მთავარი,სიახლეები

რას და როგორ ედავება მერია მეტრო ჰოლდინგს

29.12.2021 • 2364
რას და როგორ ედავება მერია მეტრო ჰოლდინგს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ „მეტრო ტერმინალს“, რომელიც გოგოლის #11 ბ-ში უკანონოდ აშენებდა, მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

ინსპექცია განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ეს დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ აღსრულების ბიუროს 17 დეკემბერს გადაუგზავნა.

ინსპექციის ინფორმაციით: „ასევე შესაბამისი მასალები გადაგზავნილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის გამო.“ 

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის პირველ ივნისს გამოსცა. კომპანიამ ეს სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მიწის ნაკვეთი გოგოლის 11 ბ-ში, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სხვა კომპანიას – „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის და „მეტრო ტერმინალს“ ამ საქმესთან  შეხება არ აქვს.

„მეტრო ტერმინალის“ ეს განცხადება დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერითაც – მიწის ნაკვეთი გოგოლის #11 ბ-ში ნამდვილად „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის და არა „მეტრო ტერმინალს“.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო ტერმინალი“ [პირველი ივნისიდან დღემდე] უნებართვო მშენებლობისთვის 6000 ლარით, მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი 39-ჯერ 5000 ლარით დააჯარიმა. ეს, ჯამში, 201 000 ლარია.

კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში მოითხოვა მერიის მიერ გამოცემული დადგენილებების გაბათილება იმავე მოტივით, რომ კომპანიას ამ მშენებლობასთან შეხება არ ჰქონდა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიამ ასევე სთხოვა სასამართლოს მუნიციპალური ინსპექციის იმ დადგენილებების გაუქმება, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა შეჩერდეს – ასევე მერიას რომ აღარ ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 16 აგვისტოს განჩინებით, კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა მშენებლების შეჩერების ნაწილში.

მთელ ამ პროცეში კითხვებს იწვევდა ისიც, რომ მუნიციპალური ინსპექცია, მიუხედავად აღიარებისა, რომ მიწის ნაკვეთი „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის, მაინც „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა.

ინსპექციამ აღარა, რომ დაჯარიმების აქტებში მისამართად გოგოლის 11-ს [შესაბამის საკადასტრო კოდს] უთითებდა, შემდეგ კი შეცვალა მხოლოდ მისამართი, მიუთითა 11ბ და შესაბამისი კოდი, თუმცა დაჯარიმების აქტებს ისევ „მეტრო ტერმინალს“ უგზავნიდა.

მუნიციპალური ინსპექცია დღეს, 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისევ „მეტრო ტერმინალზე“ მიუთითებს:

ქუთაისი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მეტრო ტერმინალს“ უნებართვოდ მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა.

რატომ ისევ „მეტრო ტერმინალი“?

მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსი, ირაკლი მოქია განმარტავს, რომ „მეტრო ტერმინალი“ იდენტიფიცირებულია, როგორც მშენებელი კომპანია. ის ამბობს, რომ 2021 წლის პირველ ივლისს, როცა ინსპექციამ გოგოლის #11-ში უკანონო მშენებლობა დააფიქსირა, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადიც კი არ იყო შესული [ეს მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება]. ასეთ შემთხვევაში ინსპექცია ვალდებულია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

ირაკლი მოქიას თქმით, გოგოლის #11-ში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ზეპირ მოსმენაზე „მეტრო ტერმინალის“ თანამშრომლები გამოცხადდნენ. მათ დაადასტურეს, რომ მშენებლობის პროცესში ისინი არიან ჩართულები.

„მათ წარვუდგინეთ საქმის მასალები და არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რაც მოსმენის ოქმშია დაფიქსირებული. ხაზგასმით ვამბობ, რომ ვსაუბრობ „მეტრო ტერმინალის“ იურისტებზე… თუ ვერ ხდება მშენებელი კომპანიის იდენტიფიცირება, საქმის წარმოება იწყება მესაკუთრის მიმართ. ამ შემთხვევაში, რადგან „მეტრო ტერმინალის“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კომპანიის მინდობილობა, გამოცხადდნენ მოსმენაზე და დამრღვევის იდენტიფიცირება მოხდა. შესაბამისად, დაჯარიმდა „მეტრო ტერმინალი“.

როდესაც მშენებლობის შეუჩერებლობის გამო დავაჯარიმეთ, ისევ „მეტრო ტერმინალის“ წარმომადგენლები მოვიდნენ ინსპექციაში. გვარწმუნებდნენ, მხოლოდ იმის გამო გავაგრძელეთ მშენებლობა, რომ დასაწყობება მიმდინარეობდაო. ეს მტკიცებულება აღმოჩნდა სასამართლოსთვის“, – განმარტავს ირაკლი მოქია.

კითხვაზე, რატომ არ ჩართო მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო მოლ ოფ აჭარა“ საქმის წარმოებაში თავიდანვე, როგორც მესაკუთრე, ირაკლი მოქია პასუხობს, რომ მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი გამოვლენილი იყო. იგივე არგუმენტი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აჯარიმებდა მუნიციპალური ინსპექცია „მეტრო ტერმინალს“ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მერიას მისამართი და კოდი დაჯარიმების აქტებში არასწორად ჰქონდა მითითებული.

რაც შეეხება ჯარიმებს, ინსპექციის ინფორმაციით, ჯარიმების საკითხზე დავა სასამართლოში გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: