მთავარი,სიახლეები

რას ამბობს კობახიძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე

21.09.2021 • 4103
რას ამბობს კობახიძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე

„გეთანხმებით, რომ შეიძლებოდა სწრაფად დარეგულირებულიყო ეს ყველაფერი. პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის,“ – უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ბათუმში.

ირაკლი კობახიძე დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა.

რატომ არ იცვლება კანონი და ვერ ახერხებს ხელისუფლება უკანონო მშენებლობის შეჩერებას? – ვკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რადგან გუშინ, 20 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ამ პრობლემაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ „კანონია შესაცვლელი“.

საუბარია იმაზე, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 6-ჯერ დააჯარიმა გოგოლის ქუჩაზე მშენებლობის მწარმოებელი და გამოცემულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება, თუმცა რადგან ჯარიმები კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება.

იმას, რომ ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს უკანონო მშენებლობის შეჩერებას, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს.

„გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა… თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა თბილისისთვის და ბათუმისთვის და არის მემკვიდრეობით მიღებული სერიოზული პრობლემა, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი. უამრავი ნებართვა იყო გაცემული და იმ ნებართვების საფუძველზე ახლაც მიმდინარეობს მშენებლობები,“ – გვითხრა ირაკლი კობახიძემ.

9 წელი არ იყო საკმარისი კანონის შესაცვლელად? – ვკითხეთ „ქართული ოცნების“ ლიდერს.

„არსებობს პრინციპული პოლიტიკური ნება იმისა, რომ სივრცითი მოწყობის საკითხები დარეგულირდეს სათანადოდ ისევე, როგორც ეს არის მიღებული ევროპულ ქვეყნებში და დასავლეთის სივრცეში,“ – გვიპასუხა ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: