ხვალ, 6 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია – „არა გენოციდს!“
ბათუმის გარდა სოლიდარობის აქცია დაგეგმილია თბილისში, ქუთაისსა და ანაკლიაში.
თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართება უკრაინის საელჩოსთან, ქუთაისში – წითელ ხიდთან, ანაკლიაში კი – ანაკლიის ხიდთან.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ დაკავებული ქალაქები – ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს დამპყრობლისგან.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნულ ქალაქებში რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეები წამებით მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ბუჩასთან დაკავშირებით.
ვანო ნადირაძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის. ის „ბათუმელებს“ უყვება იმ სისასტიკეზე, რაც რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში და სხვა ქალაქებში ნახა.
ბატონო ვანო, რა ნახეთ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში იმაზე მეტი, რაც არ ჩანს ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მედიაში ვრცელდება?
პირველი კადრი – დახვრეტილი ველოსიპედიანი კაცი თავის ძაღლთან ერთად, პირველად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ვნახეთ, როცა ბუჩაში შევედით, სოფელ პერემოგაში. ძალიან ბევრი რუსი ვნახეთ ჩამარხული. ორმო ამოთხარეს და ჩაყარეს. საკუთარი მკვდრებიც კი არ გაიყვანეს.
ბუჩა, უკრაინა
ახალგაზრდების ცხედრებიც ვნახეთ გზაზე, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ. შემდეგ კი, როცა სარდაფებში შევედით, ბევრი დახვრეტილი ადამიანი ვნახეთ. ერთ-ერთ სამარხში მთელი ოჯახი – ორი ბავშვი და დედ-მამა. ანალოგიური სურათი ვნახეთ კიდევ ერთ სარდაფში, სადაც ასევე ორი ბავშვი და მშობლები იყვნენ ჯერ დაეხვრიტათ, შემდეგ კი დაეწვათ.
გოსტომელთან ცხრა ქალი ვნახეთ გაუპატიურებული და შემდეგ ჩამომხრჩვალი. ორი ძალიან ახალგაზრდა იყო. სკოლასავით შენობა იყო და იმის უკანა ეზოში ვიპოვეთ ეს ქალები. მე ასეთი სისასტიკე არსად მინახავს. მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი, გერმანელ ფაშისტებზე რომ იღებდნენ და მეორედ ეს სისასტიკე ვნახე აქ, უკრაინაში.
იყო რაიმე ისეთი, რამაც თქვენს მოლოდინს გადააჭარბა, რასაც არ ელოდით, რომ ნახავდით?
მოლოდინს გადააჭარბა აი, ამ სისასტიკემ, რაც ვნახეთ. სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა.
მითხრეს, რომ აქვე პატარა ქალაქია, ბერდიანკა, სადაც უარესი მდგომარეობააო. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა შეიძლება დაგვხვდეს მარიუპოლში. ცხრაჯერ მეტი კატასტროფა იქნება.
რას ჰყვებიან ის ადამიანები, ვინც გადაურჩა ამ სისასტიკეს?
როცა ქალაქში შევედით, ვერსად ვხედავდით ცოცხალ ადამიანებს. შემდეგ, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ, ნელ-ნელა გამოვიდნენ სარდაფებიდან.
რუსები ყველას კლავდნენ, ვისაც ქუჩაში ხედავდნენ. ასევე იმ ადამიანებს, ვინც აქტივისტი იყო და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია.
წინასწარ იცოდნენ ამ ადამიანების შესახებ? ვინ აწვდიდა ინფორმაციას?
სოფელ პერემოგაში იყო, მაგალითად, ასეთი ადამიანი – „ტოლიკ ზეკი“. „ზეკ“ ნიშნავს პატიმარს. ანუ ვიღაც ყოფილი პატიმარი ტოლიკი, ეროვნებით რუსი. ასეთი, ეგრეთ წოდებული გამყიდველი ძალიან ბევრი ავიყვანეთ. მარტო ჩვენ ექვსი ასეთი გამყიდველი ავიყვანეთ, რომლებიც თვითონ მიუძღოდნენ ტანკებს და უთითებდნენ ვინ სად ცხოვრობდა და ვის რა ქონება ჰქონდა.
იცით კიდევ რისი თქმა მინდა? უკრაინელ ხალხს აქვს ერთი ძალიან დადებითი თვისება, თვითორგანიზება იციან. როცა იციან, რომ ვთქვათ, ახლა ამ სახლს უნდა შეუტიონ, გამოდიან და იმ სახლის წინ ბარიკადებს აგებენ. არავის ბრძანება არ სჭირდებათ, არავის მითითება. აი, ამან გადაარჩინა ის ხალხიც, ვინც გადარჩა.
უკრაინელებს სამოქალაქო თვითშეგნება აქვთ ძალიან მაღალი. არ სჭირდება მითითება, მაგალითად, ომის პერიოდში მტერს როგორ უნდა დახვდნენ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ძალიან გვაკლია.
გათავისუფლებულ ქალაქებში უკვე შემოვიდა „წითელი ჯვარი“, Human Right Watch-ი და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ამ ადამიანებს. ქალაქში პურის ქარხანაც ამუშავდა გუშინ და ნელ-ნელა დაიბრუნებს ეს ადგილი სიცოცხლეს.
ბუჩა, უკრაინა
დახოცილებს ალბათ ქალაქის დიდი ეკლესიის ეზოში ერთიან სასაფლაოში დაკრძალავენ და იქ იქნება ხსოვნის მემორიალიც.
ძალიან ლამაზი ქალაქები იყო ირპინი და ბუჩა, ნაძვნარში ჩაფლული კოპწია სახლებით. ახლა კი ყველაფერი გადამწვარია.
ძალიან ძნელია, როცა შენი თვალით უყურებ, როგორ იწვის ლამაზი სახლები ერთმანეთის მიყოლებით, როგორ ეცემა ხეები, ამდენი ადამიანი…
სად იყო ყველაზე რთული ბრძოლა?
ირპინის ბრძოლები იყო რთული, ასევე კოციუბინსკისთან, სადაც, ფაქტობრივად, გადაწყდა კიევის და მთლიანად ჩრდილოეთი მხარის ბედი, ბელარუსის საზღვრამდე. დღეს პოლტავამდე უკრაინა თავისუფალია და შეიძლება მშვიდობიანად გადაადგილდნენ ადამიანები.
გუშინ და გუშინწინ შედარებით მსუბუქი დღე გვქონდა, გაწმენდაზე ვიყავით მხოლოდ გასული, ცოტა ხნით ჩვენც გვჭირდება ფსიქოლოგიური დასვენება, რადგან წინ გველოდება დიდი ბრძოლები, სამხრეთით გადაგვისვრიან ახლა და იქ იქნება თუ იქნება ბრძოლა.
როგორც ვიცით, მარიუპოლი არის ალყაში, არსებობს ამ ალყის გარღვევის იმედი?
ერთადერთი, სახმელეთო შეტევებითაა შესაძლებელი ალყის გარღვევა, სხვა ვერაფრით. ბერდიანსკის მიმართულებით რადგან გვქონდა წარმატებები, ვფიქრობ, მარიუპოლთანაც წარმატებები გვექნება.
რუსებს უნდათ პოსტფაქტუმ შეინარჩუნონ დონეცკი და ლუგანსკი მაინც და ხერსონი, რომ ყირიმში გასავლელი სახმელეთო გზა ჰქონდეთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს მოახერხონ.
ზელენსკის ხომ არ შეხვედრილხართ ბუჩაში, ახლოს იცნობთ?
კი, როგორ არა. ზელენსკი როგორც კი აირჩიეს პრეზიდენტად, მეხუთე დღეს მიმიწვია ოფისში, ძალიან უშუალო და მაგარი ადამიანია. ალბათ ისტორიაში შევა, როგორც პრეზიდენტი, რომელსაც უკან ერთი ნაბიჯით ვერ დაახევინეს.
ომამდე ზელენსკისაც ჰყავდა მოწინაამდეგეები, მაგრამ დღეს ყველანი ფეხზე დგანან. ის გამწარებული ქალებიც კი, რომლებსაც ბუჩაში შეხვდა ზელენსკი, თბილად და სიყვარულით შეხვდნენ.
არავინ საყვედურობს იმის გამო, რომ „ომი ვერ აიცილა?“
რა თქმა უნდა, არა.
სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, როცა არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი იყო? არ მესმის. თუ ხარ საღად მოაზროვნე ადამიანი, თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხარ, აი, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ვხედავთ, როგორ შეიძლება დაადანაშაულო უკრაინა.
შიშიო, რომ ამბობენ, რა შიშზეა აქ საუბარი, თუ მეომარი გქვია, თუ ჯარისკაცად გთვლიან, თუ შენი ქვეყანა გიყვარს. აუცილებელი არაა ყველას ავტომატი ეჭიროს ხელში, ხომ შეიძლება სხვა საქმე გააკეთო. თუ არადა, ამ შიშში ჩავკვდებით და ჩავლპებით და დავრჩებით პატარა გუბერნიად, ეს იქნება, მეტი არაფერი.
როცა რუსები უკრაინაში შემოიჭრნენ და ეგონათ, რომ მოიკიდეს ფეხი, იგივე ირპინში, ბუჩაში და სხვაგან, დაიწყეს ადამიანების ხოცვა-ჟლეტა. აი, აქამდე არ უნდა მიუშვა მტერი, რადგან როცა მისი ჰგონია ყველაფერი, მერე იწყება სისასტიკე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლოიალობით ეს არ მოხდება, ძალიან ცდება.
ღარიბაშვილის განცხადებები ავიღოთ, საშინელებაა. იცით, რა მიკვირს, განა რა ძილის წამალი დაალევინეს ჩვენს მოსახლეობას, რომ ასეთი დაბეჩავებულია ქვეყანა. მარტო მათ არ გავამტყუნებ, ოპოზიციასაც მიუძღვის წილი ერის მიძინებაში.
რამდენად რთული იქნება იმ ყველაფრის დავიწყება, რაც უკრაინაში გამოიარეთ და ნახეთ?
მე ქართველი მეომარი ვარ და ძალიან მინდა დავსაჯო რუსეთი ამ სისასტიკისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორია უკრაინელი მებრძოლის მდგომარეობა. უფრო მეტად გამძაფრდა იმის განცდა, რომ რუსული ფაზიშმი უნდა განადგურდეს.
რას საქმიანობდით ომამდე საქართველოში?
მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა, ფაქტობრივად, არაფერს. დავკარი ფეხი და წამოვედი უკრაინაში. ვარ ყოფილი „ალფას“ წევრი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, ვმუშაობდი დაზვერვის დეპარტამენტში. 2015 წლიდან კი უკრაინის სახალხო გმირის წოდებაც მაქვს.
„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით.
თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში სტუდიოს ტიპის ბინის ფასი სულ ცოტა 1500 – 2 000 ლარია.
წინა წლებში, ზღვის სეზონის დაწყებამდე, ადამიანები ამავე საიტზე ერთოთახიან, კეთილმოწყობილ ბინას ბათუმში 500 ლარადაც კი შოულობდნენ. ახლა იმავე – 500 ლარის მითითების დროს მხოლოდ რამდენიმე ბარაკული ტიპის საცხოვრებელს შემოგთავაზებთ საძიებო სისტემა, ისიც მხოლოდ ქალაქის გარეუბანში.
„ქირაობენ ძირითადად რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სხვა ეროვნების ხალხიც, მაგრამ ძირითადად, რუსები არიან,“ – გვიყვება ვაჟა ბერიძე. ისიც მაკლერია და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობს.
მაკლერები აღნიშნავენ, რომ წელს ზაფხულის სეზონის დადგომამდე თითქმის შეივსო ბინები და ნახევრად ირონიით დასძენენ „უმუშევარი ვრჩებით, მგონი“.
„იდება თუ არა საიტზე ბინა, ერთ საათში უკვე გაქირავებულია… ვისაც არ აქვს გაქირავებული, იმას პირობები აქვს რაღაც ისეთი, თორემ მაშინვე ქირავდება,“ – აღნიშნავს მედეა აბულაძე.
მაკლერების თქმით, ბინის გამქირავებლების ნაწილის კატეგორიული მოთხოვნაა, ბინა რუსეთის მოქალაქემ არ იქირაოს.
„დაახლოებით 20 პროცენტია ასეთი, ვინც ამას ამბობს. ეს, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან თუ საქართველოში უშვებ რუსეთის მოქალაქეს, საცხოვრებელიც უნდა შესთავაზო. აბა, სად წავიდეს?“ – კითხულობს მედეა აბულაძე.
„არის რამდენიმე ათეული ისეთი შემთხვევაც, როცა ადამიანებმა მოგვმართეს და გვითხრეს, რომ ბინა დააცლევინეს მდგმურს და უკრაინიდან დევნილებს უფასოდ დაუთმობენ,“ – გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტოში – „Discover Batumi Realtor“. სააგენტოში რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როცა თვეების წინ კონკრეტულ მესაკუთრეებს ბინა გააქირავებინეს, დღეს კი იგივე ბინები ისევ ქირავდება, რადგან მესაკუთრეს „ორმაგი შემოსავლის მიღების შანსი გაუჩნდა“.
„მაგალითად, ჩაიკოვსკის ქუჩაზე გაქირავდა ერთოთახიანი ბინა 4 თვის წინ 400 ლარად, ახლა იმავე ბინას მესაკუთრე 350 დოლარად აქირავებს. ბინა, რომელიც 350 დოლარად იყო გაქირავებული, ახლა 2 ათას ლარად ქირავდება და ასე შემდეგ,“ – გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტოში.
ამავე სააგენტოს „Discover Batumi Realtor“-ის ინფორმაციით, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ბინის შეძენის ფასი. „თუკი აქამდე, მაგალითად, პუშკინის ქუჩაზე 700 დოლარად იყიდებოდა გარემონტებული ბინა 1 კვადრატული მეტრი, ახლა იგივე ბინა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს,“ – გვითხრეს აქ.
სააგენტოს მონაცემებით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ბინების დაახლოებით 40 პროცენტი ჯერ კიდევ გასაქირავებელია.
მაკლერებმა გაგვიზიარეს კიდევ ერთი მიგნება – „აღარ აქვს მნიშვნელობა, სად არის ბინა – ზღვისპირას თუ ჭაობში.“
„მცირე სხვაობა არის, მაგრამ დიდი არა. სტუდიოს ტიპის ბინა, დაახლოებით 25 კვადრატი, თუკი 500 – 600 დოლარად ქირავდება ზღვისპირა ზოლში, მინიმუმ 400 დოლარი ღირს უკვე ჭაობში,“ – აღნიშნა მედეა აბულაძემ.
ვაჟა ბერიძის დაკვირვებით კი, ძირითადად სტუდიოს და ერთოთახიანი ბინები გაძვირდა, მრავალოთახიანი ბინები – არა.
„როგორც ჩანს, უკრაინელი იქნება ეს თუ რუსი, მაინც თავს იკავებენ ხელგაშლილობისგან და დიდი ოჯახიც რომ იყოს, ცდილობენ პატარა ბინა აიღონ. ძირითადად ერთწლიანი ხელშეკრულებები იდება,“ – გვითხრა ვაჟა ბერიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში რუსეთის 35 028 მოქალაქე შემოვიდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ევროპას მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ გაზზე. „ახალი ბუჩას“ თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა სანქციის დედასანქცია: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შეძენა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა – და მისი ომი – რამდენიმე თვეში შეჩერდება. თქვენი ქამრების შემოჭერა რამდენიმე თვით ღირს ათასობით გადარჩენილ სიცოცხლედ“, – წერს კულება ტვიტერის პირად გვერდზე.
კულებას მსგავსად რუსულ გაზზე უარის თქმაზე მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
„ევროპას, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია გაზის/ნავთობის დაკარგვის, უნდა იცოდეს: ბუჩა – თანამედროვე რუსეთის შესახებ სიმართლის მხოლოდ დასაწყისია. იქნება უკრაინის ასობით სხვა ქალაქი, სადაც მივიდა კანიბალური „რუსული სამყარო“. თუ არ გინდათ ხვალ დაიტანჯოთ „ბუჩას სინდრომით“, მოგვეცით დღეს მძიმე შეიარაღება“, – წერს პოდოლიაკი.
მიხაილო პოდოლიაკი აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც „6 წლის ბიჭი სახლის უკანა ეზოში დედის საფლავთან დგას. დედა შიმშილითა და სტრესით გარდაიცვალა“.
პოდოლიაკის თქმით, რუსულმა პროპაგანდამ „ევოლუცია განიცადა“: „რუსული პროპაგანდის ევოლუცია. ჯერ შემოვიდნენ უკრაინელების ნაცისტებისგან „გათავისუფლებისთვის“. ახლა ამბობენ, რომ უკრაინელთა უმეტესობა ნაცისტია და უნდა დაისაჯოს. მობილური კრემატორიუმები, მასობრივი საფლავები, ეთნიკური მკვლელობები ევროპის ცენტრში. ბოდიში, ბატონო ჩერჩილ, სამყარო ისევ ჩაფლავდა“.
6 წლის ბიჭი სახლის უკანა ეზოში დედის საფლავთან დგას; დედა შიმშილითა და სტრესით გარდაიცვალა. კიევის ოლქი. ფოტო – AP Photo
____
„ბუჩას ხოცვა-ჟლეტის“ შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციას ბრალს სდებს ომის დანაშაულში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
ხულოელმა 16 წლის გიორგი კოჩალიძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გიორგი 17 წლამდელთა შორის ჭიდაობს, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
ჩემპიონატი 2-3 აპრილს გაიმართა ხაშურში. გიორგი ჯამში 4 მეტოქეს შეხვდა.
ახალგაზრდა მოჭიდავე ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს, დაბა ხულოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. გიორგი ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს და სკოლის შემდეგ ყოველდღე ფეხით მიდის მეგობრებთან ერთად დარბაზში. მისი თქმით, ყოველდღე დაახლოებით 5 კილომეტრს გადის ფეხით სასპორტო დარბაზამდე და უკან, სახლში დასაბრუნებლად.
გიორგი საქართველოს ჩემპიონატისთვის 1 წელი ემზადებოდა. ის ამბობს, რომ ეს დრო არ იყო მარტივი და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ფიზიკური მომზადებისა და ემოციური ბალანსის შენარჩუნების სწავლისთვის. მისთვის ეს შეჯიბრი იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში ბოლოჯერ იასპარეზა.
გიორგი მიიჩნევს, რომ მოჭიდავისთვის ყველაზე რთული ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაა.
„ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვიასპარეზო. ჩემპიონატი ივლისშია და დიდი დრო არ მაქვს მოსამზადებლად, ამიტომ უკვე დავიწყე ვარჯიში. ჩემი მიზანია, ევროპის ჩემპიონატიდან მედლით დავბრუნდე,“ – გვითხრა გიორგიმ.
გიორგი კოჩალიძე. ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია/facebook
გიორგი გვიყვება, რომ პირველად ვარჯიში 2012 წელს დაიწყო თავისი ინიციატივით:
„ვიცოდი, რომ ხულოში ჭიდაობა განვითარებული იყო. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე, ჩემი თავი გამომეცადა“.
ვარჯიშის დაწყებიდან მოკლე დროში გიორგიმ მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრში გაიმარჯვა და მოტივაცია გაეზარდა. „იმედი მომეცა. საკუთარ თავში დავრწმუნდი, რომ ამ სპორტში წარმატების მიღწევა შემეძლო“, – გვიყვება გიორგი.
ახალგაზრდა ჩემპიონის თქმით, მისი ერთგული მხარდამჭერები მშობლები და მეგობრები არიან.
„ლერი აბულაძე ჩემთვის მაგალითია. ის ხულოელია და ზოგჯერ ამოდის, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და რჩევებს გვაძლევს,“ – ამბობს გიორგი.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა გიორგი უფრო დიდ დროს ჭიდაობას და ვარჯიშს უთმობს, ვიდრე მეცადინეობას, მაინც ცდილობს სკოლაში კარგად ისწავლოს და უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს. ჯერ არ იცის, რომელ პროფესიას აირჩევს. გვეუბნება, რომ გამორჩეულად გეოგრაფია და ისტორია უყვარს.
გიორგი სკოლის დღეებში 5 საათიდან 8 საათამდე ვარჯიშობს, ხოლო შაბათს – დილიდან. მისი თქმით, ვარჯიში მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა და ყველაზე დიდ დროსაც სასპორტო დარბაზში ატარებს.
გიორგის მწვრთნელი ხულოს სასპორტო სკოლაში გრიგოლ შანთაძეა.
გრიგოლ შანთაძე ამბობს, რომ გიორგის გამარჯვების იმედი საქართველოს ჩემპიონატზე ნამდვილად ჰქონდა და ის აქამდეც შეძლებდა საქართველოს ჩემპიონობის მოპოვებას, საასპარეზო წონა რომ ჰქონოდა.
„ბოლო ეს ერთი წელი, რაც გიორგის საასპარეზო წონა აქვს, შეჯიბრისთვის განსაკუთრებული მზადება დავიწყეთ.
ხულოს სასპორტო სკოლაში კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს, მაგრამ ბავშვები ერთმანეთს ყოველდღე ეჭიდავებიან და კარგად იციან ერთმანეთის ჭიდაობის ტექნიკა. ჩემპიონატამდე თვე-ნახევარით ადრე ბათუმის სასპორტო სკოლაში გავგზავნეთ, სადაც მისთვის იქამდე უცხო მეტოქეებს შეხვდა და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მიიღო,“ – გვითხრა მან.
მწვრთნელის თქმით, ახლა მთელი ენერგია ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისკენ აქვთ მიმართული.
გიორგი კოჩალიძე დაჯილდოებაზე. ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია/facebook
საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კიდევ ერთმა ხულოელმა, თორნიკე სოლომონიძემ , 17 წლამდელთა შორის, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
„ჩემს წონაში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, 35 მონაწილე ვასპარეზობდით. ჯამში 4 შეხვედრა ვიჭიდავე და აქედან სამი მოვიგე”, – ამბობს თორნიკე.
იგი შეჯიბრებებში ისევ აპირებს მონაწილეობას და საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას გეგმავს.
CNN-ი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის უახლოეს შეფასებებზე წვდომის მქონე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პუტინი გეგმავს, 9 მაისს უკრაინაში რუსეთის გამარჯვების დღე გამოაცხადოს.
როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, თვეზე მეტია ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსულმა სახმელეთო ძალებმა ვერ მოახერხეს იმ ადგილებში კონტროლის შენარჩუნება, სადაც იბრძოდნენ. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წნეხის ქვეშაა აჩვენოს, რომ შეუძლია გამარჯვება. აღმოსავლეთ უკრაინა არის ადგილი, სადაც ამის გაკეთებას სავარაუდოდ ყველაზე სწრაფად მოახერხებს. სწორედ ამიტომ, რუსეთმა შეცვალა უკრაინაში ომის სტრატეგია, რათა ფოკუსირება მოახდინოს დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებზე კონტროლის დამყარებაზე.
„9 მაისი არის ცნობილი დღესასწაული რუსეთის კალენდარში. დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს ნაცისტებზე გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში. ამ დღეს იმართება უზარმაზარი სამხედრო აღლუმი კრემლის წინ, წითელ მოედანზე. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პუტინს სურს აღნიშნოს გამარჯვება – ნებისმიერნაირი – თავის ომში, სწორედ ამ დღეს“, – წერს CNN-ი და იქვე აღნიშნავს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეს აღნიშვნა შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს ნამდვილ გამარჯვებას.
„პუტინს 9 მაისს გამარჯვების აღლუმი ექნება სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსის მიუხედავად. მეორე მხრივ, გამარჯვების აღლუმი, რომელი სამხედრო ტექნიკით და ჯარისკაცებით?“ – უთხრა ევროპული თავდაცვის ოფიციალურმა პირმა CNN-ს.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვადები, რომლებიც მოსკოვმა შეიძლება რიტორიკულად დააწესოს, არ ცვლის რეალობას იმ გაგებით, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ემზადება უკრაინაში გაფართოებული კონფლიქტის პერსპექტივისთვის.
CNN-ის ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ პუტინი ემზადება „ჩეჩნური სტილის ხანგრძლივი, გაჭიანურებული ომისთვის, რადგან მას, გარკვეულწილად, სხვა არსად აქვს წასასვლელი“.
ოფიციალური პირების თქმით, მაისის ვადის უკან რამდენიმე მიზეზი დგას. ზამთრის ყინვა მთავრდება და მიწა დარბილდება, შესაბამისად, რუსეთის მძიმე სახმელეთო ქვედანაყოფებს მანევრირება გაუჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძალებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაც შეიძლება მალე შევიდნენ უსაფრთხო ადგილზე, – აფასებს აშშ-ს დაზვერვა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთმა მიზნები შეცვალა უკრაინაში და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება. ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთი შეტევას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გააძლიერებს.
„რუსეთი გადაანაწილებს თავის ძალებს, რათა შეტევა გააძლიეროს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთის ზოგ რაიონში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 4 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
სალივანის თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ათიათასობით ჯარისკაცის გადაყვანას და დამატებითი ბატალიონის, ტაქტიკური ჯგუფების განლაგებას გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.
უკრაინაში რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებულ ომში დაახლოებით 200 ათასი რუსი ჯარისკაცია ჩართული.
ამავე განცხადების მიხედვით, რუსეთი ძალების მობილიზებას შეეცდება დონბასის უფრო დიდი ტერიტორიების მისატაცებლად, რომ შენიღბოს მიმდინარე ომში საკუთარი სამხედრო წარუმატებლობები.
გარდა ამისა, სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები გააგრძელებენ ნიკოლაევის ბლოკადას და თავდასხმებს ხარკოვზე.
„რუსეთი შეეცადა დაემორჩილებინა მთელი უკრაინა, თუმცა მარცხი განიცადა. ახლა ის შეეცდება ქვეყნის ნაწილი მაინც დაიმორჩილოს“, – დასძინა ბაიდენის მრჩეველმა და აღნიშნა ისიც, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა გაგრძელდეს „რამდენიმე თვე ან უფრო მეტხანს“.
სალივანმა ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ შტატები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასა და კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.
ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სალივანის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უნდა ველოდოთ. სანქციების ეს ეტაპი სავარაუდოდ რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიას შეეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 5 აპრილიდან მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა.
„განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციას დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას.“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაციასთან ერთად, AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებაც სავალდებულო გახდა.
AM კატეგორიის მართვის უფლების მოპოვება შესაძლებელია 16 წლიდან.
ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში ვერ დაჯდა.
ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ძლიერი ქარია და ბორტი ტრაპიზონში გაფრინდა.
თვითმფრინავმა ბათუმის აეროპორტში დაშვება სამჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ და სამივეჯერ ქალაქის თავზე გადაიფრინა.
სამჯერ მცდელობის მიუხედავად, ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და ტრაპიზონში გაფრინდა / თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია / 5.04.2022თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორია ბათუმის ცაზე / 5.04.2022
განახლება: თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში დაჯდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გადაიცვალა 3 პაციენტი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 540, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, PCR ტესტით – 2 528. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 482 ადამიანი.
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
პერსონალი – დაახლოებით 18 500 ადამიანი
ტანკი – 676 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 1 858 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული
MLRS – 107 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
თვითმფრინავი – 150 ერთეული
ვერტმფრენი – 134 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 322 ერთეული
გემი/ნავი – 7 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 94
სპეციალური აღჭურვილობა – 25
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:
125 თვითმფრინავი
91 შვეულმფრენი
398 უპილოტო საფრენი აპარატი
1 969 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
226 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
852 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
1 873 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბუჩაში მომხდარს “ომის დანაშაულს” უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გასამართლებას ითხოვს.
“ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვნახეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია იმ დანაშაულების, რაც რუსეთის ჯარმა ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა.“ – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
26 წლის ნიკა წულუკიძე სტუდენტია, ხულოს სოფელ დიდაჭარიდან. მას ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს.
ნიკა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დღემდე სწავლობს როგორ მოუაროს ვარდს, ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს და აანალიზებს, თუ რისი გაკეთებაა უმჯობესი და რა ფორმით. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ახლა იცის ვარდის შესახებ, სწორედ ამ მეთოდით ისწავლა.
სანამ ვარდების მოშენებას დაიწყებდა, ნიკამ საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ის სტუდენტია, ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. მანამდე კი მან ბსუ-ში ტურიზმის მენეჯმენტი ისწავლა. თუმცა ნიკა ამას არ დასჯერდა, ჩააბარა ბაკალავრიატში ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ იძულებული გახდა სტატუსი შეეჩერებინა, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.
მისი თქმით, როცა უნივერსიტეტში პირველად ჩააბარა, გადაწყვეტილი ჰქონდა ცოდნის შეძენის შემდეგ სოფელში დაბრუნებულიყო და სამეურნეო საქმე წამოეწყო. ასეც მოიქცა.
სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად ნიკამ შეძლო და სათბური გააკეთა სოფელში, ის ახლა ფერმერია.
ნიკა გვიყვება, რომ სოფელ დიდაჭარაში, სახლთან ახლოს, არ ჰქონდა ადგილი, სადაც სათბურის გაკეთებას შეძლებდა, ამიტომ სახლის მიმდებარედ, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, ტრაქტორს მოასწორებინა მიწა სათბურისთვის და 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა.
„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ჩვენს შრომაზეც იყო ალბათ დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური“,- იხსენებს ნიკა.
ნიკა წულუკიძის სათბური დიდაჭარაში
პირველ ეტაპზე ნიკამ ოჯახის წევრებთან ერთად სათბურში კიტრისა და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. იხსენებს, რომ დიდი შრომის მიუხედავად, ისეთი მოსავალი ვერ აიღეს, როგორსაც ელოდნენ. „ამ პერიოდს პანდემია დაემთხვა და რაც მივიღეთ მოსავალი, ადგილობრივ მოსახლეობაში დავარიგეთ, 1 კილოგრამიც კი არ გაგვიყიდია“.
მცირე მარცხმა ნიკა ვერ გააჩერა. მას და მის მეუღლეს, ჯულის, ერთი წელი დასჭირდათ შესასწავლად, თუ რისი მოყვანა იქნებოდა შემოსავლიანი ხულოში. ბოლოს ვარდის მოშენება გადაწყვიტეს. იცოდნენ, რომ მთავარი ისეთი ჯიშის შერჩევა იყო, რომელიც ცივ კლიმატს გაუძლებდა, ხულოს უხვნალექიანობის გათვალისწინებით.
„ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.
მე და ჯული ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ბევრგან მოვიკითხეთ, ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ვერ უძლებდა სიცივეს, ამიტომ ვარდის სხვა სახეობებსაც გავეცანით და ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს და ერთი ძირი 10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა,“ – ამბობს ნიკა წულუკიძე.
ნიკამ სოციალური ქსელით იპოვა ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები და საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი ჩამოიტანა ხულოში. ნიკას თქმით, დღეს ვისაც ის ეყრდნობა და ეკითხება რჩევებს, თუ როგორ მოუაროს ვარდს, ეს ადამიანი და მისი მეგობარი აგრონომია.
ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა ჰქონდათ, რომ სათბურში დარგულ ვარდებს სამი ეტაპი გაევლოთ – გახარება, გაზრდა და ყვავილობის პროცესი.
„დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. კარგი მაჩვენებელი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.
დიდთოვლიანი ზამთრის გამო 20 დღით დაგვიგვიანდა ვარდის მოსავლის აღება“, – ამბობს ნიკა. მისი თქმით, ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
ნიკა გვიყვება, რომ თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ დააყენეს გამწოვი და ახლა აყენებს წვეთოვანს. ასევე, გეგმავს განათების დამონტაჟებასაც.
სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც.
ნიკა გვეუბნება, რომ მას და ჯულის ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. ნიკა ვარდებს უვლის, ხოლო ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. ცოლ-ქმარს ორი შვილი, ტყუპი გოგონა ჰყავს.
ნიკა ვარდებს უვლის
„ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. პროცესში მივხვდით, რომ 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.
მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც უნდათ, რომ მსგავსი, ვარდების ბიზნესი დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.
ნიკას სამომავლო გეგმაა ყვავილების საკუთარი მაღაზიის გახსნა. მისი შეფასებით, ვარდებს გაცილებით ძვირად ყიდიან მაღაზიებში და მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება. ნიკა სამომავლოდ ბრენდირებაზეც ფიქრობს.
„ბაზარი გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი.
ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე, ხოლო თუ წყალი გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს.
ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას ვაბარებთ. მათი თქმით, რამდენი ვარდიც გვექნება, იმდენის გასაღება შეუძლიათ. ბაზარზე ვარდის მუდმივი მოთხოვნა ამ საქმის კეთების მოტივაციას გვაძლევს.
შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით ვგზავნით ბათუმში და იქიდან უკვე მაღაზიებს თვითონ მიაქვთ ადგილზე. ხანდახან, თუ დრო მაქვს, მე მიმაქვს,“ – ამბობს ნიკა.
სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. ნიკას თქმით, სეზონურად კიდევ ორ ადამიანს დაასაქმებს.
ნიკა წულიკიძის შეფასებით, ყველაზე მეტად რაც სჭირდებათ, მუნიციპალიტეტში ისეთი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, სადაც უფრო მეტის სწავლას შეძლებდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოუარონ ვარდს და გაართვან თავი მცირე ბიზნესს.
„ჩემი აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი იმის შესახებ, თუ როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ“, – ამბობს ნიკა.
მისი თქმით, თუ მის სოფელში იქნება 3-4 ისეთივე სათბური, როგორიც მას აქვს, ეს 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმების შესაძლებლობა იქნებოდა.
ნიკა იმასაც აღნიშნავს, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, თუმცა, მისივე თქმით, ხულოს ცენტრისგან მოშორებით სოფლებში ინფორმაცია ისე არ მიდის, რომ მოსახლეობის ინტერესი გამოიწვიოს.
ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. იგი ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.
„ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. კომპანია საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს.
მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს კარგავს, იზღუდება ჰაერის მოძრაობაც:
„ადრე ამბობდნენ, რომ ეს გამაერთიანებელი შენობა დაბალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი სიმაღლის სართულებს აშენებენ, მაგათი ორი სართული ჩვენს ოთხ სართულს უდრის“, – გვითხრა მშენებარე პროექტის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებმა.
მსგავსი პროექტის ნებართვის გაუქმება გასულ კვირას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მოითხოვა. მან როგორც ბათუმის მერს, ასევე აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრს დაავალა, გაუქმდეს როგორც მშენებლობის ნებართვა, ასევე შესაბამისი საინვესტიციო ხელშეკრულება.
„ეს უნდათ აქ? – და ამდენ ხალხს უნდა მიაშენონ წინ. არ გვაინტერესებს ვინ არის, დავასრულებთ ამათზე წარმოებას და არ აშენდება!“ – ამ განცხადების შემდეგ კი თორნიკე რიჟვაძემ კმაყოფილი მოქალაქისგან მადლობა მიიღო.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც „ორბი“ მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა:
„ნებართვას ვადა აქვს გასული.“
ვადაგასული ნებართვით კომპანიას მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვს, მან ნებართვის განახლების მოთხოვნით მერიას უნდა მიმართოს.
რაც შეეხება საპროექტო პირობების დარღვევას, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ე.წ. ფრთების სიმაღლეები გაზრდილია, მაშინ კომპანიამ მშენებლობა პროექტთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, ან პროექტის შეცვლაზე მერიისგან უნდა მიიღოს თანხმობა. საინტერესოა ამჯერადაც იტყვის თუ არა თორნიკე რიჟვაძე იმავეს, რაც ერთხელ უკვე თქვა, ბათუმის შუალედური არჩევნების წინ.
„როცა საბავშვო ბაღები დაბომბეს, აღარ შემეძლო გაჩერება, უკრაინაში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მშობლებს ავუხსენი, რომ აქ საჭირო ვიყავი, უკრაინელ ხალხს უნდა დავხმარებოდი. გრძელი გზა გამოვიარე“, – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის თითქმის ერთი თვეა, უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონთან ერთად იბრძვის.
მას ტელეფონით დავუკავშირდით.
„როცა ვნახე, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა და არტილერიამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვთა ბაღების დაბომბვა დაიწყო, უკვე აღარ შემეძლო გაჩერება. გადავწყვიტე წამოსვლა, რაიმეთი რომ დავხმარებოდი უკრაინელ ხალხს. მაქვს გამოცდილება ჰაერსაწინააღმდეგო ბატალიონის. ბევრი არ მიფიქრია, როცა ვთქვი უნდა წავიდე, ავდექი და წამოვედი. აქ ძალიან დიდი ამოცანებია, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ, ჯერჯერობით თავს ვართმევ. ჩვენი ხელისუფლება დღეს სრულიად უმოქმედოა, არის პირდაპირ რუსეთთან კავშირში, რუსეთის დაქვემდებარებაში…
ბათუმიდან ჯერ ტრაპიზონში ჩავედი, შემდეგ – ანკარაში, საიდანაც ბულგარეთში ქალაქ სოფიაში ჩავედი. შემდეგ ისევ რუმინეთში მომიწია ჩასვლა. ბუქარესტიდან მატარებლით ჩავედი სოჩავამდე, სოჩავადან უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში ჩავედი, რომელიც რუმინეთის საზღვართან ახლოსაა“ – გვიყვება ის.
ავთანდილი ამბობს, რომ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მშობლებს და მეგობრებს გაანდო:
„წამოსვლა არავისთან არ შემითანხმებია გარდა მშობლებისა. მშობლებს ნათლად ავუხსენი, რომ უკრაინელ ხალხს უნდა დავეხმარო. წამოსვლის ხარჯებშიც არავინ დამხმარებია – მხოლოდ მეგობრებმა, ოჯახმა და ერთეულმა ადამიანებმა გამიწიეს დახმარება, პირადი ფინანსებით წამოვედი.“
ავთანდილი უკრაინაში ქართულ ლეგიონს არ შეხვედრია:
„არ მივსულვარ ქართულ ლეგიონთან. პირდაპირ მივედი იქ, რისი გამოცდილებაც მქონდა… მე ვარ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონში, სტინგერის პოზიციაზე, მსროლელი მეზენიტე და პირდაპირ მოვედი უკრაინულ ბატალიონში. აქ ვმსახურობ, ერთადერთი ქართველი ვარ ამ ბატალიონში. ქართული ლეგიონის ბიჭებთან შეხვედრა არ მქონია.“
ავთანდილ სურმანიძე
ავთანდილის თქმით, ის ახლა კიევის მისადგომებთან იმყოფება, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ნაკლებად აქვს და მისი ჯგუფის მოვალეობა თვითმფრინავების კონტროლია:
„ახლა ვართ კიევის მისადგომებთან, ზუსტად ვერ გეტყვით, სად ვართ. ყოველდღე დილით გავდივართ პოზიციაზე. ჩემი საქმიანობა არის [რუსული] თვითმფრინავების კონტროლი, ღამის განმავლობაში რთულია როგორც კონტროლი, ასევე სროლა. უკრაინელები დიდ ყურადღებას მაქცევენ, პატივს მცემენ, უხარიათ, რომ ამხელა გზაზე ჩამოვედი მათ დასახმარებლად. გარდა ამისა, უარი განვაცხადე ხელფასზე. უკრაინა ახლა ძალიან რთულ სიტუაციაშია და ფინანსური სარგებელი მე აქ არანაირად არ მჭირდება.
თავს ვაფარებთ სანგრებს, მიწის სახლებს, სადაც მეტია დაცულობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ კონტროლის ქვეშ. მტერი ყოველთვის ახლოსაა და არასდროს სძინავს.
იქ, სადაც მე ვარ, მოსახლეობა ძალიან ცოტაა. ვინც არიან, მათთან ორ დღეში ერთხელ გადავდივართ, ვამოწმებთ, ერთი მოხუცი ბებოა, არის ფერმერიც, არის ისეთი ხალხი, ვინც არ დათმო თავისი მიწა და სიცოცხლეც კი გადადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე იყოს თავის მიწაზე. ყველაფერს ითვალისწინებენ, რა რეკომენდაციებსაც ვაძლევთ.“
ავთანდილი ამბობს, რომ მის ბატალიონში საქმე განაწილებულია, ხალხის ევაკუაციაზე სხვა ჯგუფი მუშაობს, ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებაზე კი სხვა ჯუფია პასუხისმგებელი:
„მედიკამენტები არის. მე აქ ვარ დაახლოებით 27 დღე, არაფრის ნაკლებობა არ მქონია, არც ტყვია-წამლის, არც მედიკამენტის, არც საკვების. ყველაფერი არის იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ. სხვა ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს ხმამაღლა ვერ მოვყვები“.
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ამ ინფორმაციას თავად EBRD-ი აქვეყნებს. როგორც ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ისევე როგორც აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა.
გარდა ამისა, EBRD-ი „სარგებლობს ყველა უფლებით შეაჩეროს ან გააუქმოს არსებული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაცემა“.
EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო, განაცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით ამდენი წლის თანამშრომლობისა და აქტივობის შემდეგ ორივე ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობით ომმა უკრაინაში სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დავგმოთ უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სიტყვებია. ასევე, საჭიროა ორ ქვეყანას ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ შეარყიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.
„EBRD-ი ახლა ფოკუსირებულია 2 მილიარდი ევროს მდგრადობისა და საარსებო წყაროს მხარდაჭერის პაკეტი მიაწოდოს უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ლტოლვილთა კრიზისს. ზომები შექმნილია კომპანიებისა და თემების დასახმარებლად. დაფინანსება სწრაფადაა ხელმისაწვდომი, რათა უკრაინულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ლიკვიდურობის მხარდაჭერა, სესხების გადავადება და ვაჭრობის დაფინანსება. სადაც ეს შესაძლებელია, ბიზნესებს დაეხმარებიან გადაადგილებაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც პირობები შესაძლებელს გახდის, ბანკმა ასევე დადო პირობა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაში.
EBRD-ი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს თავის ყველა ქვეყანას, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს და მის ეკონომიკურ გავლენას“, – ვკითხულობთ EBRD-ის განცხადებაში.
დღეს, 4 აპრილს, დეოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიიწვია გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინაში, რუსების მიერ გაჩანაგებული ქალაქების სანახავად.
„ვფიქრობ, მან ჩემი სიგნალი შესანიშნავად გაიგო. მე მივმართე არა მხოლოდ მას, არამედ ევროპის ლიდერებს, ბატონ სარკოზის, რომლებიც, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ან, ასე ვთქვათ, იყვნენ რუსეთის ფედერაციის და სხვა ლიდერი ქვეყნების გავლენის ქვეშ, მაგრამ პირველ რიგში – რუსეთის ფედერაციის და ვფიქრობ, შიდა ისტებლიშმენტის, როცა ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით.
მთელი ისტორია ინსინუაციაა ნატოს ღია კარზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა უკრაინის ნატოს წევრობას, ჯერ კიდევ მაშინ, ბუქარესტში. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვინ არიან ის ლიდერები, და მიმაჩნია, რომ ანგელა ამ წამყვან ლიდერებს შორისაა, რომლებზეც იყო დამოკიდებული გადაწყვეტილება – იქნებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება, სწორედ თამაშია რუსეთის ფედერაციასთან, მათთვის მოღონიერების შესაძლებლობის და იმის შეგრძნების მიცემის საშუალება, რომ ისინი ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე.
მე მივიჩნევ, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, რად იქცევა ფლირტი რუსეთის ფედერაციასთან. სულ ეს არის,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
„ქალბატონი მერკელის რეაქცია ბუჩაში რუსეთის სისასტიკის დაკვირვების შეთავაზებაზე მიანიშნებს, რომ დასავლელი ელიტები ჯერ კიდევ სახიფათო დელუზიის ქვეშ არიან. შესაძლო გამოსავალია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შესახებ ფოტოდოკუმენტების და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების გაგზავნა“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
საქმე იმაშია, რომ რუსული არმიის მიერ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის ექსკანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ექსპრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია ქალაქში ჩადენილი სისასტიკის სანახავად. ზელენსკის თქმით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, „ნატოს წევრების უმეტესობა მხარს უჭერდა უკრაინას გამხდარიყო ალიანსის წევრი, მაგრამ ამას შეეწინააღმდეგა ლიდერების ნაწილი, მათ შორის იყო ანგელა მერკელი“.
„მე ვიწვევ ქალბატონ მერკელს და ბატონ სარკოზის მოინახულონ ბუჩა და ნახონ რა გამოიწვია რუსეთის მიმართ სიფრთხილის პოლიტიკამ 14 წელიწადში. რათა საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელი კაცები და ქალები. მინდა სწორად გამიგოთ – ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ, არ ვადანაშაულებთ არავის, გარდა კონკრეტული რუსული სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, და მათი, ვინც ეს ბრძანებები გასცა. უფლება გვაქვს ვისაუბროთ გაუბედაობის გზაზე, რომელმაც მიგვიყვანა ასეთ ბუჩამდე, გოსტომელამდე, ხარკოვამდე და მარიუპოლამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის პასუხად, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება 2008 წელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვის შესახებ.
„ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით“, – უთხრა გადამდგარი კანცლერის სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო DPA-ს.
მერკელის სპიკერმა ასევე თქვა, რომ ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად.
___
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული არმიის გასვლის შემდეგ ბუჩაში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ზოგ მათგანს ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული. ხშირ შემთხვევაში მათ ტყვია თავში ჰქონდათ მოხვედრილი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარები გენოციდში დაადანაშაულა.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ცოტნე კობერიძე გაამართლა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება დღეს, 4 აპრილს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ცოტნე კობერიძემ გუშინ, 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, საჯაროდ უწოდა „ბიძინას მონა“.
ამ შემთხვევის შემდეგ კობერიძე პოლიციელებმა დააკავეს.
ცოტნე კობერიძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ძვლები იფიტება და უფრო მყიფე ხდება. ეს ძირითადად განპირობებულია ორგანიზმიდან კალციუმის ინტენსიურად გამორეცხვით, რაც 35 წლის ასაკის შემდეგ აქტიურდება. ეს თვისება ყველასთვის დამახასიათებელია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უფრო მკაფიოდ უვლინდება და ოსტეოპოროზი უვითარდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ აჭარის რეგიონში, ჩატარებული კვლევებით, ყოველ მეორე ბავშვს ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მაჩვენებელზე დაბალი აქვს. რისი ბრალია ეს ყოველივე და როგორ გამოვიკვლიოთ, ამ საკითხებზე გვესაუბრება რევმატოლოგი, თერაპევტი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნერიმან ცინცაძე.
რაარისოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი – ჩონჩხის ძვლების დაავადებაა, რომელსაც ჩუმ, უხილავ, ალერსიან ეპიდემიას უწოდებენ. მას ახასიათებს ძვლის მასისა და სიმკვრივის შემცირება, რაც, თავის მხრივ, უპირატესად ზრდის ხერხემლის, მაჯის, ბარძაყის ძვლის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკს.
რასტატისტიკაამსოფლიოში?
მსოფლიოში ოსტეოპოროზით დაავადებულთა რიცხვი 250 მლნ. ადამიანს აღწევს, მათ შორის, ყოველი მესამე პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალია. პაციენტებში ძვლების მოტეხილობით ოსტეოპოროზი გვხვდება შემთხვევათა 65-70 %-ში. ჯანმო-ს ექსპერტთა აზრით, ოსტეოპოროზი მე-4 ადგილზეა გულსისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების, ონკოპათოლოგიისა და შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.
ნერიმან ცინცაძე
რამაჩვენებელიაამმხრივსაქართველოში?
საქართველოში ოსტეოპოროზის გავრცელების შესწავლა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი. მონაცემები შედარებით მწირია, მაგრამ შთამბეჭდავი. დენსიტომეტრიული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ 40 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ქალი და 50 წელს გადაცილებული ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით. ასევე, ჩვენი კვლევებით, აჭარის რეგიონში ბავშვთა სკრინინგული დენსიტომეტრიის მონაცემების მიხედვით, ყოველ მეორე ბავშვს აქვს ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მაჩვენებელზე დაბალი.
ასაკთან ერთად არა მარტო ძვლოვანი მასა მცირდება, არამედ მატულობს მოტეხილობების რისკი, რომელთა ეპიდემიოლოგია ჩვენს ქვეყანაში არ არის შესწავლილი.
რაასაკიდანიჩენსთავსდაავადებადარაარისმიზეზი?
ოსტეოპოროზი მეტად გერიატრიული დაავადებაა, რომელსაც საფუძველი ბავშვობაში ეყრება. განვითარებული მოტეხილობების 66% ბავშვთა ასაკში გვხვდება. ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, კალციუმის, ვიტამინი D-ს და ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი წესი, ჰიპოდინამია, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლიზმი; ქრონიკული, განსაკუთრებით რევმატიული, ენდოკრინული დაავადებები.
როგორმიმდინარეობსდაავადება?
დაავადება უმეტესად ჩუმად მიმდინარეობს და ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. მოტეხილობა, თავის მხრივ, ასოცირებულია ტკივილთან, მოტორული ფუნქციის დაკარგვასთან, უნარების შეზღუდვასთან. მთელ რიგ შემთხვევებში, არ არის გამორიცხული აღინიშნოს ლეტალური შედეგიც. ოსტეოპოროზის განსაკუთრებით მძიმე შედეგია ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; პაციენტთა სიკვდილობის მაჩვენებელი ასეთი მოტეხილობის შემდეგ პირველ წელს მერყეობს 30,8% – 35,1% ფარგლებში. ამასთანავე, „გადარჩენილთა“ 78%-ს მოტეხილობიდან ერთი წლის და 65% -ს ორი წლის შემდეგ სჭირდება მუდმივი მოვლა.
როგორიამკურნალობადარაუნდაიცოდესპაციენტმა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ოსტეოპოროზი/ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს ოსტეოპოროზის შედეგები. ოსტეოპოროზის მკურნალობის სტრატეგიული მიდგომა ასეთია:
სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება და ყოველდღიურად დაახლოებით 1000 მგ. კალციუმის მიწოდება, დაწყებული მოზარდის ასაკიდან ცხოვრების ბოლომდე
ფიზიკური აქტივობა
მწეველობის მავნე ჩვევაზე უარი და ალკოჰოლის მოხმარების მნიშვნელოვნად შეზღუდვა
კორტიზონის დოზების მინიმუმამდე დაყვანა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო საშუალებების მიღება კორტიზონით მკურნალობის შემთხვევაში
კალციუმისა და D ვიტამინის დამატებით მიღება
მედიკამენტოზური, კერძოდ, ჩანაცვლებით-ჰორმონული თერაპია ქალებში მენოპაუზის პერიოდში, ბისფოსფონატები, ვიტამინ D-ს აქტიური მეტაბოლიტები.
50 წელს გადაცილებულ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია ძვლის ქსოვილის სწრაფი და გამოხატული განლევის რისკი; განსაკუთრებით ისინი დგანან ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხის წინაშე – დაავადებისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა (ბარძაყის ძვლის ყელის, მაჯის, ხერხემლის მალების).
DEXA – ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრი
დღეისათვის ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტთა 4-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში ხდება დიაგნოზის დადგენა მოტეხილობის გამოვლენამდე. დროული დიაგნოზის დასმა თავიდან აგვაცილებს არა მხოლოდ მოტეხილობების განვითარებას, არამედ იმ სუბიექტურ ჩივილებს პაციენტის მხრივ, რომელიც ოსტეოპოროზთან არის დაკავშირებული. დღეს ბათუმში კლინიკა „Solomed“-ში გვაქვს შესაძლებლობა თანამედროვე აპარატით – DEXA (ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრი) ჩავატაროთ პაციენტის დროული დენსიტომეტრიული კვლევა, რომლის მეშვეობითაც დგინდება ძვლის მინერალური სიმკვრივის – ოსტეოპოროზის ხარისხი.
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენა დაიწყო. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, წელს გაიზარდა საპრიზო ფონდიც და გამარჯვებული 15 ათას ლარს მიიღებს. ფინალისტები კი 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.
აპლიკაციის მიღება 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და თავისუფლების იდეის ერთგულების საოცარ მაგალითს იძლევიან.
არსებულ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ განათლება მნიშვნელოვანი იარაღია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.
ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია.
გვინდა, ეს გზავნილი კიდევ უფრო გავაძლიეროთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის ფარგლებში“, – ამბობს „განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე.
2022 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოავლენენ.
ბათუმის ცენტრალურ პარკში დამტვრეულია თეთრი ქვის სანაგვე ურნები. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ უკვე მიმართეს პოლიციას შემთხვევის გამო.
მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში პარასკევს სამი სკამიც დაამტვრიეს, რომლებიც ახლით უკვე ჩაანაცვლეს.
ცენტრალურ პარკში სკამების დაზიანების შემთხვევა ადრეც იყო, პოლიციამ მაშინაც დაიწყო მოკვლევა, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი.
პარკში ახალი ქვის სკამები და ურნები რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს. ქვის ერთ სკამში ბათუმის მერიას 4 500 ლარი აქვს გადახდილი. სულ შეიძინეს 50 ქვის სკამი.
დამტვრეული ურნა ბათუმის პარკში. ფოტო: გიორგი ბოლქვაძე
„ღობეს პირდაპირ ქუჩაზე აშენებს ჩვენი მეზობელი და არავინ აჩერებს, გზასაც არ გვიტოვებენ,“ – გვითხრეს ბათუმში, სვიშევსკის ჩიხში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებმაც გზის მისაკუთრების ამსახველი ფოტოები მოგვაწოდეს. მესაკუთრე მერაბ ანთაძეა, რომელსაც ამ გზის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი აქვს. მერიაში კი განმარტავენ, რომ მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვა არ წარუდგენია.
მერიის მიერ ახალმოასფალტებულ გზაზე ნიშნულები ღობის ასაშენებლად გასული წლის ზაფხულში გაჩნდა. მაშინ ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს გზა ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, ხოლო ასფალტი ბიუჯეტის ფულით იმიტომ დააგეს, რომ ეკონომია ჰქონდათ და სამეზობლოს თხოვნა გაითვალისწინეს.
2021 წლის სექტემბერში მშენებლობა მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა, თუმცა სვიშევკის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ბოლო დღეებში ღობეს პირდაპირ ქუჩაზე ინტენსიურად აშენებენ.
„მუნიციპალური ინსპექციის მიერ სვიშევსკის პირველი შესახვევი #19-ში დაწყებულია სამართალწარმოება. სამართალდამრღვევმა კანონის შესაბამისად ან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ნებართვა, ან მოიყვანოს თაავდაპირველ მდგომარეობაში,“ – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.
ეს ჩიხი გოროდოკის დასახლებაშია. აქვე ახლოსაა გოგოლის ქუჩა და კორპუსები, რომლებიც ასევე უკანონოდ აშენდა, ისე, რომ ბათუმის მერიამ მისი შეჩერება ვერ შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გრემის 2022 წლის დაჯილდეობაზე მიმართვის ტექსტში მუსიკალურ სამყაროს მოუწოდა, დაუჭირონ მხარი უკრაინას, რომელიც თავის მიწაზე ებრძვის რუსეთს, „რომელსაც საშინელი – სიკვდილის სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, გრემის დაჯილდოების მონაწილეებს ვიდეფორმატში მიმართა:
„ომი. რა ეწინააღმდეგება უფრო მეტად მუსიკას? – განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ხალხის სიჩუმე. ჩვენი ბავშვები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. ჩვენი 400 ბავშვი დაშავდა, ხოლო 153 დაიღუპა. და ჩვენ ვერასდროს ვნახავთ მათ ხატვისას. ჩვენი მშობლები ბედნიერები არიან დილით, რომ იღვიძებენ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარში, მაგრამ ცოცხლები. ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა არ იციან, ისევ თუ ვიქნებით ერთად ოდესმე. ომი არ გვაძლევს არჩევანს, ვინ გადარჩეს და ვინ დარჩეს უსასრულო სიჩუმეში.
ჩვენი მუსიკოსები ატარებენ ჯავშანჟილეტებს ტაქსიდოს ნაცვლად. ისინი დაჭრილებს უმღერიან საავადმყოფოებში. უმღერიან მათაც კი, ვისაც არ ესმის – მაგრამ მუსიკა მაინც მიაღწევს.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას, რათა ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს, ვჟღერდეთ. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც საშინელი – სიკვდილის სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით.
შეავსეთ სიჩუმე, შეავსეთ ის თქვენი მუსიკით. შეავსეთ დღე ჩვენი ამბის მოსაყოლად, თქვით სიმართლე ამ ომზე თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში… მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი შესაძლო გზით. ნებისმიერი – გარდა სიჩუმისა!
და შემდეგ მშვიდობა მოვა ჩვენს ყველა ქალაქში, რომელსაც ომი ანადგურებს – ჩერნიგოვი, ხარკოვი, ვოლნოვახა, მარიუპოლი და სხვები. ისინი უკვე ლეგენდები არიან, მაგრამ მე მაქვს ოცნება, მათ იცოცხლონ და იყვნენ თავისუფლები. თავისუფლები, როგორც თქვენ ხართ გრემის სცენაზე“.
CNN-ის ცნობით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა შეასრულა პერფორმანსი სიმღერით „Free“. რასაც უკრაინელი შემსრულებლები – მიკა ნიუტონი, ლიუბა იაკიმჩუკი და სიუზანა იგიდანი შეუერთდნენ.
გრემის 64-ე ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება 3 აპრილს, ლოს-ანჯელესში გაიმართა.
დღეს, 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ეს სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.
„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოვწერთ.
შევისწავლეთ ამ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის აღნიშნული სექტორი,“ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, დეტალებზე შესაბამისი უწყებების მინისტრები დამატებით გააკეთებენ განცხადებებს.
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
პერსონალი – დაახლოებით 18 300 ადამიანი
ტანკი – 647 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 1 844 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 330 ერთეული
MLRS – 107 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
თვითმფრინავი – 147 ერთეული
ვერტმფრენი – 134 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 273 ერთეული
გემი/ნავი – 7 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92
სპეციალური აღჭურვილობა – 25
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:
125 თვითმფრინავი
91 შვეულმფრენი
392 უპილოტო საფრენი აპარატი
1 936 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
226 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
833 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
1 810 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამინის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყებ BBC. AFP-ს რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს, ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი 3 აპრილს დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვიან უკნიდან აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 280 ადამიანია მკვდარი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
„დავით ზალკალიანი მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, იქნებოდა ეს ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე.
აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვენელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავ ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანაა სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ზალკალიანს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი შეცვლის. ღარიბაშვილის თქმით, დარჩიაშვილს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
„წლების წინ ის მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური ფონდის განვითარების ხელმძღვანელი იყო, ბოლო წლებში ის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. დღეს არის ბევრი გამოწვევა და ჩვენი ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა,“- თქვა ღარიბაშვილმა.
დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს. „დღეს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში საერთაშორისო ასპარეზზე.
რა თქმა უნდა, ბევრი იყო მიღწევა, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, როგორიცაა ოკუპაცია და საქართველომ შეძლო, ჩვენი პოზიციები მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში.
მეამაყება, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებაში და შემდეგ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა თავისუფალი ვიზალიბერალიზაციის მოპოვების და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო განცხადება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მინდა ჩემს კოლეგას, ილიას, წარმატება ვუსურვო,“- განაცხადა ზალკალიანმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 184, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 587, PCR ტესტით – 1 597.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 491 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 19, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
კვირას, 3 აპრილს, მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის მიერ დახვრეტილი ადამიანების ცხედრების ფოტომასალები, მათ შორის, მოკლულებს ზურგზე ჰქონდათ ხელები შეკრული, ბერლინში 900-მდე ადამიანმა რუსეთის დროშებით მონაწილეობა მიიღო ავტომსვლელობაში.
როგორც გერმანული მედია წერს, ბერლინის პოლიციის ცნობით, მოძრაობა დარეგისტრირდა სახელწოდებით: „შეწყდეს პროპაგანდა სკოლაში – დაიცავით რუსულენოვანი მოსახლეობა, არანაირი დისკრიმინაცია”.
მსვლელობის მონაწილეებს, რუსულენოვან მოქალაქეებს, ხელთ ჰქონდათ აბრები წარწერით: „შეწყვიტე რუსების სიძულვილი“.
„ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ადასტურებს, რომ რუსეთის სიძულვილი უკრაინელების მიმართ სცილდება იმას, რაც ევროპამ ნახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შეჩერების ერთადერთი გზა: დაეხმარეთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაყარონ რუსები“, დაწერა გუშინ, 3 აპრილს, დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნებით რომელიმე კონკრეტულ ბლოკში თუ ისე, ჩვენ გვესმის ერთი რამ: ძლიერები უნდა ვიყოთ. 14 წლის წინ, რუსეთის ლიდერმა ბუქარესტში დასავლელ ლიდერებს უთხრა, რომ არ არსებობს არანაირი ქვეყანა სახელად უკრაინა. და ჩვენ დავამტკიცეთ რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, ის იყო და იქნება“ – განაცხადა დღეს, 4 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ ბევრი სხვა ქვეყნის არმიამ სწორედ უკრაინის არმიისგან უნდა ისწავლოს.
„ჩვენ არ დავიმალებით მსოფლიოს უძლიერესების უკან. ჩვენ აღარავის შევევედრებით.
გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არც უნდა გვეთხოვა იარაღით დახმარება საკუთარი თავის დასაცავად ამ ბოროტებისგან, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა. ყველა საჭირო იარაღი ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ ნებისმიერ შემთხვევაში, თხოვნის გარეშე, რადგან მათ გაიაზრეს რა ბოროტება მოვიდა და რა მოიტანა თან.
ჩვენ ვხედავთ, რაც დევს სასწორზე ამ ომში. ჩვენ ვხედავთ, რას ვიცავთ.
არსებობს უკრაინული არმიის სტანდარტები – მორალური და პროფესიული. არსებობს ბევრი სხვა არმია, რომლებმაც უნდა ისწავლო ჩვენი სამხედროებისგან. არსებობს უკრაინელი ხალხის სტანდარტები და არსებობს რუსი ოკუპანტების სტანდარტები – ეს არის კეთილი და ბოროტი, ეს არის ევროპა და შავი ხვრელი, რომელსაც სურს მისი განადგურება და შთანთქმა.
„საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო მიმდინარე პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, პროექტები როგორ ხორციელდება.
ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში,“ – განაცხადა დღეს, 3 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
აჭარა პირველი რეგიონი იყო პრემიერ-მინისტრის რეგიონებში მოგზაურობის მარშრუტში. დღეს ღარიბაშვილი იმყოფებოდა ქობულეთში, სადაც ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა; ბათუმში დაატვალიერა ავარიული სახლები, ჩაქვში – ძალოსნების მშენებარე დარბაზი; ქედაში რამდენიმე ფერმერის ოჯახს ეწვია და მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ მოინახულა.
ხულოსა და შუახევში პრემიერ-მინისტრი დღეს არ წასულა.
თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ დღეს, 3 აპრილს, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებისმიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნათქვამი – „ბიძინას მონა!“ გახდა.
ცოტნე კობერიძე დაკავებიდან მოკლე ხანში, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
„ღარიბაშვილს ვუთხარი „ბიძინას მონა“. აგრესიულად არ მითქვამს.
მოვიდა პოლიციელი, საბუთები გამომართვა, საკრებულოს საშვი მქონდა საბუთებში, ეს რომ ნახეს, თითქოს დაიძაბნენ, გადარეკეს-გადმორეკეს და გამოგვყევიო. მივხვდი, რომ დაკავებისკენ მიდიოდა საქმე. მიმიყვანეს რაღაც პრიუსთან, ჩაჯექიო. ამ დროს ტელეფონი ამოვიღე, რადგან სამხრე კამერები არ ჰქონდათ და სასამართლოზე ხშირად პოლიციის სიტყვიერი ცრუ ჩვენების საფუძველზეც კი გაპატიმრებს მოსამართლე, ამიტომ გადავწყვიტე, ვიდეომტკიცებულება შემექმნა.
ამოვიღე ტელეფონი, რომ ფეისბუქლაივში გავსულიყავი. ტელეფონი რომ დაინახეს, ძალიან არ მოეწონათ და მანქანაში უფრო გულიანად ჩამტენეს.
მერე მოვიდა პოლიციის უფროსი, თბილისიდან რომ გადმოიყვანეს [ირაკლი დგებუაძე] და მელაპარაკა, მონა რა წესი არის, შენ რომ დაგიძახონო?!
ავუხსენი, რომ მონა არის მმართველობის ერთ-ერთი ფორმა – ბატონი და მონა. კაცი მთელი ცხოვრება ბატონს ეძახის ბიძინა ივანიშვილს და ბატონი მარტო მონებს ჰყავთ-მეთქი. მარტო ეს ვუთხარი, ხომ არ შემიგინებია-მეთქი?! პოლიტიკოსია, პრემიერ-მინისტრი, საჯარო ფიგურა. მე ნახევარი საქართველო ღლაპს და პლანაქეშას მეძახდა და მაგის გამო ვიღაცების დაპატიმრება ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი.
გადამიყვანეს განყოფილებაში და იქ უფრო დამშვიდდნენ. ხვალ მოდი და სასამართლო იქნებაო. გამომიშვეს“, – გვითხრა ცოტნე კობერიძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეძახილის გამო – „მონა“ საქართველოში მოქალაქეებს აკავებენ. ჯერ კიდევ გასული წლის 21 ნოემბერს, ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე 5 პირი პოლიციამ დააკავა შეძახილისთვის -„მონა“. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ დაუყოვნებლივ.
„ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ადასტურებს, რომ რუსეთის სიძულვილი უკრაინელების მიმართ სცილდება იმას, რაც ევროპამ ნახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შეჩერების ერთადერთი გზა: დაეხმარეთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაყარონ რუსები.
პარტნიორებმა იციან ჩვენი საჭიროებები. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოგვაწოდეთ ისინი ახლავე“, – წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
დმიტრო კულება ამ ტექსტთან ერთად აქვეყნებს რუსული არმიის მიერ დახვრეტილი ადამიანების ცხედრებს, მათ შორის არიან ზურგზე ხელებშეკრულებიც.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი კიევის რეგიონში ვითარებას აფასებს, როგორც „21-ე საუკუნის ჯოჯოხეთს“.
დღეს, 3 აპრილს, ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე – ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქვეყნებს ფეისბუქზე და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორ აკავებენ ცოტნე კობერიძეს.
„რის გამო უნდა დამაკავოთ?“ – ეკითხება პოლიციელებს ცოტნე კობერიძე. „ახლა დაგაკავებ, დაკავებული ხარ იცოდე ადმინისტრაციული წესით“, – პასუხობს მას პოლიციელი. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ საკრებულოს წევრს პოლიციელები ძალით სვამენ ავტომანქანაში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ ცოტნე კობერიძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
განახლება: ცოტნე კობერიძე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. მისი თქმით, მისი დაკავების მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვა – „ბიძინას მონა“.