაუდოდ, ისინი კვალავაც გააგრძელებენ რუსული საინფორმაციო სივრცის მომზადებას ხერსონში მომავალი მარცხისთვის,“ – წერს ISW.
დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები კვლავ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის საკითხს უბრუნდებიან. ISW-ის ვარაუდით, რუსები ეცდებიან, საკუთარი უკან დახევის გადასაფარად, კახოვკის ელექტროსადგურის დამბა ააფეთქონ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.
ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ამ აფეთქებით რუსები ასევე ეცდებიან, ხელი შეუშალონ უკრაინის ძალებს, მათ ხერსონის ოლქის სიღრმეში დაედევნონ.
ISW იქვე მიუთითებს, რომ უკრაინას დამბის აფეთქების ვერანაირი მატერიალური ინტერესი ვერ ექნება, რადგან ამ კატასტროფამ შესაძლოა 80 უკრაინული ქალაქი დატბოროს, ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქციოს და სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენოს უკრაინის ენერგომომარაგება.
მეორე მხრივ, რუსეთს აქვს ყველანაირი ინტერესი და განცხადებები, რომ რუსები არ ააფეთქებენ დამბას ყირიმის წყალმომარაგების გამო, საფუძველს მოკლებულია.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:
რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდასხმებს დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში;
რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, ბრძოლები გრძელდებოდა ხარკოვის ჩრდილოაღმოსავლეთით, სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე და ლისიჩანსკის დასავლეთით;
რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ მოსახლეობის იძელებით ევაკუაციას დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან;
„ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?!“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნეკა დოროყაშვილი.
დღეს, 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მიიღო.
ნეკა დოროყაშვილის აზრით, სამწუხაროა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოში არ შეიძლება. დოროყაშვილის თქმით, მისი ეს საქმე მაგალითი გახდება, როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა.
„…მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას, სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2 წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 10-წუთიან ბრალდებულის რეპლიკას იმეორებს. მ
მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობობით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?!
მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ნეკა დოროყაშვილი.
„როცა ცხრაწლიან რეჟიმზე იღებ პასუხისმგებლობას და თავად 21 წლის ხარ“ – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ ახსენებენ მას ხშირად კოლეგები წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს.
რა შესაძლებლობები მისცა საკრებულოში არჩევამ და ამ დრომდე თავად რა ინიციატივები დაარეგისტრირა? – ამ კითხვებზე გვიპასუხა ლაშა კომახიძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრმა ენმ-დან.
როგორც საკრებულოს წევრმა, მერიის მუშაობა რომ შეაფასოთ საჯაროობის, მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით – რამდენად ღიაა ინფორმაცია, მუნიციპალური ქონების განკარგვის თაობაზე მაგალითად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში და ასე შემდეგ?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობა, სამწუხაროდ, არ განსხვავდება წინა წლებისგან.
2012 წლიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს „მართვის“ ერთიანი მიდგომა აქვს ყველგან, განურჩევლად მუნიციპალიტეტისა თუ კუთხისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა მხარეს, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალური პრობლემები ახასიათებს.
ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ მმართველ პარტიას საერთოდ არ ესმის დეცენტრალიზაციის არსი, მათ არ აქვთ პრობლემის მუნიციპალურ დონეზე გადაჭრის უნარი და ეს ყოველივე ტოვებს განცდას, რომ ადგილობრივი თვითმართველობის, საკრებულოს, კომისიების, მერიის თუ ბიუჯეტის ქონა/ყოლა არაფერშია საჭირო, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და ცენტრიდან მოწოდებულ ნარატივზე.
ამ გარემოებას, რომელიც მორგებულია „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილზე, საკმაოდ წარმატებით იყენებენ ადგილობრივი ჩინოვნიკები. ერთი შეხედვით ინფორმაციის მიღება არ ჩანს რთული, მაგრამ რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღებაში არ არის ჩართული მოქალაქე და მისი ინტერესები. ანუ გამოდის, რომ ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ვერაფერს ვცვლით.
ქაოსური განაშენიანება, ასევე უკანონო მშენებლობები, უკანონო დაშენება-მიშენებები, როგორც ვიცით, ქობულეთშიც ახალ მასშტაბებშია მოცემული. საკრებულოს როლი როგორია ამ პროცესში, ხომ არ გქონიათ რაიმე ინიციატივები ამ სფეროს მეტი კონტროლისთვის პირადად თქვენ ან ოპოზიციას? რა ინიციატივები იყო ეს?
ქაოსური განაშენიანება მართლაც რეზონანსული საკითხია საქართველოში. მოყოლებული დედაქალაქიდან, გაგრძელებული ბათუმით, ეს პრობლემა პირველ რიგში ეკოლოგიური კუთხით დგას ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში. თქვენი გამოცემა რეგიონულია და კარგად იცით ბათუმში არსებული მდგომარეობა, თუ როგორ არის მშენებლობა მორგებული კერძო ინვესტორებზე, რომლებიც არიან დაახლოებული „ქართულ ოცნებასთან“, ანუ ეს არის კორუფციული სქემა და როგორ მცირდება მოქალაქის როლი, გადაწყვეტილების მიღების ან მისი ინტერესების გათვალისწინების კუთხით.
ქობულეთიც არ ჩამორჩება ამ „ტენდენციას“. გავიხსენებდი „კრისტალ ბილდინგის“ საკითხს, რომელზედაც ძალიან აქტიურად ვსაუბრობდით ადგილობრივი ოპოზიცია და ეს საკითხი დღემდე აქტუალურია საკრებულოს სხდომებზე.
„კრისტალ ბილდინგი“ ძალიან მკაფიო მაგალითია ჩვენს ქალაქში ქაოსური მშენებლობის. კონტრაქტის თანახმად კომპანიას ბევრი ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული, რომელიც დღემდე არ შეუსრულებია და თუ მშენებლობას ადგილზე დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას კომპანია არც აპირებს. კონკრეტულად საუბარია ზღვაზე გადასასვლელ ბილიკებზე, საპარკინგე სივრცეებზე, რის ნაცვლადაც კომპანია ცალკე მშენებლობებს აწარმოებს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით უკანონოა.
ქაოსური განაშენიანება, უკანონო მიშენება თუ უკანონო მშენებლობა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც იჩენს თავს, რაც ფულის გათეთრების და კორუფციული გარიგების ძალიან საფუძვლიან ეჭვს ბადებს.
თქვენ პირადად ან თქვენს ფრაქციას რა ინიციატივები გქონდათ საკრებულოში? ეს ინიციატივები დარეგისტრირებული გაქვთ?
რაც შეეხება ინიციატივებს, ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პრობლემაა, შესაბამისად, მათი მოგვარების გზებზეც ვსაუბრობთ ინიციატივის ფორმატში.
როგორც მოგეხსენებათ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მრავალკომლიანი სოფელი გაზიფიცირების გარეშე ხვდება ცივ ზამთარს. გაზიფიცირება ერთ-ერთი აქტუალური თემაა მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, ამ საკითხს ხშირად ვაყენებთ დღის წესრიგში.
ამავდროულად, ბევრი გვისაუბრია სოფლის ამბულატორიებზე, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია და ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს.
გამოვყოფდი ჩემს ბოლო ინიციატივას, რომლის შესახებაც წერილობით მივმართე ქობულეთის მუნიციპალიტეტს. ინიციატივაში საუბარი იყო ქალაქ ბათუმში ბაზალტის ტიპის ფილების ასფალტის საფარით ჩანაცვლებაზე, კანონის თანახმად აღებული ქვაფენილი უნდა დასაწყობებულიყო, ნაცვლად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ ის მასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას უსასყიდლოდ გადასცა, რის შედეგადაც დაზარალდა აჭარის ბიუჯეტი.
ჩემს ინიციატივაში საუბარი იყო ამ ქვაფენილის ჩვენს მუნიციპალიტეტზე გადმოცემაზე, რასაც გამოვიყენებდით რეკრეაციული სივრცის, ზღვაზე გადასასვლელი ბილიკების, ტროტუარების, პარკებისა თუ სკვერების მოწყობისთვის, ასე ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემცირდებოდა ინფრასტრუქტურული პრობლემები და დაიზოგებოდა ბიუჯეტი.
მთავარი გამოწვევა რა არის დღეს მუნიციპალიტეტისთვის?
როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბის, სამუშაო ადგილების სიმცირისა და ახალგაზრდული ინტერესის სფეროს არ ქონის დაძლევა.
ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, არ მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც იმთავითვე ამცირებს მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების რიცხვს და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.
ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების ინტერესის სფეროს არარსებობა, რაც აისახება მომავალი თაობის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადინებაზე. გამოწვევაა ახალგაზრდული ცენტრების არ ქონა, რომლებიც მოიცავს როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე შემეცნებითი კუთხით ახალგაზრდების ჩართულობასა და განვითარებას.
ვისურვებდი ქობულეთში გაიხსნას ახალი, მულტიფუნქციური საჯარო ბიბლიოთეკა, სოციალური სივრცეები და კინო. ამ საკითხების ინიცირებას ვგეგმავ შესაბამისი შესაძლებლობისთანავე.
მთავრობა ამბობს, რომ ინვესტიციის მოზიდვით ქმნის სამუშაო ადგილებს, სანაპიროსთან ერთად პლაჟებს გრძელვადიანი იჯარის წესით ასხვისებენ. რას ფიქრობთ ამაზე?
ინვესტიციას არ ვეწინააღმდეგები, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს, ზღვაზე გასასვლელები არ ჩაიკეტოს და პლაჟების გრძელვადიანი იჯარით გასხვისებასაც არ ვემხრობი.
როცა დეტალურად იქნება რისკები გაწერილი, კარგი ინვესტიცია მართლაც მოიტანს სარგებელს.
ჩათვალეთ, რომ ერთგვარ ანგარიშს აბარებთ ამომრჩეველს. დამისახელეთ სამი რამ, რაც, როგორც საკრებულოს წევრმა, გააკეთეთ და ფიქრობთ, რომ ეს სასარგებლო იყო ამომრჩევლისთვის.
კონკრეტული სამი თემის გამოყოფას ვერ შევძლებ, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს რიგით მოქალაქეს, ეს იქნება ინფრასტრუქტურული საკითხები, სოციალური პროგრამები, განათლების საკითხები, ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირება თუ კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ მმართველი რგოლი ჩვენს მიერ შეთავაზებულ გეგმას არ ითვალისწინებს და არ იყენებს შანსს, რომ ერთად ვიბრძოლოთ ყველა ამ პრობლემის მოგვარებისათვის.
გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ თითოეული ადგილობრივი მაცხოვრებლის ხმა საკრებულოში, ვმუშაობთ მათთვის საკეთილდღეო საკითხებზე, გავაგრძელებთ აღნიშნული კუთხით მუშაობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, გამოიჩენს კეთილგონიერებას და ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, რომ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის უკეთესს მომავალზე.
ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, ერთ სახლში 3 ძმა ცხოვრობს. სამივეს ჰყავს ცოლ-შვილი. ამ სახლში ცხოვრობს მათი დედაც. 90 კვადრატულ მეტრს სივრცეს ჯამში 3 ოჯახის 15 წევრი, მათ შორის 8 მცირეწლოვანი ბავშვი ინაწილებს. მათი საცხოვრებელი გუშინ, დღის პირველ ნახევარში ბათუმის ძლიერმა წვიმამ დატბორა. წყალი ოთახებში დღესაც იდგა.
დედა, ეთერ ხალვაში, გვიყვება, რომ წყალმა სრულად დატბორა უფროსი შვილების ოთახები. ოჯახის ყველა წვერმა უმცროსი შვილის ოთახს შეაფარა თავი, თუმცა წყალმა იქაც მალევე შეაღწია.
„უფროსი შვილების ოთახებში საერთოდ არ შეისვლებოდა, ნავი უნდა შეგეტანა, რომ შესულიყავი, ვცურავდით. უმცროსი შვილის ოთახშიც გადმოვიდა წყალი და მთელი ღამე ტილოებით, ვედროებით ვიღებდით წყალს, რომ ღამე მაინც გაგვეთია ერთ ოთახში.
მყავს შვილიშვილი, რომელსაც ლეიკემია აქვს. გუშინ სიცხე ჰქონდა და 7 თვის დასთან და დედასთან ერთად მეზობელთან გადავიყვანეთ. დანარჩენები ვრჩებით აქ, ერთ ოთახში. ამ წყალს ვასხამთ მე და ჩემი რძალი. სად წავიდეთ, წასასვლელი არსად გვაქვს? არ ვიცი რა გავაკეთო, სად არ დავრეკე“, – გვიყვება ქალი.
ერთ-ერთი დატბორილი ოთახი
ეთერის თქმით, „წყალკანალი გუშინ გვიანობამდე მუშაობდა [ოთახებიდან ტუმბავდა წყალს]. აზრი აღარ ჰქონდა – წვიმდა და წყალი გაუჩერებლად შედიოდა ოთახებში.
დღეს დილითაც მოვიდნენ წყალკანალიდან და ახლაც აქ არიან, მუშაობენ. იმდენი წყალი ამოიღეს, მაგრამ ხელმეორედ გაივსო ოთახები. ყველაფერი გაფუჭდა, წყალში იტივტივა და გარეთ გამოვყარეთ.
გვერდით ოცნების ქალაქის სახლებს აშენებენ, 12-სართულიანებს, იმ ბინების კანალიზაცია გაიყვანეს: იქით გადათხარეს, აქეთ გადათხარეს და მთლიანი წყალი ჩემთან, ეზოში გადმოდის. არასდროს არ ყოფილა ასეთი ამბავი, 2006 წლიდან ვცხოვრობთ აქ“, – ამბობს ეთერი.
ერთ-ერთი დატბორილი ოთახი
ქალი გვიყვება, რომ 2006 წლამდე ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობდა, მაგრამ ბინა იმის გამო გაყიდა, რომ შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: „ვის არ ვთხოვე დახმარება, რომ ბინა არ გამეყიდა, მაგრამ არავინ დამეხმარა. ბინა გავყიდე და 13 წლის შვილიც დამეღუპა“.
როგორც ეთერი ამბობს, ამის შემდეგ მრავალწევრიან ოჯახს ბინის საქირავებელი ფული არ ჰქონდა და ბოლოს, ადგილი, სადაც ახლა ცხოვრობენ, ერთ-ერთ შვილს მეგობრებმა უპოვეს.
„საერთოდ არაფერი არ გვაქვს, არც მიწა, არც წყალი. არაფერი გაგვაჩნია. უსახლკაროდ ვართ, ამიტომ გადმოვედით აქ საცხოვრებლად. როცა გადმოვედით აქ არც შუქი იყო, არც წყალი. მივმართეთ მერიას, სამინისტროს, რომ შუქი მოეცათ, მაგრამ არ მოგვცეს.
სახერხი სახელოსნო იყო აქ, ჯერ იმათგან გადმოვიყვანეთ შუქი, შემდეგ მეზობლისგან და ბოლოს, ოცნების ქალაქი რომ გაკეთდა, იქიდან გადმოვიყვანეთ. ვართ ასე. 2 თვის წინ დენის გამო ცეცხლი გაჩნდა. ყველა სადენი ძირში გვიყრია. ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ“, – გვეუბნება ეთერი.
ეთერის თქმით, მისი ერთი შვილის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს. იმ ბიჭის ოჯახი, რომლის შვილსაც ლეიკემია აქვს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევს სახელმწიფო სოციალურ დახმარებას მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს.
„ოცნების ქალაქში ბინის გადმოცემაზე სიაში ვართ, მაგრამ არ ვიცით მოგვცემენ თუ არა ამ ბინებს. საერთოდ არავინ იყო, როცა ჩვენ აქ გადმოვედით და ვცხოვრობდით. ახლა იმდენი სახლ-კარიანია დასახლებული, რა ვიცი“, – გვეუბნება ეთერი.
ერთ-ერთი დატბორილი ოთახიდატბორილი ოთახიდატბორილი ოთახი
ეთერს იმედი აქვს, რომ ახლა მაინც მიაქცევენ მინიმალურ ყურადღებას, ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლონ, როგორც მან, ისე მისმა პატარა შვილიშვილებმა.
ჰამბურგის საავადმყოფოში ხანდახან როიალთან იჯდა და მძიმე პაციენტებისთვის უკრავდა. როიალი საავადმყოფოს ფოიეში იდგა. ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე თავადაც მუსიკა ეხმარებოდა ყველაზე მეტად. ფიქრობდა, რომ ახლა თავად უნდა დახმარებოდა სხვებს. სალომე აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ პაციენტებს სულ ცოტა ხნით, ოდნავ მაინც ავიწყდებოდათ მუსიკის მოსმენისას ტკივილი და ეს არ იყო ცოტა.
ქართველმა ემიგრანტმა, პიანისტმა სალომე ჯიჯეიშვილმა ამ დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება გაეფართოვებინა მუსიკალურ თერაპიაში. პროექტი დაწერა და გერმანული გრანტი მოიპოვა. 2023 წლიდან სალომე შშმ ბავშვების, ხანდაზმულებისა და მძიმე პაციენტებისთვის მუსიკის თერაპიას ჩაატარებს.
„ყოველთვის მჯეროდა, რომ მუსიკას ბევრი რამ შეუძლია. შეუძლია დაგავიწყოს ტკივილი, შეუძლია დაეხმაროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს.
სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, მოსმენა და სხვადასხვაგვარი ბგერის აღქმა მედიტაციური, განმმუხტველი პროცესია“ – ამბობს სალომე.
კვლევითი ცენტრის PMCG-ის ბოლო კვლევის მიხედვით 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა. მათ შორისაა სალომეც.
სალომე ჯიჯეიშვილი, პიანისტი/სოფო თოლორდავას ფოტო
სალომე 11 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში. გერმანიაში გადასახლებაზე მანამდე არ უფიქრია. თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის პირველ კურსზე იყო, როცა DAAD-ის დაფინანსება მოიპოვა ჰამბურგის უმაღლეს სასწავლებელში საფორტეპიანო შესრულების ხელოვნების მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად.
„სწავლა რომ დავასრულე, საქართველოში დავბრუნდი, რვა თვით დავრჩი და მერე ტურისტული ვიზით წავედი ჰამბურგში მაგისტრის დიპლომის წამოსაღებად. მაშინვე უკან დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ სურათი შეიცვალა. ვიგრძენი, რომ ამ ქვეყანასთან, ხალხთან ადაპტაციის პროცესი უკვე გავლილი მქონდა და ირგვლივ მყავდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ჩემი საფორტეპიანო კონცერტებისთვის გაეწიათ ორგანიზება.
კონცერტებმა კარგად ჩაიარა და პუბლიკის დიდი მოწონება და სიყვარული დავიმსახურე.
თავდაჯერება შემემატა და ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების. საქართველოშიც ვაკეთებდი თითქოს იმას, რასაც აქ ვაკეთებ, ვმართავდი კონცერტებს, ვმონაწილეობდი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, მაგრამ ყოველთვის მქონდა ვაკუუმში ყოფნის განცდა, როცა ძალიან, ძალიან გაინტერესებს რა ხდება სხვაგან“ – ამბობს სალომე ჯიჯიეშვილი.
სალომე ჯიჯეიშვილი, პიანისტი/ფოტო: Tho Zyd
ახლა სალომე ჰამბურგის რამდენიმე სამუსიკო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობს, ასწავლის ბავშვებსა და ზრდასრულებს, საკუთარ მუსიკასაც ქმნის და მართავს კონცერტებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, პოპულარიზაციას უწევს თანამედროვე ქართველ და ევროპელ კომპოზიტორებს; მონაწილეობს სხვადასხვა არტისტთან ერთად სახელოვნებო პროექტებში.
სალომე იხსენებს, რომ ემიგრაციის პირველ წლებში ყველაზე რთული გარემოსთან ადაპტაცია იყო:
„თავიდან ძალიან გამიჭირდა, მქონდა ენის ბარიერიც, მაგრამ გერმანელები ძალიან თავაზიანები არიან და ყველას და ყველაფერს ახალს გულისყურით ეკიდებიან. გარშემომყოფების ამ თვისებებმა ბარიერები დამაძლევინა.
იყო შემთხვევები, როცა გერმანელი ქველმოქმედები, ჩვეულებრივი ადამიანები ჩემს კონცერტებს აფინანსებდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ იჩენდნენ ასეთ გულისხმიერებას. მაღალი შეგნების ხალხია გერმანელები. ამ დამოკიდებულებებმა და ბევრმა სხვა რამემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ათასობით ლტოლვილს იღებს გერმანია და მათ ადამიანურ პირობებს სთავაზობს. ხელოვანებისთვის ამ ქვეყნის კარი ღიაა, კულტურა და შრომა გერმანული საზოგადოების მთავარი ღირებულებებია“ – ამბობს სალომე.
სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო
მუსიკის გაკვეთილები სალომესთვის ყოველდღიურობაა, თუმცა ამბობს, რომ სწავლების მეთოდები და მიდგომები ძალიან განსხვავდება ქართული სამუსიკო სკოლებისგან.
სალომეს მონათხრობის მიხედვით გერმანიაში სამუსიკო სკოლებში მუსიკას სწავლობენ როგორც ჰობის და გაკვეთილზეც კვირაში ერთხელ დადიან მოსწავლეები, მაშინ, როცა საქართველოში სულ მცირე კვირაში ორჯერ ენიშნებათ ბავშვებს მუსიკის გაკვეთილი. განსხვავებულია სასწავლო მასალაც – ნაკლებდატვირთული, ქართულ მაგალითებთან შედარებით.
„საქართველოში გაცილებით მაღალი თამასაა დაწესებული სამუსიკო სკოლებში, აქ ასე არ არის. არც ძალიან რთული რეპერტუარია გამოყენებული სწავლებისას. სხვადასხვა სტანდარტები მოქმედებს.
როცა ვარსკვლავურ გამოვლინებასთან და განსაკუთრებულ ნიჭთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიჰყავთ მოზარდი პროფესორთან და პროფესიონალური დამოკიდებულებაც სწორედ მაშინ ჩნდებადა“ – ამბობს პიანისტი.
სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო
სალომე საკუთარი იმპროვიზებული ნაწარმოებების საღამოებსაც მართავს ხოლმე. ჯონ კეიჯის მუსიკის ფილოსოფიითაა შთაგონებული და პრეპარირებული ინსტრუმენტის საშუალებით ახალ ჟღერადობას ეძებს. ეს მეთოდი პირველად საუკუნის დასაწყისის დიდმა ექსპერიმენტატორმა, ამერიკელმა ჯონ კეიჯმა დანერგა კლასიკურ მუსიკაში. მსგავსი მცდელობები მანამდე შესაძლოა ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებსაც ჰქონდათ.
„ინსტრუმენტში იყრება სხვადასხვა საგანი, ნივთები, ჭანჭიკებიც კი თუ გნებავთ, რაც საერთოდ ცვლის ბგერის ჟღერადობას.
ექსპერიმენტული მუსიკა საინტერესოა, კორნელიუს კარდიუმ საერთოდაც შექმნა ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც შემსრულებელს მუსიკის ახალი პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობა მისცა. ეს ხედვა გაძლევს საშუალებას მუსიკის შესრულებისას ჩართო პროცესში ვინც გსურს, რომელი ინსტრუმენტიც გინდა, მუსიკის ხანგრძლივობასაც თავად განსაზღვრავ“ – გვიყვება სალომე.
ექსპერიმენტული მუსიკა თავადაც აინტერესებს, ასეთ კონცერტებსაც მართავს. ერთხელ რამდენიმე ინსტრუმენტი წაიღო კონცერტზე და მსმენელებს ჩამოურიგა, პუბლიკა სალომესთან ერთად უკრავდა. ასე შეასრულეს თავისუფალი, იმპროვიზებული სიმფონია.
სალომე ფიქრობს, რომ პიანისტის, შემსრულებლისთვის ექსპერიმენტები სიახლეების აღმოჩენის შესაძლებლობაა, რაც მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია კლასიკური მემკვიდრეობის ჩარჩოებს მიღმა ახალი ჟღერადობის საძებნელად, მუსიკალური ხედვის გასაფართოებლად.
სალომე ჯიჯეიშვილის კონცერტის აფიშა ჰამბურგში
ახალ, დისჰარმონიულ ჟღერადობას, სალომეს დაკვირვებით ყური შეჩვეული არ არის, შესაბამისად დისონანსური ჟღერადობის მშვენიერების აღსაქმელად მსმენელს მომზადება სჭირდება.
„ექსპერიმენტული, თუნდაც დისონანსური მუსიკის მშვენიერება რომ ვიგრძნოთ, ცოტა მომზადებაა საჭირო, ამ მუსიკის ფილოსოფიის გაგება, ყურის, გულის გახსნა და სიახლისთვის მზაობა, მუსიკალური ინტელექტიც.
ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით, მუსიკა ყოველთვის ჟღერს, მათ შორის სიჩუმეშიც, უბრალოდ ყურის გდებაა საჭირო.
ახალი მუსიკის დაბადების აუცილებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. მაგალითად, ვენის ახალი სკოლის წარმომადგენლები: ბერგი, შონბერგი და ვებერნი მუშაობდნენ იმაზე, რომ ომისშემდგომი ბნელი და სასოწარმკვეთი გარემო მუსიკითი გაეცოცხლებინათ, ცდილობდნენ, ყველაფერი, რაც ირგვლივ იყო, მუსიკაში აესახათ.
ექსპერიმენტული მუსიკა გარკვეულ წრეებში პოპულარულია, მაგრამ გერმანიაში, კლასიკური მუსიკის სამშობლოში რთულია ამ ტენდენციების გაღვივება. უფროსი ასაკის გერმანელი მსმენელი კონცერტებზე შუბერტის და მოცარტის მოსმენას ამჯობინებს. ცხადია, ამ კომპოზიტორების მნიშვნელობას არ ვაკნინებ, პირიქით – ეს არის ის საფუძველი, რაზეც დაშენდა ყველაფერი, მაგრამ ვითარდება მუსიკა“ – გვიყვება სალომე.
პიანისტი სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო
მიუხედავად იმისა, რომ პიანისტის სამომავლო გეგმები და ცხოვრება გერმანიას უკავშირდება, საქართველოში ყოფნის პერიოდი მისი ცხოვრების მთავარ ნაწილად რჩება.
„უმნიშვნელო მოგონებებიც კი გულს მიჩუყებს. ჩემს თაობას 90-იანი წლები გვაქვს გავლილი საქართველოში, გვინახავს უამრავი სირთულე და სიხარული, რამაც გაგვაძლიერა. ეს სიძლიერე აქ ბევრი რამის გადალახვაში დამეხმარა. ჩვენ ვართ თაობა ძალიან ძლიერი იმუნიტეტით.
საქართველოში რაღაცები იცვლება, მაგრამ მდგომარეობა ძალიან მტკივნეული და მძიმეა. ვისურვებდი პროფესიონალიზმი და კულტურა იყოს მთავარი პრიორიტეტები ჩემი ქვეყნისთვის, სათანადოდ ფასდებოდეს შრომა.
ვისურვებდი ასევე, რომ როცა ადამიანი რამეს კარგად და საინტერესოდ აკეთებს, არ უწევდეს ქვეყნიდან გაქცევა, თავი რეალიზებულად რომ იგრძნოს“ – ამბობს სალომე ჯიჯიეშვილი.
სალომე ჯიჯეიშვილი/სოფო თოლორდავას ფოტო
ყველაზე ძალიან საქართველოში ჩამოსვლისას ურბანიზაციის პროცესი აშფოთებს:
„პარკები, მწვანე სივრცე ფაქტობრივად არ არსებობს. აქ ყოველ ნაბიჯზე ბავშვების სათამაშო მოედნებს და გამწვანებულ სკვერებს შეხვდები.
ძალიან მინდა მჯეროდეს საქართველოს უკეთესი მომავლის, უსამართლობის და არაპროფესიონალიზმის აღმოფხვრის ყველა სფეროში. თუ ასე იქნება, ყველა ქართველი ემიგრანტი დაბრუნდება, რეალურად ყველას ძალიან უყვარს და ენატრება საქართველო.“ – ამბობს სალომე.
მძიმე და დეპრესიულ დროს მუსიკასთან ერთად ხატვა და ფოტოების გადაღებაც ეხმარება. 2011 წლიდან ხატავს. ცოტა ხნის წინ ნახატები შეკრიბა, პორტფოლიო გააკეთა და 30 ოქტომბერს ახლა პერსონალური გამოფენისა და კონცერტისთვის ემზადება.
„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები.
მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, რომელიც ერთი წელია, რაც ბათუმის უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს.
ერთ დროს ნატალია თავის შვილებთან ერთად ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ახმეტელის ქუჩაზე, დრამატული თეატრის წინ ცხოვრობდა. ბინა მის მშობლებს ეკუთვნოდა და დაქორწინების შემდეგაც ამ ბინაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.
ნატალია ამბობს, რომ მისი მეუღლე უმუშევარი იყო, თუმცა მუშაობის უფლებას არც მას აძლევდა.
„სულ სახლში იჯდა, არ მუშაობდა. შემოსავალი ხომ გვჭირდებოდა? „ინტურისტში“ დავიწყე მუშაობა, თუმცა ამაზეც ბრაზდებოდა და სულ სკანდალებს მიწყობდა. ფიზიკურადაც კი ძალადობდა ჩემზე,“ – გვიყვება ნატალია.
ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როცა მისი მეუღლე რუსეთში წავიდა და 7 წელი არ დაბრუნებულა.
ნატალია აივაზიანი თავშესაფარში
„ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, შემდეგ ჩამოვიდა. არც ფული ჩამოიტანა. არ უნდა მიმეღო, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული იყო – მითხრა, რომ ჩვენთან ყოფნა უნდოდა, მეც დავუჯერე და შევურიგდი.
ისევ სახლში იჯდა და არსად მუშაობდა. მე ცოტა დანაზოგი მქონდა და ამით ვარსებობდით. მეორე ბავშვს ველოდებოდით და ფული ხომ გვჭირდებოდა? ისევ რუსეთში მოინდომა წასვლა. მშობიარობის დროს მოვალო, მითხრა, მაგრამ ისევ მომატყუა,“ – ამბობს ნატალია.
მშობიარობის ღამე მისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. ამ ამბის გახსენებაზე ნატალია ახლაც კი კანკალებს და ტირის.
„ღამის ორი საათი იყო, როცა მშობიარობა დამეწყო. მარტო ვიყავი. პატარა ბიჭი მეზობლის ხანდაზმულ ქალს დავუტოვე და წავედი. ექიმმა მარტოდ რომ დამინახა, ალბათ იფიქრა, რომ უპატრონო ვიყავი. არავინ გახლავს? – მკითხა.
ტკივილის გამო ფულის წაღებაც დამავიწყდა, მაგრამ ხელზე ძვირფასი ბეჭედი მეკეთა და ვუთხარი, რომ გადახდა შემეძლო. ხვალ ჩემი მულიც მოვა და ყველაფერს მოიტანს-მეთქი, მაგრამ მაინც ცუდად მიყურებდა ის ექიმი. სამშობიარო ბლოკში შემიყვანა და დამტოვა. მითხრა, – მე უნდა დავიძინოო.
ვყვიროდი, გთხოვთ, არ დამტოვოთ მარტო-მეთქი, მაგრამ უხეშად მიპასუხა, ნერვებს ნუ მიშლიო. სრულიად მარტოდ დამტოვა, ექთანიც კი არ იყო ბლოკში. საშინელი ტკივილი მქონდა, მეგონა ვკვდებოდი, ვყვიროდი და არც ერთ ადამიანს კარი არ შემოუღია.
თვალი საათისკენ მქონდა, იქნებ ვინმე შემოვიდეს-მეთქი. ღამის ოთხი საათი იყო, როცა დამლაგებელმა შემოაღო კარი. ვემუდარებოდი, დაუძახე ვინმეს-მეთქი. უხეშად მომაძახა – „ზამალჩი, ზატკნის“ და იატაკის საწმენდი ფეხზე დამარტყა. ასე მეგონა, სადღაც ჯოჯოხეთში ვიყავი ან ცუდი სიზმარი მესიზმრებოდა. მარტოობისგან, შიშისა და ტკივილისგან ერთად ვიტანჯებოდი. ყველას უპატრონო ვეგონე… ისე ვიყავი, მეგონა, რომ მეც და ბავშვიც ვკვდებოდით.
დილის ცხრა საათი სრულდებოდა, როცა ექიმი შემოვიდა ოთახში, ნელა მომიახლოვდა და ისე დამხედა, მგონი არ სჯეროდა, რომ ისევ ცოცხალი ვიყავი. როცა ჩემი გოგონა დაიბადა, გონება დავკარგე და აღარც მახსოვს შემდეგ რა მოხდა,“ – გვეუბნება ნატალია.
ამბობს, რომ ეს მძიმე ისტორია არც ორი თვის შემდეგ, სახლში დაბრუნებული ქმრისთვის მოუყოლია, „რა აზრი ჰქონდა? მინდოდა, მალე დამევიწყებინა“.
საბოლოოდ, ნატალიას ქმარი ისევ წავიდა რუსეთში. ამჯერად სამუდამოდ. ნატალია კი ორი თვის ჩვილით და 11 წლის ბავშვით სრულიად მარტო დატოვა.
„წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავი – უმუშევარი, უფულო, მშობლები აღარ მყავდა, არც ახლობლები, სასოწარკვეთაში ვიყავი. მეზობლის ბერძენი ქალი მეხმარებოდა, თორემ მშივრები დავიხოცებოდით.
როცა ეძინათ, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ხვალ დილამდე იცოცხლებენ? ნეტა ხომ არ მოკვდებიან მშივრები-მეთქი. პური არა, შაქარი არა, არც სახელმწიფო მეხმარებოდა, არავინ.
ყველაფერი გავყიდე, რაც გამაჩნდა, ოქრო, ჭურჭელი…
ერთადერთი, ჩემი მოხუცი კარის მეზობელი იყო, რომელიც თეფშით ხან სუპს, ხან ბორშის შემოგვიტანდა. როგორ უნდა შევჭამო, როცა ვიცი ბავშვები მშივრები კვდებიანო – მეტყოდა. ლენინგრადის ბლოკადა რომ იყო ომის დროს, ისეთ დღეში ვიყავით.
აღარც მული მეხმარებოდა, რადგან ქმარი ეჩხუბებოდა, მე ხომ არ უნდა ვარჩინო, შენმა ძმამ მიხედოს, ან უკრაინაში წავიდეს, ხომ ჰყავს იქ ნათესავებიო.
ჩემი მშობლები უკრაინელები იყვნენ, თუმცა აქ დაბადებულ-გაზრდილები, შორეული ნათესავები კი ვერ მეხმარებოდნენ “ – გვიყვება ნატალია.
ნატალიას სახლში იმედი და სითბო მას შემდეგ გაჩნდა, როცა პატარა შვილი ბაღში გაუშვა და მუშაობა დაიწყო. „როგორი გახარებული იყვნენ ჩემი შვილები, როცა სახლში სითბო და საკვები გაჩნდა,“ – ამბობს ის.
ძალიან მალე ნატალია ისევ დადგა ახალი განსაცდელის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, არ გაითვალისწინეს მისი მარტოხელობა და სამსახურში შეამცირეს.
ამ დროს უფროსი შვილი ნატალიას მძიმე მდგომარეობაში ჰყავდა.
„დაეცა და ფეხი დაიზიანა. საავადმყოფოში რომ მივიყვანე, მითხრეს, ისეთი არაფერიაო და გამოგვიშვეს. როგორც ჩანს, ინფექცია შეიჭრა და ბავშვი ცუდად გახდა.
მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ბოლოს დახმარება მაშინდელ მერს, ასლან სმირბას ვთხოვე, რადგან ფინანსური რესურსები ამომეწურა. როგორც მითხრეს, უყიდეს ბავშვს ანტიბიოტიკები და სხვა წამლებიც, მაგრამ ბავშვი უარესად დამძიმდა.
ერთ დღეს, სანიტარი მომიახლოვდა და მითხრა: შენი შვილი კვდება, უბრალოდ არ გეუბნებიან. წაიყვანე აქედან, თბილისში გადაიყვანეო. თურმე სეფსისი იყო განვითარებული და არც მეუბნებოდნენ.
ისევ გავვარდი მერიაში და ფანჯრიდან ვეძახდი მერს. ვუთხარი, რომ თბილისში გადაყვანაში დამხმარებოდა.
ასლან აბაშიძის ნახვა მინდოდა, მაგრამ არ შემიშვეს. მითხრეს, კონცერტზეა ცოლთან ერთადო. მე შვილი მიკვდებოდა, ის კი კონცერტობდა. როცა გარეთ გამოვიდა, ყვირილი ავტეხე, – მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთ-მეთქი. ალბათ გაიგონა ჩემი ხმა, რადგან მართლა დამეხმარნენ გადაყვანაში,“ – გვეუბნება ნატალია.
ნატალიას შვილს მკურნალობის გაგრძელება გერმანიაში მოუწია, რადგან ძვალი სეფსისის გამო ძლიერად იყო დაზიანებული და საქართველოში ოპერაცია ვერ გაუკეთეს.
თავშესაფარში
სიღარიბემ, უმუშევრობა, ავადმყოფობამ, საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ნატალიამ მშობლებისგან დანატოვარი ბინაც გაყიდა და ორი შვილით უსახლკაროდ დარჩა.
როცა უფროსი შვილი გერმანიიდან დაბრუნდა, გადაწყვიტა მამის მოძებნა რუსეთში, თუმცა ეს ამბავიც ტრაგიკულად დასრულდა.
„ჩემი შვილი ჩავიდა მამასთან და უთხრა, რომ გამოეგზავნა საბუთები ჩვენს წასაყვანადაც. მამამისმა უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ისევ მე გავუგზავნე 2 ათასი დოლარი. როცა ჩემი ბიჭი მიხვდა, რომ მაინც არ აკეთებდა საბუთს, იჩხუბა მამასთან. იქ იყვნენ მამის ძმა და მშობლებიც, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს“.
პოლიციამ ნატალიას შვილი განყოფილების ნაცვლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ეს მოხდა 2008 წელს.
„რაღაც ნემსები უკეთეს ჩემს შვილს და დღემდე არ ვიცით, რა დამართეს, რადგან იქედან დაბრუნების შემდეგ ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, მანამდე კი არასდროს ჰქონია მსგავსი რამ,“ – ამბობს ნატალია.
ახლა ნატალიას მსგავსად მისი უფროსი შვილიც თავშესაფარშია და 150-ლარიანი პენსიით ცხოვრობს.
ნატალიას ქალიშვილი კი თბილისშია. სტუდენტი გახდა და ერთი წლის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო სტატუსის შეჩერება მოუწია.
„ისეთი კარგი გოგოა, ისე კარგად სწავლობს, უცხო ენებსაც ფლობს… მაგრამ მე ვეღარ ვეხმარები, მუშაობა დაიწყო და ხელფასი ისეთი დაბალი ჰქონდა, ბინის ქირაში და გადასახადებში ძლივს ჰყოფნიდა. ამიტომ მე ვერ დამეხმარება,“ – გვეუბნება ნატალია.
ბოლო 5 წელი ნატალია მომვლელად მუშაობდა და იმ ქალის სახლშივე ცხოვრობდა. თუმცა ქალის გარდაცვალების შემდეგ ნატალია ისევ უსახლკაროდ დარჩა.
ნატალია აივაზიანი
„კარგი თავშესაფარი, რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს არსად აღარ გაქვს წასასვლელი, მაგრამ ჩვენს თავშესაფრებში პრობლემაა ის, რომ საძინებელი ოთახები საერთოა, ორ-სამ ადამიანს სძინავს ერთად და ეს ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია.
ყველა ადამიანს თავისებური ხასიათი აქვს, ვიღაცას სტკივა, ვიღაც მხიარულ ხასიათზეა. მაგალითად, ჩემს ოთახში ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, მთელი ღამე ტელეფონზე საუბრობდა, ამ დროს, მე ფეხის ტკივილი მტანჯავდა და ვერ ვეუბნებოდი, რომ სიმშვიდე მჭირდებოდა.
ცალკე საძინებლები რომ გვქონდეს, ბევრად უკეთესი იქნება, რთულია ასე ცხოვრება,“ – ამბობს ნატალია.
მისი თქმით, საქართველოში უსახლკარო ქალები დაუცველები არიან. დარდობს თავის წარსულზე, დაკარგულ ბინაზე, შვილების მომავალზე და ბრაზობს ყოფილ მეუღლეზე, „რომელმაც შვილებს არც ალიმენტი გადაუხადა, არც რეანიმაციაში მოიკითხა და ბოლოს პოლიციაშიც კი დაასმინა.“
თავბრუსხვევა ცრუ შეგრძნებაა, რომლის დროსაც გვეჩვენება, რომ ირგვლივ გარემო ტრიალებს ან მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები მიმართავენ ექიმს.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ნევროლოგი ნათია ბაბუხადია „ბათუმელებთან“ საუბრობს რა შემთხვევებში შეიძლება ეს სიმპტომი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს.
ქალბატონო ნონა, რა არის თავბრუსხვევა?
თავბრუსხვევა სიმპტომთა კომპლექსი უფროა, ვიდრე დიაგნოზი. ეს არის ილუზორული, მოჩვენებითი მოძრაობა, წონასწორობის დარღვევა, არამდგრადობა, გულისწასვლის შეგრძნება ან თავში სიცარიელის შეგრძნება.
კლინიკური გამოვლინების მიხედვით განასხვავებენ რამდენიმე სახის თავბრუსხვევას, ეს არის ოთხი სახის/კატეგორიის თავბრუსხვევა:
ვერტიგო – რაც არის ილუზორული მოძრაობის შეგრძნება, ამ დროს პაციენტი თვითონ გრძნობს რომ მოძრაობს, ან შეიგრძნობს, რომ მის გარშემო მოძრაობენ საგნები ან სივრცე.
მეორე ეს არის მდგრადობის დარღვევა, ანუ დისექვილიბრიუმი – იგი უმეტესად ვითარდება ხანდაზმულ პაციენტებში, სიარულის დროს და მოსვენებისას გადადის;
არის კიდევ გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება (პრესინკოპე), რომლის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში წნევის ვარდნა ან არითმიაა.
და არსებობს კიდევ არასპეციფიკური თავბრუსხვევა, როდესაც პაციენტს აქვს თითქოს სიცარიელის შეგრძნება თავში, მას უჭირს ჩივილების ზუსტად აღწერა და დაკონკრეტება, ასეთ შემთხვევაში მიზეზი არის ხოლმე შფოთვითი აშლილობებია.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გავაკეთოთ (ნებისმიერ ასაკში) ძლიერი თავბრუსხვევის დროს, როცა პაციენტს აქვს წონასწორობის დარღვევა, პაციენტი უნდა მოვათავსოთ მოსვენებულ მდგომარეობაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაცემა და ტრავმა; არსებობს პოზიციური თავბრუსხვევა, რომელიც საწოლში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაბრუნების დროს აღენიშნება – ასეთ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
რა არის თავბრუსხვევის ძირითადი მიზეზები?
თავბრუსხვევა სიმპტომია, მაგრამ სავალდებულო არ არის ყოველთვის დაავადებაზე მიანიშნებდეს, შესაძლოა მისი მიზეზი იყოს სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის წნევის დამწევი, ანტიფსიქოზური/დამამშვიდებელი და საძილე საშუალებების მიღება, ასევე სისხლში გლიკემიის და რკინის დაბალი დონე ან ვირუსული ინფექცია.
მოძრაობის მოჩვენებითი შეგრძნება, ანუ ვერტიგო შეიძლება იყოს ორნაირი: ოტოლოგიური და ცენტრალური. ოტოლოგიური ვერტიგო არის შიგნითა ყურში არსებული ვესტიბულური აპარატის და მისი წარმონაქმნების დაზიანებით გამოწვეული თავბრუსხვევა [ვესტიბულური აპარატი გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში]. ცენტრალურ ვერტიგოს კი, ცენტრალური ნერვული სისტემის ვესტიბულურ ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნაწილების დაზიანება იწვევს. შედარებით უფრო ხშირია ოტოლოგიური წარმოშობის ვერტიგო.
როცა არის უეცრად დაწყებული ძლიერი თავბრუსხვევის შეტევა, რომელსაც ახლავს ღებინება, საქმე გვაქვს ვესტიბულურ ნევრიტთან, რომლის მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია; შეიძლება პაციენტმა შეამჩნიოს სმენის დაქვეითება და ხმაური ყურში, ეს მენიერის დაავადებაა, რომელიც ასევე შიგნითა ყურის პათოლოგიაა; სხვადასხვა მედიკამენტების მოხმარების ისტორია შეიძლება გახდეს ორმხრივი, ვესტიბულური პარეზის, ქრონიკული თავბრუსხვევის მიზეზი.
ცენტრალური ვერტიგოზე, თავბრუსხვევებზე საუბრისას შეგვიძლია გამოვყოთ შაკიკთან ასოცირებული თავბრუსხვევა. ხშირად შაკიკის შეტევას წინ უსწრებს თავბრუსხვევა, ან საერთოდაც შესაძლოა ასე გამოვლინდეს შეტევა, ტკივილის გარეშე; თავბრუსხვევით შეიძლება გამოვლინდეს ეპილეფსიური გულყრაც, რომელსაც ამ დროს უნებლიე მოძრაობებიც ახლავს.
ცენტრალური თავბრუსხვევის მიზეზები შეიძლება იყოს წნევის ცვალებადობა, მაღალი და დაბალი წნევა და ასევე, სისხლში გლიკემიის დაბალი დონე.
მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, როგორიცაა გარდამავალი იშემიური შეტევა და ინსულტები, თავის ტვინის სხვადასხვა ტრავმები, სიმსივნური წარმონაქმნები.
წონასწორობის დარღვევა და არამდგრადობის შეგრძნება მოძრაობისას იჩენს თავს და მოსვენებისას ქრება. ხანდაზმულებში წონასწორობის დარღვევის ძირითადი მიზეზი არის მრავლობითი მგრძნობელობითი დეფიციტი – მხედველობის გაუარესება და კიდურთა ნერვების დაზიანება.
პრესინკოპეს დროს პაციენტს აქვს გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება, ზოგჯერ ახლავს გულისრევა, ფერის დაკარგვა. ასეთი თავბრუსხვევის ძირითადი მიზეზია არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება. ასეთ დროს თავბრუსხვევა შესაძლოა განვითარდეს სწრაფად წამოდგომისას. ის შესაძლოა გულის რომელიმე პათოლოგიამ, მაგალითად არითმიამ გამოიწვიოს.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თავბრუსხვევის ეპიზოდი შეიძლება გაგრძელდეს წამები ან დღეები, ეპიზოდი შეიძლება რაღაც დროის შემდეგ განმეორდეს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, როცა განიცდით განმეორებად, მოულოდნელ, მძიმე ან გახანგრძლივებულ თავბრუსხვევას.
გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თავბრუსხვევას თან ახლავს განსხვავებული, ან მძიმე თავის ტკივილი; კისრის კუნთების გაშეშება/დაჭიმულობა, ბუნდოვანი მხედველობა, სმენის უეცარი დაკარგვა, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ან დაბუჟება ხელებსა და ფეხებში, ცნობიერების დაკარგვა, დაცემა ან სიარულის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სწრაფი ან ნელი გულისცემა (პულსი), ასევე ექიმს უნდა მიმართოთ თუ თავბრუსხვევას წინ უსწრებდა თავის სერიოზული დაზიანება.
ხშირ შემთხვევაში თავბრუსხვევა უფრო ხშირია ქალებში, ამას განაპირობებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გარემო ფაქტორები, მათ შორის მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ქალებში.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს.
თავდაცვის დეპარტამენტის საიტზე საუბრის შესახებ გამოქვეყნებულია მოკლე ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა შოიგუსთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირობებში კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობას.
ბოლო საუბარი ლოიდსა და შოიგუს შორის 13 მაისს შედგა.
დღევანდელი სატელეფონო საუბრის დეტალებზე არც კრემლის მედია წერს. თავის მოკლე კომენტარში პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი არ იგეგმება.
უკრაინული მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინმა დღესვე, შოიგუს შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი როზნიკოვს დაურეკა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა.
„ოსტინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ იცვლება. ამას ადასტურებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დახმარების ვალდებულება, რომელიც მოკავშირეებმა და პარტნიორებმა აიღეს“, – უთხრეს მედიას უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.
„ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლის მოსწავლე გოგონას სთხოვეს დახმარებოდა მათი ერთ-ერთი მეგობრისთვის ყვავილების გადაცემაში და ამისთვის მანქანით გაყოლა შესთავაზეს.
დამრიგებლებო, გააფრთხილეთ მშობლები და განსაკუთრებით გოგონები, რომ არავის ენდონ და მანქანაში არ ჩაუსხდნენ უცნობ პირებს“, – ეს შეტყობინება ბათუმის ერთ-ერთი სკოლის ჩატიდან ყველა მშობელმა მიიღო.
საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გავრცელდა მსგავსი შინაარსის ხმოვანი თუ წერილობითი შეტყობინებები, უცნობი პირების შესახებ. ამის თაობაზე წერენ სოციალურ ქსელშიც, რომ თითქოს უცნობი პირები სკოლებთან ახლოს გოგონებს ავტომანქანით სახლში წაყვანას სთავაზობენ.
მსგავსი ინფორმაცია ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფში გააზიარეს და ერთგვარი პანიკა შეიქმნა.
გუშინ, 20 ოქტომბერს, ფეისბუქში ერთ-ერთმა პირმა ასევე დაწერა, რომ ფოთის ერთ-ერთ სკოლასთან იყო შემთხვევა, როცა უცნობმა პირებმა სკოლასთან ახლოს, არასრულწლოვანი გოგონების გატაცება სცადეს, თუმცა მათ ხელი ავტობუსის მძღოლმა შეუშალა, შემდეგ კი პოლიციაც გამოიძახეს.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ჰქონდა თუ არა რეალური საფუძველი ამ შიშებს.
როგორც შს სამინისტროში გვითხრეს, ფოთის რომელიმე სკოლიდან მსგავსი შემთხვევის გამო გამოძახება არ ჰქონიათ. ჯერჯერობით, არც სხვა ქალაქებში დაფიქსირებულა ოფიციალურად რაიმე.
ერთადერთი შემთხვევა, რასაც შსს ოფიციალურად ადასტურებს, ქუთაისში იყო, როცა 20 ოქტომბერს პედოფილიის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება ბრალი, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავებიან.
თუმცა შს სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ბოლო პერიოდში სკოლებში გავრცელებულ ინფორმაციებს არ უკავშირებს.
როგორ ხდება მოსწავლეების ინფორმირება მსგავს საკითხებზე, დანაშაულის პრევენციის რა გამოცდილება აქვთ ქართულ სკოლებს და იციან თუ არა რეალურად ბავშვებმა და მოზარდებმა როგორ უნდა იმოქმედონ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში?
თბილისის 55-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და დამრიგებელი, ნუგზარ სადიკოვი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლებთან უცნობი პირების გამოჩენაზე მასაც უთხრეს და სოციალურ ქსელშიც არაერთი ინფორმაცია წაიკითხა.
ნუგზარ სადიკოვი, მასწავლებელი
„რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამ მოიცვა სკოლა და სოციალური ქსელიც. ბუნებრივია, მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ნდობის ფაქტორი უცნობ ადამიანთან და რა შემთხვევაში არა.
ყველა ინფორმაცია, რასაც ვიღებთ, ძალიან კარგად უნდა გადამოწმდეს და ამაში ჩართული უნდა იყვნენ როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები და დამრიგებლები“, – გვითხრა მან.
რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, ნუგზარ სადიკოვის თქმით, „სამოქალაქო განათლების“ ფარგლებში ამ ტიპის საფრთხეებზე მაშინ ესაუბრებიან ბავშვებს, როცა ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ საკითხებს გადიან.
„ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბუნებრივია, ამ დროს ვასწავლით მოზარდებს, რატომ არ უნდა ვენდოთ უცნობ პირებს, რა შემთხვევაში შეიძლება ვენდოთ, რა წყაროებს უნდა ვენდოთ, როცა რაიმე ინფორმაციის, ამბის გადამოწმება გვინდა.
ეს არის დანაშაულის პრევენციის საშუალება, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ კრიტიკულ სიტუაციაში ან მანამდე როგორ მოიქცნენ, სად და ვისთან გადაამოწმონ ინფორმაცია, რომ არც ახლობლის ან მეგობრის რჩევებსაც კი არ უნდა ენდონ ბრმად და ასე შემდეგ“, – გვითხრა ნუგზარ სადიკოვმა.
რას ნიშნავს არ ენდოთ ბრმად? – პედაგოგის თქმით, აქ საუბარია ნებისმიერ საეჭვო, უცხო პირთან ურთიერთობაზე, იქნება ეს კაცი თუ ქალი.
„თუნდაც იგივე შემთხვევა, რაზეც ახლა საუბრობენ სოციალურ მედიაში, რომ შესაძლოა უცნობმა პირმა სცადოს მასთან გამოლაპარაკება დედის, მამის ან რომელიმე ნაცნობის სახელით და ასე სცადოს მისი ნდობის მოპოვება.
შესაძლოა უთხრას ბავშვს, რომ „დედა ვეღარ გაკითხავს და მე გამომაგზავნა“, ან იყოს სხვა შეთავაზება, ამიტომ ჩვენ ამის შესახებ ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას და ვასწავლით გადამოწმების გზებსაც.
არის თუ არა ბავშვი უსაფრთხო გარემოში, როგორ მოწმდება, თუკი ბავშვი, ვთქვათ, აცდენს გაკვეთილს, მაგრამ მშობელს ეუბნება, რომ კარგად არის, ამ დროს კი შესაძლოა ის მისთვის დამაზიანებელ გარემოში იმყოფებოდეს? – ნუგზარ სადიკოვის თქმით, ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სრულად დარწმუნდეს მისი შვილის უსაფრთხოებაში.
„ეს უკვე მშობლის უშუალო ვალდებულებაა, მაქსიმალურად გადაამოწმოს თავისი შვილი, სანამ არ დარწმუნდება, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.
როცა ბავშვი სკოლაში არ მოდის, ჩვენ მაშინვე ვუკავშირდებით მშობელს. თუ მშობლისგან არ არის რეაგირება შეტყობინებაზე, არ გამოდის ის კავშირზე, ამის შემდეგ ერთვება მანდატური, რომელიც ადეკვატურ ზომებს იღებს.
სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს, მარტო ერთი მხარე ვერაფერს შეძლებს“, – გვეუბნება ნუგზარ სადიკოვი.
ზეინაბ შავაძე
ზეინაბ შავაძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და უსაფრთხოების თემაზე საუბარი მასაც სამოქალაქო განათლების ფარგლებში უწევს ბავშვებთან. კერძოდ კი „მე და საზოგადოება“ მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ძალადობა და სხვა გარე საფრთხეების პრევენცია.
მასწავლებლის თქმით, დაბალი საფეხურის ბავშვების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო ადვილია საფრთხის აცილება, რადგან სასწავლო წლის დასაწყისშივე დგება შეთანხმება მშობლებთან ბავშვის გაყვანის ან სკოლაში შემოყვანის პირობებზე.
„იქნება ეს სკოლის შინაგანაწესი, უსაფრთხოების წესები, საორგანიზაციო საკითხები, ბავშვების სკოლაში მოყვანა და გაყვანა, ყველა ამ დეტალს ვაზუსტებთ მშობლებთან.
ვთანხმდებით იმაზეც, ვინ მოაკითხავს გაკვეთილების შემდეგ ბავშვს, თუ ნათესავი იქნება, უნდა დაზუსტდეს, რომელი ნათესავი და ასე შემდეგ. ჩვენ, ფაქტობრივად, ხელიდან ხელში ვაწვდით ბავშვებს მშობლებს“, – ამბობს ზეინაბ შავაძე.
მისი თქმით, გარდა მასწავლებლის, დამრიგებლის პირადი ინიციატივისა, უსაფრთხოების საკითხებზე საუბარს სკოლას კანონიც ავალდებულებს, სადაც გაწერილია, თუ რა საფრთხის შემთხვევაში ვინ როგორ იქცევა სკოლაში. იქნება ეს მიწისძვრა, ხანძარი თუ სხვა საფრთხეები.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, რეაგირება გვქონდეს ყველაფერზე, იქნება ეს ბავშვის ჯანმრთელობის დამაზიანებელი შემთხვევები, რაიმე აკრძალული ნივთის, სითხის ქონა თუ სხვა, ყველაფრის შესახებ უნდა ვაცნობოთ მშობელს“, – გვითხრა ზეინაბმა.
რაც შეეხება უცნობ პირებთან ურთიერთობას, ზეინაბ შავაძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები ეუბნებიან, რომ სოციალურ ქსელში „ვიღაც უცნობი კაცი მწერს“.
„მე მაშინვე ვაყენებ მშობელს საქმის კურსში, როგორც კი ბავშვი ასეთ რამეს მეუბნება. ფსიქოლოგსაც ვეუბნები, რომ ამით დანაშაულის ერთგვარი პრევენცია მოვახდინო.
კარგია, რომ ამის შესახებ ბავშვები მიზიარებენ ინფორმაციას, მენდობიან, რადგან სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დროულად ვიმოქმედოთ. ამიტომ არის ბავშვსა და მასწავლებელს შორის ნდობის არსებობა მნიშვნელოვანი“, – ამბობს ზეინაბ შავაძე.
მისი აზრით, ბავშვებს ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა უჭერდნენ მხარს მშობლები და სკოლა, რომ ბავშვებმა შესაძლო საფრთხეებზე საუბარი არ შეწყვიტონ.
„როცა ჩემთანაც მოაღწია ამ ტიპის ინფორმაციამ, რომ ვიღაც პირები დგანან სკოლებთან, ბუნებრივია, ვუთხარი ბავშვებს და მშობლებს, რომ ფრთხილად იყვნენ. თუმცა ოფიციალურად რაიმე ფაქტის დადასტურებაზე არ მსმენია.
ბავშვებთან ასეთი საკითხების გააზრებაში ძალიან მეხმარება „იუნისეფისა“ და ევროკავშირის მიერ მომზადებული ანიმაციები, რომლებიც სპეციალურად პატარა ასაკის ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად არის მომზადებული და ამას ძალიან ხშირად ვიყენებ“, – ამბობს ზეინაბი.
მისი თქმით, ანიმაციები სიტუაციების მიხედვით არის შექმნილი, ამიტომ ფიქრობს, რომ ისინი ბავშვებს კარგად ამახსოვრდებათ და რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ.
„ვასწავლი, რომ პირადი ინფორმაცია არ უნდა გაუზიარონ სოციალურ ქსელებში უცნობ პირებს, არ გამოელაპარაკონ და საფრთხის შეგრძნების შემთხვევაში, აუცილებლად დაელაპარაკონ უფროსებს“.
პედაგოგების აზრით, რადგან საქართველოდან მზარდი მიგრაციის ფონზე ბევრი ბავშვი და მოზარდი ხშირად მშობლის უშუალო მეთვალყურეობის გარეშე რჩება, სკოლას უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება, რომ ბავშვები და მოზარდები შესაძლო საფრთხეების შესახებ გააფრთხილონ და დაიცვან.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსეი ჩეპა აცხადებს, რომ რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურს ქალებიც უნდა გადიოდნენ. პარტიის „სამართლიანი რუსეთი – პატრიოტების“ წევრის კომენტარს კრემლისტური მედია ავრცელებს.
„მე გთავაზობთ დავიწყოთ როგორც ისრაელშია. ყველა ქალს შეეხოს,“ – ამბობს ჩეპა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის, ვლადიმირ ჯაბაროვის ინიციატივას, ერთწლიანი სამხედრო სამსახური ორწლიანი გახდეს და დასძინა, რომ ეს ვალდებულება, დროა ქალებზეც გავრცელდეს.
მისი თქმით, ერთწლიანი სამსახური სამხედრო საქმის შესასწავლად საკმარისი არაა.
ორწლიანი სამხედრო სამსახურის მომხრეების აზრით, ეს ცვლილება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედროების რაოდენობასაც გაზრდის და მათი მომზადების ხარისხსაც.
დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის თქმით კი, აუცილებელია, საბაზისო სამხედრო მომზადების კურსები რუსეთის სკოლებშიც დაიწყოს.
დღეს, 21 ოქტომბერს, ქედაში, სოფელ ბზუბზუში, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ქვის ლოდი მოწყდა და მიხეილ ღოღობერიძის საცხოვრებელ სახლს დაეცა. სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ბათუმელებს“ ქედის მერიაში უთხრეს, მეწყერი საცხოვრებელ სახლთან განვითარდა.
„ადგილზე მივიდა გეოლოგიური სამსახური და შეისწავლა მდგომარეობა. გეოლოგიური დასკვნის შემდეგ, დაისახება პრობლემის მოგვარების გზები,“- გვითხრეს ქედის მერიაში.
მანამდე კი, როგორც მერიაში ამბობენ, დაზარალებულ ოჯახს ქირით, სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანენ საცხოვრებლად.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკძალება 24, 25 და 26 ოქტომბრის ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე. ამ პერიოდში ტრანსპორტი გვირაბის შემოსავლელი გზით იმოძრავებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე და 26 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობენ, უნდა დაიწყოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ილონ მასკის ბიზნესის შემოწმება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან შესაბამისობაში, მათ შორის საუბარია „ტვიტერთან“ და SpaceX-ის სტარლინკის სატელიტურ ქსელთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე – წერს Bloomberg-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთებას მასკის ბოლოდროინდელი საქციელი იწვევს – მუქარა, რომ ის უკრაინას სატელიტურ სერვისს შეუწყვეტდა და რუსეთისადმი მეგობრული პოსტები.
SpaceX-ის, ასევე უცხოელ ინვესტორებთან „ტვიტერთან“ დაკავშირებული მომავალი გარიგების შემოწმების ინიცირება შეუძლია აშშ-ის უცხოური ინვესტიციების უწყებათაშორის კომიტეტს, რომელსაც უფლება აქვს უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს გადახედოს. კომიტეტში 16 სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლები შედიან, მათ შორის ძალოვნები.
უკრაინის სატელიტური ინტერნეტსერვისით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მასკმა რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში მიიღო, თუმცა უკრაინასა და ილონ მასკს შორის ურთიერთობები ოქტომბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა „სამშვიდობო გეგმა“, რომლის თანახმადაც, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ყირიმი რუსეთს უნდა გადასცემოდა და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი რეფერენდუმით უნდა გადამწყდარიყო.
უკრაინისა და უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების უკმაყოფილების მორიგი ტალღა ილონ მასკის შემდეგმა პოსტებმაც გამოიწვია იმის შესახებ, რომ მას უკრაინაში სტარლინკის დაფინანსება აღარ შეუძლია. მასკის განცხადებით, კომპანიას უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის 100 მილიონს გადააჭარბებს.
CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, სექტემბერში მასკმა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის უკრაინისთვის სტარლინკის დაფინანსებას ხელისუფლებას სთხოვდა.
საბოლოოდ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ სტარლინკის სატელიტური ინტერნეტით უკრაინის მხარდაჭერას უფასოდ გააგრძელებს.
„ჯანდაბას… მიუხედავად იმისა, რომ სტარლინკი ფულს კარგავს და სხვა კომპანიები მილიარდობით იღებენ გადასახადების გადამხდელების ფულს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას უფასოდ“, – დაწერა მასკმა ტვიტერზე.
რამდენიმე გამომძიებლის ჩვენება მოისმინა დღეს, 21 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ოზთურქის საქმეზე“.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება.
სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
არსებითი განხილვა ამ საქმეზე გრძელდება. ოზთურქი სასამართლოს სხდომას ისევ არ დასწრებია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
„დაადგინეთ, ვინ არიან ოზთურქის ნათესავები, ვინ სტუმრობდა გალიფ ოზთურქს?“ – ჰკითხა გამომძიებელ გურამ სალუქვაძეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
„დავათვალიერეთ ადამიანების გადაადგილება, ვის იღებდა და აცილებდა…“ – თქვა მოწმემ.
გამომძიებელმა, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს, კორპუსის პირველ სართულზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები შეისწავლა.
„იქ ჩანდა, რომ სხვადასხვა პირი მოძრაობს, პატარა ბავშვებიც გამოჰყავთ ძიძებს…“- აღნიშნა გამომძიებელმა, თუმცა მან ვერ დააზუსტა, კონკრეტული დროის მონაკვეთში ვინ ესტუმრა ოზთურქს, როცა გამოძიების ვერსიით, ოზთურქის ბინაში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.
„ვერაფერს ადასტურებთ და ვერც უარყოფთ, ასე გამოდის“, – დასძინა ადვოკატმა, მას გამომძიებელიც აღარ შეედავა.
კიდევ ერთმა მოწმემ, გამომძიებელმა გიორგი უტიაშვილმა, კი თქვა, რომ ოზთურქის მიმართ ქიმიური ექსპერტიზების დანიშვნაში მონაწილეობდა.
„ჩვენ ამ მოწმისგან ვერ გავიგეთ, გენეტიკური ექსპერტიზა რატომ ჩატარდა, მაგალითად, კოკაინის შეფუთვაზე და არა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შეფუთვაზე, როცა ბრალი ოზთურქს ამ მედიკამენტებზეც აქვს წარდგენილი“, – თქვა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.
————————–
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.